Professional Documents
Culture Documents
ნიკო ფიროსმანი
ცხოვრება და შემოქმედება
ვუძღვნი დედას,
ვალენტინა ტუღუში–ჯაფარიძეს
შესავალი
ცხოვრება
შემოქმედება
1
ფიროსმანმა თავისი ცხოვრების სტილის შესაბამისად შეიმუშავა მხატვრული
ტექნიკა, რომელიც განუმეორებლობით გამოირჩევა. თითქმის ყველანაირ მასალაზე
ხატავდა, მაგრამ ძირითადად შავ მუშამბას იყენებდა. სხვადასხვა ტექნიკური
ძიებებისთვის საჭირო მასალის ფული არ ჰქონდა, არც მუდმივი შუქიანი ოთახი
ჰქონდა სამუშაოდ. ამიტომ სახატავად მუშამბის შერჩევა პრაქტიკული მიგნება იყო
მისი მხრიდან. როგორც ჩანს, მან ზუსტად განსაზღვრა თავისი მუშაობის
შესაძლებლობა მოხეტიალე ცხოვრების პირობებში. მუშამბა იშოვებოდა და
გაგრუნტულ თეთრ ტილოსთან შედარებით იაფი ღირდა. გარდა ამისა მუშამბა
შესაძლებლობას აძლევდა სწრაფად ემუშავა. სწრაფ მუშაობას ის ფაქტორი
აპირობებდა, რომ მუშამბის შავ, ხაოიან ზედაპირს კოლორისტულ ელემენტად, ან
დომინანტად იყენებდა. ე.ი. თავისი მხატვრული მეთოდის თავისებურებაც მუშამბამ
გამოამუშავებინა. იგი შავ მუშამბაზე ფერების და ნათელი ნახევარტონების
მონასმებით აგებდა ფიგურას. იქ, სადაც ფორმაში მუქი ტონის შტრიხი, ან ხაზი
ჭირდებოდა მუშამბის ფერს ტოვებდა ფუნჯმიუკარებლად, ან ოდნავ შესამჩნევად
შეფერავდა ხოლმე. იქ, სადაც სრული ნათელი ფერი ჭირდებოდა საღებავს
შედარებით სქლად დებდა. იმან, რომ გრაფიკულ კონტურს არ ხმარობდა, განაპირობა
მისი მეთოდის ზედმიწევნით ფერწერული ხასიათი. ფერთა ლაქების ერთმანეთის
გვერდით განლაგებით ან ურთიერთზე დებით ძერწავდა ფორმას. ესკიზებს არ
აკეთებდა, რადგან მისი ფერწერული მეთოდი იმპროვიზაციული პრინციპით
ჩამოყალიბდა. იმპროვიზაციულმა ხატვის მეთოდმა წარმოშვა უაღრესად
მხატვრული ფაქტორი, კერძოდ ის, რომ კომპოზიციური აზროვნება და იერსახეთა
დასრულებულობა ფერის კმარობა-არკმარობაზე იყო დამოკიდებული. ე.ი.
ფიროსმანის ხატვის პროცესი ფერწერული, კომპოზიციური და სახოვანი აზროვნების
იმპროვიზაციული დინება იყო, რომლის დროსაც კონკრეტული სურათული
მიზანდასახულიბა ინტუიციურად და ინსტიქტურად ყალიბდებოდა. აქედან
გამომდინარეობს მისი მხატვრობის ინდივიდუალისტური სირთულე. ის, რაც
პირველი შეხედვით ჩანს მის ნახატებში, ფიგურათა პრიმიტიული აგებულებაა,
მაგრამ ეს დეფორმირებული და გეომეტრიზებული გამოსახულებები რთული
ფერწერული მეთოდით მეტყველებენ. ამიტომაც არ შეიძლება ფიროსმანის ხალხური
«აკადემიური» პრიმიტივიზმის დინებაში მოთავსება. პრიმიტივიზმი მის ნახატებში
ინდივიდუალური უნივერსალური მეთოდის დონეზეა აყვანილი, რის გამოც
ფიროსმანი ინდივიდუალური ინტუიტივისტია, ვიდრე ხალხური მიამიტი
პრიმიტივისტი.
როცა მუშამბა არ ჰქონდა, ფიროსმანი ხატავდა მუყაოზე, თუნუქის ფურცლებზე, ან
უშუალოდ კედელზე. ხატვის დაწყებამდე მუყაოს შავად ღებავდა ხოლმე. ესეც
მუშამბის მიგნებამ განაპირობა.
2.
მხატვრის ტემპერამენტი, განცდის სიღრმე და მნიშვნელოვანება, ესთეტიკური
აზროვნების მსოფლმხედველობითი ასპექტი და სახოვანება ყველაზე მეტად იმ
მხატვრულ ფაქტორში ვლინდება, რომელსაც მხატვრულ სისტემას უწოდებენ.
