You are on page 1of 24

ჯორჯ ორუელი – წიგნით მოვაჭრის მოგონებები

ჩემდა გასაოცრად, ბუკინისტურ მაღაზიაში (ანუ, ზოგიერთის წარმოდგენით,


ერთგვარ "პატარა სამოთხეში", სადაც სანდომიანი ბერიკაცი გამუდმებით იქექება
ფოლიანტებში) მუშაობისას იშვიათად ვხვდებოდი ჭეშმარიტ ბიბლიოფილებს.
მაღაზიაში საინტერესო ფონდები ინახებოდა, მაგრამ მყიდველთა მხოლოდ
ათიოდ პროცენტი თუ განასხვავებდა კარგ წიგნს უხეიროსგან. ლიტერატურის
მოყვარულთ ჭარბობდნენ პირველ გამოცემათა შეძენით დაინტერესებული
სნობები. ზოგჯერ აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტები
კითხულობდნენ იაფფასიანი ქრესტომათიების ღირებულებას. კლიენტთა
ძირითად მასას კი შეადგენდნენ ქალები, რომლებიც ბავშვებისთვის დაბადების
დღის საჩუქრებს ყიდულობდნენ.
ბევრი მუშტარი აუტანლად გვაბეზრებდა თავს. მაგალითად, სასიამოვნო
გარეგნობის მოხუცებული ქალბატონი ეძებდა "წიგნს ინვალიდისთვის" (ეს ძალზე
ხშირად ხდებოდა). ერთმა დარბაისელმა მანდილოსანმა 1897 წელს წაიკითხა
"არაჩვეულებრივად საინტერესო წიგნი" და ახლა გვთხოვდა, გვეშოვნა ის.
საუბედუროდ, არც სახელწოდება ახსოვდა, არც ავტორი, არც - შინაარსი, მაგრამ
იცოდა, რომ წიგნს წითელი გარეკანი ჰქონდა. ბუკინისტებს განსაკუთრებით
აწამებენ ორი ტიპის ადამიანები: ჯერ ერთი, ბეხრეკი, ობმოკიდებული
ბებრუცუნები, რომლებიც ყოველდღე, ხშირად კი - დღეში რამდენჯერმე მიდიან
ბუკინისტებთან და ცდილობენ, გაყიდონ თავიანთი ხარახურა; სხვები კი უკვეთენ
უამრავ წიგნს, რომელთა გამოსყიდვასაც არ აპირებენ. ჩვენს მაღაზიაში
კრედიტით არაფერი იყიდებოდა, მაგრამ შეგვეძლო წიგნების გადანახვა ან მათი
შეკვეთა კლიენტებისთვის. დამკვეთთა თითქმის ნახევარი არასოდეს მოდიოდა
წიგნების წასაღებად, რაც ჩემს გაკვირვებას იწვევდა. ისინი გვიკვეთდნენ იშვიათ,
ძვირადღირებულ წიგნებს, რამდენჯერმე გვახსენებდნენ თავს, შემდეგ კი
სამუდამოდ უჩინარდებოდნენ. ზოგიერთი მათგანი - უეჭველად, ნამდვილი
პარანოიკი - მაღალფარდოვანი კილოთი გვიამბობდა ძალზე გულისამაჩუყებელ
ამბებს, რაც კი თავს გადახდენოდა, შემდეგ კი გვიხსნიდა, რომ საფულე შინ დარჩა
(მგონი, ეს თვითონაც სჯეროდა). ისეთ ქალაქებში, როგორიც ლონდონია,
მრავლად ნახავთ მოცლილ შერეკილებს, რომელთა ბრტყელ-ბრტყელი
გამოთქმების მიღმა უმწეობა და დაბნეულობა შეიგრძნობა. მათ მაგნიტივით
იზიდავს წიგნის მაღაზიები, სადაც შეიძლება მთელი დღე გაატარო ისე, რომ ერთი
პენსიც კი არ დახარჯო. გარკვეული დროის შემდეგ ასეთ ადამიანებს ადვილად
ვარჩევდი ჩვეულებრივი კლიენტებისგან. ხშირად, მორიგი პარანოიკის
შემოსვლისთანავე, თაროებიდან ვიღებდით იმ წიგნებს, რომელთაც ის
მოითხოვდა, მისი წასვლის შემდეგ კი წიგნებს თავის ადგილას ვდებდით. შევნიშნე,
რომ არც ერთ მათგანს არ უცდია, მალულად ან საფასურის გადახდის გარეშე
წაეღო წიგნი. ისინი მხოლოდ შეკვეთებს გვაძლევდნენ და ამ გზით საკუთარ თავს
უმტკიცებდნენ, რომ შეძლებული, გადახდისუნარიანი ადამიანები გახლდნენ.
ისევე, როგორც ბუკინისტთა უმრავლესობა, ჩვენც ვეწეოდით სხვადასხვაგვარ
დამატებით საქმიანობას: ვყიდდით ნახმარ საბეჭდ მანქანებს ან, მაგალითად,
მარკებს - გამოყენებულ მარკებს ვგულისხმობ (მარკების შემგროვებლები -
ახირებული, სიტყვაძვირი ადამიანების საგანგებო მოდგმაა). ვყიდდით აგრეთვე
ჰოროსკოპებს. მათ ადგენდა ერთი სუბიექტი, რომელმაც გამოგვიცხადა,
იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა წინასწარ განვჭვრიტეო. ჰოროსკოპები
დაწებებულ კონვერტებში ეწყო. ჩვენი კლიენტები ხშირად გაოცებით
გვიმხელდნენ, რომ მათი ჰოროსკოპები "სწორი" იყო (რა თქმა უნდა, ჰოროსკოპი
"სწორია", თუ ის გაუწყებთ თქვენი გარეგნული მიმზიდველობის შესახებ, ან კიდევ -
იმას, რომ თქვენი ძირითადი ნაკლი - ჭარბი გულუხვობაა). მომგებიანი იყო
საბავშვო წიგნებით ვაჭრობაც. თანამედროვე საბავშვო წიგნები მართლაც რომ
ამაზრზენია. პირადად მე ბავშვს უფრო პეტრონიუს არბიტრს წავაკითხებდი, ვიდრე
- "პიტერ პენს", მაგრამ თვით ჯეიმს ბარიც გაცილებით გაბედული და
თანმიმდევრულია, მის გვიანდელ მიმბაძველებთან შედარებით. საშობაოდ, ათი
დღის განმავლობაში, გამალებით ვაგზავნიდით ღია ბარათებსა და კალენდრებს
(ეს დამღლელი, მაგრამ, საბოლოო ანგარიშში, შემოსავლიანი საქმეა), რომელთა
გამომშვები ფირმები დაუფარავი ცინიზმით ეწეოდნენ ქრისტიანული გრძნობების
ექსპლუატაციას. ისინი ჯერ კიდევ ივნისში გვიგზავნიდნენ თავიანთ კატალოგებს.
დამამახსოვრდა ზედნადები ქვითრის ერთი სტრიქონი: "ოცდაოთხი ჩვილი იესო
ბოცვრებით".
ამასთან, ჩვენი დამატებითი საქმიანობის ძირითად საფუძველს წარმოადგენდა
ჩვეულებრივი ბიბლიოთეკა, სადაც მკითხველებს არ სთხოვდნენ გირაოს
დატოვებას. მხატვრული ლიტერატურის ხუთასი თუ ექვსასი ტომი გვქონდა. ასეთი
ბიბლიოთეკები იზიდავს წიგნის ქურდებს. უადვილესი რამაა ერთ ბიბლიოთეკაში
ორპენსიანი წიგნის მოპარვა, ფასის წაშლა და შემდეგ სხვა ბიბლიოთეკაში მისი
გაყიდვა ერთ შილინგად. მიუხედავად ამისა, წიგნით მოვაჭრეების აზრით, უფრო
მომგებიანია წიგნების ნაწილის დაკარგვა (ჩვენი მაღაზიიდან ყოველთვიურად
თორმეტი წიგნი მაინც იკარგებოდა), ვიდრე - კლიენტების დაფრთხობა გირაოს
მოთხოვნით.
მაღაზია ჰემპსტედსა და კედმენ-ტაუნს შორის იყო განლაგებული. უამრავი
კლიენტი გვყავდა, ბარონეტებით დაწყებული და ავტობუსთა კონდუქტორებით
დამთავრებული. შესაძლოა, ჩვენი ბიბლიოთეკის მკითხველები ლონდონის
მკითხველი საზოგადოების ტიპური წარმომადგენლები გახლდნენ. ალბათ,
დაინტერესდებით, რომელ ავტორს კითხულობდნენ ყველაზე ხშირად. პრისტლის?
ჰემინგუეის? უოლპოლს? უოდჰაუზს? არა. პირველ ადგილზე იყო ეტელ მ. დელი,
მეორეზე - უორვიკ დიპინგი, ხოლო მესამეზე - ჯეფრი ფარნოლი. რა თქმა უნდა,
დელის რომანებს კითხულობდნენ მარტოოდენ ქალები, მაგრამ - ყველა ტიპისა
და ასაკის ქალები, და არა მხოლოდ მარტოობისგან გაბეზრებული შინაბერები ან
თამბაქოს მაღაზიების მეპატრონეთა ჩასორსლებული ქვრივები (როგორც ამას
ხშირად ფიქრობენ). სწორი არაა შეხედულება, თითქოს მამაკაცები საერთოდ არ
კითხულობენ რომანებს, მაგრამ ისინი თავს არიდებენ ხოლმე მათ გარკვეულ
სახეობებს. ეგრეთ წოდებული "საშუალო" რომანი - ესე იგი, ჩვეულებრივი,
წყალნარევი ჰოლსუორთი, რომელიც ინგლისური რომანისთვის ნორმად იქცა, -
მგონი, მხოლოდ ქალებს იზიდავს. მამაკაცები კითხულობენ სოლიდურ რომანებს
ან დეტექტივებს, მაგრამ დეტექტივებს ისინი უჩვეულო რაოდენობით ნთქავენ.
ერთ-ერთი მკითხველი ყოველკვირეულად სანსლავდა ჩვენი ბიბლიოთეკიდან
წაღებულ ოთხ-ხუთ დეტექტივს (სხვა ბიბლიოთეკიდანაც მიჰქონდა წიგნები), თანაც
მაკულატურის ეს უზარმაზარი ნაკადი (ერთი წლის განმავლობაში წაკითხული
გვერდების რაოდენობა, ალბათ, სამ მეოთხედ აკრს დაფარავდა) სამუდამოდ
რჩებოდა მის მეხსიერებაში. სახელწოდებები და ავტორები არ ახსოვდა, მაგრამ
წიგნის დანახვისთანავე ხვდებოდა, წაკითხული ჰქონდა თუ არა ის.
ბიბლიოთეკაში ვლინდება ადამიანთა რეალური გემოვნება და არა მათი
მოჩვენებითი პრეტენზიები. ინგლისელ კლასიკოსთა - დიკენსის, თეკერეის, ჯეინ
ოსტინის, ტროლოპის და ა.შ. - რომანები არავის აინტერესებს. მეცხრამეტე
საუკუნის რომანები, თანამედროვე მკითხველთა აზრით, "დახავსებულია", მაგრამ
დიკენსისა და შექსპირის გაყიდვა ძნელი როდია. დიკენსი ის მწერალია, რომლის
წაკითხვას მკითხველები ყოველთვის "აპირებენ" და რომლის შესახებ (ბიბლიის
მსგავსად) მათ გარკვეული წარმოდგენა აქვთ. თანამედროვე ადამიანებმა
ყურმოკვრით იციან, რომ ბილ საიქსი ქურდი გახლდათ, მისტერ მიკობერი კი
მელოტი იყო, ისევე, როგორც გაგონილი აქვთ, რომ მოსე ლერწმის კიდობანში
იპოვეს და მან სახე დაიფარა, რადგან ღვთის ხილვისა ეშინოდა... მეორე
თვალსაჩინო ტენდენცია - ამერიკული წიგნების მზარდი არაპოპულარობაა.
ნაკლები მოთხოვნაა, აგრეთვე, ნოველებზე. ბიბლიოთეკაში მოსული ადამიანები,
ჩვეულებრივ, მაშინვე აცხადებენ: "ნოველები არ მომცეთ" (ჩვენი ერთი გერმანელი
კლიენტი ამბობდა, არ მსურს "პაწაწინა მოთხრობების" კითხვაო). თუ მიზეზით
დაინტერესდებით, გეტყვიან, რომ დამქანცველია ახალ-ახალი პერსონაჟების
დამახსოვრება, მაშინ, როდესაც რომანის პირველივე თავის წაკითხვის შემდეგ
ყველაფერი "წყალივით მიდის". ჩემი აზრით, ამაში ბრალი მიუძღვით მწერლებს,
და არა - მკითხველებს. ბევრი თანამედროვე ინგლისური და ამერიკული ნოველა
უფრო უსიცოცხლო და უფერულია, ვიდრე - რომანები. კარგი მოთხრობები
საკმარისად პოპულარულია: მაგალითად, დ. ლოურენსის მოთხრობები ისევე
ინტერესით იკითხება, როგორც - მისი რომანები.
მინდოდა თუ არა, პროფესიად გამეხადა წიგნით ვაჭრობა? საბოლოო ანგარიშში -
მაღაზიის პატრონის სათნო ხასიათისა და იქ გატარებული ბედნიერი დღეების
მიუხედავად, - არა.
საკმარისი ოდენობის კაპიტალი, მისი გონივრულად გამოყენების შემთხვევაში,
განათლებულ ადამიანს საშუალებას აძლევს, ამის გარეშეც იოლად გავიდეს.
მიუხედავად ამისა, წიგნით ვაჭრობას მიმართავენ "იშვიათი" წიგნების
მოსაპოვებლად. ამ საქმის შესწავლა ადვილია, ხოლო თუ თქვენთვის ნაცნობია
გასაყიდი წიგნების შინაარსი, წარმატებული ვაჭრობა უზრუნველყოფილია
(გამყიდველთა უმრავლესობა წიგნებს არ კითხულობს. დააკვირდით ჩანაწერებს
შეკვეთილი წიგნების შესახებ. თუ იქ არ იპოვით ბოსუელის "დაცემასა და
განადგურებას", ყოველ შემთხვევაში, აუცილებლად ნახავთ თ. ელიოტის
"ფლორის წისქვილს"(1)). თანაც, ეს ჰუმანური პროფესიაა, რომლის ვულგარიზება
ძნელად თუ მოხერხდება. სინდიკატები ვერასოდეს გამოდევნიან დამოუკიდებელ
წიგნით მოვაჭრეს, თუმცა მათ გამოდევნეს ბაყალი და მერძევე. ამასთან, ეს
შრომატევადი პროფესიაა. მე მხოლოდ დღის გარკვეული ნაწილის განმავლობაში
ვირჯებოდი მაღაზიაში, მაგრამ მისი პატრონი კვირაში 70 საათს მუშაობდა, თუ არ
ჩავთვლით ხშირ ვოიაჟებს წიგნების შესაძენად. წიგნით ვაჭრობა არაჯანსაღი
სამუშაოცაა; როგორც წესი, მაღაზიაში ცივა, რადგან სითბოსგან ფანჯრები
იორთქლება, ფანჯრები კი - ვიტრინაა. ამასთან, არც ერთ საგანზე არ გროვდება
იმდენი მავნე მტვერი, რამდენიც - წიგნებზე, და არსად ისე მრავლად არ იხოცებიან
ბუზები, როგორც - წიგნების ყდებზე. მაგრამ მთავარი მიზეზი, რომლის გამოც უარი
ვთქვი წიგნით მოვაჭრის პროფესიაზე, - ისაა, რომ აღარ მიყვარს წიგნები.
კლიენტების მოტყუების შემდეგ გამყიდველს თავისი უსიამოვნო განცდები
წიგნებზე გადააქვს. ამ განცდებს კიდევ უფრო ამძაფრებს წიგნების პერიოდული
გაწმენდისა და გადაადგილების აუცილებლობა. ოდესღაც მართლაც მიყვარდა
წიგნების (განსაკუთრებით, ძველი წიგნების) სურნელი, მსიამოვნებდა მათი
ფურცვლა. ვნეტარებდი, როდესაც სოფლად გამართულ აუქციონზე წიგნების
დასტას ერთ შილინგად ვიძენდი. მახარებდა მოულოდნელი აღმოჩენები:
მეთვრამეტე საუკუნის დავიწყებული პოეტები; გაცრეცილი გაზეთები; ძველი
რომანების ცალკეული ტომები; სამოციანი წლების ქალთა ჟურნალები. აბაზანაში
ყოფნისას, ან უძილო ღამით, ან კიდევ - ლანჩამდე დარჩენილი თხუთმეტიოდე
წუთის განმავლობაში არაფერი სჯობს "გოგონათა გაზეთის" უკანასკნელი ნომრის
გადათვალიერებას. მაღაზიაში მუშაობისას კი წიგნებზე გული ავიყარე. როდესაც
ყოველდღე უყურებ ხუთ ან ათ ათას ტომს, წიგნები აღარ გიზიდავენ. ახლა
დროდადრო ვყიდულობ თითო-თითო წიგნს, რომელთა წაკითხვაც მსურს და
რომელთაც არავინ მათხოვებს. და არასოდეს ვიძენ ძველ წიგნებს. გაცრეცილი
ქაღალდის საამო სურნელი აღარ მიზიდავს. ჩემს ცნობიერებაში ის განუყოფლად
უკავშირდება პარანოიდულ კლიენტებსა და მკვდარ ბუზებს.

