You are on page 1of 8

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის

მონიტორინგი და შეფასება
მეორე ეტაპი
ძირითადი მიგნებების შეჯამება
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პტი) რეფორმა საქართველოში 2018 წლის პირველი
იანვრიდან დაიწყო და მიზნად ისახავს როგორც ქვეყნის საგზაო უსაფრთხოების, ისე
ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის
ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით და ორგანიზაციასთან „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო
გზებისთვის“ თანამშრომლობით, კვლევითმა ორგანიზაცია „ჯეოველ რისერჩმა“ ჩაატარა პტი
რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგი და შეფასება 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში.
წინამდებარე დოკუმენტი არის მონიტორინგის მეორე ეტაპის ძირითადი მიგნებების შეჯამება,
რაც მოიცავს 2019 წლის მარტი-მაისის პერიოდს.

კვლევის მეთოდოლოგია
მონიტორინგის მეთოდოლოგია მოიცავდა საკანონმდებლო ბაზის, სტატისტიკური მონაცემების
და სხვადასხვა რელევანტური ინფორმაციის სამაგიდე კვლევას და შემდეგი ტიპის საველე
სამუშაოებს:
ცხრილი 1. კვლევის ფარგლებში ჯეოველ რისერჩის მიერ განხორციელებული საველე სამუშაოების მიმოხილვა

კვლევითი მეთოდი რესპონდენტების N


სიღრმისეული ინტერვიუ 15
ფოკუს ჯგუფი 4
ინსპექტირების პროცესზე დაკვირვება 7
პტი ცენტრის მომხმარებლების გამოკითხვა 169

რეფორმის კონტექსტი და მიმოხილვა


რეფორმის მიზნები და არსებული მდგომარეობა
2018 წლის პირველ იანვარს ამოქმედებული პტი რეფორმის ძირითად მიზნებს ტექნიკური
გაუმართაობით გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობის და
გამონაბოლქვის მინიმიზაცია წარმოადგენდა. სავალდებულო პტი ყველა კატეგორიის
ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის (ასს) 2019 წლის პირველ იანვარს შევიდა ძალაში, ხოლო
სრული მასშტაბით 2020 წლიდან ამოქმედდება.

კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა დიდი ნაწილი (88%) მხარს უჭერს რეფორმის


ამოქმედებას, უმეტესად ჰაერის დაბინძურების დონიდან გამომდინარე, მაგრამ უკმაყოფილოები
არიან ქვეყნის დაბალი ეკონომიკური მდგომარეობის, არასახარბიელო საგზაო
ინფრასტრუქტურის და ხარისხიანი ავტონაწილების სიძვირის გამო, რაც მნიშვნელოვნად
ართულებს ავტოტრანსპორტის სათანადო მოვლას.

1
გამონაბოლქვზე და საგზაო უსაფრთხოებაზე დიდი გავლენა აქვს ავტოპარკის ასაკს და
მდგომარეობას. 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს აქტიურ ავტოპარკს
1 333 499 ასს შეადგენს, რაც 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 5%-იან ზრდას
წარმოადგენს. ავტოპარკის 82%-ს მსუბუქი ასს-ები შეადგენენ, 88% კი ფიზიკური პირების
მფლობელობაშია. წინა წლის მსგავსად, ასს-ების 90% 10 წლის და მეტი ასაკის, ხოლო 56% 20
წლის და მეტი ასაკის არის. ავტოპარკის 36% რეგისტრირებულია თბილისში, თუმცა,
დედაქალაქში მოძრავი ასს-ების რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია, საქმიანობის
სფეროდან გამომდინარე.

