You are on page 1of 105

გიორგი ლეონიძე

სტალინი

ბავშვობა და ყრმობა

ეპოპეა

1936

3
პროლოგი

1. მთები
აქ ჰფლობს ტიტანი
ცეცხლის მიმტანი, -
ღმერთი პრომეთე.
ს ო ფ ო კ ლ ე.

მთა მთაზე მოსჩანს მაღალი,


არწივის ჩრდილით ფარული,
თოვლზე თოვლგდანაყარი
წარღვნიდან ამოპარული.

ხან სჩანს მზის ამოსახედი,


ხან შავი ღრუბლის ნახირი,
მეხის, ნიაღვრის ხმას ერთვის
ხმალდარტყმულ ვეფხვის ძახილი...

აქ იზრდებოდა მრავალი
თავისუფლების მფიცარი,
აქ, ჯამში მაჯას იპოხდნენ,
სტკიოდათ გულის ფიცარი.

ხმლით ულალავდნენ ერთმანეთს


ყორნებს, დაჭრილი გმირები,
ყორანი დაჭრილს მისდევდა
სისხლისთვის შენამზირები...

შინ ლაშქრობიდან უმხედროდ


თუ ბრუნდებოდნენ ცხენები, -
ხმალი ეკიდათ კისერზე,
კაცობა შეურცხვენელი.

**

აქ, ვეფხვის ჯიში, ხმლის ჯიში,


სწამდათ უმეტეს ყოვლისა;
აქ თაყვანს სცემდნენ მოდგმობით
ხმალს, ბრძოლით ცეცხლგამოვლილსა.

4
შიშველ ხმალს ხელში აძლევდნენ
სულთაბრძოლის დროს ვაჟკაცსა,
რომ სიკვდილისთვის დაეკრა,
მზე არ დაეთმო კაშკაშა!

და გაისმოდა ანდერძი,
ხმა მხედრის ღაღადებისა:
“- ერთი დღე სიკვდილისა გვაქვს,
მეორე დაბადებისა!”

სამშობლოს საზღვრის დამგდებსა,


ხმალი ცრემლფრქვევით სტიროდა,
ლაჩრის ხორცს ყვავიც არ სჭამდა,
სწუნობდა სანადიროდა...

**

მთებს მკერდს უხრავდათ სურვილი


ათასი წლობით მძინართა,
ხან იღვიძებდნენ, ცეცხლს ჰყრიდნენ -
იალბუზი და მყინვარმთა.

შვილს მოელოდნენ მშობლები,


ვინც სული ცეცხლით შემოსა, -
ვინც მზე აფრქვია ნათელი
მსოფლიოს გარეშემოსა.

გამოჩნდა მთების გაზრდილი,


თვით ამირანის ჯიშისა,
ვინც ხალხი დახსნა მარადის,
თავისუფლების შიმშილსა.

თუ ყრმობას ქართლის მაისმა


იგი ახარა გულითა, -
მან ქართლის მკერდი აყვავა
მუდმივი გაზაფხულითა.

**

მთებს უკვირთ მისი სიმაღლე,


სიმაგრე იმათებური.
დგანან უკვდავნი...
5
ფესვებში
სიმტკიცე მიმატებული.

**

აქ დააბეს ამირანი,
აქ დაარტყეს რკინის ურო.
სჯობს რომ ვიყო მიჯაჭვული,
ვიდრე მე ღმერთს ვემსახურო!

ხალხს გადასცა გმირმა ცეცხლი


და სინათლე ხალხის წილი;
ხალხს ასწავლა ტანჯვა, ბრძოლა
და ღმერთების სიძულვილი.

ფოლადიც აქ მოიგონეს,
საბერველი, რკინის კვერი;
თვითონ ხალხმა გამოჭედა
მზე მარწუხის ცხელი წვერით...

**

აქ დაბინავდა ახალ კერაზე,


ხეთის ქვეყნიდან მოსული ხალხი;
გამოქროლილი ფრთიან მერანზე,
გამოტყორცნილი მრისხანე ტალღით.

ხშირად მისი გზა სისხლნადინარი


ძლიერ ქარიშხალს დაუბორკია.
ბრძოლით დასტოვა შუამდინარე,
ღალისის პირი, კაპადოკია.

ბევრჯერ ყოფილა მწარე ყოფაში,


ხმალი სჭერია ცეცხლნაკვესები;
აქ შემოვიდა, ამ ხეობაში
ჩადგა, ვით ძელქვა რკინის ფესვებით.

მოსჩანს ნაბრძოლი მისი ალაგი,


ქვახვრეტილები და ქვისკარები;
გმირთა ნაკვეთი კლდეში ქალაქი,
სადაც ღმუიან ზამთრის ქარები...

**
6
აქ მტაცებელთა იყო სადოღე
და სარბიელი მათი ხმალისა,
შუბის წვერებით მიწა გათოხნეს,
ამტვრიეს სალტა დარიალისა!

სისხლის ღვარსეტყვით რეგვეს ქვეყანა,


კლდეებს ატყვია მათი ნატორი.
აქ რა უნდოდა, რამ მოიყვანა
შაჰი,
სულთანი,
იმპერატორი?

დაგვწვეს, დაგვდაგეს და ვერ წაიღეს


თავისუფლების ამაყი სული.
იგი გადურჩა ბორკილს და ციხეს,
ის მთებში იყო გადახიზნული!

მთებო, ვერ ჰკლავენ ამ სულს ომები,


და თუ მოსთხრიან, ამოჰბზარავენ, -
თქვენ დაიბღავლებთ, როგორც ლომები,
როდესაც ძუ ლომს ლეკვს მოჰპარავენ!

2. ქართლის ბაღი

ბრწყინავს ქართლი - ვარდის ბაღი,


შეფრქვეული მინანქარით,
იაგუნდის წვიმა დასწვიმს,
სურნელების დაჰქრის ქარი.

ელავს ბაღი - ხოხბის ყელი -


შვიდ მაისის წვიმით მთვრალი,
მთებს და ველებს დასთამაშებს
გაზაფხულის მწვანე თვალი...

რძე, კოკორში მოწოლილი,


ჰჟონავს ყლორტში ყოველ მხრიდან;
თითქოს ქალი სარკმელიდან...
იყურება ვაშლი ხიდან.

ჰგავს ალვის ხე თეთრ ჩოხაში


7
საქორწილოდ მორთულ სიძეს,
და ატამი - ტურფა ყმაწვილს,
აკვანში რომ გაიღვიძებს.

მარგალიტის ტყუპის ცალი,


ტოკავს ბალი ნება-ნება,
ცერის ტოლა თეთრი თუთა
დათაფლული შტოზე დნება.

ბრწყინავს ბაღი, ელავს ბაღი,


ფირუზქარით დარხეული:
ყურძნის მსხვილი იაგუნდი,
ვაზი, ვარსკვლავჩახვეული.

ოქროს წყალი, ატმის ლალი,


შინდის ლალი, მარწყვის ლალი,
ბროწეულის ყვავილები, -
თითქოს თონის ნაკვერცხალი, -

ათენებენ ქართლის დილას


ტოროლების ტაშისკვრაში, -
მარწყვისფერად, შინდისფერად
იღებება გარიჟრაჟი...

ვეფხვის ჭრელი პერანგივით


გაიშალა ქართლის ველი, -
გაჟღენთილი წვიმით ყანა,
ფირუზთვალა ცვარით სველი...

ბრწყინავს ქართლი - დიდი ბაღი,


ყვავილების ფერად ზღვითა,
მარჯანი და ზურმუხტ-ქარვა
ნათელს სტყორცნის ყველა ხიდან...

შენ აყვავდი, ქართლო, მეტად,


მზე შენა და ვარდის ფენა,
შენ დაჰბადე, შენ გაზარდე, -
ვინც ქვეყანას გაუთენა!

შენს ნაორთქლარ ცვარსა სვამდა,


შენ მშობელად დაგაგულა,
მისი ყრმობის ყვავილები
გულს გაყრია სამკაულად...
8
შენს წიაღში იწრთობოდა,
ვით ცხელ გრდემლზე ცხელი რკინა,
შენი მიწა მკერდნათელი
არი მისი ყრმობის ბინა.

დღეს მართალი განთიადი


განათებს და შუქით გხატავს,
შენი შვილის სიყვარულით
პირს ღიმილი მოგემატა...

შენ - მადლობა, შენ - დიდება,


მწვანიანო მიწის პირო, -
ოქროს საბლით მოზომილო,
შენ პატარა გორის ძირო!

3. ქალაქი ვერხვის ფოთლებში


იმპერატორი ბიზანტიისა დიდი
ერეკლე - როცაა ერანზე მიდიოდა
დასალაშქრავად, შეჩერდა გორში,
ოქრო-ვერცხლი აქ შეინახა და
გორს უწოდა მან ტონთაო, ანუ ოქროს მთა.

მატიანე

ხალხს მოსვენება არვინ ადროვა,


ხალხი გაძარცვა იმპერატორმა!
ხელსისხლიანმა მოჰკაწრა მიწა,
ხალხს სახრჩობელა სახსოვრად მისცა!

ქართლი მახვილით მოიმთაბარა,


ქალაქო, დავლა შენ მოგაბარა.
მაგრამ უკვდავი თავისუფლება,
თურმე არასდროს არ იღუპება!

თურმე მოგანდო თავის ნუგეში,


თავისი განძი ხალხმა ფარულად:
დროშა გდებია ჩუმად უბეში, -
რომ გაიშალა გრიგალქარულად.

9
ბელადის აკვნის ხარ შემნახველი,
საყვარელია შენი სახელი!

განა სხვაც არი სატრფო ალაგი,


განა თვით რომი შენი ტოლია?
სადღაც აშენდა მგლის რძით ქალაქი,
მის შვილთ მგლის მადა გამოჰყოლიათ.

აქ კი - ვეფხვს ძუძუ უწოვებია,


უზრდია ვეფხვთა წინამძღომელი,
ვინც ხალხის მაჯას აჰხსნა ბორკილი,
მტერი მოუსპო გაუძღომელი!

**

ძველო ქალაქო, მცირე ქალაქო,


შენმა ნათელმა ხმელეთს უწია,
რამდენიც უნდა გადმოალაგონ,
შენებრ ნაყოფი ვის მოუცია?

შენ - ბედნიერო მიწის ნაჭერო,


ცალკე ლამაზო, ტურფავ მთლიანად,
შენ ხარ ვენახი, დაკრეფის მერე
მსოფლიომ შენგან მოირთვლიანა!

ჩვენი მადლობა, ჩვენი ოცნება


არის შენს მკერდზე დახვავებული;
ვინ ჩაგიაროს და საკოცნელად
ზედ არ მოგვარდეს გახარებული!

4. გორის ციხე

ისევ ისე დგას ციხე გმირული,


თუმცა ყავლი აქვს გათავებული;
ქართლის ძვალ-სისხლით ამოკირული,
კლდეზე გალავნებგადავლებული.

ქართლის ცხოვრების ძველი სანგარი,


დადუღებული რკინის კუნძული;
ცალგვერდნგრეული და ლოდმაგარი,
ხრამით ხრამამდე ჩამოზღუდული.
10
მისი კედლები ცხელი თონეა,
სისხლიან პურის გამომცხობელი.
ის ამირანის სახლი მგონია,
თავისუფლებით გაუძღომელი.

**

აქ თვით უფლოსმა, ქართლის უფალმა,


ფუძედ ჩაყარა ძვლების ნამტვრევი;
დევთ ნამუხლარში, სიცხის ალმურში
აღაპს უხდიან სალამანდრები...

აქ ისკანდერმა გასჭრა კლდეკარი,


შესძრა ქვეყანა, ვით ხის ფოთოლი,
აქ მონგოლებმა ლეწეს ბეგთარი,
ცამდე ასტყორცნეს ძვლების გოდოლი.

აქ მიტრიდატემ რომის ჯარები


თავის სიკვდილზე დაიპატიჟა;
აქ მობღაოდა თხრილზედ არაბი
შიშველი ხმალით ხალიფატისა.

აქ ყიზილბაში და ხაზარები...
ნაპერწკლის მტყორცნელი ყივჩაღთა ცხენები...
მიწა დაბზარული და ხმა საზარელი,
აზიის ქვიშის და უდაბნოს ჩვენებით...

ყვავილს ვერ ეგემნა თვისი ყვავილობა,


ფრინველს ვერ ეშოვნა საჯდომი ალაგი;
ქვას ესხა ისარი, ხეს ჰქონდა ჭრილობა,
ეფინა კალია - მინდვრების დალაქი...

მაგრამ ამ სისხლის მოედანიდან


ხმალმოუქნევლად არვინ გასულა;
აქ მტკავლეულად მიწას იცავდნენ
და სისხლს აძლევდნენ მის საფასურად;

დროშამ, ცრემლებით დაკერებულმა,


ყველა ჯურღმული ძლევით გასცურა,
და საქართველოს ხალხმა მშრომელმა
თავისი დახსნა დაიდასტურა!

11
აქ წარსულს დარჩა ხავსი და ბალბა...
დროშის ნაჭრები... ხმალი გამტყდარი...
გორის ატმებქვეშ რამდენი დალპა
რომის, აზიის ბაირახტარი.

აქ ვაზი ისევ დიდ მტევანს ისხამს,


რძიან ქაფს მტკვარი ისევ ადუღებს...
სძინავს პომპეუსს, სძინავს ჩინგისხანს,
სძინავთ ისკანდერს და დიადოხებს...

5. გორი - ქართლის მეთაური

აი ქალაქი შემოჭანდრული,
ვერხვის ფოთლებში გამოხვეული;
აქ ზენაქარი ჟღერს, ვით ფანდური, -
თავყინულიან მთაში რხეული...

დაჩუქურთმული აივანები,
ზედ ხეივნებად ვაზი გასული;
ზოგან კრამიტი, ზოგან ბანები,
ძველი კედლები ჩამოგაზული...

ქალაქს დასცქერის უზარმაზარი


ციხე, ხერხემალ-გადატეხილი...
ძირს დაფანტულა დუქან-ბაზარი:
გოდრის თევზი და თაბახზე - ხილი...

აქ, ამ დაზგებზე, გორელ ფალავნებს


ძვალმსხვილი მაჯა დაემკვრივებათ;
ინდოეთისკენ მავალ ქარავნებს
აქ ჩაუვლიათ წეროს მწკრივებად.

რომს გაუზიდავს თვალმარგალიტი,


აზიის ფარჩა და ყალამქარი...
აქ, ყველიერში - კრივის ყიჟინით
ფხიზლდება ხოლმე ძალა გამქრალი
და ჭიდაობის ეშხით და ჟინით
შეხვდება ზურნით გორის ამქარი...

ჭაპნის ჭრიალი... ეტლის ხმაური...


მემაწვნე ბიჭის ჩქარი ძახილი...
12
დღისით დგას ერთი აურზაური,
საღამოობით ბღავის ნახირი...

ირგვლივ მინდორი ღელავს ბარაქით,


მტკვარზე გაისმის წყნარი „ტიური“,
შხუის ლიახვი და სთვლემს ქალაქი
დიდი ვერხვებით გადაჩრდილული...

**

მაგრამ არ სძინავს... ცეცხლზეა მდგარი,


ვით დახურული ქვაბი მდუღარე...
უნდა იფეთქოს... შეჰკივლებს ქარი
და ხან ლიახვი დაიმქუხარებს.

კოშკის ნაშთიდან ხმა დაიძახებს,


მისი ვაება ადის ცათამდი...
- შვილო ზურაბ სადამდი?
- ვაიმე დედავ, გავთავდი!

ორ ყრმას ეძახის, ორ პაწაწინას,


უპასუხობით განწირულია...
ერთს - ბაზალეთის ტბის ძირში სძინავს,
მეორე - კოშკში ჩაკირულია...

- ნეტავ ნათელი კიდევ მაჩვენა.


როდის მოჰყვება გაზაფხულს წერო?
მინდა გავშალო ჩემი მარჯვენა,
ვაშენო, შევქმნა, ვიმღერო, ვწერო!..

უსაქმოდ გდია ჩემი წერაქვი,


ჩემი სახნისი პირდაჟანგული,
ჩემი ხმალი და რკინის პერანგი,
ჩემი დროშა და ჩემი ჩანგური.
გულაღმა გდია ჩემი ქვეყანა,
წელში მონობით ამოჩანგლული!..

პასუხის ნაცვლად, - უღლის სიმღერა -


შეეკვნესება ღამეს ურმული;
ნაციხარებზე ფარფატებს ღამე,
თვალებში წყვდიად გამოსურმული.

ამ ბნელს ვერ დასძრავ ვერც ქარიშხალით,


13
ვერც ბუკის ცემით, ვერც ხმოვანებით,
მხოლოდ იმედით ხმას აჟღერებენ
ბაზალეთური ლერწმოვანები...

და მწვერვალების თითისტარებზე
ამოახვევენ ღრუბლებს ქარები,
შიგ ელვას ჰქსოვენ, შიგ მეხს აწყობენ,
შიგ მოაწყურეს ნიაღვარები!..

**

გაჰქრა ღამის მოჩვენება


ცას დააჩნდა ნათლის ბზარი,
გორის მაღალ გუმბათებზე
ირეკება ცისკრის ზარი...

ყაზარმებში აქუხდება
ჩექმიანი მეფის ჯარი,
მოლაპლაპე ხიშტის ქნევით
სხვის მიწაზე მაბიჯარი...

გაიგონებს პატრიოტი,
მუშტს დაირტყამს მყისვე გულზე.
აქეთ-იქით იხედება,
ჯაშუში ხომ არსად უმზერს?

- თენდება და მაინც ბნელა;


ღამეა და ჰქვიან დილა!
უჰაერო, დაბმული დრო,
სად სიცოცხლე მიბნედილა...

- მოგვატყუე რუსის მეფევ,


დილას გთხოვდით, გვაძლევ ღამეს...
ლომს დაგვხსენი, აფთარს მიგვეც,
ქრისტეს რჯული დაგვაშხამე!

შენს წინ ვცეკვავთ ბორკილებში


გულმწარე და პირმღიმარი;
ჩვენი დროშა ცირკში მიგაქვს -
ათას წლობით ნაომარი.

ჩვენი მიწა - პირში მიგაქვს,


ჩვენი ენა - სამარეში;
14
სუნთქვას გვიხრჩობ საღრჩობელით,
რადგან გიყვარს მხოლოდ ლეში...

გვიბნელებ მაგრამ გავაღწევთ,


გზას ბრძოლით გავეტარებით,
გვინათებს - წინაპართ ხმლებზე
მბრწყინავი კელაპტარები...

გვინათებს აკლდამის შუქი...


გმირთა ჩონჩხები შიშველი -
ასპინძის...
კრწანისის ველის...

**

აი, ქუჩა კვირა დილის,


ჭრელი ხალხით დაიტვირთა,
ჯერ კნეინა ჩამოივლის
შუშაბანდის ვარდივითა.

მერე მოჰქრის შორიდანა


ლეჩაქგრძელი ჭორიკანა,
ჭორის ბარგით დაქანცული...

განა მართლა ქალი არი? –


სტამბა არი ფეხამდგარი
და ქუჩაში გამოსული!

**

ეს ვინ ჰყივის: “გადამიშვით!”


კაცია თუ ქარიშხალი? –
გზა მიეცით თავადიშვილს,
წელთ ჰკიდია წყვილი ხმალი...

მეხის გადმონახეთქია...
მოერიდეთ ქუჩის არწივს!
მისთვის იმ დღეს რა დღე ჰქვიან,
თუ პურს არ თოვს,
ღვინოს არ წვიმს!..

თუ აზიას ხმლით სთელავდა


მისი ძველი წინაპარი,
15
დღეს ის გლეხებს ანიავებს,
არი დუქნის ბინადარი.