საკუთარი მხატვრული სისტემა ის მოვლენაა, რომელიც უნივერსალურად
ჩამოყალიბებულ ესთეტიკურ აზროვნებას შემოქმედებითი ინდივიდუალობის
ნიშნებით და სახით გვიცხადებს. ფიროსმანმა საკუთარი მხატვრული ტექნიკის
საფუძველზე ავტონომიური მხატვრული სისტემაც შექმნა. მისი სისტემა წმინდა
სახვითი საშუალებებით გამოავლენს მხატვრის მსოფლმხედველობას. იერსახეებში
მკაფიოდ იგრძნობა ფიროსმანის ადამიანთან დამოკიდებულება. ადმიანისადმი
თანაგრძნობა და სიყვარული დიდი ადამიანთმოყვარეობის დონეზეა მის ნახატებში
გამოვლენილი. ადამიანთმოყვარეობა ფიროსმანის მხატვრული სისტემის,
იერსახეების ხასიათის და ფერწერის სტილის განმსაზღვრელი ფაქტორია. ამ
ფაქტორის მიხედვით თუ ვიფიქრებთ, ფიროსმანი ქრისტიან ეგზისტენციალისტად
წარმოგვიდგება. მას თავისუფალი აზროვნება აქვს, პროგრამული იდეოლოგიით არ
ხელმძღვანელობს. მაგრამ, რადგან იერსახეებში უმაღლესი დონის სიწმინდის
მიღწევის შემთხვევაში გვაგრძნობინებს მხატვრული განცდის დამთავრებულობას,
შეიძლება ვიფიქროთ, რომ იგი იმპროვიზაციულად უნებლიედ აღმოაჩენს თავის
თავს ქრისტიანად. ადამიანისადმი თანაგრძნობის არაფარისევლური ხასიათი ჩანს
იმაშიც, რომ მხატვარი პირველადი ინსტინქტით ხატავს თავის ფორმებს და
ფიგურებს. იგი ესკიზის და წინასწარგანზრახული იდეის გარეშე, თავისუფალი
თამამი მონასმებით და იმპროვიზაციულად გამოავლენს თავის ხასიათს. ეს მის
ნაწარმოებებს უტყუარობის, დამაჯერებლობის იერს ანიჭებს.
ამასთანავე მის ნახატებში ისიც იგრძნობა, რომ მხატვარი ინსტიქტურად
შეიგრძნობს სამყაროს. მისი ზოგიერთი ცხოველი ველური სიცოცხლის ხატს
წარმოადგენს. ვთქვათ – «გარეული ტახი», ან «შავი ლომი». ველური
გამომეტყველებით ხასიათდება, აგრეთვე, მისი რამდენიმე ძლიერხასიათიანი
პორტრეტი, ვთქვათ «მეეზოვე» ან «სარქისა ღვინოს ასხამს დოქში» და სხვა.
გარდა ამისა მის ნახატებში ცხადად იგრძნობა გროტესკი. მაგრამ ფიროსმანის
გროტესკი ყოფიერების ცივგონებიან კრიტიკას არ წარმოადგენს, იგი ან ტრაღიკული
განცდის გამომხატველია, ან ღიმილის მომგვრელ ინტიმურ იერს ანიჭებს იერსახეებს.
მხატვრული სისტემა გამოსახავს მხატვრის ხედვას, იმას, თუ რა დამოკიდებულება
აქვს მხატვარს ადამიანებთან და სამყაროსთან. მხატვრის მსოფლშეგრძნების და
ტემპერამენტის ზემოთ აღნიშნული ნიშნების მიხედვით იხატება რთული
ინდივიდუალობის მქონე ადამიანი, შინაგანად, ბუნებით იგი ჭეშმარიტად
ქრისტიანია, მაგრამ საერო წესით ცხოვრობს და თავისუფლად აზროვნებს, თავისი
ცხოვრების ყაიდით იგი არღვევს ყოფიერების საზოგადოებრივ და ტრადიციულ
კანონებს. ამ მხრივ იგი ეგზიტენციალისტია.
ინსტიქტური ხატვის იმპროვიზაციულობა და იერსახეთა გროტესკულობა,
თავისებური ველური უშუალობა და სიწმინდე კიდევ უფრო რთულ ინდივიდად
გვიხასიათებს მას. შეუძლებელია მარტივი განცდების და მიამიტი აზრების მქონე
მხატვარმა საკუთარი მხატვრული სისტემა შექმნას, მან რთული ფერწერული
მეთოდი გამოიმუშავა. თუ მაინცდამაინც პრიმიტივისტად უნდათ მონათლონ
ფიროსმანი, უნდა ესმოდეთ, რომ მისი მეთოდი ნაკლები არ არის რეალისტურ,
სურეალისტურ თუ კუბისტურ მეთოდებზე. პირიქით მას საგრძნობი უპირატესობაც
გააჩნია.
მოცემული წერილის ავტორი იზიარებს მიშელ ლე დანტიუს და ლუი არაგონის
შეხედულებას ფიროსმანის შესახებ. ისინი ფიროსმანს ჯოტოს ადარებდნენ და
უტოლებდნენ.
განსაკუთრებით მისასწრაფი იყო პრიმიტივისტული მეთოდი იმ პერიოდში, როცა
პოსტიმპრესიონისტების შემდგომ პერიოდში მხატვარებმა ინტელექტუალური
ნაივის მხატვრული პრინციპი ჩამოაყალიბეს. ფიროსმანს უკვე შემუშავებული
ჰქონდა თავისი მხატვრული სისტემა, როცა პოლ სეზანი დეფორმირებულ
ფიგურებიან მობანავეებს აკეთებდა. ოდნავ მოგვიანებით ანრი მატისი
პრიმიტიულად დისპროპორციული იერსახეების ხატვას დაიწყებს. 900-იანი წლების
დასასრულს კონსტანტინე ბრანკუსი შეგნებულად ელემენტარული ფორმებით
ინტერპრირებულ პრიმიტივისტულ სკულპტურას «კოცნას» ქმნის. 1907 წელს პიკასო
ხატავს თავის «ავინიონის ქალიშვილებს», რომელიც განზრახ დეფორმირებული
ფიგურებისგან შედგება. ამედეო მოდილიანი ცხრაასათიან წლებში აყალიბებს თავის
პრიმიტივისტულად დეფორმირებული ფიგურების სისტემას. სუტინი და შაგალი
ხატავენ თავიანთ უკიდურესად პრიმიტივისტულ ფიგურებს. ისე, რომ ფიროსმანის
პრიმიტივისტული ხატვის მეთოდი პასუხობდა ეპოქის ესტეტიკურ მოთხოვნებს.
