You are on page 1of 36

FB.

COM/GROUPS/ELLIB

მორჩილაძე აკა
ტერცო მონდო

ჩვენ ცოოსთან შევხვდით, სწორედ იმ ადგილას, სადაც “ესბანის” ხიდი გადადის ქუჩის
თავზე და მატარებლები დაგრუხუნებენ. დაბლა კიბე ჩადის მიწაში, მარჯვნივ კი
საზიზღარი კაფეა.

ათი საათი არ იქნებოდა.

აქ იმიტომ კი არ შევხვდით, რომ მაგარი ბიჭები ვართ, არამედ იმიტომ, რომ ეს ერთადერთი
ადგილია, რომელიც მახსოვს ბერლინში ხუთი წლის წინათ ასევე გავლით ნამყოფს.

მე ორი საათის ჩამოსული ვარ, ის – რვა წლის.

ბოლოს რომ ვნახეთ ერთმანეთი, მოწყენილი იყო. უფრო სწორად, ძალიან დაფიქრებული.
აღარ იცოდა, რა ექნა. უფრო სწორად, უკვე იცოდა, რაც უნდა ექნა.

– პროკურორთან ვიყავი, – ზუსტად მახსოვს ის წუთები და ის ლაპარაკი.

მთლად ძმაკაცები კი არ ვყოფილვართ, მაგრამ მწყინდა მისი ამბავი. ერთად ვიყავით,


ბევრნი ვიყავით ერთად და ამ ერთობაში ისე გამოდიოდა, რომ კარგ ახლობლებად ნაღდად
ჩავითვლებოდით. ძალიან მწყინდა, მაგრამ რას ვიზამდი.

– ვებაზრე და... ხო იცი, რა ვითარებაც არიო.

– რა დააშავაო?

– ხელები გამიშალა, აზრზე ხარ? მე მამაშვილურად გირჩევ არ ჩამოვიდესო...

– კიდე ჯიგარი ყოფილა...

– ისე, მაგის დედის ჯიგარი...

– სხვა მაგასაც არ გეტყოდა.

– იცის, ტო, გიგი ჩამომსვლელია? იცის... დეჟურნი მითხრა. ვეუბნებოდი, ნუ ეტენები, ნუ


ეტენები... გადაიხსნა ვენები. ბედი რო იქ მოუსწრო ამან.

1
– ხო. არ უნდა ჩამოვიდეს. ყველა ვარიანტში დაიჭერენ. ყველას იჭერენ.

– და რატო? მაგას ვეკითხებოდი იმ პროკურორს. მეთქი, აი, რატო... იმას იარაღზე, ამას
გაფლანგვაზე, მარა გიგის რაზე? ხო აზრზე ხარ. ჩემი ძმა როა, იმიტო კი არ ვამბობ: პროსტო,
რახან ზვიადისტია-მეთქი?

– მამაშვილურად ეგრეაო, არა?

– მამაშვილურად ზვიადისტი როაო და დედაშვილურად თანამდებობის ბოროტად


გამოყენებისთვისო. აზრზე ხარ? მეთქი, რა გამოიყენა? აი, ეხლა გერმანიაში რო წავიდა, რა
საქმე ჰქონდაო? თანამდებობის გამო წავიდაო, კაიფობ?

მე არ ვიყავი ზვიადისტი. არასდროს. არც ის. არასდროს.

– მივდივარ, სიმონ, – ამ ბოლო სიტყვას მოგუდულად ამბობდა ხოლმე.

– ვაბშე?

– ალბათ. არ შემიძლია ეგრე. ჩემი ძმაა, ხო აზრზე ხარ?

– გიგი. არ... – დავაპირე რაღაცის თქმა.

მერე წავიდა და წავიდა.

ამ რვა წელიწადში ერთი პატარა წერილი გამოატანა ვიღაც გოგოებს. ერთხელ, ფეხბურთის
ყურებისას დარეკა და მითხრა, ხო გახსოვს, ფიგუზე რას გეუბნებოდიო. ეს მას შემდეგ, რაც
მე ბერლინში ვიყავი ხუთი წლის წინათ. ერთი დღით, გავლით, დავრეკე – არ იყო. მაშინ ვერ
ვნახე. შარშან გიგი ჩამოვიდა. სხვა ნომერი მომცა. ვკითხე, აქეთ ხო არ აპირებს-მეთქი და
არაო.

და აგე, აქა ვარ, ისევ გავლით.

– გავლით როგორ ხარ? – ჩაიხითხითა ყურმილში – ქართველები გავლით ფრანკფურტში


არიან ხოლმე.

– მერე მე ქართველი ვარ?

– აბა, ისევ ინგლისელი?

– არა, გავჩეჩენდი.

– აჟღარუნებ?

– თქვენ რა გიჭირთ.

ისევ ჩაიხითხითა.

– მაინცდამაინც ცოოზე გინდა?

– სხვა არ ვიცი.

2
– ესე იგი, ბნელი ქართველი სანაგვეზე. ზუსტად მოდი, ნუ იდგები მანდ დიდხანს. ცოოა
მაინც.

– მერე რა?

– ბებია არ გეუბნებოდა, ნარკომანები დაგიჭერენ და ძალით გაგიკეთებენ წამალსო? რაღაც


ეგეთია...

– ქალაქელი ხალხი ვართ.

– აქ სხვა ქალაქია. ჩემი დედა არ გადის.

– აი, პიდარასტი დგას და მელოდება, როდის მოვრჩები ლაპარაკს, – ვუთხარი გახარებულმა.

– დასარეკი აქ, სიმონ?

– ალბათ.

– და რა იცი, რო პიდარასტია?

– გოგოსავით აცვია.

– ეგ ტრანსვესტია.

– ვიცი, ხო ძაანაც ნუ გაიქაჩები, ერთ საათში იქა ვარ...

და მოვიდა ცოოზე, თუ ცოოსთან. როგორ ამბობენ ბერლინში ქართველები? ალბათ, ცოზე.


იმ მეორე “ო”-ს გადაყლაპავენ.

ისევ ის ათრეული ნაბიჯი, ისევ ის ჩაქინდრული თავი, ისევ ის ეშმაკური თვალები წარბებს
ქვეშ. შავ მაიკაზე თეთრი რომის პაპი ახატია შავი სათვალით და სიგარეტით. თეთრადვე
აწერია. მე და პაპი ერთად ვეწევით. სიგარეტი, ასე ვთქვათ, პირობითად.

– გასიებული ხარ, რას ჭამ ამდენს?

– პურს და ყველს.

– კარაქიც ხო დარჩა? არის კარაქი? თუ შუქში გაცვალეს? – დიდხანს ვეხვეოდით ერთმანეთს


– დავაი ახლა, ოსტში წავიდეთ. რამე ბილეთი გაქვს? – ჩემი ბილეთი გავუწოდე – ე, შე
გოიმო, ბევრი ფული გაქვს? საღამოს რატო იყიდე ეს ბილეთი? ხვალ აღარ ივარგებს. ამას
ჯობდა მოკლე მანძილის გეყიდა. დილით კიდე... – ხელი ჩაიქნია.

– რაც გავიგე, ის ვიყიდე. დილით რათ მინდა? მივფრინავ...

– წამო, წამო. რას დამაყუდე ამ ბარიგა-ხალხში? უცბად მოგიყვან აზრზე...

სადღაც ჩამოვხტით, ფრიდრიხშტრასეზე თუ რაღაც ეგეთზე.

– აქედან მიაგნებ შენს სასტუმროს?

– ტაქსით კი, – გავიკრიჭე მე – აი, აგერ არი.

3
– ბნელი ქართველი, – ნაბიჯს აუჩქარა – ეხლა მითხარი, სად გაგისწორდება? გინდა
საღორეში წაგიყვანო? კაფეა, მე ეგრე ვეძახი. ცოტა ხანს დავჯდეთ. ალტერნატიული კაფეა,
პანჩო ვილიას სურათი კიდია. მერე უკან გამოვაწვეთ, ეგ ბილეთი ხო უნდა დახარჯო...

– წამო, ჰა...

– ეგეთი სახლია. მიტოვებული. ტახელეს. კაი ბიჭებმა ითრიეს. ეზო, რამე, გადღაბნილი
კედლები...

სიგარეტის ავტომატს მიახტა, ხუთმარკიანი ჩააგდო და წითელი კოლოფი გამოიღო.

– აი, როტჰენდლერ. ყველაზე მყრალი და პროლეტარიული. რას ეწევი? არ გამოაჩინო.


ტეხავს, ამ პონტში... გინდა, იქ ჩავიაროთ? ორანიენბურგშტრას... მოგაყრი ქალებს...
ტაკუცუნები აი, აქა აქვთ, – ჰაერს მოუთათუნა ზეაღმართული ხელი – გინდა?

– ერთს ამოვისუნთქავ, – ვთხოვე მე.

– მოგაყრი ქალებს... წაუჩოქე ცალ მუხლზე და ტაში–ტაშიიი...

– წამო, თუ მივდივართ...

– წამო. ნიკიც იქ მოვა.

– ნიკი ვინ არის?

– გოგოა, რა. ორი წელია... კაი გოგოა.

– ბიჭი ხო არ იყო წინა ცხოვრებაში?

– ჰააა, არ წაგცხო...

– აბა, ნიკი რატო ქვია?

– რატო ქვიათ კაცებს გიული?

– შემიდარა, რა.

– ბაბუაჩემი ამერიკელი იყო, – თქვა ნიკიმ და მომაწოდა – მაშინ შავებს მარტო


საინტენდანტო ნაწილებში იწვევდნენ. მერე ვესტში ჩარჩა, ბებია გაბერა. არ
დაქორწინებულან. ერთ დღესაც გაიქცა...

ნიკი საერთოდ არ ჰგავდა გერმანელს. ნუ დამცინით, ქართველს ჰგავდა.

– ქართველები ყველანი ერთმანეთს ჰგავხართ, – გამომართვა ნიკიმ.

ის დახლთან იდგა, ვიღაცეებს ელაპარაკებოდა. ამ ნახევრადბნელშიც კი არ ვგავდით


ერთმანეთს. ნიკი კი ჰგავდა. ნამდვილად.

ჩემი ზემოვაკური ინგლისურის ნამტვრევები როგორღაც ემთხვეოდა ნიკის ბაბუის


მშობლიურ ენას.

4
– ბაბუაშენი შავი იყო?

– არა, მექსიკელი, მაგრამ ამერიკელი. პისპანიკ.

ესე, იგი მშობლიური ენაც არ ყოფილა.

– ყველანი ერთმანეთს ჰგავხართ, – კვლავ გაიმეორა ნიკიმ და მომაწოდა – დალიე მოხიტო,


რატომ არ სვამ? არ მოგწონს? გიგის იცნობ? შენ და გიგი ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს.
გასაგებად გელაპარაკები? სულ დამავიწყდა ინგლისური ზმნები.

– მე თითქმის ყველაფერი დამავიწყდა.

– ინგლისური, არა?

– არა, საერთოდ ყველაფერი. აი, ახლა, დამავიწყდა...

ნიკი კისკისებდა, რაღაცნაირად იფარებდა ცერს ქვედა ტუჩზე. მეც – თუ ამას კისკისი
დაერქმევა. მეორე ამოსუნთქვაზე ხომ ხველა მიტყდება. როგორც ღიპიან ბიძას, ისე.

– შენ რატო ეპადხოდები სხვის გოგოებს? – ვერც კი მივხვდი, როგორ მომიჯდა გვერდზე და
გადამხვია ხელი. მერე ნიკის უთხრა რაღაც გერმანულად. ნიკიმ ისევ კისკისით უპასუხა და
არ მიაწოდა.

