You are on page 1of 7

გიორგი ქავთარაძე

სამეცნიერო კვლევების კონცეფცია

შესავალი. ისტორიულ მეცნიერებათა (არქეოლოგია, ეთნოლოგია,


ანთროპოლოგია და სხვ.) დარგში მოვლენათა თუ პროცესთა აღქმისთვის
შეხედულებათა ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება - ანუ კონცეფტუალური
მიდგომის შემუშავება - მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ისტორიის
ფილოსოფიის ცნების განსაზღვრის საკითხთან. საზოგადოდ, ისტორიის
ფილოსოფია ისტორიულ მეცნიერებათა თეორიულ მხარეს შეეხება და
მათი შემეცნებისათვის ისტორიის ორ ძირითად, კრიტიკული და
სპეკულატიური ფილოსოფიის საფუძველზე აღმოცენებულ,
კონცეფტუალურ მიდგომას ემყარება.

ისტორიის დარგში სამეცნიერო კვლევებისადმი კრიტიკული ფილოსოფიის


კონცეფციის გამოყენება ძირითადად შეეხება ისტორიული მონაცემების
ხასიათისა და თვისებების შესწავლას და ობიექტური რეალურობის
ხარისხის დადგენას. ეს კონცეფცია ისტორიის, როგორც აკადემიური
დისციპლინის, თეორიული მხარის განმსაზღვრელია. ისტორიის
სპეკულატიური ფილოსოფიის კონცეფცია, თავის მხრივ, ყურადღებას
ამახვილებს კაცობრიობის ისტორიის შედეგობრივ მნიშვნელობაზე. იგი
კაცობრიობის ისტორიაში ეძიებს მოდელს, მიზანს, ძირითად პრინციპებს,
პროცესთა საბოლოო შედეგს და გონების განჭვრეტით მიჰყავს
განვითარების მიმდინარეობა წინასწარ განპირობებულ, ტელელოგიურ
დასასრულამდე. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ისტორიის
ფილოსოფიის კრიტიკულ და სპეკულატიურ კონცეფციებს შორის არის
ნაწილობრივი დამთხვევა, მათი მეთოდების, ამოცანებისა და მიზნების
ერთმანეთისაგან გამორჩევა არ არის რთული.

დღეს მოღვაწე პროფესიონალი ისტორიკოსები ძირითადად სკეპტიკურად


არიან განწყობილი ისტორიის ფილოსოფიის სპეკულატიური კონცეფციის
მიმართ, რომელთანაც მნიშვნელოვანი შეხების წერტილებს ავლენს
მარქსიზმი. საქართველოში საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში
მარქსიზმის ჯერ ნებაყოფლობით, ხოლო 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ
ძალადობრივ, ტყვეობაში მყოფი საისტორიო კვლევის კონცეფცია
თანდათანობით აღწევს ისტორიის სპეკულატიური ფილოსოფიისათვის
დამახასიათებელ კაცობრიობის განვითარების წინასწარ განსაზღვრულ
აღქმაზე დაფუძნებული თვალთახედვის ზეგავლენას თავს. ამ მხრივ,
პირველ რიგში აუცილებელი ხდება საუნივერსიტეტო განათლების კერებში
ობიექტური სინამდვილის ამსახველი ისტორიის ფილოსოფიის კრიტიკული
კონცეფციის საფუძველზე დამყარებული სასწავლო პროგრამებისა და
სახელმძღვანელოების შემუშავება და გამოქვეყნება.

ამჟამად ეს გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს ვინაიდან


ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში, მიუხედავად მრავალი ჭეშმარიტი
პროფესიონალი ისტორიკოსის სიმართლისადმი ერთგულებისა და მათ
მიერ დანატოვარი დიდი მემკვიდრეობისა, ისტორიოგრაფიის მოვალეობას
წარმოადგენდა, ობიექტური სინამდვილის ამსახველი ისტორიისაგან
განსხვავებული ალტერნატიული კონცეფციის შემუშავება, რომელიც
მუდმივად უნდა ყოფილიყო თანხმობაში სახელმწიფოში გაბატონებულ
კონცეფტუალურ თვალთახედასთან და წინასწარ განზრახული მიზნების
განხორციელებისათვის მოახერხებდა ისტორიული მონაცემებით
მანიპულირებას. ჯორჯ ორველს, რომ დავესესხოთ, “ის, ვინც
აკონტროლებს თანამედროვეობას, ბატონობს წარსულზე, ხოლო ვინც
აკონტროლებს წარსულს, გაბატონდება მომავალზე” (“1984”).