ევროპაში ფორმის გაელემენტარულებას, გეომეტრიზირებას, გაპრიმიტიულებას
და დეფორმაციას არაერთმნიშვნელოვანი აზრი ჰქონდა. ერთნი ამ მხატვრულ
ტენდენციაში ფორმათა და საგანთა აქეტიპების გამოვლენისა და აბსტრაქტული
გამოცალკევების ცდას ხედავდნენ, მეორენი დეფორმირებულ მახინჯ ფორმებში
ადამიანის ყოფიერებისაგან გაუცხოებას და ამდენად ყოფიერების კრიტიკას
განჭვრიტავდნენ. მესამენი დეფორმაციას ადამიანის შინაგანი სამყაროს გამომხატველ
ფაქტორად მიიჩნევდნენ, ვთქვათ: ანრი მატისის და ამედეო მოდელინის იერსახეები.
ისინი ადამიანის შინაგანი პლასტების ინტიმური გამოხატულებით გამოირჩევიან.
კუბისტები ანალიტიკური გეომეტრიული ფორმების აბსტრაქტული სივრცით და
კომპოზიციებით თუ განერიდნენ მახინჯ რეალობას, ფოვისტები ინტენსიურ ფერთა
თანაფარდობაში ხედავდნენ თავშესაფარს. ყველა ტენდენციების გათვალისწინებით
შეიძლება ორ ძირითად მიმართულებამდე დავიყვანოთ ნეოპრიმიტივისტული
განშტოებები: ინტელექტუალური პრიმიტივიზმი და ინტუიტური პრიმიტივიზმი.
ინტელექტუალური პრიმიტივიზმის წარმომადგენელი მხატვარი უარს ამბობს
სკოლის მხატვრობის აკადემისტურ ცოდნაზე და შეგნებულად იყენებს თავს ხატვის
არცოდნის მდგომარეობაში, რათა თავისი პიროვნული გამოხატულება ინსტიქტური
ხატვის მეთოდით აღმოაჩინოს. რადგან პოზიცია წინასწარგანზრახულია, იგი
ინტელექტუალურია თავისი ბუნებით. ინტელექტუალიზმი იგრძნობა ფორმის
აგების ნაივურობაშიც. იგი მაინც პროფესიუნალურად მოწესრიგებულია.
ინტუიტური პრიმიტივიზმის წარმომადგენელი მხატვარი არ ფლობს ხატვის
აკადემიურ ცოდნას. იგი, როგორც წესი თვითნასწავლია და ინტუიტურად
თვითგამოიხატება.
რა თქმა უნდა პირველადი ინსტიქტით ხატვა და ინტუიტივიზმი მეორე
შემთხვევაში უფრო სუფთაა და ნაკლებად ექვემდებარება გონისმიერ ცენზურას და
წესრიგს.
ცალკე უნდა გამოიყოს ხალხური პრიმიტივიზმი. ამ მიმართების მხატვარი
მიამიტურობით გამოირჩევა იგი ცდილობს ხატვის კარგი ცოდნის დემონსტრირებას,
რაც ფიროსმანთან აბსოლუტურად გამორიცხულია. ხალხური პრიმიტივიზმის
წარმომადგენელი ვერ აღწევს ინდივიდუალისტური ხედვის მოწიფულ
გამოვლინებას, მისი ნამუშევრები ყურადღებას იქცევენ სიწრფელით, რომელიც
ხატვის არცოდნით შექმნილ ფორმას გააჩნია და არა ინდივიდუალისტური
მხატვრული გახსნით, რაც ფიროსმანთან მთავარი მხატვრული ფაქტორია.
ფიროსმანი ინტუიტური პრიმიტივიზმის წარმომადგენელია. იგი დიდი
შემოქმედებითი ინდივიდია და არა ხალხური პრიმიტივი.
3
ფიროსმანის მხატვრული სისტემის ყველაზე თვალში საცემი ნიშანია მისი
ესთეტიკური თავისუფლება. ეს ჩანს ფორმების ინტერპრეტაციაშიც და
კომპოზიციების ხასიათშიც. იგი არ იზღუდავს თავს მხატვრული კანონებით, მაგრამ
ქმნის ახალ, მხოლოდ მისი პიროვნების გამომხატველ ფერწერულ კანონზომიერებას.
ეს კანონზომიერება განუმეორებელია და იგი ფიროსმანისეულია.
ფიროსმანის თავისუფლებას თავისი მიზეზები აქვს. უპირველესი მიზეზი ის არის,
რომ იგი თვითნასწავლი მხატვარია და მისი თავისუფლება შერყვნილი არ არის
აკადემისტური დოგმებით. მეორე მიზეზი კი თავად მხატვრის ხასიათიდან
გამომდინარეობს. იმ დროის თბილისში ძნელი წარმოსადგენია ისეთი დონის
თავისუფალი პიროვნების შემჩნევა, როგორიც ფიროსმანი იყო. თავისუფალი ნებისა
და არჩევანის გარეშე ადამიანის ინდივიდად მიჩნევა შეუძლებელია. ამ
თვალსაზრისით ხალხური ინდივიდუალობა პირობითი ცნებაა. ხალხური პირი
თავის პირადულობას განსაზღვრავს ხალხური კანონებით და ტრადიციებით. იგი წინ
ვერ აღუდგება ხალხურ ნებას და მოთხოვნებს.
