You are on page 1of 34

Giorgi Leonidze as a publicist (in Georgian)

გიორგი ლეონიძე - პუბლიცისტი

(1916-1922 წწ.)

ფურცლები
I
პლატონ იოსელიანი
როდესაც გატაცებით ვკითხულობ სტრაბონის წარმტაც სტრიქონებს,
როდესაც ვუკვირდები ჰეროდოტეს და ტაციტის დარბაისლურ კილოს
− მაგონდება ამ დროს იოსელიანის ”შავი წიგნიც” − წიგნი წითელი
ასოებით.

არ ვიცი რად ვარ ასეთი თავხედი, როდესაც ოქროს ხანის მწერლებს


შევუდარე ”ბახუსის ხანის” მწერალი, როდესაც ოლიმპის თამაშზე
”დადაფნულ” ელლინთ გვერდით ამოვუყენე ”ვიღაც” იოსელიანი,
მხოლოდ წყევით დაგვირგვინებული თვისტომთა მიერ.

არ, ვიცი, არა! ხოლო ახლა კი ისე მწყურიან მისი სტრიქონები, მისი
ვნებით სავსე პათოსი, რომ მისი დაწაფება მირჩევნია ყველაფერს.

ხან, ვით მწირი მეუდაბნოელი − საღვთო სიტყვათა წარმომთქმელი,


ხან ვით სარდალი, შორს გამწვრეტელი, ხან ვით მგოსანი ჰანნგად და
კითხვად გადაქცეული − მიდგება თვალწინ.

და ასე თვალწინ მიდგება ის ადამიანი, რომელიც სწერდა იმ წყეულ


წუთებში, როცა საქართველოს კუბოს დასტიროდა მხოლოდ ველური
ზურნა.

არა, მას ვერ წარმოვიდგენ საქართველოში! არა, მე ის ელლინად


მიმაჩნია პერიკლოსის ხანაში, მისი ელლინობა ამოვიკითხე მის
სევდიან სახეზე, მის ასკეტურ ცხოვრებაში...

არა, იგი ქართველი არ არის, თასით ხელში, ბაღდადშემოხვეული


რაინდი მე-30-ე წლებისა.

აი, მე ნათლად მაქვს წარმოდგენილი, თუ ვით ისმის დუდუკის ტკბილი


ხმა არაგვ-ალაზნის ველებზე, თუ ვით ისმის უზრუნველი
”მრავალჟამიერი” − ეს ”სულთა თანა” საქართველოსი. ხოლო ამავე
დროს სევდით მოცული პლატონი წარსულის ნანგრევებზე, თუ ვით
დასტირის თვითოეულ ქვას, როგორ შესჩივის მათ სულით ობლობას,
რადგანაც მას ტოლი არ ჰყავს, რადგან ის ფრაგმენტია ციდან
ჩამოტეხილი.

მისი ძახილი ამაოა, ვით შორეული კვნესა ნიკოსი, ამავე წყვდიადით


მოცულ ღამეში.

იგი უყივის წარსულის რაინდთ და ვერ ისმენს მათგან გამოძახილს − ეს


მარტოობის სევდა გადააქვს ცეცხლის სტრიქონებში.

და მთელს ისტორიას ივერიისას, თუ გინდ მხიარულ კაბადონებსაც, იგი


მოსავს სევდის საბურველით. ოჰ როგორ მენანება, რომ არ იყო იგი
თამარის ხანაში, მაშინ ხომ სხივებით შემოსავდა თავის სტრიქონებს.

.... და ვკითხულობ მის ”შავ წიგნს” და თვალწინ მიჰქრიან საუკუნენი,


მიჰქრიან რაინდნი და მეფენი ისტორიისა და თვითეულს მათგანს
პლატონი სდებს მსჯავრს და ისტუმრებს მარადისობის წიაღში.

წყდება წიგნი და თვითაც ებარება სევდიან ქაოსს, რათა სხვამაც


დასდოს მსჯავრი მის მოწყენილ სახეს, მის ცეცხლეულ სტრიქონებს.

გოგლა ლეონიძე

ჟურნალი ”თეატრი და ცხოვრება”, 1915, № 47.

უგვირგვინო მეფენი

(სანდრო შანშიაშვილისა)*

...ჩვენი ისტორიული რეპერტუარი საშინელ სიღარიბეს განიცდის... აბა


გაითვალისწინეთ: არა დრამატიული პატარა-კახი, სარდუს გადმონათლული
“სამშობლო” და სუმბათაშვილის “ღალატი”. გვაქვს სხვა ისტორიული პიესებიც,
მაგრამ მათი მოხსენიება სირცხვილიც კია. დღესაც კი, როდესაც ჩვენი ეროვნული
თვითშეგნება ძლიერდება, ასეთი სულიერი სიღარიბე მეტად შემძრწუნებელია.

პიესა “უგვირგვინო მეფენი” სუსტობს ტეხნიკურის მხრით, მაგრამ არის


მასშიც კლასიკური ადგილები, - მის გვირგვინს შეადგენს კლასიკური ტიპი –
შადიმან ბარათაშვილი. პიესის არაკი აღებულია “სისხლის” დროიდან, როს
საქართველომ უდიდეს ტრაღიკულ განცდას მიაღწია. სამი ვეშაპი ჰლამობდა
საქართველოს ჩაყლაპვას. მისი ზურმუხტოვანი გულმკერდი – ბრძოლის
ასპარეზად გადაქცეულიყო. სისხლის ჩანჩქერები ჰქუხდა შოთას სამშობლოში,
ვაის ძახილი ცასა სწვდებოდა. ჩვენი უგვირგვინო მეფენი კი, გონება-აბნეულნი
რეტ-დასხმულნი გარბოდნენ თეირან-სტამბოლიდან – მოსკოვს, მოსკოვიდან –
რომს. გული უკვდება ადამიანს, როცა ჰკითხულობს თეიმურაზ I-ის, ვახტანგ მე-VI-
ის წერილებს. თვითეულ წარგზავნილ ეპისტოლეში ისმის მონური, მაგრამ
კეთილშობილური ვედრება, დიდებული ბაგრატიონი ვიღაც რუსის გენერლის
წინაშე იმდაბლებს თავს. უკანასკნელს სიმდიდრეს თუ სიწმინდეს ჰგზავნიან აქეთ-
იქით და ყოველივე პოლიტიკას მოკლებულნი, ქრისტეთი დაიმედებულნი
(სიტყვას: ქრისტე: ჩვენი მოძმე სახელმწიფონი ხშირ ბოროტმოქმედობდნენ)
გულწრფელ ბავშვებივით სხვის სათამაშოდ ჰხდებიან. ამ დროს გამოჩნდება დიდი
გენია საქართველოსი გ. სააკაძე, რომელსაც საქართველოსათვის შეეძლო
ოქროს ხანა დაებრუნებინა. ბედით თუ უბედობით, საქართველოს ჰარიბალდი –
ჩვენმა მზაკვრობამ იმსხვერპლა და შეიქმნა ლამაზი ტრაღედია... მგოსანმა
ისარგებლა მითი, და ფრიად სასიამოვნოა, რომ სიუჟეტების საძებნად იგი
საზღვარ-გარეთ არ გარბის, როგორც ჩვენ ზოგიერთ მწერლებს (რომელთაც
საქართველოს ისტორიაზე არავითარი წარმოდგენა არა აქვთ) ჰსჩვევიათ.

ავიღოთ პიესა: მგოსანს დიდი ყურადღება მიუქცევია შადიმანისათვის და


თითქმის მასში ინთქება ტრაღედიის მოქმედება, მის გარშემო ტრიალებს ღერძი –
ტრილოგიის პირველი ნაწილია მისი მოქმედება, ისეთი ვრცელი მასშტაბით არის
განსაზღვრული, პიესას რო “შადიმან ბარათაშვილი” ჰრქმეოდა, ამით ვგონებ არა
შეიცვლებოდა რა. შადიმანი – ტრაღედიის გვირგვინია. ავტორზე დიდი გავლენა
მოუხდენია შექსპირის იაგოს, მხოლოდ შადიმანის მოქმედება უფრო ვრცელ
ასპარეზიანია და საძნელო... საერთოდ შადიმანის ტიპი, ავტორისაგან კარგადაა
შესრულებული.

