You are on page 1of 7

ქართული მოდერნიზაცია და ლიბერალიზმის შეუსრულებელი მისია

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ეუბნებოდნენ, რომ


მათ უნდა აერჩიათ ლიბერალიზმი, შემოსილიყვნენ დემოკრატიის მანტიით და
გამხდარიყვნენ ევროპული ოჯახის წევრები. ჯერ კიდევ ძნელი სათქმელია, შედის თუ არა
საქართველო ამ დიდ ევროპულ პროექტში, მაგრამ ერთი რამ კი უკვე აშკარად გამოკვეთილი
და ხელშესახებია_ გეოპოლიტიკური თამაშების გარდა, აქ წმინდა სოციოკულტურული და
ეკონომიკური ფაქტორების წინაშე მოგვიწია დგომა. საუბარი არაა მხოლოდ შიდა
დისკურსის შექმნაზე, არამედ აქტიურ და თანასწორუფლებიან პოზიციის დაკავებაზე
დასავლეთთან და რუსეთთან მიმართებაში. ამგვარი მდგომარეობის არქონა არ არის
განპირობებული მხოლოდ სიტუაციის არნახული სირთულით, არამედ უფრო მეტად,
მოქმედების შეზღუდულობით. ეს ორი ცნება ჩვენს შემთხვევაში სხვადასხვა საგანს
აღნიშნავს: პირველი არსებულ ბარიერთა დაუძლევლობას, მეორე კი შინაგან სიტლანქესა და
მოუქნელობას. ამასთანავე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი დიქოტომია არც არსებობს და
ორივე შემთხვევა ერთ პარალელზე უნდა მდებარეობდეს.... ხოდა, ძალიან კარგი, ამ
მსჯელობას ბოლომდე უნდა მივყვეთ.

მოდერნიზაციის ანუ ქართველი „ლიბერალებისა“ და პოლიტიკური ისტაბლიშმენტის


მთავარი მიზნის განხილვა რამდენიმე თეორიულ ჭრილში შეიძლება. პირველ რიგში,
გვახსენდება მარქსისტების რიტორიკა, რომ დასავლეთი ყოველთვის ეკონომიკურად
განვითარებული იქნება, რადგან იგი განვითარებადი ქვეყნების ექსპლუატაციას ეწევა.
ზემოთ როდესაც სიტუაციის დიქოტომიურ ანალიზზე ვსაუბრობდი და არსებული
ბარიერების სირთულე მოვნიშნე, მარქსისტული პოზიცია სწორედ გარეგანი სირთულეებით
ვითარების აბსოლუტურ განსაზღვრად ვიგულისხმე. სხვანაირად რომ ვთქვათ,
დამოკიდებულების მარქსისტული თეორიის მიხედვით,გარეშე გეოპოლიტიკური
ფაქტორები მთლიანად განსაზღვრავენ ჩვენს ქცევას და განვითარების ვექტორს. მეორე
მხარეს კი გვრჩება ყველაფერი ის, რაც ჩვენი მოქმედების შედეგად შეიძლება შევცვალოთ.
ოღონდ ეს უკვე მოდერნიზაციის თეორიის ნაწილად უნდა განვიხილოთ. გაბრიელ
ალმონდი, სიდნეი ვერბა, სემუელ ჰანტინგტონი, რობერტ პატნემი და სხვა თეორეტიკოსები,
გარკვეული განსხავავებების გამოკლებით, იმ აზრზე იდგნენ, რომ კულტურული და
სოციოეკონომიკური ფაქტორები შეცვლას ექვემდებარება, ანუ განვითარება მიღწევადია.
აღნიშნული დისკურსის ნაწილი გახდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების
პროგრამები და სამომავლო იმედები. ჯორჯ ბუშის საგარეო პოლიტიკური დოქტრინაც
სწორედ სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერით სტაბილურობისა და განვითარების
მიღწევას გულისხმობდა. ეს კი დასავლეთის, როგორც პროგრესის საბოლოო წერტილის
მიღწევას და კეთილდღეობის დამკვიდრებას ნიშნავს. აქამდე სწორედ მოდერნიზაციის
აღნიშნული დისკურსი ბატონობდა განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების
ინტელექტუალურ წრეებში.