დღეს, ინტენსიურად მიმდინარეობის განათლების ერთიანი ევროპული


სივრცის ჩამოყალიბება და ძალზე სასურველია რომ, არც საქართველო
გამოაკლდეს ამ პროცესს. სამსაფეხურიანი სწავლება, რომელიც
სასურველია ისტორიის კრიტიკული კონცეფციის საფუძველზე
განხორციელდეს და რომელსაც ეძღვნება წინამდებარე მოსაზრებები,
ევროპული ქვეყნების განათლების სისტემებთან დაახლოება-
ჰარმონიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღების საშუალებას იძლევა და
მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთოევროპული სისტემის
ჩამოყალიბებაში, რაც ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი ძირითადი
პრინციპია.

ამ გზაზე შეიმჩნევა ზოგიერთი თავისებურებაც. ისტორიული


დისციპლინების (მათ შორის არქეოლოგიის) კურიკულუმის შედგენისას
გასათვალისწინებელია ერთი გარემოება: ისტორიული დარგების
სწავლება ევროპის სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტებსა და სკოლებში
მჭიდროდ არის დაკავშირებული ეროვნული კულტურისა და წარსულის
ტრადიციულ აღქმასთან. იმ ქვეყნებში სადაც `ისტორია" საერთო
კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტად მოიაზრება, სწავლების
ტრადიცია ხშირად ერთმანეთისაგან მკვეთრად არის განსხვავებული.
შესაბამისად, ძნელად გადასალახავ გარემოებას წარმოადგენს ისტორიის
ერთიანი სასწავლო პროგრამების ჩამოყალიბება და სამუშაო გეგმის
რამდენადმე დეტალური დეფინიცია. შეთანხმება მიღწეულია მხოლოდ
ზოგადი მონახაზების შესახებ, რომელთა გარშემო შესაძლებელი ხდება
სხვადასხვა ქვეყნებში სამსაფეხურიანი საგანმანათლებლო სისტემების
შემუშავება. აღნიშნული გარემოება, ვფიქრობ, საკმაო სივრცეს უტოვებს
ისტორიულ დისციპლინებში (ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია და ა.შ.)
მოღვაწე ჩვენ სპეციალისტებს, ეროვნული ისტორიული სკოლის
მდიდრული ტრადიციებისა და ამასთანავე დროის მოთხოვნათა
გათვალისწინებით, შეიმუშაონ ისტორიული დარგების სწავლების
საკუთარი კონცეფცია, რასაც მეცნიერეთა კოორდინირებული მუშაობა და
სათანადო ძალისხმევა დასჭირდება.

ევროპის გაფართოებისა და დღევანდელი სწრაფად ცვალებადი


მსოფლიოს კონტექსტში ისტორიული დისციპლინების წინაშე ისახება,
ერთი მხრივ, განსაკუთრებული გამოწვევები, ხოლო, მეორე მხრივ,
ჩინებული შესაძლებლობები; ისტორია, სოციალური ცნობიერების ერთ-
ერთი უპირველესი სახეობა, წარმოადგენს საზოგადოების შეკავშირების
მნიშვნელოვან ფაქტორს. მართებულად შეფასებული და გამოყენებული
ისტორიული ინფორმაცია შესაძლებლობას იძლევა დაძლეული იყოს
ერებსა და მოსახლეობის ცალკეულ ჯგუფებს შორის წარმოქმნილი
აგრესიული კონფრონტაციები. ისტორიის სწორი გაგება ახლებურ
პერსპექტივებს სახავს საზოგადოებრივი განვითარების ორიენტირების
შერჩევაში. სათანადოდ ვერ ვითვალისწინებთ ხოლმე, რომ
გლობალიზაციის პროცესი ხშირ შემთხვევაში ხელს უწყობს საზოგადოების
განვითარებას; მაგ. თავისი ეპოქის `გლობალიზაციიის პროცესმა" –
ელინიზმმა განაპირობა ამჟამად არსებული ქართული
სახელმწიფოებრიობის წარმოქმნის დაჩქარება, ხოლო უმნიშვნელოვანესი
მსოფლიო მოვლენის, ქრისტიანობის საქართველოში შემოსვლამ,
ჩამოაყალიბა ქართული კულტურა, მენტალიტეტი და მნიშვნელოვანწილად
განაპირობა ქვეყნის ისტორიული ბედი და მომავალი. ამავე დროს
მრავალი ერი და ქვეყანა, ვინც ვერ შეძლო შეგუება დროის
მოთხოვნებთან ”აღიგავა პირისაგან მიწისა”.