მეტად მკრთალად არის ასახული დიდი მოურავი გიორგი სააკაძე. მეფე


ლუარსაბ უფრო ევროპიელ პრინცს მოგვაგონებს, სანამ იმ ქართველ მეფეს,
რომელიც მეფობაში მართალია ასეთი ბედშავი იყო, მაგრამ ჰქონდა საკუთარი
ნების-ყოფაც, რამაც შემდეგში მოწამეობის გვირგვინი დაადგა თავზე. ვრცლად არ
შევეხებით პიესას და არას ვიტყვით დანარჩენზე. პიესის ენა მეტად მშვენიერია და
ისეთი ლამაზიც, როგორც ბ. შანშიაშვილს შეჰფერის.

როგორ შეასრულეს პიესა?..

...თავადების ჯგუფი მეტად სუსტი იყო. ნუ თუ ამნაირი თავადები


ამშვენებდნენ ბაგრატიონის ბრწყინვალე სასახლეს? ძლიერ მოისუსტებდა
მასიური სცენები და ეს მისთვის, რომ ჩვენში არავითარ ყურადღებას არ აქცევენ
“სტატისტებს” და ვინც კი შეჰხვდებათ – იმას გამოიყვანენ. სტატისტობასაც კარგი
შესწავლა უნდა, რადგანაც პიესის მწყობრი მსვლელობა მასზედაც არის
დამოკიდებული. სტატისტების ქცევა აუტანელი იყო: არავითარი სიდარბაისლე,
თავის დაჭერა თუ სხ. უადგილო-ადგილს ღრეჭა დიდად უშლიდა ხელს
მოქმედებას; ხან მისრეთის მუმიასავით დადუმდებოდნენ, ხან კი საზღვარს
სცილდებოდნენ.

პიესა დასდგა შალვა დადიანმა და აქაც თავისი გემოვნება გამოიჩინა,


მიუხედავად იმისა, რომ სახალხო სახლის მოწყობილება და ნივთიერი
მდგომარეობა ჰბორკავდა მოქმედებას. საერთოდ რეჟისორის მხრით არ იყო
დაცული ქართული სტილი. სპარსული მომღერლები – მეფის ხავერდ გადაშლილი
ტაბლა, სპარსულ გემოვნებაზე აშენებული სასახლე თუ სხ. მართალია ეპოქა
ისეთი იყო, რო ყველაფერი სპარსეთიდან მოგვქონდა, მაგრამ ჩვენც ბევრი რამ
გვქონდა საკუთარი და უფრო უძვირფასესი. მეტად ღარიბი იყო პირველი და
მეორე მოქმედების დეკორაციები.

საერთოდ სასახლის მორთულობა სრულებით არა სჩანდა. მრავალ და


აღურიცხველ ნაკლთა შორის ჩვენ თეატრს არა აქვს განვითარებული მხატვრული
ტემპერამენტი. სინამდვილეში უდეტალობა საშინელ დისონანსად იჭრება პიესის
მსვლელობაში. ჩვენ ვერ დავეთანხმებით ზოგიერთების აზრს, ვითომც მხოლოდ
პიესაა სხვა კი არაფერიო. მაგალითადად, ჩვენ შეგვიძლია ვსთქვათ, რომ პიესის
მსვლელობა ხშირად სამოსელზედაც (კოსტიუმი) არის დაფუძნებული.
ისტორიულთან სწორი სამოსელი საჭიროა დრამატიულ მოქმედებისთვის,
სცენიურ ილუზიის და დრამატიულ ეფექტების მოსახდენად. ჩვენის აზრით, მოქმედ
პირის ბუნებრივობა ხშირადაც ტანისამოსის აბსოლუტურ სინამდვილისაგან
წარმოსდგება, მით უმეტეს, რომ სამოსელის ერთი თვისებათაგანია
გამომხატველობა ეპოქისა. გარდა ამისა, მსახიობის ჟესტიკულიაცია და
მოძრაობაც ხომ სამოსელის სტილისაგან წარმოსდგება. ასევეა თითქმის
დეკორაციის მნიშვნელობა. ბშირად დეკორაციის სიღარიბე და სიძუნწე მრავალ
ეფექტს გამოსტაცებს ხოლმე პიესას. სწორედ ამ მხრივ სუსტად ჩაიარა სანდრო
შანშიაშვილის პიესამ: მეფე ლუარსაბს უბრალო თავადისაგან ანუ დღევანდელ
ქულაჯაში ჩაცმულ მომღერლისგან ვერ გამოარჩევდით. თავადებსაც ისევ ის
ქულაჯა, რომელსაც ატარებდნენ ქართველნი – ჩვენი რეჟისორის აზრით – I
საუკუნიდან ვიდრე დღევანდლამდე. საერთოდ მათ არ ეტყობოდა, რომ იგინი
ივერიელი თავადები არიან, რომლის ჩაცმულობამ ევროპიელთა საერთო
ყურადღება მიიპყრო ფლორენციის კრებაზე (მე-15 საუკ.). შეიძლება მიზეზად ჩვენი
სცენის სიღარიბე მოვიყვანოთ, მაგრამ სულ ხომ ასე არ ვიქნებით.

საერთოდ – კი უნდა ვსთქვათ, ჩვენში ისტორიულ ჩაცმულობის საქმე და


ესთეტიკა უყურადღებოდ არის მიტოვებული. ჩვენმა რეჟისორ-მსახიობებმა არ
იციან ჩვენი არც ისტორია და არც არქეოლოგია რაიცა დიდად აუცილებელია, -
იგიც ერთგვარი საშუალებაა სცენიურ ილიუზიის აღსასრულებლად!..

* იბეჭდება შემოკლებით.

“თეატრი და ცხოვრება” № 24, 1916 წ.

თამარ!

რა ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყვანი ჩემნი - ოდეს კრძალვით ვახსენებ


შენს გვირგვინოსანს სახელს, ჰოი, თამარ!

გაზაფხულს ესწორე და ვარდებში განეწესე. ყირმიზის იაგუნდის გაღიმებით


სამშობლო განინათე!

შენი სახე საქართველოს სანთელია, თვალმშვენიერო!


ვაჰ მე! ვაჰ მე! საქართველოსთვის მხიარული დღენი ვერ მიპოვნია. შენც
უდაბნოს ვარსკვლავივით გაიელვე ლურჯ უფსკრულში და ვგოდებთ, რომ კვლავ
ვერ შევესწრებით სხივთა დღესასწაულს...

ჩვენ ვიცით, რომ ორჯერ ვარსკვლავი არ გაგვინათებს! - და კვლავ


შეგნატრით, გაუმეორებელო მზევ, გაზაფხულის ღელის ყვავილო!

აჰა, სამშობლო ჩემი, როგორც ანგელოსი სუსტფრთებიანი, უიმედოდ


აწყდება წყვდიადს, მაგრამ შენი შორიელი სახე თეთრ-ვარდიან ბრწყინვალებით
უნათებს აღთქმულის გზა-ბილიკს!

მოუვალ გზისკენ წასულან სამშობლოს ვარსკვლავები. ბრწყინვა და


შარავანდედი შეახუნდა საქართველოს მზეს... არ გაიშალა ჩვენთვის სხივთა
მარაო და დღეს მტრის შვილდოსნისაგან დაკოდილი ქართლოსიანი სასოებით
მხოლოდ შენ შემოგძახის: თამარ! ჰოი, თამარ!

ჰყვავის და ჭკნება საუკუნე; ჰყვავის მწუხრი და განთიადი, ხოლო სახე შენი


ჰგიებს დაუმჭკნარი, ღიმილის ელვით ოქროცურვილი.

საუკუნეთა ბინდში მხოლოდ შენ გპოვა ერის სალამურმა, მხოლოდ შენ


მოგკრა თვალი საქართველოს დედამ!.. და გიხმობთ შველად: თამარ! ჰოი, თამარ!
ივერია იავარ იქმნა!

მეც ძაძით შევიმოსე გული. მე ღამის სიჩუმეში ვარ - ღამეში ჩამარხული, და


სიჩუმით ვახსენებ შენს სახელს. მე არ მაგიჟებს დროშების ჟღრიალი და შენი
სახელის ხსენება საგმირო სიმღერაში, მე მხოლოდ ჩუმად გლოცულობ შენ!

მთვარის ნაპერწკლებით და ოქროს ძაფებით შენს მზიურ სახეს შავ


ნისლებში ვქარგავ, ჰოი, თამარ!

მე მიხარიან, რომ საქართველო შენის სახელით შეიმოსა. მე მიხარიან, რომ


შენ ედედოფლე მას - უკვდავი მშვენიერება და სიხარული! და კვლავ თაყვანსა
გცემ, თამარ! შენით ჰსუნთქავს საქართველო!

