You are on page 1of 12

გიორგი გურჯიევის ბიოგრაფიისათვის

1. გიორგი გურჯიევის "ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი"

ბიოგრაფები წერენ, რომ გიორგი გურჯიევი ცდილობდა დაემალა თავისი წარმოშობის კვალი. როგორც ჩანს,
გარკვეულ შემთხვევაში, ის ქართველადაც წარმოაჩენს თავს. გიორგი გურჯიევი ამერიკის უმაღლესი სამეცნიერო
წრეების მიერ (ფსიქოლოგიის, ფილოსოფიისა და ლიტერატურის დარგში) მსოფლიოს უდიდეს მოაზროვნედ იქნა
აღიარებული. ის ერთადერთი მოკვდავია, ვისი მოძღვრებაც მსოფლიოს უმთავრეს რელიგიურ მოძღვრებათა
გვერდით არის განხილული ფუნდამენტურ სამეცნიერო-პოპულარულ კრებულში "ტრანსპერსონალური
ფსიქოლოგია". მიუხედავად იმისა, რომ გ. გურჯიევის შესახებ უამრავი გამოკვლევა და მოგონება არსებობს, მისი
ბიოგრაფიული მონაცემები ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.

როგორც ამ რამდენიმე წლის წინ მთარგმნელისა და მკვლევარის ლაშა დადიანის მეშვეობით გახდა ცნობილი,
თვითონ გურჯიევი წერდა, რომ თავად მუხრანსკის დისწული იყო. ე.ი. ბაგრატიონთა შტოს ჩამომავალი ყოფილა.

გ. გურჯიევის ეს ცნობა ჩვენ სარწმუნოდ არ მიგვაჩნია. ბაგრატიონთა მუხრანული შტოს გენეალოგია კარგად არის
შესწავლილი. ამგვარი ფაქტი არ დასტურდება. გარდა ამისა, ამ საგვარეულოს წარმომადგენლებს არაფერი სმენიათ
გურჯიევთან რაიმე ნათესაური კავშირის შესახებ. XIX ს-ის 70-იან წლებში რომელიმე ბაგრატიონ-მუხრანელს
თავისი ქალიშვილი სოციალურად დაბლა მდგომი მდიდარი მეჯოგისათვის, ივანე გურჯიევისთვის რომ
მიეთხოვებინა, ეს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა ქართულ საზოგადოებრიობას.

საქართველოსა და სომხეთის საისტორიო არქივებში ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა-ძიების საფუძველზე, უფრო
უტყუარი საბუთების აღმოჩენამდე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გ. გურჯიევის დედა - ევდოკია ელეფთერის
ასული ელეფთეროვა ყოფილა. გვარი ელეფთეროვა - ბერძნული ელეფთერიადის რუსიფიცირებული ფორმაა.

არსებობს ერთი ისტორიული ფაქტი, რომელმაც გურჯიევის სახელი სამუდამოდ დაუკავშირა საქართველოს: 1919
წელს, თბილისში მან პირველად გახსნა თავისი ცნობილი "ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი".
საისტორიო არქივში დაცულია დოკუმენტები, რომლებიც ამ ინსტიტუტის დაარსებას ეხება: ჟაკ დალკროზის
სისტემის თბილისის რიტმული ტანვარჯიშის სკოლის დამაარსებელი ჟანა ზალცმან-მატინსონი, მედიცინის
დოქტორი შერნვალი, პროფესორი ო. ჰარტმანი და სახელმწიფო თეატრის მხატვარი ა. ზალცმანი საქართველოს
სახალხო განათლების მინისტრს სთხოვენ გ. გურჯიევის სისტემის ადამიანის ჰარმონიული განვითარების
ინსტიტუტის დაარსების უფლებას. თხოვნას ახლავს დანართი "ადამიანის ჰარმონიული განვითარების
ინსტიტუტი", სადაც გადმოცემულია ინსტიტუტის ძირითადი მიზნები და ამოცანები. იქვეა აღნიშნული, რომ
ინსტიტუტის ხელმძღვანელობაზე დათანხმდა თავად გ. გურჯიევი, რომელიც დროებით თბილისში იმყოფებოდა.
ამავე საარქივო საქმეში ინახება 1919 წლის 9 ოქტომბერს გაცემული ნებართვის ასლი. ინსტიტუტი 1919 წლის
ბოლოს მართლაც დაარსდა.

ჟურნალ "ეშმაკის მათრახის" 1919 წლის მე-4 ნომერში მეგვხვდა ჩვენი თემისთვის მეტად ღირებული კარიკატურა.
მხატვრის ვინაობის დადგენაში მეტად დაგვეხმარა გურჯიევის ერთ-ერთი მოსწავლის, კომპოზიტორ თომას
ჰარტმანის მოგონებები, რომელიც ქართველ მკითხველს პროფესორმა სერგი ავალიანმა გააცნო:

"1919 წლის შემოდგომაზე გ. გურჯიევმა თბილისში "ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი" გახსნა.
ამისათვის მან დაიქირავა ბინა, მოაწყო ტერასები და დააარსა ინსტიტუტი, რომელშიც მრავალი მოწაფე
გაერთიანდა, მაგრამ ინსტიტუტი მძიმე საბინაო პირობებში მუშაობდა. მენშევიკების მთავრობა მხოლოდ
დაპირებებს იძლეოდა. მაშინ ალ. ზალცმანმა დახატა კარიკატურა და გაგზავნა ქართულ იუმორისტულ ჟურნალში
"ეშმაკის მათრახი". სურათზე ასახულია გ. გურჯიევის ინსტიტუტის გასაჭირი. კარიკატურის გამოქვეყნების
შემდეგ ინსტიტუტს მისცეს ორსართულიანი სახლი მტკვრის პირას, რომელიც მხოლოდ 15-16 მოწაფის
მეცადინეობისათვის კმაროდა...

საქართველოს მენშევიკური მთავრობის მერყევი პოზიციები გ. გურჯიევის მოღვაწეობის გაგრძელებას თბილისში


შეუძლებელს ხდიდა. ამიტომ გ. გურჯიევმა გადაწყვიტა რომელიმე სხვა ქვეყანაში წასულიყო".

თ. ჰარტმანისა და სხვათა მოგონებებში აშკარად გამოსჭვივის საყვედური საქართველოს დამოუკიდებელი


რესპუბლიკის მთავრობის მიმართ. ამავე დროს, ისიც ჩანს, რომ მთავრობას გ. გურჯიევისათვის ორსართულიანი
სახლი გამოუყვია, რაც მაშინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, გულუხვობად უნდა ჩაითვალოს, რადგან
მთელი რიგი ეროვნული კულტურულ-საგანმანათებლო დაწესებულებებისა უბინაოდ იყო დარჩენილი.

1920 წლის 14 მარტს გაზეთ "Слово"-ში გამოქვეყნებული განცხადებიდან შევიტყვეთ ამ სახლის მისამართი -
ნიკოლოზის ქ. № 22. ქუჩა ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელს ატარებს. შენობა ყოფილი ვორონცოვის მოედნის
უკან მდებარეობს, ახლოს არის მტკვრის სანაპიროსთან. იგი სამსართულიანი აღმოჩნდა. თომას ჰარტმანი მას
ორსართულიანს უწოდებს, რადგან უცხოელები პირველ სართულს არ თვლიან. შენობის ნომერი არ შეცვლილა.
ამაზე მეტყველებს მომიჯნავე სახლში, ი. ჯავახიშვილის ქ. № 20-ში მცხოვრებ ნინა გარგამანიანთან შემონახული
1919 წლის დოკუმენტი-ამონაწერი თბილისის ნოტარიუსის (გვ. 65-66), სადაც ამავე სახლის ძველი მისამართია
აღნიშნული: "ნიკოლოზის ქუჩა, ნომერი ოცი".

ამრიგად, საეჭვო აღარ არის, რომ სწორედ მივაკვლიეთ შენობას, სადაც 1919-1920 წლებში მოთავსებული იყო
"ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი". აქვე ატარებდა გ. გურჯიევი საჯარო ლექციებს თავისი
მოძღვრების ძირითად საკითხებზე, რაც მაშინ ჯერ არსად ჰქონია გამოქვეყნებული.

ელიზაბეტ ვანდერბილის ფუნდამენტურ ნაშრომში "XX საუკუნის მისტიკოსები. ენციკლოპედია", სადაც დიდი
ადგილი ეთმობა გ. გურჯიევს, აღნიშნულია, რომ გ. გურჯიევი დასახლდა რა თავის მოსწავლეებთან ერთად
საფრანგეთში, 1922 წელს, ფონტენბლოში დააარსა "ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი", ხოლო
მისი თბილისში მოღვაწეობა ნახსენები არ არის. იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ცნობილია ეს ფაქტი დღეს
უცხოეთში, ინტერნეტის ქსელში მოვიძიეთ "გურჯიევის საერთაშორისო მიმოხილვა (რევიუ)", საიდანაც
ამოვბეჭდეთ "გ. გურჯიევის ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტის" თეზისები, რაც ინგლისურ,
გერმანულ და ფრანგულ ენებზეა დაბეჭდილი 1922 წელს. ის ოდნავ შეცვლილი სახით იმეორებს 1919 წლის
თბილისურ თეზისებს, რომელიც ჩვენს საისტორიო არქივში ინახება (რუსულ ენაზე). ვფიქრობთ, უცხოელი
მკითხველისათვის მათი მიწოდებაც არ იქნებოდა ზედმეტი. როგორც ყოველწლიური ე.წ. "გ. გურჯიევის
საერთაშორისო მიმოხილვიდან" ჩანს, ამ მოაზროვნისადმი ინტერესი ჯერ კიდევ არ განელებულა.