ადმინისტრირება, მონიტორინგი და მონაცემების ანალიზი


რეფორმის მონიტორინგის პირველი ეტაპის მსგავსად, ამჟამად არ არსებობს ინსპექტირებასთან
დაკავშირებით კონკრეტული სახელმწიფო სტრატეგია, სამოქმედო გეგმა, ან გაზომვადი
მიზნები. არ არის ნათლად გაწერილი რეფორმაში ჩართული სახელმწიფო უწყებების უფლება-
მოვალეობები, რაც მნიშვნელოვნად ართულებს რეფორმის კოორდინაციას. მონიტორინგის
არსებული მექანიზმი არასრულყოფილია და ამ ეტაპზე დამყარებულია მხოლოდ 24-საათიანი
ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების გამოთხოვასა და დაკვირვებაზე. ასევე, დღემდე არ
არსებობს ინსპექტირების ერთიანი ელექტრონული სისტემა, რაც მნიშვნელოვნად ართულებს
ინსპექტირების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას როგორც თავად სახელმწიფო უწყებებისთვის,
ისე არასამთავრობო სექტორისთვის, და მნიშვნელოვნად ართულებს ინსპექტირების და
ავტოპარკის მდგომარეობის ანალიზს. ინსპექტირების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის
მოპოვება კვლევის პროცესში ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენდა. ერთიანი საინფორმაციო
სისტემა გათვალისწინებული იყო 511-ე დადგენილების მე-4 პუნქტის ‘ზ’ ქვეპუნქტით, რაც არ
განხორციელდა სახელმწიფოს მიერ ერთიანი სისტემის უზრუნველყოფის არარსებობის გამო.
ერთიანი ელექტრონული სისტემის საჯარო შესყიდვა დაგეგმილია ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს მიერ, რომლის მოთხოვნებიც ამჟამად შემუშავების პროცესშია.

კვლავ არ არსებობს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების ზუსტი


სტატისტიკა. 2019 წელს სავარაუდო გამომწვევ მიზეზებში ასს-ს ტექნიკური გაუმართაობა
საერთოდ არ არის აღრიცხული. სავარაუდო მიზეზებში ყველაზე დიდი წილი (61%) მოდის
კატეგორიაზე „სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა“, რაც, შესაძლოა, მოიცავდეს
ტექნიკურ გაუმართაობასაც. შედარებისთვის, 2015 წლის მონაცემებში შინაგან საქმეთა
სამინისტროს (შსს) ცალკე ჰქონდა გამოყოფილი „ტექნიკური გაუმართაობა“ როგორც სავარაუდო
გამომწვევი მიზეზი და ის მხოლოდ 0.1%-ს შეადგენდა. სტატისტიკური მონაცემების
არასრულყოფილება ართულებს პტი რეფორმის ამ მიმართულებით საჭიროების და
ეფექტიანობის ხარისხის შეფასებას.

გამოწვევად რჩება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის მექანიზმის არასრულყოფილება და


ჰაერის დაბინძურების წყაროების, მათ შორის სატრანსპორტო სექტორის რეგულაცია.
დამატებით გამოწვევას წარმოადგენს 2020 წლიდან ასს-ების კატალიზური გარდამქმნელით
აღჭურვის ვალდებულებაც, ადგილობრივ ბაზარზე ხარისხიანი „კატალიზატორის“
ხელმიუწვდომლობის და მისი დიდი ფასიდან გამომდინარე.

2
პტი ცენტრები
პტი ცენტრების და ინსპექტირების ხაზების გადანაწილება
ამჟამად საქართველოში მოქმედებს 41 აკრედიტებული პტი ცენტრი 72 ლოკაციით, რომელთაგან
29 მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, 22 - აღმოსავლეთ საქართველოში და 21 - თბილისში.
პტი ცენტრებს ჯამში გააჩნიათ 140 ტესტირების ხაზი, რომელთაგან 3 წარმოადგენს
უნივერსალური ტიპის მობილურ ხაზს, რომლებიც ემსახურება 1) აჭარას, 2) სამცხე-ჯავახეთსა
და მცხეთა-მთიანეთს და 3) სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიას.
ცხრილი 2. პტი ცენტრები რეგიონების მიხედვით, 2018-2019 (აკრედიტაციის ცენტრი)