– არა, ნაღდად შეუყვარდი, – მომაწოდა მან და ლუდი მოსვა – გერმანულად ლაპარაკი


ამიკრძალა, უხერხულიაო...

– უხერხულია? როგორ არის ინგლისურად უხერხული?

– ამას მუსიკა ძულს, – უთხრა ნიკის – მარტო ეთნოგრაფიული უყვარს.

– მართლა?

– აი, ჰეით, – თავი დავაქნიე მე. – რა საზიზღარი სიგარეტი იყო იმ წითელ კოლოფში.

– რატომ?

– დამავიწყდა. Forget it. “დონი ბრასკო” ნანახი გაქვს? იქ ეუბნება ალ პაჩინო. დაივიწყე. მეც
ვივიწყებ.

– შენ გახსოვს? – მიუბრუნდა ნიკი.

– რა?

– ჩვენ ვინა ვართ.

– არა.

დიდხანს ვიცინოდით.

– იცი, ვინ მღერის?

5
– მძულს! – ისევ ვიცინოდი. საერთოდ, ყველა იცინოდა გარშემო.

– მორჩება.

– რა მორჩება?

– არა, ზანგი გოგოა. მორჩება ჰქვია. მღერის. რომი ერთ დღეში არ აშენებულააა... პირველია
ამ კვირაში.

– ნიკი, იცი, რას ნიშნავს მორჩება ქართულად? Finish... ვეყარეთ.

– მორჩება! მორჩება! – კიოდა ნიკი.

– გა–ტყუ–ებს – ძლივს ამოისუნთქა – გატყუებს. ეგ არი გაათავა.

– გა-ა-ა-ა-ა-თვა! – გაწელა ნიკიმ – გა-აჰ-აჰ-აჰ-აჰ...

ვიღაცეები ტაშს უკრავდნენ გვერდით მაგიდასთან. ვიღაც კი საერთოდაც აყვა მეორე


ბოლოდან.

– და-მა-ვიწყ-და! – ხელისგულებს ვურტყამდი მაგიდას.

– რა?

– ნემსაძეს რა მანქანა ჰყავდა ბოლოს!

– მე კიდე ნემსაძე დამავიწყდა!

მუცელი მტკიოდა სიცილისაგან.

– რაზე იცინით? რაზე იცინით? – გვანჯღრევდა ნიკი. მერე ხმაურით ამოისუნთქა,


წარბებიდან სამკაული გამოიძრო და დაგვემუქრა – დაგჩხვლეტთ, რაზე იცინით?

– შენზე.

– ქართველები ყველანი ერთმანეთს ჰგავხართ. აი, ეს გიგის ჰგავს.

– ჩემს ძმას?

– გიგის არ უთხრა, – ხელი დავადე ხელზე. პირველად, უცნაურად და თამამად.

– რატომ?

– ეწყინება. ხმას აღარ გაგცემს.

– რატომ? – გაუკვირდა ნიკის.

– მე პუტჩისტი ვიყავი. სულიერად.

– რა იყავი?

6
– ვერ გაიგებს, დაანებე თავი, – ხელი ჩაიქნია მან.

– მე მემარცხენე ვარ. გიგი – მემარჯვენე.

– ააა...

– გაანებე თავი, – გაიმეორა და წამოდგა – რა მოგიტანოთ, რას დალევ?

– მე ვიხდი, რა?

– მაიცა ერთი... შენ გგონია, მე ქართველებს წარამარა ვპატიჟებ? მეორე ხარ ათ წელიწადში...

– პირველი ვინ იყო?

– იყო ერთი. აღარ არი. რა მოგიტანო?

– რაზე ლაპარაკობთ? – ნიკიმ “ნილის” კოლოფი ამოიღო ჩანთიდან – ისევ ომია თქვენთან?

– არა, არა... – ხელები გავასავსავე.

– რას აღელდი, შეჩემა, რა, აღარ იქნება? სულ ომი იქნება...

– იცი, როგორ არის?! – მივუბრუნდი ნიკის – აი, რაც მაკრატლით უნდა გამოჭრა, იმის
ნაჯახით ჭრა უაზრობაა.

– ჰა, ვუთხრა მოხიტო?

– უთხარი.

ისევ ის ათრეული ნაბიჯები, ნიკი კი ამბობს:

– აქ გავიცანით ერთმანეთი. აი, იმ ადგილას. აი იქ... გარეთ, ხესთან სექსი გვქონდა. გაჩვენებ
იმ ხეს. თქვენ ყველანი ერთმანეთს ჰგავხართ. ზუსტად ისე ლაპარაკობდა, როგორც ახლა...

ჩემი თბილისი და ფიროსმანი...

– მე გერმანული არ ვიცი... ხვალ მივდივარ, – კაცი გოიმი არ უნდა იყო. არ უნდა


დასერიოზულდე, როცა არავინ გთხოვს.

– დაივიწყე. ხო მართლა, სად მიდიხარ?

– კოპენჰაგენში. ფეხბურთს უნდა ვუყურო, მერე დავწერო.

– ა, ჟურნალისტი ხარ?

– რაღაც ეგეთი.

– ქართველები ფრანკფურტით დაფრინავენ.

– შენც იცი?

7
– მეც.

– ბერლინში მინდოდა, კიდევ ერთხელ, – ლამის გული ამოვაყოლე.

– დაივიწყე! – თვალებზე თითები მომაფარა ნიკიმ.

– არა, აშკარად ევასე, – ჭიქები დადგა და რაღაც უთხრა გერმანულად ნიკის. მერე კი მე –
კარგად ჩააჭყლიტე პიტნა... ათი მარკის მარტო პიტნაა, სიმონ...

– ეხლა წამო, ჩეკპოინტ ჩარლიზე დადგი ფეხი...

– უკვე დავდგი.

– როდის?

– ხუთი წლის წინათ.

– ხედავ, ნიკი? მომზადებული ახალგაზრდაა.

ნიკის არ ესმის.

ეს ყვითელი ვაგონები. ღამის ყვითელი ვაგონები. რომელ ქალაქშია კიდევ?

– გინდა? ტყეში წაგიყვანთ.

– ტყეში რა მინდა?

– აქეთ ქალები დგანან, იქეთ კაცები. ამოირჩევ.

– ზეგ ამ დროს სტადიონზე უნდა ვიჯდე, კოპენჰაგენში.

– მოესწრება, საიდან მიფრინავ?

– ეეე... რა ქვია იმას... მიწერია. ტრანზიტია. საიდანაც მივფრინავდი, იქიდან მივფრინავ...

– აი გურჯი. იცი, თურქებს როგორ უსწორდებათ, რომ ეტყვი, გურჯი ვარო...

ყვითელი ვაგონი. წითელი ღილაკი.

– სად მივდივართ? – იკითხა ნიკიმ.

– ისევ იქ... ცოოზე ამოვალთ და მერე ფეხით. ჩაგახუტო კორფურსტერდამს და მერე


ბერძენთან.

– ბერძენი აქაა? – იკითხა ნიკიმ.

– იცი, ვინ არი ბერძენი?

ბერძენი ერთი ვიცი, ნიკოს გალისი და ისიც მავიწყდება თანდათან.

8
– ეშინია ტყეში, – ეუბნება ნიკის – ქართველები ეგეთები არიან. რაც არ არის, არ უნდა.
“კიტკატში” წაგიყვან. შიმეილი გინდა?

– ბერძენთან წამიყვანე!

– აი, ხო ხედავ? თავგადასავლები ეზიზღება.

– თქვენ ყველანი ერთმანეთს ჰგავხართ, – თქვა ნიკიმ.

– გერმანელებიც ერთმანეთს ჰგავხართ, – სხვას რას ეტყოდი?

– მე ვგავარ გერმანელს? – გაეცინა ნიკის, – პირველი ხარ, ვინც მაგას ამბობს.

– ნამდვილი გერმანელი ხარ.

– გინახავს ჩემნაირი გერმანელი?

– შავგვრემანი გერმანელები ბავშვობიდანვე მინახავს. ვთქვათ, ჰანსი მიულერი...

– ეგ ვინღაა?

– ფეხბურთელი იყო. ხულიო იგლესიასის შვილს რა ქვია? იმას გავდა.

– ნუ ეკამათები, ფეხბურთზე ნუ დააწყებინებ. ისედაც წარამარა ახსენებს...

– ფეხბურთელი იყავი? – არ მომეშვა ნიკი.

– არა.

– აბა?

– არავინაც არ იყო. უბრალოდ, უყვარს...

– შენ რას აკეთებ?

– მე? – ნიკი მსუბუქად წამოდგა და ბალერინებმა რომ იციან, ისე გააქნია ფეხი. მერე მუხლი
ნელა მოხარა და ფეხსაცმლიდან გამოჩენილი ცერი ცხვირთან დამიტრიალა.

მერე ნიკი დაბზრიალდა, მკლავები აიქნია და ფეხის წვერზე გაშეშდა.

მის ჭიპს ვხედავდი, მეტს ვერაფერს.

– აი, ვინ ვარ, – თქვა სიცილით.

– ბალერინაა, ტო?

– ეგეთი ბალერინა კონა ორი აბაზი ღირს, – გაეცინა.

– რა გითხრა? – ნიკი ჩვენს წინ ჩაეხეთქა სავარძელში, – რატომ გელაპარაკება სულ


ქართულად?

9
– შენც ხომ გელაპარაკება გერმანულად? ეგეთია...

– ყველანი ერთმანეთს ჰგავხართ. ერთად რომ ხართ, სხვა არ გინდათ. ორ ქართველს მესამე
არ უნდა. სხვა აღარ უნდა...

– შენც ხო ელაპარაკები ამას ინგლისურად? ხო გელაპარაკება?

– კი, – თავი დავუქნიე.

– ხოდა, მე არ მსიამოვნებს.

– იცი, ამას რა სიამოვნებს? – აკისკისდა ნიკი.

– თბილისში კიდე ირთავენ სხვის ცოლებს? – მკითხა უცებ.

– ჩამოდი და ნახავ. თორე აქ არ ირთავენ.

– მეტი საქმე არა მაქ. ვზივარ და ვფიქრობ, მე და ნიკი როდის ჩამოვალთ თბილისში.

– ყველანი იქა ვართ. შენ რა?

ის გაჩუმდა. გაჩუმდა. გაჩუმდა. ეს ყვითელი მატარებელი კი მისრიალებდა.

– ჰა, მოგენატრა?

– მიდი, რა...

– რაზე ლაპარაკობთ? – ნიკის რა მოასვენებდა – უნდა იჩხუბოთ? როგორც გიგის ეჩხუბება


ხოლმე...

– მე რო იქ ნიკისთან ერთად ჩამოვიდე, ჩათვალე, რომ მე და ნიკი აღარ ვარსებობთ. არა,


ნიკი?

– რა? ვერ ვხვდები, რას ამბობ.

– შენ და მე, მხოლოდ ბერლინში.

– ჰო, – და მოეხვია, – ჰო...

– ბერლინში, გაიგე? – ნიკიმ აღარ დააცადა თქმა.

– გავიგე, ხო. რო მორჩებით, დამიძახეთ...

ნიკი კვლავ აკისკისდა.

– Finish. Finish, არა? – გა-ა-ა-ა-ა-ა-ა-ა...

– ხო, Finish.

– დაივიწყე, – მითხრა ნიკიმ – რისთვის გამოიარე ბერლინში? თუ დავიწყება არ გინდოდა,


მოსკოვში გაგევლო. Forget it...

10
– მოსკოვში ნამყოფი ხარ?

– ჩავედით, – წამოდგა.

– ჩავედით, – თქვა ნიკიმაც და იატაკიდან თავისი ჩანთა აიღო. პაკისტანური ჟილეტი ეცვა,
მეტი არაფერი. შავგვრემანი გერმანელი გოგო.