კარგი იქნება, რომ სახლზე, სადაც გ. გურჯიევმა ზუსტად 80 წლის წინ თავისი ინსტიტუტი გახსნა, მემორიალური
დაფა გაკეთდეს, რათა ჩვენი ქალაქის ისტორიაში შემოინახოს ეს საინტერესო ფაქტი.

2000

2. თვითონ ბაგრატიონ-მუხრანელებს არ დავუჯეროთ?

ბატონი ლაშა დადიანი გიორგი გურჯიევის ნაშრომების მთარგმნელი, მკვლევარი და პოპულარიზატორია.


სწორედ მისი მეშვეობით გახდა საქართველოში ცნობილი, რომ გ. გურჯიევი თავადი მუხრანსკის შთამომავლად
აცხადებდა თავს.

ა.წ. 7-14 იანვარს გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" გამოქვეყნებულ წერილში აღვნიშნე, რომ "გურჯიევის
ეს ცნობა" სარწმუნოდ არ მიმაჩნია, ანუ გურჯიევის სიტყვების სიმართლეში შევიტანე ეჭვი და არა ბატონი ლაშა
დადიანის მეცნიერულ კეთილსინდისიერებაში. სამწუხაროდ, მას სხვაგვარად გაუგია. გაზეთ "თბილისის" 18
მარტის ნომერში გამოქვეყნებულ რეპლიკაში "თვითონ გურჯიევს არ დავუჯეროთ"? ბატონი ლაშა დადიანი წერს:
"არადა, ისე გამოვიდა, რომ თითქოს ჩემი მეშვეობით, გავრცელდა ერთი არასწორი ცნობა".

ამ საინტერესო ცნობისათვის მისთვის მადლობის მეტი რა გვეთქმის, გურჯიევის გულწრფელობაზე კი ის პასუხს


არ აგებს.

თავისი წარმოშობის შესახებ ყველაზე უკეთ თვითონ გურჯიევმა იცოდა - ასე თვლის ბატონი ლაშა და დასძენს - იმ
ხუთტომეულში, სადაც მისი უმთავრესი თხზულებებია დაბეჭდილი, მხოლოდ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას
ამ საკითხზე. ჩვენ კი უნდა ვენდოთო, რომ ის "თავადი მუხრანსკის შვილიშვილია, და არა დისწული, როგორც
ქალბატონი მ. ხომერიკი წერს!"

ბატონ ლაშასადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა შევახსენო თავისივე პუბლიკაცია "გიორგი
გურჯიევი და მის მიერ დანახული სამყარო" (ჟურნალი "საქართველოს ბუნება", 1991, № 6), რომელშიც
გურჯიევის შესახებ წერდა: "იგი ამბობს, რომ არის თავად მუხრანსკის დისწული". შემდგომ პუბლიკაციებში,
ბატონმა ლაშა დადიანმა ეს ინფორმაცია ცოტა შეცვალა: "თვითონ გურჯიევი წერს - მე თავად მუხრანსკის
შვილიშვილი გახლავართო!". ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, ეს ერთი და იგივეა, რადგან ორივე შემთხვევაში
იგულისხმება, რომ გურჯიევის დედა თავადის, მუხრანბატონის, ქალიშვილი ყოფილა. და მაინც, ნათესაობის
აღმნიშვნელ რომელ სიტყვას ხმარობს თვითონ გ. გურჯიევი? მისი ნაშრომის ინგლისურ თარგმანში
დაფიქსირებულია - "nephew", რომლის ქართული შესატყვისებია - დისწული, ძმისწული. მაშასადამე, მე
უზუსტობა არ დამიშვია.

რატომ უნდა დავეჭვდეთ იმაში, რასაც გიორგი გურჯიევი საკუთარი ხელით წერსო - კითხულობს ბატონი ლაშა და
იმოწმებს მის ციტატას: "ადრეულ ახალგაზრდობაში "დარკი" მერქვა, მოგვიანებით - "შავი ბერძენი", შუახნის
ასაკში - "თურქესტანის ვეფხვი", მაგრამ მე სხვა არავინ ვარ, თუ არა ჭეშმარიტი გვარიშვილი - გახლავართ თავად
მუხრანსკის შვილიშვილი". აქვე მითითებულია წყარო: "გ. გურჯიევის "ადამიანის ცხოვრების მიუკერძოებელი,
ობიექტური კრიტიკა" (შვეიცარია, ბაზელი, გამომცემლობა "სფინქსი", 1987 წ., გვ. 52).

საბედნიეროდ, ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეგვიძლია ინგლისურ ენაზე გავეცნოთ გ. გურჯიევის


ნაშრომს(გამოცემულს ნიუ-იორკში, 1978 წელს), რომელშიც ზემოთ მოყვანილი ციტატა ასე არ მთავრდება და არც
ასეთ კატეგორიულ ხასიათს ატარებს. გ. გურჯიევი თავის თავს ამგვარად მოიხსენიებს: "ვისაც ბავშვობაში "ტაკახ"-
ს ეძახდნენ, ახალგაზრდობაში "შავგვრემანს", მოგვიანებით "შავ ბერძენს", შუახნის ასაკში "თურქესტანის ვეფხვს",
ხოლო ახლა ის ვიღაც კი არ არის, არამედ ნამდვილი "მუსიე", ან "მისტერ" გურჯიევია, ან "თავად მუხრანსკის"
დისშვილი, ან ბოლოს, უბრალოდ, "ცეკვის მასწავლებელი" (ამ სიტყვებს თვითონ გურჯიევი ათავსებს
ბრჭყალებში). ის გვარიშვილობას არ ახსენებს, იმას კი ამბობს, ცეკვის მასწავლებელი ვარო. როგორ მოვიქცეთ?
თვითონ გურჯიევს არ დავუჯეროთ? არადა, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე "უბრალოდ"
ცეკვის მასწავლებელი.

საქმე ის არის, რომ გურჯიევი თვითონ არაფერს ამტკიცებს. ის მხოლოდ გადმოგვცემს, თუ რას ეძახდნენ სხვები
ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. "ახლა", - წერს იგი - ე.ი. იმ დროს, როდესაც ზემოთ მოყვანილი ციტატაა
დაწერილი, გურჯიევს ზოგი თავად მუხრანსკის დისშვილად მიიჩნევდა, ზოგი ცეკვის მასწავლებლად და ა.შ.
სხვაგვარად, მისი სიტყვების გაგება შეუძლებელია. განა, შეიძლება ხანშესული ადამიანი "ახლა" ვინმეს
"დისშვილი გახდეს"?

ბატონმა ლ. დადიანმა თავის თარგმანში სიტყვა "ახლა" ამოიღო და მის ნაცვლად ჩასვა კავშირი "მაგრამ".
შინაარსიც სულ სხვა გამოვიდა: სხვადასხვა სახელები მერქვა, მაგრამ მე სხვა არავინ ვარ, თუ არა ჭეშმარიტი
გვარიშვილიო!

გურჯიევზე ბევრი ჭორი დადიოდა, როგორც ჩანს, ერთ-ერთის მიხედვით, ის მუხრანსკების შთამომავალი იყო.
ამას შემდეგი ფაქტი გვაფიქრებინებს. 1924 წლის 8 აპრილს, ნიუ-იორკში, ადამიანის ჰარმონიული განვითარების
ინსტიტუტის გახსნის დღეს, გ. გურჯიევმა ჩამოთვალა ის "ლეგენდები", რომლებიც "მუქთახორებისა და
უსაქმურების" წრეში იყო გავრცელებული: "ამტკიცებენ, მაგალითად... რომ ინსტიტუტს დახმარებას უწევს შავი
მაგიის ორგანიზაცია, ან რომ მას ლეგენდარული ქართველი თავადი მუხრანსკი ინახავს..." მაშინ, გ. გურჯიევს არ
დაუკონკრეტებია, რომ ამ ლეგენდარულ თავადში, ვითომდა, მისი პაპა, ან ბიძა იგულისხმებოდა.

ბაგრატიონთა მუხრანული შტოს გენეალოგია კარგად არის შესწავლილი. გურჯიევთან ნათესაური კავშირი არც
დოკუმენტურად დასტურდება და არც ბაგრატიონთა წარმომადგენლებს სმენიათ რაიმე ამის შესახებ, XIX
საუკუნის 70-იან წლებში რომელიმე ბაგრატიონ-მუხრანელს თავისი ქალიშვილი სოციალურად ისე დაბლა
მდგომი (თუნდაც მდიდარი) პირისათვის, რომ მიეთხოვებინა, როგორიც ივანე გურჯიევი იყო, ეს სკანდალს
გამოიწვევდა და შეუმჩნეველი არ დარჩებოდა ქართულ საზოგადოებას.

გ. გურჯიევი ნებისმიერი ქართველი თავადის შვილიშვილი რომ ყოფილიყო, ეს ფაქტი თავის დაღს დაასვამდა მის
ბავშვობასა და ყრმობას, გარკვეულ ინტერესს გაუჩენდა საქართველოს ისტორიისა და კულტურისადმი,
დააახლოვებდა ქართულ წარჩინებულ საზოგადოებასთან. როდესაც ახალგაზრდა გურჯიევი თბილისში
ჩამოვიდა, დიდუბეში ქირაობდა ოთახს და ვაჭრობითა და ხელოსნობით შოულობდა საარსებო სახსრებს, ხან
ყულაბებით ვაჭრობდა, ხან ქალის კორსეტებით. სად იყვნენ ამ დროს მისი ნათესავი ლეგენდარული თავადები?

1919-21 წლებში გურჯიევმა თბილისში "ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი" დააარსა.


ბაგრატიონ-მუხრანელებთან არც მაშინ ჰქონია ნაცნობობა და არც შემდგომ, ემიგრაციაში, სადაც ამ საგვარეულოს
არაერთი წარმომადგენელი იმყოფებოდა. ეს საკითხი მე საგანგებოდ მაქვს შესწავლილი (სხვათა შორის, უცხოეთში
ცნობილი ირაკლი ბაგრატიონის - მუხრან ბატონის დამ, ქალბატონმა მარიამმა, თავისი არქივი მე მიანდერძა).