ქართული ნაციონალიზმი, როგორც მოდერნიზაციის ერთ-ერთი ქვაკუთხედი


ყბადაღებული მოდერნიზაცია ჩვენს შემთხვევაში უპირველესად ნაციონალიზმთან
გაიგივდა, თუმცა საინტერესო ის არის, რომ საქართველოს ორჯერ მოუწია პოსტკოლონიურ
სიტუაციაში ყოფნა და შესაბამისად, ქართული სახელმწიფოს ნაციონალიზმიც რამდენიმე
პარალელური მიმართულებით განვითარდა.

ნაციონალიზმის ადრეული ატრიბუტები, მაგალითად, „ნაციონალური ისტორიის“ შექმნა


ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში, ფეოდალური სისტემის შევიწროების პირველ
მცდელობებს მოჰყვა. ქართლის მეფის, ვახტანგ მეექვსის დროს იბეჭდება ქართული ბიბლია
და ვეფხისტყაოსანი, ანუ მარშალ მაკლუენის სიტყვებით თუ ვიტყვით, ტიპოგრაფიული
ადამიანის შექმნის პროექტი იწყება. ცნობილია, თუ რამხელა გავლენა მოახდინა
გუტენბერგის გამოგონებამ ევროპულ აზროვნებაზე. ეს ეფექტები შესაძლოა საქართველოში
მრავალწახნაგოვან პრიზმაში გაიფანტა, მაგრამ ქართული იდენტობის ჩამოყალიბებაში
თავისი წვლილი უდავოდ შეიტანა. ლოკალურ ასპარეზზე ასეთივე მნიშვნელობა მიეცა
ფრანგი განმანათლებლების ანტიფეოდალურ და რაციონალისტურ იდეებს, რომლებიც
თავის დროზე მაღალ წრეებში გარკვეული პოპულარობით სარგებლობდა. ახალი იდეებით
დატვირთული, რუსეთიდან დაბრუნებული დავით ბატონიშვილი, რომელმაც ქართლში
ვოლტერისა და მონსტესკიეს იდეები ჩამოიტანა, პირველ შეჯახებას ტრადიციულ,
აღმოსავლურ იდენტობასთან ისეთივე ახალშექმნილ იუმორისტულ ვითარებაში ასრულებს,
როგორსაც, კვლავ მაკლუენის ცნობილ ნაშრომს თუ მოვიხმობთ, შექსპირის მეფე ლირის
მასხარა ქმნის.

ევროპაზე პროეცირება ამით არ დასრულებულა. მეცხრამეტე საუკუნის ქართული


მწერლობა და ქართველი განმანათლებლების მოღვაწეობა სწორედ ევროპული მსოფლიო
პროექტის კონტექსტში განიხილებოდა. მალე ევროპული იდეოლოგიების ბრძოლას,
საქართველოში, სოციალიზმიც შეუერთდა და ამან ყურადღება სრულიად ახალ ასპარეზზე
გადაიტანა. საბჭოთა პერიოდში, კომუნისტური რიტორიკის წიაღში ჩაფლული ქართული
ნაციონალური იდენტობა კვლავ აგრძელებს თავის უცნაურ არსებობას, ამჯერად ისევ
კოლონიური სტატუსით, თუმცა საჯარო დისკურსში ნაციონალიზმი გაცილებით უფრო
დაბალი სტატუსით სარგებლობს . ცივი ომის სამყარო, ორ ბანაკად დაყოფილი, საბჭოთა
კავშირში ნაციონალური დაპირისპირების ნიადაგს არ ტოვებს. ევროპაში საფრანგეთის
პრეზიდენტი შარლ დე გოლი, არსებული საფრთხეების მიუხედავად, მაინც აგრძელებს
ფრანგული ნაციონალიზმის და უნივერსალიზმის დაცვას დასავლური თუ აღმოსავლური
საფრთხეებისგან. დანარჩენ შემთხვევაში, მსოფლიო ბანაკებად იყოფა.