გულს ვეღარ შემიზარავს ჩემს წინაშე აღმართული შავი აჩრდილი


სიკვდილისა. უკვდავია ერი ჩემი, სანამ უკვდავობს თვალშეუდგამი შენი სახე, -
უკვდავია, რადგანაც შენით უჭკნობ მშვენიერებას ეზიარა -

ჰოი, თამარ!..

“საქართველო” № 93, 1917 წ.

“ახალ საქართველოს”
ჩრდილოეთის ცივ გულში აინთო ჩირაღდანი სიხარულისა...

ყინულის ჩაფხუტი დადნა დიდებულს სარუსეთოს... ასხივდა გაზაფხული...

და ჩვენი გაზაფხულიც შორეულს საყინულეთში ჰყავთ დამწყვდეული და


ველით...

და თითოეულს ჩვენგანს, ვისაც საქართველო სიზმრათაც არ გაჰშორებია,


სიხარულით აღევსო გულის ბუშტები – სიხარულის ელვა განგეწონა გულს.
ნათდება მზედდაბნელებული საქართველო...

მზისიერი ქვრივი დედოფალი, რომელსაც ოდესმე მოთვალმარგალიტო


ჯუბა ამშვენებდა, დღეს ძაძით შემოსილი თეთრს ზამბახებს შემოივლებს
საგრაგნელად... დღეს მოისვენებენ ის თავჩაჩქანიანი გმირები, რომელნიც
შუაღამის ბინდში გამოდიან არაგვ-ალაზნის ჭალებში და გულსაკლავად
მოგვძახიან: რა უყავით გვირგვინოსნობა თქვენი, რა უყავით საყდარი თქვენი!..

დღეს იგინი მოსვენებულნი დაუბრუნდებიან საფლავს თავისას და არავინ


შეაწუხებს მათ, აღარ ამოჰყრიან მათ ძვლებს და არ ჩასძახებენ სიტყვას
საუდიაროს...

ოღონდ არა გვსმენია ძახილი არწივისა, ოღონდაც არ შეგვიმოსია ჯერედ


შარავანდედი შუადღის მცხუნვარე მზისა, მაგრამ მზიური ღმერთი,
ოქროფრქვეული ბურთი, მოსცურავს ელვარე სუზიანის ბინდში და ჯანღი ვერღა
შეაჩერებს მას...

მე გამომეცხადა ლანდი სამებისა: -

შოთა, ვაჟა და ბარათაშვილი, ხმალ აელვარებულნი, თეთრ მერანზე


თქარათქურით დაეშვნენ მთაწმინდის ქვიშიან ბილიკზე – ზათქით და ზრიალით
მოჰქროდნენ ღვთიურნი მხედარნი საქართველოსნი.

ხოლო მეტეხის გუმბათის გარს, მზის ციმციმივით თვალშეუდგამი ასული


თეთრი საკრამონგით ცას შეჰხაროდა ლოცვად ფრქვეული.

მესმოდა კვნესა და მესმოდა სიტყვაც სიხარულისა!

და იტყოდა იგი: “ნათლითა შენითა მე ვიხილე ნათელი, და აუარებდეთ


სახელსა შენსა, რამეთუ შვენიერ და წმინდა არს.”

განვიცადეთ იგი გამოჩვენება და სული ჩემი აღივსო ამპარტავნებით.

“ქებით შევამკოთ მოწამეთა მიერ ქებული,

ჩვენია ღმერთი – ჩვენს ტაძარში განცხადებული.

აუარებდეთ მისა წმინდა სახსენებელსა, -

პირიმზიანი – უკვდავებად მოვლინებული!

ერთად შემოკრბით ენოვანი, გინა წყლიერი,


ერთად შემოკრბით სამუსიკოდ ყველა მქებელი, -

ზათქი და ზამი გაადიდეთ მისაგებელი!

ერთად შემოკრბით დედოფლისთვის მსპარაზნობელი,

ეღირსეთ ხილვას და იყავით მისი მცნობელი...

მისი ღიმილით დაამშვენეთ თქვენი სიცოცხლე!..

თვალთა სხივებმა გაანათოს ბნელი სამსხვერპლო,

რომელსაც მტვერი და ნაცარი დიდხანს ჰხლებია;

რომელსაც ქვები – ოდესმე თუ შეჰვერცხლებია

და დღეს: უცეცხლო, უსიმღერო ესრედ გებულა!

შეიბ მახვილი წელთა შენთა, ქართლოსიანო,

ხმალი ორპირი გვეპყრას ხელთა მის დასაცველად!..

აჰა, უფალმან აღაშენოს მცხეთა ძლიერი

და შემოჰკრიბოს ნათესავნი ქართლოსიანი!..

და სიმღერებით მოვიდიან თარშის ნავები –

რათა მამული განადიდონ მზის უკვდავებით!..

ამომავალი მზე გწყალობდეს!..


მზით გაიხარე!”

“საქართველო” № 54, 1917 წ.

ჩაბნელებული არმაზი

საქართველოს ხალხი ოდითვე ადიდებდა მზეს... ერი მზის მსახური და


ნათელშემოქმედი არ იცნობდა ღმერთს გარეშე მზისა.
ცხელ ქალდეაში მან ადიდა ასტარტა და სარკინეთის მხიარულ
მწვერვალზედ მან შეამკო არმაზი ოქროÎთ, ზურმუხტით და ბივრიტებით. ერი თანა
არსი და თანამოდგამი უკვდავი ცეცხლისა საღვთო როკვით ჰპატიჟობდა დილის
მზეს – “მზევ, შინ შემოდიო!” და ისიც მოებაზმა მას და გაასხივა ოქროიან სხივებით.
ქართველმა ხალხმა იწამა ქრისტე, როგორც ნათელი სოფლის. არმაზიც მზეს
ემაგიერებოდა და როგორც მზის მოციქული, თვისი უღირსობის მიუხედავად, იგიც
პატივსაცემ საფეხურად ითვლება ქრისტემდე...

საქართველოს სულიერმა მომწიფებამ გასტეხა კერპი, და მზის მოციქულის


ნაცვლად, რაკი ამაღლებულ კულტურას აღარ მოუხდებოდა არმაზი, იწამა
ნათლის მთავარი, შროშნებზედ მოუბარი ახალგაზრდა ღმერთი.

ჩვენ გვიყვარს მზე და ქრისტეც, რადგანაც სული ჩვენი ნაზია ველის


ყვავილივით. ჩვენ, სიმღერისას გვეცვა მეფისქალთა ვარსკვლავედები და მარად
ვახსენებდით მზეს. ჩვენ გვიყვარდა ჩვენთან ერთად ჩვენი ორეული. ჩვენ
ვაფასებდით ერანს მუდამ მთვრალსა და ყვავილიანს – თუმცა ჩვენ იგიც
შევანელეთ ელინიზმივით და გავანათეთ ქართულად. სამაგიეროდ ჩვენ არ
გვიყვარდა აღმოსავლეთის მისტიციზმი და მის ბუნდოვანობას ნათელ
სიმღერებით ვეგებებოდით. მართალია, სული ჩვენი დაბნელებულა კიდეც და
კიდეც და მისი მიზეზები ამოიკითხება ქართლის დარბაისლურ მატიანეში, მაგრამ
ყველაზედ მაზარალებელი ჩვენთვის ჩრდილოეთის წყვდიადი გამოდგა. ჩვენ
გავაღეთ დარიალი იმ ფიქრით, რომ იგი მზეს იჭერდა. მაგრამ მზის ნაცვლად
სიცივე შემოიჭრა. მართალია, სული ჩვენი არ ემონა ციმბირის ღმერთებს, მაგრამ
მოიშხამა და გაუწმინდურდა. სამწუხაროდ მეცხრამეტე საუკუნე იამაყებს
საქართველოს რუსეთით ბაძვით. ჩვენ წაგვართვეს მზე და ვეღარც ვიტყოდით მზის
სიტყვას, რადგან ჩვენს ძარღვებში ლურჯ საფირონივით სისხლი მდინარობდა.