"ჩემი წინაპრები ბიზანტიიდან იყვნენ," - წერს გ. გურჯიევი. ისინი ჯერ თურქეთში დასახლდნენ, შემდეგ
საქართველოში, საიდანაც მამამისი საცხოვრებლად სომხეთში, ქ. ალექსანდროპოლისში გადასულა, ხოლო იქიდან
- ყარსში.

როგორც მოვაკვლიე, საქართველოში გურჯიევები დმანისის რაიონში ცხოვრობდნენ - "კურჯიოღლიევების" და


"კურჯოღლის" გვარით. თვითონ გიორგი გურჯიევი, როგორც ცნობილია, ქ. ალექსანდროპოლისში დაიბადა,
მაგრამ სამეტრიკო წიგნების დიდი ნაწილი დაკარგულია. საქმეს ისიც აძნელებს, რომ გ. გურჯიევი დედის სახელს
არ ახსენებს. საერთოდ, თავისი დაძმებისა და მრავალრიცხოვანი ნათესავების სახელების ხსენებასაც თავს
არიდებს. დარწმუნებით მხოლოდ ის ვიცით, რომ მამამისს ივანე ერქვა.

სომხეთის ცენტრალურ საისტორიო არქივში თითქმის მივაკვლიე ამ ივანეს კვალს, მაგრამ, ერთი გარემოების გამო,
ჩვენი ვარაუდის დაბეჯითებით მტკიცება არ შეგვიძლია: გ. გურჯიევის ერთ-ერთი მოსწავლე - კატლინ რიორდანი
წერს: "გურჯიევი დაიბადა მე-19 საუკუნის 70-იან წლებში. კავკასიელი ბერძნის, ივანე გიორგის ძე გურჯიევის
ოჯახში". ე.ი. ივანე გურჯიევი გიორგის ძე ყოფილა. ჩვენს მიერ მოძიებული ივანე კი ივანეს ძეა. მაგრამ რატომ
უნდა მივიჩნიოთ, რომ კ. რიორდანის ინფორმაცია უტყუარია? ის თავად არ იცნობდა გურჯიევის მამას და არც
გურჯიევის დაბადების თარიღი იცოდა დაზუსტებით. უფრო მეტიც: კ. რიორდანის მტკიცებით, გურჯიევს
საპასპორტო მონაცემებიც კი გაყალბებული ჰქონდა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ერევანში
აღმოჩენილი დოკუმენტი ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს: 1871 წლის 12 ნოემბერს, ალექსანდროპოლის
მცხოვრებმა ივანე ივანეს ძე კურჩოღლიმ, მართლმადიდებელმა, პირველი ქორწინებით იქორწინა
ალექსანდროპოლის მცხოვრების ელეფთერ ელეფთეროვის ქალიშვილზე - ევდოკია ელეფთეროვაზე,
მართლმადიდებელზე. ამ წყვილს კიდევ ვხვდებით 1875 წლის ჩანაწერში (როდესაც მათ ქალიშვილი მელანია
შეეძინათ), მაგრამ იმ დროისათვის მათ უკვე გვარი გადაუკეთებიათ: "ალექსანდროპოლის მცხოვრები ივანე ივანეს
ძე გურჯიევი და მისი კანონიერი ცოლი ევდოკია ელეფთერის ასული, ორივე მართლმადიდებლური
სარწმუნოებისანი". თუ გ. გურჯიევის დაბადების სავარაუდო თარიღი 1872-დან 1877 წლამდე მერყეობს და მისი
დაბადების ადგილი - ალექსანდროპოლია, მაშინ სავსებით შესაძლებელია, რომ 1871 წელს სწორედ მისმა
მშოვლებმა იქორწინეს. გიორგი უფროსი შვილი ყოფილსა. როგორც მისი ბუნდოვანი მოგონებებიდან ჩანს, შვიდი
წლის ასაკში, მას უკვე ჰყოლია ძმა და და(შესაძლებელია, ეს მელანია ყოფილიყო). ის იხსენებს, აგრეთვე ბიძას,
რომელმაც როგორც ჩანს, გურჯიევის მამასთან ერთად დატოვა საქართველო. ალექსანდროპოლის ეკლესიის 1870
წლის სამეტრიკო წიგნში გვხვდება ვინმე ვასილ ივანეს ძე კურჩიევი და მისი მეუღლე - პოლიტიმია. ჩვენი აზრით,
ეს გურჯიევის ბიძა უნდა იყოს. ალექსანდრეპოლის ეკლესიის შემორჩენილ საბუთებში, 1870-იან წლებში,
მხოლოდ ორად ორი კურჩიევი, თუ გურჯიევი გვხვდება: ივანე და ვასილი ივანეს ძენი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, უფრო უტყუარი საბუთების აღმოჩენამდე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გ.


გურჯიევის დედა - ევდოკია ელეფთერის ასული ელეფთეროვა ყოფილა; გვარი ელეფთეროვა - ბერძნული
ელეფთერიადის რუსიფიცირებული ფორმაა.

რაც შეეხება გ. გურჯიევის წარმომავლობას, ჯერჯერობით, შემიძლია ერთი ცნობა მოგაწოდოთ: ბაგრატიონ-
მუხრანელები გადაჭრით უარყოფენ გიორგი გურჯიევთან ნათესაურ კავშირს. თვითონ ბაგრატიონ-მუხრანელებს
არ დავუჯეროთ? ამჟამად, უკვე მივაკვლიე ახალ საბუთებს, რომლებზეც დაყრდნობით შეიძლება იმის მტკიცება,
რომ ვარაუდი გამართლდა.

2000

3. ვარაუდი დადასტურდა

გიორგი გურჯიევის შესახებ უამრავი გამოკვლევა და მოგონება არსებობს. მიუხედავად ამისა, მისი ბიოგრაფიული
მონაცემები ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. დაუდგენელია მისი დაბადების თარიღიც. გ. გურჯიევის პასპორტში
ჩაწერილი იყო 1877 წლის 28 დეკემბერი, მაგრამ მის საკუთარ გამონათქვამებზე დაყრდნობით ფიქრობენ, რომ ის
1872 წელს უნდა იყოს დაბადებული. თუმცა, არსებობს ავტორი, ჯეიმს მური (ინტერნეტით მოვიძიე), რომელიც
ფიქრობს, რომ გ. გურჯიევი 1866 წელს დაიბადა, ხოლო მისი ძმა, დიმიტრი - 1870 ან 1872 წელს. კ. უოლკერის
მიხედვით, გურჯიევი 1872 წლის პირველ იანვარს დაიბადა ქ. ალექსანდროპოლში. ბიოგრაფთა უმრავლესობისა
და თვითონ გურჯიევის მიერ მისი დაბადების ადგილად ალექსანდროპოლისია მიჩნეული, მაგრამ როგორც
მიხეილ კვესელავა წერდა, "შეიძლება ეს წინასწარგანზრახული ფალსიფიკაციაც იყოს, რადგან მისი სახელი
უმთავრესად საქართველოსთანაა დაკავშირებული. "გურჯიც" ხომ ქართველს ნიშნავს. ამ გვარს სხვა ეტიმოლოგია,
გარდა "ქართველისა" არ აქვს". თავისი მოგონებების წიგნში "შეხვედრები შესანიშნავ ადამიანებთან" გურჯიევი
წერს, რომ მამამისი ივანე გურჯიევი ბერძნული ოჯახიდან იყო, რომლის წინაპრები ბიზანტიიდან გადასახლდნენ,
რათა თავი დაეღწიათ თურქების მხრიდან დევნისაგან (რაც ამ უკანასკნელთა მიერ კონსტანტინოპოლის
დაპყრობას მოჰყვა). ისინი ჯერ თურქეთის ცენტრალურ ნაწილში დასახლდნენ, შემდეგ შავი ზღვის აღმოსავლეთ
სანაპიროზე მდებარე ქალაქ გუმშხანში. მოგვიანებით კი თურქეთის მიერ დევნის განახლების შედეგად,
საქართველოში გადასახლდნენ, სადაც მესაქონლეობას მისდევდნენ. საქართველოში ძმები გაიყარნენ და გ.
გურჯიევის მამა საცხოვრებლად სომხეთში, ქ. ალექსანდროპოლში გადავიდა, ხოლო იქიდან - ყარსში.

გ. გურჯიევი არც ერთ თარიღს არ აზუსტებს და არც იმას, თუ საქართველოში - კერძოდ, სად ცხოვრობდა მისი
ოჯახი. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლებელია საქართველოსთან იყოს
დაკავშირებული გურჯიევის გვარის ეტიმოლოგია.

თბილისში მცხოვრები კურჯიევის გვარის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, წარმოშობით ბერძენმა, რომელსაც


საკონსულტაციოდ მივმართე, განმიმარტა, რომ კურჯიევი და გურჯიევი ერთი და იგივე გვარია, ვინაიდან
აღმოსავლეთში გ, კ, ქ ერთმანეთს ენაცვლებაო.

დამაჯერებელია მიხეილ კვესელავას განმარტება - "გურჯიევის გვარს საქართველოს გარდა სხვა ეტიმოლოგია არ
შეიძლება ჰქონდეს. მიუხედავად ამისა, ჩვენი აზრით, გასათვალისწინებელია, რომ გ. გურჯიევიც და მისი
შორეული ნათესავიც თავის წარმოშობას ბიზანტიას უკავშირებენ. ისიც მნიშვნელოვანია, რომ როგორც გ.
გურჯიევი წერს, ყარსში მამას ის ჯერ ბერძნულ სკოლაში შეუყვანია, საიდანაც მოკლე დროში ქალაქის რუსულ
სკოლაში გადაუყვანიათ.