– ეხლა, დავაი, ტემპში. ათ წუთში ბერძენთან ვართ... თბილისში კიდე აცვიათ აგვისტოში
ნასკები?

არ მიპასუხია. ჩვენს წინ მიმავალ ნიკის ვუყურებდი.

– იცი, რა ქვია ბერძნის რესტორანს? “ტერცო მონდო”.

– ეგ რა არი?

– ტერცო მესამე. მონდო არ იცი?

– მსოფლიო.

– მესამე მსოფლიო... თუ მესამე სამყარო! ჩვენი პონტია.

– და ბერძენი?

– ქართულად დაგელაპარაკება. აი, ნახავ, მღერის... აჰ, ტურფავ, ტურფავ, ქართულადაც


იმღერებს.

– ტერცო...

– მონდო.

– კოპა მუნდიალ დე ლა ფიფა.

ნიკიმ მოიხედა:

– დაივიწყე, კარგი?

– ხი დავივიწყე, – გამეცინა მე.

– არა, ხვალ დაივიწყე, დღეს რაც იყო და იქნება.

– რატომ?

ნიკიმ ქუჩაზე გადაირბინა და ჩვენც მივყევით.

“ტერცო მონდოს” ჰოლი გაჯით შეელესათ. ალაგ–ალაგ გამობერილიყო კიდეც ეს ნალესი.


ისე, ჰოლი არც დაერქმეოდა – წინ შინდისფერი ფარდა, უკან კარი. ჩვენი სადარბაზოს
ლიფტი უფრო დიდი იქნებოდა. ნიკიმ ფარდაში შეყვინთა და შევედით.

– ვერ დავჯდებით, – ვთქვი მე.

11
– მაიცა, რა, – ამიქნია ხელი. კვამლსა და სანთლების ტყეში მივიკვლევდით გზას.

– ჰაი, ჰეე, – გაეხარდა ვიღაცას. ოფიციანტი იყო შინდისფერ ჟილეტში – პანოს? – პანოსი
შავი იყო, პრიალა, ოქრო უბრწყინავდა – აი, პანოს, ძმაკაცი გეორგიშე შრიფტშტელერ, –
მხურვალედ ჩამოვართვი ხელი.

– მწერალიც ხარ? – მკითხა ნიკიმ.

– ღმერთმა დამიფაროს.

– ეგრე უთხრა მწერალიაო.

– ხო შეიძლებოდა ყოფილიყო.

– არ შეიძლებოდა.

ანოსი კი უკვე წინ მიგვიძღვოდა.

– კოსტასი სად არის?

– აქაა, ისვენებს.

– არ უმღერია?

– ცოტა ცუდ ხასიათზეა.

დავსხედით.

– აბა? რა გვინდა?

– ბერძნული სალათი.

– აი, – უთხრა პანოსს – ქართული და ბერძნული სალათი ერთი და იგივეა. ეს თბილისელი


ბიჭია. ხო იცი, ტიფლიდა. ტიფლიდა, არა? ჰოდა, თბილისელმა ბიჭმა, რაც გასინჯული აქვს,
ის უნდა შეუკვეთოს.

ამას ნიკი მითარგმნიდა. სიცილით მეჩურჩულებოდა და მეც ძალიან მიხაროდა.

– ჩვენი მოიტანე...

– მე ვიხდი, რა...

– გადაიხადე, ნუ შემჭამე.

– და ისა, იცი რა? რა ღვინო მინდა, იცი?

– მუკუზანი არა აქვს.

– მართლა გეუბნები. კაბერნე დ'ანჟუ, ვარდისფერი.

– ნახე, რეები ცოდნია? პანოს, პანოს...

12
– ათოსის საყვარელი ღვინოა, – ვთქვი ამაყად – ათოსს უყვარდა.

ნიკიმ ზრდილობის გულისთვის გაიღიმა.

და მერე ვსვამდით და ვჭამდით და ვხითხითებდით და ისმოდა მხოლოდ ბერძნული


მელოდიები. თევზს ვჭამდით ღამის პირველ საათზე, სალათი კი
ხმელთაშუაზღვისპირული მოატანინა.

ნიკი ჩემს გვერდით იჯდა, ის ჩემს პირდაპირ. ხანდახან ნიკი თავის ჩანგალს დაასობდა
რამეს ჩემ თეფშზე და პირში გააქანებდა.

– მოსულა, არ დაიზმენდე, – მეუბნებოდა ის და ვსვამდით ყლუპს. მერე კიდევ ყლუპს და


ნიკი ამბობდა:

– ცოტასაც დავლევ და ვიცეკვებ თქვენთან ერთად. შენთან და შენთან. მარტო არ ვიცეკვებ.

– დავაი, გადით, იცეკვეთ, – მეუბნებოდა.

– არა, – რამდენი უნდა დავლიო, რომ ვიცეკვო?

ვიღაცეები მოდიოდნენ.

– გეორგიშე შრიფტშტელერ – ეუბნებოდა ის, – ხორვატია, ტო, ჩამოართვი ხელი...


ტრანსილვანელია, ტო. მოდი, ვიმღეროთ რამე ხორვატული...

– შრიფტშტელერ...

დიდ ხვევნასა და ჭიქების წკრიალში ვიყავით.

ნიკი რაღაცეებს მიყვებოდა, ნახევარი არ მესმოდა, მაგრამ მაინც ვუქნევდი თავს.

– ვიცეკვოთ, არ გინდა?

– არ ვიცი.

– მარტოს არ შემიძლია. მარტო რომ ვცეკვავ, გამოცდაზე მგონია თავი. დამცხა, – ხელსახოცს
იდებდა შუბლზე და ჟილეტის საყელოს აწვალებდა თითებით. ამას რომ აკეთებდა,
ვხედავდი შავ ჩინურ იეროგლიფს მისი კისრისა და მხრის საზღვარზე.

– ეგ რას ნიშნავს?

– რა?

– აი, მანდ...

– ეს? ეს ნიშნავს “შენ იყავი აქ და ნახე ეს”.

– ეგეთი პატარა მაგდენს ნიშნავს.

– დაახლოებით.

13
გავჩერდი, იმიტომ რომ არ მომეწონა. არ ჰგავდა მართალს. რაღაც იყო ემანუელ არსანის
სტილში. აქამდე არაფერი იყო ასეთი, ახლა კი უცებ იყო და თითქოს გამოვფხიზლდი
კიდეც.

– და?

– რა და?

– და ეგ რაღას ნიშნავს? ნახეო და მთელი ამბავი...

ამ დროს კი ჩემი ძმაბიჭი აყვირდა:

– კოსტას! კოსტას!

– კოსტას ანასტასიოს! – შესძახა ხორვატმაც.

პანოსი მოვიდა და სიცილით თქვა:

– ვუთხარი, რომ აქ ხართ. მოვა...

– თავს იფასებს, – თვალი ჩამიკრა – ჩემი ძმაკაცია, გაიგე და რახან სტუმართან ერთად ვარ,
თავს იფასებს. მასტერია. გამოვა და რამე შტუკას გააძრობს.

– იმღერებს?

მხრები აიჩეჩა:

– ვგლიჯოთ? მოდით, ჩვენებურად დავლიოთ. ბოლომდე! ბოლომ–დე! – მიუბრუნდა


ხორვატს.

– ბო–ლო–ნდე! – შესძახა იმანაც.

– ბო–ლო–მდე! – ფერდში თითი მატაკა ნიკიმ.

და დავიჯახეთ.

ამ დროს ვიღაცამ, სადღაც, სიდი გამოცვალა. ყოველ შემთხვევაში, პაუზა იყო. მე ვერ
ვერკვევი ბერძნულ ხალხურში, მაგრამ ვხვდები, მოუგონიათ იმისათვის, რომ... რომ, და
რომ ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვეს – ღვინო, ჰანგები და...

– ბერძნები ერთმანეთს ბრიდავენ, – მეუბნება, – ბერძნები ბრიდავენ ერთმანეთს, სიმონ. მივა


გულჯავრიანი ბერძენი დუქანში, შეუკვეთავს დარდიანს, გავა და აი, ეგრე, გათიშული
მარტო ცეკვავს. მარა იქ ზის მეორე ბერძენი, ახვარი და შეიძლება წინ ჩაუხტეს და ეცეკვოს.
მე დარდი მაქვს, ჩემს ტკივილებს ვცეკვავ და შენ მიხტები? იკიდებ ჩემს ტკივილს. ბოლო
ერთია – დანა. გესმის, სიმონ? კინოა ეგეთი. “ფარანგელეა”. გინახავს?

– რაზე ლაპარაკობთ, – თქვა ნიკიმ და როგორღაც ნერვიულად წამოდგა.

წამოდგა, თუ წამოხტა. ჭიქა აიღო, ერთი დიდი ყლუპი გადაუშვა და ხელი გამომიწოდა!

14
– წამო.

– არა, არა. ჯერ არა...

– წაყევი, ტო...

– მაიცა, რა...

– წაყევი, იცი რა საკაიფოდ ცეკვავს?

და ნიკი მარტო ცეკვავდა. უფრო სწორად, ვიღაცეებთან ერთად. ახლა აღარ ვიცი, როგორ
მოვყვე. რას მოვყვები? როგორ ცეკვავდა ახლობლის გოგო? იმ პაკისტანურ ჟილეტზე
ვილაპარაკო? თუ შემოტმასნილ ფართოტოტებიან ჯინსის შარვალზე? ვერ ვყვები, იმიტომ
რომ, რასაც მაშინ ფიქრობ, მერე გრცხვენია იმ ფიქრის. ნიკი კი ცეკვავდა და იმას იქეთ
არაფერი იყო. საერთოდ არაფერი და ვიჯექი ჩუმად.

ბოლოს კი ვუთხარი ხმამაღლა იმ გნიასში:

– საღოლ!

– რა?!

– საღოლ!

– ნიკი?

– შენ და ნიკი!

გაეცინა და მომიჭახუნა.

– მე, შენ და ნიკი!

– შენ და ნიკი... მაგრა უხდებით ერთმანეთს!

– მე და შენ გაგვიმარჯოს! ბიჭებს გაუმარჯოთ, – თითქმის ვყვიროდით – ეს ბერლინია და...


კაროჩე, მეთქი, ნახოს, რა და როგორ... ძმები ვართ, დედას ვფიცავარ. თქვი, ახლა უფრო
ძმები არ ვართ, ამ ორ საათში, ვიდრე ადრე?

– გიგის გაუმარჯოს! – ძლივს გვესმოდა ერთმანეთის.

– თქვი.

ვახ, რა თბილისურად ჩავკოცნეთ ერთმანეთი.

– ჩამოდი, ისე მაინც...

თითი მიიდო ტუჩზე.

– ჩუუ... ვერ გავიგონე, მაგრამ მივხვდი.

– გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქარ-თველოოოს! – ვიღაცამ ჩამყვირა ყურში.

15
შევხტი და ავიხედე.

დაბალი, ჭაღარა კაცი, შავი, გადაბმული წარბებით. შავი კოსტიუმი, შავი პერანგი. პატარა
ღიპი და სქელი, რაღაცნაირად მომღიმარი ტუჩები.

– კოსტას! ჩემი ძმა თბილისიდან, – და მე მომიბრუნდა, – ძმაა-მეთქი.

– მივხვდი, ხო. დებილი კი არა ვარ, – და ხელი გავუწოდე.

– ტიფლიდა, თესალონიკი, ძმა, – ეს “ძმა” ტყვიასავით გაისროლა.

– ნახე, რამდენი ქართული სიტყვა იცის?

– სამი მთავარი იცის, – მართლა გამეხარდა.

კოსტასი ჩამოჯდა.

– ხელსახოცი! – დამიძახა ნიკიმ.

– რა?

– ხელსახოცი!