1. აქ მწერალი ქირდავს წიგნით მოვაჭრეთა უმეცრებას. "რომის იმპერიის დაცემა


და განადგურება" - ინგლისელი ისტორიკოსის, ე. გიბონის თხზულებაა, ხოლო
რომანი "ფლორის წისქვილი" ეკუთვნის ჯორჯ ელიოტის კალამს.

თარგმნა თამარ ლომიძემ

უმბერტო ეკო - საუბარი ბაბილონში


ტიგროსსა და ევფრატს შორის, დაკიდული ბაღების ჩრდილქვეშ, ათასზე მეტი
წლის წინ

ურუქი: ჰა, როგორ მოგწონს ეს ლურსმნული? ჩემმა მონათსამბეჭდაო სისტემამ ათ


საათში დაასრულა ხამურაბის მთელი კოდექსი.
ნებროთი: შენი რომელია? სამოთხის ველის Apple Nominator-ი?
ურუქი: გაგიჟდი?! მაგას თირას მონათა ბაზრობაზეც ვერ იშოვი. არა, მე ეგვიპტელი
მონა-მწერალი მყავს, Toth 3 Megis-Dos. ძალიან ცოტას ხარჯავს - ერთი მუჭა ბრინჯი
დღეში - და იეროგლიფებით წერაც შეუძლია.
ნებროთი: ჰო, მაგრამ მეხსიერებაში არაფერი რჩება.
ურუქი: სამაგიეროდ, ფორმატირებას პირდაპირ ასლირებისას აკეთებს. მონა-
მეფორმატე აღარცაა საჭირო, იგი ჯერ თიხისგან ძერწავდა ფირფიტას, მზეზე
აშრობდა, რათა შემდეგ ვიღაც სხვას დაეწერა მასზე. ეს კი, ძერწავს, ცეცხლზე
აშრობს და ეგრევე წერაზე გადადის.
ნებროთი: ეგ ხომ 5,25 ეგვიპტური მტკაველის ფირფიტებს იყენებს და კაი 60
კილოგრამსაც იწონის. იქნებ პორტატული გეცადა?
ურუქი: რა, ქალდეველი ვიზორი თხევადი ბროლით არა? ქურუმების ჩმახვაა ეგ,
მეტი არაფერი!
ნებროთი: არა, ჯიბის მონა-მწერალი, აფრიკელი პიგმეი სიდონიდან. ხომ იცი,
ფინიკიელები ეგეთ რაღაცეებში მაგრები არიან, ყველაფერს ეგვიპტელებს
პარავენ და შემდეგ აპატარავებენ. ნახე: ლეპტოპი, პირდაპირ შენს მუხლებზე
ჩამომჯდარი წერს.
ურუქი: საზიზღარი ვინმეა ეგ შენი კუზიანი.
ნებროთი: კაი ერთი! მაგას ზურგში სწრაფი ბექაპის პლატა აქვს ჩამონტაჟებული.
მათრახის ერთი დატკაცუნება და პირდაპირ ალფა-ბეტა-ში გადადის, ხედავ,
გრაფიკული რეჟიმის ნაცვლად ტექსტურს იყენებს, ოცდაერთი ნიშანი საკმარისია.
ხამურაბის მთელ კოდექსს (3,5-ზე) რამდენიმე ფირფიტაზე დაატევს.
ურუქი: და მერე მოგიწევს კიდევ ერთი მონა იყიდო შრიფტის გადასაყვანად, არა?
ნებროთი: არაფერიც. ამ ჯუჯას კოდის გახსნაც შეუძლია. კიდევ ერთხელ
დაატკაცუნებ მათრახით და ყველაფერი ლურსმნულზე გადაჰყავს.
ურუქი: გრაფიკასაც აკეთებს?
ნებროთი: რა, ვერ ხედავ, სხვადასხვა ფერები რომ აქვს? როგორ ფიქრობ, ვინ
გამიკეთა გოდოლის გეგმები?
ურუქი: მაგას უჯერებ? ყველაფერი რომ დაინგრეს?
ნებროთი: თუ ძმა ხარ! პითაგორა და Mempis Lotus-ი ჩავუტვირთე მეხსიერებაში.
აძლევ გეგმას, წკაპ და ეგრევე გიხატავს ზიქურათს სამ განზომილებაში.
ეგვიპტელები პირამიდებს "მოსეს" სისტემით აშენებდნენ, რომელიც ათ ბრძანებას
ასრულებდა და ათიათასობით მონა-მწერლებით იყო დალინკული. ინტერფეისები
მუდამ მტრობდნენ ერთმანეთს. მთელი ამ ჯართის გადაყრა წითელ ზღვაში
მოუწიათ, წყალმაც კი აიწია.
ურუქი: გამოთვლებს აკეთებს?
ნებროთი: ზოდიაქოც იცის. მომენტალურად გაჩვენებს შენს ჰოროსკოპს და - What
you see is what you get.
ურუქი: ძვირი ღირს?
ნებროთი: აქ თუ იყიდი, მთელი მოსავალი არ გეყოფა, ბიბლოსის ბაზრობაზე კი
ერთი ტომარა სათესლე ხორბალიც საკმარისი იქნება. ჭამით კარგად უნდა აჭამო,
ხომ იცი, garbage in - garbage out.
ურუქი: მე ჩემი ეგვიპტელიც მაკმაყოფილებს. მაგრამ შენი ჯუჯა რომ ჩემს 3 Megis-
Dos-ს მიუდგეს, არ მოხერხდება, ზოდიაქო ასწავლოს?
ნებროთი: ეგ უკანონობაა: როცა ყიდულობ, უნდა დაადასტურო, რომ მარტო
ინდივიდუალური სარგებლობისთვის გინდა... მაგრამ ჯანდაბას, ყველა აკეთებს
ამას, მოდი ჩვენც ჩავაკონექტოთ. ოღონდ არ მინდა, რომ შენსას ვირუსი
აღმოაჩნდეს.
ურუქი: რას ამბობ, ხარივით ჯანმრთელია. ყველაზე მეტად სხვა რამ მაშინებს:
ყოველდღე ახალი კილო ჩნდება, ბოლოსდაბოლოს, პროგრამების აღრევა არ
მოხდეს.
ნებროთი: დაწყნარდი, პონტია, ბაბილონში ეგ შეუძლებელია.