კერძოდ, მეცხრამეტე საუკუნეს ვერ ედრება ვერც თეთრ მარმარილოსებური


ათინა, ვერც ნაზი რენესანსი და ვერც ლუდოვიგ მე-XIV საფრანგეთი.
საქართველოსაც ჩაგზნო მისი შუქურობა. ცეცხლის ოფაზებივით გაიბნა ცაზე
ძვირფასი სახელები; გვეახლნენ: მხედარნი, სეფენი და აზნაურნი და თუ
თვითეული მათგანი არ იყო უებრო მოისარი – ესეც საუკუნის ბრალია.

მთელი საუკუნე ჩვენში არ თქმულა ლამაზი სიმღერა, იგი ჩაჰკლა


საქართველოს მონურმა სულმა. დღეს ახალ საუკუნის საზღვარში ვართ
მომწყვდეულნი და საქართველოსაც უსაცილოდ განსწმენდს მსოფლიო ომის
ჩირაღდანი. კერძოდ ქართულ ხელოვანისთვის კი, რუსეთის რევოლუცია
სრულიად უმნიშვნელოა; მას არ მოსდევს შემოქმედების ძალთა გაისი. იგი არაა
ერთი იმათგანი, რომელთა მიერ დამოკიდებულია ხშირად ხელოვნების ანთება.

ანდრე შენიე იტყოდა: “რევოლუცია აქრობს ხელოვნების ჩირაღდანსო!” –


ეს კი რუსეთის რევოლუციაზედ არის გამოკვეთილი. მისნობა არაა საჭირო, რო
მსოფლიო ომის შემდეგ დამდგარი ახალი ხანა კერძოდ საქართველოსთვის
იქნება ნაყოფიერი. მრავალსაუკუნოვანი ძალაა დაგროვილი და ელის
აყვავილება-აფეთქებას. საქართველოს ბნელით ნათლისად გასვლა სულ ახლოა.
ბედისწერით ივნო საქართველო და დღეს მზევდება თავისუფლებით. უსათუოდ
სულიც დაუბრუნდება საკუთარ სხეულს, როგორც ნაზამთრი მერცხალი
გაზაფხულიან სამშობლოს.

აინთება არმაზი...
აინთება ქართული სული...

ქართული სულის თავისთავადობა შოთასთან გათავდა. რუსთაველის


ღვთიურ აგზნების შემდგომ მთელი ოთხასი წელიწადი მხოლოდ ბიზანტიურ-
სქოლასტიკურ წიგნების და ერანის ეპოსის გადმოქართულებას მოვანდომეთ. ამ
ხანობად საქართველოში არ განცხადებულა ქართული სულით შემოსილი მუსიკის
მეფე; მხოლოდ გველანდება მარტოშობილი მგოსანი ელვასახიანი ვინმე
(ბატონიშვილად ამბობენ) გოჩა, რომლის ნათელი შაირები მიჰმსგავსებია
ალისყურის სხიოსნობას და ზურმუხტის კრიალს. კვალად ცხებული თეიმურაზ (I-
ლი) აუბნებს ოქროჭედილ სიტყვას, მაგრამ ისიც მოშორებული საქართველოს,
როგორც მისი სამეფო თავი ქართულ გვირგვინს. ის ინათლება სპარსულ
ლირიზმით და მისით იალმაზა ერანის მზემ უფრო, სანამ ნათელმცხინვარე
ცეცხლმა არმაზისამ!.. ამ დროს საქართველოს მგოსნები ეთაყვანებოდნენ ერანს
და თეიმურაზსაც აკლია ქართული გრძნობიარობა, ქართული ფორმები და
საქართველოს კულტურის სახე.

თეიმურაზის კვალად სამფერ ზამბახივით გაივლიან: გურამიშვილი, ბესიკი


და სავათნავა, რომლებშიც ბესიკს ასახიერებს კერძოდ ქართული სული.
მაშინდელ საზნეო ლიტერატურის ზეგავლენით დაიჭორფლა გურამიშვილის
მწყაზარსახეც... ხოლო სავათნავა ცოცხალი თავით ვერ გაერიდებოდა სპარსულ
ლირიზმს, რაიც მჭრელია ალმასის შუშასებრ და ფერადი ბეზირგნის ფარჩასავით...
ბესიკიც გერია თვისი საუკუნისა. მან კეთილშობილურად დაათავა სკოლა
თეიმურაზისა საყვარელი და სატკბო სპარსულ ოქრონექტარით.

ქართული ლექსი მან ათალა სპარსულად და ლექსიც მუსიკასთან


გაათანასწორა. მისი შაირი ხალიფას დროშისთვის მიგვიმსგავსებია მჭრელი
ფერებით და სიძვირფასით. ბესიკს უამრავი დროული მეჩანგენი ჰყავდა; დიაღაც
ყველა გამოდის ბესიკის სახლიდან და ინათლებიან მისი წმინდა სახელით.
ბესიკის ცეცხლი მეცხრამეტე საუკუნეშიც გადადის, მხოლოდ მოწ. ალექ. ჭავჭავაძე,
ვერ გაეზვიადა ჯადოსან ოსტატს. მისი ფრთები მოჰკვეცა რუსეთის ჰავამ.

თუმცა საქართველო 1800 წ. მანიფესტით შეუერთდა რუსეთის იმპერიას,


მაგრამ რუსული სტვირი წინა საუკუნიდანვე ამღერდა ჩვენში; სლოვენთა სულის
შემოსევით საქართველომ დაჰკარგა თვისება; მოხდა შერევნა და უკურღვევა
ქართული სულის. მეცხრ. საუკუნეში იგი უარსავყოფია; მისი ცისკრობა
შებინდულია, რაც არ ეკადრება მის გვირგვინოსან სახელს. საქართველოს
მთაწმინდელმა ღმერთებმა თვისი ღვთიურობა მოანდომეს არა ჩირაღდნის
აგიზგიზებას, არამედ მისი სუსტი ნათელის დაფარვას ქარიშხლის შიშველ
ხელთაგან... გულაგზნებული ხელოვანი ითვრებოდა ედგარ პოს ლეტარგიით.
სულიერ მონობით ჩვენმა ფანტაზიამ დაჰკარგა მთვარის ქვის სინაზე, ხოლო
შარლ ბოდლერის არ იყოს: “გული თუ ვნებას ინახავს - ფანტაზია პოეზიასო”.
ჩაგვიჭკნა გულიც და მისი საუნჯეც და “სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს
გული თქვენი” (სახარება). ამის მიზეზებით ჩვენი მწერლებიც კი სწერდნენ
მარცხენა ხელით და მხატვრულ ნაწარმოების ნაცვლად მათი შემოქმედება
ხშირად უშნო პამფლეტად გადმოდის... რჩეულთა შორის, უმეტესად რჩეულობდა
გრიგოლ ორბელიანიც სვავის და ყაჯირის თვალებით. ყველაზე მეტად
მჩქეფარებდა მასში ქართული სისხლი, მაგრამ მისი სულიც ორეულდება. – ერთი
ვერ გასცილებია ჩამჩი-მელქოს და სავათნავას მუხამბაზებს, მეორე კი ნათლად
ემონება პუშკინ-ლერმონტოვის ვარსკვლავებს.

პირველად ალ. ჭავჭავაძე და გრიგოლ ორბელიანი მოიშხამენ რუსულად.


ისეთს პირობებში ძნელიც იყო ქართველობა და ვერც შესძლეს აკი... უცხო
ტანსაცმელი ვერ ასცდათ ვერც ტატო ბარათაშვილს, ვახ. ორბელიანს და შემდეგ
მთაწმინდელ ღმერთებსაც. აქვე ვიტყვით, რომ ამ უკანასკნელთა საპოეზიო
გვირგვინი არც ისე უკვდავია და თუ მათ ადიდებს საქართველოს ხალხი მისთვის,
რომ ისინი ხალხს ემსახურნენ და იწამეს ხალხი. ისინი გაეზიარნენ ერის შვებასა
და ვარამში, მათ იცნეს მისი სამშობლო, პოლიტიკა თუ სიყვარული. მათ ჩაიცვეს
ბრბოს ტანისამოსი და გახდნენ მისი გამოძახილი. ამის გამო უყვარს ისინი ხალხს
და არა მისთვის რომ ისინი დამდნარიყვნენ მზით არმაზის ტაძარში.

მაგრამ ყველაზე გულმოდგინე რუსები ქართველი ნაროდნიკები


გამოვიდნენ. ისინი გულმოდგინედ ასრულებდნენ რუსობის მისიას –
თვისდაშეუმჩნევლად და მათი სულიც ყალათმაა ქართულ პოეზიისთვის.