რეგიონი 2018 2019


თბილისი 11 21
იმერეთი 9 11
ქვემო ქართლი 7 8
კახეთი 6 8
სამეგრელო-ზემო სვანეთი 5 7
აჭარა 4 5
შიდა ქართლი 2 4
სამცხე-ჯავახეთი 1 3
გურია - 2
მცხეთა-მთიანეთი 1 2
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი - 1
სულ 46 72

ცხრილი 3. ინსპექტირების ხაზები ტიპების მიხედვით, 2018-2019 (აკრედიტაციის ცენტრი)

ინსპექტირების ხაზის ტიპი 2018 2019


მსუბუქი (LV) 62 97
უნივერსალური (UN) 21 37
სატვირთო (HV) 6 6
სულ 89 140

სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე, ტესტირების ხაზების აღნიშნული ჯამური რაოდენობა


ფიქსირებულია და არ გულისხმობს დამატებითი ხაზის შექმნას. კვლევის შუალედური
ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ ბიზნეს სექტორის ასეთი სახით რეგულირება
სხვადასხვა სექტორებმა შეაფასეს, როგორც არაკონსტიტუციური ქმედება, სახელმწიფოს მიერ
კონკურენციის შეზღუდვის საფუძველზე. დამატებით, კერძო სექტორი გამოთქვამს შიშს იმის
შესახებ, რომ, ბაზარზე ახალი ოპერატორის შემოსვლის საშუალების არარსებობის გამო,
შესაძლოა, მოხდეს დიდი პტი ცენტრ(ებ)ის მიერ მცირე ზომის ბიზნესების აბსორბცია.

პტი ცენტრები უმეტესად კეთილმოწყობილია და აღჭურვილნი არიან ინსპექტირების


თანამედროვე დანადგარებით, მაღალია მომხმარებლების ცენტრებით კმაყოფილების დონეც.

3
ინფორმირებულობა, ვიზიტის დაჯავშნა და რიგიანობა
წინა წელთან შედარებით, გაზრდილია მომხმარებლების ინფორმირებულობის და
ინსპექტირებისთვის მომზადების დონე, თუმცა ეს უკავშირდება მეგობრების და ნაცნობების
მიერ გამოცდილების გაზიარებას. გამოკითხული მომხმარებლების 80% თვლიდა, რომ
უმეტესად საკმარისად იყვნენ ინფორმირებულები ინსპექტირების რეფორმის შესახებ. თუმცა,
ინფორმირებულობის დონე სპეციფიურ დეტალებთან დაკავშირებით კვლავ დაბალი რჩება,
როგორიცაა, მაგალითად, ერთ ღერძზე პროტექტორის ერთნაირი ნახატის მქონე საბურავების,
სანომრე ნიშნის ნათურების ან მინამრეცხის გამართულად მუშაობის აუცილებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ პტი ცენტრებში არის ვიზიტის ტელეფონით და ონლაინ დაჯავშნის
საშუალება, კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა (96%), მაინც
თვითდინებით არჩევს ინსპექტირებაზე მისვლას, რაც ზოგ ცენტრში განაპირობებს მცირე ზომის
რიგებს. ეს განსაკუთრებით პრობლემური იყო ე.წ. ჭკვიანი კამერების ჩართვიდან ორი კვირის
განმავლობაში, რადგანაც გაიზარდა პტი ცენტრებში მიმართვიანობა. ცენტრებმა ამ
სირთულესთან გამკლავება რიგის მართვის სისტემების დანერგვით შეძლეს.