თარგმნა მალხაზ ხარბედიამ

ახალი სასიყვარულო უწესრიგობა

პასკალ ბრიუკნერი

ალენ ფენკელკროტი

ახალი სასიყვარულო უწესრიგობა

შფოთი

მე შენ მიყვარხარ: ამ პირვექმნილ გზავნილში, ფაქტიურად, თავს იყრის


განსაკუთრებული, ერთმანეთისგან განუყოფელი აფექტები, ხოლო მის გარეგნულ
სისადავესა და სიმარტივეში გადახლართულია აღტკინება, წუხილი, პატივისცემა
და ალერგია. აღსარების ჩურჩულში ისმის ნამდვილი სენტიმენტალური
კაკოფონია, რომელშიც სიყვარული სხვადასხვა ხმაზე საკუთარ საგალობელს
მღერის.
"მე შენ მიყვარხარ", პირველ ყოვლისა, და ეს მისი გრამატიკული სიცხადეა,
მტკიცებითი დებულებაა, რომელიც გულისხმობს ექსტაზს, პაროქსიზმს და
ბედნიერებას. ამ მტკიცებულებას ოპტატიური (სურვებითი) ხასიათიც აქვს: მე
ვამბობ "მე შენ მიყვარხარ", რათა დავიბრუნო ის "მე", რომელიც, მას შემდეგ, რაც
შევიყვარე, მე აღარ მეკუთვნის და გავამთლიანო ჩემი შინაგანი და სუბსტანციური
სამყარო, რომელსაც დამაშორეს. მე ვლაპარაკობ იმ ადგილზე, - "შენ", -სადაც მე
ვწყვეტ ჩემს არსებობას: ეს ის ადგილია, სადაც მეორე ჯერ არ არის და სადაც მე
მის ნახვას ვისურვებდი. "მე შენ მიყვარხარ" მუდარის შემცველი (propitiatoir)
გამოთქმაცაა: ის სთხოვს ნაცვალსახელებს წამოაჩინონ პიროვნებები: "მე"
დაკარგული "შინაგანობის" (interiorite) ნოსტალგიას მიანიშნებს, "შენ" სურვილს,
რომ სიყვარულის საგანმა საკუთარი იდენტურობა მოიხვეჭოს. "მე შენ მიყვარხარ"-
ში ბრძანებითი კილოს მგზნებარებაც ისმის: შემიყვარე! გიბრძანებ, გიყვარდე!
ვალს გადახდა უნდა! ჩემო სიყვარულო, გსურს, თუ არა, გახდი ჩემი მოვალე: შენ
შეცდი, დანაშაული ჩაიდინე და ბრალს სამაგიეროს მიზღვევით თუ გამოისყიდი.
როდესაც შენგან სიყვარულს ვითხოვ, მე ჩემს მოთხოვნას საკუთარი სიყვარულით
ვამართლებ, მსგავსად მარკიზ დე სადის უზნეო პერსონაჟებისა, რომლებიც
გამართლებას პოულობენ სურვილში, რომელიც მათ ნანატრი არსების
დაუფლებისკენ უბიძგებს. ყველა ნაზი შეყვარებული სადის გზით მიდის.
დაბოლოს, "მე შენ მიყვარხარ" კითხვითი ფორმის შემცველიცაა: გიყვარვარ? ეს
პანიკური კითხვაა, რადგან პასუხზეა დამოკიდებული, შევაღებ თუ არა სამოთხის
კარს. თუ კი აღსარებას ვეღირსე, შევძლებ სამყაროს სახე ვუცვალო. ერთი
ამოსუნთქვა და სუბიექტურობის დაკარგვის განცდას ნარცისული აღტკინება
შეენაცვლება: ეიფორიაში მყოფი, ჯერ კიდევ გონებადაბინდული და მშფოთვარე,
დავტკბები საკუთარი "მე"-ს მოპოვებით, რომელიც მეორემ წარმტაცა, რაწამს
გამომეცხადა. მეორემ საკუთარ თავს "წამართვა" (ravir-წართმევა, გატაცება,
მოხიბვლა). ახლა ისევ ძალოვანი შევიქმენი. ორმხრივი სიყვარულისას,
გამოთქმის "მე შენ მიყვარხარ" შენობითობა სიამოვნების მოახლოებას
მოასწავებს: ეს არის ტყვეობა, რომელიც ტყვეს ყველაზე ღრმა ეიფორიაში
ჩაძირავს. გზავნილის ავტორის მიზანი "გამოჭერაა" და სასიყვარულო აღსარებით
სულშეძრული ადრესატიც "გამოჭერილია". ორმხრივობა შესაძლებელია,
როდესაც შანტაჟის მსგავსი, იმპერატიული სასიყვარულო გზავნილი
ადრესატისთვის ბედნიერებისა და სისავსის დაპირებად იქცევა.

მიშელა მარზანო - სექსუალობის ფილოსოფია


ნიშნავს თუ არა სექსუალობაზე საუბარი მხოლოდ იმის გააზრებას, თუ რა უბიძგებს
ერთ ადამიანს მეორესთან შეხვედრისკენ? "აღქმის ფენომენოლოგიაში" (1945)
მორის მერლო-პონტი გვიხსნის, რომ სექსუალობისა და სურვილის (desir)
მეშვეობით, თითოეული ინდივიდი ერთდროულად იძენს გამოცდილებას
დამოკიდებულებისა (ისურვო ვინმე ნიშნავს იყო დამოკიდებული მასზე და იმაზე,
თუ როგორ გამოეპასუხება ის ჩვენს სურვილს), და გამოცდილებას ავტონომიისა:
დამოკიდებული სხვაზე, ადამიანური არსება ამ "სხვა"-ს დამორჩილებას და საგნად
ქცევას ესწრაფვის. ამის გათვალისწინებით, სექსუალობა გულისხმობს მეორესკენ
სვლას და მისი დამორჩილების სურვილს. ამასთან ერთად, მას სცენაზე გამოჰყავს
თავდავიწყება (abandon), რომელიც ახასიათებს ორი არსების შეხვედრას: სწორედ
სექსუალურ აქტში სუბიექტი აღმოაჩენს ტკბობას, რომელიც ერთდროულად
წარმოაჩენს მის ღრმა ინტიმურობას, ისევე როგორც საკუთარ თავთან გაუცხოებას
და სწვდება საკუთარი სურვილის და საკუთარი ყოფიერების სიღრმეებს. ამიტომ,
სექსუალობაზე საუბრისას სრულიად არ არის საკმარისი მორცხვად შევეხოთ მის
საიდუმლოებებს. მას, ვინც სექსუალობასა და ვნებებზე ლაპარაკისას ცდილობს
საკუთარი მეტყველება თემას მიუსადაგოს და დაუფარავად თქვას სათქმელი,
ადვილი შესაძლებელია, უხამსობაში დასდონ ბრალი. მამაკაცს და ქალს
ერთნაირად უჭირთ ისაუბრონ საკუთარ ინტიმურ გრძნობებზე, იმაზე, თუ რას
ნიშნავს მათთვის სექსუალური აქტი და რა განცდებს აღძრავს ის მათში.
სექსუალობაზე ლაპარაკი ნიშნავს შესძლო იმ ბნელი უფსკრულის განათება,
რომელშიც სიამოვნების მოპოვების მსურველი იძირება. მაგრამ სექსუალობის
არსის ფილოსოფიურ ენაზე ამეტყველებისას - სწორედ ეს არის ამ ენის
დამახასიათებელი თვისება - პირველქმნილ სახეს ინარჩუნებს და ხელუყოფელი
რჩება ის უცნობი, რაც იმალება ყოველ მამაკაცსა და ქალში, რადგან ენა მას არც
ბანალურ ხასიათს სძენს და არც მიაჩუმებს.

სურვილის სუბიექტები და ობიექტები


როდესაც ვინმეს სურვილი ჩნდება, სურვილის აღმძვრელი, ანუ "ნასურვები" (desire)
ხდება სურვილის "ობიექტი", რომელიც სექსუალური კავშირის დროს შიშველი და
სრულიად დაუცველი შენს გვერდით წევს და მზად არის მიიღოს შენგან ალერსი და
კოცნა, დააკმაყოფილოს შენი ნებისმიერი მოთხოვნა. ობიექტს შეგიძლია
დაუყვავო, მიეფერო, შეგიძლია ტკივილი და ტანჯვა მიაყენო... ობიექტი
თავისთავად... მაგრამ თქმა იმისა, რომ "ნასურვები" არის "სურვილის ობიექტი",
არ ნიშნავს, რომ ეს არსება ავტომატურად უბრალო საგნის მდგომარეობამდეა
დაყვანილი, რადგან სურვილის ყოველი ობიექტი, ამავდროულად, არის
სურვილის სუბიექტი. არსებითად, სურვილით გამოწვეული ურთიერთობა არ არის
"საგანთა ურთიერთობა", არამედ ურთიერთობა, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ
"ინტერსუბიექტურობა" (სუბიექტთაშორისი ურთიერთობა). ბევრი გაუგებრობა,
განსაკუთრებით დღეს, განპირობებულია ობიექტივაციის მრავალნაირი ფორმის
არსებობით. ობიექტივაცია მუდამ აქცევს მეორეს, სხვას, ობიექტად, თუმცა
მტკიცება იმისა, რომ სხვა არის ობიექტი, არ ნიშნავს, რომ ის არის "ნივთი".
ცნებები "ობიექტი" და "ნივთი" არ არიან სინონიმები. სიტყვა "ნივთი" მიანიშნებს
უსულო, მოსახმარ, გამოსაყენებელ "მატერიალურ ერთეულს". "ობიექტი"
აღნიშნავს, მეტწილად, ყოფიერებას, რომელსაც მიემართება გრძნობა,
რომლისკენაც ისწრაფვიან სურვილი, ნებელობა, ძალისხმევა და მოქმედება.
უსულო და მოხმარებისთვის განკუთვნილი ნივთისგან განსხვავებით, ობიექტი
უკავშირდება სიყვარულს და ალერსს. და თუ ასეა, რა შეიძლება ითქვას
სექსუალური აქტის დროს ობიექტთან ურთიერთობაზე, რა კავშირი მყარდება
"თანამონაწილეებს" შორის? სხვისი სხეულის დაუფლების პროცესში, ინდივიდი
უკავშირდება არა მხოლოდ "ნასურვები არსების" ხორციელ ყოფიერებას, არამედ
საკუთარ ხორციელ არსებობასაც. როდესაც ჩნდება ვინმეს სურვილი,
შეუძლებელია საკუთარი სურვილის "გარეთ" დარჩენა. სურვილი "ჩაგვითრევს".
თითოეული ჩვენგანი საკუთარი სურვილის თანამზრახველია და ამით
გაიცნობიერებს საკუთარ ყოფიერებას, როგორც "ყოფიერება-სხეულს". სხვისი
ობიექტივაცია არ ნიშნავს აუცილებლად სხვის დაყვანას ინსტრუმენტის, შენთვის
სასარგებლო ხელსაწყოს დონეზე: შეიძლება ფლობდე ვინმეს და ამის გამო არ
უარყო თვით ფლობისა და ობიექტის, მამაკაცი იქნება თუ ქალი, სუბიექტურობის
ურთიერთდამოკიდებულება. თითოეული ჩვენგანი მეორეს წინაშეა, პირისპირ
უდგას და ეპასუხება მის ალერსს, მიენდობა მეორეს და მის კონტროლს, ისე,
თითქოს მისი საკუთარი ნდობა აუცილებლად ითხოვს მეორესგან საპასუხო
ნდობას.

შეუძლებელი "დაუფლება"

"საკუთარ თავს ვარწმუნებთ, რომ შეგვიძლია დავეუფლოთ სხეულს, - წერს


ფრანსუა მორიაკი "ცეცხლის მდინარეში" (1923) - ჩვენ შევდივართ მასში, ხარბად
ვეწაფებით მის სუნთქვას, მაგრამ მის დაუფლებას ვერ ვახერხებთ". სურვილს,
რომელიც მეორისკენ გვიბიძგებს, გადაულახავ დაბრკოლებად ეღობება მეორეს
რადიკალური განსხვავებულობა, "სხვაობა". ამრიგად, მეორე მუდამ გაგვირბის: ის
არ დაიყვანება იმ აზრამდე, რომელსაც ჩვენ მის შესახებ შევიქმნით, არც იმ
ჟესტებამდე, რომელსაც მასთან ურთიერთობისას ვხმარობთ. ის აშკარად
წარმოაჩენს ჩვენში იმას, რაც გვაკლია, იმას, რაც არ არის და გვაიძულებს უარი
ვთქვათ ტოტალურ ფლობაზე, რადგან ფლობის უკიდურეს ზღვრამდე მისვლის
მცდელობა ნიშნავს მეორეს მოშთენას და ამით არა მხოლოდ სურვილის, არამედ
მისი ობიექტის განადგურებას. "მეორე,-აბსოლუტურად სხვა,-სურვილის
პარალიზებას ახდენს და ამით მიანიშნებს, რომ მისი დაუფლება მხოლოდ მისი
საბოლოო განადგურებით შეიძლება", (ემანუელ ლევინასი, "ტოტალურობა და
უსაზღვროება").
ყოველივე ზემოთქმული მარკიზ დე სადის პოზიციის ანტითეზაა. "ღვთაებრივი
მარკიზის" შემოქმედების სულისჩამდგმელი პრინციპები ერთობ მარტივია. მისი
აზრით, "ბუნების თვალში ყველა არსება ერთგვაროვანია". ამავე დროს, მის
პერსონაჟებს დისიმეტრია ახასიათებთ: თავისუფალ მოაზროვნეთა (liberten -
ამორალური პიროვნება, რომელიც უგულველყოფს რელიგიურ და
საზოგადეობრივ ნორმებს) ენერგია ამ უკანასკნელთ ადამიანთა უმრავლესობაზე
მაღლა აყენებს. სადი მათ სხვებზე ბატონობის, "სხვების გასრესის" უფლებას
უბოძებს. ეს მას ნებას აძლევს ამტკიცოს, რომ არაფერი აიძულებს თავი გასწიროს
სხვებისთვის ან მათი შენარჩუნებისათვის იზრუნოს. მას უფლება აქვს დაიმონოს
სხვები, "განკარგოს" ისინი, თუ კი ეს შესაძლებელს გახდის მის პირად
ბედნიერებას. სადი ცივი, თითქმის ყინულოვანი თვალებით ზომავს ადამიანებს და
სექსუალობას. თუ კი მისი გმირი ვინმეს ეხება (შეხების გამომხატველი ზმნები
ჭარბად მოიპოვება მის ნაწარმოებებში), ეს სხვა არაფერია, თუ არა მეორესთვის
ტკივილის მიყენება. სადი სხეულს დაუფლების ობიექტად/ნივთად აქცევს. წამება,
ერთდროულად უტანელი და გროტესკული პოზები, რომლის მსხვერპლად
წარმოგვიდგებიან "ჟიუსტინის" ან "ას ოცი დღის" პერსონაჟები, აშკარად
წარმოაჩენს სადის შეხედულებას ადამიანთა ურთიერთამოკიდებილებაზე:
ყოველი კიდური იმსხვრევა ან მახინჯდება, სხეული კი ერთმანეთისგან
დამოუკიდებელი ნაწილების მექანიკურ ერთობად იქცევა. სექსუალური აქტი
მუდამ კოლექტიური ქმედება, წამება ან ინცესტია. ქალები, თუ კი ისინი
"ლიბერტინების" თანამზრახველები და თანამგზავრები, ან სულაც
ბოროტმომქმედები არ არიან, მხოლოდ ზიზღს და სიძულვილს იმსახურებენ:
"იცოდეთ, ჩვენ თქვენ ადამიანურ არსებებად არ მიგვაჩნიხართ, პირუტყვები ხართ,
რომლებსაც საკვებს მხოლოდ იმიტომ აძლევენ, რომ იმსახურონ, ურჩობის
შემთხვევაში კი უმოწყალოდ ხოცავენ".
თუ ასეა, რაღა რჩება სექსუალობიდან? პიროვნებათა ურთიერთობა უბრალო
გაცვლა-გამოცვლასა და ერთის მიერ მეორეს აბსოლუტურ დამორჩილებამდე
დაიყვანება. ეს წმინდად ეკონომიკური ურთიერთობაა. "სექსუალური შეხვედრის"
სპეციფიკურობიდან აღარაფერი რჩება. როგორც ჟორჟ ბატაი გვიხსნის:
"ადამიანური სექსუალობა აიძულებს ადამიანს საკუთარ ცნობიერებაშიUკითხვის
ქვეშ დააყენოს საკუთარი ყოფიერება" ("ეროტიზმი). ის დაღს ასვამს ადამიანური
არსებობის პირობებს და მთლიანად ჩაითრევს ადამიანს: "აღარ არის
სუბიექტი=ობიექტს, არის ნაპრალი და გასვლა, მაგრამ არა ერთიდან მეორესკენ:
ორთავე კარგავს საკუთარ არსებობას, სუბიექტიც და ობიექტიც სექსუალურობაში
ითქვიფება".