გულმაღალი, დიდისმთქმელი,
საქართველოს “სულისმდგმელი...”
რა ნაშრომის ნაფასურით,
დაქეიფობს დაფა-ზურნით...

საზანდრების დასტა დასდევს,


მათთან სძინავს, მათთან ათევს,
ჩხუბისათვის უხურს გული...
მისი მკლავის ისმის ქება,
მისი ცხენი ყალხზე დგება,
ძუა-ფაფარ განასკული...

წელი რომ აქვს გაწყდომაზედ,


ახლავს მჭადა აზნაური,
(ბუქს ჰყრის მისი ნაგზაური) –
სულ ღია აქვს მუდამ პირი,
სულ სისხლი აქვს საზღაური...
გაფცქვნილი და გაწკეპილი...
გადაღვრილი რომ აქვს ტვინი,
ჭკუა კიდევ გაფრენილი...

ჩაყრილ ჯამთან უყვარს ჯდომა,


უყვარს მუშტის გასესხება;
ხანჯალს გვამში გაატარებს,
სისხლი ზედ არ წაეცხება...

თუმცა ბედი გაუხუნდა,


არც ჩოხა აქვს თავის ფერზე,
მაგრამ ბუზი აეცმება
მის ულვაშის ნაგრეხ წვერზე.

- დალიე, დამალევინე!
- დაცალე, დამაცლევინე!
- იხარე ჭერო!
- მოკვდი მტერო!

მაგრამ მტერი არა კვდება,


ეშმაკი და აბეზარი,
და ყოველდღე “გმირს” აკლდება
ზვარი, ტყე და ნაფუზარი...
16
**

მტერი დახლთან გაჭიმულა


შორს უჭირავს ქორის თვალი, -
კერის ცეცხლის გამქრობია,
ჭიანჭველის მორიდალი...

ოქროსყიდულ სიტყვას გეტყვის,


თან ჯიბეში გივარდება;
ხატებს ფიცით ჩამოიღებს,
ძმადაც ჩაგთვლის ღვიძლნადებათ!

მერე შეგკრავს გრძელი თოკით


უმოწყალო, სისხლის გუდა,
მჭადგახვეულ გლეხებს სწუწნის
მისი ბნელი აბლაბუდა...

- დღე არი, რომ წელიწადს სჯობს,


წელიწადი ხან დღეთ არ ღირს.
მოინდომებს - ქალაქს შეჰკრავს,
ისევ გახსნის ბაზრის ძარღვი!

ქართლის ოფლის მომწოველი,


ოსტატია ძველის ძველი;
ხანძარია - ვენახების
და მინდვრების გადამწველი...

**

მოდის გლეხი ქართლის ფუძე,


წვივშავი და დაშუშხული,
აღარც ახსოვს, თუ როდიდან
აქვს ცხოვრების გზა დახშული.

დიდ ტივის ხეს ასწევს მარტო,


კლდეს მოჰგლეჯავს მთის დამხვნელი,
ყლაპიას კი უსამართლოს,
ვერ შეჰბედავს მისი ხელი.

- და იტყვიან: ღორს ჰგავს გლეხი,


მასაც უყვარს ლაფში გდება...
ხელს მოუჭერ - დაიჭყივლებს,
17
გაუშვებ და გაჩუმდება!..

- შავია და მყრალი არი


გლეხის სისხლი, გლეხის დვრიტა,
ჩვენი სისხლი წითელია
და სურნელი ვარდივითა!..

ჰბუმბლავს, ჰკარკლავს, ჰქოჩრავს ყველა, -


ხელმწარე და ჭკუა მწყრალი...
ზუზუნებენ მათრახები:
“ვაი დედიშენის ბრალი!”

**

ზის დაზგასთან ხელოსანი,


თვალს იწყალებს გულჩამკვდარი;
ცხელს გულს მას ვერ გაუგრილებს
გორის გრილი ზენაქარი.

სიგრძე დღისა - სიცხე მზისა,


მის ჯანს ადნობს დაუნდობლად,
ცოლშვილი ჰყავს დამშეული
და მშობლები კიდევ სოფლად.

იცის, იცის, მისი ხელი,


თუ ვისათვის იშაშრება;
ზღვას თუ წყალი არ შეუვა,
გულზვიადი ზღვა დაშრება...

ჰფიქრობს, მალე გათენდება


განზრახული გაზაფხული?
დროს რა ძალა ჩამოსძაფავს,
და გულს რა აქვს დასახული!

**

მაგრამ ქუჩას გადმოივლის


წვერიანი ხალხოსანი...
ერთმა იცის, რომ ტანჯულთა
გამარჯვება ახლოს არი!

გლეხს ამხნევებს: გადაწყდება


მებატონის მწვავე შოლტი!
18
თვით ამხნევებს ჩერნიშევსკი,
ბიუხნერი, მოლეშოტი...

მას ბევრი ჰყავს ამხანაგი


ხალხისათვის სურთ სიკეთე;
მათ წვერებში არხეინათ
ჩიტი ბუდეს გაიკეთებს.

მოწიწებით შეჰყურებენ
შავ მიწაზე გლეხის ფართხალს,
დასტირიან ქოხს მობრეცილს,
ბუნაგივით ამონათხარს.

დასტირიან გლეხის ყანას,


სხვის ქუსლით რომ ითელება
და მეტივე-მეჭურჭლეებს
ამზადებენ მიმდევრებად...

აჯანყების მოლოდინში
სწერენ გეგმებს, სადღაც ღამით,
და გარიბალდს გამარჯვებას
ულოცავენ ტელეგრამით:

“მოგვილოცავს, გკოცნით ლომო,


ჩვენც ავდგებით მალე ზეზე!”
იღიმება გარიბალდი -
და რუკაზე გორს დაეძებს...

**

სავსე არის სამკითხველო


ჟანდარმების შეთვალული...
არც ასეთი უდაბნოა
გორი - ქართლის მეთაური...

აქ ფარულად იბარებენ
რუსეთიდან ნაკრძალ წიგნებს,
თესლს მიიღებს ახალგაზრდა -
ქართლის ხნულში გადაიქნევს...

და ხმა ისმის, თითქოს სადღაც,


კბილთა ღრჭენა, ხრიალია...
- ეს წარსული ყელწამჭერი,
19
ზღვაში მიაქვს ხმიან ლიახვს...

ჰაერში დგას ბრძოლის სუნი...


“დღეს მერცხალმა შემომძახა:
გაზაფხული, გაზაფხული,
გულს იმედი ჩამესახა!..”

**

გორიჯვარზე დგას ვინმე ყრმა:


- ქართლზე რარიგად ბნელაო!
“არ გვეშველება, თუ ერთ დროს,
სისხლად არ იქეც მელანო!”

ყრმას ხელში წიგნი უჭირავს


და დროშის ფარჩა თითებში;
შორს მომავალი ელვარებს
ლაჟვარდის განაკიდეში.

6. ეს იყო დრო იმ საუკუნეთა

ეს იყო დრო იმ საუკუნეთა,


როცა ჰაერი იყო დამპალი;
როცა მიწისქვეშ ხმა გუგუნებდა
და მეხი იყო გულის ლამპარი;
როცა კომუნის ბარიკადების ცეცხლში
გამოჩნდა მარქსის ფაფარი...

მომავალისკენ მზირალი მარქსი...


წინ მომავალი სახებრწყინვალე...
თითქოს გაახლდა ხმელეთის გარსი
და ცეცხლმა ჩეხა უწყო მყინვარებს...

მან მისცა გრიგალს ახალი გეზი,


ღამეს ახალა მეხი ჯიქური...
ეს ის დრო იყო... მიტრალიეზით,
როცა დაცხრილეს კომუნის გული...

მაგრამ დაჭრილი თუ გამთელდება,


ხდება საკუთარ სისხლთა მზღვევარი;

20
კომუნის დრეოშას ძირს არ დაუშვებს
ხალხი დაბმული და ნატყვევარი!

- ჩვენ სხვა გზით წავალთ,


- სხვა გზით ვიბრძოლებთ! –
გრგვინავდა სიტყვა ფოლადნარევი.
ახალ ბრძოლისთვის ფიცს იძლეოდნენ
დამარცხებული კომუნარები...

არა ყოფილა ხალხის ძალღონე


წყალში ტყუილად გადასაყარი,
და მარქსის შუბლში იგეგმებოდა
ისტორიული გზაგასაყარი...

- ...ხალხო, ახალი მედროშე გინდა,


ახალნაკერი დროშის შრიალი;
ხალხო, გამომყევ, მე დაგანახო
სახრჩობელების ნანახშირალი!...

**

ეს ის დრო იყო, როცა რუსეთში


ყინვას ახლიდნენ გულის მდუღარეს,
როცა მზიანი გაზაფხულისთვის
ზამთრის სასახლე დააყუმბარეს...

მაშინ მქუხარე დარიალიდან


დამპყრობელ ჯართა სამაგიეროდ,
სიტყვა მოჰქროდა გულთდამპყრობელი:
ძმებო, შეტევა გავაძლიეროთ!..

და სად წარსულში ქვაც კი იბრძოდა


და ხალხის გულმა სულ იტკივილა, -
კვნესის ხმა ბრძოლის ხმად იცვლებოდა,
მთების სიჩუმე - ორბის კივილად...

ქართლი დგებოდა ძილში გდებული,


წარსულის ნაღმით ნამიწისძვრალი,
პირანთებული ძე ბევრი ჰყავდა,
ბევრი - ციმბირის ყინვით მიმძრალი;
მათი ხმაც რუსთა გუგუნს ერთვოდა,
როგორც ზღვას ერთვის მდინარის ძალი...

21
კალმისჭექით და ტყვიით იბრძოდენ,
იხოცებოდენ, არ ჰქონდათ კრთომა;
“გმირთა სიკვდილი მზეს ჰგავს ჩამავალს
და არა გამსკდარ ბაყაყის კვდომას!”

გმირთა სიკვდილი გმირთა მზრდელია,


გმირია - გმირის წინამორბედი...
იბადებოდა გმირთ ხერხემალზე...
სადაც ზღვას დასცქერს მთიდან ორბეთი...

იბადებოდა... საკაცო კერის


შარავანდედი ნათლის მდინარი;
სადღეღამისო, სანიადაგო,
ოცნება, ნატვრა ნალოდინარი...

7. იბადებოდა

იბადებოდა...
ქვეყნის სიცოცხლე
თითქოს ამ აკვანს ფესვით მიება,
იბადებოდა ქალდეველ მონის,
რომის პლებეის შურისძიება.

იბადებოდა... და ისტორიამ
დაგვიანებით მაინც მოხედა, -
მზის მოქალაქე - ჰელიოპოლიტს
და ძველ ეგვიპტეს მეამბოხეთა;
ამირანს, სპარტაკს, გრაკხებს და მრავალს,
ვინც აჯანყების დროშამ მოხვეტა!

**

არისტოტელის აზრში ნასახი,


იმედი ხალხთა დაუბერები -
იუდეველის, გერმანელ გლეხის
და ინგლისელი პაუპერების,

ძველ იტალიელ ხელოსან, - ქარგლის,


თაბალ-მოსოხის მჭედელ-ხუროთა,
წითელ ხანძრების წითელი ქაფი

22
და ქარიშხალი ვისაც სწყუროდა!

**

რუსეთის ყმა და ქართველი გლეხი


კვლავ სხვა ათასი ბობოქარები...
ფრანგთ ქალაქების, ჰინდოთ სოფლების -
ღატაკები და ამბოკარები

დგებოდნენ... მაგრამ ითურგნებოდნენ


საკუთარ სისხლით მკერდს დაცხებული...
მხოლოდ ამბოხი უგამარჯვებო
და აჯანყება დამარცხებული...
დაცემულ დროშათ რიცხვი ვინ სთვალოს,
მოიერიშე გმირთა კრებული.
თვითეულ ხის და ბალავარის ქვეშ,
მათი სისხლია ჩაფსკერებული...

**

შოლტის, სახრის ქვეშ ყმა მოღუნული,


გლადიატორი ვეფხვის მრჩოლელი,
ხანძარმტყორცნელი აჯანყებული,
მტარვალზე ბოღმა შეურჩომელი;
აზრის მოწამე ცეცხლში დამწვარი,
მუშა გაფცქვნილი, მინდრის მთესველი,
მონა, ბოგანო და გაყიდული, -
ყველანი იყვნენ ამ ყრმის ფესვები...

**

...სჩქეფდა, ტალღისებრ იტყორცნებოდა


ნათელმზიერი ბავშვის ოცნება,
ჰრეკავდა მისი გულის ლითონი,
ყველა ოცნების გასაოცებლად...

**

იბადებოდა ყრმა მშვენიერი,


ვინც გულს ახალი მისცა ნათება,
ვისი ხელითაც უნდა მოთავდეს
ახალი ქვეყნის მოგუმბათება.
ვინც დღეს ყველაზე დღევანდელია
23
და მომავალში მარადიული -
ხალხის მწვერვალი მაღალმთიური...

...კლასთა ბრძოლების დიდი სარდალი


ქართლის მიწაზე იბადებოდა...
არც ყრმა, არც გმირი და არც მესია, -
ქვეყანა ახლად იბადებოდა!...

დაბადება

კარი პირველი

აზიური გადმოცემით, როცა ბუმბერა-


ზი ადამიანი იბადებოდა, მისი სახლის
ბანზე (ერდოზე) ორბი ჯდებოდა და
ჰაერში არწივები მღეროდნენ.

არც ერდოზე ორბი იჯდა,


არც მღეროდნენ არწივები.
ქოხზე ჩიტი დაფრინავდა,
შეყინული ნამძივებით.

ჩიტს შიოდა... არც ქოხებში


იყო ლხინი დარხეული,
იდო თოვლი, როგორც მატყლი,
თითისტარზე ჩახვეული...

დაიძახეს მეზობლებმა:
ბიჭი გაჩნდა ჩვენ უბანში!
გამორბიან მოსალოცად:
მიულოცოთ ბესოს ბავშვი.

მოსაკითხი მოაქვთ წესით, -


ხილზე ხილი გადაბმული,
ქოხში ჰხვდებათ მელოგინე,
სიხარულით განაბული.

24
და ბებიას ღიმნათელი
მჭკნარ პირზე აქვს გადაყრილი...
ასე ბრწყინავს დილის სხივით,
მთაზე მუხა წელწაყრილი.

**

მამალი გადაახტუნეს,
- ბავშვი ფხიზელი გამოვა!
მერცხალი პირს გამოავლეს,
- ენაჭიკჭიკა გამოვა!

აკვნის თავს დადგეს მარილი,


- მარილიანი გამოვა!
გულზე შაქარი დაადეს,
- მოსიყვარულე გამოვა!

სავსე მთვარეზე აწვენენ,


- ვაჟი ჯანმრთელი გამოვა!
აკვანში რკინა ჩაუდეს,
- შეუდრეკელი გამოვა!

**

- გაშლილო ოქრო, ვისი ხარ,


გვრიტო, რომელი ბუდისა?
წამლადაც დაგენაყები,
კუნწულავ იაგუნდისა!

- გაჩუხჩუხდი და გაღვივდი,
მენახე გადაქოჩრილი!
- ყურში აკოცე, დედაო,
იქნება შენი მორჩილი!

მყინვარა წყალში აბანე,


მით ძვალი მაგარი არი!
- ნასვამ წყალს ნუ მიაკარებ,
გაზრდა ექნება გვიანი!

**

ბიჭს ვარსკვლავი გაუჩხრიკეს,


ეტლი, მთვარის სათვალავი,
25
გაუსინჯეს მუხლისთავი,
სახის ყდა და ორთავ მკლავი.

სახით მამას მიამსგავსეს,


პაპას, ბიძას - სამთავესა:
- “კაცი ისე მისდევს ჯიშსა,
როგორც ცხენი სადავესა!”

ხმლის ნარეცხს წყალში აბანეს,


ცეცხლს სამჯერ შემოუტარეს.
- თუ მარცხის ანგელოზი ჰყავს,
გააქრობს ცეცხლი მდუღარე!

ფიჭვის რაში მოუტანეს,


ვითომ ბალღი დოღში არი,
ცეცხლზე წყალი გადაასხეს,
მავნეს გარეკს ოშხივარი.

დაუწყევლეს მეავთვალე,
მეავგულე, მისი ფეხი:
თვალს - ნაცარი, გულს - ლახვარი,
მის კარს ცეცხლი, ერდოს - მეხი!

გაჰქრეს, როგორც ჩიტის კვალი,


ნიაღვარი, ავი ქარი.
რაღას იზამ, მავნე სულო,
რახან გულში ჩავიკარი!

დაულოცეს ანგელოზი:
ბალღის ბედი ლაღად ჰზიდოს,
გაიზარდოს ქვეყნისათვის
სარჩოს ადრე მოეკიდოს!

თან პირის გზას ასწავლიან,


ვარდის ტუჩმა სწოვოს ძუძუ.
“მზე შინა და მზე გარეთა -
უერთდება ქარის ზუზუნს...”

2. ძეობა

ბიჭის გაჩენის ხმა უბნად


26
სიმხიარულით დაყარეს.
მამა შემოდის ვაჟკაცი,
ვაჟიანობა ახარეს.

დაეგდო დაზგა, სადგისი,


ბაღდადი ხელთა სჭერია,
სამჯერ ჩაკოცნა აკვანი,
- დღეს სიხარულის ჯერია!

ძეობას იხდის, ქამარში


აკეცა ჩოხის ტოტები.
თელის ხონჩაზე დაეწყო
მკლავის ოდენა შოთები.

ატენურ ღვინოს აჩენენ,


სუფრა მით არი ქებული,
დამშვენდა ჭრელი საღვინე,
ჯამებით ჩარიგებული.

გამოჩნდა ოჩხის ფიჩხული,


ლუკმა კი არა, - რძე არი!
ჩაკვერცხილ დედალს ჰხლეჩავენ,
მწვადი შემოდის ცვრიანი.

გარეთ ნამქერი გრიალებს,


ცა ქარმა შეაჭახუნა,
სად არის ბაღჩის მწვანილი,
ცვარგადაყრილი ტარხუნა!

ახალი ხახვი სად არი,


ელვარა - ქალის კბილივით.
ზამთარი არი, რა ვუყოთ,
ყინვა და ქარტეხილები...

მომლოცველები მოდიან -
ხელოსნები და გლეხები,
წვერულვაშ-დაჭირხლულები,
ნაბუქრიანი ფეხებით.

ფეხს იბერტყავენ, ჰლოცავენ,


ქუდის ხდით გარეშამოსა:
- მოგვილოცნია მირონი,
საქართველოში გამოსვლა!
27
დაჯდება ჯმუხი დევკაცი,
ჩაკირული და ძვლიანი,
ხავსიან პიტალოსა ჰგავს,
ბეჭი აქვს ოთხმტკავლიანი.

**

ჯამს გადულოცავს ხოდელი


ციხითათრიშვილს მიხასა, -
რომ გადიყარონ გულიდან,
გულში რაც ამოიხავსა.

ცხვრისთავის ტოლა მუშტებით


გორულად კრივობს ხოდელი,
მას ვერ გაუძლებს დარტყმაში
ვერც კახი, ვერც არხოტელი...

მხარდამხარ კლდეკაცი უზის, -


იაკობ ეგნატაშვილი,
ფალავანია იაკო,
მკლავი აქვს ღონით გაშლილი.

მის ახოვნებას ნატრულობს


ფალავნებიდან ყოველი,
მისი სარმა და კისრულის
მოწმეა კვირაცხოველი.

მტკვარზე ნავტიკით მიხაკა


თევზაობს, ტაპღასთანაობს:
თუ ტორი ვერ მოვატანე,
გემო ვერ ჩავატანეო!

მტკიცე აქვთ გულის ფიცარი,


წიბო და ძვალწყობილობა,
ალალმართალი გული აქვთ,
მაგრამ გულში კი - ჭრილობა...