ამდენად, სარწმუნოდ მიგვაჩნია ს. ავალიანის მოსაზრება: "არავითარი საფუძველი არ არის ვიფიქროთ, რომ გ.
გურჯიევი წარმოშობით ქართველი იყო. შესაძლოა "გურჯიევი" მისი ნამდვილი გვარიც იყოს, მაგრამ აქედან მისი
ქართველობა მაინც არ მტკიცდება. ხომ ცნობილია, რომ "ბერძენიშვილი" არ არის ბერძენი, "ფრანგიშვილი" არ არის
ფრანგი, "რუსიძე" არ არის რუსი".

ბიოგრაფები წერენ, რომ გ. გურჯიევი ცდილობდა დაემალა თავისი წარმოშობის კვალი. როგორც ჩანს, გარკვეულ
შემთხვევაში, ის ქართველად წარმოაჩენდა თავს. მ. კვესელავა მის პარიზელ ნაცნობებს იმოწმებს: "თვითონ
გურჯიევი ამბობდა - ქართველი ვარო... უცხოელები კი მას უმთავრესად მოიხსენებენ - როგორც "კავკასიელს".

ზემოხსენებულმა კურჯიევმა ფრიად მნიშვნელოვანი ცნობა მომაწოდა: გ. გურჯიევის წინაპრები, იგივე


კურჯიევები, დმანისში დასახლებულან.

ცნობილია, რომ საქართველოში ბერძნები ძირითადად XIX-XX საუკუნეების განმავლობაში გადმოსახლდნენ. მათ
პონტოელები ეწოდებათ, რადგან ისინი უკვე ანტიკური ხანიდან მოყოლებული, თურქეთის ერთ-ერთ
მნიშვნელოვან შავი ზღვისპირა რაიონში - პონტოში, კომპაქტურად იყვნენ დასახლებული. როგორც რ.
გორდეზიანი წერს, პონტოელი ბერძნების ის მასა, რომელიც საქართველოში გადმოსახლდა და რომელმაც
სხვადასხვა რეგიონებში დაიდო ბინა, არ ყოფილა თავიდანვე ერთგვაროვანი. საქართველოს ბერძნების დაყოფა
შეიძლება ორ ძირითად ჯგუფად: ელინოფონურ ანუ ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე და თურქულენოვან ჯგუფად.
საქართველოში მცხოვრები პონტოს დიალექტზე მოლაპარაკე ბერძნები თავის თავს უწოდებენ - რომეოს
(იშვიათად - გრეკოს ან ელლინოს), ხოლო თურქულენოვანთა სახელწოდებაა - ურუმი. თანამედროვე დმანისის
რაიონში 1829-30 წლებში ჩნდება ბერძნული დასახლებები. "ამ მიდამოებებში დამკვიდრებულმა ურუმებმა,
რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთის თურქული ვილაიეთებიდან იყვნენ გადმოსულები, საბოლოოდ თავი
მოიყარეს სამ სოფელში. გადმოსახლების პირველ წლებში კი ოთხი სოფელი იყო დასახლებული: ამბარლო
(განახლება, დემირ-ბულაგი (სარკინეთი), პეტროვანკი, ბულგასონ - ქეივანი - ორი ანალოგიური დასახელების -
ბულგასონის და ქეივანის სახელების მიხედვით (დღეს სოფელს ჰქვია განახლება)".

საქართველოს სახელმწიფო ცენტრალურ საისტორიო არქივში მივაკვლიე ქეივან-ბულღასონის წმ. დიმიტრის


ეკლესიის 1870-წიანი წლების სამეტრიკო წიგნებს, რომლებშიც საკმაოდ ბევრი კურჯიევი აღმოჩნდა
დაფიქსირებული (ბერძნულ ტექსტს სხვა ფერის მელნით მიწერილი აქვს რუსული შესატყვისი). დასახელებული
გვარი ძირითადად ორი ფორმით არის წარმოდგენილი - Кюрджоглы და Кюрджоглиевю. როგორც ჩანს, ამ გვარს
ქართულ ეკლესიაში სხვაგვარად წერდნენ. მაგალითად, სოფელ დიდი გომარეთის ეკლესიის სამეტრიკო წიგნის
ქართულ ჩანაწერში აღნიშნულია, რომ ვინმე ივანე მჭაბელაშვილის მიმრქმელი იყო "თრიალეთის საპრისტაოს
სოფელს ქეივან-ბულღასონში მცხოვრებელი ეღნატე სვიმონის ძე გურჯიოღლი.

ე. მაისურაძემ გამოთქვა მოსაზრება, თითქოს გ. გურჯიევის მამამ თავისი გვარი მას შემდეგ მიიღო, რაც სომხეთში
დასახლდა, ვინაიდან გურჯიევის გვარს ანუ მეტსახელს იღებდა თითქმის ყველა ბერძენი, რომელიც
საცხოვრებლად საქართველოდან სომხეთში, მუსლიმებით დასახლებულ ადგილებში გადადიოდაო. ამ
მოსაზრებას ჩვენ არ ვიზიარებთ და ვერც იმაში დავეთანხმებით ავტორს, რომ თითქოს გ. გურჯიევის წინაპრები
"უხსოვარი დროიდან" ცხოვრობდნენ საქართველოში.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თვის დროზე, თჲრქეთში მცხოვრები ერთი ქართული წარმოშობის ოჯახი,
ქრისტიანობის შენარჩუნების მიზნით, ბერძნულ მოსახლეობას შეერია და მათთან გააიგივა თავი, მაგრამ ეს ასეც
რომ იყოს, მათ ქართული ეროვნული თვითშეგნების ნატამალიც კი არ შერჩათ. გ. გურჯიევი მოგვითხრობს, რომ
მამამისი, რომელიც ჯერ მესაქონლეობას მისდევდა, შემდეგ დურგლობას, ამავე დროს აშუღი იყო და
მონაწილეობას იღებდა ხოლმე აშუღების შეჯიბრებაში, სადაც მონაწილეობდნენ სპარსეთჳდან, თურქეთიდან,
კავკასიიდან და თურქესტანიდან ჩამოსული აშუღები. ისინი სიმღერით უსვამდნენ ერთმანეთს კითხვებს
რელიგიურ და ფილოსოფიურ თემებზე და სიმღერითვე პასუხობდნენ. "ეს ყოველივე ლექსად იმღერებოდა,
ძირითადად, თურქულ-თათრულად, რომელიც მაშინ მიღებული იყო ამ მხარეებში მცხოვრები. სხვადასხვა
დიალექტებზე მოლაპარაკე ხალხების საერთო ენად". ცხადია, ამ შეჯიბრებებზე, არც ქართული სული ტრიალებდა
და არც ქართული ენა ისმოდა.

ამგვარი სიძე, XIX საუკუნეში მიუღებელი იქნებოდა ბაგრატიონ-მუხრანბატონთა ოჯახისათვის. გ. გურჯიევი არ


ასახელებს თავადის სახელს და გარკვეულ სიფრთხილესაც იჩენს, როდესაც ამბობს, რომ მას სხვები ეძახიან "თავად
მუხრანსკის დისშვილს".

მკვლევარი მ. მეილახი წერს, რომ გურჯიევის დედა სომეხი იყო.

საკითხის გარკვევის საუკეთესო საშუალება სამეტრიკო წიგნების შესწავლაა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში,
არსებობს დაბრკოლება. გიორგი გურჯიევი დაიბადა ქ. გუმრიში, იმავე ალექსანდროპოლში, ხოლო ამ ქალაქის წმ.
გიორგის ეკლესიის სამეტრიკო წიგნების დიდი ნაწილი დაკარგულია. ამასთან, გ. გურჯიევი არ ახსენებს დედის
სახელს. საერთოდ, ის თავისი და-ძმებისა და მრავალრიცხოვანი ნათესავების სახელების ხსენებასაც თავს
არიდებს. დარწმუნებით მხოლოდ ის ვიცით, რომ მამამისს ივანე ერქვა. სომხეთის ცენტრალურ საისტორიო
არქივში მივაკვლიე ამ ივანეს კვალს, მაგრამ არ შემეძლო იმის მტკიცება, რომ სწორედ ის იყო ფილოსოფოსის მამა,
ვინაიდან გ. გურჯიევის მოსწავლე კატლინ რიორდანის ცნობის თანახმად, ივანე გურჯიევი - გიორგის ძე ყოფილა.
ჩემ მიერ მოძიებული ივანე გურჯიევი კი - ივანეს ძეა. ინფორმაციის დასაზუსტებლად კვლავ მომიწია სომხეთის
ცენტრალურ არქივში მუშაობა. ჩემი ვარაუდი დადასტურდა. გიორგი გურჯიევის მამა ივანე ივანეს ძე აღმოჩნდა.

ახლა უკვე შეგვიძლია შევაჯამოთ ჩვენ ხელთ არსებული დოკუმენტები. ალექსანდროპოლის ეკლესიის
შემორჩენილ საბუთებში 1870-იან წლებში მხოლოდ ორად ორი კურჩიევი თუ გურჯიევი გვხვდება: ივანე და
ვასილ ივანეს ძენი, ხოლო უფრო ადრინდელ სამეტრიკო წიგნებში (რომლებიც საქართველოს საისტორიო არქივში
ინახება), ძიებული გვარი დაფიქსირებული არ არის. ეს ის პერიოდია, როდესაც გ. გურჯიევის მამა ჯერ კიდევ არ
იყო ალექსანდროპოლში ჩასული.