ჯულიან ბარნსი - მსოფლიოს ისტორია 10 1/2 თავად


ჯოის კეროლ ოუტსი
"მაგრამ ნოე ვერ იყო კაი კაცი"
ჯულიან ბარნსი, "მსოფლიოს ისტორია 10 1/2 თავად"

პოსტ-მოდერნისტულად ჩაფიქრებული, მაგრამ მისაწვდომი სისადავითა და


უბრალოებით შესრულებული ჯულიან ბარნსის მეხუთე წიგნი არც რომანია,
როგორც იხსენიებენ და არც მსუბუქი, პოპულარული ენით დაწერილი მსოფლიოს
ისტორია, როგორც სათაური გვაფიქრებინებს. XX საუკუნის წარმომადგენლების -
უცილობლად ბორხესის, კალვინოსა და ნაბოკოვის, ასევე როლანდ ბარტისა და
შესაძლოა, მიშელ ტურნიეს გავლენით დაწერილ წიგნზე "მსოფლიოს ისტორია 10
1/2 თავად" უპრიანი იქნება ითქვას, რომ ესაა ერთად თავმოყრილი პროზაული
ნაკვთები, ერთგვარი პროზა, სადაც ზოგიერთი ნაკვთი ესეს უფრო ჰგავს.
ბატონი ბარნსის საფიქრალი თავიდან ბოლომდე აბსტრაქტულია და
ფილოსოფიური, თუმცა ტონი უპრეტენზიო აქვს; მთავარი თემები - ნოეს კიდობანი,
ხმელთაშუა ზღვაში სამოგზაურო გემის ძარცვა არაბი ტერორისტების მიერ,
ფრანგული გემის "მედუზას" დაღუპვა, იონა ვეშაპის მუცელში, მძინარე ქალი,
ფილმის გადამღები ჯგუფის თავს დამტყდარი ამბავი ვენესუელაში,
არაჩვეულებრივი გამოცდილებით გადასხვაფერებული ამერიკელი კოსმონავტი,
ზეცის კომიკური ხედვა - მხოლოდ და მხოლოდ განსჯის საწყისი წერტილებია.
ბარნსი ძალიან ჰგავს ბორხესს იმით, რომ მოსწონს სხვადასხვანაირ
მეტამორფოზებში ლეიტმოტივების გავლება. მარქსის ცნობილი აზრი ჰეგელის
იდეის შესახებ - "ისტორია საკუთარ თავს იმეორებს, ჯერ ტრაგედიის და შემდეგ
კომედიის სახით" - ბატონ ბარნსს რომ აქვს მოტანილი, ერთ-ერთი მთავარი
პრინციპია წიგნის "მსოფლიოს ისტორია 10 1/2 თავად" აგებულებისა. სულ
სხვაგვარად სვამს გამაოგნებელ კითხვას - "ვითარდება და წინ მიიწევს
მსოფლიო? თუ მხოლოდ ბორანივით მიდი-მოდის წინ და უკან?" - ბატონი ბარნსის
უფრო ადრეული ნაწარმოების "ფლობერის თუთიყუშის" მთხრობელი.
გამეორებების, გადანაცვლებების და კომბინაციების პრინციპის გამო,
გარდაუვალია, რომ ბატონი ბარნსის ზოგიერთი ნაკვთი უფრო წარმატებულია,
ვიდრე დანარჩენები. გამოგიტყდებით, გული შემეკუმშა, როცა მივხვდი, რომ
პირველი თავი იყო Anobium domesticum ჯიშის (ხის მღრღნელისა თუ თერმიტის) -
კიდობანში მალულად შეპარული შვიდეულიდან ერთ-ერთის ლაქლაქი,
სამასხარაო ისტორია ნოეს კიდობნისა, რომელსაც ავსებდა ცხოველების -
ბეჰემოთის, სალამანდრას (ნამდვილი სალამანდრას, ცეცხლში რომ ცხოვრობს),
ვასაკის, მარტორქის და ასეთების - ფანტაზია და ნოეს სახის რევიზიონისტული
ინტერპრეტაცია: "არ ვიცი, ივარგებს თუ არა თქვენთვის ამის გამხელა, მაგრამ ნოე
ვერ იყო კაი კაცი. ვხვდები, რომ ეს უხერხული ნათქვამია, რაკიღა ყველა მისი
შთამომავლები ხართ; მაგრამ ასეა. ურჩხული იყო; გაფუყული პატრიარქი,
რომელიც დღის პირველ ნახევარში ღმერთის წინაშე მუხლებზე ხოხავდა და
მეორე ნახევარში ამას ცხვირში ძმრად გვადენდა".
ეჭვს აღძრავს ასევე მეორე ნაკვთის "სტუმრების" უამური პროზა, სადაც
მოთხრობილია, როგორ გაძარცვეს არაბმა ტერორისტებმა სამოგზაურო გემი
ხმელთაშუა ზღვაში; ეს ეპიზოდი მთლიანად დაუჯერებელია, ტერორისტების
მეთაური თეატრალური, მასხრულ-ჰოლივუდური ჟარგონით ლაპარაკობს:
"ქვეყანა სამხიარულო ადგილი კი არ არის. ძველი ცივილიზაციების კვლევით ეგ
უნდა გესწავლათ. მაგრამ... მგზავრებს ჩვენ ავუხსნით, რა ხდება. როგორ
მონაწილეობენ ისტორიაში. და რა არის ეგ ისტორია". მაგრამ "მსოფლიოს
ისტორია 10 1/2 თავად" გრძელდება, ლეიტმოტივები ისევ და ისევ მეორდება,
ხშირად კომიკურად გონებამახვილური კომბინაციებით, წიგნი სულ უფრო და
უფრო გიტაცებთ, გიპყრობთ და თუ გავითვალისწინებთ ხელოვნების ჩვეულ
დამახინჯებებს, ინფორმაციასაც გაწვდით. ესეისტის მკაფიო ხმა სულ უფრო და
უფრო ფარავს პროზაიკოსის გაურკვეველ ხმას - "როცა ვამბობ "მე", მოისურვებთ,
ერთი-ორი აბზაცის შემდეგ იცოდეთ, ვის ვგულისხმობ - ჯულიან ბარნსს თუ
გამოგონილ პიროვნებას", - ამ წიგნში ავტორი ინტონაციის ისეთივე გენიალურ
ოსტატად წარმოგვიდგება, როგორც "ფლობერის თუთიყუშში".
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური თავია "გემის დაღუპვა", რომელშიც ფაქტობრივი
აღწერილობაა 1816 წელს ფრანგული გემის "მედუზას" დაღუპვისა და
დაწვრილებითაა განხილული ჟერიკოს ცნობილი სურათი "გემის დაღუპვის სცენა"
(გემი "მედუზას" სახელით რომ მოიხსენიება), რომელიც 1819 წელს დასრულდა.
"როგორ აქცევთ ხელოვნებად კატასტროფას?" - კითხულობს ბატონი ბარნსი; და
თვითონვე საკმაოდ დამაჯერებლად პასუხობს ამ კითხვას. შესაძლოა,
მხატვრობაზე მისმა მსჯელობამ ხელოვნების ისტორიკოსები ორიგინალობით ვერ
გააკვირვოს, მაგრამ არაპროფესიონალებისთვის, განსაკუთრებით, ლიტერატურის
მოყვარულებისთვის, იგი ჭეშმარიტების ბეჭდითაა აღბეჭდილი. ბატონი ბარნსი
ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება ჟერიკოს ფერწერული ტილოს ხატვისას, თვალს ადევნებს,
თუ როგორ იცილებს მხატვარი იდეებს - როგორც წარმოსახვით მხატველ
ხელოვანს შეჰფერის - თუ როგორ მუშაობს "შთაგონებით", აყალიბებს დეტალებს,
როცა ეს აუცილებელია, უარს ამბობს "ცხოვრებისეულ სიმართლეზე"
"ხელოვნების სიმართლის" გამო. სინამდვილე მითად იქცევა ისე, როგორც სხვა
დროს, მითი იქცევა სინამდვილედ. "დროის მეშვეობით ერწყმის და უერთდება
ამბავი ფორმას, ფერს, გრძნობას".
მხოლოდ ისტორიის "ღუზის" აშვებაა მიზეზი, რომ სურათი, რომელიც ჩვენთვის
"გემი მედუზას" სახელითაა ცნობილი, ტრანსცენდენტურ ალეგორიად
წარმოგვიდგება "სურათის საიდუმლო მისი ენერგიის მუხტია. კიდევ ერთხელ
შეხედეთ: გამანადგურებელ თავსხმაში ერთმანეთს მიჯრილი, დაკუნთული
ზურგები პაწაწინა წერტილებად ჩანან, ხომალდის გადარჩენას რომ ცდილობენ.
ასეთი დაძაბულობა - და როგორი დასასრული? უპასუხოდ რჩება სურათზე
ამტყდარი ღელვა, ისევე, როგორც უპასუხოა ადამიანის გრძნობათა უმეტესობა.
არა მხოლოდ იმედი, არამედ ნებისმიერი უსაზღვრო გრძნობა: პატივმოყვარეობა,
სიყვარული (განსაკუთრებით, სიყვარული) - რარიგ იშვიათად პოულობენ ჩვენი
გრძნობები ისეთ ობიექტს, როგორსაც იმსახურებენ". კატასტროფა ხელოვნებად
იქცევა. იქნებ, სწორედ ესაა ხელოვნების მიზანი.
თუმცა ბატონი ბარნსი სასხვათაშორისოდ შენიშნავს: "ირონიის
განსაზღვრებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ეს ისაა, რაც ადამიანებს ენატრებათ".
სწორედ დახვეწილი, კეთილგანწყობილი, თვითგამომხატველი ირონიით სავსე
ქვეტექსტი განსაზღვრავს წიგნის "მსოფლიოს ისტორია 10 1/2 თავად" ინტონაციას.
ირონია და იუმორი: იონას ამბისა და ხელოვნებაში მისი იკონოგრაფიული ასახვის
ანალიზში მოცემულია განსხვავებული დამოკიდებულება ძველი აღთქმის
ღმერთისადმი, რომელიც დღევანდელ გონიერებას მითიური ლოგიკის
წინააღმდეგ ამხედრებს: "დიდი ვერაფერი ამბავია, არა? ძველ აღთქმაში ჭარბობს
დამანგრეველი არარსებობა თავისუფალი ნებისა - ან თუნდაც თავისუფალი ნების
ილუზიისა. ღმერთს ყველა კარტი ხელში უჭირავს და ყველა ხრიკს იგებს.
გაურკვეველი მხოლოდ ისაა, ამჯერად თუ როგორ აპირებს უფალი თამაშს:
კოზირის ორიანით დაიწყებს და ტუზამდე ავა, ტუზით დაიწყებს და ორიანამდე
ჩამოვა, თუ ერთმანეთში აურევს. და რაკი ვერასოდეს იტყვით, რას იზამს
შიზოფრენიული პარანოიკი, ეს ელემენტი თხრობას გეზს ვერ აძლევს".
"შესავალ სიტყვაში" მთხრობელი უძილობისას, მძინარე ცოლის გვერდით წევს და
სიყვარულზე ფიქრობს. აღმოაჩენს, რომ კარგად ვერ ხვდება, რა არის სიყვარული
და თან მოთმინებას კარგავს, როცა საქმე "ირიბად ნათქვამ პროზას" ეხება.
მონოლოგი არეულია, დაუსრულებელი, არტისტული მეტიჩრობის გარეშე,
გულწრფელი: "არ ვიცი, ანგარიშიანი სიყვარული ჯობია თუ უანგარო, მდიდრის
სიყვარული უფრო მტკიცეა თუ ღატაკისა, ჰეტეროსექსუალური სიყვარული უფრო
ვნებიანია თუ ჰომოსექსუალური, ქორწინება აძლიერებს სიყვარულს თუ
დაუქორწინებლობა. შეიძლება, დიდაქტიზმმა მომხიბლოს, მაგრამ ეს რჩევების
სვეტი არ არის".
ფაქტიურად, ცოტათი მაინცაა რჩევების სვეტი: "უნდა გვწამდეს (სიყვარულის),
თორემ დავიღუპებით. შეიძლება სიყვარული ვერ გამოვცადოთ, ან გამოვცადოთ
და უბედურება მოგვიტანოს; მაინც უნდა გვწამდეს, თუ არ ვიწამეთ, მაშინ მხოლოდ
ქედს მოვუხრით მსოფლიოს ისტორიას და სხვის ჭეშმარიტებას".
თავში "დინების წინააღმდეგ!" ეპისტოლარული ფორმით მართალია, ქაოსურად,
მაგრამ მღელვარედაა აღწერილი ამბავი, რომელიც ამერიკელთა ფილმის
გადამღებ ჯგუფს შეემთხვა ვენესუელას ჯუნგლებში. ესეც "სინამდვილეზე" განსჯად
წარმოგვიდგება. როგორები არიან გადამღები ჯგუფის მიერ დაქირავებული
ინდიელები - პრიმიტიულები თუ გარკვეულწილად უფრო დახვეწილები, ვიდრე
თეთრკანიანები, რომლებიც საკუთარ უპირატესობას დამსახურებულ ჯილდოდ
მიიჩნევენ? თავიანთი ძალადობით საკუთარი ისტორიის ლეგენდარულობას
ასხამენ ხორცს თუ ასე არ ეპუებიან ამ ისტორიას? ვინც სანდო ჩანდა,
სინამდვილეში ნუთუ მართლა მოღალატე ოპორტუნისტი გამოდგა, და მხოლოდ
კინოვარსკვლავების სიკვდილის მიზეზი კი არ გახდა, არამედ ბანაკის
აღჭურვილობაც გააყოლა ხელს? გადარჩენილი - მთავარი როლის ერთ-ერთი
შემსრულებელი ლამის ნერვიულად დაავადდეს ამ კითხვებზე პასუხის ძიებისას.
"ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული, ის ნაწილებიც კი, რაც არ მოგვწონს, -
ფიქრობს პერსონაჟი ქალი, - განსაკუთრებით ის ნაწილები, რაც არ მოგვწონს".
ახალგაზრდა ქალის საზრუნავი გადარჩენაა ამ წაბილწულ ქვეყანაში, რომელსაც
ყოველ წამს ომის საფრთხე ემუქრება, მაგრამ ერთიანობის თემა ყოველ თავს
ლეიტმოტივად გასდევს და ისევ და ისევ წარმოგვიდგენს მჭიდროდ შეკავშირებულ
სახეებს, იდეებს, ფრაზებს, ირონიულ პასაჟებს - იმ საბავშვო, სასაცილოდ
თავსატეხი ნახატებივით, სადაც ადამიანის ან ცხოველის ფიგურები შეიძლება
ფოთლების, ღრუბლების, პეიზაჟების სადა მოხაზულობაში აღმოვაჩინოთ. ვინმემ
შეიძლება ოდნავ უკან დაიხიოს, როცა პირისპირ აღმოჩნდება სიმწარესთან - ეს
შეიძლება იყოს ნოეს კიდობანი, წარღვნა, გადარჩენა - ან სიკვდილი - ზღვაში,
გემი, არსებათა დაყოფა "სუფთებად და უსუფთაოებად". ბატონი ბარნსის რბილი
ტონი რომ არა, ვინმე შეიძლება დაეჭვებულიყო, სტრუქტურალისტური აზროვნების
პაროდიას ხომ არ გვთავაზობსო; მაგრამ საერთო მიზანი გაცილებით უფრო
კომიკური ჩანს, ესაა იდეების კომედია, "ფაბულაცია" (ფაბულაცია: "რამდენიმე
რეალური ფაქტის გარშემო ახალი ამბის შექმნა"). სამოთხის ესოდენ ნაცნობი
ხილვა - მატერიალური სურვილების დაუსრულებელი განხორციელება, მერე
გარდაუვალი მოწყენა და სიკვდილის სურვილი შეიძლება მაინცდამაინც
ეფექტური დასასრული ვერ იყოს პროვოკაციული წიგნისთვის, მაგრამ ბოლო
აბზაცი იდეალურია: "დამესიზმრა, რომ გავიღვიძე. ეს ყველაზე ძველი სიზმარია და
სულ ახლახან ვნახე".
"მსოფლიოს ისტორია 10 1/2 თავად" იდუმალების საბურველს ჩამოხსნის საკუთარ
თემებს და მათ თითქმის ჩვეულებრივ ელფერს ანიჭებს: "როგორი სკეპტიკურებიც
არ უნდა ვიყოთ, მითი სინამდვილედ უნდა იქცეს". ამგვარად იგი ანადგურებს,
იქნებ ამასხარავებს კიდეც საკუთარ პატივმოყვარეობას. თუკი მკითხველს ამ
წიგნის ხელში აღებისას არ ეცოდინება, რა სახის პროზას, გამონაგონს უნდა
ელოდეს, იდეები ისეთი თხრობით წარმოუდგება, დაივიწყებს კიდეც, რომ ეს
"იდეებია" და სრულყოფილი სამყარო გაცოცხლდება პროზით, რომელშიც -
სადავო აქ არაფერია - ხალისიანი, მახვილგონივრული და თავშესაქცევი
მოსაზრებებისთვის თავი მოუყრია კაცს, ვისთვისაც იდეები აშკარად ყველაზე
მნიშვნელოვანი რამ არის; კაცს - თითქოსდა პრე-პოსტ-მოდერნისტთა მოდგმის
კვინტესენციურ ჰუმანისტს.