აბსურდული იქნება, თუ ფიროსმანს ხალხურ ტიპად მივიჩნევთ. მან ამ
საზოგადოების ერთიანობის ყველა წესი დაარღვია. ე.ი. საკუთარი პიროვნული
არჩევანით ჩამოაყალიბა თავისი ცხოვრების გზა. მან მხოლოდ შემოქმედებითი
მიზანდასახულობით შეიბოჭა თავი და დანარჩენზე ყოველივეზე უარი თქვა,
მინიმალურ კეთილმოწყობაზეც კი.
საკმაოდ ძნელი დასადგენია, თუ რომელ სოციალურ წრეს მიეკუთვნებოდა იგი,
რომელი წრის კანონების წინაშე აგებდა პასუხს. ცხოვრების წესისა და
ინდივიდუალური თვისებების მიხედვით იგი არ მიეკუთვნებოდა იმ წრეს,
რომელშიც უხდებოდა არსებობა. მიკიტნებსა და პრიმიტივ ხელოსნებს, მათ ვიწრო
პრაგმატისტულ მიზანდასახულობას გაგებით ეკიდებოდა, მათი ენითაც
მეტყველებდა, მაგრამ მათთან შედარებით ზედმიწევნით უცხო იყო, «გრაფი» იყო.
მიკიტნებისათვის სრულიად გაუგებარ მოვლენას წარმოადგენდა მისი
არაპრაქტიკულობა, მხოლოდ შემოქმედებითი მიზნები, მოუწყობლობა, მაგრამ
წმინდა ადამიანური ასპექტით ფიროსმანს უყვარდა ისინი.
ასევე არ მიეკუთვნებოდა იგი განსწავლულ თბილისელთა წრეს. მაგრამ
მიკიტნების წრესთან შედარებით ინტელექტუალები უფრო მისიანები უნდა
ყოფილიყვნენ წესით, რადგან რასაც ფიროსმანმა თავი შეწირა მათ ესმოდათ, ან მათ
უნდა გაეგოთ. მაგრამ ისინი სხვა ენაზე ლაპარაკობდნენ. მათ ლაპარაკში და ყოფაში
რომელიღაც უცხო ცბიერი თვალთმაქცობა იმალებოდა. აკი, სწორედ
ინტელექტუალებმა აიგდეს მასხრად, როცა გაზეთში «კატასავით გამოხატეს».
ინტელექტუალებმა ვერ აჯობებს მიკიტნებს ფიროსმანთან დამოკიდებულებაში.
როგორც ჩანს იგი კაცობრიობის იმ ერთეული შემომქმედების შრიდან იყო,
რომლებიც კულტურას ქმნიან, გარდაქმნიან, საფუძველს უქმნიან, განაახლებენ,
მშვენიერების ახალ კანონებს აღმოაჩენენ. ასეთ ერთეულები კი ასოციალური პირები
არიან, ისევე როგორც სეზანი და ვან გოგი საფრანგეთში. ფიროსმანი საქართველოში
თავისუფალი შემომქმედი იყო, მხოლოდ თავისუფალი მხატვრის სტატუსით
შეიძლება ფიროსმანის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა.
რა თქმა უნდა, ფიროსმანი ქართული კულტურის შემქმნელთა წრიდან იყო. მათი
კანონების წინაშე აგებდა პასუხს. ნ.ბარათაშვილი, ვაჟა–ფშაველა, ილია ჭავჭავაძე
იყვნენ ის შრე, რომელსაც ფიროსმანი მიეკუთვნებოდა.
ფიროსმანის პიროვნული თავისუფლება იყო ერთერთი მნიშვნელოვანი მიზეზი
შემოქმედებითი, ძლიერი ნებელობისა, რომელიც მის თამამ მონასმენებში და
ფერწერულ მეთოდში იგრძნობა.
4
ფიროსმანის მხატვრული სისტემის აშკარა მახასიათებელია, ასევე, მუქი
ფერწერული კოლორიტი. მუშამბის შავი ტონის კოლოროტულ ელემენტად
გამოყენებამ განსაზღვრა მისი ფერწერის მუქი ინტონაცია. მხატვარს შავი ფონიდან
ფერების გარდამავალი ნათებით ამოყავს ფორმები. ფერთა ურთიერთობები, ხან
თანათანობით და ხან კონტრასტული შეფარდებებით ძერწავენ გამოსახულებებს. მუქ
გარემოში მოთავსებული ფერები სიბნელიდან ამოზიდულ კაშკაშა ფორმებს
წარმოადგენენ. ცხადია მუშამბაზე ხატვის პირველივე ცდებში რომ არ გასჩენოდა
ფიროსმანს განცდა, რომ სწორ კოლორიტს მიაგნო, უარს იტყოდა მუშამბაზე და შავ
ფერზე. მაგრამ მუშამბის მასალისეულმა თვისებებმა გაუმართლა. ფიროსმანი
შეგნებულად სულაც არ ცდილობდა ქართული მხატვრული განცდის გამომხატველი
კოლორიტის აღმოჩენას. იგი მოქმედებდა როგორც მხატვარი და ინტუიტიურად
განიცდიდა საქართველოს ატმოსფეროს სინათლის თავისებურებებს. ალბათ
გაუცნობიერებლად გრძნობდა, რომ საქართველოს მთები ბინდებს ქმნიდნენ მზით
აკაშკაშებულ გარემოში. მზის ჩასვლის შემდეგ კი მთები გიგანტურ ბნელ
სილუეტებად იქცეოდნენ. მთების ჩრდილები ყოველთვის ახლავს საქართველოში
სივრცეში ყურებას.
ბევრს არ ესმის იმ განსხვავების აზრი, რომელიც საქართველოს რეალურ ბუნებასა
და ფიროსმანის მუშამბებში გამოსახულ საქართველოს შორის არსებობს. მათში
გაუგებრობას იწვევს რატომ ხედავენ საქართველოს ხატს ფიროსმანის ნახატებში,
როცა საქართველოს ბუნება ასეთი მრავალფეროვანია და მდიდარია ყვავილებით,
ხასხასა მოლებით, ხეებით, რუებით, მზით, მთებით, თოვლიანი მწერვალებით,
უდაბნოებით, ზღვით და ა.შ.