ჩვენ ზემოთ ვახსენეთ სოფელ ქეივან-ბულღასონის (დღევანდელი სოფ. განახლება) საეკლესიო წიგნები. ამავე
სოფლის 1869 წლის წიგნში დაფიქსირებული აღმოჩნდნენ სოფელ "ეკებაშის" მცხოვრებლები, მათ შორის: ლაზარ
ვასილის ძე კურჯოღლი (Кюрджоглы), ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე კიურჯოღლი, სიმონ ზაქარიას ძე
კიურჯოღლი (ალბათ, იგივე პიროვნება სიმონ ზაქარიას ძე კიურჯოვი), ფეოდორ კიურჯოვი, ანტონ გიორგის ძე
კიურჯოვი, კონსტანტინე ფეოდორის ძე კიურჯევი, ლაზარე კიურჯოვი. სოფლის სახელწოდება სხვაგვარად
წერია: Экебаш, Экебат, Экебать, Экебач, Экебеш, ასევე გვხვდება - «Экепать» და ამ სოფელში მცხოვრებნი:
ეგნატე პეტრეს ძე კურჯიოღლი, გიორგი კურჯოღლი, ფეოფილაქტე ფეოდორის ძე კურჯოღლიევი, მიხეილ ივანეს
ძე კურჯიოღლიევი (1870 წ.). ხოლო 1867 წლის საეკლესიო წიგნში დაფიქსირებულია სოფელ - Экепад. ამავე
წიგნში არის საქორწინო ჩანაწერი: საქმარო - ტფილისის მაზრის თრიალეთის საპრისტავოს სოფელ ეკეპადის
მცხოვრები ვასილ ვასილის ძე კიურჯოღლი, მართლმადიდებელი, პირველი ქორწინებით. ასაკი 25 წ.
საცოლე: ალექსანდროპოლის მცხოვრებლის ოპრიკოვის ქალიშვილი პოლიტიმია აზარეს ასული,
მართლმადიდებელი.

ეს ვასილ ივანეს ძე კიურჯიოღლი უნდა იყოს ზემოხსენებული ივანეს ძმა. გ. გურჯიევი ახსენებს ბიძას, რომელსაც
მამამისთან ერთად საქართველო დაუტოვებია. როგორც სამეტრიკო ჩანაწერიდან ჩანს, ვასილის ცოლი
ალექსანდროპოლიდან ყოფილა. ამის შემდეგ, ალექსანდროპოლის ეკლესიის 1870 წლის სამეტრიკო წიგნში
გვხვდება შემდეგი ჩანაწერი: ალექსანდროპოლის მცხოვრებს ვასილ იოანეს ძე კიურჩევს და მის კანონიერ ცოლს
პოლიტიმია აზარიას ასულს, მართლმადიდებლებს, შეეძინათ შვილი - კირიაკოსი. როგორც ვხედავთ, სომხეთში
დასახლებულ ვასილის თავისი გვარი კიურჯიოღლი - კიურჩევად გადაუკეთებია.

ალექსანდროპოლის ეკლესიის 1871 წლის სამეტრიკო წიგნი კი სომხეთის არქივში მოვიძიე. ამ დროისთვის
ალექსანდროპოლში უკვე მეორე კიურჩოღლი გამოჩნდა. 1871 წლის 12 ნოემბრის საქორწინო ჩანაწერში
დაფიქსირებულია: საქმრო - ალექსანდროპოლის მცხოვრები ივანე ივანეს ძე კიურჩოღლი, მართლმადიდებლური
სარწმუნოებისა, პირველი ქორწინებით (23 წლის), საცოლე - ალექსანდროპოლის მცხოვრებლის, ელეფთერ
ელეფთეროვის (ელეფთეროვი - ელეფთერიადის რუსიფიცირებული ფორმაა - მ.ხ.) ქალიშვილი, ევდოკია
ელეფთერის ასული, მართლმადიდებლური სარწმუნოებისა, პირველი ქორწინებით (18 წლის). ამ ჩანაწერის
მიხედვით გამოდის, რომ ივანე 1848 წელს ყოფილა დაბადებული.

ამავე ეკლესიის 1875 წლის სამეტრიკო წიგნი გვამცნობს, რომ ალექსანდროპოლის მცხოვრებს, ივანე ივანეს ძე
გურჯევს და მის კანონიერ ცოლს, ევდოკია ელეფთრის ასულს, მართლმადიდებლებს, შეეძინათ შვილი - მელანია.
როგორც ვხედავთ, ივანეს გვარი გადაუკეთებია და გიურჯევი გამხდარა.

ქ. ალექსანდროპოლის 1886 წლის კამერალური აღწერის მასალებში ყველა აღნუსხული პირის გვარი, სახელი და
მამის სახელია მითითებული. გვხვდება ერთი გამონაკლისი: ვანო გიურჯი-ოღლი, მამის სახელის გარეშე, რაც
გვაფიქრებინებს, რომ მის შესახებ ყურმოკრული ინფორმაციაა შეტანილი: ასაკი - 29 წელი, ცოლი - ანნა,
ქალიშვილი - ელისაბედი, სარწმუნოება - სომხურ-გრიგორიანული. ხელობა - შავი მუშა. სახელი ვანო შესაძლოა
საქართველოდან გამოჰყოლოდა. ჩანაწერიდან ვიგებთ, რომ ის "მდგმური" ყოფილა. აქედან უნდა
მომდინარეობდეს მის შესახებ ზუსტი ცნობების არარსებობა.

შემდგომში ივანეს ალექსანდროპოლში თავისი მდგომარეობა გაუმყარებია და სახლიც შეუძენია ე. წ. "წყნარ


ქუჩაზე". სომხეთის არქივში მოვიძიე ალექსანდროპოლში 1907 წელს მცხოვრები ოჯახების მეთაურების ნუსხა,
რომელშიც შეყვანილია ივან ივანეს ძე გეორჯიევი (Иван Иванович Георджиев).

აქვეა მითითებული შესაბამისი ნომერი 1907 წელს შედგენილი ოჯახების სიიდან: № 3395. ამავე არქივში
მივაკვლიე ხსენებულ საბუთს, რომელიც ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა. როგორც გ. გურჯიევის მოგონებებიდან
ვიცით, მამამისმა, მას შემდეგ რაც საქონელი დაეხოცა, დურგლობა დაიწყო. და აი, ხელთ გვაქვს დოკუმენტი ...
ივან ივანეს ძე გიურჯიევის ოჯახის სია, რომელსაც ყდაზე აწერია - დურგალი. «Плотник. № 3395. Посемейнный
список семьи Гюрджиева Ивана Ивановича. жителя гор. Александрополя. кварт. №XXXV. составлен 1-
го февраля 1907 г. 1574/86"».

ოჯახის წევრების ჩამონათვალში ვკითხულობთ: "გიურჯიევი ივან ივანეს ძე - დაბ. 1847 წ. მისი ცოლი - ევა
(ელბათ, ევდოკიას შემოკლებით ევას ეძახდნენ - მ.ხ.). მისი ვაჟები: გიორგი, დაბ. 1880 წ., დიმიტრი, დაბ. 1883 წ.
ქალიშვილი - სოფია. დაბადების წლები მითითებულია არა იმ გრაფაში, რომელსაც აწერია: "მეტრიკისა ან სხვა
დოკუმენტის თანახმად", არამედ მომდევნო გრაფაში, სადაც ასაკის მითითება ხდებოდა გარეგნული შესახედაობის
მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი არ არსებობდა, ან საეჭვო იყო: «по наружному виду в случае
неимения документа или сомнительности последнего».

ახლა უკვე უთუოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ვარაუდი გამართლდა! გიორგი გურჯიევის მშობლები არიან
ივან ივანეს ძე გურჯიევი და ევდოკია ელეფთერის ასული ელეფთეროვა, რომლებიც, როგორც ჩემ ძველ
პუბლიკაციებშიც მაქვს მითითებული, 1871 წელს დაქორწინდნენ. ამრიგად, გამოირიცხა ის ვერსია, რომლის
თანახმად გ. გურჯიევის დედა მუხრანბატონთა ოჯახიდან იყო. დავუბრუნდეთ ივან გიურჯევის საოჯახო ნუსხას:
ეროვნება - სომხები, სარწმუნოება - სომხურ-გრიგორიანული, წოდება - მეშჩანები. ცხადია, რომ ეს მონაცემები არ
შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ჩვენ მიერ მოძიებული დოკუმენტები საშუალებას გვაძლევს წლების
მანძილზე გავადევნოთ თვალი ამ ოჯახს და დავასკვნათ, რომ ისინი იყვნენ ეროვნებით - ბერძნები, სარწმუნოებით
- მართლმადიდებელი ქრისტიანები. ჩვენი ეს დასკვნა კიდევ ერთხელ გამართლდა, როდესაც ქ. გიუმრში (ყოფილ
ალექსანდროპოლში), სადაც გურჯიევის სომხური ცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა ავეტიკ მელიქ-სარქისიანმა
მაჩვენა ამონაწერი ჩემ მიერ მოძიებული ნუსხის ანალოგიური, იმავე 1907 წელს შედგენილი ნუსხიდან, სადაც
ივანე გიურჯიევის ოჯახის იგივე შემადგენლობაა დაფიქსირებული, მხოლოდ ეროვნების აღმნიშვნელ გრაფაში
წერია - ბერძნები, ხოლო სარწმუნოების აღმნიშვნელ გრაფაში - მართლმადიდებლები (სამწუხაროდ ამ ამონაწერის
საარქივო ნომერი არა მაქვს). ბატონმა ავეტიკმა მაჩვენა "წყნარ ქუჩაზე" მდებარე გურჯიევების მოკრძალებული
სახლი, მათი ნათესავი, ცნობილი მოქანდაკის, ს. მერკუროვის შესანიშნავი სახლ-მუზეუმი და ივანე გურჯიევის
საფლავი. 1970-იან წლებში უცნობ პირებს, სავარაუდოდ გ. გურჯიევის უცხოეთიდან ჩამოსულ მიმდევრებს მისი
ანდერძის თანახმად, მამამისის საფლავზე დაუდიათ ლოდი მისტიკური შინაარსის წარწერით:

"Иван Гюрджиев. 1834-1917.