საბჭოთა კავშირის დაშლამ რამდენიმე ჯინი ამოუშვა ბოთლიდან. უპირველესად, ეს იყო


ფენიქსივით, სტალინური რეპრესიების ფერფლიდან აღმდგარი ნაციონალური
სენტიმენტები, რომლებმაც მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე მოიცვა. საქართველოში ეს დაიწყო
მთელი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული დისკურსით, რაც გულისხმობდა ქართველის,
როგორც კავკასიელის იდენტობის ფორმირებას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩრდილო
კავკასიური რადიკალიზმი ამერიკასაც ისევე აწუხებდა, როგორც რუსეთს, მსგავსი პროექტი,
რა თქმა უნდა, არ შედგა. მეორე მხრივ, უნდა გავიაზროთ ისიც, რომ 90-იანი წლები იყო
უნიკალური პერიოდი, რომელმაც მოახდინა ისტორიის დემარკაცია ბიპოლარულ და უნი ან
მულტიპოლარულ მსოფლიოს შორის. თუ იქამდე მსოფლიო პოლიტიკას და იდენტობის
ფორმირებას ორი უზარმაზარი იმპერია განაგებდა, როგორც ძალაუფლების
კონცენტრირების უდიდესი ცენტრები, 90-იანი წლებიდან მსგავსი მოწყობა იშლება და ამას
მოჰყვება როგორც სახელმწიფო ნაციონალიზმის, ასევე, ნაციონალური სეპარატიზმის,
რელიგიური ექსტრემიზმის და სხვა აქამდე ნაკლებად აქტუალური პრობლემების აღზევება.

საქართველოშიც ახალი მიმართულებები ფეხს იკიდებს დამოუკიდებლობის პირველივე


წლებიდან. შესაბამისად, გამოწვევები, რომლის წინაშეც ქართული საზაგადოება დადგა არის
აბსოლუტურად რელევანტური იმ საუკუნისა, რომელშიც ჩაისახა. ტრადიციონალიზმის და
რელიგიური იდენტობის აღმასვლა ნაციონალისტურ აფეთქებასთან ერთად, სწორედ ამ
მოვლენის საერთო ნიშნებია. ამასთან ერთად, საქართველოში, ისევე როგორც საბჭოთა
კავშირში, არსებობდა ძლიერი ფეოდალური აზროვნების ელემენტები, თუნდაც „კანონიერი
ქურდების“ სახის. ფეოდალური მენტალობის ამოძირკვა ეკონომიკურად და სოციალურად
განუვითარებელი უზარმაზარი იმპერიისთვის არც ისე ადვილი საქმე იქნებოდა, ამიტომ,
მისმა მმართველებმა შედარებით ოპტიმალური გზა მონახეს, დატყვევებული
ფეოდალიზმისთვის გარკვეული უფლებების დელეგერების სახით. „ქურდი“ არ იყო
მხოლოდ კრიმინალური ბანდის ლიდერი, არამედ საზოგადოებაში მიღებული ავტორიტეტი,
რომელიც მთელი, პოსტსაბჭოთა 90-იანი წლების განმავლობაში, თამამად შეიძლება ითქვას,
რომ საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმართავდა.

უკანასკნალი წლების ქართული ნაციონალიზმი პირობითად სამ კატეგორიაში შეიძლება


მოვაქციოთ: გამსახურდიას ნაციონალიზმი, „ტრადიციული ანუ ეროვნული ნაციონალიზმი“
და ვარდების რევოლუციის ნაციონალიზმი. ამ „ეროვნული ძალების,“ ანუ ჩვენი
ტერმინოლოგიით ტრადიციული ნაციონალიზმის ქვეყნის პოლიტიკური დისკურსში
აქტიურობა სწორედ ზემოთნახსენები ახალი იდენტობების ჩამოყალიბების კონტექსტში
ჯდება. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის ნაციონალიზმი არ არის ის, რაც ევროპაში
ინგლისელი და ფრანგი განმანათლებლების მოღვაწეობის შედეგად ჩაისახა, ანუ ამ
შემთხვევაში, მთავარი სახელმწიფოს სუვერენიტეტი კი არა, ერთი იდენტობის მატარებელი
და საერთო იდეების გამზიარებელი ადამიანების არსებობაა. ესეთი სახის „ეროვნულობით“
იკვევებოდა ქართული იდენტობა კომუნისტურ წარსულში და 90-იან წლებში.