საბაკალავრო დონე. ბაკალავრიატში სწავლის შედეგად სტუდენტმა


უპირველეს ყოვლისა უნდა შეიძინოს კვლევითი მუშაობის ჩვევები _
მასალის ანალიზისა და სინთეზირების, აგრეთვე კრიტიკული ხედვის
უნარი; მოვლენათა ურთიერთდაკავშირებისა და შედარების ცოდნა;
ნებისმიერი ინფორმაციის, შეხედულებების, წყაროებისა და მეთოდების
ანალიზირების საჭიროების გათვითცნობიერება.

წარსულის, აწმყოსა და მომავლის მიზეზობრივი კავშირის გააზრება,


სტუდენტს დაეხმარება განავითაროს ისტორიული პერსპექტივის და მასთან
ერთად რეალობის აღქმა, დაინახოს წარსულის ზემოქმედების
მნიშვნელობა აწმყოსა და მომავალზე _ მათი შემეცნება
მნიშვნელოვანწილად წარსულის გამოცდილებით არის ხოლმე
განპირობებული. ბაკალავრს პირველსავე წლებში უნდა ჩამოუყალიბდეს
წინაისტორიული და ისტორიული პერიოდებისა და მოვლენების
დიაქრონიულ ჭრილში და გეოგრაფიულ სივრცეში აღქმის უნარი. უნდა
შეეძლოს განსხვავებულ ეროვნულ და კულტურულ საფუძველზე
აღმოცენებული წარმოდგენების გაგება და მათ მიმართ ობიექტური
მიდგომის შენარჩუნება.

ბაკალავრიატის დამთავრებისას სტუდენტი აღჭურვილი უნდა იყოს


მეცნიერისათვის საჭირო უნარ-ჩვევებითა და მეთოდოლოგიური ცოდნით;
ნაშრომზე მუშაობისას დამწყებ მკვლევარს უნდა შეეძლოს ძირითადი
წყაროებისა და ბიბლიოგრაფიული ინფორმაციის მოძიება-გამოყენება;
შეცნობილი უნდა ქონდეს განსხვავების არსებობა სხვადასხვა ხანებისა და
საზოგადოებების ისტორიოგრაფიულ შეფასებებში და კვლევა-ძიებისა და
დისკუსიების მუდმივ-ცვალებადი, უწყვეტი ხასიათი.
სპეციალისტისათვის საჭირო აუცილებელი კომპეტენცია და საერთო უნარ-
ჩვევების შეძენა, რასაც ისტორიული დარგების შესწავლა უწყობს ხელს,
სტუდენტს იმ შემთხვევაში ჩამოუყალიბდება თუ იგი მუდმივად გახსნილია
ახალი მასალისა და სპეციალური საკვლევი ლიტერატურისათვის;
სახელმძღვანელოები და საგანგებოდ გამოცემული საკითხავი კრებულები
ნაკლებად გამოსადეგია სასურველი კომპეტენციის პროფესიონალის
მისაღებად. სწავლების ყველაზე ზოგადი და ელემენტარული
საფეხურებიდანვე შემსწავლელს უნდა ქონდეს უშუალო შეხება
ორიგინალურ დოკუმენტებთან და სპეციალურ ისტორიოგრაფიულ
ნაშრომებთან. დამოუკიდებელი მუშაობის ფარგლებში სტუდენტმა
საკმარისი დრო უნდა დაუთმოს სპეციალური ლიტერატურის კითხვას,
დაამუშაოს მონოგრაფიები და სამეცნიერო სტატიები, შეადგინოს მათი
კონსპექტები და რეზიუმეები. მსგავსი საქმიანობა აუცილებელი სამუშაო
მასალაა სადისკუსიო ჯგუფებსა და საპრობლემო შემსწავლელ უჯრედებში
მონაწილეობის მისაღებად.