Адаш (ეს სახელი სომხურად აწერია. - მ.ხ.)

Я - ето ты

Ты - ето я

Он - наш

Оба мы - его

поэтому пусть все

будет для нашего ближнего."

ჩვენ დოკუმენტურად დავამტკიცეთ, რომ გიორგი გურჯიევის დედას არაფერი ჰქონდა საერთო თავად
მუხრანსკებთან, ანუ ბაგრატიონ-მუხრანბატონებთან. აგრეთვე ვნახეთ, რომ გურჯიევის გვარმა ფონეტიკური
ცვლილება განიცადა. იგი წარმოსდგება არა "გურჯიევისაგან", არამედ "კიურჯისგან" (გავიხსენოთ, რომ ქართული
წარმომავლობის მამლუქებს - "ქურჯებს" ეძახდნენ).

გ. გურჯიევის ოჯახის ისტორია არ ვრცელდება საქართველოში მცხოვრებ სხვა გურჯიევებზე. იაკობ ახუაშვილი
გურჯიევთა გვარის წარმოშობის სხვადასხვა ვერსიებს გვაცნობ: "სოფელ სარკინეთში მცხოვრები, ყოფილი
თეთრაძეები დღეს გურჯიევებად, ეროვნებით ბერძნებად ითვლებიან. თეთრაძეები გადმოვიდნენ სოფელ
გომარეთიდან, ურუმ ბერძნებს შორის რომ მოხვდნენ, მათ გურჯის ეძახდნენ. აქედან წარმოდგა გვარი გურჯიევი.
მეორე წყება გირჯიევებისა მოდიან ქართველიშვილებიდან. ქართველიშვილები ბევრ სხვა ქართველთან ერთად
გაასახლეს ყარსში, იქ გურჯიოღლებად გახადეს. როცა მშობლიურ მიწაზე კვლავ დაბრუნდნენ, უბრალოდ, გურჯს
ოღლი (შვილი) ჩამოაცილეს და გურჯიევებად დარჩნენ.

ი. ახუაშვილი იმოწმებს გაზეთ "ივერიაში" 1990 წელს (№ 200) გამოქვეყნებულ წერილს, სადაც მოყვანილია
გურჯიევების განმარტება: "კახეთიდან ბერძენიშვილები ვყოფილვართ, წინაპრები უხსოვარ დროს გაქცეულან და
იქაურ ბერძენთა შორის არზრუმის საფაშალიკოში დასახლებულან. ყიზილბაშურად მოლაპარაკე ბერძნებს
"გურჯიევი" უწოდებიათ ჩვენთვის გვარად."

ი. ახუაშვილი ასკვნის, რომ უთუოდ მართალი იყო თვითონ გიორგი (ჯორჯ) გურჯიევი, როცა ამბობდა ქართველი
ვარო.

ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, ვერ გავიზიარებ იმ აზრს, რომ გ. გურჯიევი ქართველი იყო, რაც სხვა
წარმომავლობის გურჯიევების ქართველობას არ გამორიცხავს. ნათქვამის საილუსტრაციოდ მთლიანად მოგვყავს
ერთი საარქივო დოკუმენტი. 1913 წელს ვინმე ისმაილ გურჯი ოღლიმ საქართველოს მთავარმართებელს მიწერა
შემდეგი თხოვნა:

"საქართველოს ლეკთაგან აოხრების დროს პაპა ჩემი დატყვევებული წაუყვანიათ ქართლიდამ. წაუყვანიათ და
სპარსეთში გაუყვანიათ. და ისპაანში გაუთათრებიათ. ის პაპა ჩემი და მამაც ჩემი გარდაიცვალნენ თათრულს
სარწმუნოებაში და ჩემთვის ანდერძად სიტყვა დამიგდეს, რომ ჩვენ ვართ ქართლიდან გადმოყვანილნი და როცა
დრო მოგეცეს ქართლში მიდი და გაქართველდიო. ამ მიზეზით რუსეთის მხედრობამ რომ ელისაბადპოლი აიღო
იმ წელიწადს ისპაანიდამ გამოვიპარე და აქ ყაზახში რომ მოვაწიე, რადგან მაშინ ყმაწვილი ვიყავ ყაზახელებმა
აღალარებმა ყაზახიდამ აღარ გამომიშვეს და იქ ცოლი შემრთეს და ისევ თათრის სარწმუნოებაზედ დავრჩი. ცოლი
მოკვდა და ორი შვილი დამრჩა. მერმე მეორე ცოლი შემრთეს და იმასთანაც მყავს ერთი შვილი. ახლა მე აქ მოვაწიე
თქვენს მთავრობასთან, რადგან ჩამომავლობით ვყოფილვარ ქართველი და ქრისტეანე მე მსურს ისევ ქრისტეანობა.
და რაომნიცა შვილნი ჩემნი ყაზახში მყოფნიცა უნდა რომ მოაყვანინოთ და ისინიცა მონათლოთ ჩემთანა და ცოლი
რომელიც მყავს თუ მოვა და მოიქცევა ის ისევ ჩემი ცოლი იქნება, თუ არ მოინათლება და არ გამყვება მაშინ ის
თავისს ნებაზედ იყოს. ოღონდ ჩემი შვილნი ჩემთან უნდა მოინათლნენ და ქრისტეანულს სარწმუნოებაში ყოვლად
მოწყალის ხელმწიფის საფარველს ქვეშ მაცხოვრეთ როგორც და სადაც თქვენი ნება იყოს. გნებავთ ქალაქში,
გნებავთ სოფელში სხვათა ქრისტიანეთა თანახორციელად სადღეგრძელოდ და საუკუნოდ საცხოვრებლად
სასულიეროდ თქუნდა რომ მე ჩემის შვილებით თქვენ მიერისა მიზეზითა ვსპოვო ჩემი შთამომავლობითი წმინდა
და მართალი სარწმუნოება".

ზემოთ მოყვანილი თხოვნის დამწერ ისმაილს არაფერი აქვს საერთო არც ი. ახუაშვილის წერილში დასახელებულ
გურჯიევებთან და არც ჩემ მიერ შესწავლილი გ. გურჯიევის ოჯახთან. ასევე სხვა წარმომავლობის უნდა იყვნენ
გურჯიაშვილები. ტფილისის მაზრის სოფელ წინწყაროს წმ. გიორგის ეკლესიის 1870 წლის სამეტრიკო წიგნში
დაფიქსირებული არიან "წინწყაროში მცხოვრებელი სახაზინო ყმა ილია თევდორეს ძე გურჯიაშვილი" და აგრეთვე
იმავე სოფელში მცხოვრები "სახაზინო ყმა თევდორე კონსტანტინეს ძე გურჯიაშვილი".

გ. გურჯიევი თავს ბერძნად მიიჩნევდა. ბერძნულ ენას "მშობლიურს" უწოდებდა. თხზულებებს წერდა შერეულად
ორ ენაზე - რუსულსა და სომხურზე, ხოლო შემდეგ მისი მოსწავლეები თარგმნიდნენ სხვადასხვა ენებზე.

ჩატარებული კვლევის საფუძველზე, გ. გურჯიევის რაიმე ნათესაური კავშირი მუხრანბატონებთან - საბოლოოდ


გამოირიცხა.

4. კვლავ გიორგი გურჯიევის შესახებ

გ. გურჯიევი რამდენჯერმე ახსენებს თბილისს: "მე დავბრუნდი თბილისში, პირველ რიგში იმიტომ, რომ იქ
შემეძლო ნებისმიერი წიგნის შოვნა, რომელსაც მოვისურვებდი. ამ ქალაქში, იმ დროსაც, როდესაც მე იქ გავჩერდი
და შემდეგაც, ძალიან ადვილი იყო ნებისმიერი წიგნის პოვნა ნებისმიერ ენაზე, განსაკუთრებით სომხურ, ქართულ
და არაბულზე. როდესაც ტფილისში ჩამოვედი, საცხოვრებლად წავედი რაიონში, რომელსაც დიდუბე ეწოდება..."
გურჯიევი არ აზუსტებს ხოლმე წლებს, მაგალითად: "ბოგაჩოვსკის ყარსიდან გამგზავრების შემდეგ ჩქარა წავედი
თბილისში. იმ დროს, მე ორი წერილი მივიღე ბოგაჩოვსკიდან..." თბილისში ის ხელოსნობით ირჩენდა თავს.
თბილისის ბაზრებში დიდი გასავალი ჰქონდა ვინმე იდალიელის ნახელავ თაბაშირის ფიგურებს. ბერძენი ქუჩის
გამყიდველისაგან გურჯიევმა შეიტყო, რომ იტალიელი საგულდაგულოდ მალავდა ამ ფიგურების დამზადების
საიდუმლოებას. გურჯიევმა, როგორც თვითონ წერს, ბერძენ გამყიდველს ჯერ "პატრიოტიზმის გრძნობა"
გაუღვიძა (ამ სიტყვებიდანაც ჩანს მისი ნამდვილი ეროვნება), შემდეგ მასთან ერთად მივიდა იტალიელთან და
სამუშაო სთხოვა. დიდი შრომისმოყვარეობა გამოიჩინა, მაგრამ თავი მოისულელა, რის შედეგადაც იტალიელი მას
აღარ ერიდებოდა და თავისი ხელობის საიდუმლოს არ უმალავდა. გურჯიევმა ყოველივე არათუ აითვისა, არამედ
გააუმჯობესა კიდეც. თვენახევარში ბაზარზე მისი საკუთარი ნახელავი გაჩნდა. "არა მგონია, რომ ტფილისში იმ
ხანად თუნდაც ერთი სახლი მაინც დარჩენილიყო, რომელშიც არ იქნებოდა ჩემი ერთ-ერთი ყულაბა" - წერს
გურჯიევი, რომელმაც თავად გახსნა სახელოსნო. გ. გურჯიევის ცხოვრების წესი კიდევ ერთხელ მეტყველებს
იმაზე, რომ ის მუხრანსკის შვილიშვილი არ ყოფილა.