მეორე ტიპის ნაციონალიზმი, რომელთანაც ზემოთაღნიშნულ ფორმას სამკვდრო-


სასიცოცხლო ბრძოლა აქვს გამართული, უშუალოდ სუვერენიტეტის და ერი-სახელმწიფოს
განმტკიცებას ქადაგებს. ჩვენს უახლეს ისტორიაში, მსგავსი ტიპის იდეოლოგია
გამსახურდიას პერიოდში იჩენს თავს და სრული კრახით მთავრდება. ეს იყო აგრესიული,
გერმანული ტიპის, ანგლოსაქსურისგან კარდინალურად განსხვავებული ნაციონალური
დისკურსი, რომელიც მიმართული იყო სუვერენიტეტის განმტკიცებისა (მათ გააუქმეს
სამხრეთ ოსეთის ავტონომიკური რესპუბლიკა, მაგალითად) და უმაღლესი ხელისუფალის
ავტორიტეტის დამყარებისკენ. მსგავსი პროექტი არ შედგა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ
შემთხვევაში, ეს აზროვნების ისეთივე ირაციონალური დისკურსი იყო, როგორიც მისი
უშუალო მოწინააღმდეგეების.

მესამე ტიპის ნაციონალიზმი, რომელიც დღეს გვაქვს, ანგლოამერიკული ტრადიციის


ერთ-ერთ განშტოებას უფრო წააგავს. კონკრეტულად, 70-იანი წლების მეორე ნახევარში
აღმოცენებულ ამერიკულ კონსერვატორიზმს, რომელშიც ლიბერალ-დემოკრატიულმა
იდეებმა თავისებური ტრანსფორმაცია განიცადა და საბოლოოდ, ისეთივე უნივერსალისტურ
რიტორიკად იქცა, როგორიც საბჭოთა კომუნიზმი. ბუშის მმართველობის პერიოდში და
განსაკუთრებით, 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, ნეოკონსერვატორული პოლიტიკა
პოსტ-„ცივი ომის“ ამერიკაში თავის ზენიტს აღწევს და საქართველოში ამას მოჰყვება
სუვერენიტეტის აგრესიული დაცვის, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის დისკურსი,
რამაც ვითარება კიდევ უფრო გაართულა. სააკაშვილის საგარეო პოლიტიკა, რომელიც
მთლიანად იყო კონცენტრირებული აღნიშნულ კონსერვატორულ (დასავლური გაგებით)
მილიტარისტულ იდეოლოგიაზე, ტრაგიკულ წინააღმდეგობაში მოვიდა ახლახანს
გამოღვიძებულ რუსულ იმპერიულ პოლიტიკასთან, რამაც პრინციპში, გამოიწვია ის
კოლიზია, რომლის მომსწრენიც ყველანი გავხდით გასული წლის აგვისტოში.

ნაციონალიზმის ეს აგრესიული ფორმა რადიკალურ წინააღმდეგობაში მოვიდა „ეროვნულ


ძალებთან,“ რაც, მაგალითად, სოციალიზაციის სისტემის სრული რევიზიის მცდელობაში
გამოიხატა. ხელისუფლებამ სოციალიზაციის ტრადიციულ მექანიზმს რეზერვისტთა
ინსტიტუტი, ქურდული მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა,"ეროვნული გამოცდები" და
"პატრიოტთა ბანაკები" დაუპირისპირა. გარკვეულწილად, ახალგაზრდობის რაღაც ნაწილი
მიიმხრო კიდეც, თუმცა მეორე მხარეს გაძლიერდა სოციალიზაციის ჯერ დიდი პოტენციის
და გავლენის მქონე აგენტები: ფანატიკოსი, გაუნათლებელი და ახლა უკვე განათლების
რეფორმით უკმაყოფილო „ეროვნული“ მასწავლებლების მთელი არმია, პოლიტიკურ
პროცესებში ჩარევით გათამამებული ეკლესია, "ტრადიციული ღირებულებების"
ლოზუნგით გამოსული ოპოზიციონერთა გარკვეული ნაწილი და ქუჩური მენტალიტეტის
"საკნიდან" ისევ ქუჩაში გამოტანის მცდელობა...