ინგლისურიდან თარგმნა ნინო ქაჯაიამ

ბლეზ პასკალი - განსჯები სასიყვარულო ვნებებზე


ადამიანი აზროვნებისთვის იბადება და წამიც არ არის, რომ არ იაზროვნოს.
მაგრამ წმინდა აზრები, რომლებიც მართლაც ბედნიერებას მიანიჭებდნენ,
საკუთარი გონების მხოლოდ ამით დაკავება რომ შეეძლოს, საბოლოო ჯამში,
ღლის და ღონეს აცლის ადამიანს. ცხოვრება ერთფეროვანი ეჩვენება და
ვერაფრით ეგუება. მას მოძრაობა და მოქმედება სჭირდება, ამიტომ დრო და დრო
აუცილებლად აყვება გრძნობებს, რომელთა მაცოცხლებელ სათავეს საკუთარ
გულში აღმოაჩენს.
ვნებანი, რომლებიც ყველაზე მეტად ესადაგება ადამიანს და რომლებიც საკუთარ
თავში სხვა გრძნობებსაც შეიცავენ, სიყვარული და ამბიციაა. თუმც, უნდა ითქვას,
რომ მათ ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ. მიუხედავად ამისა, მათ ხშირად
აერთიანებენ და შედეგად, ერთიც და მეორეც ერთნაირად სუსტდება, ან სულაც
მოიშთება.
ყოვლისმომცველი გონების ადამიანიც კი მხოლოდ ერთ დიდ გრძნობას განიცდის;
ამიტომ, როდესაც სიყვარული და ამბიცია ერთმანეთს ხვდება, ისინი ნახევარი თუ
არიან იმისა, რაც ერთმანეთის გარეშე იქნებოდნენ. ასაკი არაფრით განაპირობებს
ამ ორი გრძნობის დასაწყისს და დასასრულს. ისინი ჩვენი ბავშვობის წლებში
იბადებიან და სამარის კარამდე მიგვყვებიან. ორთავე დიდ გზნებას ითხოვს,
ამიტომ ახალგაზრდობის ასაკი მათთვის უფრო შესაფერისია, რადგან წარმავალი
დრო არც მათ ინდობს. თუმცა, ეს იშვიათად ხდება.
ადამიანის არსებობა სავალალოდ ხანმოკლეა. ცხოვრების წლების ათვლას იმ
დღიდან ვიწყებთ, როდესაც ქვეყანას მოვევლინეთ. ჩემთვის კი ყოვლის საწყისი
ჩემი გონების დაბადების წუთია, როდესაც გონება მთელ არსებას შესძრავს და
აამოქმედებს. ეს ოცი წლის ასაკში ხდება. იქამდე კი ბავშვად რჩები, ხოლო ბავშვი
ჯერ კიდევ არ არის სრული ადამიანი.
ცხოვრება ბედნიერებაა, თუკი სიყვარულით იწყება და ამბიციით მთავრდება.
არჩევანის შემთხვევაში, მე უპირატესობას პირველს მივანიჭებდი. სანამ Gგულში
ცეცხლი გიზგიზებს, ადამიანი თავაზიანი და ზრდილია. მაგრამ ცეცხლი ინავლება,
ქრება და ამბიციას ვრცელი არე გადაეშლება. მშფოთვარე ცხოვრება ძლიერი,
ამაღლებული გონების ადამიანებს იზიდავს, უბირნი კი მასში ვერავითარ
სიამოვნებას ვერ ხედავენ და ამიტომაც, მუდამ და ყველგან, მარტივი
მანქანებივით მოქმედებენ. ადამიანი, რომელიც სიცოცხლეს სიყვარულით იწყებს
და ამბიციით ამთავრებს, იმ უზენაეს ბედნიერებასთანაა წილნაყარი, რომლის
მოღწევაც ადამიანურ ბუნებას ხელეწიფება.
რაც უფრო მაღალია გონება, მით უფრო ძლიერია ვნებები, რადგან მოიცავენ რა
გრძნობას და აზრს, რომლებიც, თავის მხრივ, გონების კუთვნილებაა, თუმც კი,
გარკვეულ წილად, სხეულის მიერ არიან პირობადებულნი, ვნებები თვით არიან
გონება და სრულად წარმოაჩენენ მის შესაძლებლობებს. მე ტრფობის ვნებაზე
ვლაპარაკობ, რადგან სხვანი ხშირად ერთმანეთში ირევიან და უხერხულ
გაუგებრობას ბადებენ. ამიტომ მათში გონების ბეჭედს ნუ ვეძებთ.
სულდიდ ადამიანში ყოველივე დიადია!
ხშირად გვიფიქრია, საჭიროა თუ არა გვიყვარდეს. ეს საკითხავიც არ არის:
სიყვარული უნდა შევიგრძნოთ. სიყვარულზე არ კამათობენ, მას მიელტვიან. და თუ
ვინმე რჩევას გვაძლევს, ხშირად ცდება კიდეც.
გონების სიწმინდე გრძნობათა სიწმინდის მაცნეა. ამიტომ ძლიერი და სუფთა
გონების ადამიანს გზნებით უყვარს და ძალუძს ნათლად განჭვრიტოს სიყვარულის
საგანი.
არსებობს ორი სახეობა გონებისა, ერთი გეომეტრიულია, მეორე ფაქიზი და
დახვეწილი.
პირველს მძიმე, მოუხეშავი შეხედულებანი ახასიათებს, მეორეს აზრის სიკასკასე
და მოქნილობა, რითაც საყვარელი არსების ყოველ ნაწილს ზომავს და აფასებს,
თვალებიდან გულის სიღრმემდე ჩადის და ყოველ მოძრაობაში შინაგანი არსების
გამოძახილს ამოიცნობს.
როდესაც ორთავე გონებას ფლობ, სიყვარული განუზომელ ტკბობად იქცევა,
ერთდროულად ძალაც გეძლევა და მჭერმეტყველებისათვის ესოდენ
აუცილებელი გონების სიმარჯვეც.
ჩვენ დაბადებიდანვე დაგვყვება სიყვარულის ნიჭი, რომელიც მით უფრო
ვითარდება, რაც მეტ სრულყოფილებას აღწევს გონება. სწორედ ეს ნიჭი
გვიბიძგებს შევიყვაროთ ის, რაც მშვენიერი გვეჩვენება, თუმც კი არავის აუხსნის
ჩვენთვის, რა არის მშვენიერება. ყოველივე ამის შემდეგ, ვის შეეპარება ეჭვი
იმაში, რომ სიყვარულისთვის ვიბადებით? მართლაც, საკუთარ თავს ვერ
გავექცევით, უნდა ვაღიაროთ, რომ მუდმივად შეყვარებული ვართ. თვით იმ
საგნებში, რომელშიც, ჩვენი აზრით, სიყვარული არ მოიპოვება, ეს გრძნობა
ფარულად და იდუმალ არსებობს. ადამიანი წამსაც ვერ ძლებს უსიყვარულოდ და
რადგან არ უყვარს საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენა, მაშინ, როდესაც
სიყვარული თავისას ითხოვს, იძულებულია სხვაგან, საკუთარი თავის გარეთ
ეძებოს ის, ვისაც შეიყვარებს და სიყვარულს მხოლოდ მშვენიერებაში პოულობს
და რადგან თვით არის Uუმშვენიერესი, რაც კი ოდესმე ღმერთს შეუქმნია, სწორედ
საკუთარ არსებაში აღმოაჩენს ხატებას მშვენიერისა, რომელსაც საკუთარი თავის
გარეთ ეძებს. თითოეული ჩვენგანი ამჩნევს, რომ მშვენიერების პირველი სხივი მის
სულში გამოანათებს და რადგან იმას, რაც მის გარეთაა ამ გამოსხივებას ადარებს,
საკუთარ წარმოდგენას გარეთ მყოფის სილამაზესა თუ სიმახინჯზე ამ შინაგან
ნათელთან მისი სიახლოვის ან სიშორის მიხედვით შეიქმნის. თუმც, საკუთარ თავს
დაშორებულ ადამიანს სულში სიცარიელე რჩება და მისთვის სულერთი არ არის,
თუ ვინ შეავსებს ამ სიცარიელეს. ადამიანს ვრცელი გული აქვს და ამ სივრცის
შევსება მხოლოდ იმას ძალუძს, ვინც მას ჰგავს და ვისაც ახლობლად იგულვებს.
ამიტომ, მშვენიერი, რომელიც ადამიანს დააკმაყოფილებს, არა მხოლოდ უნდა
უხდებოდეს, არამედ უნდა კიდეც ჰგავდეს მას.
ბუნებამ სულში ღრმად ჩაგვიბეჭდა ეს ჭეშმარიტება, რომელსაც ეჭვის ნატამალიც
არ ახლავს და რომლის გასაცნობიერებლად არც რამ ხელოვნებას
მოვიშველიებთ და არც რაიმეს ახსნა-განმარტება გვჭირდება. გვეჩვენება, რომ
მოიპივება ადგილი, რომელიც უნდა შეივსოს და რომელიც მართლაც ივსება. ამას
ვგრძნობთ, მაგრამ სიტყვებით გამოხატვა გვიჭირს. არიან ისეთები, ვინც მხოლოდ
აბუნდოვანებენ და ზიზღით ეპყრობიან საკუთარ აზრებს და ვერ ამჩნევენ იმას, რაც
ესოდენ თვალსაჩინოა ჩვენთვის.
თითოეულს საკუთარი წარმოდგენა აქვს მშვენიერზე, ამიტომ ადამიანი ზოგადად
მშვენიერის მოპოვებას კი არ ესწრაფვის, არამედ გარე სამყაროში ეძებს იმას, რაც
ყველაზე მეტად უახლოვდება მის შინაგან წარმოდგენას. და მაინც, ხშირად,
არჩევანს ქალები განაპირობებენ. რადგან ისინი მთლიანად იპყრობენ
მამაკაცების გონებას, ისინი მას თავს ახვევენ ან საკუთარ სილამაზეს ან საკუთარ
შეხედულებას საერთოდ სილამაზის რაობაზე და უკვე არსებულ პირველად
მოდელს ამატებენ იმას, რაც მათ მოწონებას იმსახურებს. ამიტომ, ერთი საუკუნე