– შენ აღარ გელაპარაკება? – დიდი შინდისფერი ხელსახოცი გადავუგდე ნიკის. ნელა


ჩამოისვა სახეზე.

– მოდაში ხარ, სიმონ.

– მიდი?..

– როგორც ვხვდები, ინგლისურად უნდა ვილაპარაკო, – თქვა კოსტასმა, – მთელი ცხოვრება


რაღაც ენებზე ვლაპარაკობ.

სირტაკი კი ვიცანი.

– სირტაკი, – ვთქვი გაუბედავად.

– ერთი საათი იქნება, – გამიცინა კოსტასმა, – ყველანი ცეკვავენ.

ნიკი დაეხეთქა სკამზე.

– უუუ! – შეჰკივლა.

მერე კოსტასმა რაღაც ჰკითხა გერმანულად. მანაც უპასუხა სიცილით. ბერძენსაც გაეცინა.

– რა წესია? – თქვა ინგლისურად ნიკიმ, – ამას არ ესმის.

– ბოლო გერმანული ჩემგან ამაღამ, – ხელები აწია კოსტასმა, – ბოდიში.

– როგორ უნდა იცნო ბერძენი? – იკითხა კოსტასმა.

16
– არ ვიცი, – საიდან უნდა მცოდნოდა.

– არც თქვენ?

– მე ვიცი, – თქვა ნიკიმ, – თუ ოქროს სამაჯური უკეთია ხელზე, ბერძენი ყოფილა.

– ნახევარი მსოფლიო ბერძნები ვყოფილვართ, – გაეცინა კოსტასს, – აი, მე მიკეთია ოქროს


სამაჯური.

– შენ რა ბერძენი ხარ? – დაეჯღანა ნიკი, – შენ გერმანელი ხარ.

– ერთი შენ ხარ გერმანელი და მეორე მე... ეგ მეორედ აღარ თქვა.

– კარგი, როგორ უნდა ამოიცნო?

– აი შენ, როგორ უნდა ამოიცნო ქართველი? – მიუბრუნდა იმას.

– პირდაპირ ვცნობ. ქართველს რა ცნობა უნდა? ქართველია და მორჩა.

– არა, შენ თვალებით ცნობ, შეხედავ და მიხვდები, – აუხსნა კოსტასმა.

– ეგრე შენ ბერძენს ცნობ.

– ხო, მაგრამ შენ? შენ, როგორ უნდა იცნო ბერძენი?

– კოსტასის ფსიქოლოგიური ტესტები, – თქვა ნიკიმ.

– აი, შენ შეგიძლია თქვა, სადაურია ნიკი? – თვალი ჩამიკრა კოსტასმა.

– გერმანელი, ბაბუა ჰყავდა მექსიკელი, – ვუთხარი ალალად.

– ჰოო, – გააგრძელა ბერძენმა – თქვენთან ლაპარაკი ძნელია. პანოს, პანოს... დღეს მე


გეპატიჟებით, – და რაღაც უთხრა ბერძნულად, – თქვენ მაგრები ხართ, მე ბერძნებსაც ვერ
ვცნობ ბოლო დროს.

პანოსმა თეთრი ღვინო მოიტანა.

– ვერ ვიტან ამ ფეხიან ჭიქებს, – წაიბურტყუნა ნიკიმ.

– უნივერსალურ ილეთს გასწავლით, – ჭიქას დახედა კოსტასმა, – კაცს წინ უნდა დაუდგე და
თქვა, თურქების დედა... და რაც არის. თუ თურქია, გცემს. თუ ვინმე სხვა, თავის გზით წავა,
ბერძენს კი სახე გაუნათდება და გაიცინებს. ათიდან რვა შემთხვევაში ამართლებს.

– ძაან მაგარი რამე გვასწავლე, – დასცინა ჩემმა ძმაკაცმა.

– ოო, განუმეორებელი. მეც ერთმა იდიოტმა მასწავლა. ჩემით კი არ მომიგონია.

– ხომ არ დაბერდი, კოსტას?

– არა, – სიგარეტის კოლოფი ამოიღო კოსტასმა, – არ გინდათ ბერძნული? – და თავად


ამოაძვრინა ერთი ღერი, – ეს ის კი არ არის, ქიმიკატებით სავსე, ბერძნულია... დავბერდი.

17
ვიჯექი ჩემს ოთახში და ვფიქრობდი, აი ახლა გავალ იმათთან და რას ვეტყვი?! ეს ამბავი
გამახსენდა. ათიდან რვა ხომ ამართლებს? მე კიდევ იმ ორზე ვფიქრობდი. არის ხალხი,
რომელსაც ვერანაირ გასაღებს ვერ მოარგებ. ჩვენ ყველას მოგვერგება რაღაც გასაღები. მათ
კი არა. ცოტანი არიან. მათ გაუმარჯოთ, ვისაც ვერაფერს მოარგებ. არ ვიცი, ცუდები არიან,
თუ კარგები, ჩვენზე უკეთესები ნამდვილად იქნებიან. იმ ორს გაუმარჯოს და სხვებსაც, –
მოსვა და დადგა.

– აგე, ნახე, რაები იცის? გრძელია, მაგრამ ჭკვიანური.

– გაუმარჯოს! – ვთქვი მეც.

– ჩემი შკოლა. ვინ გეტყვის სადღეგრძელოს ბერლინში? ან ვინ დაგიჯერებს, რომ ბერლინში
კაცი ზის და ხუთწუთიან სადღეგრძელოს ამბობს ინგლისურად, იმიტომ, რომ ქართველი
ძმაკაცი ჰყავს?

– უშენოდაც ჭკვიანი ვიყავი, – ახითხითდა კოსტასი, – ნიკი, შენ რამდენი წლის ხარ?

– არ გეტყვი, – ისევ დაეჯღანა ნიკი.

– ვიცი, რომ არ მეტყვი, მაგრამ სანამ ახალგაზრდა ხარ, სააგენტოებში იარე. ეგებ როლი
მიიღო სადმე. დიდი მსახიობი გამოხვალ. მე არ მინახავს შენისთანა მსახიობი.

– მე მოცეკვავე ვარ, მსახიობობა არ მაინტერესებს, – თქვა ნიკიმ სერიოზულად.

– შეხედე ამ გოგოს, – სიგარეტით მანიშნა კოსტასმა, – ამას ჰგონია, ვეხუმრები. მე ზუსტად


ვიცი. მე პროფესიონალი ვარ.

– ოცი წლის წინ სერიალებში თამაშობდა.

– ოცისაც და ოცდაათისაც. ფული მაგით ვიშოვე.

– ოღონდ სულ მკვლელებს.

– სტოპ! მკვლელებს არა, კრიმინალებს და დონჟუანებს. ასეთი კაცი ჩრდილოურ სერიალში


შავი უნდა იყოს. მთელი გერმანია მიყურებდა კვირაში ხუთჯერ. ახლა ვეღარავინ მცნობს.
ახლა სხვა ბიჭები არიან.

– რა თავში იხლი? – ჰკითხა ნიკიმ.

– ტორერო რომ ვყოფილიყავი, ან იოშკა ფიშერი, დავკიდებდი აქ ჩემი წარსულის ამსახველ


სურათებს, ახლა რა დავკიდო? შენც კი ნიკი, ჩემზე კარგი მსახიობი ხარ. დალიეთ, რატომ არ
სვამთ?

– მოვსვით.

– ეჰე, – დასძახა კოსტასმა – სხედხართ ქათმებივით. რა გგონიათ, რატომ ისმის ეს მუსიკა?

– ეს თუ არ დათვრა, არ ცეკვავს.

– დათვერი მერე, რატომ არ თვრები?

18
– ცეკვა არ უნდა და იმიტომ.

და კოსტასი წინ გადმოიხარა და შემომხედა თავისი ძალიან კვიმატი და მოციმციმე


თვალებით:

– მე და შენ ამაღამ ორასი თეფში უნდა დავამტვრიოთ. მანამდე აქედან ვერ წახვალ. თუ არა
და რას მოდიოდი?

– ორასი ბევრია თუ ცოტა? – გამეცინა მე.

– ვისთვის როგორ. გამოსაცდელი ციფრია, – თქვა კოსტასმა და გასძახა – პანოს! ლანგარი


მოიტანე.

ლანგარზე კი ეწყო თორმეტი პატარა ჭიქა. ასეთი ჭიქები ზემო იმერეთში მინახავს
ბავშვობაში, მერე აღარსად.

– შავი ღვინოა? – ვიკითხე.

– ის არის, რაც სწრაფად უნდა დაილიოს. სამი შენ, სამიც მე. სამ-სამიც ამათ, – განმარტა
კოსტასმა, – თამამად. რვა ეგეთი დავლიე სამზარეულოში მიყოლებით. მერე ვნახავთ...

მერე კი პანოსმა კიდევ ერთი ლანგარი მოიტანა. ტკბილი იყო, არ მიყვარს ეგეთი სასმელი.

– ჰეჰეია! – კოსტასმა, თითქოს ასანთს ანთებსო, ისე ჩამოკრა შუათითი ცერს და


ხელისგულზე გაიტკაცუნა. მერე მეორე ხელის შუათითიც ჩამოკრა ცერს... მერე კიდევ. მერე
ნელა წამოიმართა, პერანგზე სამი ღილი შეიხსნა, ჭაღარა გულის ფიცარზე დაიდო გაშლილი
ხელი და ძლივსშესამჩნევი რხევით, უკუსვლით გაშორდა მაგიდას.

ნელა ასწია მეორე ხელი და შეკივლება და ტაშიც მოისმა.

– აგე, დაიწყო!

– იეეე! – დაჰკივლა ნიკიმ და ბერძენს მიჰყვა.

კოსტასი ცეკვავდა ნელა, ხნიერი, თუმცა უბერებელი კაცის მოხდენილობით, მკვეთრი


მოძრაობით, მილულული თვალებით. ნიკი ცეკვავდა, როგორც შავგვრემანი გოგოები
ნაშუაღამევს, ბიჭების თვალწინ, რომელთაც ჰგონიათ, რომ ბოლოს და ბოლოს, რაღაცას
მიაგნეს.

და კოსტასმა ჩაიმუხლა და გაშლილი ხელით, თითების მკაცრი მოძრაობით მოითხოვა


რაღაც იქიდან, ნახევრადბნელიდან და რიტმი გულს გახეთქავდა და მოუტანეს ის, რასაც
მოითხოვდა და მერე მუხლზე შემოიდგა თეფშების რიგი და უსწრაფესად ააცალა ზედა და
დასცხო კიდით.

თეთრი ნამსხვრევები ცვიოდა აქეთ–იქით და მმტვრეველი მიჰყვებოდა ჰანგებს და ნიკის


ეხლებოდა ტანზე თეთრი სეტყვა. კოსტასი კი ნელა იმართებოდა წელში, სცემდა და სცემდა
და... ბოლოს, უკანასკნელი თეფში აიქნია ქუდივით, მუხლის თავზე გადაიმტვრია და
ხელში შერჩენილი ნამვტრევი გაისროლა ისე, როგორც ისვრიან სერსოს რგოლს ბიძაკაცები,
უდარდელად და მსუბუქად.

19
მერე კი ამოისუნთქა, დავინახე, რომ ამოისუნთქა ღრმად. თითქოს მეათე სართულზე
ასულიყო ფეხით, მისი მოუღლელი ფეხები კი კვლავ მიჰყვებოდა მელოდიას და კოსტასი
ჩემკენ მოიწევდა, ხელებგამოწვდილი, თითების მკვეთრი მოძრაობით მიხმობდა იქეთ და მე
გავიგონე:

– მიდი, მიდი... შეუბერე. რაღაცა ხო უნდა გაიხსენო სიბერეში?