ინსპექტირების პროცესი და ეფექტიანობა


2019 წლის მარტში ცვლილებები შევიდა ინსპექტირების მოთხოვნებთან დაკავშირებით, რაც
ძირითადად მოიცავს მინების დამუქების და ასს-ს კორპუსის ფერის ინსპექტირებიდან
ამოღებას, სავალდებულო განმეორებითი ინსპექტირებისას პირველად ინსპექტირებაზე
დახარვეზებული კომპონენტის გარდა ასს-ს ხელახალ ვიზუალურ დათვალიერებას,
გამონაბოლქვი აირების კვამლიანობის ვიზუალურ ინსპექტირებას, 2020 წლამდე საქარე მინაზე
მინამწმენდის მოქმედების არეში მაქსიმუმ 5 მმ-ანი დიამეტრის მქონე 3 წერტილოვანი
დაზიანების - ნაკენჭურის არსებობის დაშვებას, ელექტრომობილებისთვის ინსპექტირების
გადასახადის 48 ლარამდე შემცირებას და სხვ. ცვლილებების უმეტესობა რესპონდენტების მიერ
დადებითად შეფასდა, გარდა ნაკენჭურებისა. კვლევის რესპონდენტები ხშირად აღნიშნავდნენ,
რომ ეს ‘რეალურ შეღავათს არ წარმოადგენს’. მათ ასევე მიუთითეს აღნიშნულ ცვლილებებთან
დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიის მიერ შეღავათების მიმართ დიდი მოლოდინების
შექმნაზე და ხაზი გაუსვეს კამპანიის სიზუსტის მნიშვნელობას.

კვლევის პროცესში მოპოვებული ინსპექტირების სამი ყველაზე მსხვილი ბაზის ოპერატორების


მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, რეფორმის ამოქმედებიდან 2019 წელის პირველი
კვარტლის ჩათვლით პერიოდში დაფიქსირდა 322 580 ინსპექტირების შემთხვევა. მათ 72%-ს
პირველადი ინსპექტირება წარმოადგენდა, სადაც დახარვეზების მაჩვენებელი 52%-ს შეადგენდა.
ინსპექტირების შედეგად ყველაზე ხშირად აღმოჩენილ ხარვეზებს შორის ყველაზე ხშირია
ფარებთან, შუქამრეკლებთან და ელექტრომოწყობილობასთან (31%) და ხილვადობასთან (17%)
დაკავშირებული უწესივრობები.

4
ცხრილი 4. ინსპექტირების სტატისტიკის მიმოხილვა, 2018 წელი - 2019 წლის I კვარტალი (3 მსხვილი პტი ბაზა)

სულ ინსპექტირების შემთხვევა 322 580


პირველადი 233 156 100%
გამართული 111 023 48%
დახარვეზებული 119 049 51%
დაუშვებელია გზაზე გადაადგილება 3 047 1%
განმეორებითი 89 744 100%
გამართული 84 214 94%
დახარვეზებული 4 985 6%
დაუშვებელია გზაზე გადაადგილება 262 0.3%

დიაგრამა 1. ინსპექტირების შედეგად აღმოჩენილი ხარვეზები, 2018 წელი - 2019 წლის I კვარტალი (3 მსხვილი პტი
ბაზა)