ქართული მოდერნიზაცია და გლამურიზებული ლიბერალიზმი

ისევე, როგორც თანამედროვე ქართული ნაციონალიზმი არ არის მოდერნული დისკურსი,


ანუ ამ შემთხვევაში, „მოდერნულში“ ვგულისხმობთ მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების
ფრანგულ და ანგლოამერიკულ განმანათლებლობას, თანამედროვე ქართულ
ლიბერალიზმსაც ახალი ეპოქის ნიშნები უფრო ახასიათებს, ვიდრე ფრანგული
განმანათლებლობის რაციონალისტური სულისკვეთება ან ინგლისელი „ვიგების“
კლასიკური ლიბერალისტური ხედვა.

ქართველი ლიბერალები არიან გლობალიზაციის ეპოქის ლიბერალები და ამ მხრივ,


არაფერი აქვთ საერთო ევროპულ ლიბერალიზმთან. მაგალითად, ისინი კითხულობენ
ჟურნალებს „ცხელი შოკოლადი“ და „ლიბერალი,“ რომლებიც დასავლური იდეების და
ცხოვრების წესის პროპაგანდას ეწევა და წერენ სტატიებს იმაზე, თუ როგორი იქნებოდა
საქართველო, დასავლეთ ევროპაში რომ მდებარეობდეს. ქართველი მემარცხენე
პროგრესისტები კითხულობენ ჯეკ კერუაკს, ალენ გინსბერგს, უილიამ ბეროუზს, უყურებენ
პაზოლინის და გოდარს და ამბობენ, რომ უმბერტო ეკოს ესსეები სკოლის პროგრამაში უნდა
შედიოდეს. უფრო მეტიც, ერთ-ერთ ქართულ ბლოგზე წავიკითხე, რომ განათლების
მინისტრად არჩევის შემთხვევაში, ავტორი ჟორჟ ბატაის „თვალის ამბავს“ შეიტანდა
ლიტერატურის სახელმძღვანელოში.

საქართველოში დასავლეთი იქცა გლამურის ნაწილად და ერთგვარ ბრენდად. ამაზე


მეტყველებს ქართული ჟარგონი „ფირმა,“ რომელიც გარკვეული პროდუქციის
განმსაზღვრელ ზედსართავ სახელად იქცა, მაგალითად, „ფირმა მანქანა.“ დასავლეთ-
აღმოსავლეთის დიქოტომიაში დასავლეთი ისევე აქტიურად ახდენს საკუთარი თავის
კონსტრუირებას, როგორც აღმოსავლეთი. ისინი ერთმანეთზე პროეცირებით ქმნიან
იდენტობებს, მაგრამ საქმე ის არის, რომ უმრავლეს შეთხვევაში, ვის ხელშიც ძალაუფლებაა
კონცენტრირებული, იმისი მეთოდები გაცილებით უფრო ეფექტურია. მაგალითად,
ამერიკელი პროფესორი მეუბნებოდა, რომ საქართველო არის შუა აღმოსავლეთი ანუ Middle
East. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტერმინი მხოლოდ ახლახანს შეიქმნა ამერიკულ
სოციალურ მეცნიერებაში, მაინც გამიჭირდა იმისი თქმა, რომ საქართველო მაგ რეგიონში არ
შედის, რადგან მაგას პრინციპული მნიშვნელობა, მაგ შემთხვევაში, არ ექნებოდა, რადგან
კატეგორიზაციას ის ახდენს, ვის ხელშიც ძალაუფლებაა. თუ ამერიკელი თვლის, რომ მსგავსი
რეგიონის არსებობა მის ინტერესებს შეესაბამება, მაშინ მისი კონვენციური შეთანხმების
მოშლა ძალიან ძნელია.