– არ ვიცი! – ვიყვირე და წამოვდექი.

– Forget it...! – თითქოს გულს ამოაყოლა ნიკიმ და მე ავიღე პატარა ჭიქა, ოდესღაც ზემო
იმერეთში ნანახი, უაზროდ გადავკარი და მაგიდას მოვშორდი.

გარშემო კიოდნენ და მაგიდებზე სცემდნენ ხელებს.

და მერე ჩვენ ვცეკვავდით და მოჰქონდათ თეფშები და მოჰქონდათ. ვლეწდი გამოუცდელი


კაცის ხელით, მაგრამ იმტვრეოდა იოლად და ნიკი იყო ჩემ წინ, არ მშორდებოდა და
ნამტვრევები იფრქვეოდა

აქეთ–იქით, ვითომ ხელყუმბარები სკდებოდა და მეყრებოდა სახეში, მაგრამ მაინც არ


ვჩერდებოდი და კოსტასმა ჩამძახა:

– თავი აწიე! თავი აწიე, ჭერს ახედე, სახეში შემოგეყრება...

თავი ავწიე და ვიგრძენი, როგორ წამომეწია წინ ყბა და მივხვდი, რომ მხეცის იერი მქონდა.
მელოდია სულაც არ იყო მხეცური, მაგრამ ისე მოიწევდა ჩემსკენ, ბასრი უძლურების მეტს
ვერაფერს ვგრძნობდი. თითქოს არაფერი შემეძლო ამ თეფშების მტვრევის გარდა და მე
ვამტვრევდი. უფრო კი ვამტვრევდით ერთად, მე და კოსტასი, მაგრამ ჭერს ვერ ვუყურებდი,
რადგან ვუყურებდი ნიკის. ვხედავდი რაღაცეებს, უცნაურ, მოულოდნელ ნაგლეჯებს,
ვხედავდი მის ჟილეტში ჩაბნეულ აზიურ ქვებს, რომლებიც ბრწყინავდნენ ისე, როგორც
მისი თვალები. ვხედავდი მისი აწეწილი შავი თმის კულულს, მის სიჯიუტეს, იოლ, მსუბუქ
მოძრაობებს და მხოლოდ წამით შეშლილ სახეს. ვხედავდი, ბარძაყთან გადახეული
შარვლიდან როგორ იჭყიტებოდა მთელი მისი სხეული, როგორ იბრძოდა ყველაფერი მის
პაკისტანურ ჟილეტს შიგნით. ვხედავდი და ვამტვრევდი და ტაშს სცემდნენ გარშემო, ჩემი
ძმაკაცი ღრიალებდა ხორვატთან ერთად და ღრიალებდნენ სხვებიც, ხორვატები,
არახორვატები, ყველანი და კვლავ ვხედავდი, ვუყურებდი, როგორ ენთო პატარა სამკაული
ნიკის მარცხენა წარბის კიდეზე, ზუსტად ისე, როგორც შორეული მარტოხელა სინათლე
ღამის გზაზე, ხან რომ გამოჩნდება და ხან რომ მიიმალება ხეებს იქეთ...

და აქვს ასეთ ამბებს ბოლო?

ალბათ არა, იმიტომ, რომ ასეთი ამბავი რომც მთავრდებოდეს ოდესმე და სადმე, არასოდეს
იკარგება და დაუსრულებლად, დაუსრულებლად და მოუღლელად იგონებს გაგრძელებს. ეს
ჩვენ ვიყავით კოსტასის სტუმრები, სხვები კი ყიდულობდნენ თეფშებს, თეფშების მთელ
კოშკებს და გვიერთდებოდნენ, მაგრამ მე ვერავის ვხედავდი ნიკის გარდა და ალბათ, ეს
ყველაზე კარგი იყო და როცა დავახეთქე უკანასკნელი ხელში შერჩენილი თეფში, მივხვდი –
ჩემთვის დამთავრდა და აუცილებლად უნდა მექნა რამე, დამესრულებინა ეს ბერძნული
თავგადასავალი და წარმოუდგენლად იოლად მოვხვიე ხელები ნიკის და ავიტაცე და ვაკოცე
სადღაც. სად – არ მახსოვს. იეროგლიფზე? – არ მახსოვს.

20
მერე კი ვიჯექი, გაყინული შუბლით, სრულიად ფხიზელი, დაცლილი, დანგრეული და
ფორთოხლის წვენის დალევას ვცდილობდი.

– დაჩხაპნილი ხარ, – მიღიმოდა.

– გავაფრინე, – მარჯვენა ხელიც გაჩხაპნილი მქონდა, – გავაფრინე კი არა, გამაფრინეთ.


ცოდნა უნდა ამ თეფშების მტვრევასაც...

– მიმტვრევია, მაგრამ ვერ ვისწავლე, – და მომაწოდა.

– არ მინდა.

– მიდი, კაცო...

– მიდი, ერთი. მარტო ერთი, უცბად მოგიყვანს აზრზე...

– არა, მორჩა. კარგად ვარ. ისედაც რაკეტაში ვზივარ.

– მეც არ მინდა, მეც იშვიათად – მაგიდაზე დააგდო.

თითქოს მოგვწყინდა და ნიკი მოგვიჯდა.

– დაჭრილია, – უთხრა მან.

– მეც დაჭრილი ვარ, – ღვინო მოსვა ნიკიმ, –იცი, რას ვიზამ? – და იმ შინდისფერი
ხელსახოცის კიდე ჭიქაში ჩაყო, – აი, ასე ვიზამ – მაჩვენე, – და დაჩხაპნილ შუბლზე მომისვა
ძალიან რბილად – გადარჩენილი ხარ, თვალებში რომ არ შეგეყარა.

– თვალები არ ჰქონდა და როგორ შეეყრებოდა? თვალები სადღაც სხვაგან ჰქონდა, – გაიცინა,


– თვალები დარჩა ვიღაცის რაღაცაში.

– მაცეკვეთ და დამცინით?

ნიკიმ ახლა ხელისგულის მოვლა წამოიწყო.

– რაღაც ალმოდოვარიზმი გჭირთ. შენც და ამასაც. იცი, ვინ არის ალმოდოვარი?

გავჩუმდი. გავჩუმდი და გავჩუმდი მიწის გასკდომის ამბავში.

– მაიცა, რა, – თქვა ისევ სიცილით. – შენ ვინ ხარ? ეს ვინ არი? ნიკი? შენ ხარ One night stand.
ხვალ გაქრები, ძმაო და როდის გამოჩნდები? ნუ აირევი ეგეთ რაღაცაზე. ნიკი ჩემი გოგოა.
ნიკის ეგრე ესმის. ნიკი ეგეთია. ნიკიმ იცის, რომ შენ ჩემი ძმაკაცი ხარ. მოსულა, გაიგე? ნუ
გამოშტერდი, მოსულა. ვიხუმრე და მორჩა.

– რაზე ლაპარაკობთ? – აწივლდა ნიკი, – ყველანი ერთნაირები ხართ.

– არაფერი, – გავუცინე მე. – დაივიწყეო.

– დაივიწყე. მე ვუთხარი.

21
– ძალიან გრძელი დაივიწყე იცით, ამდენი ახსნა რად უნდა? დაივიწყე და მორჩა, – თქვა
ნიკიმ.

კვლავ ცეკვავდნენ. ნეტა, მეც ასე ვცეკვავდი?

ნიკიმ ხელსახოცი აიფარა სახეზე და ისე იჯდა. რაღაც ჩაილაპარაკა გერმანულად.

კოსტასი არ ჩანდა.

– ეგრე იცის. დამშვიდობება არ უყვარს. პატივი გცა და გაქრა.

– დაივიწყე, – ამოიოხრა ნიკიმ.

– მიაგნებ სასტუმროს?

გემრიელად განათებულ ქუჩაზე ვიდექით.

– ტაქსით კი, – ვთქვი მხიარულად, – დაჯე, ჯერ თქვენ გაგიყვანთ.

– აი, თბილისი, ნიკი, – თითი გამოიშვირა ჩემკენ.

რა არი ამაში ცუდი?

– ფეხით გადაივლი ნახევარ ბერლინს, არ გაინტერესებს? ღამის ქუჩები, კილომეტრები,


საათნახევარში მიხვალ.

– არა, არ მაინტერესებს.

– აი, თბილისი, ნიკი, – გულისფიცარზე დამიკაკუნა თითი, – ჩვენ ვაინტერესებთ,


გაგვიშინაურდა და იმიტომ. ქალაქი არ უნდა. ძულს ქალაქი.

– მოგაყრი ტაქსებს. ნახე, რამდენი ტაქსი იცდის. მოგაყრი ვარდებივით...

– ბურჟუისკი ზამაშკები. ტაქსი, ახალი საროჩკა...

– რაზე ლაპარაკობთ?

– სასტუმროში მისვლის საშუალებებზე.

– სასტუმროში რა გინდა?

– მართლა, რა გინდა სასტუმროში?

– ჩვენთან წამოვიდეს, – თქვა უცებ ნიკიმ, – კიდევ როდის ვნახავთ ერთმანეთს?

– წამოვიდეს, რა. მართლა, როდისღა ვნახავთ ერთმანეთს? წამო, სიმონ. დაგაძინებ,


მოგივლი.

22
– თქვენთან რა მინდა? ოქროსავით ნომერი მაქვს. ასორმოცდაათი მარკა გადამიხდია. ეგ
ნიშნავს, რო კოპენჰაგენში წყალი კრანიდან უნდა ვსვა და ერთი ჰოთდოგი ვიმყოფინო. სად
წამოვიდე? თქვენ წამოდით. სინგლია, მაგრამ დაიძინებთ, – ვუთხარი მე.

– მაიცა ერთი, – ხელი აიქნია, – სასტუმროში რა მინდა! დავაი, წავედით ჩვენთან.

– წამოდი ჩვენთან, – ცხვირზე წამატანა ხელი ნიკიმ, – აი, ასე წაგიყვანთ.

– აზრი არა აქვს. ჩანთა სასტუმროშია. რა ვუყო? ათის ოც წუთზე მივფრინავ. ცხრის
ნახევარზე ხომ მაინც უნდა ვიყო იქ?

– მისმინე, – სიგარეტი ამოიღო, – ასეც და ისეც, თუ დაძინებას აპირებ, სამ საათზე მეტი არ
გამოგივა. ჩვენთან დარჩები, ნახევარი საათით ადრე უნდა ადგე და ეგ არი. გახვალ
სასტუმროში, აიღებ ჩანთას, დაიჭერ ტაქსის. რომელი აეროპორტიდან მიფრინავ?

– რომლიდანაც მოვფრინდი.

– გამაგიჟებს ეს კაცი. რა ჰქვია?

– რაზე ლაპარაკობთ? – ვერ მოისვენა ნიკიმ, – წამოდი და მორჩა.

– რომელი აეროპორტიდან მიფრინავ?

– არ მახსოვს სახელი.

– შონეფელდიდან?

– არა, რაღაც უფრო მოკლე.

– ტეგელიდან?

– აი, ჰო.

– შენი სასტუმრო “უნტერ დენ ლანდენია”, ხო? ჩვენგან ოცი წუთია ფეხით. სასტუმროდან
ოცი წუთით ტაქსით. ტაქსი, ოცდახუთ მარკაში ზიხარ. წავედით.

– არა, – მტკიცედ ვთქვი მე, – სისულელეა.

– ორი ხდება, სანამ მივალთ, სამი იქნება. დაიძინებ. ადგები შვიდზე. წახვალ. მიხვალ.
ტახტი მაქვს. თურქები მოდიან და მეხვეწებიან, მოგვყიდეო. სავარძლები მაქვს...