ფარები, ამრეკლები, ელ.მოწყობილობა 31%

ხილვადობა 17%

ღერძები, თვლები, საბურავები 12%

შასი და მისი შემადგენლები 12%

სამუხრუჭო მოწყობილობა 12%

უარყოფითი ზემოქმედება 10%

სხვა მოწყობილობები 4%

იდენტიფიკაცია 2%

საჭით მართვის სისტემა 1%

ამ ეტაპზე შეუძლებელია რეალურად ექსპლუატაციაში მყოფი ავტოპარკისა და მისი


ინსპექტირებული ნაწილის შესახებ ზუსტი მონაცემების დადგენა ორი ძირითადი მიზეზის
გამო: 1) შსს-ს გააჩნია აქტიური სტატუსით რეგისტრირებული ასს-ების შესახებ მონაცემები,
თუმცა არ არსებობს ინფორმაცია რეალურად აქტიურ ექპლუატაციაში მყოფი ასს-ების შესახებ;
2) ინსპექტირების ვიზიტის კატეგორიების მხოლოდ პირველად და განმეორებით
ინსპექტირებად დაყოფის გამო, პირველად კატეგორიაში ხვდებიან ის ასს-ებიც, რომლებიც
განმეორებით ვიზიტზეც დახარვეზდნენ და ხელახლა მოუწიათ სავალდებულო ფასიანი
ინსპექტირება. თუმცა, კვლევის პროცესში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე,
შესაძლებელია გარკვეული შეფასების გაკეთება: შსს-ს 2019 წლის პირველი კვარტლის
მიხედვით, საქართველოში 1 042 246 მსუბუქი ასს არის რეგისტრირებული. რადგან პტი-ის ვადა
5
განისაზღვრება რეგისტრაციის თარიღით, 2019 წლის პირველ კვარტალში ინსპექტირება უნდა
გაერა დაახლოებით 260 000 მსუბუქ ასს-ს. რეალურად პირველადი ინსპექტირება გაიარა
დაახლოებით 187 000-მა ასს-მ, რაც ნიშნავს იმას, რომ მათგან, ვისაც 2019 წლის პირველ
კვარტალში ეკუთვნოდა პტი-ს გავლა, 28% არ გამოცხადდა ინსპექტირებაზე. ეს მაჩვენებელი
მოიცავს იმ ასს-ებსაც, რომლებიც აქტიურ ექსპლუატაციაში არ იმყოფება და რომელთა
რაოდენობის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

მანიპულაციები და კორუფციის რისკი


კვლავ გამოიკვეთა ავტომფლობელების მიერ ინსპექტირების გავლის მიზნით ერთჯერადი
მანიპულაციების გამოყენება. კვლევის მეორე ეტაპმა აჩვენა, რომ ყველაზე მეტად გავრცელებულ
მანიპულაციას წარმოადგენს გამონაბოლქვის ტესტის გავლის მიზნით მაღალი ხარისხის
ბენზინის ერთჯერადად მოხმარება. ასევე ხშირია ავტონაწილების და აღჭურვილობის
(საბურავი, ფარი, ცეცხლმაქრი, სააფთიაქო ყუთი და სხვ.) ინსპექტირების გასავლელად
თხოვება-ქირაობა ონლაინ და ავტონაწილების ბაზრობებზე. ამასთან, ავტომფლობელები
ინსპექტირების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გონებამახვილურ ხერხებსაც მიმართავენ,
რაც სხვადასხვა ავტონაწილებზე ერთჯერად ან პერმანენტულ მანიპულაციებს და
საკანონმდებლო ხარვეზების მათ სასარგებლოდ გამოყენებას გულისხმობს, როგორიცაა,
მაგალითად, ასს-ს კორპუსის დეტალის ცვლილება, ასევე, ასს-ს ხარვეზების აღმოფხვრის გარეშე
ყოველ 30 დღეში ინსპექტირების ხელახლა გავლა და არარეგისტრირებული ტაქსების მიერ
ინსპექტირების ექვსთვიანი პერიოდულობის თავიდან არიდება. ავტომფლობელების მიერ
მანიპულაციების გამოყენებას კიდევ მეტად აიძულებს პტი რეფორმის ამოქმედების შემდეგ
მნიშვნელოვნად გაზრდილი ავტონაწილების და ავტოსერვისის ფასები. სახმელეთო
ტრანსპორტის სააგენტო ამჟამად მუშაობს ჯარიმის თავის არიდების მიზნით ინსპექტირების
ყოველთვე გავლის დასარეგულირებლად. განმეორებით ინსპექტირებაზე ასს-ს ხელახალი
ვიზუალური დათვალიერების ამოქმედებაც ნაწილობრივ პასუხობს ამ გამოწვევას. თუმცა,
ინსპექტორის მიერ ერთჯერადი მანიპულაციების იდენტიფიკაცია თითქმის შეუძლებელია.
არის შემთხვევები, როდესაც ინსპექტორი შეიძლება მიხვდეს, რომ ასს-ს გარკვეული ხარვეზი
მანიპულირების ხარჯზე აქვს გამოსწორებული ან დაფარული, თუმცა, ასს-ს მოდელების
ქარხნული სპეციფიკაციების მრავალფეროვნებიდან და ინფორმაციის ლეგიტიმურ წყაროსთან
ხელმიუწვდომლობიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია გაჩენილი ეჭვის
გადამოწმება.