ქერა ქალებს ანიჭებს უპირატესობას, მეორე კი შავგვრემანებს. ქალებს საკუთარი
აზრი აქვთ ქერებსა და შავგვრემანებზე და მამაკაცებიც, უმეტეს შემთხვევაში, მათ
გემოვნებას იზიარებენ.
სილამაზის შეფასებაზე გავლენას ახდენენ მოდა და ქვეყანა. საოცარია, მაგრამ
ჩვეულება ძალუმად ერევა ჩვენს განსჯაში, თუმც მამაკაცს საკუთარი წარმოდგენა
აქვს სილამაზეზე და ქალის გარეგნობის შეფასებისას პირად შეხედულებას
ემყარება, ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ მისი რჩეული ყველაზე ლამაზია,
ხოლო მისი გემოვნება სხვებისთვის სამაგალითო.
სილამაზეს უამრავი სახე აქვს და მხოლოდ ქალს ხელეწიფება მისი მთელი
სისავსით წარმოჩენა. გონიერი ქალი ამას ადვილად ახერხებს.
თუ კი ქალს მამაკაცისთვის თავის მოწონება სურს და სილამაზეც ხელს უწყობს,
საწადელს ყოველთვის მიაღწევს და იმასაც კი შეაყვარებს თავს, ვინც მას გაურბის.
მამაკაცის გული მუდმივ მოლოდინშია და ქალი ამ მოლოდინს ეპასუხება.
მამაკაცი სიამოვნებისთვის იბადება: ის ამას გრძნობს და სხვა მტკიცებულებანი არ
სჭირდება. სიამოვნებას მინდობილი, გონებასაც არ ივიწყებს., მაგრამ ხშირად
ვერც გაუგია, სად ან როდის ჩაესახა გულში ვნება.
სიამოვნება ან ჭეშმარიტია ან ყალბი და ორთავეს ერთნაირად შეუძლია აცდუნოს
მამაკაცის გული. ან კი რა მნიშვნელობა აქვს, როგორია სინამდვილეში
სიამოვნება, თუ კი საკუთარი თავი დაარწმუნე მის ჭეშმარიტებაში?!
სიყვარულზე თუ ბევრი ილაპარაკე, შეიძლება, ბოლოს და ბოლოს, შენც შეიყვარო.
ამაზე დიდი სიამოვნება ამ ქვეყნად არც არსებობს, რადგან სიყვარული მამაკაცის
ყველაზე ბუნებრივი გრძნობაა.
სიყვარულს ასაკი არა აქვს, ის კვლავ და კვლავ იბადება. ამას პოეტებიც
გვიდასტურებენ, როდესაც თავის ნაწარმოებებში სიყვარულს ბავშვის იერს
შესძენენ, მაგრამ ჩვენ პოეტების გარეშეც კარგად ვგრძნობთ სიყვარულის
მარადიულ სინორჩეს.
სიყვარული სიმარჯვეს ითხოვს. თავის მოწონების უამრავი ყაიდა არსებობს,
მაგრამ თუ ისურვებ, ვინმეს თავი მოაწონო, გაისარჯე და მიზანსაც მიაღწევ.
ადამიანები ყოველდღიურად თავის მოწონების უამრავ ხერხს იყენებენ, მაგრამ
მარაგი ამოუწურავია და რაიმე ხერხს ყოველთვის გამონახავ.
სიყვარულში მამაკაცი იხვეწება და ფაქიზდება. ამასთან, ცოტა არ იყოს, აზიზიც
ხდება და თუ მოწონებულ არსებაში მცირე რამ მაინც ვერ მიესადაგა მის
წარმოდგენებს და აზრებს, გარიდებას არჩევს. მამაკაცის დახვეწილობის კოდექსს
გონება აყალიბებს. ხშირად ადამიანს ჰგონია, ფაქიზი სულის პატრონია,
სინამდვილეში კი ასე არ არის და მაშინ სხვებს უფლება აქვთ განსაჯონ მისი
საქციელი, მაგრამ სილამაზეზე ყველას საკუთარი წარმოდგენა აქვს და ამ
შემთხვევაში, სხვების აზრს არად დაგიდევს.
სულის გაფაქიზებისთვის სურვილი არ კმარა, უნდა იმოქმედო და საკუთარი
ძალისხმევით, შეიძლება დახვეწილობის უკიდურეს ზღვარამდეც მიხვიდე. ქალს
მამაკაცში სიფაქიზე ხიბლავს და თუ კი ეს მამაკაცს აგრძნობინა, მის გულსაც
მოიგებს. სასიამოვნოა შეგნება იმისა, რომ ყველა უღირსია და მხოლოდ შენ ერთი
ხარ დაფასებისა და სიყვარულის ღირსი.
გონების კეთილ თვისებებს ჩვევებისგან არ ვიღებთ. ამისთვის არც
სრულყოფილებისკენ სწრაფვა კმარა. სულის სიფაქიზე ბუნების საჩუქარია და არა
რაიმე ხელოვნების წყალობით შეძენილი სიკეთე.
რაც უფრო გრძელია სიყვარულისკენ მიმავალი გზა, მით უფრო მეტ სიამოვნებას
მოიხვეჭს ფაქიზი სული.
როდესაც გიყვარს აღმოაჩენ, რომ სხვამ გაგიტაცა და შიში გიპყრობს.
ფაქიზი ადამიანი იმედს არასოდეს კარგავს, იმ დროს, როდესაც უხეში
სირთულეებს ვერ უძლებს. პირველის სიყვარული ხანგრძლივია, მეორესი,
ხანმოკლე.
სიყვარული, უპირველეს ყოვლისა, პატივისცემას შთაგვაგონებს, - იმას, ვინც
გვიყვარს მოწიწებით ვეპყრობით და სწორადაც ვიქცევით: საყვარელ არსებაზე
ძვირფასი ამქვეყნად არავინაა.
სიყვარულს სიტყვებზე მეტად დუმილი უხდება. არსებობს დუმილის მეტყველება,
რომელიც სიტყვებზე მეტს გვიმხელს. კრძალვით დამორცხვებული შეყვარებული
მამაკაცის დუმილი საყვარელი არსებისთვის ფაქიზი სულის და ამაღლებული
გონების ნიშანია. დგება წუთი, როდესაც მჭერმეტყველება უნდა დაიოკო. ეს
გონების წინასწარ გათვლილი გადაწყვეტილება არ გახლავთ, ამის საჭიროებას
აუცილებლობა განაპირობებს.
რაც უფრო გონიერია ადამიანი, მით უფრო მეტ თვითმყობად სილამაზეს ამჩნევს
ირგვლივ, მაგრამ თუ შეყვარებულია, მხოლოდ ერთ სილამაზეს ხედავს.
როდესაც გვიყვარს, წარმოვიდგენთ, რომ ისეთი აღარ ვართ, როგორიც ადრე
ვიყავით და გვგონია, რომ სხვები ამას ამჩნევენ, მაგრამ ასე სულაც არ არის.
გრძნობა გონების თვალთახედვას ზღუდავს, ჩვენ არაფერში არ ვართ
დარწმუნებული და ყოველივეს უნდობლად ვეკიდებით.
ადამიანის გონებაზე და აქედან გამომდინარე, მის გრძნობებზე წარმოდგენას
შევიქმნით, როდესაც საკუთარ თავს სხვებს ვადარებთ.
მე ვიზიარებ იმათ აზრს, ვინც ამტკიცებს, რომ სიყვარული გვავიწყებს სიმდიდრეს,
მშობლებს და მეგობრებს, - მეგობრობასაც აქვს საზღვარი. სიყვარულს იმდენად
შორს მივყავართ, რომ საყვარელი არსების გარდა, გვერდით არვის ვისურვებთ.
ჩვენს არსებას ის ერთი ავსებს და სხვისთვის ადგილი არ რჩება. არც ვინმეზე
ზრუნავ და არც არვის ბედი გაღელვებს. ჭარბი გრძნობის ერთი შედეგიც ეს არის.
აქედან გამომდინარე, სხვების აზრი ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, რადგან ვიცით,
რომ ისინი მხოლოდ გონების ხმას უსმენენ და ემორჩილებიან. სიყვარული კი
განსჯისთვის ვერასოდეს იცლის.
ცდება ის, ვინც გონებას და გრძნობას აშორიშორებს. მათ დაპირისპირებას
ვერავითარ გამართლებას ვერ მოუძებნი, რადგან სიყვარული და გონება ერთი და
იგივეა. დიახ, გრძნობა გვიტაცებს და ახალი გზით გვატარებს, მაგრამ ამ
გატაცებაში გონება თან გვახლავს და ნუ ვისურვებთ, რომ სხვაგვარად იყოს, რათა
არ ვემგვანოთ უსულო მანქანებს. ასე რომ, ნუ გავრიყავთ გონებას, ნუ გავარიდებთ
გრძნობას, რამეთუ გონება და გრძნობა განუყოფელნი არიან.
როდესაც საყვარელი არსებისგან შორს ვართ, ბევრს ვფაციფუცობთ და
სიტყვავუხვობთ, მის გვერდით კი ვმორცხვობთ და გადაწყვეტილების მიღების
უნარს ვკარგავთ. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც შორს ვართ, გონების სიმშვიდეს
არაფერი გვირღვევს, არ ვშფოთავთ და ნებისმიერ საგანს ნათლად აღვიქვამთ.
გადაწყვეტილების მიღება სიმტკიცეს ითხოვს, გრძნობისგან აფორიაქებული
გონება კი ამ თვისებას კარგავს.
ცხოვრებაშიDჭირი ჭირს ენაცვლება და Mმათ დასათმენად საყვარელი არსების
გვერდით ყოფნას ნატრობ. იმედი გაქვს, რომ სევდა შეგიმსუბუქდება. მაგრამ
თვალს მოკრავ თუ არა, გრძნობ, რომ მწუხარება კიდევ მეტად გაგიმძაფრდა.
წარსულ ვარამს ივიწყებ, რადგან მას სიყვარულის ამწუთიერი ტკივილი
ენაცვლება. ამის შემყურე, მოდი და ნუ უთანაგრძნობ ჭირთამთმენ შეყვარებულს.