უხდებათ სიდარბაისლე
შავჩოხა ომახიანებს;
შეაჯახუნეს ჯამები,
დარბაზი შეახმიანეს.

28
ჩამოილოცეს ცის ნამი,
ვაზის რქა, ფურის ნაწველი;
მერე დუდუკმა გააბა
სიმღერა გულის დამწველი.

მამა გულქართლი კაცია,


სძულს პურაძვირის ქაჯობა, -
იცის, პურადმა გულად კაცს,
სამი გაფრენით აჯობა!

- თუ ცეცხლი შაქზე დაჯდება,


ვიცი სტუმარი მომივა!
კაჭკაჭი კარზე ჭახჭახებს,
- ვიცი სტუმარი მომივა!
სტუმარს გზიდანვე ვუცინი,
მე პურ-მარილის ლომი ვარ!

- “სტუმრებო, სტუმრისა მზემა,


უსტუმროდ განა ლხინია!
უსტუმროდ პური, სასმელი,
მწარეა, განა ტკბილია!
მზეც ნუ მოვიდეს უსტუმროდ,
მოვიდეს, განა თბილია!”

**

დუდუკმა ხმა აიმაღლა,


დგას თამადა, ილოცება,
სიტყვა მოდის გამტკიცული:
“მოგვილოცავს მირონცხება!

გაგიზარდოთ, შეგარჩინოთ,
დავაჟკაცდეს ტანად, ძვალად,
უდღეგრძელოს დედის ძუძუ,
მამის მუხლი, ხალხის ძალა!

ეს ოჯახი წამოსწიოს,
ვით ცომს ასწევს საფუარი;
იყოს ქვეყნის მუზარადი,
პირზე რკინის საბურავი!”

**

29
კარი გააღო, მესტვირემ
სტვირული ჩააკაკანა,
მოსდევს მღელვარე ცხოვრებას
ვით გუთანს - ჩიტი წკანწკარა.

აკვანზე სტვირი დაბღერტა, -


კოცნით ხარ გასათაფლავი!
ჩამოულოცა დედ-მამა
და მამა-პაპის საფლავი...

სხვაზედაც ბევრი დახარჯა


სიტყვა სიტყვაზე მისკვნილი,
ლექსი არ შემოჰლევია,
ამოჰყრის, ვით ფქვილს წისქვილი.

ჭერი ჭახჭახებს, მღერიან


მკლავი-მკლავ-გამოდებული,
სიმღერაა თუ ცრემლია
თვალიდან ჩამოგდებული?

ხმაში ფოლადი წკრიალებს,


სიტკბოს ამოსდევს ნაღველი,
სად არი სიმხნე ამდენი,
ცრემლები დაუნახველი?

უხდება სუფრას ნადიმი,


ვით ამინდს გამოდარება.
თეთრი ჯამების ტრიალი,
ღობურად ჩამოტარება...

გ ლ ე ხ ე ბ ი:

- ღობევ, რადა ხარ დაბალი,


მდიდარის გადასათელი.
რად ვერ ანათებს ღამეში
ღარიბი კაცის სანთელი?

ან ჩვენ გზასავალს რად აკრავს


გაუდნობელი ყინული.
რა არი ჩვენთვის სამშობლო? -
ციხეა შემორკინული!

**
30
ჩვენ ვმუშაობთ, სხვისი არი -
პური, ღვინო, ბაღეული;
შიმშილი და სიღარიბე
კალთაში გვაქვს გახვეული.

ცხრა კარი აქვს საქართველოს,


დაკეტილი არის ცხრავე,
დაგვსევიან ყვავ-ყორნები
და ჩვენ გულ-ღვიძლს ხარბად ჰხრავენ!

გვენატრება ხმელი ლუკმა


და “ლობიოს შუაძვალი”.
ქვაზე მიწა გვილოკნია,
მინდვრად - წვიმის ნაწურვალი...

მ ო ხ უ ც ი გ ლ ე ხ ი:

ღმერთს შევეხვეწოთ, ვილოცოთ,


ლოცვა არასდროს მომცდარა!

ა ხ ა ლ გ ა ზ რ დ ა გ ლ ე ხ ი:

ბედს ვთხოვე, იმან კი მომცა,


ღმერთს ვთხოვე, - არა მომცა-რა!

მ ე ტ ი ვ ე:

ორთაყვირით მორევს ვაპობ,


ტალღებს ვჩეხ და თავს დავყვირი,
მაინც ისევ გამხდარი ვარ,
როგორც ჩემი ორთაყვირი.

როდესაც მე ტივზე ვდგევარ


და მტკვრის ფრთები მიმაქროლებს,
ვხედავ გაღმა, დილის ბურში,
სხვა ქვეყნების მთა და გორებს.

მომინდება შორს გავცურო,


არ დავბრუნდე სამშობლოში,
სადაც მელის ძველი ქოხი,
შეჭვარტლული ბუხრის ბოლში!

31
მ ჭ ე დ ე ლ ი:

დილიდანვე უთენებლივ,
გახურებულ რკინას ვკვერავ,
ჩამოვბერდი, მაგრამ შრომით
დღემდე ვერა მოვიგე-რა!

მ ე ჭ უ რ ჭ ლ ე:

თიხას ვზელ და ჯამს ვაკეთებ,


ჭრელ გოზაურს ყელყარყარას,
ღვინო არვინ არ ჩამისხა,
ლუკმა არვინ ჩამიყარა!

თ ე რ ძ ი:

თავადების ჩოხას ვკერავ,


აღარა მაქვს თვალში ცქერა,
მე კი ბედმა ახალუხზე
სიღარიბე დამაკერა!

მ ე ს ტ ვ ი რ ე:

სადღაც თურმე ქვეყანაა,


იქ არა ჰყავს გლეხებს მტერი,
მიწა არი ნაყოფსავსე,
ულეველი, უშრეტელი.

იქ ღრუბელი კაცს არა მტრობს,


გული არვის იქ არ სტკივა.
გაგლეჯა და ძალად რთმევა,
ბატონობა არ გაგივა!

იქ არ არი მედღეური,
მეთვეური, ლუკმის მონა,
მეხვეწური, ჩოქის მყრელი...
- იქ შრომაა ერთი წონა!

იქ წესური წესი არი,


- კაცი არი პირმზიანი, -
რადგან ვინც სთესს, ვინც მუშაობს,
მოსავალიც მისი არი!

32
გ უ თ ნ ი ს დ ე დ ა:

ნეტავ ერთი დღით გაგვიშვა,


და გვამყოფა ჩვენც იმ დღეში!

ხ უ რ ო:

ბედნიერი - მერცხალია,
წავა, გაჰკრავს ინდოეთში!

მ ო ხ უ ც ი გ ლ ე ხ ი:

კაცსაც, ღმერთსაც, ცა-მიწასაც


ერთი ჰქონდათ უწინ პირი.
ყანის ღეროც ძირიდანვე
უხვად იყო დახორბლილი.

მაშინ მიწას, ცა და ღრუბელს


ჰყვარებიათ ერთმანეთი...
მაგრამ ერთხელ, რაღაც საქმით,
გააცეცხლა კაცმა ღმერთი.

გარისხებულ, გამწყრალ ღმერთმა


სტაცა ყანას ორივ ხელი,
მოსასპობად ამოსხვიპა
თავთავები ულვაშგრძელი.

იქვე ძაღლი თურმე მდგარა,


შეჰხვეწია ყეფით უფალს:
“ფესვიანად პურს რომ ჰგლეჯავ,
ხომ ქვეყანა დაიღუპა?

შენ რომ კაცმა გაგაჯავროს,


ჩემი ბრალი არის განა?
შიმშილით ნუ მომკლავ, ღმერთო,
ნუ დამაგდებ გარეგანად!

მე, ფინია შემიბრალე,


საზრდო მომეც ერთი პეშვი,
ცოტა მაინც შემირჩინე
პურმარცვალი ყანის წვერში”.

შეისმინა მაშინ ღმერთმა


33
ძაღლის თხოვნა, დანაბარი,
და მას აქეთ ხალხისათვის
ძაღლის პურის ჭამა არი!

რ კ ი ნ ი გ ზ ე ლ ი მ უ შ ა:

ძაღლის პურს ვჭამთ, მეზობლებო,


სისხლით არი გამომცხვარი,
გვკრეჭავენ და ხმას ვერ ვიღებთ,
ვით პარსვის დროს ბაკში ცხვარი.

მარტო ვხვნეშით ფეხშეკრული,


ვინ მოიგო ხვნეშით ბრძოლა?
ძმებო, გვეყო, არა კმარა
მჩაგვრელების ფეხქვეშ წოლა?!

იცოდეთ, რომ ჩვენს ხელთ არი


ჩვენი ბედის გამარჯვება,
გუბე ნაპირს გადაჰხეთქავს,
ერთ ალაგას არ დარჩება!

**

ღარიბ სუფრას დაემატა


ყურძნის ჩხა და ატმის ჩირი, -
სიტყვაც ბევრი მოუმატეს,
არ გათავდა მათი ჭირი.

გადასწყვიტეს: არ დამშრალა,
არც დაშრება ცრემლის წყარო,
იქნებ ჯავრი, გულის მჭრელი,
ჩვენ შვილებმა ამოგვყარონ!

- თქვენ, შვილებო, შემოგჩივით,


ვართ მონობის ავადმყოფი;
ჩვენი პური - ჩვენი ტანჯვის
ნამცხვარია და ნაყოფი.

გუთანი და დაზგა ვცვითეთ,


მიწა შრომით შევაღონეთ,
მაინც კერას ვერ მოვკიდეთ
ბარაქა და ლუკმის ღონე.

34
მონაგარი სხვამ წაგვართო,
და თავისთან დააძველა; -
ჩვენ ვიყავით თავხელმარტო,
თქვენ იმრავლეთ საბრძოლველად!

ია-ვარდო, მარგალიტო,
შე პატარა ცეროდინა,
ღმერთმა ჰქნას და აგარიდოს,
რაც ჩვენ ცრემლი მოგვედინა!

ჩვენ არ ვიცით ხელის გემო,


სხვას შევწირეთ ძარღვის ძალა,
უნდა ბრძოლით დაიჩემოთ,
რაც ჩვენ ბედმა აგვიკრძალა!

უნდა მკლავით ანადგუროთ,


რაც მონობა გვკლავდა ძველად, -
პაწაწინა აკვნის მდგმურო,
გაგვეზარდე საბრძოლველად!

**

შეკრთა ღამე რძედაღვრილი,


ყინულებით შებორბლილი,
მზეს მამალმა შეუყივლა:
მოგვანათე ლალის პირი!

აიყარნენ ვაჟკაცები,
ზარხოში და ნაბახური,
ხვრიში თოვლი დაიკვალა
მათი პრტყელი ნაფეხურით.

დარჩა სუფრა ნაომარი,


ნამღერალი, ჭირნათქვამი,
გამომშრალი გოზაური...
დამხობილი ღვინის ჯამი...

იმედებით სავსე ქოხი,


გამაგრებულ ბალავარით...
ღრუბლის ღრუში მთვარე იჯდა,
ერტყა ღრუბლის გალავანი.

თოვლიანი ქარიშხალი
35
ფოცხვერივით კლდეზე ხტოდა,
შავი ქოხი ზანზარებდა,
აკვნის თავზე ქარი თრთოდა.

ყმაწვილს შუქი ეფინება,


მელოგინეს ეღიმება,
მაგრამ შვილის ტკბილად გაზრდა
განა არი გლეხის ნება?

გლეხის მწარე ცხოვრებაში


ბალღის დედა ნაცადია,
- არათითი ვის რად უნდა,
უსახელო ქვაცა დგია!

“შავბიჭო და სიხარულო,
ჩემი გულის ანაბარო,
დღე და ღამეს დავიმოკლებ,
ოღონდ წიგნზე გაგაბარო!”

გულს გაიპობს, ოღონდ შვილი


უსწავლელი არ დარჩება.
ჰხედავს, ქოხის კედელ-ყურე
ოქროს ფარჩით იფარჩება...

მამა პირზე სხივმოსხმული


ფიქრებს გაჰშლის ხომალდებად:
- შრომას უნდა გადიდება,
ქოთანს - ლუკმის მომატება!

უნაშენო აღარა ვარ,


დასამარხი არ ვარ სხვისი,
მყავს დაზგაზე ამხანაგი,
სიბერეში დასამხრისი.

გამოვზარდო ხელოსანი,
წელს შევაკრა ფეშტამალი,
გავაყოლო ოქროს ხელი, -
წინაპრების ნატამალი.

გამიზარდე, გერისთავო,
სალოცავო, ხატო დიდო,
ცხვარს შეგითქვამ, გაგისუქო,
ყელზედ ზარი ჩამოვკიდო!
36
**

ნაცეცხლური გატკაცუნდა.
ქოხში ყველას ტკბილად სძინავს...
დილა ბრწყინავს...
საქართველოს მოქალაქე შეეძინა!

გიხაროდეთ, ქოხმახებო,
აღსდგა თქვენი ნარისხვალი,
დიდ მუხაში დაბინავდა,
დასაჭექად ქარიშხალი!..

იავ-ნანა

ხელოსანის ღარიბ ქოხში,


დედა დამღერს ბავშვის აკვანს.
რა ტკბილია ეს სიმღერა,
ბულბულების მღერასა ჰგავს.

რასა მღერის იავ-ნანა,


რას იძახის ვარდო-ნანა?
თითქოს ასი მტრედი ერთად
ღუღუნებდეს იავ-ნანას.

თითქოს კაკბის კაკანია:


- ნანი-ნანა, ვარდო-ნანა;
ნეტა ვისი აკვანია,
პირი მოევარდიანა.

- დატკბი, როგორც თაფლი სკაში, -


ამას ამბობს იავ-ნანა.
- გაიხარე მზის კაშკაშით,
ნანი-ნანა,
ნანი-ნანა!

სხვას რას ამბობს იავ-ნანა,


აყოლებით ვარდო-ნანა?
- მინდვრად იცდის მწიფე ყანა,
ფხანათელი, სიფრიფანა;
რომ არ დახრას ბუზანკალამ,
ბიჭს მოელის მოსამკალად.
37
კიდევ, კიდევ რასა მღერის,
ყელშექცევით იავ-ნანა.
- ვინც დახორბლა პურით ყანა,
სამართალი მას აქვს განა?
ზოგი ჩვრებში გაგვახვია,
ზოგი ცამდის აიყვანა!

- ცაში ქორმა გადიარა,


გული დამიდარდიანა,
ქორი ლუკმას გამოგვტაცებს,
კლანჭები აქვს, როგორც დანა.
გვიტრიალებს განდაგანა!

აგერ ჩიტი ჩაიჭირა


შავ ღრუბლებში მიიმალა;
ადე, ბიჭო, გამეზარდე,
ჩამოაგდე ყირამალა!

ამას ამბობს იავ-ნანა,


თან დასძახის ვარდო-ნანა...

ხმა გაფრინდა ვარდის ფურცლად,


გაიფანტა ზამთრის ქარში,
ცას ვარსკვლავი ჩაეხვია,
გადამდნარი მინანქარში.

3. ბატონები

ღარიბ ქოხს რა აბადია


ძვირფასი და სანეტარო?
ტახტი, სკივრი, სამოვარი
და წკრიალა ჭურჭლის თარო.

ფარღალალა ფიცრულია,
ქარს ძლივს უძლებს ქოხის კარი...
წვიმის წვეთით დაჩითულა
ჭერი (კურდღლის ნაჩლიქარი).

ბზის კონა და თავთავები


ბოძს მიკრული სამ-სამ ტოტად,
38
ზედ სურათი: ჩოქმოყრილი,
სიყვარულის წიგნს სწერს შოთა.

ავადმყოფი ბავშვი კვნესის,


დიდი სიცხით გათანგული...
მისჯდომია დედა გვერდით,
იმედგამშრალს სტკივა გული.

რათა მღერის დარდიანი


ბალღის დედა დაღონებით?
- წითელ ცხენზე მსხდომარენი
სტუმრები ჰყავს, - ბატონები!

ბატონებს ხომ ლხინი უყვართ,


სიმღერებიც უყვართ ბევრი,
თამაშობა მხირული
და ფერებში ალისფერი.

დახვედრა და სუფრა უნდათ,


ღვინო კვერცხით ჩაფერილი,
წითელ-წითელ ნაქსოვებით
კედელ-ყურე დაფენილი.

- “არ აწყინოთ ბატონებსა,


მობრძანდნენ და გაგვახარეს,
შვიდ-ბატონი, შვიდი და ძმა
მოეფინენ შვიდსავ მხარეს...

იაგუნდის მარანშია
ღვინო დგება ლალისფრისა,
შიგ ალვისხე ამოსულა,
ტოტები აქვს ნარგიზისა.
ზედ ბულბული შემომჯდარა,
გასაფრენად ფრთასა შლისა!..”

- ეს აკვანი ხარატული,
შიგ ყმაწვილი დახატული,
გადაჰკვრენ, გადაარწევენ,
ტკბილად ეტყვიან ნანასა...

- რა მივართვათ, რა ვიშოვოთ
ბატონების დასადარი?
ბატონებსა ფარჩა ჰნებავთ,
39
მაგრამ ფარჩა არსად არი!

არც ხალიჩა, არც ორხოვა,


არც საბანი ატლასისა,
გვაპატიეთ, ბატონებო,
საწყლები ვართ ათას წლისა!

არც ყანა გვაქვს, არც მამული,


ბაღში ვაზი რქაწითელა,
ტახტზე ქეჩა გვიფენია,
ფარდაგი და ნაბდიძველა...

ფიანდაზად ჩითს გაგიშლით,


აბრეშუმად გამოდგება,
წითელ ნაჭრებს შემოგაფენთ,
წითლის შუქი დაგადგებათ.

- ბატონებსა სუფრა ჰნებავთ,


რძით მორწყული, ვარდნაფენი,
- რძე ბავშვისთვის ძლივს ვიყიდე,
ვერ ვუშოვნე შაქრის წვენი.

რძეს გისესხებთ, ოღონდ დასტკბით,


დედა პირქვე დაიგება,
კვერს დაგიცხობთ, კაკნატელას,
კვერცხებს წითლად დაგიღებავთ.

თუ არა გვაქვს ჩირაღდნები,


დაგილამპროთ მობრძანება,
ნიგოზს დავსწვავთ, გაგინათებთ,
ბატონებმა თუ მოგვცა ნება.

მოგვცე ცოტა შეღავათი,


კერვით, რეცხვით მტკივა ცერი,
რაც აკვნიდან ავაყენე,
გამიზრდია ნემსისწვერით...

ბევრი ცრემლი გადმოვშალე,


მწარეც ბევრი გამოვცალე.
გიბოდიშებთ, გენაცვალე!
ბალღის გაზრდა დამაცალეთ!

**
40
მღერის დედა დარდიანი,
ჩუმად, ხან ხმაგაგონებით,
ჯერ არა ჰყავს ექვსი წლისა,
თავს დაადგნენ ბატონები.

4. ამირანის მთვარე

შაშვისფერი ღამე იყო


და კამეჩის ტყავზე შავი...
შაოსანი ნისლი იწვა
შავი ფიქრის დამგეშავი.

მაშინ ღამე შენაბდული


ანაზდეულ გასჭრა მთვარემ,
მოწანწალე ღრუბლის ხროვას
ხელი გაჰკრა: “გამატარე!”

კუდბაწარა მიჰქრის ნისლი,


აღარ დარჩა ერთი ცალიც,
თითქოს მწკრივად მოფრინავენ
წეროები წალიკ, წალიკ!

წინ წამოდგა ცის ვაჟკაცი


თვალადი და ნათლის მდენი,
მოამშვენი ქვეყნის ყურე -
მთის ნაჩეხი ღრანტე-კლდენი;

ზღვა ყალიბში მოციმციმე


დიდმინდვრების ასი მხარი;
ტყე-სვეტნარი და გორებზე
ნასაყდრი და ნაციხარი!