საზოგადოდ, ისტორიული საგნების მნიშვნელოვან ნაკლად ითვლება,


ჯგუფური მუშაობის, გადაწყვეტილებების ერთობლივი მიღების
მექანიზმებისა და სხვა დისციპლინების სპეციალისტებთან კომუნიკაციების
ნაკლებობა, რასაც სათანადო ყურადღება აქვს დათმობილი სხვა
დარგებში. ისტორიული დისციპლინების წინაშე სადღეისოდ ყველგან დგას
სწავლების, შეთვისებისა და შეფასების ინოვაციური მიდგომების
გადაუდებელი განხილვისა და სისრულეში მოყვანის საკითხი; სხვადასხვა
ქვეყნებში ისტორიის სწავლების შესახებ დაგროვილი ცოდნისა და
გამოცდილების ურთიერთგაზიარება და განსაკუთრებით, მეცნიერებათა
სხვა დარგებში არსებულის შეთვისება და გამოყენება უახლოესი მომავლის
უმნიშვნელოვანეს ამოცანად რჩება.

არქეოლოგიური კულტურების მეცნიერული შესწავლის კომპლექსური


ხასიათის გამო, ხშირად საჭირო ხდება სხვა დარგების მონაცემების
გათვალისწინება: პალეონტოლოგიის, ბოტანიკის, ზოოლოგიის,
გეოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, სტატისტიკის, ხელოვნებათმცოდნეობის,
ანთროპოლოგიის, ეთნოლოგიის, ენათმეცნიერების, კომპიუტერული
გრაფიკის და ა.შ. სპეციალური უნარ-ჩვევების ჩამოსაყალიბებლად
არქეოლოგისათვის სასურველია მუზეუმების, არქივების, ბიბლიოთეკების
საფუძვლიანი გაცნობა, მუზეუმების ფონდებში დაცული მასალების
შესწავლა; ძველი კულტურული ძეგლების მონახულება და მოვლა-
პატრონობა, არქეოლოგიურ ექსპედიციებში მონაწილეობის მიღება;
აკადემიური სწავლების გარდა, არქეოლოგებისათვის დიდი მნიშვნელობა
აქვს საველე სამუშაოებს. არქეოლოგიაში განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია საილუსტრაციო მასალის გამოყენება, რომლის
ხელსაყრელ საშუალებას, დიაპოზიტივებისა და ფოლიების
გამოყენებასთან ერთად, სასწავლო პროცესის კომპიუტერიზაცია იძლევა.

პირველ საფეხურზე მიზანშეწონილად მიმაჩნია შემდეგი არქეოლოგიური


საგნების სწავლება: ”არქეოლოგიის საფუძვლები”, ”საქართველოს
არქეოლოგია”, ”ახლო აღმოსავლეთის წინაისტორია”, ”კლასიკური
არქეოლოგია”, ”შუა საუკუნეების არქეოლოგია”.

ბაკალავრის ხარისხის მქონე სპეციალისტს შეეძლება მაგისტატურაში


სწავლის გაგრძელება ან სხვა სამუშაოს გამოძებნა. არქეოლოგიური და
საზოგადოდ ისტორიული განათლება საფუძველი შეიძლება გამოდგეს
მთელი რიგი საქმიანობებისათვის; კერძოდ, ეს შეიძლება იყოს:
სამოქალაქო სამსახური, ადგილობრივი, რეგიონალური ადმინისტრაცია,
პერსონალის მენეჯმენტი, ჟურნალისტობა, ტურიზმის სფერო,
საერთაშორისო ორგანიზაციები, კულტურული მემკვიდრეობის
(ისტორიული ძეგლების, არქივების, მუზეუმების, წიგნთსაცავების და ა.შ.)
მართვა და მოვლა-პატრონობა. შენიშნულია, რომ ისტორიის ცოდნა ხელს
უწყობს ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების მქონე,
კომუნიკაბელური, წარმატებული პიროვნებების ჩამოყალიბებას.