ამ განსხვავების ახსნა მართლაც ძნელია. ძნელი ასახსნელია რატომ იგრძნო
ფიროსმანმა მდიდარი ბუნების გარემოცვაში და საქართველოს სინათლის
ატმოსფეროში თავისი მიგნებული მუქი ფერწერის სინაღდე, ქართული შინაურობა.
უდაოა საქართელოს ბუნებასთან შედარებით ფიროსმანის დახატული საქართველო
ქუშად და მკაცრად გამოიყურება. მაგრამ ისიც უდაოა, რომ მხოლოდ ფიროსმანმა არ
იგრძნო თავის მუქ ფერწერაში ქართულობა. მთელმა შემდგომმა თაობებმა და
აგრეთვე, უცხოელებმა შეიგრძნეს მისი მუქი კოლორიტის ქართული ხასიათი. ამ
მოვლენის საიდუმლო, ალბათ, საქართველოს სინათლის რთულ კაპრიზებში
იმალება. იქნებ მთების ჩრდილები მართლაც ართულებენ ქართულ შუქს, დღეს.
მაგრამ ისიც შესაძლებელია, ამის საიდუმლო ქართველი ადამიანის რთულ ხასიათში
იმყოფებოდეს, ქართველი კაცი ემოციურია, ტემპერამენტულია, იუმორით აღსავსეა,
სიცოცხლის ადამიანია, მაგრამ სხვების წინაშე წარდგინება სადა ფორმებით და
თავშეკავებული მანერებით უყვარს. უყვარს უბრალო მუქი სამოსი. სისადავისადმი
მიდრეკილებას ხელოვნებაშიც ამჟღავნებს. ხუროთმოძღვრებაში ლაკონური
ფორმებით კრისტალიზებული სტრუქტურებით თვითგამოვლინდება. ლაკონური
სადა ფორმისკენ და თავშეკავებული ფერისკენ მიდრეკილება კი მეტაფორულ
პრინციპს ეფუძნება.
აქედან გამომდინარე, ფიროსმანის მუქ კოლორიტსა და საქართველოს ბუნებას
შორის განსხვავებას შეიძლება, ელემენტარული მხატვრული საიდუმლო ახსნის:
ფიროსმანის ნახატებში საქართველოს შეგრძნებაა გამოსახული და არა საქართველოს
ბუნების ზედაპირის ნატურალისტური სურათი. ე.ი. საქართველოს რეალური
სანახაობა ფიროსმანის ფერწერაში მეტაფორიზირებულია და, ამდენად, ძუნწ
ფორმიან სიმბოლოებშია განხორციელებული. მაგალითად ფიროსმანის პანორამულ
კომპოზიციებში გამოსახული ზეგანი და კლდე მეტაფორულად გამოსახავს
საქართველოს კლდეებიან ბუნებას. ასეც შეიძლება ვიფიქროთ: საქართველოს მზის
კაშკაშა სინათლის საღებავებით გამოხატვა შეუძლებელია, რადგან მათ ინტენსიური
სხივოსნობა აკლიათ. იმისათვის, რომ სხივოსანი შუქი გამოესახა, მუშამბის შავი
ტონის ღამეში მოათავსა ფერი და შავთან დაპირისპირებაში ფერი სწორედ ქართული
სინათლის ელფერით აკაშკაშდა. შავ მუშამბაზე აკიაფებული ფერები ღამეში ხედვის
თვალსაზრისსაც შეიცავს. ისიც არ იქნება უსაფუძვლო, თუ ვიფიქრებთ, რომ თალხი
ფერის სიყვარული შეესაბამება იმ დრამატულ თვითგანცდას, რომელიც რთული
ისტორიული ბედისაგან არის წარმოშობილი თვითეულ ქართველში თავისებურად.
ვაჟა ფშაველას პოეზიაში მთის მკაცრი და ძუნწი ბუნებაა ასახული: კლდეები,
ნისლები, მთის ფერდები, ბილიკები, ბალახი, ქუჩი და დეკა, წვიმები, თოვა,
ღრუბლები, წყაროები. თითქმის ეს არის სულ, მაგრამ შეუძლებელია მის ლექსებში
ბუნების დიდი სისავსე არ ვიგრძნოთ, რომელი ესთეტიკური ფაქტორი წარმოშობს
ბუნების სისავსის შეგრძნებას? ალბათ ფრაგმენტში და მეტაფორულ ნაწილობრივში
სამყაროს უნივერსალური განცდა იძლევა სისავსის, მთლიანის განცდას.
ასეა ფიროსმანთანაც, იგი საქართველოს სინათლის, ბუნების და ყოფიერების
ნაწილს გამოსახავს მეტაფორული უნივერსალური შეგრძნებით, რის საფუძველზეც
სავსე საქართველო განიცდება.