ფრანსუა დე ლაროშფუკო - სიყვარულსა და სიცოცხლეზე

სიყვარული ჩვენი ცხოვრების ხატია: ერთიც და მეორეც ერთნაირად


ემორჩილებიან ბედის ორომტრიალს, გარდატეხებსა და ცვალებადობას. მათი
ახალგაზრდობა სიხარულით და იმედითაა აღსავსე: სიყმაწვილის ბედნიერება
სიყვარულის ბედნიერების ტოლფასია (სიყმაწვილე ისეთსავე ბედნიერებს
გვანიჭებს, როგორსაც სიყვარული). ესოდენ სასიამოვნო მდგომარეობა, სხვა,
კიდევ უფრო ძლიერი სიკეთეების მოხვეჭის სურვილს აღგვიძრავს. ჩვენ არ
გვაკმაყოფილებს მხოლოდ არსებობა, უკეთესის ძიებაში მუდამ წინ ვისწრაფით,
ვცდილობთ წარმატება მოვიპოვოთ და სიმდიდრე დავაგროვოთ. ძლიერთა ამა
ქვეყნისა მფარველობას ველტვით და მზად ვართ მათ ნებას ვემორჩილოთ. ვერ
ვიტანთ, როდესაც სხვები წინ გვეღობებიან და იმასვე ისურვებენ, რასაც ჩვენ.
მეტოქეთა დაჯაბნას ვცდილობთ, უამრავ საზრუნავსა და ჭირს გადავეყრებით,
მაგრამ საზოგადეობაში ღირსეულ ადგილს დავიმკვიდრებთ თუ არა, უსიამო
მოგონებებს დავიწყების წყალს ვატანთ: მთავარია, წადილი აღვისრულეთ და
ახლა თავს ვარწმუნებთ, რომ ჩვენს ბედნიერებას წინ ვეღარაფერი დაუდგება.
ვაგლახ, რომ სიახლის ხიბლი მალე ინავლება და ჩვენს ნეტარებასაც სწრაფად
გაუდის ყავლი. სასურველს მოვიხელთებთ თუ არა, ახალი სურვილები გვებადება.
ვეჩვევით იმას, რასაც ვფლობთ და რასაც, ერთ დროს, ესოდენ ვნატრობდით. ის,
რაც ერთხელ ძვირფას განძად ვიგულვეთ, უფასურდება და ჩვენს გემოვნებას
აღარ ეთანხმება. ჩვენდა უნებურად ვიცვლებით, თან ისე შეუმჩნევლად, რომ
ცვლილებისთვის თვალიც ვერ მიგვიდევნებია. ის, რაც მოვიპოვეთ, ჩვენი არსების
ნაწილად იქცა და მასთან განშორება ტანჯვას გვაყენებს, თუმც კი მისი ფლობა
ძველებურ სიამოვნებას ვეღარ გვანიჭებს. სიხარულმა სინორჩე დაკარგა და
თვალი ახალი სიამტკბილობისკენ გაგვირბის, ის კი, რის მოპოვებას ვნატრობდით
და ვპოვეთ კიდეც, ჩირადაც აღარ გვიღირს. ეს უნებლიე ღალატი დრომ მოიტანა,
რომელიც, ჩვენდა დაუკითხავად, სიყვარულსაც და სიცოცხლესაც საკუთარ ნებაზე
განაგებს, რაც დღე გადის, მით მეტად წარიტაცებს მათ სიყმაწვილეს და სილაღეს
და აცამტვერებს მათ ჭეშმარიტ ხიბლს. ჩვენ სერიოზულობა გვეძალება და ადრე
ვნებათა კარნახს აყოლილნი, ახლა საქმისთვისაც ვიცლით. სიყვარულს
თავისთავად არსებობა უჭირს და გარეშე, აქამდე უცხო მშველელს უხმობს.
სიყვარულის დაოსება ასაკის ბრალია, დღეები გარბიან და ჩვენ სულ უფრო
აშკარად ვხედავთ, რა დასასრული ელის ჩვენს გრძნობას, თუმც ყოველნაირად
ვუძალიანდებით მოახლოებულ განშორებას; ძალა არ გვყოფნის ნებაყოფლობით
დავუსვათ საბოლოო წერტილი და კარგად ვუწყით, რომ სიყვარულისა და
სიცოცხლის დაისის ჭმუნვას ვერსად გავექცევით. წინ საზარელი გამოცდა გველის,
სიტკბოებას ნაღველი შეცვლის და ბედი უბედობად გვექცევა. ეჭვიანობა,
უნდობლობა, შიში ვნების დაწრეტისა და მარტოობისა თან ახლავს მინავლებულ
სიყვარულს, მსგავსად მიხრწნილი სიცოცხლის თანამგზავრი სნეულებებისა.:
ვეღარ გრძნობ არსებობ, თუ არა, რადგან სნეულება ტანში გაგიჯდა, ვერც ის
გაგიგია, გიყვარს თუ არა, რადგან სიყვარულის ნაცვლად ახლა მხოლოდ
სიყვარულის მწუხარებას განიცდი. ჭარბად ხანგრძლივი გრძნობის თვლემას
სევდიანი გამოფხიზლება მოყვება, რადგან, კარგად გრძნობ, რომ სიყვარულის
კაეშანი კიდევ დიდხანს გასტანს. ხრწნა თავისთავად ტკივილი და სინანულია, და
მაინც ყველაზე დასანანი სიყვარულის მიხრწნილებაა.

სიყვარულის საიდუმლეობათა ფრანგული გასაღები

ჟოელ ბასტენერი

ფრანგული კულტურის ცენტრის დირექტორი

სიყვარულის საიდუმლეობათა ფრანგული გასაღები

როდესაც სიტყვა სიყვარულზე ჩამოვარდება, ფრანგი თავს ისე გრძნობს, როგორც


თევზი წყალში, - მყისვე ენად გაიკრიფება, საკუთარ აზრს გაგიზიარებს, სასუბრო
თემის შესაფერის ანეკდოტს გაიხსენებს, დაბოლოს, რაიმე ბრძნულ
გამონათქვამსაც მოაყოლებს. ფრანგები ამაყობენ იმით, რომ ესოდენ ლაღად
შეუძლიათ ილაპარაკონ სიყვარულზე და ეს უძველესი უპირატესობა სიტყვისა
სავსებით გამართლებულად მიაჩნიათ, რადგან ამ გრძნობის არა მხოლოდ
ცხოვლად განცდა, არამედ მასზე გადამწყვეტი, მჭექარე აზრის გამოთქმაც
ხელეწიფებათ. ფრანგისთვის რაღა სიყვარული და რაღა პეწით გაშლილი სუფრა:
ამ სიამოვნებათა შესახებ ფრანგებზე მეტი აბა ვის უთქვამს? ეს განსაკუთრებით
იგრძნობა მწერლობაში: არც ერთი ქვეყნის ლიტერატურას არ დაუთმია ამდენი
ადგილი სიყვარულისთვის, ესოდენ ხაზგასმით არ წარმოუჩენია, ვინ იცის საიდან
მოყოლებული, ამ უნივერსალური პრობლემის უკლებლივ ყველა მხარე და
წახნაგი, ესოდენ დაწვრილებით არ აღუწერია გრძნობის საფეხურები და
განსხვავებული ფორმები, სექსის "დახვეწილი მანერები" თუ გარყვნილების
სიღრმეები. ტრუბადურებიდან კრისტინ ანგომდე, - მადამ დე ლაფაიეტი, გიიომ
აპოლინერი და ანდრე ბრეტონიც გავიხსენოთ, - ვინ მოსთვლის რამდენი რამ
შევიცანით და რამდენი რჩევა თუ შეგონება მოვისმინეთ, - ფრანგული
ლიტერატურა ნებისმიერ კითხვას უძებნის პასუხს, რადგან, როგორც
სამართლიანად აღნიშნავს მწერალი და ფილოსოფოსი ფილიპ სოლერსი: "არც
ერთ ქვეყანას არ შეუქმნია ესოდენ წინააღმდეგობრივი ლიტერატურა, რამეთუ
სხვაგან ვერსად შეხვდებით გვერდი-გვერდ კლოდელს და ვოლტერს, სადს და
მადამ დე სევინიეს..."
მრავალსაუკუნოვან, თაობიდან თაობაში გარდამავალ სიყვარულის
ჰერმენევტიკის სადარ ტრადიციას კარგად ახსოვს განსაკუთრებული ზეობის
პერიოდები: XII-XVIII საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული, XX საუკუნის
დასაწყისში და შემდეგ, 1960-70-იან წლებში განვითარების უმაღლეს საფეხურზე
ასული ტოტალიტარული ნორმატიული წესის წინააღმდეგ მიმართული რეაქცია,
ახალი საუკუნის დასაწყისში ძალებს იკრებს, რათა წინ აღუდგეს უცხოური
ლიტერატურების მომძლავრებულ მაცდუნებელ კონკურენციას. ამ აღზევებას თან
ახლავს, ლიტერატურაში სექსის და ამასთან ერთად, ღვთიურ მადლს მოკლებული
ადამიანის მარტოსულობის განცდის კიდევ მეტი სიმძაფრით წარმოჩენა, რაც,
ცხადია, უკავშირდება ეპოქისთვის დამახასიათებელ ყოვლისმომცველ ცინიზმს,
რომელიც სრულიად აუფასურებს კეთილ გრძნობებს და "გულის სწრაფვებს". მერე
კიდევ, უკანასკნელი ორი საუკუნის ლიტერატურასა და ფილოსოფიაში
სიყვარულის აურას თუ დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ წარსულში
სენტიმენტალიზმი იშვიათი მოვლენა იყო და ფრანგები, რომლებიც მუდამ
ამაყობდნენ სიყვარულის მეცნიერების ზედმიწევნით ცოდნით, არც სულიერი
კავშირისა და ერთგულების ქიმერებს წყალობდნენ და არც სხეულის ჯადოს
მორჩილებას. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი ქირქილით კითხულობს
გაზეთში მოსახლეობის უმრავლესობისთვის საძულველი, მუდმივი დაცინვის
სამიზნედ ქცეული საზოგადოებრივი ინსტიტუტის, ქორწინების მაცნე განცხადებას,
საბოლოო ჯამში, ის მაინც დარწმუნებულია, რომ ოჯახური სიკეთეების დამცველმა
კავშირებმა აუცილებლად უნდა სძლიონ გულის ცვალებადობას და სურვილის
კონვულსიებს.