ყრმა გამოჰყავთ აივანზე


ქართულ წესით ძველის-ძველით,
დაანახონ ცაში მთვარე -
უბაძველი
ქვეყნის მცველი.

სიწყნარეა... მდორეებში
მტკვარი მიდის დაყოვნებით,
41
ცეკვავს ცეცხლში ციცნათელა
ღობეების აყოლებით...

**

ცა გაფურჩქვნილ ვენახს ჰგავდა,


ვარსკვლავები - ოქროს გვრიტებს,
რა იქნება, რომ პაწიას
იმ გვრიტს ვინმე ჩამოჰგვრიდეს?

უმზერს ბავშვი ვარსკვლავთ საყარს,


ელაღება ცას მკლავებით:
“მზე - დედაა, მთვარე - მამა,
დები, ძმები - ვარსკვლავები!..”

უხარიან სახედავი -
ცა ციაგი, ვერცხლდამდნარი
ვარსკვლავების თავყრილობით
მთვარე მთაზე წამომდგარი...

გაუჩერა ბავშვი დედამ


მთვარეს, ვერცხლის ჩამომყრელსა:
- შეხე შვილო, ფუფალაა,
და მთვარეზე უშვერს ხელსა...

- ფუფალავ, ფუფალავ,
ჩემ ბიჭთან ჩამოდი,
გეყოფა ამდენხანს ცაში ტარება,
- ფუფალავ, ფუფალავ,
ჩემ ბიჭთან ჩამოდი,
დედიკო მთვარეს ემუდარება...

მაგრამ ფუფალა ძირს არ ჩამოდის,


არც ყრმის, არც დედის დასახელებით;
ბავშვს გული სწყდება -
მთვარეს ვერ სწვდება,
ცისკენ გაწვდილი რჩება ხელები...

ბავშვით შინ შედის დედა მხვეწარი -


მან შეასრულა წესი ქართული...
გარემდგომელი და გარეწარი,
მთვარე ქათქათებს ცაში გართული,
მთვარე ქალდური და წარმართული...
42
**

დედამ ცამაღალს რა შეღაღადა,


რა სათხოვარის იყო მდომელი?
მან ბავშვის ტვინში ამით დაბადა
შეგნება საგნის მიუწვდომელის -

არის ტიკინა, ბურთი, ბზრიალა


და სხვა მრავალზე მრავალთაგანი,
მაგრამ, - აწ დედამ გაუზიარა, -
რომ არის კიდევ ერთი საგანი,

რომლის ხელთგდება არ შეიძლება


არც სანახავად, არც გასართობად;
მიუდგომელი, მიუწვდომელი,
დაიარება ცაში მნათობად...

ბავშვს დანატრებულს თვალთ ებურება,


თბილი კურცხალით ლოყა ეწვება;
დღეიდან ბავშვის თვითნებურებას
სილაღის ფრთები შეეკვეცება...

**

ხმას იშაქრავენ დედა, ბებია,


ზღაპართქმულობის დასდგეს გორანი,
მათ ნაუბარში ისმის ვნებიან
ძველის ნაშთომი, ნამოგონარი:

- მთვარე ქვეყანას აძლევს მაგალითს,


მთვარე მარმარა ხშირად ილევა,
დისკოს მაგიერ - ნალის, ნამგალის,
დარჩება ხოლმე შთაბეჭდილება.

ხან არ სჩანს მთვარის ნაადგილევი,


აქვს ამ ცვლილებას თვალისმართლება;
- მთვარე ვარ, ვმჭლდები, ვდნები, ვილევი,
ხალხნო, თქვენ რაღა დაგემართებათ, -

თუ არ იქნებით შიშმორჩილებით
და თუ განგებას არ ეკრძალებით,
დაგახრჩობთ ღამე შავი ფრჩხილებით,
43
ყვავმაც ვერ ნახოს თქვენი ძვალები!..

მე ვაჟკაცი ვარ, განა ქალწული,


მე გეუბნებით მიწის ვაჟკაცებს,
გავჭერ ღრუბელი გამოკვანძული
და ღამე თქვენთვის შევაკაშკაშე!

მე დაგანახეთ ცის შემკულობა,


მე გზას გილამპრავთ სხივაქოჩრილი...
არ დაივიწყოთ ჩემი თქმულობა, -
იყავით ჩემი რჩევის მორჩილი...

**

განათებულა ქართლი პირწმინდათ,


მთვარის ნათელი მთებზედ ითხევა...
დედა გადასდებს გვერდზე ჩხირწინდას,
ქმარს ჩაფიქრებით ჩაეკითხება;

- რათ ურევს მთვარე ბნელსა და ნათელს,


მუდმივ ნათელი ვგონებ გვერჩიოს?
- დროგამოშვებით მისთვის ანათებს,
რომ ხალხი ნათელს არ დაეჩვიოს!

შუქი მუდმივი რომ იყოს ქვეყნად,


კაცი გახდება ღონით გრიგალი;
ცას ჩამოიღებს, რათ უნდა კვეხნა, -
ხალხის ნააზრი და ნაფიქრალი.

უფლის ხვედრია მუდმივ ნათელი,


ძალაც მისია და უკვდავება;
უარჰყო მისი შემონათვალი
და ამირანი ჯაჭვზე დაება!

სად იალბუზი გადმოხედულა,


დიდი მთა მოსჩანს პირუდაბური,
ორი წლის წინათ უცაბედურად,
მწყემსს იქ ენახა კლდეში დაბმული.

აურთმევია მწყემსისთვის პური,


თურმე დაკუმშა, სისხლი ადინა:
- “ეგ არის საზრდო მამაპაპური,
მაგ პურის შეცვლა მქონდა წადილად!
44
ჩემს პურს რძე გასდის,
თქვენს ნამცხვარს - სისხლი!
ამის ცოდნაა ჩემი სიავე;
ადექი, ხალხო, ფრთები შეისხი,
ნუღარ ხარ უფლის მონისიავე!

უხსოვარ დღიდან გიყურებ შორით,


შენზე სილაღით სცხოვრობს ბეღურა,
სიხარულის პურს ბრძოლით იშოვი!”
სთქვა და მთა გულზე გადაეხურა.

**

ამოიოხრა სამთავემ ხვნეშით,


“არ შეიძლება ნეტავ აშვება?”
და მატყლის ფთილებს ბებიის ხელში,
მთვარის ფთილები ეთამაშება.

მინანქრის ნამქერს აყენებს მთვარე,


მტკვარში ბრწყინავენ მარგალიტები,
რას ფიქრობს ხალხის გული მშფოთვარე
შავი ცხოვრების მაგალითებით?

- კვნესა რათ ისმის დაგრძელებული,


კაცი შავ დღეებს რისთვის ეწევა?
მიწა რად გდია დამძლევებული,
ცას ნათლისათვის რათ ეხვეწება?

ცა რაღათ არის სულ დაკეტილი,


და თუ ნათელი ღმერთს ემეტება,
მაშ ამირანი გულთაკეთილი,
ხალხს რომ ნუგეშად ეიმედება, -

რისთვის მილურსმა უსამართლობით,


რათ არის ღმერთი ავის მდომელი?
ვინ წაიყვანოს ხალხი სარდლობით
დასაბამიდან ღამემსხდომელი!

- ხალხო, ნუ კვნესი, ნუ სწყევლი ბედსა,


ვერას დაგაკლებს ბედის ქაჯობა,
თვით შენმა მიწამ, “სამი ჩარექით
ცასაც და ღმერთსაც - ორთავ აჯობა!”
45
შენ ხომ დაბადე დიდი ტიტანი,
შენთვის მბრძოლელი, ზევსის გმობილი,
ყველა წმინდანზე დიდი წმინდანი,
და ყველა გმირზე კეთილშობილი!

შენ მას სიცოცხლე გაუხანგრძლივე,


რადგან გმირი ხარ და ახოვანი;
ვერას დააკლებს ხალხის არწივებს,
ღმერთი-მხცოვანი
მეციხოვანი!

**

ბებო განაგრძობს, თუ რა მწველია,


ხალხის ნარისხვი და ნაბორგალი
და ეს ამბავი დახვეულია,
როგორც საწინდე ძაფის გორგალი...

მიჰქრის მთებისკენ ბავშვის ოცნება,


სადაც ლიახვის ქანჩახებია,
მღვრიე ტალღების დაცხენოსნება
ნაპობ ნაპრალებს დასჯახებია.

ბავშვი შეხედავს დაბმულ ამირანს,


კლდეს ამირანი შეჰხორცებია,
- ნეტავ გული რამ გაუყამირა,
რა ენატრება გმირს ოცნებიანს.

ოქროს კოშკიდან გაუტაცია


ოქროსთმიანი ქალი ყამარი...
ჰნიშნავს ყამარი - ცეცხლს და სინათლეს
მისგან ხალხია ნათამამარი.

ბავშვს ერთი უკვირს - ხალხი ძლიერი -


რათ არის დაბმულ კაცის ამარი?..

მაგრამ ჩილიკა ჯერ ემარჯვება,


ვიდრე მშფოთარე სულის ძიება;
თავქვეშ მიიდებს ნუკრი მარჯვენას,
დედის კალთაზე მიეძინება...

46
**

დილა თენდება მტრედისფერული,


ჩამთბარ ბუდეებს გაჰკრა ნიავმა;
მამლის ყივილზე, ბნელ ქოხმახებში
მძინარე ხალხმა შეიხმიანა.

ეშურებიან დაზგებს და ქურას,


როგორც საათის ბრძანებს ისარი,
ადგება მამაც და ბავშვს დახურავს,
აწუხებს თითზე ნასადგისარი...

დედა ბავშვს ჰკოცნის ჩუმი სიმღერით, -


თან ქოჩორს უშლის შუბლზე ქუფრებად,
თითქოს პირველი ბალახის ღერი
გაზაფხულის მზეს ესაუბრება.

ორთქლავს ქოხებში თონის ნამცხვარი,


ამ ორთქლს მიჰყვება ხალხის ცხოვრება,
ბრძოლა ლუკმისთვის მწარე და ცხარი,
საკუთარ ჯანის განათხოვრება.

მაგრამ ჯერ კიდევ არ იცის ხალხმა,


რაც უკვე მის გულს დაუდგენია,
რომ ახალ ცეცხლის დამრიგებელი,
უკვე წარმოშვა ხალხის გენიამ.

დილა თენდება და მზის ნაღვარი


დიდების შუქი ქოხს ეკიდება...
განა ამ ნათელს აქვს ან საზღვარი,
ან დასასრულის დათვალკიდება!

5. სისხლიანი მიწა

ერთხელ თამაშით დაღლილმა,


როცა მონახა საფარი,
თავი კალთაში ჩაუდო...
- დედი, მითხარი ზღაპარი.

ან სალამური რას მღერის,


რას შრიალებენ ვერხვები?
47
ყაყაჩოს ხალი რათა აქვს,
ან მტრედს წითელი ფეხები?

ან საწყალ ბიჭზე მიამბე,


ერთხელ მზესთან რომ ავიდა,
სიმართლით გამარჯვებული,
მზეს რომ შეეკრა ზავითა...

“...იყო და არა იყო რა...”


ერთმა გვალვიან ზაფხულმა
შიმშილი გამაიყოლა,
ყვითლად შეტრუსულ მინდორზე
ბღაოდა ხარი ნიკორა...

არ იქნა, ცაზედ არ დაჩნდა


ამოხვეული ღრუბელი,
არ წამოშხეფა ცამ ცვარი,
ცხელ ბუღის გამაქრობელი.

ნახეთქი ბელტი ეყარა,


გლეხის ცრემლებით მომბალი,
მიწამ გაწირა შვილივით
მიბარებული ხორბალი...

ბაღი გახმა და გაფრინდა


ბულბული, - მისი მხლებელი,
მინდვრად ჩაჩუმდა ურმული,
სუფრაზე - შემძახებელი...

სადღაც მთის კლდეში სცხოვრობდა


კაცი ყბაშეთეთრებული
პირუტყუარი, მართალი,
ქვეყნიდან განშორებული.

ხალხი მიადგა რჩევისთვის,


როგორც თაფლის ჯამს ფუტკარი:
- ჩვენს გაჭირებას ულხინე,
რამე პასუხი უთხარი!

ღრუბელს - ზღვის წყალი გააძღობს,


ზღვას - წყალი შემომდინარი.
ყანა ჩახურდა, ხე გახმა,
ჩვენი გამზრდელი ვინ არი?
48
შენს წმინდა მკერდზე ვაწვიმეთ
ღვარად ცრემლები ნამალი,
გვიშველე დამრიგებელო,
გვირჩიე რამე წამალი!

ქადაგმა თავი ასწია:


- შიმშილი მრეთა მრევია,
წადით, და მიწა გარეცხეთ,
სისხლი მას გამოჰრევია!

დაბრუნდნენ, მიწა გარეცხეს,


აცალეს სისხლის წვეთები,
ხელთ ცალიერი ქვა შერჩათ,
ლოდები გაუცვეთელი.

- მთაში წავიდეთ, იქა ვხნათ,


იქ მიწა ქალწული არი!..
ხალხმა მოსავლის იმედით
მთისკენ გაიღო გრიალი.

მთაც ნასისხლარი გამოდგა,


ზედ ეცხო სისხლის ნიშანი.
არწივს ეკორტნა კაკაბი,
წითლად ებეჭდნა ქვიშანი!

ვეფხვს გაეგლიჯა მთის ჯიხვი,


ეგდო რქაშემომტვრეული,
მძლავრს დაეჩაგრა უღონო,
ტორი დაეკრა მდეური.

ტყესაც მიჰმართეს, ეძებეს


მიწა სისხლგაუდენელი,
იქ მონადირე შემოჰხვდათ,
თოფით ნადირის მდევნელი.

კვალი მისდევდა ნასისხლი,


შინდისფრად გადაწვეთილი,
ტყეში სათაფლე ყვავილებს
ეყარა სისხლის წერტილი.

**

49
გაჰკვირდნენ და შეიზარეს,
ტყე და მთები გადიარეს,
უკანასკნელ იმედებით
წყალს მიადგნენ: ზღვას, მდინარეს.

- იქ იქნება წმინდა მიწა,


უსისხლო და უმწიკვლელი.
მაგრამ იქაც ისევ დაჰხვდათ
ის ამბავი გულისმკვლელი...

ამოიღეს წყლიდან მიწა,


თან ამოჰყვა კაცის ხორცი, -
ტალღას ფსკერზე დაელეკნა,
მიწის პირზე დანახოცი...

წაიშინეს მაშინ თავში:


გვიჭამია სისხლის პური!
მიწას სისხლი მოჰრევია
და ჩვენ - ბედი უბედური!
მერე ადგნენ...

- დედი, მიწა სისხლიანი რად არი?


შიმშილი და სიღარიბე რად არი?

- დიდი სჩაგრავს პატარასა:


ბეღურას სჭამს ხარბი ქორი;
კაცს ნადირის ხორცი უყვარს,
აფთარს უყვარს კაცის მძორი.

ქვრივ-ობლები, გლახაკები
მოჰრეცხავენ ცრემლით გზებსა,
მებატონე გლეხებს სტანჯავს
და მდიდარი ღარიბებსა.

დიდი არი ეს ქვეყანა,


პირსაკრავი არ მოსწვდება;
მაგრამ კაციც და ნადირიც
დამჩაგვრელის ხელით ჰკვდება!

- აი, მიწა სისხლიანი რად არი?


შიმშილი და სიღარიბე რად არი?

50
6. კერა

მამა კარს შეაჭრიალებს, -


მყუდრო კაცი და კეთილი;
დიდულვაშა და მღიმარი,
მკერდზედ ოფლჩამოღვენთილი.

დაღალა მუშტას ტრიალმა


საძირე ტყავის ბაგუნმა;
კვირაძალია, შინ მოდის,
კარებზე დააკაკუნა.

ხელებს გაუწვდის პატარას:


- ჩემო შროშანო, გვრიტინო!
ვაშლს მისცემს გასახარელად,
ჩურჩხელას, რომ არ იტიროს.

მერე ცეცხლისკენ გაიწევს


შემძრალი, შენაციები;
მამას მხარდამხარ მოსდევენ
თან დედის ძმები - ძიები.

ძიები დუდუკს უკრავენ,


იციან ტკბილი საარი:
- “სულ სმა და ჭამა რა არი,
საქმე დუდუკის კვრა არი!”

გია, უფროსი ძიაა,


მეჭურჭლე ჩიბუხიანი,
და მეაგურე - სანდალა,
წყნარი და ტკბილი ხმიანი.

**

პაპა - გელაძე გიორგი,


ცოცხლებში არღა რეულა,
მოჰკლა ბატონის ელდამა,
ციებამ, ღამბარეულმა.

ამილახვარის ყმა იყო


ღარიბი გლეხი სვენელი,
მათრახქვეშ ჰქონდა სიცოცხლე,
51
მკაცრი და დაუსვენელი.

- “ამილახვარის ყმობითა
ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა,
ვერც ლურჯი ჩოხა გავცვითე,
ვერც ახალუხი ქობითა,
ვერც გავიტანე გუთანი,
ვერც კალო ვლეწე მოზვრითა!”

სოფლიდან გამოქცეული
გორს შეეხიზნა ეული,
ერთი წიქარა ხარი ჰყავს,
ისიც რქაშემომტვრეული.

მაინც ვერ გააბოროტებს


ცხოვრება თვისი სიავით,
და უყვარს ყანის ყურება,
თმას რო უწეწავს ნიავი...

ნამკალში თავთავს არ აჰკრეფს,


- იქნება ჩვენი სირცხვილი!
რიღათ ცხოვრობდეს ფრინველი,
სულდგმული აურიცხველი!..

**

ცოლი - მისი ნახევარი,


პირზე სიტყვის თაფლმწვეთელი,
სიცოცხლეში - სიღარიბით -
ერთ ლეჩაქის გამცვეთელი.

ყოველთვის მუხლჩაუდრეკელს,
ვერ აასწრობს ვერვინ დილით,
უწკრიალებს თაროც, ეზოც
დახატული კაკლის ჩრდილით.

საღამოთი, მზის ჩასვლისას,


ნაგავს არ ჰყრის არც ერთ მხარეს.
- მზე დაგვწყევლის, წავა, იტყვის:
პირზე მტვერი მომაყარეს!

უყვარს შვილი, შვილიშვილი,


მათთვის უნთო ხატებს ცვილი;
52
მამალი ჰყავს სოსოსათვის
წითელბაწარშელოცვილი...

**

მოაქვთ სახილე ტაბაკი


შემოფენილი ფურცელით. –
ზედ ნაწვიმარი ყურძენი
ზურმუხტად ამობურცული...

გიამ სთქვა: ვნახე სიზმარი,


მართლაც რომ ნათილისმარი...
ენა აედგა მიწასა,
ლაპარაკობდა კაცივით.
ხმა ჰგავდა დედიჩემის ხმას,
ახლაც ყურებში ჩამწივის:

- მეჭურჭლე გიოვ, შენ გეტყვი,


ისმინე სიტყვა მართალი:
გეყო ამდენი წვალება,
გლეხი ხარ გაუმართავი!

ხომ იცი, რომ მომყავს ყანა,


მაჯის სისხო შავი ვაზი.
ათასფერად ვიმოსები
ვარდფენილი და ლამაზი.

ხე დავასხი ნაელვარი,
ფესვში მივე წყაროს წყალი.
ხმლის მზიდავი ვაჟკაცები
გამიზდია ჩემი ღალით.

მეყო... ჩიჩქნამ და ხვნა-თესვამ,


ხარის ფეხმა შემაწუხა.
დაისვენე, დამასვენე,
წადი ქალაქს, სოფლად ნუ ხარ!