ზემოთგანხილული გამოწვევების, ინსპექტირების პროცესის ორგანოლეპტიკურობის/შეფასების


სუბიექტური ხასიათის და ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით, პროცესში შესაძლებელია
გარკვეულ ხარვეზებზე შეცდომის დაშვება და თვალის დახუჭვა. ინსპექტორების მიერ
პროცესის სუბიექტურობით სარგებლობის კონტროლს მონიტორინგის გამჭვირვალე
მექანიზმით უნდა უზრუნველყოფდეს, რაც გულისხმობს ინსპექტირების ერთიანი და
ყოველდღიურად განახლებადი ელექტრონული სისტემის მუდმივ დამუშავებას და რისკების
ანალიზს. ამჟამად მონიტორინგი ეფუძნება პტი ცენტრებში დამონტაჟებული 24-საათიანი
ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერების გამოთხოვას და დაკვირვებას, რაც არ წარმოადგენს
გამჭვირვალე და ეფექტურ მექანიზმს. დამატებით, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში,
ინსპექტირების პროცესის სპეციფიკიდან გამომდინარე, არაპროპორციულია ინსპექტორის
წინააღმდეგ ბრალდების იმ მუხლით საქმის წარმოება, რომელიც სასჯელად ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას და პროპორციული იქნებოდა ფინანსური ჯარიმის შეფარდება.
6
მნიშვნელოვანია ინსპექტირების პროცესის ერთგვაროვანი მიდგომების უზრუნველყოფა
ტექნიკური რეგლამენტების დახვეწით, რეფორმის და რეგლამენტების შემუშავება-
განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების - აკრედიტაციის ცენტრის და სახმელეთო
ტრანსპორტის სააგენტოს - მიერ ინსპექტორების პერიოდული ინტენსიური გადამზადებით,
ერთიან ელექტრონულ სისტემაზე დაფუძნებული მონიტორინგის გამჭვირვალე მექანიზმის და
ხარვეზების მათი მნიშვნელოვნებით მიხედვით დახარისხების (უმნიშვნელო, მნიშვნელოვანი,
საშიში) საშუალებით.

დამატებით, კვლევისას გამოიკვეთა სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელთა


მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მცდელობებიც -
ზოგიერთი მათგანი ინსპექტორებისგან ითხოვდა და, რიგ შემთხვევებში მოითხოვდა, მათ
კუთვნილებაში მყოფი ასს-ს ინსპექტირების დადებითი შედეგის გაცემას.

გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცველობის ინსპექტირება


მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება გამონაბოლქვის შემცველობის კონტროლიც. ამჟამად
გამონაბოლქვში მოწმდება მხოლოდ CO-ს დონის შემცველობა და კვამლიანობის დონე, რაზე
მანიპულირებასაც ავტომფლობელები სხვადასხვა გზებით ახერხებენ. 2020 წლიდან
ამოქმედდება ასს-ს კატალიზური გარდამქმნელით აღჭურვის ვალდებულება და ჟანგბადის
შთანთქმის (ლამბდა) კოეფიციენტის კონტროლი, რაც უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს
ვინაიდან, საქართველოს ავტოპარკის დიდ ნაწილს კატალიზური გარდამქმნელი ამოღებული
აქვს, მაღალი ხარისხის „კატალიზატორი“ კი, ადგილობრივ ბაზარზე პრაქტიკულად არ იშოვება,
მხოლოდ ინტერნეტით არის მისი ყიდვა შესაძლებელი და საკმაოდ ძვირია. მომავალ წელს,
მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მოსალოდნელია „კატალიზატორის“ ფასის კიდევ უფრო ზრდა
და მომხმარებელთა დიდი ნაწილის მიერ ავტომობილების უხარისხო ე.წ. ჩინური
კატალიზატორით აღჭურვა, რომლის ექსპლუატაციის ვადა რამდენიმე თვეს შეადგენს. ამ
ეტაპზე უცნობია „კატალიზატორის“ ბაზარზე მიწოდების მხარის მდგომარეობა.