ნიკი წინ მიდიოდა და უსმენდა ჩვენს ქაქანს. რა ესმოდა, არ ვიცი, ალბათ არაფერი. მაგრამ
ბოლოს მობეზრდა, მოტრიალდა, ხელებგაშლილი წამოვიდა ჩვენკენ.

ნიკი ჩაგვეხუტა. ისეთი მოუთმენლობით და ძალით, რომ თავები ვახალეთ ერთმანეთს.

– სამჯერ, სამჯერ, არ ვიჩხუბოთ, – და შუბლებს ნელა ვაძგერებდით ერთმანეთს.

ასე, თამაშის წინ ფიცის მთქმელი მორაგბეებივით ვიდექით შუა ქალაქში, ერთმანეთს
შუბლებით მიკრულნი. ნიკი ხომ ჩვენზე დაბალი იყო და ლამის... რის მორაგბეები? რაღაც

23
ხორუმის მსგავსი იყო და იმ ღამის სიჩუმეში გვესმოდა ერთმანეთის სუნთქვა, არცთუ
დაწყობილი, არცთუ მშვიდი, აჭრილი და... სითბო მეცემოდა გულთან, ცოტა ზემოთ. პატარა
ნიკის ნესტოებიდან. ნიკი რაღაცას ჩურჩულებდა, მაგრამ მე არ მესმოდა, ვერ ვარჩევდი
სიტყვებს.

მერე, უცებ შეგვიშვა ხელები.

– წავედით, – თქვა, – წავედით, – და უკვე მხიარულად დაამატა. – ჩვენ გვაქვს ბანანი,


თაფლი, თეთრი შოკოლადის ნატეხი და ნახევარი ბოთლი ჯინი. ჩვენ მშვენიერი ღამე
გვექნება...

– ტონიკი არ გვაქვს, არც ლიმონი.

– როდის გვქონდა? სადგურზე ვიყიდით. წავედით.

– მოიცა, – ამდენი წოწიალის თავი აღარ მქონდა, – მოიცა. ეხლა სადგურზე არ წამათრიოთ.

– როგორ, ტო, შენი საყვარელი ადგილი.

– არ გვინდა ტონიკი, ტონიკზე თუ წავედი, ბარემ სასტუმროში წავალ. ჯინი ისე არ


დაგილევია? – და გამახსენდა – მე დაგალევინებ ჯინს კაცურად. წამოდით.

– მეზიზღება. დრაი რო აწერია ზედ, გახსოვს?

– კაცურად. ინგლისურად. როგორც ბილ საიქსი სვამდა. ცხელი წყალი და ცოტა შაქარი.

– ბილ საიქსი? – წარბები აიზიდა ნიკიმ.

– იყო ეგეთი. მაგარი ბიჭი. შეყვარებული მოკლა და მერე...

ნიკიმ მხრები აიჩეჩა.

– ბებერო, – გაეცინა იმას – რა გაგახსენდა?

– ბავშვობა, – ნერწყვი ვეღარ გადავყლაპე წესიერად.

– მეც გამახსენდა. ვოთ ია ფიქ ე ფოქითოო, ჰა? ჰაა! ეგ არი? – და გამოწვდილ ხელისგულზე
დავურტყი გაშლილი ხელი. ეგრე ჯიგრიანად მგონი არასდროს დამირტყამს, – რამდენს
გვაკითხებდნენ, არა? ფეჯინი რო გიჟდება სასამართლოში. კინო უფრო პრიატნი იყო, არა?

– ვინღა უყურებს ეგეთ კინოებს, – ხელი ჩავიქნიე.

– რაზე ლაპარაკობთ? – დაიწივლა ნიკიმ, – მე ადამიანი არა ვარ?

– ჩვენ ერთნაირები ვართ, რა გინდა?

– ხართ და იყავით. ერთნაირები ხართ.

და ძალიან ცუდი რამე გამახსენდა. დეპარდიე, პატრიკ დევაიერი და ის გოგო. არა ვართ
ეგეთი ერთნაირები. არა ვართ ეგეთი ერთნაირები. ერთი ღამეა, უცნაური და აი, ასეთი.

24
ბერლინში ძალიან ბევრი ჰაერი ყოფილა. ფილტვები წინასწარ უნდა მოამზადო და
ფრთხილად, ფრთხილად, ფრთხილად ჩაისუნთქო. თორემ მოგონებები დაგახჩრობს და
შევყვირე:

– დაივიწყე! ე, ნიკი, დაივიწყე...

– წამო, გავაჭერით, – ოდნავ მიბიძგა.

– ოღონდ ტაქსი, დაბრედილი ვარ.

– ტაქსი, არა...

– რაღაცაში დამახარჯინე ეს ფული.

– ვააჰ...

ნიკიმ კი თქვა:

– ეგ მეც გავიგე, ტაქსი...

ქუჩა გადავირბინეთ და ჩავსხედით სამივენი უკან.

კიბე იყო, ხის და ჭრიალა. სამი სართული უკან მოვიტოვეთ.

– აქ გაბრიელა ცხოვრობს, – კარს გახედა ნიკიმ – მაგრამ დღეს ღამის ცვლაშია...

– ჩაგახუტო გაბრიელას? აღარ გამოგიშვებს. მხარ-ბეჭი აქვს, შვარცნეგერი ფარდის უკან


იმალება.

ყავისფერი კარი. პატარა, გაცვეთილი გასაღები. რა მსუბუქი კარია. წკაპ... სინათლე.

– აჰა, ჯიგარო...

შესასვლელში დიდი, მწვანე კაფელით გაწყობილი ბუხარი.

– ნახშირი და ზამთარს ვერ გაიგებ.

პატარა ოთახი, ორი დიდი ფანჯარა. უფრო სწორად, ორი დიდი ფანჯარა, პატარა ოთახით.

– მთელი ქალაქი აქ არის, – ხელისგულს მაჩვენებს. უკვე შხაპის ხმა ისმის, ეს ნიკი შევიდა
სააბაზანოში. რას ეძახიან ჩვენთან ამას? ჰო, არაბული ტახტი.

ესეც სავარძელი. ფანჯრებს აღებს.

სიდი ფლეიერი. კედლებზე ფოტოები.

ელიას კანეტი.

– ხო, ხო... ე, გიგი. რა კლიენტია?

25
– მიუნხენშია გადაღებული. მიუნხენი ვაბშე სხვა პონტია. მიუნხენში... წამო, ერთი წყალი
დავადგათ, დავლიოთ საიქსის პონტში...

კუთხეში ტანსაცმლის გროვა. მეორე კედელზე წარწერა წითელი ფლომასტერით: “ნინო


მოვიდა და აღარ წავიდა”. ქართულად.

– ნინომ დაწერა...

– ნინო ვინ არი?

– ერთი გოგოა... რა იყო, გეძინება?

– არა. რა ვიცი...

– წაუძინებ. მე გაგაღვიძებ, არ ინერვიულო.

სამზარეულოში ვისხედით, იატაკზე კედელს მიყრდნობილები. ერთი ყლუპი ძლივს


გადავუშვი, ისიც ვერა.

– როგორ სვამდნენ ასე?

– მაშინ სხვა გემო იყო... ალბათ, რა ვიცი...

– მაშინ... – თქვა ხმადაბლა – აზრზე ხარ, რა იყო მაშინ?

– ჰიი–ჰიო, ჰიი-ჰოო! რატომ გამახსენდა პოლიციის მანქანა? – ნიკი ამბობდა აქეთ, ოთახში.

– გამოხვედი? დავაი, შედი იბანავე.

– არ მინდა.

– რა არ გინდა? გაწეპილი ხარ. გამოგდის კოსტასის ღვინოები... მიდი, მიდი. ნუ იცი ეგ


იმერული არა ბატონო და ამ დროს გინდა... ნიკი მიეცი პირსახოცი...

მძიმედ წამოვდექი და გავედი. ნიკი ჩემგან ზურგით იდგა ღია ფანჯარასთან და თმებს
იმშრალებდა. მოკლე თეთრი მაიკა ეცვა, მეტი არაფერი და ისიც ეცვა, თუ უბრალოდ ისე
ჰქონდა თან, ვერ გაარკვევდი. ან სად იყო გარკვევის დრო. ვიფიქრე, ამოვიგლეჯ თვალებს
და ერთს ერთ ჯიბეში შევინახავ, მეორეს მეორეში-მეთქი. მაგრამ ეს ახლა ვიფიქრე, აი, აქ,
ჩვენთან, ვაკეში “სმაგლერსის” წინ, მაშინ კი ვფიქრობდი, რომ იატაკისთვის უნდა
მეყურებინა, ხოლო იატაკს რომ ვუყურებდი ნიკის ფეხებისკენ მიიპარებოდნენ ეს
ძნელადშესანახი თვალები.

– ნიკი, პირსახორცი მიეცი!

– ახლავე, – ნიკიმ გამომხედა და თვალი ჩამიკრა. მე ჩავუკარი თუ არა, არ მახსოვს.

– აჰა, – და დავიჭირე ნოტიო, ოდნავ გაქუცული ცისფერი პირსახოცი – ფეხსაცმელები


მანდვე მიყარე.

26
ფეხსაცმელს ვიხდიდი, როცა დავინახე, როგორ შესკუპდა ნიკი ფანჯარაზე, როგორ შემოდო
ქუსლი რაფის კიდეზე და ფრჩხილების ჭრა დაიწყო.

გამათავა ამ ხევსურელმა ბალადამ. გა–მა–თა–ვა. გამიშვა ცახცახის და თვალების ჯიბეში


შენახვის ქვეყანაში. მაგრად გამიჭირდა. ეს ნოტიო პირსახორციც როგორღაც ისე მაშინებდა,
ვითომ... დილით თვითმფრინავში ვზივარ. კოპენჰაგენი მშვენიერი ქალაქია. “პარკენი”
მშვენიერი სტადიონია. ვნახავ ინგლისელებს და თურქებს. ნიკი, ნიკი, ნიკი... ვახ, თქვენი.
ვახ, ჩვენი. რა ჩვენი? სამი საათი დარჩა. აი, ახლა მივხვდი, მთელი საღამო რისი მეშინოდა.
მივხვდი. და მორჩა. და დილით ვეტყვი, რისი მეშინოდა და რაზეც ვერ მიმდის ეს Forget-ები
და მეშინია, იმ პატარა სამოთხეებში, სადაც დამატარებდი, ძმაო. სამოთხეებს შენ ეძახდი და
ეგებ ჩემთვისაც ყოფილიყო, რაღაც ეგეთი, მაგრამ ეს ტორმუზები და ნიკი, ნიკი, ნიკი, ნიკი...
ნიკინიკინიკი, რატომ ეგრე, ერთდღიანი ნაკოლკასავით გულზე? თბილისოო, მზის და
ვარდების მხარეო... უშენოდ? რო ვკვდებოდე, აბაზანაში მაინც ვიმღერებ... დუდუკო, ჩემო
ტკბილო თილისმავ, ტრფობით დამწვარ

გულს წამლად... ნიკიიიი! ეს ფრჩხილ... მოგაყრი ქალებს! ვერ გამოძვრები სამი დღე, მაგრამ
ნიკისნაირი არ ვიცი. ახლა ვიჯდე თვითმფრინავში. არა, გაასწორა. და ეს ნოტიო პირსახოცი.
თუმცა, ვეღარ ვგრძნობ... დავწვები ახლა და... ჩავჯდები სიზმრების ყვითელ ვაგონში და
დავაი, შენს ბოქლომიან სულსა და გულში, კოხტად, ჩვენს ურყევ სიმშვიდეში, წყნეთის
ჭიშკრებს უკან.

ისე, რა მაგარი ვარ, აბაზანაში. ოღონდ მარტო, ნიკი! მარტო ძაან მაგარი ვარ, ნიკი!
თბილისში, თბილისში, მაგარი გასაიასნებელი გვექნებოდა. ერთ ამაზე პატარა ოთახში,
ნიიკიიიი... – დაგმარხავ სამბებში, ნელ-ნელა. გამდნარი შოკოლადივით.