დედა ვარ და ამაგდარიც,


სხვა გზა შენთვის დამიკვალავს.
ამხსენი და მომასვენე.
ქარხანაში წადი ქალაქს...

- რა ვქნა, ძმებო, - ჩივის გია, -


53
ვერ ჩავაქრობ მე ჩემ თონეს.
ვერც მოვშორდე ქართლის ზურმუხტს,
მთებს, ბაღებს და იადონებს...

**

და სიტყვა სიტყვას მოჰხვდება,


მოდგმასთან დაკავშირებით:
- ლილოზე ადრე, გერიდან
არიან ჯუღაშვილები.

მთის მოქალაქე ყოფილან,


სად ფრთას არწივი მიახლის,
სად კლდეს ზვირთს შეუჭახუნებს
გრეხით მავალი ლიახვი.

- “მე თვითონ გეტყვით, -


ბესომ სთქვა, -
თუ რა ხესა ვართ ნაბამი...”
და სახარაზო დაზგაზე
დაიწყო ძველი ამბავი:

7. არწივის ფრთები

ჩვენს მამა-პაპას ემართა


ქვეყნისთვის ხელგარჯილობა,
ემართა ჯაფა, მხნეობა,
დამსკდარ თითებზე ჭრილობა.

ვერ გადასწვდება ქარისფრთა,


მათი ხელი რომ სწვდებოდა,
მათი ნაჯახის ნაკრავით
მუხლმსხვილი მუხა წვებოდა...

ხევებში სთხრიდნენ მადნეულს,


ოქროს სწურავდნენ ზოდებად,
რაც ხვავი დასდგეს, -
იმდენი, თოვლი არ ჩამოზოვდება.

კოშკებს აგებდნენ ცათამდი,


ჰღებავდნენ თვისი სისხლითა,
54
აზიის დიდი ურდონი
მათ მკლავმა შემოისხლიტა!

ჯოგს აშენებდნენ, გზებს სჭრიდნენ,


თხარეს არხები მრავალი,
კლდეებზე წერეს წერაქვით
თავის თავგადასავალი.

მონობის ნახნავ-ნათესი
მონობამ გაალეწინა,
წვიმა რას აამწვანებდა,
მათ ოფლსაც თუ არ ეწვიმა?

მაგრამ ხმიადიც არ ჰქონდათ,


ლობიო ამოქინძული,
მერცხალსაც ედგა სამერცხლე,
მათ - პირშავბნელი მიწური...

კომბალს ეყუდნენ,
ვაზის რქას,
გუთნისფრთას - ღამის მთეველი,
მხოლოდ საფლავი ჰქონიათ
ბატონის წაურთმეველი.

**

გადასახადი ზღვა იყო,


ბატონი დაუდეგარი,
ყველაზე უწყალო იყო
არწივის ფრთების ბეგარი...

თავადს ფრთა უნდა შვილდისთვის,


შორს ერეკება ისარი,
ფრთა გადაკრული ბოძალი
ალმასებრ გამჭრელიც არი!

ბატონს ისარი რათ უნდა,


განა მახვილი არ ეყო?
- უნდა მეზობლის სახლკარი,
დაწვას, დანაცროს, დარიყოს,
ძაღლიც კი დედალ-მამალი
მეზობლის კარზე არ იყოს!

55
უნდა მთა გაატრამალოს,
ტყე ხანძრით ააპრიალოს,
სხვისი ნართმევი-ნადავლით
კოშკი გაივსოს ფრიალო...

**

- სად მიხვალ ფრთების საშოვრათ?


შემოგაცხრება არწივი!
ნისლის სუდარა წაგფარავს
მთების ბაწარზე ნარწევი...

არწივი მზესთან თამაშობს,


ფრთები აქვს მზისგან წვეთილი,
შენ - ბნელ მიწურში მათრახით
ქედი გაქვს გადაცვეთილი.

არწივი მხარში შეკრული,


მუხლში არ მოიკეცება,
შენ - მუხლი ნაჩოქარი გაქვს,
ხელზე ნახეთქი გეწვება...

სათოვლე მთებში ქარი ჰქრის,


გრიალებს ქარი ქარელი,
არწივს ვერ დაემკლავები
ვაჟკაცი რკინისკარელი.

მიწა ჰხან, თივა გათიბე,


ცელი გაქვს შვიდი მტკაველი,
ან ცხვარს უარე, ასხია
ოქროიანი კრაველი.

ან ვაშლის ბაღი აშენე,


შუქს გაყენებდეს ხეხილი,
ან ვაზი ამარგალიტე
ჭიგოზე გადაგრეხილი.

მიწა დიდია, გეყოფა,


იცხოვრე ქვეყნის იმედათ,
არწივთან ბრძოლა ძნელია,
მკერდს სისხლი მოგეწვიმება!

- მიწა სხვისია, ნაყოფიც,


56
ყანა, ყვავილი ყირმიზა...
უწყლოთ, უმიწოდ გაზრდილი,
თითქოს რქა ვიყოთ ირმისა!

ყმობა ძნელია, მებეგრეს,


ვით წყალს არ ჩაეძინება,
ნაცრად გვაქცევენ! ბრძანება,
თუ კი ბატონმა ინება.

**

გახეთქილ კლდესთან -
ჩანჩქრები,
სადაც ჩადიან ხვრელებით,
ცის მოკამარეს დაეცა
დაკორძებული ხელებით.

- ფრთები მომეცი არწივო,


ჩემი საბეგრე ვალები,
ცას რომ ავიდე, იქ მოვა, -
ბატონს ვერ დავემალები.

ფრთები დამითმე არწივო, -


სიცოცხლე მიანგარიშე,
ხუთი შვილი მყავს სარჩომი -
ბერი მშობლების გარეშე.

ფრთენი საფრენი რო მისცეს,


ცა ვიღამ თელოს მაღალი?
ვიღამ ჩაბღუჯოს ვარსკლავნი -
ასაყარ-ჩამოსაყარი.

მზეს ვიღამ დაუტყლაშუნოს


ფრთები ნავარდის მდომელი?
ფრთებს არ დაუთმობს არავის,
ცის კალთის გადამზომელი!

**

არწივმა დაჰკრა ნისკარტი,


სისხლით შეღება ტინები,
კლდის ნაპრალებზე ცვიოდა,
ძველ ჩოხის ფარატინები.
57
ისმოდა ქვიშის ჩხრიალი,
ფრთების წყვეტა და ჩხარული,
კლდე თრთოდა ღვართა ნახვეტი
შრე და შრე შემოღარული.

არ ჰყავდათ შუადამხდური,
არც ბრძოლის ყურთამგდებელი,
ატლასის სუფრაზედ იჯდა
ორთავეს წამკიდებელი.

**

ატყდება ქოხში ტირილი,


ბუდეს - ჟიჟინი ბარტყული...
გლეხსაც, არწივსაც სიკვდილი
მკერდზე აქვთ შემოსარტყლული...

მათ შუა ჩადგა ნიავი:


- გაშველდით,
დაიზავენით!
- ბატონს დაჰკარით!
გრგვინავენ დაქანებული ზვავები...

- შენ ფრთას გაძრობს


და შენ პერანგს...
- დაჰკარით!
ყივის მყინვარი...
- დაჰკარით!
ჩქარობს ჩანჩქერი
კაცის ხმით გადამყივარი...

ერთმანეთს დაჰკრეს...
- რათ დაჰკრეს?
- ხმა ვერ გაიგე?
- რა ვიცი!
არწივმა წარბისძვალს დაჰკრა,
კაცმა ულეწა ლავიწი!..

არწივი წყვეტით დაეცა,


ვით სხვილი სეტყვის მარცვალი,
ვაჟი, ვით ვაზის ფურცელი
სეტყვისგან ჩამონაცალი...
58
შეთრთოლდნენ შავი ტყეები,
ძირს დარჩომილი ჩრდილებით,
ფესვებში გაჰკრათ სიმწარემ...
- მტარვალს რათ ემორჩილებით!

**

დალას,
სამწვადე ცეცხლისფრად,
ზეცამ რო გაიმზიანა,
ჩოხის ნაგლეჯი მიაგდო
ვაჟკაცის ბანზე ნიავმა.

დედამ ინიშნა სიკვდილი,


თავის მარჩენალ ვაჟისა,
დედის ჭაღარის ნაწეწი,
თივას ჰგავს ქარის გაშლილსა.

მამა ქუდს თვალზედ იფარავს,


არ უშვებს ცრემლთა ნაწვიმსა,
გმინვა არი თუ ჭრიალი
ჩამოხლეჩილი ნაძვისა?..

ერთ ადლზე ცრემლებს ისროდა


ცოლი თავდასაქოლავი,
იკლაკნებოდა სიმწარით,
ვით ელვა, მთაში მქროლავი...

**

- ათასობით და ასობით
ასე რამდენი შებმულა!
ქართლის მთები და მთის თიხა,
მათი ძვლით აშენებულა...

**

დასრულდა...
ვინ სთქვას, სამივეს
გულში რა ცეცხლი უნთია? –
შეხედავ,
უხმოდ სამივეს
59
მკლავები აუკუნთია!

აზრი არ გაეორებათ,
ირგვლივ ხმლის სუნი ტრიალებს.
მაგრამ ვის უნდა ებრძოლონ,
რა ძალას,
რა სატიალეს? –

ეს ვერ გაიგეს, ვერცა სთქვეს,


მოდი, ნუ მოპირქუშდები! –
ლანდი გაკრულა კედელზე
მოღერებული მუშტების...

8. ზაზა ჯუღაშვილი

ღამეა. მტკვარი, ლიახვი,


ქალაქის განაპირებით,
ერთმანეთს ეჯახებიან,
ვით ბასრი ხანჯლის პირები.

სოსოს სთვლემს უკვე ლოგინში,


მთებზე ჰკრთის მთვარის ხაზები.
ჩამწკრივებულან მტკვრის პირად
სიზმარში ბუმბერაზები...

გორიჯვრის მთიდან ციხეში


მხედარი ჩაექანება;
ციხეში ქაჯებს დალეწავს,
შორს ისმის გმირის ბრძანება.

სოსოც ხმალს მოსდევს ვადაში,


ჰხედავს ქაჯთ სისხლი ითხევა:
- შვილო, რას ჰშფოთავ ლოგინში? –
დედა მას შეეკითხება...

ბავშვი ერკვევა ბურანსა,


მთვარე ჰკრთის, როგორც კანდელი...
ამ ჟრჟოლის მენახსოვრეა
ბავშვობა მასუკანდელი...

**
60
- სულ მთლად თვისი პაპა არი,
ბობოქარი, გულგაშლილი...
ამბობს დედა და წინ უდგას
პაპა - ზაზა ჯუღაშვილი.

ზაზა იყო გულმჩქეფარე,


როგორც მთების წყალვარდნილი;
ორმოცდარვა ტყვია ჰქონდა
ზაზას ჩოხას გავარდნილი...

ბევრჯერ ხალხის გულისათვის


ფხაშიშველ ხმალს შეეგება;
ვინც მტერს დაჰკრა შემოვარდნილს,
დედის რძეც მას შეერგება!

გმირი სახელგაფენილი,
ბავშვთანაც კი იყო კრძალი,
მისი ხმალი ახსოვს ლიახვს,
ახსოვს ქართლის საფლავს - კრწანისს.

ჰყავდა ზაზას ბატონები:


ერისთავი, მაჩაბელი;
ორივ იყო პირმრისხანე,
საწყალ გლეხის დამჯაბნელი!

ორივესი ზაზას ჰქონდა


სამსახური ჩოქით, ძღვენით,
ცხვარს ურჩევდა კბილით ბალახს,
ცარიელი ჰქონდა სხვენი.

ბატონებს რომ ვერ აამა,


შეუძახა მჭახეთ მაშინ:
- რათ არის, რომ ვიწროდ ვცხოვრობთ,
ამ განიერ ქვეყანაში!

**

როცა რუსთა მეფის ჩექმამ


აადინა ქოხებს მტვერი; -
როცა ქართლის დამფარველი
თვით უწყალო გახდა მტერი, -

61
მაშინ ხალხის ვაჟკაცებთან
პაპათეულ ხელში ხმალით,
ის არაგვზე და ლიახვზე
ჰქროდა, როგორც ქარიშხალი!

ის ციციშვილს შეებრძოლა,
როგორც გლეხი მეამბოხე,
ციმბირს, ტყვიას, სახრჩობელას
გადაურჩა არა ორხელ.

არა წიგნი - მატიანე


სიტყვა ვრცელი, გულწარმტაცი, -
ყალიონის დანაბოლზე
მოიგონებს ბერი კაცი...
იყო... ვეფხვერ გაიბრძოლა,
ვერ მოგლიჯა თვის გულს ქაცვი...

**

და პატარავ, შენ რომ გძინავს,


ხომ შენშიც ჰხურს მისი ბუღი?
განა სიზმრად არ გიხილავს,
დიდი პაპა გულნადუღი! –

იქნებ შენში გადმოდუღდა


მისი სისხლის ცეცხლი ჭარბი!
ამბობენ, რომ სახე გიგავს,
გადართხმული შავი წარბი...

ბავშვობა

კარი მეორე

1. შენი ნააკვნარი

გახსოვს შენი ნააკვნარი,


მიწა -
ბინა შენი გვარის.
62
გახსოვს მტკვარი?..

მისი შხეფი
სხეულს ალითონებს,
გახსოვს კალო,
ტივზე კვარი,
ალიანი თონე...

და ლიახვი,
როგორც ერთი აბრეშუმის გაბმა.
რა ყიჟინა, რა კრიახი,
იცის მისმა ქაფმა.

როგორ იცის აჯანყება,


კლდეზე მკერდის დაჯახება.
ამოსტყორცნის ქაფის ნაფოტს,
გადაიყრის თავზე ქვიშას,
კლდეს გაჰღეჭავს, მთას გააპობს...
რკინის კეტით დასდებს ნიშანს, -
დიდ კლდეს დაჰკრავს და ჯიქურად
წამოაქცევს, როგორც კურატს...

მიჰქრის, თითქოს ცეცხლის ცხენი,


ღურღუმელა, ღვარნაფშვენი...
მოაქანებს ხერგებს, ნარიყს,
მოჰგლეჯს ქვევრებს, მუხის კარებს,
გადურეცხავს ყველას თარიღს,
ადანდგარებს, ლაფში გარევს...

ზვავების რძე, ლურჯი ქაფი,


თუ ბუნებამ მისცა ძალა, -
ნაღარით და ბრძოლის დაფით
გადიქცევა ქარიშხალად...

გადმოისვრის ტალღას მქუხარს,


ძველ კალაპოტს გადაჰხეთქავს,
თავისუფლად ყოფნა უყვარს,
თავისუფლად გულის ფეთქვა!

მისი წვეთი თვითეული


არის ცეცხლის ნაპერწკალი;
გული მთას აქვს მიდებული, -
აქ იზრდება ვეფხვის ბწკალი.
63
ის დამღერის აკვნის პირად
გრგალხმიან იავნანას
და მონობის გასაგმირად -
შვილთ ჯიბეში უდებს დანას!

**

მოჩხრიალებს მოდის მტკვარი, -


ქართლის ძუძუ ამაგდარი...
შვილებზეა გადამკვდარი,
ვიცით მისი თავდადება, -
მღერით შევა ნათესებში,
ოქროს წვეთი გავარდება.

ბაღებით და ვენახებით
აიყვავებს გაშლილ კიდეს,
ააცურებს წყალში სიმინდს,
მსხვილ ტაროებს ჩამოჰკიდებს...

ხეს დახურხლავს ჭრელი ხილით,


დასდგამს ყვითელ თივის ზვინებს,
გადმოუშვებს ღარზე მაჭარს,
ქვევრში ტკბილად ჩააძინებს...

სიყვარულით უვლის შვილებს,


მზა აქვს მათთვის პური, ხორცი. –
ააბრუნებს დიდ წისქვილებს,
ცვარ-ცვარ ციმორს ამოტყორცნის.

აანთებენ დიდ მაშხალებს,


შუქზე თევზი შეგროვდება,
დააყრიან სველ-სველ ბადეს,
შიგ ჭანარი შეგორდება.

ნაპირზე დუღს შავი ქვაბი,


ქაფქაფებს და ქაფი შრება,
შიგ ლურჯსავე ქვამარილში
ლურჯი თევზი იხარშება...

მოჩხრიალებს, მოდის მტკვარი,


და თან ერთვის ოფლის ღვარი...

64
**

სატიოზე, სადაც ტალღა


აქოჩრილი გაქანდება,
გაცურდება ჭინკა-ბიჭი,
უყვარს თავის დაქადება,
ისარივით ზვირთს მიაპობს,
თავდაყირა წყალში დგება.

და კამეჩი, უღლის დევი,


ლაფში ილბობს დამწვარ წვივებს,
ჩავარდება შავ მორევში, -
პატრონს შიშით გააციებს.

აგერ, მოსჩანს მუშტის ტოლა,


მოსჩანს თუშურ ქუდის ტოლა,
მოსჩანს ქუდის ნაოთხალი...
მოსჩანს, როგორც შავი ხალი...
ვაი, ვეღარ ჰხედავს თვალი!

მაგრამ უღლის გამტეხავი


განა არი წყალთან მფრთხალი? –
რქით გამოჰხევს მდორე მორევს,
არყევს, როგორც ქარიშხალი!
ამოვა და ალმას მძივად
შავს ბალანზე ჩასდის წყალი...

**

აქ უყვარდა ჩიტის ბუდე,


დაკიდული, როგორც ქისა,
ტირიფების თეთრი ზღუდე
და ნაყარი თეთრი კლდისა;

ფშანის წყალი მოკამკამე,


ციცნათელა, თბილი ღამე,
ვარდასხმული ცა კრიალა,
ბულბულების ბაღში სტვენა;
აქ მღეროდა ხმაწკრიალა,
აქ ეჭირა “დედაენა!”

**

65
გახსოვს, ტორტლავ, გორიჯვარო,
მისი ხტომა და სირბილი,
სასტვენელა ჩალის სტვირი
და ბზრიალა დაბორბლილი.

- ჩქარი არი, ვით შურდული,


შუბლზე ქოჩორდაბურდული!

ვინ მოსხლიტა კოჭი კოხტად,


რომ ნიშანში კაკალს მოჰხვდა?

ასკინკილა უყვარს ცერით,


ჩილიკა და აგანგალა;
ლახტში, ლაფტში ქამრის წვერით
ბევრი ბიჭი აკანკალა!

მალე, მალე გაქანდება


ყველიერის საქანელა,
გახურდება მალე კრივი...
ზრიალი და დაკა, დაკა!
თხელია და რა ტანმკრივი,
რა ყოჩაღად დაეტაკა!

ვით მიმინო ტანსწრაფია,


პატარაა, რას არ ჰბედავს?!
ის პირველი მოწაფეა,
დედისერთა შერჩეს დედას!

არ იზრდება სხვა ბიჭივით


უსაქმო და შარახვეტა,
უყვარს წიგნი - და ამბებში
მას გმირობა უყვარს მეტად.

არსენას ლექსს იზეპირებს,


ეძებს ხალხში მისებრ კაცებს,
გამოარჩევს ძველ გმირს პირველს
აბჯრით მოსილ სააკაძეს.

უყვარს დიდი მოურავი...


სხვა გმირებიც დანარჩენი -
ხალხის გულში თავნაჩენი...

**
66
თავგადაწეულს, პატარას,
უხდება წარბის ყრილობა
სანდომიანი სიცილი,
და ბაგის გაწყობილობა.

შავგრუზა თმები უბზინავს,


თითქოს გიშერში გარია,
შავი, მაგარი ქოჩორი
ბუჩქივით წამომდგარი აქვს.

მოგრძო სახე აქვს ქართული,


გაცინებული თვალები;
არწივულ მზერას ამჟღავნებს
გამხდარი, ნაფერმკრთალევი...