ფიროსმანმა გაუცნობიერებლად, უნებლიეთ მიაგნო ქართული მხატვრული
განცდის სახასიათო ფერებს. შეიძლება საეჭვოდ ჟღერდეს ამ მოვლენის თეორიულად
ფორმულირება, მაგრამ ქართულ მხატვრულ განცდას თავშეკავებული ფერადოვნება,
სიმუქე, შავი ფერის მსუყედ გამოყენება გამოავლენს. საეჭვოდ იჟღერებს, თუ
განისაზღვრება, რომელიმე ქვეყნის ფერწერა მუქი უნდა იყოს, თუ ნათელი. მეოცე
საუკუნეში ქართველმა მხატვრებმა ფერთან თავისუფალი და შეუზღუდავი
დამოკიდებულება გამოამჟღავნეს. მაგრამ როცა საკითხი ფერწერაში ქართულ
ხასიათს ეხება, ფიროსმანის კოლორიტული სისტემა უთუოდ გამოირჩევა ქართული
მხატვრული განცდის სახასიათო თვითმყოფადი ფერადოვნებით. ის ქართველი
მხატვრები, რომლებიც ფერწერაში ქართული ტემპერამენტის და ხასიათის
გამოხატულებაზე ფიქრობდნენ, ფიროსმანის კოლორიტით ამოწმებდნენ თავიანთ
ფერწერას. აკადემიური, იპრესიონისტული, ფოვისტური და აბტრაქციონისტული
მიმართების ქართველი მხატვრები არ იზიარებენ შეხედულებას, რომ ქართულ
ფერწერას თაცისი სპეციფიური ელფერი უნდა ჰქონდეს. ისინი ნაკლებ ყურადღებას
აქცევდნენ საქართველოს სინათლეში და ყოფიერების ატმოსფეროში ფერწერის
არაუცხო ფერადოვნების მიღწევის ამოცანას. არის ფერთა გამმა რომელიც ქართულ
ნივთიერ გარემოში და შუქში უცხო თუთიყუშივით გამოიყურება. დღემდე
არსებული ფერწერული ძიებებიდან და სისტემებიდან ყველაზე უკეთ მაინც
ფიროსმანის მუქი კოლორიტი გამოხატავს ქართულ შეგრძნებას. ალბათ, ტყუილი არ
არის, რომ ქართველებს არ უყვართ მჭახე და ჭრელი სამოსი და საზოგადოდ
ჭრელფერადოვანი თვითგამოვლინება, რადგან ფიროსმანის მუქი ფერწერა
საქართველოს ატმოსფეროში შინაური იერით აღიქმება და არა ჰგავს უცხო ობიექტს,
იგი საზოგადოდაც მართალია, ორგანიული და მსოფლიოს ყველა კუთხეში ყველაზე
განსხვავებული სინათლის ატმოსფეროშიც ნორმალურად იკითხება. ველასკესის და
რემბრანდტის ჩამორჩენილი მიმდევრების, პოსტიმპრესიონისტების და ფოვისტების
გვიანი შეგირდული მიმბაძველების და, საერთოდ, სკოლის მხატვრების
ნამუშევრები, ან ნაძალადევი ფერადოვნებით გამოიყურებიან, ან უნიათონი არიან და
ფუყე სილამაზის გარდა ვერაფერს გამოხატავენ. ფიროსმანის მხატვრობა რომ არ
არსებობდეს, ალბათ, არ წამოიჭრებოდა ქართული ფერწერის სახასიათო
ფერადოვნების პრობლემა. მაგრამ რადგან იგი არსებობს, უცხო და ქართული
ფერწერის განრჩევის კრიტერიუმად იქცა.
ფიროსმანმა დიდი ზეგავლენა მოახდინა ქართულ ფერწერულ აზროვნებაზე.
მეოცე საუკუნის განმავლობაში რამდენიმე მხატვარმა განაზოგადა მისი კოლორიტი
და მუქი ფერწერით შექმნა თავისი შემოქმედებითი მიმართება (ლადო გუდიაშვილი,
ავთანდილ ვარაზი, მერი იანქოშვილი და სხვები). ისიც აღსანიშნავია, რომ
ფიროსმანის მუქმა კოლორიტმა პაექრული დაძაბულობა და პოზიცია შექმნა იმ
მხატვრებში, ვინაც ფერწერის რაობას აკადემისტური, ან იმპრესიონისტული და
ფოვისტური მხატვრობის ასპექტებით განსაზღვრავენ.
ფიროსმანი რეფორმატორი მხატვარია, იგი ახალი მხატვრული ეპოქის
ფუძემდებლად მოევლინა ქართულ სახვით ხელოვნებას. თავად მან არაფერი იცოდა
ამ დიდი მოვლენის შესახებ.
5
ფიროსმანის მხატვრული სისტემა მონუმენტური ფერწერის პრინციპითაა
აგებული. იმ ფაქტორმა, რომ შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობა და
ახალ დროში ფიროსმანის ფერწერა მონუმენტური ჟანრისაა, გამოიწვია ის
შეხედულება, რომ ქართული ფერწერა საზოგადოდ მონუმენტურია. ასეთი
შეხედულება იმანაც განაპირობა, რომ დაზგურ ფერწერაში არ გამოჩნდა ფიროსმანის
დონის შემოქმედებითი ინდივიდი, შუა საუკუნეებში ქართველებმა გარდა
ფრესკული მონუმენტური ფერწერისა შექმნეს მაღალი დონის დაზგური ხატწერა,
მინიატურული მხატვრობა და მცირე ზომის მინანქრული ფერწერა. ახალ დროში
ბევრი მხატვარი მუშაობს დაზგური ფერწერის ჟანრში. ალბათ უფრო სწორი იქნება
ჩაითვალოს, რომ ქართულ მხატვრობას ორივე ჟანრის ფერწერა ახასიათებს.