სამზარეულოში ჩამსხდარიყვნენ. ის კვლავ კედელს მიყრდნობილი იჯდა, ნიკი მაგიდის


ფეხს მიყრდნობოდა. იატაკზე იდგა ჩაის ფინჯნები. ერთმანეთს უყურებდნენ, ოღონდ
თვალებში არა. ნიკის ისევ ისე ეცვა, თუ არ ეცვა. ძმაბიჭის დიდი, ყავისფერი ფეხსაცმელები
იქვე ეყარა.

– გალობდი?

– ჰო, ბაიათებს, – იქვე ჩავჯექი.

– მეც დავსველდები, – მძიმედ წამოდგა – შენ, თუ გინდა დაწექი. იქ, ტახტზე. დაიძინე
ცოტა.

– ე, მერე თქვენ?

– ჩვენ მანდ თითქმის არ ვწევართ, ხან სად ჩაგვეძინება, ხან სად. დაწექი, დაწექი...

მერე წყლის ჩხრიალი ისმოდა. ნიკი კი ძნელად საცქერი იყო, ძნელად და საოცრად.

– როდის გნახავთ? – საერთოდ არ ჩანდა დაღლილი.

– რა ვიცი. ოდესმე. Let it be, – დავხარჯე ფრაზები – Once upon a tame. სწორია?

– ალბათ, – ძალიან მშვიდად მომადო ორივე ხელისგული. ერთი ერთ ყურთან, მეორე –
მეორესთან – გაუპარსავი ხარ...

27
– ხო, – ძლივს ამოვთქვი.

– მე მგონია, რომ ზოგჯერ რაღაც ხდება ხოლმე მოულოდნელად და ბუნებრივად და როცა


ასე ხდება, ხელები არ უნდა ამიკანკალდეს. უბრალოდ უნდა მიჰყვე ამ ამბავს ბოლომდე.

– და Forget it, არა?

– ჰო. ხვალ ყველაფერი სხვანაირად იქნება და შენ ერთ მხარეს იქნები, მე მეორე მხარეს.

– ის სად იქნება? – ვითომ ხელი გავიშვირე სააბაზანოსკენ.

– ჩვენ ბაბუაჩემისდროინდელი კონტრაქტებით არ ვცხოვრობთ. ჩვენ მოთხოვნილებებით


და გატაცებებით ვცხოვრობთ.

თვალები ასე ახლოს... ცხვირი ცხვირს... აფრიკაში, თუ სად კოცნიან ასე?

– ნიკი... – ჩემი ხმა სადღაც შორიდან ისმოდა – ეგებ ეს სისულელეა, მაგრამ მე მეგობართან
დავრეკე. და არ მინდა, რომ... – მგონი იმ ყვითელი ვაგონიდან ვემზადებოდი ამის
სათქმელად.

– დაივიწყე? რა მოგივიდა? – უცებ წამოხტა და ცეკვა–ცეკვით გავიდა ოთახში.

ვააჰ, რა ცოტა ეცვა – იცი რა? რაღაცა ხომ უნდა წაიღო სახსოვრად? – რომ შემობრუნდა,
სქელი წითელი მარკერი ეჭირა ხელში – მოდი, იეროგლიფს დაგახატავ, აი ასეთს. ყელზე
დაიდო თითი. სად დაგახატო?

– ეგ რას ნიშნავს?

– არ დაივიწყო.

– თუ დაივიწყე?

– არა, არ დაივიწყო.

– ადრე სხვა არ მითხარი?

– როდის?

– იქ, რესტორანში.

– არა. სად დაგახატო?

– აი, აქ.

– მხარზე, არა ზურგზე.

– არა, აი აქ, ხომ უნდა დავინახო?

– კარგი...

28
და ხატავდა, მარკერის თავსახური კბილებში ეჭირა და დინჯად გამოჰყავდა უცნაური
ჩინური ხაზები.

– მე რა გითხარი?

– რა?

– მხარი გიკანკალებს.

– ჩემი ბრალი არ არის. უბრალოდ ასე ვერ ვაჩერებ.

– ბევრი იცეკვე და დაგეღალა.

მერე სულს უბერავდა, როგორც ნამდვილ სვირინგს. თუმცა, არ ვიცი, ბერლინში უბერავენ
სვირინგებს?

– სამ დღეს გაძლებს. სამი დღე გემახსოვრებით...

– ხატავთ? – სველი იყო, თეთრი პირსახოცი შემოეხვია ტანზე. – დაწექი ტო, ერთი–ორი
საათი წაუძინე. ცოდო ხარ. ჩააქრე და დაწექი.

– ხო, – ძლივს ავითრიე ფეხი.

– გაგაღვიძებ და სასტუმრომდე წამოგყვები.

ერთი დიდი საბანი იყო. დავწექი რა თქმა უნდა კედელთან. გულაღმა ვიწექი
თვალდახუჭული და არ მინდოდა, რომ მესმინა მათთვის. აი, ახლა დავიძინებ და...
თვითმფრინავშიც. მერე სასტუმროში მივალ, მერე რუკას ავიღებ, სტადიონზე წავალ.
რეჯისტერ ლისტში დავამოწმებინებ თავს, აკრედიტაციას ავიღებ. მერე გავივლი, გაზეთებს
ჩავხედავ. ერთ-ორ სვეტიან რეპორტაჟს გამოვაცხობ და თბილისში გავგზავნი. ზეგ კი უკვე
თამაშია. საღამოს ისევ სტატია და მაზეგ დილით მოვფრინავ. ისევ ბერლინი, ოღონდ
შუალედი ორი საათია. რა კარგია, როცა რაც იცი, იცი და მორჩა. ჰო, ტიერი ანრის
ავტოგრაფი დამაბარა კოკამ, ბავშვისთვის. რა დრო დადგა. ავტოგრაფს გაბარებენ და თან
ტიერი ანრისას.

– გძინავს? – ხმადაბლა მკითხა.

– ო, – ძილღვიძილში რომ არიან ისე ვუპასუხე, ვითომ მძინავს.

– დაიძინე, მე დავწვები აქეთ – და საბანი გადაწია. – წავუძინოთ.

კიდევ უფრო ჩავიწიე კედლისკენ.

მერე კი ნიკის ხმა გავიგონე, რაღაც თქვა გერმანულად. მკლავი მეფარა თვალებზე. ძველი
ხერხია, ბავშვობისდროინდელი. ვითომ გძინავს და ამ დროს

აკონტროლებ.

ნიკიმ კვლავ რაღაც თქვა. ის გაეპასუხა მოქანცული კაცის ხმით და გადაბრუნდა. ტახტის
კიდესთან ნიკი იდგა. სიბნელე იყო.

29
– ე, შენ გძინავს? – თქვა ჩურჩულით.

– მძინავს, რა თქმა უნდა. დაიწოს შენი დამწველი, ალავერდი-ხან. ახლა ვხუმრობ. არ


იფიქროთ, რომ მაშინ... მე ვიფიქრე, რომ აი ფუძიამა და ორი წამი და ამოხეთქავდა ეს გული,
ეს ჩემი ჭკუით ეშმაკი და მაგარი აი, იქ, მიასკდებოდა ჭერს. აი, იქ, ადგილიც ზუსტად. იქ,
მიასკდება და დარჩება და ბოლოსდაბოლოს დავტოვებ ამ გულს ამ ბერლინში და ვიქნები
ისე, იმიტომ რომ არანაირი საშუალება აღარ არის, რომ თან ვატარო. განა იმაზე ვფიქრობდი,
რომ ეხლა და ესა–მესა და ატყდება, რისიც მეშინოდა, რო ნიკი იქნება ერთი და ჩვენ ორნი
და რო გათენდება, მერე ეს თვალები ჩავილაგო და დავეშვა კიბეზე. მაქამდე ვინ მომიშვა.
გული სიმონ, როგორც ის იტყოდა...

ნიკიმ კი, ნიკიმ შემოდგა ფეხი ლოგინზე, გადმოაბიჯა, გადმოიარა ტახტი და ჩვენს შორის
ჩაჯდა ჩვენს ბალიშზე.

– ჰეი, – თითქოს შესძახა ხმამაღლა და ჩემს გასაგონად, იმიტომ, რომ იმ ენაზე გააგრძელა
ბაბუამისთვისისაც რომ არ იყო მშობლიური – ჰეი, უსახლკარო... და სითბო იქნება... – და
ჩამოძვრა საბანში.

გავიგონე, როგორ აკოცა და მერე სწრაფად გადმობრუნდა აქეთ. – აგე გული სად არი! აგე იქ!
ახლა ვამბობ თორე, და ნახე? როგორ მოძებნა? ტუჩზე დამადო თითი. ჩუმადო, თუ რას
ნიშნავდა არ ვიცი. დავინახავდი მის თვალებს, მაგრამ ეს წაფარებული მკლავი და გულაღმა
და ვიფიქრე, რომ აი ასე გავშეშდები და ვიქნები, როგორც კედელთან მიწყობილი ფიცრები
სადმე სოფელში და რაც არ უნდა იყოს ვიქნები სულ ფიცარი, იმიტომ რომ არ მოსულა.
ჩემთვის არ მოსულა და თქვენ გაგიმარჯოთ. და მივხვდი, რომ თუ გინდა ფიცარი იყო,
ფიქრები არ უნდა გაგექცეს. გული წავიდეს სადაც უნდა, მიასკდეს იქ, მაღლა, აი, იმ
ადგილას, მაგრამ ფიქრები თუ გაუშვი, ფიქრები თუ გაუშვი...

და ეს ნიკის ხელი, საიდანღაც გვერდიდან მოსრიალებდა. და ფეხი როგორღაც, სადღაც იქ,


ვითომდა აი–აი, ყოჩაღ, აი მანდ, კარგია, რომ გულთან და ჯანდაბას იყოს მანდ, თუ მაინც
და მაინც, ჰო დაივიწყე! დაივიწყე მშვენიერი სიტყვაა, დგ-დგ-დგ. თითქოს ჩქარი
მატარებელი. გულს ხომ მეტი არაფერი. კარგია რომ დავლიე. ვსვამ და ვწყდები. ის ჯინიც
უნდა დამელია. ბევრი

უნდა დაგელია, შე გოიმო... ხომ არ გძინავს ნიკი? ეგებ გძინავს? მაგრამ ახლა განძრევა...
ნიკი, ნიკი, ნიკი.

ნიკი, გძინავს, ხო იცი შენ. ნიკი.

შევხტი და გამეღვიძა. უსიზმროდ. ნიკის მეორე მხარეს ეძინა ჩამხობილს. იმ საშინელი


სიგარეტის სუნმა გამაღვიძა. წითელი კოლოფი, მახორკა, “როტჰენდლლერ” თუ რაც ჰქვია.
ბერლინის პროლეტარიატი. სწრაფად წამოვდექი.

სამზარეულოში იჯდა. მაგიდაზე ეწყო ფეხები.

– რას წამოვარდი? ჯერ ადრეა. დაჯექი ყავა დალიე... – სულ არ ჰგავდა გამოუძინებელს.

– ისედაც ღამე გათევინე, – ჩამოვჯექი.

30
მადუღარას გადაწვდა.

– რა მათევინე? შენ რომ წახვალ, დავწვები და ვიძინებ, მაინც საღამოს ვმუშაობ.

– საღამოს სმენა ხარ? – გამეცინა ამ ძველებურ შეკითხვაზე.

– არა. საღამოობით ვმუშაობ, სამი საათი, სიმონ, მთელი კაიფია.

– რა სამუშაოა?