რუსულ შხამს ვერ ასცდა ეთერ-ბრწყინვალე ვაჟაც, ეს განთიადისებური


წმინდა სახელი. უპირველესად მის გონს შემოესარა ლერმონტოვის სიტყვა.
ლერმონტოვის ილეთი მოსჩანს მის პირველ ლექსებში და “მოხუცის ნაამბობში”.

აქ ადვილია მიხვედრა – ლერმონტოვი ცოტად თუ ბევრად ენათესავება


ვაჟას და ისიც მისაღებია, რომ ლერმონტოვიც აქებს იმ მთებს, საიდანაც ვაჟამ
გადმოჰხედა მონურ საქართველოს. შემდეგში ვაჟა ბედკეთილი ნიჭი გამოდგა და
მან ერთის ჩქამით მოიშორა რუსული ტალახი, რომელიც მის ელვიან ფარს
მისცხობოდა. და რომ ვაჟასათვის ევროპა უცხოობდა, შეიძლება ეს დიდად
საზიანოც იყო მის მთავარდიდებულობისათვის. ის არ იცნობდა ინგლისურ
ესთეტიზმს, მისი ლიტერატურული ნიჭი არ იყო ნატიფად დათლილი და ვაჟაც
რჩება პრიმიტიულ მგოსნად; მაგრამ ვაჟა უდისციპლინო სულია, ეს კი ადიდებს მის
გენიოსობას: ის აღვირწახსნილია, და მიაგავს საქართველოს არწივს, რომლის
ფრთები ფოლადია, უსრულო ნავარდში, მან არ უწყის ნავთსაყუდელი; ამაყი სული
არ ემორჩილება კანონებს და პირადად ჩემთვის საგულისხმოა მისი ზავთი და
თავისთავადობა...

ვაჟას შემდეგ თვალი შეადგება იროდიონ ევდოშვილს. საწუთრო


გაცუდებულ კაენივით ძრწოლაში გაატარა სიცოცხლე. ის წყევის ორბია, მაგრამ
არც მას ჰქონია სვესრული თავის-თავადობა და იგიც ვერ გახდა მირონცხებული;
ისევ მონობით შებინდული მიემდებარა დიდების წმ. სავანეს. 1900 წლიდან რვა
წელიწადი ქართულ ლიტერატურის სარბიელზე ბერიკაობაა. ამასთანავე რუსობა
თანისთანობით ძლიერდება. მაშინ ითარგმნება ლერმონტოვის “ორშა” და
პუშკინის “პოლტავა”, რაც აასკეცებს რუსობისადმი მიდრეკილებას. რუსობის
მიზეზით ვერ დაივანა ჩვენში ესთეტიურმა სვინდისმა, ამან დაჰბადა სამუდამო
დაცემის სიმპტომები. მონობა, გაუთავებელ მონობად გახდა, პოლიტიკური და
ინდივიდუალური მონობა ურთიერთს გადაეჭედა. შემოქმედებითი
უნდივიდუალიზაცია ნესტანივით მოემწყვდა ბნელ დილეგში. და თუ ოდესმე
ბაგრატიდები და საქართველოს ბრწყინვალე თავად-აზნაურობა
ქედმოდრეკილები, ცრემლთა შლით მიეზიდებოდნენ ხარკს ოქროს ურდოში –
ყვითელ მონგოლებთან, დღეს მოხარკეობა მწერლებსაც შეერგოთ მათ
შთამომავლებთან.

უკანასკნელი მოხარკე მგოსანი გახლავთ სატურნ აბაშელი. მისი პირველი


წიგნი “მზის სიცილი” უშნო მიბაძვაა სიტყვამარჯვე კონსტანტინე ბალმონტის,
რომლის ლექსიც გაზაფხულზე წვიმის ცეკვაა. რასაკვირველია აბაშელთან ერთად
ბევრი ახალგაზრდაც დაიბნიდა რუსეთით, მაგრამ აბაშელი უკანასკნელი
მხევალია. ახლა ფრანგეთიდან შემოდის თვალმარგალიტი, ხოლო რუსეთის შხამს
ამიერიდან ისეთივე საზღვარი ედება, როგორც რუსულ თვითმპყრობელობას
საქართველოში.

აღარც ჩვენი ნუგეშები არიან. მართალია მათი სალამური – საყვირი იყო და


შოთასკენ გზა არ იცოდნენ, მაგრამ მაინც შევეჩვიეთ და გვიყვარდა მათი სახე.
სამსხვერპლო გაცივდა. ბნელა და ცივა გულშიც. გვყავს ორი ბატონიშვილი.
ორივეს შესახებ ძვირფასი სიტყვა სთქვა გრიგოლ რობაქიძემ. შანშიაშვილი
უმეტესად ძლიერია ეპოსშიო! ეპოსის გზა-კი საძნელოა. აქ თეიმურაზმაც
თვალსაჩინოდ გაუსწრო. ხოლო ისეთი ლირიკოსი, როგორიც არის ბესიკი,
სასტიკად დამარცხდა “ასპინძის ომში”. კერძოდ კი ჩვენთვის ძვირფასია
შანშიაშვილის ქართული სული და ქართული გრძნობიარობა. გრიშაშვილი არ
არის არმაზელი. რობაქიძით – “ის აშუღების დამთავრებაა საქართველოში”.
გრიშაშვილი ჰქსოვს სპარსულ ხალიჩას და დაგვიანებული, მზეგადასული აშუღი
უმღერის უტახტო “სპარსეთის დედოფალს”. ის სავათნავას სიყმის შვილია. უყვარს
სპარსული მოზაიკა და სიტყვის შადრევნები. ლირიკის ხალასი ცეცხლი მას არ
ახასიათებს.

ქართველი მოლექსენი – დღეს, ვერ იჩენენ ორიგინალობას. მათში


“მხოლოდ ქართული ენის მუსიკალური სვინდისია დაცული, საკუთარი მათ არა
მოეპოვებათ რა”. მათ არ შესწევთ სუბიექტური მღერის უნარი, მათ არ აბადიათ
“საკუთარი სიმღერა”, როგორც უწერდა ჟუბერი შატობრიანს; მათთვის უცხოა
ძიება: სახისა, ცეცხლისა თუ უხილავისა...

ჩვენში უალდის ერთი უბრალო ჭეშმარიტებაც კი დაუსაბუთებელია: -


“ფორმა ყველაფერია, იგი ცხოვრების საიდუმლოა. მოუნახეთ სევდას შესაფერი
გამოთქმა და თქვენც შეგიყვარდებათ იგი. მოუნახეთ შვებას შესაფერი სიტყვა და
მისი აღფრთოვანებაც გაძლიერდება”.

სევდა მენთება თავად უალდის პათეტიურ სტრიქონებზედ. ჩვენში პოლ


ვერლენის Art Poêtique-ც უდაბნოს ძახილია:

“მუსიკა, მუსიკა, უწინარეს ყოვლისა,

მუსიკა, მუსიკა, აწ და მარადის!”

ყველაზე მეტად მოუხდებოდა ეს ძახილი ქართულ ჯადოსნურ ენას და აქვე


მაგონდება წმ. ბერნარდო, თვალებზედ რო ხელს იფარებდა შვეიცარიის ლურჯ
ტბათა მშვენების დანახვაზედ.
ჩვენში დღეს შაბლონი თავადობს – იტყვიან, რომ “შაბლონი აუცილებელია
იმ ერთათვის, ძილიდან რო ერკვევიანო”... – ეს კი ჩვენზედ არის გამოთქმული.

ქართული პესიმიზმიც არ არის საკაცობრიო სევდით ამომწვარი, პესიმიზმი


ჩვენს ლიტერატურაში დაჰბადა საქართველოს პოლიტიკურმა დაცემამ.
“პესიმიზმი საქართველოსათვის” ახლა ზომას გადადის და ვერც შეგვრჩება
მაუწყებელი საქართველოს გარეშე. თვით ბარათაშვილში უმეტესად სტირის
ქართლის ბედი და რღვეული ტაძარი, რომელსაც შემოსძარცვეს ანთრაკი
გავლილ მეკობრეებმა.

რაღა ვთქვათ სიხარულის პოეზიაზედ? ჩვენ გვყვანან მწვანე ბაღდადებით


თავაღებული თავადები, რომელთა სიტყვაც დაუჭკნობელია და წკრიალა როგორც
ხანჯალი პირველ ამოღებისას. იცით, ბესიკი, სანდრო ჭავჭავაძე, მათი ანთებული
რიტუალი?