სწორედ ამ "იძულებით სიბრძნეს" ადასტურებს ჩვენი ლიტერატურული


მემკვიდრეობა, განსაკუთრებით, ბალზაკის შემოქმედება. საზოგადოებრივი
აუცილებლობის წინაშე ქედის მოხრა და საკუთარი მარცხის მწარე აღიარება
თავისუფლების მეხოტბეთ და ბურჟუაზიული სათნო სიმშვიდის შეურიგებელ
მოძულეთ თვით სიყვარულის ძაგებისკენ უბიძგებს. ერთი საშინელი
გაფრთხილება ჟორჟ ბატაის ეკუთვნის: "ჩემი ვნება სიყვარულისა გადაჰყურებს
სიკვდილს, ისე, როგორც ფანჯარა ეზოს". მსგავსმა თავბრუსხვევამ თავისი დაღი
დაასვა პრუსტს და მორიაკს, ისევე, როგორც უელბეკს (მიუხედავად იმისა, თუ რას
ამბობს თვითონ! იხ. ინტერვიუ). სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ტანჯვა,
მონობა, უბედურება და ასე და ამგვარად... ჭეშმარიტი სიბრძნე მისგან გარიდებას
გვირჩევს. მორალისტები (აი, კიდევ ერთი წმინდად ფრანგული ხელობა),
გრძნობებზე მხოლოდ იმიტომ გვესაუბრებიან, რომ ყველას დასაცინად, სამზეოზე
წარმოაჩინონ მათი სიყალბე. ფრანგული მაქსიმებისა და აფორიზმების სისტემა
მამაკაცისა და ქალის ურთიერთობის გასაღებს Gგვთავაზობს და სწორედ ამას
უნდა უმადლოდეს საკუთარ წარმატებას. ცნების "გასაღები" ხმარება მაშინ,
როდესაც საუბარი ეხება ესოდენ ცვალებად, პირადულობის ნიშნით დაღდასმულ
თემას, ნიშნავს ილაპარაკო ზოგად ფრაზებზე, გაცვეთილ ტერმინებზე და
უნდობლობაზე, რომ არ ვთქვათ, ზიზღზე, ე. ი. ყოველივე იმაზე, რაც არის სათავე
სექსუალური წრეგადასულობისა. სწორედ სექსუალური უზომობაა სარჩული
თავშეკავებულობისა (აბსტინანცია), რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია
ქრისტიანული დასავლეთის ისტორიაში. ამაღლებული გრძნობების წინააღმდეგ
მიმართულ სარკაზმს ბადებს ილუზიების მსხვრევა, თუმც კი მათ ნაჭდეურებს
ვხვდებით სექსუალური თავაშვებულობისა და ბისექსუალიზმის მეხოტბეებთან,
თუნდაც ბრიუკნერისა და ფენკილკროტის სკანდალურ ტექსტში "ახალი
სასიყვარულო უწესრიგობანი" (იხ. ქვემოთ).
ნიშნავს ეს, რომ ფრანგებს სექსი უფრო იზიდავს, ვიდრე გრძნობა და რომ ხსნა
მხოლოდ გულის ტოტალურ უარყოფაშია? ის, ვინც ამ ფაქტს ადასტურებს,
შამფორის (1740-1794) სინანულს იზიარებს: "სიყვარული, იმ სახით, როგორც ის
საზოგადოებაში არსებობს, მხოლოდ ორი ფანტაზიის ურთიერთობა და ორი
ეპიდერმის კავშირია". ბრუკნერი სინანულს გამოთქვამს, რომ სექსუალურ
თავისუფლებაზე დისკურსმა დაგვავიწყა არც თუ ისე იდეალისტური ხასიათის
"გულის რომანებისთვის" დამახასიათებელი სენტიმენტალური აღსარებანი და
ისიც, რომ ძველი მწერლები ამაღლებულ სიტყვებს ერთობ "მიწიერ"
მნიშვნელობას შესძენდნენ. გავიხსენოთ თუნდაც აბელარის დასაჭურისება
ყოვლად უვნებელი "ლირიკული აღმაფრენის" გამო. იმის თქმაც საკმარისია, რომ
ამაღლებული სიყვარულისა და ვულგარული გრძნობიერების დაპირისპირება
სასიყვარულო თავგადასავლებით მოყირჭყებული, ყალბი "ცხოვრების
გამფლანგველების" მიერ მოგონილი ტრუიზმია. ოვიდიუსის და კაზანოვას
კვალდაკვალ, შოდერლო დე ლაკლომ, სტენდალმა და ბევრმა სხვა დიდმა
მწერალმა კარგად უწყიან, რომ ის, ვინც ორმხრივი სიამოვნებისგან რაიმე
გამორჩენას ელის შემწედ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები უნდა მოიხმოს და ენად
უნდა გაიკრიფოს. მოგვიანებით, თემატური ნომრის გაცნობისას, ვნახავთ თუ
როგორ იყენებს სულიერ აღტკინებას ზნეობრივი ცხოვრების ნორმების არც თუ ისე
თავგადაკლული დამცველი ბენჟამენ კონსტანი, რომლის ნაწარმოები "ადოლფი",
მრავალგვარი სურვილის ხლართებში გაბმული ადამიანის ერთი გრძელი
აღსარებაა.
შეიძლება ვინმემ დაასკვნას, რომ მაღალი სწრაფვები დიდ წილად სიცრუესა და
მოჩვენებითობას ეფუძნება. მართლაც, სურვილის გამოხატვაში ბევრია სიყალბე,
უფრორე მაშინ, როდესაც ცდილობ სათქმელს რაც შეიძლება მეტი ხიბლი შესძინო.
სწორედ ამას უპირისპირდება სტენდალი თავის ცნობილ ნაწარმოებში
"სიყვარულის შესახებ": "სიყვარულის მთელი ხელოვნება მდგომარეობს იმაში,
რომ ზუსტად ითქვას ის, რასაც ამ წუთით თრობისას განიცდი". ვგონებ, არც ისე
ადვილი საქმეა, როგორც შეიძლება მოგვეჩვენოს: ყველა მაცდუნებელს უნდა
ახსოვდეს, რომ ქალის გულს ქათინაურებით ვერ მოიგებ, რადგან მან კარგად იცის,
რომ ლამაზი სიტყვები ხორციელი სურვილივით წარმავალია. გამოდის, სიტყვები
მხოლოდ იმას გამოხატავს, რაც უშუალოდ სხეულს, ხორციელს არ უკავშირდება,
და რომ მხოლოდ ზუსტად მიგნებული სიტყვებით შეგვიძლია ვილაპარაკოთ
სულიერ სიყვარულზე, რადგან გაუცნობიერებლად ვგრძნობთ, რომ ხსნის
ერთადერთი გზა ღმერთის სამსახურია. ან იქნებ, იმის გამო, რომ სუბიექტი სხვა
არაფერია, თუ არა ნაკრები ილუზიებისა და წარმოდგენებისა (რომელსაც,
როგორც სტრუქტურალიზმი გვიმტკიცებს, იგი საკუთარ თავის შესახებ შეიქმნის),
გრძნობებზე საუბარს არავითარი აზრიც არა აქვს?
არა! მსგავსი უკიდურესობანი უცხოა ფრანგული ხასიათისთვის: საფრანგეთი
მუდამჟამს იცავდა ზომიერების, მიმტევებლობის და კეთილგანწყობილი
ჰუმანურობის პრინციპებს, რომლებიც არასოდეს უპირისპირებს ერთმანეთს
გრძნობის ამაღლებულობას და ხორციელ ვნებას. აქ თავს იჩენს ჩვენი
ყბადაღებული გულგრილობა, რომელსაც ასე გაცხარებით აძაგებდნენ სელინი,
ბერნანოსი და მეოცე საუკუნის სხვა სახელოვანი მწერლები, თუმცა ამ მცდელობამ
შედეგი ვერ გამოიღო: ჩვენ ერთნაირად ვუპირისპირდებით თავშეკავებულობას და
დონჟუანიზმისთვის დამახასიათებელ ფლობის ჟინს. ჩვენი ავტორები ამ ორ
ცდუნებას შორის მუდამ შუალედურ პოზიციას ირჩევენ. მონტენის მოძღვრების
მიმდევარნი, ხმას ვუწყობთ მორალისტს და მასთან ერთად ვაცხადებთ: "სამყაროს
მოძრაობა ცხადდება სქესთა კავშირში და გამოიხატება სქესთა კავშირით, რამეთუ
ეს არის ძალა, რომელიც ყოველივეს განსჭვალავს, ცენტრი, სადაც თავს იყრის
ყოველი საგანი". მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ამ დებულების სისწორეს ბლეზ
პასკალის, მკითხველის მიერ ნაკლებად დაფასებული, მცირე ზომის ტექსტიც
ადასტურებს, რომელშიც პასკალი უარყოფს გონებისა და სიყვარულის
ურთიერთდაპირისპირებას. ტექსტი გამოძახილია აღორძინების ჰუმანიზმისა,
რომელსაც არაფერი აქვს საერთო პასკალის თანამედროვე ლაროშფუკოს
ირონიასთან, რომლისთვის სიყვარულის გრძნობა სინამდვილეში არც არსებობს:
"ჭეშმარიტი სიყვარული აჩრდილების გამოცხადებას ჰგავს, მათზე ბევრი
ლაპარაკობს, მაგრამ ცოტას თუ უნახავს". ჩვენ ვულგარული სურვილების
ტყვეობაში ვართ და ეს არის თავი და თავი იმისა, რომ ვერარა ძალისხმევით ვერ
ვუახლოვდებით უანგარო სიყვარულის პრინციპს, რომლის არსი დაბადებიდანვე
ჩასახულია ჩვენში და რომელსაც, ჩვენივე ნებით, ყურადღების ღირსად არ
ვთვლით.
ფრანგების სპონტანურ გონებაზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ვნებისა და ტონის
სიმსუბუქის, გულწრფელი გატაცებისა და ლიბერტინაჟის (ზნეობრივი ნორმების
უგულველყოფა-გ. ე.) ბედნიერი შერწყმა, რომლის კვალი აშკარად საგრძნობია
ჩვენი დიდი მწერლების უმრავლესობის შემოქმედებაში და რომელიც,
ლიტერატურის სახელოვანი ქალბატონების (მარიამ ფრანგი, მარგარიტ
ნავარელი) მიერ პირველად წარმოჩენილი, გრძელდება და გაცილებით მაღალ
საფეხურზე ადის კრებიიონის, რეტიფ დე ლა ბრეტონის, სტენდალის, ფლობერის
და მოპასანის ნაწარმოებებში. ტრადიცია გრძელდება პიერ ლუისის და ლუი
არაგონის ლექსებში, ისევე, როგორც თანამედროვე "შანსონებში". კრებიიონი
უმცროსი (1709-1777) სასიყვარულო ისტორიის გადმოცემისას, მიზნად ისახავს
წარმოაჩინოს სიყვარული მთელი სისავსით, ე.ი. სხეულიც და გულიც, რადგან
ნებისმიერი სიყვარული ფიზიკურია ან მისკენაა მიდრეკილი და ამ სწრაფვის
შეფერხება მტკივნეული განცდაა. სურვილი სამყაროს უზენაესი ჭეშმარიტებაა და
ყოველივე სექსზე გველაპარაკება, ამრიგად, არ არის აუცილებელი, ალაპარაკო
თვით სექსი. ამას ქალებიც აღიარებენ, - მადამ დე ლაფაიეტი "კლევის
პრინცესაში" გადაკრულად, პერიფრაზებით უმხელს თავის შეხედულებებს
მკითხველს. მისგან განსხვავებით, "წესიერად აღზრდილი ქალიშვილის
მემუარებში" სიმონ დე ბოვუარი ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე აღიარებს
საკუთარ მრწამს. ის მამაკაცები, ვინც ყველაზე კარგად უგებს ქალებს, არა
მხოლოდ ამართლებენ მათ მცდელობას, არამედ მათთან იდენტიფიცირებასაც
ახდენენ. გავიხსენოთ ფლობერის ცნობილი ფრაზა: "ქალბატონი ბოვარი მე ვარ".
აი ის ზოგადი მიმართულება, რომელსაც საუკუნეების მანძილზე მიყვება ჩვენი
ეროვნული პროზა. თუ კი მწერლები ზოგჯერ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ
მოქმედების წვრილმანების აღწერას, ეს იმიტომ, რომ მეტი სიმკვეთრით
წარმოაჩინონ გრძნობები და ცოტას თუ ვნახავთ ისეთს, ვინც კრძალვით არ
მიაგებს მისაგებელს სადს, რომლის მკითხველთა და თაყვანისმცემელთა რიცხვი
წლიდან წლამდე იზრდება. საფრანგეთს ვერავითარი აღსარებით ვერ გააკვირვებ
და ეს, გნებავთ, გულგრილობა ვუწოდოთ, უპირველეს ყოვლისა, ეფუძნება
შამფორის ღრმა რწმენას: "სიყვარულში ყოველივე ჭეშმარიტია, ყოველივე
ყალბია და ის ერთადერთია, რომლის შესახებ სულელურს ან უაზროს ვერაფერს
იტყვი".

You might also like