– არი რა, არაფერი... დროებითი, სანამ რამე გაიჩითება, – ყავა დამისხა – აგე ბანანი. ჩააწე
თაფლში და ჭამე.

– ყავა მოვსვი.

– მაყუთი არი?

– თბილისისთვის კი, აქაურობისთვის არაფერი, ვტილაობ რა... მარა, ნარმალნა – ნიკისაც


რაღაც ეჩითება ხოლმე.

– კაროჩე გიჭირთ.

დაფიქრებულმა შემომხედა.

– იცი რა არი? – ახალი სიგარეტი ამოიღო – მაგრა კარგად ვარ. ფული პრობლემაა, მაგრამ ხო
ხედავ რო კარგად ვარ? ხო ნახე?

– კი. მაგრად საკაიფოდ ხართ.

– ხოდა, ნეტ-ნეტ და გაიჩითება რამე უფრო სერიოზული.

– გუშინ გააცდინე?

– მა რა. მიხვალ, გაძლევენ ფულს, არ მიხვალ – არ გაძლევენ. პრობლემა არ არი... ე, ეხლა არ


თქვა, ფულს დაგიტოვებო – ორივეს გაგვეცინა.

– დაგიტოვებ, – ვთქვი ხითხითით.

– პროსტა თუ დედაჩემს გაუვლი, ისე განა რამე, მოყოლილი მაინც სხვაა.

– რეკავ?

– წერილები ჯობია, აქედან აგვიანებს. თბილისში ჩერდება დიდხანს. იქიდან ერთ კვირაში
ჩამოდის.

სამზარეულოს ფანჯრიდან შიდა ეზო ჩანდა.

– ტიპიურია. სხვათაშორის,– თქვა დავიწყებული ტონით – ეს არის 20-იანი წლების ნაღდი


ბერლინური ეზო. აი, იქ ნახე ეს გრძელი ფანჯრები და შუაში, ხედავ აი, ეგ მსუბუქი.
სიმსუბუქით სიმაღლე...

31
– რა არქიტექტორივით მელაპარაკები? – გამეცინა.

– არქიტექტორი არა ვარ? ბივში. შენ რა ხარ

– მე ვარ მდიდარი გლეხი, ოძელაშვილი არსენა..

– ეგ ვინ თქვა?

– ნახცომ. გახსოვს ნახცო?

– ნახცო? კი, როგორ არა.

– გიგი სად არის, ტო. მგონი გუშინ ამ დროს უნდა მეკითხა.

– გიგი? გიგი შვეიცარიაშია, იქ ჩალიჩობს რაღაცეებს. ვიყავი, რეკავს ხოლმე...

– კმაყოფილია? ვსმისლე, კარგად არის?

გაეცინა.

– გიგის არ იცნობ?

– შარშან არ ვნახე? ჩამოსული იყო.

– მერე? გიგი კარგად როგორ იქნება. მაგრამ ისეა... არი და თან... ბიჭო, ეგენი სხვანაირები
არიან, ჩვენ და ეგენი...

– რა ჩვენ? ეგენი და ჩვენ, რა განსხვავებაა?

– ბიჭო, გიგიმ ვერ გადახარშა, სიმონ. ისეთ პონტშია, რომ ბოლომდე... ალბათ მართალიც
არი. იმიტომ ვთქვი, ეგენი-მეთქი.

– მორჩა ეგ პონტი, მორჩა, ხო იყო ჩამოსული.

– კარგი, ხო. დილის ექვს საათზე. ვაბშე როდის ვნახავთ ერთმანეთს? სხვა რამეზე
ვილაპარაკოთ. ნიკი!..

– კარგი, – ნიკი სულ დამავიწყდა. მეც არ გამიკვირდა რატომ ვიყავი მშვიდად? – არ


გააღვიძო!

– რა საქმე აქვს. მაინც ხომ უნდა დაგემშვიდობოს. ნიკი! ნიკი!

– ნიკი, – ვთქვი მეც. – ნიკი. იცი რა?

– კარგი, – გაიღიმა ეშმაკურად, – როგორც იცოდა – ეხლა არ დაიწყო რაზბორკები. დავაი ეგ


ბანანი. უზმოზე არ ეწევი? ორანჯი დარჩა, – წამოდგა და მაცივარი გამოაღო.

იქეთ რაღაც ახმაურდა. ნიკიმ ჩართო ტელევიზორი.

– ჰაი გაიზ – თვალებმოჭუტული იდგა კარებში. მე გავიფიქრე: “მივდივარ”, მეტი არაფერი.

32
ორანჯის ბოთლს დაწვდა და მოიყუდა.

– სიცივე იყო, არა? ჯერ ადრეა ღია ფანჯრებში ძილი. გციოდათ?

– მცხელოდა, – გამეცინა მე – სიცხე იყო.

ნიკი ჩამოჯდა და ბანანს დაწვდა:

– ყავა აღარ არის?

– წავედი, რა, – ვთქვი მძიმედ და ვერ წამოვდექი.

– მოიცა, სიმონ, ჯერ ადრეა. მე გამოგყვები. თხუთმეტ წუთში იქ ხარ. ხიდს გადავალთ და
ხუთი წუთია.

– იყავი, რას მომყვები?

– არა, წამოგყვები.

წამოვდექი.

– იყავი რა?

– მაიცა.

და რაღაც სისულელე წამოვიწყე. ძალიან კარგი დილა იყო და აღარ ვიცი, ღამე უფრო... თუ
ამ დილით. ეს ფანჯრები, ამსიმაღლე ფანჯრები და წინ კიდევ ქალაქი. სისულელე კი
წამოვიწყე და ვიფიქრე, რომ ნიკი ისევ იკითხავს – რაზე ლაპარაკობთო, ერთნაირები
ხართო, სხვა არ გინდათო და მაინც წამოვიწყე.

– წავედი, რა. რავი, მე მგონია, რომ რავი... თქვენ, შენ და ნიკი ძაან მაგრები ხართ და ძაან
მიხარია, გეფიცები... პროსტა...

ხელი გადამხვია და წაიბურდღუნა:

– მაგრა განერვიულეთ?

– არა.

– ერთად ხომ ვიყავით ბოლომდე?

– კი ვიყავით, ვიყავით ბოლომდე. საღოლ. მართლა სიბერეში გასახსენებლად.

და უცებ ნიკიმ თქვა:

– დაივიწყე. თბილისში როგორ ამბობენ? დაიკიდე და გულზე მოგეშვება.

და მე ნიკის შევხედე, ჯერ ნიკის და მერე იმას, მერე ისევ ნიკის და მერე არავის და არაფერს.
და მივხვდი, რომ ისინი მიყურებდნენ. ის ოდნავ შემცბარი, ნიკი კი მართლა მხიარული,
ნამძინარევი თვალებით.

33
ნიკიმ ხომ ქართულად თქვა.

– ვააჰ...

– დაჯექი, – მხარზე დამადო ხელი. მე ჩუმად დავჯექი, დავესვენე, ასე ვთქვათ.

– არ გაგიტყდეს, პროსტა, ეგრე მოვიფიქრეთ. რამდენი ხანია, მეთქი ვინც გაიჩითება... თან
კიდევ ქართველ გოგონასთან ეგრე შევუბერავდით? გაუშვებდი ფიქრებს, ეს რას იტყვის,
ამას რას ეტყვიან. მე კიდე აქ ყველაფერი ნაღდი შემიყვარდა.

მივხვდი, რომ რაღაც ძალიან ავი, ცინიკური უნდა მეთქვა.

– მე ვიფიქრე დალეწავს–მეთქი, – თქვა ნიკიმ – ხომ უნდა გვეთქვა.

ვერ მოვიფიქრე ეს ცინიკური და ავი. ყველაზე კარგი კი ის იყო, რომ ნიკი ისევ ნიკი მეგონა.

– კაროჩე... ქაჯი ვარ, ხო?

– მეთქი, რამდენზე გაქაჩავს. საღოლ და კაროჩე, ჩაგწერე გვარდიაში. საშვი გაქვს...

– გრუპი რომ ვერ გავქაჩე, პლუსი ჩაწერე თუ მინუსი? – როგორც იქნა მოვიფიქრე რაღაც ავი,
მაგრამ არ გაბრაზებულა. რა გააბრაზებთ ეგეთებს.

– ფირმის საიდუმლოა.

– ტერცო მონდო, – ვთქვი უცებ.

– ტერცო მონდო, – თავი დამიქნია, ღიმილით – მესამე სამყარო ბერლინის კედელთან.

– მე ვარ, ხო ტერცო მონდო და აქ დეტექტორი გიყენიათ...

– რა ვქნა? ხალხი უნდა შეამოწმო.

– და მეტი არაფერი?

და ნიკიმ ადრიანი დილისთვის ძალიან მღელვარედ თქვა:

– დაგავიწყდება?

– არა...

იმიტომ, რომ ვკვდებოდი.

– იცი, გული როგორ უცემდა? – მუშტი იკრა. დგ-დგ...

– მე შენ გჩუქნიდი ყველაფერს, – თქვა მან – ხო გჩუქნიდი? მე ეგრე მესმის. ყველამ იმდენი
უნდა აიღოს, რამდენიც არ დაამახინჯებს. ეგრეა?

– კოპენჰაგენში დიდი ფუტბოლია, სიმონ! – ვთქვი და გამეცინა. გამეცინა და გამეცინა.

– ახლა ვაკოცებ, – მეტაკა ნიკი. – ვაკოცო, ხო?

34
– აბა რა. თუ გაკოცნინებს?

და ნიკიმ მაკოცა, დიდი ხნის უნახავი გოგოსავით, რომელსაც კარგად დაშორდი ოდესღაც.

– თქვენ რა გქვიათ? – კედელთან მივიმწყვდიე.

– ნი-ნუ-კა.

– ეხლა კერვა არ დაუწყო, სიმონ, – უკან იდგა და იცინოდა.

– და ეს რას ნიშნავს? – იეროგლიფზე დავადე თითი.

– რა ვიცი, ერთმა ჩინელმა მაკოცა და დამრჩა.

– ისიც ჩემსავით დაითრიე? მესამე სამყაროს ამბავში?

– აღარ მიდიხარ? – ვიცინოდით.

– შენა, რომ გავქაჩულიყავი? – წამოვისროლე უცებ.

მან მხრები აიჩეჩა. ნიკიმ კი ისევ თქვა:

– დაივიწყე.

და წამოვედი.

კარს იქით გადავეხვიეთ ერთმანეთს.

– გამოგაცილებ.

– არა, ტო.

– ხიდიდან ხუთი წუთი უნდა, – თითით მოხაზა ჰაერში.

– ვიცი.

– როდის გამოივლი? – ნიკი კარს იქეთ იდგა.

– შაბათ–კვირას.

– უკან როდის, ისევ ბერლინით? აეროპორტში მოვალთ. შოკოლადებს მოგაყრით...

– დაივიწყე, – კიბეზე ჩავრბოდი უკვე და ეს ოხერი გული ისევ ჭერისკენ იწევდა.

– შენ თვითონ დაივიწყე თუ კაია, – მომწვდა ნიკის ხმა.

ფანჯრებისთვის აღარ შემიხედავს.

გადასარევი დილა იყო და ჩქარი, აჭრილი ნაბიჯით მივდიოდი სასტუმროსაკენ.

რავარი დასავიწყებელია, სიმონ?

35
ისე, იმ იეროგლიფს სულ ვიფერადებ მკლავზე, რატომ, – ვინ იცის? ვინ იცის, ნიკი?

ჰა, ნიკი! ნიკი და შენ.

შემეშინდა, არა? დაივიწყე და არ დაგავიწყდება.

ნიკი... თუ რაც გქვია.

მე ნიკი მირჩევნია.

2000 წ.

36

You might also like