- “ღიმილმან კარი ლალისა,

განაღო გამჭვირვალისა:

დღეს ეგ მეყოფა სიმდიდრედ,

ხვალემ იზრუნოს ხვალისა!”

პიროქრო მზის ქადაგი კონსტანტინე ბალმონტი იტყვის:

- რამდენად ადვილია ხელოვანისთვის სევდის სფეროში ტრიალი? მისთვის


გვაქვს

ჭიანური, სალამური და სხვა ნაზი დასაკრავი, ნაზი, როგორც ზამთრის მთვარიან


ღამით და გაზაფხულის ტყეში გათენებისას ნაზი ტონები. სიცოცხლის და მტკიცე
პიროვნების გამოსაცემად არ გვაბადია რა, გარეშე დაფისა და ნაღარისა,
დიდებული პოეტ-შემოქმედები ფეხს იტეხენ, როდესაც ჰსურთ შექმნან სილამაზე
მხიარულ სამოსელით. ტიპიური მგოსანი სიხარულისა და სიცოცხლისა უილემ
უორდსუორტი მოსათმენი არაა თავის შემოქმედების ნახევარში. ჰეტე მოსაწყენია
თავის იდილიებში, შექსპირის დრამების კეთილდაბოლოებანი ბრაზს ჰგვრიან
ადამიანს, დანტეს შარავანდედი უხუნდება სამოთხეში. რა შეედრება ქართველ
მოქეიფეებს, რომელთა ტუჩებზედ ღიმი მხოლოდ სიცოცხლისათვის წკრიალებს!
წარსულ საუკუნის მუხამბაზებმა ტკბილ სიმღერებში მალე გარიეს შხამი და
სამსალა. უდროოდ დასტოვეს სიცოცხლე და მყუდროების სავანე მონახეს ალ.
ჭავჭავაძემ და გრიგოლ ორბელიანმაც. დღეს გრიშაშვილს ასახელებენ
სიხარულის მგოსნად, მაგრამ ისიც ნერვებ აშლილია. მას ჯერაც არ უთქვია
სიცოცხლის მტკიცე სიტყვა და მისი გიჟური სურვილი.

ჩვენში დაჩუმდა სხეულის ამღერებაც. შოთას შემდგომ არავის უქია უოლტ


უიტმანის საყვარელი სხეული ნაზი, თუნდაც მძლავრძარღვებიანი. ტარიელმა
გაუსწრო დორიან გრეის და შოთამ უალდზე უწინარეს წარმოსთქვა შვენიერების
სიტყვა ღვთისმსახურებაში.

ქართულ ხელოვნების ტაძარში კარგა ხანია არც თქმულა ლოცვა სხეულისა,


შესხმა სულის და მისტიურ ქორწილისა!..

7
დღეს ქართული ლექსის ტეხნიკასაც ოგიუსტ როდენის ალესილი ჩაქუჩი
ეჭირვება. გრიშაშვილის ტრაგედიაც სწორედ ის არის, რომ მან ვერ შესძლო
ქართული ფორმის გაღვიძება და შესრულება იმ საელჩო საქმისა, რასაც მას
აწერენ.

ქართულ ლექსს წარსულში სამი უდიდესი რეფორმატორი ჰყავდა:


რუსთაველი შოთა, რომლის ლექსიც ზურმუხტის ზოდებად არის დაცული
შეღამებულ მღვიმეში დ რომლითაც სულ ახლად სანდრო შანშიაშვილი მღეროდა.
გურამიშვილი, რომელმაც ქართულ ლექსს გვირილის უბრალო კაბა გადააცვა და
მწყემსის სალამურით აამღერა – და ბოლოს ბესიკი – უკანასკნელი ელვა
ქართული შაირისა. ბესიკთან სწყდება მანიაკი და იასისკენ შფოთავს სული...

დღეს, ლექსის ტეხნიკას დიდს ყურადღებას აქცევს “ცისფერ ყანწების”


ურდოდან გამოსული მხედრები. ისინი აღმერთებენ ბესიკს, რადგანაც ბესიკი
ჯადოქარი იყო. დღეს მეტისმეტად საჭიროა მხატვრული გემოვნება ენის სფეროში.
საჭიროა ლექსიკონების შესწავლა. ამაოდ კი არ ურჩევდა ტეოფილე გოტიე ერთს
ახალგაზრდა მგოსანს, მარადდღე ეკითხა ლექსიკონი, რადგანაც იგი ერთადერთი
წიგნია ღირსი ყოველდღე გადაფურცვლისა.

ბესიკის შემდეგ ქართული ლექსი მუსიკად უნდა გარდაქმნილიყო, მაგრამ


გულკეთილ მაესტროს ნაცვლად მასთან მივიდნენ მესაფლავენი, რომელთაც არ
დაჰზოგეს იგი დასამარხავად...

ქართული ლექსის მუსიკა და სამაია პირველად კვდება გრ. ორბელიანის


ხელში, შემდეგ ქართული ლექსი დამარხეს ბარათაშვილმა და ბოლოს “არა
გარეგანმა ფრინველმა” თავად ილია ჭავჭავაძემ.

დღესაც არ გამოჩენილა ლექსის გულჩქარი ტეხნიკოსი, მხოლოდ


დღევანდელი მგოსნები არა ჰქოლავენ მას; ისინი გულხელდაკრეფილნი
ჰღონობენ მისი აღდგომისთვის. ტიტე ტაბიძემ კერძო საუბარში განაცხადა: – “უნდა
აღსდგეს ქართული ლექსი თუ შევძლებთ – უფრო კი მოგვიხდება ფრანგული გზით
სიარულიო!”

ქართული ლექსის გაღვიძებას შესძლებს გვირგვინოსანი მესია;


მუსიკალური ქართული თავდებია გამარჯვების.

ნაცარწაყრილ ლალის ნაჭუჭებში სთვლემს მარგალიტის ჩინჩხვრები და


ელის წინასწარმეტყველის ხელთა შეხებას...

8
წმ. ტერეზა თავის “ქორედებში” (Moradas) მოგვასმენს: “ჩვენი სული ბროლ-
ალმასებით აგებული კოშკია” და რამდენი ელვარება აქვს ბროლის რგოლქვებს!
დაატყვევეთ წამი სულის თასში, დაატყვევეთ!.. მაგრამ ჩვენს სამეფოს არა ჰყავს
სპასალარი, რომელიც ტყვე წუთს მოავარაყებდა ოქროსეულ კოშკით... არ
გამორჩეულა ის, რომელიც აადუღებდა იაშმა ლალს და ლურჯ იაგუნდს, ნიშაბურის
ფირუზს და ზურმუხტის კრიალს, რომელიც ააჩუხჩუხებდა ხოშორ მარგალიტს და
ჯავაირჩთან სადაფჩამოსხმულ ქვებს!..

ვამბობ: ჯერ მზე არ ამოგვსვლია. ბრწყინვალე გვირგვინიანი თავადი


ოქროს ხელნაგრით – არ გამოჩენილა თეთრ ტაიჭზე ჩვენკენ მომავალი.

არ ამღერებულა ჩვენში ოქროფეროვანი გულანი – მოსევადებული


საქორწილო შროშნებით.

არა გვყავს “გული” – მოდარვიშე, რომელსაც ცისარტყელა გაედო ხიდად


ჩვენ შორის და გავებრუებინეთ ლალის სამოსით. მთვარის ხალიჩა არვის
მოუქსოვია ჩვენში, ვარსკვლავებით და დაჩითული ბროლის ჩარდახი არვის
გაუხარებია საღვთო სიტყვით.

მზე დილა გორსა მავალი ისევ შეუსხმელი რჩება და არც ერთი ჩვენგანი არ
აყვავებულა შვიდადშლილ ცისარტყელად.

თვითეული ჩვენგანი აღივსო საღვთო წყურვილით და წყურიელნი ვეძებთ


სულის დამალულ ოთახებს! მაგრამ სად არის გრძნეული, - დააჩქეფოს
თვითნათენი, და ბროლის ქაფში ააყვავილოს მოთვალმარგალიტული სიტყვა?..

სად არის თაგდირი – თვისი ფერით შეგვღებოს ჩვენ?

მხოლოდ სიცივის ზმორება... ჰამლეტის მამასავით მოხეტიალე ლანდები...


უხელმწიფო მზე და შემოდგომიანი მთვარე!..

წმ. ანტონის მონასტერი

“საქართველო” № 216-217, 1917 წ.