მართალია ფიროსმანი მონუმენტური ფერწერის ოსტატია, მაგრამ მისი
მონუმენტალიზმი დაზგური ხასიათისაა. იგი თავისუფალი აზროვნების
საფუძველზეა აგებული. სამიკიტნოებში მას ხშირად უხდებოდა უშუალოდ
კედელზე ხატვა. ამან თავისებური დაღი დაასვა მის მხატვრობას. მის ნახატებში
ზოგიერთი იერსახე ფრესკული მხატვრობის წმინდანებს მოგვაგონებენ. მაგრამ ეს არ
ნიშნავს, რომ ფიროსმანის მხატვრობა ქრისტიანული მონუმენტური ფერწერის
სტილის განმეორებას, ან გაგრძელებას წარმოადგენს. ასეთი იერსახეები ფიროსმანის
ხასიათიდან უფრო გამომდინარეობს ვიდრე ქრისტიანული რელიგიური
მიზანდასახულობიდან და ფრესკული მხატვრობის პრინციპიდან.
6
ფიროსმანის მხატვრული სისტემის თვალსაჩინო თვისებაა, აგრეთვე, ფორმების და
ფიგურების დეფორმაციულობა და გეომეტრიზირებული ზოგადობა. მის ფიგურათა
დისპროპორციები ნაივური ხასიათისაა. ფორმების დეფორმირება და
გეომეტრიზირება წინასწარ განზრახული არ არის. ფიროსმანი იმპროვიზაციულად
და ინტუიტიურად აგებს ფიგურებს. იგი ხატავს ისე, როგორც შეუძლია. ხატავს არა
ხაზით, არამედ ფერით. ფიროსმანის ფორმა ფერით ნაჯერია. ხატვის პროცესში მისი
ინტელექტუალური ჩარევა იმაში მდგომარეობს, რომ ინტუიტივიზმი სისტემად
აქცია. ამ ფაქტორში ჩანს, რომ იგი ეთანხმებოდა თავის მხატვრულ მეთოდს. მას
უთუოდ ნანახი ჰქონდა აკადემისტური რეალისტური მხატვრობა, მაგრამ არ
ცდილობდა თავის მიგნებული სტილის შეცვლას, ხატვის გაუმჯობესებას, კარგი
ხატვის დემონსტრირებას. ალღო კარნახობდა, რომ სწორი ხატვის მანერა ჰქონდა
შემუშავებული.
ფიროსმანის ნაივური პრინციპით დეფორმირებული ფიგურები ზედმიწევნით
თავისებური გროტესკულობით გამოირჩევიან. იერსახეები «მეეზოვე», «აქტრისა
მარგარიტა», «მუშა სოსო», «ქალი ლუდის კათხით», «ორთაჭალის ტურფა» და
მრავალი სხვა უპირველეს ყოვლისა ღიმილის მომგვრელი ნაივურობით
გამოირჩევიან. ღიმილის მომგვრელობა, სასაცილოობა სპეციფიურ ურთიერთობას
წარმოშობს მაყურებელსა და ნახატს შორის. ნაივური გროტესკის სასაცილოობა
საოცრად ფამილარულადაც კი აახლოებს მაყურებელს იერსახესთან. ნაივური
დეფორმაციის უბრალოება, სისადავე ისეთ ესთეტიკურ განცდას იწვევს, რასაც
შემოქმედის «მხატვრულ გახსნას» უწოდებენ ხოლმე. ამ «გახსნის» წყალობით
მაყურებელსა და სასაცილოდ უშნო იერსახეებს შორის განუზომელი შინაგანი
ესთეტიკური ინტიმურობა წარმოიქმნება. ისინი ახლობლებად ესახება მაყურებელს.
იგი იერსახეებს თავისიანებად განიცდის. ჭვრეტის პროცესში მაყურებელი
აღმოაჩენს, რომ ბავშვური ნაივურობით აგებული უშნო ფიგურები თავიანთ
სიუშნოვეში, რომელიღაც, ღრმად სერიოზულ სინაღდეს შეიცავენ. ეს
განუსაზღვრელი სინაღდე ხან უმაღლესი სიწმინდის იმპულსით აღავსებს
მაყურებელს, ხან კი ინტენსიური დრამატული შეგრძნებით. ისინი მტკიცენი და
მკვრივები არიან ფორმით და ეს დიდ დამაჯერებლობას აძლევს მათ სიუშნოვეში
ჩაქსოვილ მართალ განცდას, სასაცილოობის, დიდი სიწმინდის და ტრაგიკული
განცდის უცნაურ ერთდროულობას, სინთეზს. ამ სინთეზს ამდიდრებს იერსახეთა
ფორმებიდან და სახეებიდან მომდინარე ველური სიცოცხლის ენერგია. მათი
სიუშნოვე და ველური სიცოსხლისეულობა თავისმხრივ ღიმილის მომგვრელია,
მაგრამ ფიროსმანის გროტესკული დეფორმაციები რეალური ადამიანის კრიტიკულ
დაცინვას არ შეიცავენ. დრამატული განცდისა და შინაგანი სიმართლის საფუძველზე
ისინი უაღრესად კეთილშობილები და თბილები არიან. სწორედ ეს კომპლექტური
შეგრძნებების რთული ნაკადი იწვევს იმ განსაკუთრებულ განცდას რასაც
ფიროსმანის განუმეორებლობა ჰქვია.
მისი ფიგურების დეფორმაციები გროტესკულია, მაგრამ რადგან ყოფიერების
კრიტიკას არ გამოხატავენ არც გაუცხოების განცდას იწვევენ. ე.ი. დისპროპორციის
ფაქტორით სიმახინჯე არ იქმნება. მაგრამ ფიროსმანის ფერწერა ტკბილ და
დაშაქრულ შეგრძნებას გამოიწვევდა მასში ობიექტური ხედვის უკომპრომისობა,
სისასტიკეც კი, რომ არ იყოს განხორციელებული. სურათში «გარეული ტახი» ტახის
ფიგურა თავისი ველურობით და უცნაური აგებულების სიუშნოვით ღიმილის
მომგვრელია. მაგრამ, ამასთანავე, ტახის ფიგურა დაძაბულია ფორმის შეკრულ
სიმძლავრეში და ტრაღიკულიც არის თავისებურად. ტახის სიველურის ბრმა
თვითგაუცნობიერებული იდუმალება თავისი უცნაური თავით გაკვირვების
აქცენტით არის, თითქოს თემატიზებული. იგი მუშტივით შეკრული ენერგიული
სტიქიაა, ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს, კლდეს გახვრიტავს ეშვებით, მისი
სურეალური აგებულება თან ღიმილის მომგვრელია, თან დრამატული.