სამაგისტრო დონე. მხოლოდ ბაკალავრის ხარისხი, საერთო ჯამში, არ


არის საკმარისი პროფესიონალი არქეოლოგის ჩამოყალიბებისათვის;
ისევე როგორც თანამედროვე მეცნიერების ბევრ სხვა დარგში, უმაღლესი
განათლების სრული კურსის გავლა არის საჭირო სრულფასოვანი
სპეციალისტის მისაღებად. მეცნიერება მთელი თავისი ბუნებით მუდმივ
გადასინჯვასა და შესწორებებს ითხოვს, ვინაიდან მისთვის პირველ რიგში
კითხვებზე პასუხების გაცემა არის არსებითი; მეცნიერებამ უნდა შეკრიბოს
და სისტემაში მოიყვანოს ჩვენს ირგვლივ არსებული ფაქტიური მასალა,
მაგრამ მხოლოდ აღწერა და მოვლენებზე დაკვირვება არ არის საკმარისი
_ ძირითადი ამოცანაა პასუხი კითხვაზე: რატომ და როგორ ხდება ის,
რასაც ვაკვირდებით?

მაგისტრატურა ბაკალავრიატისაგან უნდა განსხვავდებოდეს სიღრმითა და


სირთულით; თუ ბაკალავრიატში მოდულებისა და საგნების უმეტესობა
ზოგადი ხასიათისაა, მაგისტრატურა უნდა გამოირჩეოდეს სპეციალური
კურსების არსებობით, რომლებიც ეძღვნება სპეციალურ ქრონოლოგიურ
თუ თემატურ სფეროს. მაგისტრი ბაკალავრისაგან უნდა განსხვავდებოდეს
ცოდნის გაფართოების დამოუკიდებელი უნარის ფლობით და
შესაძლებლობით, მიუსადაგოს ეს ცოდნა, სხვათა ხელმძღვანელობისა და
ინსტრუქციების გარეშე, ახალ ვითარებებსა და გარემოებებს.

მაგისტრანტს ესაჭიროება ზოგადი არქეოლოგიის მყარი ცოდნა; მისთვის


აუცილებელია საველე სამუშაოების ჩატარება და/ან განათხარი მასალის
ანალიზი. ამასთანავე, იგი სათანადოდ უნდა იყოს დაუფლებული უახლეს,
სპეციალურ და დეტალურ ცოდნას არქეოლოგიის ერთ-ერთ დარგში მაინც
და კარგად უნდა იცნობდეს ამ დარგთან დაკავშირებულ განსხვავებულ
მეთოდოლოგიურ მიდგომებსა და ისტორიოგრაფიულ მიმდინარეობებს;
უნდა ხელეწიფებოდეს მნიშვნელოვანი ხასიათის ისტორიოგრაფიული
ნაშრომის დაგეგმვა, დაწყება, დამუშავება და დასრულება; კარგად უნდა
იყოს გათვიცნობიერებული ისტორიოგრაფიული კვლევისათვის საჭირო
შედარებითი ხასიათის (სივრცობრივ, ქრონოლოგიურ და თემატურ)
მეთოდებთან. მუდმივად საქმის კურსში უნდა იყოს თანამედროვე
ისტორიოგრაფიული დისკუსიების თემატიკის შესახებ; მკაფიოდ უნდა
ქონდეს წარმოდგენილი წარსულის საერთო დიაქრონიული ჩარჩო და
ჯეროვნად შეფასებული ურთიერთკავშირი თანამედროვე მოვლენებსა და
წარსულის პროცესებს შორის. გათვითცნობიერებული უნდა ქონდეს
ინფორმაციის, მიდგომებისა და ფასეულების კომპლექსური ბუნება; უნდა
ფლობდეს კრიტიკული შეხედულებების კონსტრუქციულად გამოთქმის
უნარს; უნდა შეეძლოს საკუთარი ფასეულობების, მოქმედებებისა და
პერსპექტივების კრიტიკული განსჯა. მაგისტრანტი დაუფლებული უნდა
იყოს საძიებო საშუალებებს _ ბიბლიოგრაფიულ ცნობარებს, საარქივო
ინვენტარებს, საინტერნეტო სისტემებს და სხვ.; უნდა ფლობდეს
სპეციალურ საშუალებებს (მაგ., პალეოგრაფია, ეპიგრაფიკა და ა.შ.)
სხვადასხვა ხანის დოკუმენტური მასალის შესწავლისათვის; უნდა შეეძლოს
რთული სამეცნიერო ინფორმაციის თანმიმდევრული სახით გადმოცემა,
თავისი აზრის მკაფიოდ წარმოდგენა და დასაბუთება; უნდა ქონდეს
ცოდნის ინტეგრირების უნარი და შეეძლოს სირთულეებთან გამკლავება
ახალ/უცნობ ინფორმაციულ გარემოში.