აღსრულების მექანიზმი
2019 წლის 14 იანვარს ამოქმედდა შსს-ს ჭკვიანი კამერები, რომლებიც ინსპექტირების
დადგენილი წესით არგავლილ ასს-ებს აჯარიმებს 30 კალენდარული დღის პერიოდულობით.
შსს-ს შემუშავებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, დამტკიცების
შემთხვევაში, ვიდეოდაჯარიმება მოხდება ინსპექტირების ვადიდან 30 დღის ნაცვლად ყოველ 3
კალენდარულ დღეში. 2019 წლის 25 მარტის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედებდა
სამინისტროს ერთიან ქსელში ჩართული 2 204 ვიდეოკამერა, მათ შორის 1 375 ზოგადი ხედვის
და 829 ნომრის ამომცნობი კამერა. 2019 წელს 3 თვის პერიოდში ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე სულ გამოიწერა 36 608 ვიდეოჯარიმა, რომელთა საფუძველზეც ბიუჯეტში შესულმა
თანხამ 3 მილიონ ლარს გადააჭარბა. ჭკვიანი კამერების ჩართვის შემდეგ, საპატრულო პოლიცია
აღარ ახორციელებს ასს-ების ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებულ
სამართალდარღვევაზე დაჯარიმებას. დამატებით, შსს-ს მიხედვით გამონაბოლქვში მავნე
ნივთიერებების შემცველობის დონის პატრულის მიერ დადგენა შეუძლებელია სპეციალური
გამზომი დანადგარის გარეშე და ვერ იქნება გათვალისწინებული პატრულის ფუნქცია-
მოვალეობებში. თუმცა, 2019 წლის მარტში ძალაში შესული ცვლილება ითვალისწინებს
ინსპექტორის მიერ მოჭარბებული კვამლიანობის იდენტურად სუბიექტურ შეფასებას.

7
სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირების ვადებს შორის
კონტროლი მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რასაც ადასტურებს მომხმარებლების მიერ
სხვადასხვა არაპირდაპირი გზებით, როგორიცაა ავტონაწილების თხოვნა-ქირაობა და
ხარისხიანი საწვავის მხოლოდ ინსპექტირების გავლის პერიოდში მოხმარება. ამას ადასტურებს
ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, პტი ცენტრის “ავტოტესტ
გეორგია“ და საპატრულო პოლიციის მხარდაჭერით 2019 წლის 11 მაისს განხორციელებული
აქციის შედეგებიც, სადაც სატესტო გზისპირა ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარდა 12
ინსპექტირება-ჩაბარებულ სატრანსპორტო საშუალებას, რომელთაგან 5-მა ვერ დააკმაყოფილა
გამონაბოლქვის ტესტის კანონით დადგენილი მოთხოვნები. ამ გამოწვევებთან გამკლავების
ერთ-ერთი გზა პატრულის მიერ ასს-ს ამ ნიშნით გონივრული ეჭვის საფუძველზე პტი ცენტრში
გადამისამართება წარმოადგენს. დამატებით, შესაძლებელია გზებზე გამონაბოლქვის
შემადგენლობის მზომი უკონტაქტო დანადგარების დამონტაჟება, თავდაპირველ ეტაპზე,
სატესტო რეჟიმში. ამასთან, ინსპექტირების შედეგების მდგრადობის შენარჩუნების მიზნით,
მნიშვნელოვანია გზისპირა ტექნიკური ინსპექტირების მექანიზმის დანერგვა.

You might also like