არაგველნი

არაგვზედ ჰკვდებოდა საქართველო...

ბაზალეთის ალსა და კივილში მოურავმა ხელები დაუკრიფა საქართველოს.

არაგვი იყო წარმართი და იყო მძაფრი პროტესტანტი. მას მიბუნებული


ჰქონდა ზვიადი განთქმა და ბევრჯელაც ანათებულა ამბოხების ავარდნილ ალით.

იგი ებრძოდა ახალ ივერიას, ებრძოდა ქრისტიანობას.


მას არ უყვარდა არაბული ტფილისი; იგი გოგირდს აყრიდა სპარსულ
საქართველოს, მანვე აუპრიალა საკირე რუსებს, ბარში რომ ხმალმოხსნით
ეგებებოდნენ.

საქართველოს უზენაეს ტახტსაც აქედან ელანდებოდა სისხლში ნაელი გიჟი


ჭანგები და სულ არაგვის გზას ამტვერებდნენ მეფის ფიცხი შათირები...

არის ერთი თვისება:

საქართველოში მხოლოდ არაგვის სიმღერა სხვანაირია: სევდისმჩქეფი,


ნელი, მიმწუხრი: ბაბილონური ტირილი დაკარგულ სამშობლოზე.
“შენ ვიღამ გნახოს არმაზო!”

და ამ ლიდიურ კილოში ჰსთვლემს შურისძიება წითელი ბრძმედით,


გახლეჩილ თვალებით.

არაგვზე მეორედ ჰკვდებოდა საქართველო, როცა იგი კუბოს მოაცურებდა


და – “მთებში გარბოდა ბაგრატიონი...”

მერე შავ ჯვართან მესამედ მოჰკლეს საქართველო და როცა მეოთხედ


მოინდომეს მისი სიკვდილი...

“ძმა აღსდგა ძმაზედ.”

საქართველოში წლეულს მრავალი სამხედრო ასპარეზი აშიშვლდა –


“არაგვის ასპარეზი” კი, ყველას აზრიალებდა.

მაგრამ აქ არა წიოდნენ ძველი აჩრდილები დროშათა ჟღარუნით. აქ


მებრძოლ შტაბში ტრიალებდნენ:

- ოსები, რუსები, სომხები და სხვათა აზატი ლაშქარი. როცა რესპუბლიკის


ჯარმა

პირველად დააწივლა სვეტიცხოველზე ყუმბარები, ჩვენ უსწორო დუელის შიში


გვაჟრჟოლებდა, მაგრამ შავი მაიმუნები ყაზბეგამდე ააცილეს...

შემდეგ –

დაიწყო გამოძიება. გაიგზავნა კომისიები, აყვირეს ქადაგები:

და ხალხიც “დაემორჩილა” რესპუბლიკას, როგორც ემორჩილებიან


განგებას, ბედისწერას.

ეხლა მყუდრო სახლებში დავიწყებულა ქუხილის ოსანნა და ყველაფერი


სიზმარში ნანახია:

როგორც ხმები დადის, ახლა არაგვზე ჯანყი ისევ იკრიფება, რადგანაც


წვიმების დროა და ეს წვიმები სისხლისა იქნება...

ტერორი დადის წითელი ჩოხით...


მოსაკრეფი იარაღი ბევრს არ ჩაუბარებია და ყველას ეყოფა, ოღონდაც კი
მდევარმა იკივლოს...

ამასთან, ახლად გაწვეული ჯარისკაცები ფეშქაშებივით მოვლენ შინ...

ჰქსოვენ კარავებს ბანაკის დასაცემად და ფხას უსინჯავენ ხანჯლებს.

ნაბათი ღრინავს!..

“საქართველო” № 193, 1918 წ.

ქართლი

შენზე ვარ ჯვარცმული და შენდამი შეყვარებული გომბეშო ვარ. ჩემში

ავხორცობს შენი ბრაზიანი მზის თქარათქური და შენს ალორთქილ სხეულში


ყვითლად ჩაღვრილი მალარია.

მაცხელებს შხამით ამწვარი შენი სივრცე და შენ ყვითელ თვალებს მივდევ

გველივით აწივლებულ ტრამალებში.

მზეში ნაზელი შენი უდაბნოები მიმზადებენ თეთრ საშიშროებას და ელდით

გეხლიჩება საქანელნი ცისანი. ქამელეონით დაკბენილ შუადღეებიდან შენი ხელი


გოგირდებს მაყრის - უცნობ მხედრობის შეციებულ რაინდს.

ჩემში ორთქლავენ: შენი პირსისხლი ვენახები, ლომისფერი ყანები, ბალღამით

მხრჩოლავი უგზაური შენი მდინარენი; კაპას მაშხლებ ჩაშლილი, ცხელ


სიშიშვლეში თეთრად აჩაღებული კალოები. ჩემში ილეწება მეფური დაშნით
მოცელილი შენი ქალაქები და შენი დიდების ჩარდახი მადგება თავს.

დავიწყებული არაგვის წყლები გიდგამენ ტახტებს კეთროვან ჩრდილთა


სიჩუმეში;

შენ გახვალ წარსულ დღეთა ჯირითზე და არ იცი, ვინ წაიღებს შენ სილამაზეს,
მკერდი

შენი ვრცელია ცხელ რუშებში და ვინ ააწივლებს შენს ტუჩებს... ბედი შენი დააკრეს
ქარის ფაფარს და სარაცინი უკივის შენ სარეცელს...

იქნება შამქორი და იქნება ნუქარდინი...

ხალიფას დროშით აინთება შენი ქოხები შიშით მზირალნი საფირონივით.


შენი ნაზი ქუსლი ჩასველდება სისხლში და თვალწინ გაგიტარებენ დროშად

ჯვარცმულ მოურავს.

მინდვრებიდან მოვა მთვრალი სუნი და მრუში სუნთქვა შეგიწვავს სახეს. მზის

ურაგნებში დასისხლული მკერდი გადაგეხსნება, როგორც მწუხრის ღვთიშობლები


საცეცხლურის გრილ სვეტებში.

საიდუმლო შენი იქნება სასტიკი და ტკივილი იქნება უღმერთო...

შენი დალურსმული სული მაღრჩობს; შენს ეშაფოტის გზაზე ჩემი თვალები


დაიხევა;

ყვითელი აყალო გაწვება სარკოფაგად და უღვთოდ გაიკვრები თეთრ ნამქერებზე.


უბე გექნება ღია და თითები ასანთლებული.

მეურმის სიღარიბით ვატარებ იღბალს და შენს დასრესილ აბრეშუმს; გვიან

დაისების ოსანნა თვალი ჩემი მოკვდება შენზე.

1919 წ.

პარნასი და სინაი

პარნასზე პირველი ლექსი საქართველოში დასწერა “დავიწყებულმა და


გამოჩენილმა” პოეტმა ალექსანდრე ორბელიანმა.

ამ ლექსში ეპატიჟებოდა მთვარიან პარნასს და უმღეროდა ლორდ


ბაირონის მშვენიერ ყელს.

რა იცოდა გულუბრყვილო თავადმა, რომელიც სულ მღეროდა ქართულ


ოჯახზე, რომ ტენდენციურობის ეპიგონები მის გახუნებულ მწვერვალს, რომელსაც
მზე აღარ ადგებოდა, გაიხდიდნენ უნიჭობის ასპარეზად და ბანალობის სინონიმად.

მართალია თერგდალეულები ვერც იცლიდნენ ინტიმური


დაღრმავებისათვის, მაინც ხარებივით დაებნენ ჰომეროსის პარნასს, რომელიც
სძულდა ძველ საქართველოს და გადივიწყეს მშობლიური: არული, კუდიანები და
ეშმაკები, არეკილი იალბუზზე.

ეს ხალხი სულ უიმედო იყო...

მათ ეჯავრებოდათ ტრადიციონალისტები, როგორებიც იყვნენ – ორი ამაყი


ხოლოსტიაკი, გრიგოლ ორბელიანი და პლატონ იოსელიანი; მათ უარჰყვეს ძველი
საქართველო, მისი კულტურის შინაგანი რიტმები, მისი ლირიზმის ინტიმური
ანარეკლები და მისტიური, სურნელოვანი, - ნაციონალი მითი.
მათ გადაასახლეს ძველი ქართველი ოსტატები, თავისი მკაცრი –
კლასიკური ფორმებით და მოუსპეს არა მარტო სტილი, რომელსაც არც ისე
აკლდა ლოგიური შეგნება, ის მოთასმული ასოებიც, რომელნიც ვაზივით
ჰყვაოდნენ ქართულ პერგამენტებზე.