გ. გურჯიევი ბევრს მოგზაურობდა, წლობით ცხოვრობდა ტიბეტსა და ცენტრალურ აზიაში, სადაც დიდი
მონდომებით ეძებდა და ეწაფებოდა აღმოსავლეთის ეზოთერულ (ფარულ, ხალხის ფართო მასებისთვის
მიუღწვდომელ) მოძღვრებებს. შემდეგ მან აღმოსავლეთში შეძენილი ცოდნა მისაწვდომი გახადა ევროპელებისა და
ამერიკელებისათვის, რომლებსაც სულიერების მასწავლებლად მოევლინა.

გ. გურჯიევი სწავლობდა უძველეს ადათ-წესების ნაშთებს, ეკლესიებში დაცულ სიძველეებს, არქეოლოგიურ


ძეგლებს, წარწერებს, რელიგიურ რიტუალებსა და ცეკვებს, რომელთა ფარული მნიშვნელობის ამოკითხვაც
უნდოდა. ისმის კითხვა - უცდია თუ არა გ. გურჯიევს თავისი კვლევა-ძიების ქართული მასალით გამდიდრება? ამ
საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ეს მცირე ინფორმაცია მოგვეპოვება: ერთხანს გ. გურჯიევი სურამში
ცხოვრობდა, სადაც ალებასტრის ნივთების წარმოებით იყო დაკავებული. ზაფხულში მასთან მეგობრები ჩავიდნენ.
აი, რას წერს იგი: "ჩვენ მთელი ზაფხული სურამში გავატარეთ, საიდანაც ხშირად ვაწყობდით მოკლე ექსკურსიებს,
როგორც წესი - ფეხით. ჩვენ ავდიოდით სურამის მთის უღელტეხილზე და ბორჯომისა და მიხაილოვის (ხაშური -
მ.ხ.) შემოგარენს ვიკვლევდით, რათა კონტაქტში შევსულიყავით ამ მხარეში მცხოვრებ ადამიანებთან,
რომლებზედაც ჯერ არ მოეხდინა ზეგავლენა თანამედროვე ცივილიზაციას. ერთხელ, ცნობილი ხევსურებიც კი
მოვინახულეთ, რომლებიც ყველა სწავლულ-ეთნოგრაფს ჭკუიდან შლიდნენ". გ. გურჯიევი არაფერს ამბობს იმაზე,
თუ რა შთაბეჭდილება მოახდინეს ხევსურებმა პირადად მასზე. როგორც ჩანს, მან ზერელე დამოკიდებულება
გამოავლინა, წინააღმდეგ შემთხვევაში გაათვითცნობიერებდა, რომ მისი ინტერესების ადამიანისათვის,
ხევსურეთი ნამდვილი ოქროს საბადო იყო. ხევსურეთში მას ცეცხლთაყვანისმცემლობის გადმონაშთების
აღმოჩენაც კი შეეძლო.

ივ. ჯავახიშვილი წერდა: "რამდენად ძლიერი და ღრმა გავლენა უნდა ჰქონოდა მაზდეანობას ქართველ ხალხზე
იქიდან ჩანს, რომ ჩვენ დრომდისაც კი მისი კვალი ჩვენი ერის რწმენასა და ზნე-ჩვეულებებს ნათლად ატყვია - მაგ.,
ხევსურეთში მომაკვდავს "ნარევების" მეტი არავინ არ ეკარება".

ჩემი აზრით, გურჯიევი ქართული ხალხური ცეკვებით რომ დაინტერესებულიყო, ალბათ, აქაც აღმოაჩენდა რაიმე
ფარულ მნიშვნელობას.

გ. გურჯიევი, როგორც ეს არაერთხელ აღნიშნეს ინდოელმა ნათელმხილველებმა, ყველა სხვა ადამიანზე უკეთ
ფლობდა სპირიტუალურ ძალებს. ტიბეტში იგი იქაური უმაღლესი სასულიერო და საერო მეთაურის - დალაი-
ლამას მრჩეველიც კი იყო, მაგრამ თვით ტიბეტშიც კი, სადაც დღემდე ცოცხლობს აღმოსავლური ეზოთერული
ტრადიცია, გ. გურჯიევს მიწიერი მიზნებისთვის არ უღალატია. მისი მკვლევარი ლუის პაუელსი თავის წიგნში
"გურჯიევის ფენომენი" წერს: "იგი ათი წლის განმავლობაში რუსეთის საიდუმლო აგენტი იყო ტიბეტში, რაც
კიპლინგმაც აღნიშნა. ტიბეტის მთავრობამ გურჯიევს მნიშვნელოვანი მისია დააკისრა - მას უნდა მოეგვარებინა
ქვეყნის ფინანსური საკითხები და ეხელმძღვანელა არმიის შეიარაღებისათვის, ამდენად მას შეეძლო პოლიტიკური
როლი ეთამაშა ტიბეტში... იგი დალაი-ლამასთან ერთად გაიქცა, როცა ტიბეტში ინგლისელები შეიჭრნენ".

გავრცელებულია აზრი, რომ გ. გურჯიევი სტალინთან ერთად სწავლობდა სასულიერო სემინარიაში. საარქივო
მასალებით ეს ვერსია არ დადასტურდა. მიუხედავად ამისა, არ შეგვიძლია კატეგორიული მტკიცება იმისა, რომ ეს
ორი პიროვნება ერთმანეთს არ იცნობდა. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცი.

მ. კვესელავა მოგვითხობს, რომ ცნობილმა გერმანელმა მეცნიერმა, კარლ ჰაუსჰოფერმა "1903, 1905, 1906 და 1907
წლებში იმოგზაურა ტიბეტში და შეხვდა გურჯიევს". როგორც ვხედავთ, 1904 წელი ნახსენები არ არის. რა ხდება ამ
წელს ტიბეტში? 1904 წლის 3 აგვისტოს ინგლისის ჯარები შევიდნენ ლხასუში, ხოლო 7 სექტემბერს
ინტერვენტებმა ტიბეტის ხელისუფალნი აიძულეს, რომ ხელი მოეწერათ კაბალური ხელშეკრულებისათვის, რამაც
რუსეთის მთავრობის წინააღმდეგობა გამოიწვია. მისი ზეგავლენით, ინგლისის მთავრობამ აღიარა ცინის იმპერიის
სიუზერენული უფლებები ტიბეტში, რაც მოგვიანებით ინგლის-რუსეთის შეთანხმებაში აისახა. გ. გურჯიევის
მიმართ ყველაზე უფრო არაკეთილგანწყობილი ავტორი - ც. კინი, მის შესახებ წერდა: "ის გახდა ახალგაზრდა
დალაი-ლამას მრჩეველი და იმავდროულად ცარისტული მთავრობის მთავარი აგენტი, სამსახურს უწევდა ხოლმე
ინგლისელებს და ეჩხუბებოდა ფრანგებს, ფლობდა ჰიპნოტიზიორის არაჩვეულებრივ ნიჭს და იყო მოხერხებული
"სულებზე მონადირე".

სწორედ 1904 წელს, როგორც ბ-ნი ლაშა დადიანის უაღრესად საინტერესო პუბლიკაციიდან - "დიდი მოაზროვნე
ჭიათური გვირაბთან დაჭრეს" ვიგებთ, გურჯიევი საქართველოში ყოფილა ჩამოსული. აქ თავისთავად ჩნდება
მთელი რიგი კითხვებისა, რაც ბატონმა ლ. დადიანმა თავისი მისამართით არ უნდა მიიღოს. ხაზგასმით მინდა
აღვნიშნო, რომ მან მეტად მნიშვნელოვანი ცნობები მოგვაწოდა: გ. გურჯიევი სამჯერ ყოფილა მძიმედ დაჭრილი.
მესამე შემთხვევის შესახებ გურჯიევი ჰყვება - "ეს მოხდა ამიერკავკასიაში (1904 წელს), ჭიათურის გვირაბთან
ახლოს. ამ მესამე ცდომილ ტყვიაზე გიამბობთ, მინდა გითხრათ, რომ ტყვია სრულიად უნებლიეთ ერთი
"თავაზიანი ხუმარასაგან" მომხვდა. იგი ერთ-ერთი იყო იმ ორ ჯგუფთაგან, ერთი რევოლუციის ფსიქოზით რომ
იყო შეპყრობილი, ხოლო მეორე, შემთხვევით აღზევებული, ძალაუფლებას დახარბებული მეთაურის გავლენით
მოქმედებდა. ესენი, იმ დროს, საფუძველს უყრიდნენ ახალ "დიდ რუსეთს". დავიჭერი ეგრეთ წოდებულ რუს
კაზაკებსა და გურულებს შორის ატეხილი სროლის დროს".
ჩემი აზრით, ტიბეტში მყოფი გურჯიევი შემთხვევით ვერ აღმოჩნდებოდა საქართველოში მომხდარი შეტაკების
ადგილას და არც ბრმა ტყვიით დაიჭრებოდა, საგანგებო დავალებით რომ არ ყოფილიყო ჩამოსული. გადავხედოთ
ისტორიის ფურცლებს და დავაზუსტოთ, თუ რა მოვლენებზეა საუბარი. საინტერესო დამთხვევაა: 1904 წლის 5
იანვარს სტალინი გამოიქცა გადასახლებიდან და იანვრის დასასრულს ჩავიდა ბათუმში, სადაც შეუდგა
არალეგალური მუშაობის ორგანიზაციას. პირველი მაისის დღესასწაული ჩასატარებლად ოზურგეთის მაზრის
გლეხობაც ემზადებოდა. დემონსტრაციის დღედ დანიშნული იყო 1904 წლის 2 მაისი, ხოლო ადგილად - დაბა
ჩოხატაური, სადაც სხვადასხვა სოფლებიდან უნდა მოეყარათ თავი დემონსტრანტებს, მაგრამ ხელისუფლებამ მათ
წინააღმდეგ გამოიყვანა პოლიციელთა და კაზაკთა სპეციალური რაზმები. გაიმართა ბრძოლა. სოფელ
ჯვარცმასთან სასიკვდილოდ დაიჭრნენ გლეხი სიმონ ფოცხიშვილი და მჭედელი იესე კალანდაძე. რადგან გ.
გურჯიევი 1904 წელს კაზაკებსა და გურულებს შორის მომხდარ შეტაკებას ახსენებს, სტალინის მიერ
ორგანიზებულ ზემოხსენებულ დემონსტრაციას უნდა გულისხმობდეს, მაგრამ რა შუაშია აქ ჭიათურა? ცნობილია,
რომ მარგანეცის წარმოების დაწყებისთანავე ჭიათურას მრავლად მოაწყდა გლეხობა საქართველოს სხვადასხვა
კუთხეებიდან (ცხადია, გურიიდანაც). პ. აბესაძე წერს: "ჭიათურის მუშათა მოძრაობის განვითარებაზე დიდი
გავლენა მოახდინა ბათუმის მშრომელთა გრანდიოზულმა პოლიტიკურმა დემონსტრაციამ, რომელიც 1902 წ.
ივლისში ი. ბ. სტალინის ხელმძღვანელობით მოეწყო. ბათუმში ყოფნის დროსაც სტალინი ყურადღებას არ
აკლებდა ჭიათურას. მისი სპეციალური დავალებით იქ იგზავნებოდნენ გამოცდილი მუშა-რევოლუციონერები...
ჭიათურის მუშებს 1903 წლიდან სისტემატურად შექონდათ თავიანთი წვლილი მეფის თვითმპყრობელობისა და
ბურჟუაზიის წინააღმდეგ რუსეთის მუშათა კლასის ორგანიზებული ბრძოლის ბრწყინვალე ისტორიაში".