მაგრამ ჩასხმული ბიჭია,


ცქვიტი, კირკიტი, კენარი,
უდრეკია და გულადი,
სხარტი და მოუსვენარი.

**

გორიჯვარის მთა თავნისლიანი,


მდელო, ბუჩქები მწვანერტოება...
აქ მას უყვარდა ფიქრი მზიანი,
წიგნების კითხვა, განმარტოება.

გორიჯვარის მთა, კავკასის მჭვრეტი.


ძირს მტკვარი მღერის, მაღლა ნიავი.
მოსჩანს მყინვარის თავთეთრი წვეტი
და ბრუტსაბძელი, მზეზე მბრწყინავი.

ძირს ქართლის ყანებს გააქვთ ლივლივი,


საპურე ნიავს ზედ ურბენია;
შორს ცისარტყელის შვიდფერი სხივი
შავბნელ ხეობებს შუბლზე ჰფენია...

**

ვით გამოხრული არწივის მხარი,


ქალაქის თავზე ჩანს ნაციხარი.

67
როდის ააგეს, როდის ჩაწიხლეს,
რას იტყვის ჩონჩხში ჩასული ჩრჩილი? –
ბავშვმა პირველად შეხედა ციხეს,
აკვანს დაეცა ციხის ჩრდილი...

ციხის ჩეროში დარბოდა ბავშვი,


აქ ირწეოდა მისი აკვანი, -
მაშინ ქვეყანა იყო საკანი
გამოკეტილი ვით ღამე მთაში.

დაღამდებოდა...
თითქოს ციხეში
ეძინა ხალხს და ეძინა ქალაქს;
მსხვილი მათრახით ვიღაც უხეში,
გულს მოუჭერდა და თავის ქალას.

თითქოს ლაჟვარდსაც ის კაცი ჰხვევდა


დახავსებული, შავი ღრუბლებით...
აქ, მეოცნებე ბავშვს თან დასდევდა
სევდა არწივულ თავისუფლების...

**

მისთვის მტკვრის ფსკერი ოქროსფერია.


წყლიდან ამოვა ოქროს ფერია.

ტოკავს ოცნება ნამარხულევი


დაძინებული გაზაფხულების.

მტკვრის ღონიერი იმღერის ტალღა,


უფრო ღონივრად იმღერებს ხვალღამ...

**

გულიც ადის ტალღასავით,


და სულ ზევით, ზევით იწევს,
რასაც დღეს ძირს სძინავს მტვერში,
ხვალ მწვერვალზე გაიღვიძებს!..

2. მაისის წვიმა
68
მაისის წვიმამ დაწურა
ლაჟვარდის იაგუნდები,
ნაავდრზე მღერის ბულბული,
ჩიტმა გაშალა კუნთები.

სოსო ყურს უგდებს გალობას,


ნამდვილია თუ ოცნება?
გაიმცნაურა სიმღერა:
ყურს რა რიგ ეჯადოსნება!

გაიწევს უნდა იპოვოს,


შეხედოს, ნახოს მღერალი,
დარბის და ვერა პოულობს
ხეების შემაცქერალი.

ბულბული ისევ რაკრაკებს,


თავის ხმითა და დიდებით.
-სადა ხარ ჩიტო გამოჩნდი,
გამო რას მეთავდიდები!

ბუჩქებში დარბის, - მითხარით,


ვინ არის მისი მპოველი?
სიომ სთქვა: - არა ვიცი რა,
წყალმა სთქვა: ახლა მოველი!

დედა ბაღებში ეძებდა


დაკარგულს, დაკანკალობდა,
იმ ბუჩქში ნახა მძინარე,
სადაც ბულბული გალობდა.

**

უყვარს მიწის ზურმუხტი


და ფირუზი ციური,
მდელო - დილის ალმასურ
ცვრებით ამომძიული.

ხასხასა ნიგვზნარები,
მოკაშკაშე მდინარე,
დილა ნარგიზნარევი,
ლალთა შუქნათენარე.

69
**

ხეების მღერას ყურს უგდებს,


ბაღში ხეხილის სიცილსა,
რამდენი სიხარულია,
სიცოცხლე დედამიწისა.

მზის ელვარებას შეჰხარის


ამ სიხარულის მსურველი.
ფოთლების ტაში ესმოდა,
მინდვრების ნიავ-სურნელი.

სურს გაძვრეს ცისარტყელაში,


აფრინდეს მთების არწივად,
მოსწონს არწივის ნავარდი,
ცაში რომ გაახანგრძლივა.

- იქ მეტი ჰაერი არი,


მზეც ჭარბად არის ნადენი.
და მზეზედ უფრო ბრწყინვალებს,
შინაგან გულის ნათელი.

**

ყველივრის ნასაღამურზე,
მტკვარზე რომ მთვარის შუქი დევს, -
მეჭონეებში ჩამდგარი
ხმას ტკბილად შემოუკიდებს:

- მოახსენეთ ბულბულებო!
ჭონას ვიყავ... ჭონა ვნახე...
ყურს უგდებენ ქოხმახები
და ვერხვები მოცახცახე...

**

წკრიალებდა ბულბულურად,
ნიაურად ხმა კამკამი, -
ხმა რაკრაკა, სუფთა, ტკბილი,
უმანკო, ვით ცისკრის ნამი...

მღეროდა, კი არ მღეროდა,
თითქოს ციურ ცეცხლს ჰბერავდა;

70
ჩაიღაღადა, ჩაწმახნა,
ჩაწურა ოქროსფერადა.

უსმენდა ხალხი, ყრმამ გული


სიცოცხლით ააგზნებინა;
უცბად ხე დადგა ლამაზი,
მისი რტო ქალაქს ეფინა.

რტოს ესხა ვარდი მრავალი,


ვარდმა დაბურა ქვეყანა;
ჩამოწყდა ფურცელ-ფურცელი,
ხალხს გულზე გადაეყარა.

ხალხს ტკბილი შვება ამოხდა,


გულზე სხივები მოება;
და თვითეულმა იპოვა
ვარსკვლავის უმანკოება.

მღეროდა ბავშვი და გრძნობდა,


ხმაში რომ ოქრო ადინა;
რომ ამ სიმღერით ვიღაცას
ცხოვრება გაუადვილა;

რომ ხვალე დილა თენდება


ალმას-იაგუნდ-ლალითა;
რომ შიგნი გულის ნათელი
ამ ხმებში ამარგალიტა.

სჩქეფდა მღერაში ღონივრად


სიცოცხლის ძალა ულევი,
თითქოს ყრმის ხმაში ჟღეროდნენ
მომავლის გაზაფხულები.

**

დაიზანგება საღამო,
როგორც ბეხია კამეჩი...
ბანზე დაირა გუგუნებს,
შავს, ურმულიან ღამეში.

ღრუბლებში გამოჩნდებიან
გმირები წინანდელები.
ცაზე კი ციმციმ ცურავენ
71
ციური ციცნათელები...

კარგია მაშინ ფერხული


და ცანგალაზე თამაში,
ცერზე რო კოხტად შედგება
ვერავინ ვერ სჯობს ამაში.

**

ჩოჩქოლებენ ვაჟკაცები,
უფროსია შვიდი წლისა,
საომარად ემზადება
ორი დასტა ლახტიწრისა.

- არჩევანი მე! - აირჩევს, -


ვიბრძოლებ მათი ამარი...
და სოსოს კენჭზე ტყლაშუნობს
თან ხამი ტყავის ქამარი.

მაგრამ ვერავინ გადრიკა,


და ვერც ქამარი მოსტაცა,
სდგას სოსო წრეში კლდესავით,
ბრძოლის გამოცდილ ოსტატად!

თან ამხანაგებს ამხნევებს,


ამხანაგების მზე არი,
ამხანაგების მოყვარე,
სიცოცხლე-თანაზიარი.

- გრიშა გამაგრდი! - შესძახებს, -


მოგება ჩვენი იქნება!
თან გულში ახალ-ახალი
ხერხები მოეფიქრება.

- სიკო, კოტე და გიორგი


წინ შეაგებეთ ხელები!
ცეცხლივით ეცით! ჰო, ეგრე!
ხომ ჰხედავ, კიდეც ერევით!

ახლა სხვას შეაგულდიდებს,


ისევ გამწარდა ქამარი...
ცერს თითით გაატკაცუნებს,
თამაშით ნათამამარი...
72
- ცოტაც და... შაბაშ, ბიჭებო,
მტერი გადრეკას აპირებს!
კიდევ და სირცხვილშეჭმული
მარცხდება მოპირდაპირე!

**

საქართველოს სუფთა ზეცა,


თითქოს მტრედის ლურჯი მხარი...
მწვანე მოლზე ჭიდაობის
რა იქნება შესადარი?

- მე პეტა მყავს ფალავანი,


მტკიცე, როგორც გალავანი!
თქვენ ვიღა გყავთ, გამოიყვათ,
განი, ყმაწვილებო, განი!

აბა, პეტრე, მაგრა დადექ,


მე ვარ შენი თაოსანი...
... და ეტაკა, როგორც სვანი...
წეღან მორცხვი, მოშიშარი,
პეტა გახდა ფალავანი.

**

უყვარს გვირილის გვირგვინი,


შიგ ვარდებგამოყვანილი,
ოთახის მორთვა ტოტებით,
ბალახითა და ყვავილით.

უყვარს ჩონგურის წკანწკარი,


გმირების საქმის მსახველი:
”ლექსი მოლექსემ უნდა სთქვას,
ვაჟმა, ვინც შექმნა სახელი!”

კედლებზე ჰხატავს ნახშირით,


ლექსებს იგონებს ბეჯითად,
- ჯუღაანთ ეკატერინეს
რა ბიჭი წამოეჩიტა!

**

73
არი სიტყვის ქამანდარი,
შაირების ამადარი:
- “უფლისციხე ნაციხარა,
ის ეყოფა, რაც იხარა!”

მერე გრძელი არაკები...


ნეტა ბოლოს რა მოხდება? -
ის ზღაპრები უხარიან,
სადაც გმირი კვლავ ცოცხლდება...

**

გადიქალწულებს ზაფხული,
დამარჯნებული ტოტებით,
და შემოდგომაც გაივლის
შემოდებული ფოთლებით.

ზამთარი არი... წკრიალებს


სოსოს ციგურას ეჟვანი.
ზამთარი არი... აღმართა
მან თოვლის გარდანქეშანი...

**

- რად სტირი დეიდა კეკევ?


შემოჰხვევიან ბავშვები...
- რას იმდუღრები, რა გინდა? -
კითხვაა ნაერთბაშევი...

- რას ვჩივი და...


დერეფანში ვიდექი,
სამოვრისთვის ავანთე ნაკვერცხალი...
უცბად ვხედავ, ჩამოფრინდა ჭერიდან
შეჭვარტლული, შებოლილი მერცხალი...

დარჩენილა!
ტოლებს ჩამორჩენილა!..
რა ჰქნას თოვლში მარტომ, უამხანაგომ?
- ვაი შვილო, შენც ობოლ მერცხალს ჰგევხარ,
მომავალი შენი როგორ გავაგო?!

სიღარიბით მე ვერ მიგცემ სკოლაში,


ჩამორჩები ტოლებს მერცხალივითა...
74
დარჩები, ვით დარჩენილი თავთავი...
ნეტა რა ვქნა, უსწავლელი შვილითა!..

მითხარით, როგორ არ მქონდეს


თვალები ცრემლში ნაბანი. –
მოდი, ბავშვებო, მიშველეთ,
სოსოს მისწავლეთ ანბანი!

აცრემლდნენ ცელქი ბავშვები:


- ვასწავლით! - მისცეს პირობა.
- ვასწავლით! - გაიძახიან,
- ჩვენ მოგირჩინოთ ჭრილობა!

**

სოსო სწერს პირველ ასოებს,


ბრწყინავს ანბანის ფერხული.
კოდალას ხარატულია,
თუ უფრო ბატიფეხური?..

მაგრამ ნაწერი მტკიცეა,


სურვილი დაჟინებული.
ხელი ხვალ გაიჩარხება,
ჯერ კიდევ დაშინებული.

დედა თრთის შვილის სიამით,


ცრემლში უცურავს თვალები.
დამსხდარან ტურფა ასონი,
თუ თაფლის ნაწვეთალები?

- “ან-ს დაჰხედე, ბან-ს დაჰხედე,


სიგძესა და სიგანესა!”
გან-ს გიამბობ, დონ-ს გიმღერებ,
გეტყვი ქვეყნის იგავებსა!”

იავ გულო, იავ სულო,


მოსავალსა მოცდა უნდა;
კაცობილი კაცი იყავ,
უკაცობა ვის რათ უნდა?

ქვეყნის ხათრი მუდამ გქონდეს,


და მშობლების რიდი ცალკე;
როცა სარკე არა გქონდეს, -
75
ქვეყანაა შენი სარკე!

ვაჟკაცური კაცი იყავ,


ამხანაგის მტკიცე სვეტი,
მძიმე იყავ კაცურ ქცევით
და წონაში მოხვალ მეტი!

კაცმა თავის კარგკაცობა


უნდა ხალხის თვალში ნახოს...
მაღალი ხე ისხამს ფურცელს,
დაბალი ხე - ოქროს ნაყოფს.

**

გახარებულა დედილო,
პირზე ვარაყი გადასდის:
- შენ ჩემო დამტირებელო,
მიყვარს შენი ხმის ღაღადი.
წამიკითხე და მახარე,
ყელზე შეგაბა ბაღდადი!

- “მზეო, ამოდი, ამოდი,


ნუ ეფარები გორასა,
სიცივეს კაცი მოუკლავს,
საწყალი, აგერ გორავსა!”

- კიდევ მიკითხე გულტრედო,


ლექსები პირადმზეული!
რაკრაკებს სოსოს ტკბილი ხმა,
მტკიცე და მინაზებული:

- “ადამიანის შენახვა
ვერავინ იდვა თავზედა,
წამოდგა ხარი ნიკორა, -
მე დამაწერეთ თავზედა!

მოსცვივდნენ ანგელოზები,
აკოცეს ორსავ თვალზედა,
ჩამოქნეს წყვილი სანთელი,
მიაკრეს ორსავ რქაზედა!”

**

76
რეკავდა პირველ სექტემბრის ზარი,
ბავშვთა ჟივილი ცასა სწვდებოდა.
უსრულდებოდა დედას მიზანი...
სოსელო დედას ეკოცნებოდა...

წითელი აბგით და “დედაენით”,


ცანგალა სკოლის გზას უდგებოდა,
როგორც ყანაში თაველს თაველი,
სოსელო დედას ეკოცნებოდა...

3. არსენა

ეზოში მოდგა მესტვირე,


წარბზე ქუდჩამოფხატული,
ხელთ ჭრელი სტვირი ეჭირა,
ახატულ-ჩამოხატული.

ერთ სიტყვას მიწიდან იტყვის,


ზეციდან ამბობს მეორეს,
წკრიალებს სტვირი ოქროსი,
გულისთქმას გაიმეორებს...

- დაატრიალე მესტვირევ,
ქარასხა სიტყვა კეთილი,
გუდად კალმახის ბადე გაქვს,
არაგვში ამოხვეტილი...

გარს ახვევია მესტვირეს


ბიჭი და გოგო მთვარელი.
დახატულ ხოხობს ააფრენს
მოხუცი ჩიბუხტარელი.

წვიმას ჩამარცვლავს წვეთეულ,


არ გარჩეს ერთი ცვარიცა;
შავს შუაღამეს, შავ ზღვაში,
ბეწვს ჰნახავს შავი ცხვარისას.

-ღვინო და პური ძველი სჯობს,


სიმღერა ახალთახალი...
- სიმღერით მომიშუშნია
ბატონის ნამათრახალი...
77
- გმირ ვაჟკაცს მიეკუთვნება
ჩემი ლექსიც და ვაშაცა;
მთვარე თუ შაქარს მთებს აყრის,
მე ვარდს დავაყრი ვაჟკაცსა!..

შევარდენივით შეკრული,
ქუჩაში ნაბურთალევი,
სოსო შეჰხარის მესტვირეს,
უგანივრდება თვალები...

ჯოხის ცხენიდან გადმოხტა


და ხალხში შემოერია,
დაძაგრული დგას და უსმენს,
მის გმირზე როგორ მღერიან:

- სოსო სოსელო, ვინ არი,


ერთი სადარი ასთანა?
- დედამ რო შვილი გაზარდოს,
ემაგრე არსენასთანა!

**

ყელგადაგდებით იმღერის
ბულბული ბოლოგაშლილი:
სტვირიდან, ვეფხვის ნახტომით,
გადმოხტა ოძელაშვილი.

სოსოს წინ დადგა ვაჟკაცი,


თექის ქუდსა და ჩოხაში;
- ბიჭო, შე დედისერთაო,
გაზრდილო ხალხის ოხვრაში!

წინათაც ბევრჯერ უნახავს,


ფოლადად გულში სდებია, -
ლიახვის ზვირთში, ტყისპირში,
მთის ნისლში შეჰფეთებია...

უყვარს, რომ ბიჭი არსენა


ცაში არ არის წასული,
რომ სკამი ზეცას არ უდგა,
არც სახლი მოდარბაზული.

78
ცოცხალი არი მიწაზე,
ხალხის მტარვალებს შეება;
და თუ ხალხს გაუჭირდება,
ხვალ ისევ მიეშველება.

მაგარი არი არსენა,


როგორც მუხა და ურთხელი...
სოსოს რათ შეუყვარდება
გულგადრეკილი, გულთხელი...

**

საკუთარ შუქით მშუქარი,


გმირი ოცნებას წვეული,
დგას და უყურებს სოსელოს,
გულცქერად გადაქცეული.

- მე ვარ, მდიდარს რომ ვართმევდი,


ღარიბს ვაძლევდი სარჩენად, -
იმედი უიმედოთა,
ოძელაშვილი არსენა!

ადლნახევრიან მუცელის
მტერი ვიყავი ფიცხელი.
ცრემლდაწვიმული დრო მქონდა,
სიავით აურიცხველი.

კვლა, რბევა, უსამართლობა,


მრავალი მქონდა ნანახი;
უკან ძვრებოდა მიწაში,
სირცხვილისაგან ბალახი...

მზე მსურდა მთვარის ადგილზე


და ღამისათვის საზღვარი;
მინდოდა ქვეყნად დამეშრო
სისხლწყარო, ცრემლის წყალღვარი,

რომ ყოფილიყო ცხოვრება


მზის მომფენობით ლამაზი.
მაგრამ დამასვეს ეკალი,
ერთის მაგიერ სამასი...

და მე არ მოვკვდე, - არ ვნახო,
79
ცა მტრედისფერად ნანათი...
ჩვენ ხომ გავზრდილვართ ორნივე
ერთ დედის იავნანათი...

**

- არსენა მოჰკლეს!
სოსოსთვის
ცრემლს შეუსალტავს თვალები.
- შენ სიკვდილს ვინ დაიჯერებს,
შენ ულვაშს ვენაცვალები!

მზეს ვერ დაჰმალავ ღრუბელო,


გინდაც მზეს პირზე დეები.
გაქანებულო ირემო,
გახვალ და გაეტევები!

**

დიდი მუხის ქვეშ გზის პირად


სიკვდილის ხელით ნათელი,
ცალმუხლზე წამოიჩოქებს,
მხრებზედ ენთება ნათელი...

შუბლს გაშლის დინჯად არსენა,


და სოსოს შეაჩერდება:
- ბიჭო, უბრალო სიცოცხლეს
ეს გული როდი ჯერდება!

- რამდენი კაცი გაჩნდება


ნეტამც ვიცოდე რისათვის?
მზენათელს აცდენს ამქვეყნად,
მარტო ჭამა და სმისათვის...

მე კი... ჩემივე მსმენია


გულის ფოლადის დუღილი...
გულს მეკიდება გენია,
რა მესმის ქვეყნის წუხილი.