დასავლეთის სიმბოლური ძალაუფლების ხელშემწყობი გახდა გლობალიზაცია, ანუ


დასავლური ბიზნესისა და კულტურის ექსპანსია. ლაპარაკობენ ე.წ. „დავოსის კულტურაზე,“
რომელიც მოიცავს ისეთ ფენომენებს, როგორიცაა მაგალითად, Yuppie, ანუ "young urban
professional" ან როგორც ვიკიპედია განმარტავს "young upwardly-mobile professional.“
ქართულად ეს იქნება: ახალგაზრდა ურბანული პროფესიონალები, ან ახალგაზრდა
ვერტიკალურად მობილური პროფესიონალები. ეს ვერტიკალური მობილობა, ამ
შემთხვევაში, მხოლოდ ერთი საზოგადოების ფენებს შორის აღმასვლას კი არა, მთლიანი
გლობალური სამყაროს ახალი კლასის, დავოსური კულტურის წიაღში დამკვიდრებას
გულისხმობს. მსოფლიო, ეკონომიკური თვალსაზრისით, გაცილებით უფრო
დეცენტრალიზებულია, ვიდრე კულტურული ნიშნით. დღეს ტოკიო და ჰონკონგი ისეთივე
ფინანსური ცენტრებია, როგორც ნიუ-იორკი, სამაგიეროდ, ამერიკული კულტურის
ბატონობა მთელს მსოფლიოზე უპრეცედენტოა. ამ პათოსს კარგად გამოხატავს, გერმანული
მუსიკალური ჯგუფის, „რამშტეინის“ სიმღერის ტექსტი _ „ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ
ამერიკაში“ (We all live in America).
საქართველოში გლობალიზაციის დისკურსის უარყოფ მხარეებზე რამდენიმე სიტყვა უკვე
ვთქვით, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ ყველაფერს დადებითი მხარეებიც გააჩნია, რაც,
სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ჩანს. პირველ რიგში, ეს შეიძლება გულისხმობდეს
სახელმწიფოსა და ნაციონალიზმის ახალი, ლიბერალური კონცეპციის ჩამოყალიბებას,
თუმცა ეს ლიბერალიზმი არ უნდა იყოს მიბმული, როგორც უკვე ვთქვით, მეთვრამეტე
საუკუნის განმანათლებლობაზე, არამედ სრულად უნდა იზიარებდეს ახალ,
მულტიკულტურულ და როგორც „ნიუსვიქის“ ჟურნალისტი ფარიდ ზაქარია იტყოდა,
„პოსტამერიკულ მსოფლიოს.“

ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემა ტერმინოლოგიურია. მაგალითად, ის, რომ ვერ


მოხერხდა ლიბერალური დისკურსის ნაციონალიზება, ანუ ილია ჭავჭავაძე ზოგიერთისთვის
კვლავ შოვინისტური ფანატიზმის სიმბოლოა და ქართველი სოციალ-დემოკრატები
უსამართლოდ არიან დავიწყებულნი. ქართველი ლიბერალების ნაწილი, რომელიც ამგვარ
კონტრასტებს აწყდება, ძალაუნებურად ისეთ პოზიციას იკავებს, რომელსაც ტრადიციული
გადმოსახედიდან უფრო „შიზოფრენია“ შეეფარდება. მაკლუენი ამბობდა, რომ მეფე ლირის
შიზოფრენია ტრადიციულ და მოდერნულ რეალობას შორის მომხდარი წყვეტით იყო
გამოწვეული. მიშელ ფუკო ევროპის ისტორიაში მსგავს ორ ფუნდამენტურ წყვეტას ხედავდა
და გარდამავალ ნაწარმოებებად, „დონ კიხოტი“ და მარკიზ დე სადის ნაწერები მიაჩნდა. ის,
რომ საქართველოში ვიღაცას ლსდ-ეს ლეგალიზება ან ბატაის ნაწარმოებების სკოლის
სახელმძღვანელოში შეტანა უნდა, ამ შემთხვევაში, მსგავსი „სამედიცინო“ ტერმინით
შეიძლება შეფასდეს.

