You are on page 1of 3

მარიამ აბრამიშვილი

განმანათლებლობა კანტის მიხედვით kjhjjh


Braa hka ropl h

„უმწიფრობა არის უუნარობა, საკუთარი განსჯა სხვისი ხელმძღვანელობის გარეშე


მოიხმარო“ - კანტი ესეს დასაწყისშივე განსაზღვრავს უმწიფრობას, როგორც
მდგომარეობას სიზარმაცითა და სილაჩრით (გაუბედაობით) გამოწვეულს,
რომლებიც მთავარი მიზეზებია ადამიანთა დიდი ნაწილის უცხო ხელმძღვანელობის,
მეურვეობის, კალთის ქვეშ არსებობისა. უმწიფრობის მდგომარეობაში „მყუდროდ“
მოთავსებული ადამიანი კი გარე (როგორც გარე ფაქტორებით გამოწვეული
ზემოქმედება, ამ შემთხვევაში „ზედამხედველებზე“ გადატანილი ძალაუფლება)
ძალების „კლანჭებში“ ყოფნას, თავის დაღწევის მცდელობის ნაცვლად, რომელიც
„ბუნებრივი ნიჭის გონებრივი გამოყენების“ (კანტი 2014, 60), შეიძლება ითქვას,
პირველადი გამოვლინებაა, სრული მორჩილებით იღებს და ითავისებს. ხოლო უკვე
„ბუნებად ქცეული“ (კანტი 2014, 60) უმწიფრობის მდგომარეობა, როგორც
პრაქტიკით გაშინაგანებული და გაბუნებრიობული, ჩიხში იმწყვდევს ადამიანს და
ხელოვნური კომფორტით აბრმავებს მას.

„Sapere Aude - გაბედე საკუთარი განსჯის გამოყენება!“ (კანტი 2014, 60) - ესაა
განმანათლებლობის დევიზი უმწიფრობის მდგომარეობის საპირისპიროდ,
რომელსაც კანტი ცენტრალურ გამოხატულებად იყენებს მის მიერ დანახული
განმანათლებლობის კონცეფციისათვის. საკუთარი განსჯის გამოყენება გონითი
ქმედებაა, ხოლო გონიერება კანტისთვის უმწიფრობიდან გამოსვლის მთავარი
ინსტრუმენტია, რადგან იგი აუცილებელი პირობაა განმანათლებლობობის
არსებობისთვის.

კანტის აზრით, განმანათლებლობის ინდივიდუალურ განზომილებაში ადამიანები


მხოლოდ ცალკეულად და დიდი შრომის ფასად შედიან განმანათლებლობაში, რაც
განმანათლებლობის გავრცელების თვალსაზრისით არაეფექტური და შესაბამისად
არამასშტაბურიცაა, ხოლო განმანათლებლობა საზოგადოებრივად არა მხოლოდ
შესაძლებელი, არამედ გარკვეული აზრით გარდაუვალიც კია შესაბამისი პირობების,
ანუ გონების საჯარო გამოყენებისათვის თავისუფალი სივრცის არსებობის,
შემთხვევაში. (კანტი 2014, 61) აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოხსენებულიდან
გამომდინარე, კანტს შემოაქვს გონების კერძო და საჯარო მოხმარების ცნებები,
რომელთა დიფერენცირებითაც იგი ცდილობს დააფუძნოს განსჯის უნარისა და
გონების საზოგადოებრივი გამოყენების განმანათლებისეული ფუნქცია.

კანტის აზრით, გონების საჯარო მოხმარების შეზღუდვა დაუშვებელია თუკი ჩვენ


გვინდა რამენაირად შევინარჩუნოთ და ხელი შევუწყოთ განმანათლებლობის
პროცესს, გონების კერძო მოხმარებისას კი ჩვენ ვრჩებით გარკვეული ინსტიტუციების
დაწესებულებებისა თუ დისკურსული შეზღუდვების არეალში და მათ მიერ
კოდიფიცირებული ენითა და საქციელით განისაზღვრება. ამ აზრით, გონების კერძო
გამოყენებისაგან განსხვავებით , რომელშიც პიროვნება ემორჩილება გარკვეულ
პროფესიულ თუ ინსტიტუციონალურ შეზღუდვებს და აკისრია პარტიკულარული
მოვალეობები, გონების საჯარო გამოყენებისას თითოეული ადამიანი კაცობრიობის
წინაშე დგას მეცნიერული შეგნებითა და მოვალეობით - მისი აუდიტორია მთელი
საზოგადოებაა და, შესაბამისად, მათ წინაშე მისი უნივერსალურად არსებული
განსჯის უნარის მეშვეობით ანგარიშვალდებულია. უკიდურეს შემთხვევაში,
ადამიანის კერძო საქმიანობაშიც იგი აწყდება პრაქტიკული გონებისათვის და
შინაგანი ზნეობისათვის მიუღებელ გარემოებებს, გონების კერძო გამოყენებაშიც
ერთვება გონების საჯარო გამოყენებისას მიღებული პრინციპები თუ უნივერსალური
მორალური კანონები და შეიძლება ითქვას, ზემოხსენებულ შემთხვევაში გონების
კერძო გამოყენებაც ვერ იქნება ინტერვენციის მიღმა, ანუ გონების ზოგადი
გამოყენებისაგან გამიჯნული. სხვა შემთხვევაში ეს ორი სფერო ფორმალურად
გამიჯნული რჩება. (კანტი 2014, 64) კანტის ამ ნააზრევის საილუსტრაციოდ შეიძლება
გამოგვადგეს შედარებით მარტივი მაგალითების მოყვანა, მაგალითად როდესაც
მოქალაქე გადასახადს იხდის, იგი შეიძლება არ ეთანხმებოდეს მოცემული
გადასახადის საზოგადოებრივ გადანაწილებას ან მისი პროპორციული გაზრდისა თუ
შემცირების არგუმენტირებულად მხარდამჭერი იყოს, მაგრამ იგი როგორც მოქალაქე,
ვალდებულია დაემორჩილოს მოცემული კანომდებლობის რეგულაციებს. უკეთესი
მაგალითი იქნება გონების კერძო გამოყენების უფრო თვალსაჩინო შემთხვევა
აღვწეროთ, მაგალითად, როდესაც მკაცრი დოგმატიკის მქონე რელიგიური
მიმდინარეობის მსახური მისი სამსახურეობრივი მოვალეობისას, ქადაგებისას, ვერ
გამოხატავს მის თუნდაც არგუმენტირებულ, მაგრამ მოცემული დოგმატური
დისკურსისათვის შეუსაბამო შეხედულებებს, თუმცა მისი პროფესიული საქმიანობის
მიღმა იგი ვალდებულიცაა კაცობრიობის, როგორც აუდიტორიის წინაშე, გონებისა
და განსჯის თავისუფალი გამოყენებით, ანუ როგორც კანტი უწოდებს: „როგორც
მეცნიერმა“ () გამოთქვას მისი შეხედულებები დასაბუთებულად, თავისუფლად და
განსჯისეული უნარისა და პრინციპებისადმი მიზანშეწონილად.
ბიბლიოგრაფია:

კანტი, იმანუელ. „პასუხი შეკითხვაზე: რა არის განმანათლებლობა?“ კრებულში შესავალი


თანამედროვე აზროვნებაში II , 57-66. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2014.

You might also like