სხვა თუ დაყრილა ნახირად,


მდევარ ლუკმაში გართული,
როგორც ხე ფესვტოტიანად,
ჭაობში გადაშხლართული, -
80
მე მზისკენ მინდა გავქუსლო,
რაშს ამოვაწნა მათრახი;
რათ უნდა ვიყო წყვდიადში,
თუ ვარ მზის გადმონასახი...

**

უახლოვდება სიკვდილი,
უნდა მოჰხვიოს მკლავები.
მაგრამ ხალხს უსხურებია
ცვარწყალი გაუკვდავების.

დალპა არსენას ქოჩორი,


და მისი გულის ფიცარი,
მაგრამ გული კი გამხდარა
ხალხისთვის დასაფიცარი.

უდარობა თუ დარია,
მის მზეს არა აქვს ხუნება,
ქვეყანას გადამწვდარია
არსენას ლაღი ბუნება.

ხმალს ჰკიდებს თურმე მზის სხივზე,


ჰგონიათ ნათილისმარი.
შემოერტყმევა თვითონვე
ხმალი დღეყოველ, ცისმარი...

მარჯვენა ბეჭზე მზე უჩანს


და მარცხენაზე მთოვარე,
მას ვერ შეამღვრევს სიკვდილი,
სიცოცხლედ აგვიფრთოვანებს...

ის არწივებთან ბინადრობს,
იცის მათი გზის გაგნება,
ფრთებს აფარებენ არწივნი,
თუ მეხი დაიკლაკნება!

**

მზე ჩაეწურა მწვერვალებს,


ხარობს მესტვირე ხმოვანი...
ფარშევანგულად ელვარებს
81
მტკვრის პირი ვენახოვანი...

ცრემლებით მორწყავს გულის ბაღს


მღერალი ენამერხევი...
უსმენენ დიდი ვერხვები,
ცელგადებული გლეხები...

გაჰკრა სიტყვამ და გაანთო...


ხელი ხმლის ვადას დაება:
- მონობასა და წყვდიადში
არ მინდა მე უკვდავება!

- გაჰკრა სიტყვამ და გამოჩნდა


კაცი არწივზე დამდგარი...
გაჰკრა სიტყვამ და გაისმა:
თუ ვაჟკაცი ხარ, დაჰკარი!

დაჰკრა ბავშვმა და დასძახა:


- გეყო, რაც ნათელს ჰქოლავდი!
და იწრთობოდა წვეთ-წვეთად,
პატარა გულში ფოლადი...

დიდხანს მღეროდა სიმღერა,


და ჩაჰქრა, როგორც ვარსკლავი,
მაგრამ არ ჩაჰქრა ძახილი,
ყრმის გულის გამომნასკვავი...

4. კრივი

ყველივრის კვირა დამდგარა,


ხმაურობს დუქან-ბაზარი,
ხალხია მოზღვავებული,
სადაც სდგას გორის ტაძარი...

გაჭედილია ქუჩები,
აივნები და ბანები,
დახაფრულია ხეებიც -
ჩიტების დასაბძანები.

ძმური ჩხუბია, -
კრივია, გულგაკვერილი ვაჟების.
82
ხმალმომშეულებს გამოაქვთ
გასაშინჯავად მაჯები.

ამტყდარა მუშტის ქუხილი,


რეხვა ისმის და გრიალი...
დღეს გამოჩნდება, ვინც არი
ვაჟკაცი სიმაგრიანი.

- დღეს ფალავანი ვინ არი,


დამცემი, დამძგერებელი? –
ქუჩაში ყველა ჰკითხულობს:
ახალგაზრდა თუ ბებერი.

**

მკლავების ზღვა რისხვით ქშუის,


ისმის ყბაში ლაწალუწი;
ვაჟკაცობით იგი სტყუის,
ვინც გადრკება კრივში უწინ.

ვინც დუღაბით ნაგებია,


დღეს ის არი - კრივის ბურჯი.
მისთვის ყველა თაგვებია,
მტერს გაჰბღერტავს, როგორც ხურჯინს!

**

- შენი ჭირიმე “ფთიანო”,


დაჰკარ, არ დაიგვიანო!
კაცს ჩინჩხვარივით დალეწავ,
მშვიდობა-გუნებიანო!

- ჭირიმე შენი “ხოდელო”,


ეგრე დაუხვდი წინასა!
შენი ამბავი რომ ვიცი,
მუშტით გაამტვრევ რკინასა!

- ეგნატაანთ იაკობა,
მოდის, როგორც გემი ზღვაში,
მის მუშტს უნდა განა მკობა?
ვენაცვალე ბიჭს ულვაშში!
მას რა ძალა დააკავებს? –
უთხლაშუნებს მძიმე მკლავებს!
83
- აფთარია “გოჭის ბიჭი”,
ამირანის ნათესავი,
გაუბრუნა მტერს ნაბიჯი,
თვითონ ჩადგა, ვით კლდე სალი!

**

დევკაცების ჭიდილია,
ბაგაბუგი, დაკა-დაკა!
მუშტია თუ სიკვდილია?
ყოჩის რქისებრ დაეტაკა!

ერთმა ერთი აიხირა,


საქოჩრეში გაჰკრა კბილი,
პანტა-პუნტით, ყირა-ყირა,
ძირს ეცემა დაბეგვილი.

**

ზემოურებმა იქუხეს,
ქვემონი ჩამოაწვინეს,
ქვემოუბნელთა რაზმები
საზღვარზე გადმოაცილეს.

ზურნით მოსდევენ...
ლაშქარი დაიძრა გამარჯვებული...
მაგრამ გზაგასაყარზედა
დაჰხვდათ ცოცხალი ჯებირი.

მოულოდნელად შეჩერდნენ...
რას სჩადის მხარე ძლეული?
“ხორველა ბიჭი” წინ დაჰხვდათ,
სახელო გადაწეული.

მის გვერდით გრგვინავს ხოდელი,


შავ ტყეს მიუგავს წარბები,
გლადკა მედროგეს შემოჰკრეს,
ქვა-მაჯა გადაჭარბებით.

გალომდა ბიჭი ხოდელი,


ხარაზულ ჩუსტში ჩამდგარი,
ისმის ლომების ძახილი.
84
ხელღონიერთა დგანდგარი.

შემოკრული აქვთ მაჯები,


ტყავით და ხელსახოცებით,
- ან გავიმარჯვებთ ბიჭებო,
ან კრივში ჩავიხოცებით!

**

უყურებს სოსო მალხაზი,


დარაბის თავზე გასული, -
ზოგი დამრტყმელი ციხეს ჰგავს,
ზოგია ამოგაზული.

აგერ მოკრივე კლდემკლავი


წაქცეულთ მოიგალავნებს.
ბავშვი ნუკრივით ცქრიალა
დანატრის კრივის ფალავნებს:

- ნეტამც მეც მალე გამხადა


ღონიერი და მაღალი!
“ფთიანი”-ს ძალა მე მომცა,
“ხოდელი”-ს მაჯა მაგარი!

ნეტავი გმირი მე ვიყო,


სახელგანთქმული მხედარი,
შეყვარებული ხალხისგან,
რკინასებრ გაუტეხარი!

**

და გმირებზე ჩააფიქრებს
მათი საქმე გასაკვირი;
კობა მოსწონს ძმადნაფიცი,
ვაჟკაცი და ხალხის გმირი...

როცა გორის ოფლურ შარას


დაეცემა წყნარი ბინდი,
ფეხაკრეფით, ხელში შვილდით,
სოსო ქუჩის ხესთან მიდის.

ჩასაფრდება, შვილდს შეჰსტყორცნის:


- აჰა, ესეც ჯილდო თქვენი!
85
მე კობა ვარ... და იაგოს
განაცვალეთ ორთავენი!

და მოჰკურცხლავს, ხომ იძია


სისხლი ორი ძმადნაფიცის.
კმაყოფილი ბავშვის გული,
კობას გულის ცეცხლით იწვის.

**

“არსენაობას” თამაშობს
თავისი ალამდარებით,
ფეხის ფრჩხილებზე შედგება:
არსენას გავედარები!

ქუჩეჩის წვერებს იკეთებს,


ნახშირის მურით ულვაშებს,
გზად, ვითომ ბატონს დაჰხვდება,
გუნებას გადაუმლაშებს:

- მაგ ცხენიდან გადმობრძანდი,


ჩემი სიტყვა არის ესა!
მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ,
ღმერთი როგორ წამახდენსა!

და ვითომ ტყეშიც გაქანდა,


როგორც ხმლიანი ხევსური;
ცხენი გაუშვა ნავარდზე,
ქუსლი ამოჰკრა დეზური.

იქ, უღრანს ტევრში კაკოსთან,


შედუღებულა ფიცითა;
თუ მტერი შეჰხვდა ბრძოლის წინ
ეზიარება მიწითა!

ქვესაგებელად მიწა და
ცა სახურავად ექნება;
არ ეშინიან... წინ უძღვის
გმირად გახდომის შეგნება.

მიჰქრის და თითქოს დიდი გზა


წუთში აქვს გასაბიჯები,
მიჰქრის და უკან მისდევენ
86
ყიჟინით უბნის ბიჭები:

- გაგვიძეღ, ბერო მინდიავ,


მუხლი მაიბი მგლისაო,
გაგვიყოლიე უმცროსნი,
ვისაც თავი აქვს ცდისაო!

5. სულისა და ტვინის ციხე

აბგით ყრმები გამორბიან,


მალხაზები ჰგვანან ციყვებს,
სკოლა არი? –
დილეგია,
სულისა და ტვინის ციხე!

ცანგალას გულს აქ ჟეჟავენ,


აქ ფართხალებს შიშით ბავშვი,
დასტურ, სქელი ციხე არი,
მას განაგებს ყიზილბაში...

და ის გოჯა, მოწაფეზედ
ასე იყრის გულის ბუხარს:
- ქართველი ხარ?
- დიახ!
- ვწუხვარ!..

- რა სახელი ჰქვიან,
მითხარ, შენ სამშობლოს?
- საქართველო!

- სტყუი!
- როგორ?
საქართველო!..
- სთქვი რუსეთის იმპერია!..
- სთქვი რუსეთის იმპერია!..
- სთქვი რუსეთის იმპერია!..
იმპერია!

- საქართველო?
- საქართველო იყო ძველად!..
შენ გერგება სამწყვდეველა
87
ოტროველავ!
უნდა იჯდე ქვის მტვრეველად!

და მოწაფე სევდით უმზერს


მასწავლებელს -
მაწამებელს...

**

- ენას მგლეჯს და ყურს მიყრუებს


ალიბრუდი უსახურო,
რწმენა მინდა, - არ მაძლევენ
და ხალხს რითღა ვემსახურო?
აზრი მინდა - მიმალავენ,
გული რითი გავიხურო?

**

აკრძალულია ქართული!
ჩარიცხულია ქუჩურად.
ვაი მას, ვინც კი დღეიდან
ქართულად წაიჩურჩულა...
(რომ არ წამოსცდეთ მეორედ,
ლაპარაკობენ მუნჯურად).

მოწაფეს ხელში ფირფიტა


უჭირავს გადასაცემად.
მაგრამ სიკვდილზე ძნელია,
ამხანაგების გაცემა.

**

ეკლესიაში ლოცვები...
დიდმარხვამ თავი აიშო.
ეფრემ სირინის გალობა,
ჩოქისყრა უანგარიშო...

- “მე ვარ ნათელი სოფლისა,


მოვედი, მოგიხაროდეთ!
ვინც შემომიდგეს, ნეტა მას,
ბნელში არ ივლის აროდეს”...

მაგრამ საყდარში რათ ბნელა


88
და გულში უარესადა? –
- “ნეტარნი მშვიდნი არიან...”
მშვიდნი კი ნახა ვერსადა!

მშვიდი - ბიძია გიაა,


დღედაღამ ქადწაგრეხილი.
მშვიდი - ნინიკა პაპაა,
სიღატაკესთან შეხლილი...

მაგრამ ერთიც და მეორეც


როდის არიან ნეტარი?
და ამჩნევს - “მშვიდი” ის არი,
ვინც სვა ცხოვრების ნექტარი...

**

დილაზე დილაობითა,
მზე რომ ამოვა ბუკითა,
როცა გორის თავს თენდება
თურაშაულის შუქითა, -

დედა სახლს მოაპატარძლებს,


კერას ნათელი ედინოს.
შვილი სკოლისკენ იჩქარის,
სამუშაოზე - დედილო.

დედა დღიურად მუშაობს,


ჯანს იხარჯება უხვათა,
ყვავილიანი იმედი
გულში გაზაფხულს უხატავს.

ის შვილის თავთან ათენებს,


ოცნებას გაიმხატვარებს,
სუფთად ჩაცმულს და ჩაფუნთულს,
გაროზის შარფით ატარებს.

**

დაზგასთან მჯდარ კეთილ მამას,


გულს უყვავის ცისკრის ვარდი.
- დაიარო ქართლის სიგრძე,
ვერ იპოვო სოსოს ფანდი!

89
გაუმარჯოს! - იძახიან
სკოლაში და უბანშიცა:
- წიგნში პირველს,
კრივში პირველს,
გუნდში პირველს,
- ძმობაშიცა!

- მე ეს რუკა დამიხატა.
- მე ამიხსნა ამოცანა.
- მე სწავლაში წამაქეზა!
- მე სრულიად გამომცვალა!

- მე ეს წიგნი წამაკითხა.
- მე გამხადა გულოვანი!
- მან მე სიტყვა გამიმარტა,
- ვარ მე მისი ფალავანი!

ამხანაგის თვალი არი!


მის ნიჭს, მის გულს ვინ არ აქებს:
- უყურეთ და მას მიჰბაძეთ,
- თავს დაჰყივის ამხანაგებს!

მამა ამბობს: - კარგ ხელს ვამჩნევ,


არი ჩემი მინაგვარი!
- სანაქებო შეგირდია,
ამბობს სკოლის წინამძღვარი.

**

იზრდებოდა დედას ბიჭი


და მშობელს გულს უნათებდა.
ბიჭის ტახტს კი წლისთავს დედა
ფიცრის ნაჭერს უმატებდა...

6. სახრჩობელა

ჰე, მერცხალო, სოსნის ფერო,


შენ და შენი ინდოეთი!
დღეს შენ გინდა შეიფერო
პირველობა სხვაზე მეტი?

90
რომ შეიტყე გაზაფხული,
აღარ დადგა სხვაგან გული?
ეგ გულმკერდი შებოლილი
ჰინდის წყალში გაგირეცხავს?
ხელოსანის ცელქი შვილი
უალერსებს ცაში მერცხალს...

თებერვალის მყუდრო მზეა,


ჰაერში დგა თბილი სუნი;
გაზაფხული სალამზეა,
ქართლის ბჭესთან შემოსული.

სადღაც დაჰკრეს ბარაბანი


და ქუჩებმა მისცეს ბანი...

ისმის ფეხის ხმაურობა,


ბორკილების ჩხარა-ჩხური...
ბავშვი შეჰკრთა, გაინაბა,
როდი იცნობს ამ ხმას ყური!

ჯვარით ხელში მოდის მღვდელი,


წინ მოუძღვის პროცესიას,
და ჯალათი სულის მხდელი,
დღევანდელ დღის მოწესეა!

და მათ შუა ყაჩაღები...


მოუხრიათ საწყლად თავი,
ორთავ მტერზე დამჯახები,
ცხელი ტყვიის გამრეკავი...

ორივეა მთების შვილი,


ორი ქვრივი დედაბერის...
ერთი მოდის პირღიმილით
და მეორე მკრთალი ფერით.

ღრმა ფიქრებში ჩანთქმულია


ამაყი და სახე წყნარი,
ცოცხლივ ჯვარზე გაკრულია,
ბნელ საკანში ჩამომდნარი...

ბარაბანის ხმა საზარი


გულს ესობა, როგორც დანა,
ჯერ სოსელოს შიშის ზარი
91
არ სმენია ამისთანა!

წეღან იგი სდევდა მერცხალს,


ძუძუთა ხბოს ყელში ჰფხანდა;
თებერვალის დღე მზიანი,
გაზაფხულის დილას ჰგავდა!

სიდან გაჩნდა ეს ხმაური,


კლდეს დაარყევს მისი ძალა!
ან ეს ხალხი ეშმაური,
რიყეზე რომ გაიშალა!..

სასიკვდილო მოედანზე,
სამი ბოძი დარჭობილა...
წუთით გადგა ხალხი განზე,
რა შეხედა სახრჩობელას!

მაგრამ თვითვე მოსწევს ბაწარს,


გულგრილი და მოცინარი;
ეჩქარება, ჰნახოს ამ წამს,
ყაჩაღების კონწიალი...

ყიჟინით და ჟრიამულით,
ციხის კედლებს მოსხდომია
და ვერა გრძნობს მისი გული,
თუ რა ცეცხლის სოდომია.

მხოლოდ ბავშვის მკერდი ჰღელავს,


ადვილია გამოცნობა!
ამ ხალხს რისხვით გადასთელავს
მოწამლული მისი გრძნობა!

დააყენეს დასჯილები;
ჩამოაცვეს თავს სუდარა,
- ო, მაჩუქე სიჭაბუკე!
რა ხმა იყო, რა მუდარა!

რა საკირე ენთოთ გულში


და რა ცეცხლი გაიარა!
მაგრამ ხალხის ჟრიამულში
რა ძალა აქვს ამ იარაღს?

გადააცვეს კისერს თოკი


92
გამოსწიეს ფეხთით სკამი...
ხელი ჰკრეს და ნელი ტოკვით,
აქანავდა ორი გვამი...

**

მაგრამ ბიჭებს სასიკვდილოდ


არ იმეტებს ბავშვის გული
და მათსაებრ - მინდვრის კაცზე
აგონდება ზღაპართქმული:

იყო თურმე კაცი ვინმე,


ჭირნახულის მოყვარული...
ყანაზედ არ გაივლიდა,
გინდ ჰფენიყო ორხაული.

თავთავს ფეხს არ დაადგამდა,


მოუვლიდა იქით კიდეს...
ერთხელ, ცილი კაცს დასწამეს
და სიკვდილი გადუწყვიტეს...

აღუმართავს სახრჩობელა,
სიცოცხლის დღის გამთავები,
ჩამოჰკიდეს და კაცს უცებ,
ქვეშ შეუდგნენ თავთავები...

ზე ასწიეს კაცი მაღლა...


თუმც ეხვია ყელზე თოკი, -
არ უჭერდა, არ ახრჩობდა,
ვით მოწყალე, მისი მზოგი.

არც თავთავი იმტვრეოდა,


იდგა თითქოს ოქროს სვეტი,
მას ვერავინ ვერ ჰხედავდა,
თვით დასჯილი კაცის მეტი...

ჩამოხსნეს და გაუკვირდათ,
კაცი იყო ისევ მთელი...
უამბო და აპატიეს,
გაუგრძელეს დღე ნათელი...

**

93
სად არიან ამ წამს, ახლა,
თავთავები ოქროშვინდა,
რომ შეუდგნენ ტლუ მეხრეებს,
თორემ გული შეუშინდათ...

- ხომ ესენიც სთესდენ ყანას,


მარგალიტით სავსე თაველს, -
ევლებოდენ, ოფლით ზრდიდენ,
რად ახრჩობენ მაშ ორთავეს?

- სად ხართ, სადა თავთავებო,


მოეშველეთ მეხრე ბიჭებს!
არსად ჩანან თავთავები,
თოკი ბიჭებს მაგრა იჭერს...

- ვაი, დედიჩემის ღმერთსა!


გადმოვარდა ცრემლი ცხელი...
- ახი არი!
სთქვა ვიღაცამ
და თბილ ქურქში ჩაჰყო ხელი...

- ვერ ვინახავ თქვენი შიშით


წითელ ოქროს შავი დღისთვის,
არა კმარა სახრჩობელა,
უნდა გულში დაგკრათ ხიშტი!