მეორე საფეხურზე მიზანშეწონილად მიმაჩნია შემდეგი არქეოლოგიური


საგნების სწავლება: ”ინდუსტრიული არქეოლოგია”, ”ძველი სავაჭრო
გზები და არქეოლოგია”, ”შავი ზღვის რეგიონის არქეოლოგიის
საკითხები”, ”არქეომეტალურგია”, ”წინაისტორიული ამიერკავკასიის
პრობლემები (საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მონაცემთა შუქზე)”.

მაგისტრის ხარისხის მქონე სპეციალისტს, მუშაობის გაგრძელება უნდა


შეეძლოს ყველა იმ სფეროებში, რომლებიც ჩამოთვლილია ბაკალავრის
ხარისხის მქონე სპეციალისტების დასაქმებასთან დაკავშირებით, ოღონდ
გათვალისწინებული უნდა იყოს მის მიერ უფრო დიდი პასუხისმგებლობის
აღების შესაძლებლობა. მასვე უნდა შეეძლოს მუშაობის გაგრძელება
ისტორიის მასწავლებლად – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან
მკვლევარ-მეცნიერად – უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო-
კვლევით ინსტიტუტებში. ვინაიდან მაგისტრატურის სასწავლო კურსი
ძირითადად გამიზნულია სტუდენტთა აკადემიური/სამეცნიერო
საქმიანობისათვის მოსამზადებლად, ეს კურსი თავისთავად უნდა
განაპირობებდეს დოქტურანტურაში სწავლის გაგრძელების
შესაძლებლობას.

სადოქტორო დონე. დოქტორის ტიტული უმაღლესი კვალიფიკაციის


ხარისხია, რომელიც მის მფლობელს საერთაშორისო დონეზე კვლევა-
ძიებისათვის ანუ აკადემიური მოღვაწეობისათვის ღირებულად ცნობს.
დოქტორანტის ცოდნა და დამოუკიდებელი მუშაობის შესაძლებლობა უნდა
გამოვლინდეს სადისერტაციო ნაშრომში _ მრავალწლიანი სწავლისა და
შრომის შედეგად სპეციალობის მიღების დამადასტურებელ საბუთში.
დისერტაცია, როგორც წესი, უნდა წარმოადგენდეს დისერტანტის მიერ
დოქტორანტურაში მრჩევლებთან ერთად შერჩეულ და ინდივიდუალურად
განსახორციელებელ, ორიგინალური შინაარსის მონოგრაფიული ხასიათის
ნაშრომს, მიძღვნილს გარკვეული პრობლემის გადაჭრისადმი.

დოქტორის ხარისხი სწავლების დასკვნითი, მესამე საფეხურის


წარმატებით დასრულების აღმნიშვნელია. თუმცა იგი უნდა მიენიჭოს
ძირითადად არა დოქტორანტურის კურსის წარმატებით დამთავრებისა და
სასემინარო მოთხოვნილებების შესრულებისათვის, არამედ მაღალი
სამეცნიერო დონის მიღწევის ამსახველი საკმარისი რაოდენობის
დამადასტურებელი მტკიცებულებებისა და დამოუკიდებელი კვლევის
ჩატარების შესაძლებლობების დემონსტრაციის შედეგად. დოქტორანტს
ევალება გამოცდების გავლა და მნიშვნელოვანი შედეგების შემცველი,
სამეცნიერო მონოგრაფიის მოცულობისა და ტიპოლოგიის მქონე
ორიგინალური ნაშრომის – დისერტაციის საჯარო დაცვა.

მესამე საფეხურზე საგნების სწავლება მიზანშეწონილია დოქტორანტების


მიერ შერჩეული სადისერტაციო თემების მოთხოვნილებებიდან
გამომდინარე; არქეოლოგიური ხასიათის საგნების გარდა ჩამონათვალში
შეიძლება იყოს წარმოდგენილი დამხმარე ისტორიული დისციპლინები,
ძველი ენები და ა.შ.

გ. ქავთარაძე
ისტ. მეცნ. დოქტორი
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
03.08.2010

You might also like