7
ფიროსმანის სიცოცხლის წლებში მის ერთერთ დიდ სურათს ვიღაცამ «კახეთის
ეპოსი» დაარქვა სახელად. სიტყვას ეპოსი თავისთავად მოითხოვს ფიროსმანის
შემოქმედება. ბუნების, ადამიანის და საგნების მთლიანობაში ხედვა ფიროსმანის
მხატვრული სისტემის ერთერთი თვალსაჩინო თვისებაა. ფიროსმანის ფართე ხედვა,
ეპოსური ენა ეფუძნება საქართველოს იშვიათად სწორ შეგრძნებას. მისი შემოქმედება
მხატვრული ჟანრების მთელი კომპლექსისაგან შედგება: 1.ნატურმორტები,
2.ცხოველები, 3.პორტრეტები, 4.პეიზაჟები, 5.ჟანრული კომპოზიციები, 6.ეპოსური
კომპოზიციები, 7.აბრები. საბოლოო ჯამში მის სურათებში ზედმიწევნით სავსე
საქართველოს ხატი იქმნება. ამ ხატში თავისი ადგილი იპოვეს საქართველოს ბუნების
ისეთმა დეტალებმაც, როგორიც ყურძნის მტევანი ან ბალახია, ისეთმა ვრცელმა
სივრცეებმაც, რომელსაც საქართველოს კლდეები, მთები და ზეგანები ქმნიან
ადამიანთა ყოფიერების გამომსახველი ეპიზოდები სწორედ ამ დეტალებისა და
დიდი სივრცეების გარემოშია კომპოზიციურად განფენილი. სივრცის ერთ
ლაბირინთში მოქეიფეები შემოსხდომიან მოლზე გაშლილ თეთრ სუფრას, მეორე
ლაბირინში ადამიანს ძარცვავენ ყაჩაღები, სხვაგან კაცი უწყინარად მიდის ტვირთით
ზურგზე, იქით კაცი ჯოგს მწყემსავს, შორს თეთრი ეკლესია მოჩანს, მის თავზე
ჩიტების გუნდი მიფრინავს, შარაგზაზე ადამიანების ჯგუფი მიემართება, სხვა
ლაბირითში ქორწილია, მთასთან მყუდრო ადგილას მოხუცი ლოცულობს და ა.შ.
ადამიანებით და ბუნებით სავსეა ფიროსმანის დახატული საქართველო, მაგრამ
საქართველოს ხატი სრული არ იქნებოდა, ფიროსმანს თავისი ხასიათი რომ არ
გამოევლინა სხვადასხვა მხატრულ ნიშნებში და ფაქტორებში. ტალანტის საიდუმლო
ქმედების საფუძველზე ფიროსმანმა თავის თავში განახორციელა ზოგადი ქართველი
ადამიანის ენერგია, ტემპერამენტი, გონი და სულიერება, შეიძლება, საქართველოს
ბედიც. ფიგურალურად რომ ითქვას, ფიროსმანის განცდაში ქართველმა
ესთეტიკურმა აზროვნებამ ყველაზე სუფთა ხედვა მოიპოვა.
ამ ხედვის ნიშნები გამოჩნდა მხატვრის კოლორიტში, ნაივური დეფორმაციის
ხერხით შექმნილ გროტესკულ იერსახეებში, რთულ ფერწერულ სისტემაში და
იმპროვიზაციულ კომპოზიციურ აზროვნებაში, ამ მხატვრულ ელემენტების
მოწიფული ოსტატობით გამოვლენის წყალობით მისი საქართველოს ხატი ისეთ
დამაჯერებლობას იძენს, რომ უეჭველი და ობიექტური რეალობის სახით აღიქმება.
მაგრამ ყოფიერების განცდა, იგივე სინამდვილის განცდა, იგივე საქართველოს
შეგრძნება მისტიცირებულ სულიერ მეტაფორაში, თუ ღრმა აზროვან მითში
მოხვედრილი რეალობასავით გამოიყურება ფიროსმანთან, თითქოს, ყველაფერი
ჩვეულებრივია მის ნახატებში, მაგრამ ამასთანავე არაჩვეულებრივია, სხვანაირია,
სურათში გამოხატული სინამდვილის განცდის გათვალისწინებით ფიროსმანი
რეალისტი მხატვარია, მაგრამ მისი რეალიზმი ჩვეულებრივი არ არის.
განსაცვიფრებელი სულიერი სიწმინდის მძლავრად გამოხატვის გამო მისი რეალიზმი
სულიერობით არის მისტიციზირებული. ამაზე მეტყველებენ მისი ცხოველები,
პორტრეტები, მოქეიფეები, ლანდშაფტები და სხვადასხვა პანორამული სურათები.
მისი რეალიზმი ობიექტურად კი არ ასახავს, არამედ ინტერპრეტაციას უკეთებს
რეალობას. იგი საქართველოს ხასიათის გახსნას აწარმოებს და არა მის ჩვეულებრივ
რეალურ სურათს.
ნატურმორტები
ცხოველები
პეიზაჟები
პორტრეტები
კომპოზიციები
ფერწერული ფორმა
***
1998. იანვარი.
თემო ჯაფარიძე.