- გადაგიხდით!
ამ დღის ხსოვნა
არ ჩაქრება გულში, არა!
ამბობს ვიღაც შავხალათა,
შუა ხალხში უშიშარათ...

**

თითქოს ახდა ნატვრაცხადი


და თითქოს თოკს დაჰკრეს ცული,
თოკი გასწყდა...
გაიშხლართა
ძირს მიწაზე სუდარცმული.

- თოკმა კაცი იპატია!


აზრიალდა ერთხმად ხალხი.
- ეპატიოს!
94
- არ ყოფილა
ჯერ მიწაში დასამარხი!

მაგრამ ჯალათს ისევ აჰყავს,


დრტვინავს ხალხი გასუნთქული,
ვეღარ უძლებს...
და სოსელოს
უღონდება თითქმის გული...

- რომ დაჰკიდეს, ხომ არ იყვნენ,


ძაღლები და კატის კნუტი?
ეს ხელმწიფემ ჩაიდინა?..
მერე თავზე ჰხურავს ქუდი?!

სოსო ფიქრობს...
იტანჯება,
და სოსოსთან სხვა ბიჭები,
გამორბიან სახლისაკენ
აჩქარებულ ნაბიჯებით...

**

მეორე დღეს გაღვიძებულს,


სძულს მთავრობა და სძულს მეფე...
და სკოლაში გაკვეთილზე,
კითხვებს აძლევს მასწავლებელს:

- აი, დღეს ვსწავლობთ კათეხიზმოში:


ღმერთი სულია მარადიული.
ის უცვლელია, ის ყველგან არი,
ვით არსებული სული ციური...

ვსწავლობთ, რომ არის დაუსაბამო,


განუსაზღვრელი და გარემზომი...
ყველაფრის მცოდნე, ყოვლად ნეტარი,
ყველასთვის არის სიკეთის მდომი.

- ეგრეა! მერე?
- და თუ ეგრეა,
თუ ყოველივე ეს მართალია,
თუ ის მცოდნეა, უნდა სცოდნოდა,
რომ ყაჩაღები ქვეყნად არიან!

95
- ცხადია, იცის!
- თუ მართლა ღმერთი,
ყველასთვის არის სიკეთის მდომი,
მაშინ რად დართო ნება ძლიერმა,
გაჩენილიყო ყაჩაღთა ტომი?

- ბავშვო, გამჩენი სულგრძელი არი,


მან გამოსცადა ადამიანი;
მისცა ქვეყანა მოსახმარებლად,
თან გააყოლა თვალი ღვთიანი, -

რათა სიკეთის მიხედულობით


დაასაჩუქროს საიქიოში...
- მაგრამ ღმერთი ხომ ყოვლად ბრძენია
და არა ვინმე კაცი რიოში?

რისთვის დასჭირდა ყველაფრის მცოდნეს,


გამოეცადნა ადამიანი?
უნდა სცოდნოდა, რომ შესცოდავდა,
არ ასცდებოდა ცოდვით ზიანი...

რით ვერ მოაწყო ღმერთმა ცხოვრება


გარეშე ყოველ გამოცდებისა? –
აი, ეს არის მასწავლებელო,
აღმძვრელი ჩემში გაოცებისა...
მაშასადამე...
- შენ, ჯუღაშვილო,
ასეთ შეკითხვებს ღმერთი ვერ ითმენს!
რა მოგივიდა და რას ამიტყდი,
დღეიდან ასეთ კითხვებს ერიდე!

რაც გვიწერია, ჩვენც იმას ვსწავლობთ,


ეს გაკვეთილი ჩვენი წილია...
და რაც სწერია კათეხიზმოში,
ის ღვთის ბრძანებით დაწერილია...

მხრებაჩეჩილი ჩამოჯდა მერხზე:


- აი, გამოჩნდა ეჭვის სათავე!
ქარიშხალივით დაჰქროლავს გულში
ფრთიანი სიტყვა - “მაშასადამე”...

96
7. გულის ფიქრი და ნიშანი

უსმენს და მასწავლებელი
აოცებს გულის სიშავით.
უსმენს სოსო და სხვაგან ჰქრის
გულის ფიქრი და ნიშანი...

უსმენს და არ ეთანხმება,
არ მოსწონს მისი თქმულობა.
უსმენს ბავშვი და იტაცებს
სხვა ქვეყნის მიზიდულობა.

იტაცებს მხარე ბრწყინვალე


მზის ელვარების ელფერით.
რაღაც ხმა ესმის გარედან,
ხმა, გაზაფხულს რომ შეჰფერის!

რაღაც “სხვას” ბავშვმა მიაგნო,


აზრმა იქამდის იარა,
გაიგო, ზრდიან მონებად
და არა - ადამიანად!

**

რას იტყვის ფიქრი ფარული


და სახე ფერნამკრთალევი,
გული სახაზავდაკრული,
ცეცხლანთებული თვალები?

დააკვირდება ქვეყანას -
ქვეყანა ორად იჭრება,
ორივეს ერთად შეჰხედავს
და გული შეეჭინჭრება!

მაშინ სიშმაგეთ იქცევა,


ყრმის უწყინარი ბუნება:
და მოსწყურდება ყიჟინა,
ტალღების გადაბრუნება!..

და თითქოს იალქნის ქვეშ სდგას,


მაღლა ჩანს შენისლული ცა.
და მხოლოდ იწვის ოცნება
და მდუღარება სულისა.
97
ცეცხლდაკვესილი თვალები...
ცეცხლდაკვესილი ფიქრები...
- წიგნები რაღას ამბობენ,
მისი ძმობილი წიგნები!..

**

- შვილო, რატომ არა გძინავს?


- ძლიერ მომწონს მე ეს წიგნი!
დღესვე მინდა დავამთავრო,
სიღრმეს ჩავსწვდე შიგნი-შიგნი!

სიტყვისა და ლექსის სიტკბო,


ეკიდება, როგორც ბანგი,
მას უყვარდა ხალხის თქმები,
ათრთოლებდა შოთას ჩანგი.

**

- ჰეი, გოჩავ, ხევისბერო,


გული შენზე ფიქრს ვერ მორჩა!
- ვაჟი, ერთხელ გაჩენილი,
ერთხელ კვდება!
- ამბობს გოჩა...

- მაგრამ მოკვდი ვაჟკაცურად,


ხალხისათვის მოკვდი, შვილო;
ისე მოკვდი, რომ ხევს შენი
დამარხვა არ ეთაკილოს!
ამბობს მამა...

- მაგას ნახავ,
დარწმუნდები! –
ეტყვის შვილი...
და მტვერში სჩანს გოჩას დროშა,
ბრძოლისათვის ფრთაგაშლილი.

- მე მოხუცი ხევისბერი,
მე მთისშვილი გეტყვით ძმებო,
მამაპაპის ძვალჩაყრილი
მიწა არვის დაანებოთ!

98
მათი სისხლის ნაღვარს მიწა
ქვესკნელამდის გაუჟღენთავს.
სამსახური სამშობლოსი
ამჯობინე მუდამ შენ თავს...

**

მოსჩანს მთაში თემის დროშა,


ხალხი მოსდევს, როგორც ღვარი,
დროშას უძღვის ქუდმოხდილი...
გოჩა - ხალხის წინამძღვარი...

- ის მოხევე დაიმარხოს,
ვინც ინდომოს სხვისი ყმობა!
- გავწყდეთ!
ოღონდ...
ნურვინ ზოგავს
სიცოცხლის ხეს გასახმობად...

- ჰეი, გოჩავ!
მეც შენთან ვარ,
შენი ძალა მაგულდიდებს!
სოსო გულში წიგნს იხუტებს
და ფიქრს გული ვეღარ იტევს...

8. თქვენი რიგია ახლებო!

სოფრომი... ტკბილი სოფრომი...


მუდამ გლეხებთან გართული,
ხორხი სავსე აქვს სიტკბოთი,
ტკბილია მისი ქართული;

- თქვენი რიგია ახლებო,


ხელის დადება ხმალზედა,
ყორნები ლეშით ძღებიან
მამების ნაომარზედა!

ცხოვრება შავი ზღვა არი,


ტალღა სცემს სართულ-სართული,
იყავ ბასრი ქვით ნაგები,
ფოლადით შემოსალტული!
99
ღვაწლის მძლეობა გახსოვდეთ,
დიდ წინაპრების ამაგი,
გორგასალს, აღმაშენებელს,
ზრდიდნენ მტკვარი და არაგვი!

ერეკლე ცხენზე დაბერდა,


არ ჩაუგია მახვილი,
სხვაც კიდევ იყო რამდენი...
არ გესმით მათი ძახილი?

მთები და ქართლის მინდვრები


მათ სისხლითაა ნაცვარი,
ტაძრები, ციხე-კოშკები -
მათია ნამოღვაწარი...

ლომნი ძაღლებად ჰყოლიათ,


ყელზედ არ ჰქონდათ ბაწარი,
და ჩვენი მიწა რაც არი, -
არის გმირთა ძვლის ნაცარი...

გახსოვდეთ ქართლის ვაჟკაცნი,


გმირნი - გულს ფოლად წყობილი,
ხმალქვეშ ნაწურთნი, ნაწრთობი,
ტყვიაში გამოცხობილი!..

თქვენი რიგია ახლებო...


დღეს ასპარეზი მზათ არი!
ნუ შეგაშინებთ სიმშილი,
ნურც ნაზავთარი
ზამთარი...

- არა ხმლით, ომით, არამედ -


იბრძოლეთ სწავლით, წიგნებით.
ხალხში გავიდეთ და ხალხის
გამომხსნელები ვიქნებით!..

ხალხთან,
ხალხისკენ, ბავშვებო, -
შრომით, ფიქრით და ოცნებით,
და მაშინ სისხლხორცეულად
ხალხის გულს შევეხორცებით...

100
**

დღეს “კაკო ყაჩაღს” სწავლობენ,


სოსო კითხულობს გაკვეთილს...
ფარულ ცრემლებით ხმაში ჟღერს
ილიას ლექსის ნაკვეთი:

- “ბიჭო, როზგები,
ბიჭო, როზგები!
და მამაჩემსა მოხუცსა, ძმაო,
წამოეჭიდნენ მისივ მოძმენი.

როზგით მიცემეს მამა სნეული,


მამა მოხუცი, პატივს ჩვეული...
იმისი კვნესა და მწუხარება
გულს მიკლავს ხოლმე, როს მაგონდება...

არც უღონობამ, არც სიგამხდრემა,


არც სიბერემა, არც თეთრმა წვერმა,
არც კაცის და არც ღვთის სამართალმა
არ მიპატივეს ბებერი მამა,
მაშინ იქ ვიდექ მე საცოდავი...”

................................................................

ჩადგა სიჩუმე...
დაგუბდა
თითქოს მეხის წინ ჰაერი...
ღელავს სოსოს ხმა წკრიალა,
დღეს მკვეთრი და სხვანაირი...

ბოღმა ყელის ძარღვს ასკდება,


სიტყვა გულს უკანასკნელი.
და თვალში ალი იელვებს
გულადუღების დამსკვნელი...

მერხებზე ბავშვებს უბზინავთ


ცრემლებდასხმული თვალები, -
მინდვრული ყვავილებივით
თითქოს ცვარნაწვეთალები..

.........................................................

101
- “მაშინ კი, როცა წამომიქციეს
და მოხუცებულს როზგი დამიკრეს, -
თვალთ დამიბნელდა, ამენთო გული,
მივვარდი თოფსა გამწარებული,

მხრიდან გადვიგდე მაშინვე თექა,


და როს ჰყვიროდა:
- დაჰკარ, დაჰკარი!
მაშინ ჩემ თოფმაც გამოიჭექა
და შეუნგრია გულის ფიცარი,
იმ ჩემს ბატონსა, ჩემს დამღუპველსა!..”

- ჭირიმე შენი! - ჩურჩულებს სოსო.


ჩურჩულებს კლასი, მასწავლებელი...
თითქოს სამთავემ დღეს გაიმარჯვეს,
მოსპეს მტარვალი, მაწამებელი...

- ჭირიმე შენი! სამაგიერო


რომ გადუხადე, მოგვწონს სავსებით...
კაკო, ვეცდებით შენ გზას გამოვყვეთ,
და იმედია დაგემგზავსებით!

**

- ხალხში გავიდეთ, ბიჭებო,


რა საჭიროა ცრემლები?
ან გავხდეთ მასწავლებლები,
ან არზის გადამწერლები...

9. ჩაუხტეთ ბარათაშვილსა

ნახეს სოფელი... ქოხები...


პატარა საკვამურებით.
ამოძონძილი გლეხები...
ლაფში ჩაფლული ურმებით...

შუასოფელში დარბაზი,
და მთელი ქართლის - ლახვარი...
გარშემორტყმული სტუმრებით
თავადი ამილახვარი...

102
**

საარყე ქვაბის ალმურმა


სოფელი გადმოანათა, -
შიგ თოხლი იხარშებოდა
თავიან-დუმიანათა...

სამასწლოვანი კაკლის ქვეშ,


გძელი მწვადები შხიოდა.
ქონი ნაკვერჩხალს აქრობდა,
ნაკვერჩხალს ქონი ჰშიოდა...

ეზოში იდგა შინდისფრად


დაკლულთა სისხლის მორევი.
საშავარდნოდან კიოდნენ
შავარდნები და ქორები.

და თვითონ დიდი არწივი,


თავადი წარბწატეხილი -
გაღმა მთის ფერდობს უმზერდა,
სად სჩანდა შავი წერტილი. –

- იმ წერტილს ვესვრი... თუ მოჰხვდა,


ხომ სანაძლეო მერგება?
ჩემი ნასროლი სწორია,
ბეჭედში გაერეკება!

სტუმრებო, ნახეთ მიზანი...


- სანაძლეოა?
კეთილი!..
სთქვეს... და თავადმა ისროლა,
გადმოტრიალდა წერტილი...

უეცრივ მოსწყდა, ვით ზეცას


ვარსკვლავი შუაღამეში.
ქოხში კივილი გაისმა:
- ჩვენი კუდვარდა კამეჩი!
ჩვენი მარჩენი კამეჩი!

ატირდა ქვრივი ბავშვებით,


- ბატონიშვილო, რას მერჩი?
შემოუბღვირა თავადმა:
- თქვენც ჩემი ხართ და კამეჩიც!
103
საწყალობელი გაჰკივის,
ნაცრემლი გაიწეწება...
ცრემლებს ჰხედავენ ბავშვები
და გულიგულში ეწვებათ...

**

- დალახვროს ამილახვარი
და ყველა მისი მიმდომი!
სოფელს გასცილდნენ გამოჩნდა
უშველებელი მინდორი...

“ჰერიოდა” და “ჰოპუნა!”
ისმის ნამგლების ჟღრიალი...
ნამგლის ფხას ეგებებოდა
ყანა ოქროსფერ შრიალით.

უმწეოდ მიწვა მიწაზე


შეწითლებული თავთავი,
ცვიოდა მარგალიტები
და ხვავი ოქროს თვალთაი.

**

მკას მორჩნენ, ადგა ნიავი,


მთებმა დაყარეს ჩრდილები.
პანტისქვეშ მისხდნენ გლეხები,
ქოთანთან შემოჯრილები.

ჩრდილქვეშ მივიდნენ ბავშვებიც,


- რას გვეტყვის გლეხის ცხოვრება!
უყურებენ და სოფრომის
ნათხრობი ემახსოვრებათ...

**

ერთ გლეხმა პურის ნახლეჩი


ლობიოს ჯამში ჩაყარა...
დიდ ლუკმას მიძალებულმა,
კისერი ძლივსღა გახარა.

ს ო ს ო:
104
რა ამბავია ძმობილო,
რა ლუკმებს მიელალები?

გ ლ ე ხ ი:

- შე კარგო კაცო, რა იყო,


შენი რა მმართებს ვალები?
შენ ჩემი ჭამა რას გიკვირს,
ერთი შენ იყო... ვნახამდი...
ერთი მოგესვა ნამგალი...

ს ო ს ო:

- მართალი არი, ვინც შრომობს,


ის ტკბილი ლუკმის ღირსია.
მუდამ ხომ ასე არ არი...
რათა ხართ გასაჭირშია?
რამდენი არი ამ ქვეყნად,
არა სთესს, იმკის მაინცა...

გ ლ ე ხ ი:

რა ვქნათ, ბედი გვაქვს ასეთი,


მისი გამჩენი დაიქცა!

ს ო ს ო:

ნუ დაანებებთ თქვენს ნაშრომს,


და არც იქნებით მგლოვარი!..

გ ლ ე ხ ი:

- ეგ ადვილია სათქმელად,
საქნელად საძნელო არი!..

- ეჰ, მაშინ, ღმერთო, სად იყავ,


ჩვენ რომ კაცებად გვსახავდი!
ქედწაგრეხილებს დაგვედო
ცაქვეყნის გადასახადი...

ჰეიდა! თურმე სულ უნდა


გვჭამონ ცოცხალმა მძორებმა.
105
ვინ გაასწორა მთა-ბარი,
ვინა სთქვა დათანსწორება? -

ერთად გვიწყრება სამივე, -


ღმერთი, ხელმწიფე, ბატონი.
სამივეს როგორ გაუძლებთ,
ბიჭო, ჩვენ - თავხელმარტონი?

სიმღერასაც კი გვპარავენ,
რაღა ლუკმას და ალოსა:
“ოროველ, მოდი კალოსა,
არავინ მოგიპაროსა!”

**

მზე ჩადის მთა-მთა გორებში,


ვით ვეფხვი ნაშამბÍარევი,
მტკვრის მიწურულში ჰფეთქავდა
ბურუსი თეთრლურჯნარევი.

როგორც მთვლემარე მტრედი ზის,


ბუდეში ფრთადაკეცილი,
ისეთი იყო მთებშუა,
ქართლის საღამო კეთილი...

**

ადგნენ, ქუდებში იბნევენ


ბროწეულგულა თავთავებს:
- ახლა სიმღერა დავძახოთ,
რახან მკა მოვათავთავეთ!

- ბავშვო, სიმღერას გიქებენ,


გალობის შეწყობილებას,
შენი ჭირიმე გვიმღერე.
სიმღერა გვირჩენს ჭრილობას!

წამოიშალენ, დასძახეს,
ერთმანეთს რაღაც ახარეს,
სოსოს გარს შემოეხვივნენ,
ნამგლები დაუჩანჩხარეს.

- “გლესავ და გლესავ ნამგალო,


106
ნამგალო, ჩემო რკინაო!”
აჟღერდა სოსოს ტკბილი ხმა:
- “გასჭერ! გაგვიძეღ წინაო!”

გასჭერ! - მღერიან - გაკაფე,


ჩვენი ცხოვრება მზებნელი;
პირველი იარაღი ხარ,
თავისუფლების მძებნელის!

რა გააჩერებს, რა ძალა
ხალხს აზვირთებულს, აშლილსა?!
- “ჩაუხტეთ”, სოსო დასძახებს,
- “ჩაუხტეთ, ბარათაშვილსა!”

- ჩაუხტეთ ბარათაშვილსა,
თავს დავაქციოთ ბანია!
რა უფიქრია სიმღერას,
რა გული მოუფხანია...

**

მღერით მოდიან, წინ უძღვით


მღერალი სახე ბრწყინავი.
მღერა იყო თუ ბრძოლის ხმა,
ქარი იყო თუ ნიავი?

აფეთქებული გულია,
თუ პირგახსნილი იარა?
გორის ცაზე და ციხეზე
არწივმა გადაიარა...

სხივაკრეფილი მზე ჩადის,


ვარსკლავმაც შეიჭახჭახა...
მზე ჩადის...
მზე ხვალ ამოვა -
უფრო დიდი და ჩახჩახა!

1936 წ.

Back:

http://www.scribd.com/kavta

107

You might also like