დაუდგენელია, თუ რა ადგილს გულისხმობს გ. გურჯიევი, როდესაც ასახელებს "ჭიათურის გვირაბს". ჭიათურაში


გარდა მაღაროებისა, არსებობს უძველესი მღვიმე-გამოქვაბულები, მაგრამ არც ერთ მათგანს არ ეწოდება "გვირაბი".
გვირაბების მშენებლობა ჭიათურაში მოგვიანებით დაიწყო.

დაჭრილი ფილოსოფოსი მის გვერდით მყოფ კაცს ვირზე შეუსვამს და მთებში წაუყვანია. იქ გამოქვაბულში
დააწვინა, თვითონ კი წავიდა და სოფლის დალაქი მოიყვანა ჭრილობის შესახვევი მასალით. მეორე დღეს დალაქმა
ორი მეგობარი ხევსური მოიყვანა. მათ თან მოიყოლეს ერთთვლიანი ურიკა, რომელშიც ორი ჯორი იყო შებმული.
გ. გურჯიევი განაგრძობს: "იმავე საღამოს წამიყვანეს სადღაც, მაღალ მთებში და ისევ გამოქვაბულში დამაწვინეს.
ეს გამოქვაბული ბევრად დიდი იყო, ვიდრე პირველი და უზარმაზარი კლდეებით, ნაწილობრივ შემოზღუდულ
ცარიელ ადგილს ესაზღვრებოდა. იქ, როგორც მოგვიანებით გავარკვიე რამდენიმე "დუჟინი" მკვდარი,
მუმიფიცირებული (მაღალმთიანი ადგილისათვის დამახასიათებელი იშვიათი ჰაერის წყალობით) ხევსური
იჯდა." სად აღმოჩნდა "ჭიათურის გვირაბთან" დაჭრილი გურჯიევი? ჭიათურაში ბევრია მიუვალი გამოქვაბული,
მაგრამ ფილოსოფოსის მიერ აღწერილი გამოქვაბული აშკარად ხევსურეთშია საძიებელი. ეს არის ე.წ. "ანატორის"
აკლდამები - შატილთან ახლოს, რაც 1930 წელს გიორგი თედორაძემ აგვიწერა: "შიგნითა კედლებზე ყოველ მხრივ
რამოდენიმე თაროსებური ქვის ლოგინებია გაკეთებული. ზედ უთვალავი ადამიანთა ჩონჩხები ჰყრია. ზოგი
მათგანი ფეხზეც დგას და ბევრს ტანსაცმლის ნაშთიც აქვს შერჩენილი. არა თუ შერჩენილი, არამედ ზოგი მათ
შორის თითქო ხელუხლებელია, მაგალითად, ხევსურული შარვალი და ჯღანი... აკლდამები სოფლის ბოლოზედაც
არის, მაგრამ შედარებით უკვე ხსენებულ აკლდამებთან არაფერს წარმოადგენს: აკლდამებში ბავშვების აკვნებსაც
შეამჩნევთ. საკვირველი სანახავი ის არის, რომ ერთ აკვანზე დედის ჩონჩხია გადაკიდებული".

გამოჯანმრთელების შემდეგ, გ. გურჯიევმა შეიტყო, რომ "ბარში გაჩაღებულ სამოქალაქო ომში რუსეთის არმიას
გაუმარჯვია, რომ კაზაკები ყველგან დაძვრებიან და მათთვის საეჭვო პირებს აპატიმრებენ, ე.ი. იმათ, ვინც
ადგილობრივი მცხოვრებლები არ იყვნენ". აქ ნათლად არის ნათქვამი, რომ ფილოსოფოსს კაზაკების მხრიდან
მოელოდა საფრთხე, მაგრამ შემდეგ ისევ კვალის არევას ცდილობს: "ვიცოდი რა, თუ რა მომელოდა იმ კატეგორიის
ხალხისაგან, რევოლუციის ფსიქოზით რომ იყო შეპყრობილი, გადავწყვიტე სასწრაფოდ გავცლოდი აქაურობას.
ვითვალისწინებდი რა იმ მდგომარეობას, ამიერკავკასიაში რომ შეიქმნა და თანაც ვფიქრობდი რა ჩემს სამომავლო
გეგმებზე, გადავწყვიტე გეზი ტრანსკასპიისაკენ ამეღო (კასპიის ზღვის იქითა მხარე)". ახლა ირკვევა, რომ
კაზაკების მოწინააღმდეგეების, ანუ "რევოლუციის ფსიქოზით შეპყრობილ" ხალხს გაურბოდა. ამის შემდეგ,
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გ. გურჯიევი კვლავ ტიბეტშია.

ყველაზე უტყუარი ფაქტი ის არის, რომ გ. გურჯიევმა თავისი "ადამიანის ჰარმონიული განვითარების
ინსტიტუტი" 1919 წელს პირველად თბილისში დააარსა.

ბოლშევიკების შემოჭრის მოახლოების გამო, ფილოსოფოსმა აღარ ისურვა ენერგიის და დროის ხარჯვა ესოდენ
მძიმე პირობებში და ინსტიტუტის დახურვა გადაწყვიტა. ამის შემდეგ იგი კონსტანტინეპოლში წასული, "მაგრამ
არა როგორც ემიგრანტი" - დასძენს მ. კვესელავა და გურჯიევის ერთ-ერთ ბიოგრაფს იმოწმებს "ხელისუფლება მას
ისე კარგად ექცეოდა, რომ ბოლშევიკებმა იარაღის ტარების უფლებაც მისცეს"...

ზემოაღნიშნული ფაქტები მაფიქრებინებს, რომ გიორგი გურჯიევის შესახებ ჩვენ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით.

2006

P.S. გრიგოლ რობაქიძემ თავის დაუსრულებელ რომანში "ფალესტრა" შთამბეჭდავად აგვიწერა თბილისში
ჩამოსული ის პირები, რომლებიც სწორედ 1919-1920 წლებში იღებდნენ მონაწილეობას ჩვენი დედაქალაქის
კულტურულ ცხოვრებაში, მაგრამ მათ შორის გ. გურჯიევი არ გვხვდება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გრ.
რობაქიძე არ იყო დიდად მოხიბლული მისი სულიერებით. პროფესორმა სერგი ავალიანმა გადმოგვცა
თვითმხილველის, მწერალ შალვა ალხაზიშვილის ნაამბობი: მას, სრულად ახალგაზრდას, უნახავს მუშტაიდის
ბაღთან ერთად მოსეირნე რობაქიძე და გურჯიევი. შენ რა შეგიძლიაო! - უთქვამს რობაქიძეს გურჯიევისათვის. ამ
რეპლიკის საპასუხოდ, თავისი ძალის საჩვენებლად, გურჯიევმა ის მუშტაიდის ბაღში შეიყვანა (მუშტაიდის ბაღს
თავად გურჯიევიც ახსენებს თავის მოგონებებში) და იქ მყოფ ახალგაზრდებს დაჟინებით დაუწყო ყურება.
შედეგმაც არ დააყოვნა. ახალგაზრდებმა ერთმანეთს ჩხუბი აუტეხეს. ცნობილია, რომ გურჯიევი დიდ ტელეპატურ
ძალას ფლობდა. თუ ეს ჩხუბი მართლაც მისი შთაგონებით იყო გამოწვეული, მაშინ, შეიძლება ითქვას, რომ მან
სულიერების მასწავლებლისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა.

ანალოგიური ცნობა მოგვაწოდა პროფესორმა ამირან ცამციშვილმა. თურმე, გურჯიევი რესტორნებში


სადილობისას სანაძლეოს სდებდა ხოლმე, რომ დარბაზში მყოფ ამა თუ იმ პირებს წააჩხუბებდა, რასაც ახერხებდა
კიდეც და მოგებული რჩებოდა.

მანანა ხომერიკი - წერილები (2006)

You might also like