მეორე მხრივ, ჩვენ წინაშე არის პრობლემა_ შეიქმნება თუ არა დემოკრატია პოსტსაბჭოთა
ადამიანის მიერ? აქამდე მოდერნიზაციის დისკურსის მიხედვით, დემოკრატიის „გასაჩენად“
სამოქალაქო საზოგადოების განვითარება იყო აუცილებელი. „ბუშის დოქტრინაში“ ეს
წითელი კალმით ეწერა... თუმცა რა ხდება ახლა? უნდა მოხდეს თუ არა ლიბერალური
დემოკრატიის დევესტერნიზება? ერთი გზა არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური
სახელმწიფოების მსგავსად ავტორიტარიზმისა და კაპიტალიზმის შერწყმა, მეორე კი _
ირანის მსგავსად, დასავლური მოდელის სრული ალტერნატივის ჩამოყალიბება. მესამე გზაც
არსებობს : აქტიურ მოქმედებაზე გადასვლა, სახელმწიფოს როლის შემცირება და
თავისუფლების იდეების შეხამება ეროვნულ ნარატივთან. ამისთვის კი აქტიური მუშაობაა
საჭირო, რომელიც დიდ ინტელექტუალურ ძალისხმევას მოითხოვს. პრობლემა ტრაგიკულია
_ დასავლეთი, როგორც ინტელექტუალური ცენტრი იფანტება და პოსტ-ელინისტური კი არა
და პოსტ-ამერიკული სამყარო იწყება. ზაქარიას წიგნსაც, აქედან გამომდიანრე, „The Rise of
the Rest,” ანუ დანარჩენი მსოფლიოს აღმასვლა ჰქვია. საგულისხმოა ისიც, რომ ტერმინ
„სუბალტერნის“ ანუ პოსტკოლონიური პერსპექტივის შემქმნელი გაიატრი სპივაკიც
ინდოელია, როგორც ზაქარია, და მისივე ნათარგმნია დასავლური ონტოლოგიის ცნობილი
კრიტიკოსის ჟაკ დერიდას ფუნდამენტური ნაშრომი „გრამატოლოგიის შესახებ.“
ისევ ქართულ რეალობას რომ დავუბრუნდეთ, სიტუაცია მართლაც ჩახლართულია: ერთი
მხრივ გაზრდილი ნაციონალიზმის და მეორე მხრივ, აღზევებული ტრადიციონალიზმის
ერთდროული დაბალანსება მართლაც რთული საქმეა, თან მაშინ როდესაც სახელმწიფოცა და
ამბოხებული „ეროვნული ძალებიც“ თოკს მხოლოდ თავის მხარეს ექაჩებიან. ამ დროს ბევრს
საუბრობენ მესამე პოზიციის არარსებობაზე, რაც უპირველესად სწორედ თავისუფალი
სივრცის დეფიციტზე მიუთითებს. ამ ბრძოლაში იკარგება ის, რასაც ქართული
ლიბერალიზმი დასაბამიდან ეძებდა_ პიროვნული თავისუფლება. ამავე დროს, უნდა
გვახსოვდეს, რომ დასავლეთი მხოლოდ გეოპოლიტიკა არ არის და არც მისი გლამურიზება
უნდა მოვითხოვოთ. დასავლეთი არც ლიბერალიზმი არ არის.... დროა, რომ ყველაფერს
თავისი სახელი დავარქვათ, იმას რასაც აქამდე დასავლეთს ვეძახსით, ამიერიდან
თავისუფლება უნდა ვუწოდოთ.... მხოლოდ ასე შეიძლება გეოპოლიტიკურ დასავლეთთან
მიახლოება, რადგან სხვა შეთხვევაში, იგი ჰორიზონტივით იქნება, რაც უფრო
მივუახლევდებით, მით უფრო დაგვშორდება.... ერთადერთი გამართლებული პოზიცია
თავის იმავე კატეგორიაში ჩაყენებაა. ეს მისია კი, ჯერჯერობით, ვერ შევასრულეთ და
ევროპასა და ამერიკაში ამის შესახებ კარგად იციან.

გიორგი ცხადაია

You might also like