მერე?

ამის სანაცვლოდ შემოიტანეს კრილოვის იგავ-არაკები და სასულიერო


აკადემიებში გაკრეტინებული პარნასი კლასიკური ბანალობით. ამით და
შირაზელი აშუღების გათანგული პოეზიით დიდხანს ირთობდნენ თავს. მაგრამ
ლექსისთვის უფრო არ ეცალათ და ყველაზე მაღალი სახელი მათთვის იყო:
საქართველო.

მერე კი მთელი ლექსები ბანკებში გადაახურდავეს...

დაჩუმდა უკანასკნელი ბულბული წერეთელი და ქართული პოეზია


თომაშვილს უნდა გაეთავებინა, რომ ავლაბარში გაჩნდა სომხურ-ადერბეიჯანული
ეროტიზმი; მაშინ ქართული პოეზია კიდევ დააღრჩო სონას ბაღდადმა.

უნიჭო ბერძნული პარნასი, სადაც ახლა ბებერი ღმერთები კარტოფილს


სთესავენ, კიდევაც გვიგზავნის მგოსნებს და სანამ გაგრძელდებოდა კინტოების
კომედიები, რომ არ მოსულიყო ხალხი, რომელსაც საქართველო დაჰხვდა
უცხოსავით...

“ყანწელებზე” ხმაური დღესაც არ შეწყვეტილა და ეს ნიშნავს რა მიზანში


მოჰხვდა...

მორჩა...

ედგარ პოს ნავსმა ყორანმა გადაუარა საქართველოს.

და დღეს ქართულმა პოეზიამ იცის ბოდლერის პლასტიური გაგიჟება და


ედგარის ბრძნული გადარევა, კაპრიზიანი ბოდვა ვილიე-დე-დილ ადანის და
ვერჰარნის ჯვარცმული კივილი, ლელიანის საწყალი ამღერებანი და ნიცშეს
ტიტანური კადნიერება; მალლარმეს გენიალური სინთეზი და ჰიუსმანის ცდა –
გადაფასებისა ესთეტიური სოლისჰიზმით.

ქართულ პოეზიას ერთად შეეყარა ყველა სურავანდები, ბნედა და ანთება.

გრიგოლ რობაქიძე, რომელიც არის დროშა და მხედართმთავარი,


ყუმბარასავით დაასკდა პირველი საქართველოს და გასწმინდა საუკუნეთა
ბანალობის საშინელი სიწმინდე.

და რა ძვირად დაუჯდა ჩვენს ლიტერატურას – პაოლო იაშვილის –


ცეცხლებით დარეკილი მოვარდნა, ტიციან ტაბიძის დაჭვარტლული ტირილი
ქინით და ვალერიან გაფრინდაშვილის ორეულების წარღვნა.

პარნასზე სალამურების უდარდელ რაკრაკში პარიკიანი ღმერთების


ცინდრიკი გათავდა...
აზავთებულ ელვაჭექაში და მრისხანე საყვირებში სინაÎზე ღმერთების
გამოცხადება მეორდება.

დღეიდან იხსნება მეწამული ზღვა...

მისი მორევები დააღრჩობენ უკან მიდევნებულ ბანალობის ფარაონებს...

ღმერთმა მანანას მაგივრად გარდმოგვივლინა საფრანგეთის კაპასი


შხამები და მწყერების ნაცვლად ფრთამაღალი ქიმერები დაასხდნენ
საქართველოს...

ამიერიდან საქართველოში ვარდები ჰყვავიან სისხლით და გოგირდით.

დღეიდან ეპოქის ყველა განწირულებანი, საოდუმლო ჭრილობანი,


ცრემლები და მოლოდინები, “ყველა კლავიატურის ხმები და პალიტრის ფერები”
სასტიკი რეკვიზიციით გადაეცა ახალ პოეტებს!

“ბარრიკადი” ¹ 3, 1920 წ.

ვახტანგ მეექვსე

რამდენი განწირულება და დაცემაა ხელმწიფის დიდებაში! ყველაზე ქაოტიურ


ეპოქაში ის მოვიდა, როგორც დაგვიანებული ჰარუნ-ალ-რაშიდი. “ქილილა და
დამანას” მთარგმნელი და “დასტურლამას” ბრძენი დამწერი იძულებულია შუბი
ატრიალოს და წვრილთვალა რკინა ჩაიცვას.

ძალაუნებურად გინდა აქ დაიჯერო ინდუსთა მითი “ავატარა” – ტიპებისა და


ხასიათების განცხადებაზე, რომელსაც იგონებს სენ-ვიკტორიც, დასარწმუნებლად,
რომ ვახტანგ მეექვსე თითქოს რომის იმპერატორი მარკუს ავრელიუსია,
რომელიც მე-XVIII საუკ. ცისკარზე გაება საქართველოში, რასაკვირველია, უფრო
მცირე გამოცხადებით და უფრო ვიწრო წრეში, თუმცა იმავე სიწმინდის განკაცებით.

არა დროს არ ყოფილა საქართველო თავის დასასრულთან ასე ახლოს, როგორც


ამ ბაგრატიონის დროს, ისევე, როგორც ტრაიანეს და ანტონინეს რომი მარკუს
ავრელიუსის მიერ პურპურის მიღებისას. მისი სამეფო გაახმო ყიზილბაშების
ცეცხლმა. მის დროს უდაბნოები მრავლდება და ქართული ჰორიზონტი
ვიწროვდება. მთელ სამბრძანებელში არ მოიპოვება არც ერთი დაუმახინჯებელი
კანონი და გაურყვნელი ხასიათი. მისი აჯანყებული ერისთავები ბრაზობენ
როგორც კენტავრები. ეს ის დროა, როცა რაინდული მისტერიები თავდება.

ამ საუკუნის დრამაში მრავალი საშინელი აკტია. მაგრამ ყველაზე ის აკტია


სისხლეური, რომელსაც ეწოდება: “საქართველოს პოლიტიკის დუელი
საქართველოს გეოგრაფიასთან”.
რუსეთის საშიშარი ქირურგი პეტრე იმპერატორი, საშიშარ ოპერაციას უკეთებს
საქართველოსაც. პეტერბურგმა იცის საქართველოს სტრატეგიული და
პოლიტიკური როლი შავი ზღვის დასაჭერად, ასევე ეკონომიურიც – სავაჭრო გზისა
სპარსეთ-ინდოეთში. მაგრამ არ იცის ის სვინდისი და ღვთიური თავშეწირვა
რომლითაც ასე აბეზრებდა საქართველოს.

მრავალ პოლიტიკურ კომბინაციებით ის ატყუებს თბილისის სამეფო კარს, ჰღლის


ელჩების გზავნით და უთავბოლო დაპირებებით.

ცნობილია, რომ ამ დროს ჩვენი სარდლები ატაცებულნი იყვნენ ეკლესიური


შთაგონებით, ხოლო ვეზირები იამბიკოებს სწერდნენ. სამეფო პოლიტიკაში კი,
როგორც იტყვის სოლომონ ლეონიძე: “ჯვარი იყო სკიპტრის საფუძველი”.

თავის ვრცელი გეგმის განახორციელებლად აღმოსავლეთის პოლიტიკაში,


სპარსეთის წინააღმდეგ მოკავშირედ, პეტრე პირველი იწვევს ვახტანგს –
სპარსეთის სიუზერენს.

1722 წელს მთავარნი “ტარკოვსკი და აქსაისკი” პეტრეს დარუბანდის დაჭერას


უადვილებენ, თუმცა ალაღებული იმპერატორი ქვევით აღარ მიდის. მდ.
აგროლნისა და სელსეის შუა პუნქტებს ამაგრებს და უკანვე ბრუნდება.

გულუბრყვილო ბაგრატიონი კი 40 000 მხედარით ამაოდ ელის მტკვარზე


შეპირებულ პაემანს.

და “ქრისტეს საფლავზე მთებარე კანდელი”, როგორც ვახტანგი უწოდებდა თავის


მოკავშირეს, საქრისტიანო ქვეყანას იანიჩრებს აძლევს სათარეშოდ.
საქართველო რჩება “ვითარცა ნავი ოკეანისა შინა მცურვალი”. იყოფა სანჯაყებად
და საფაშალიკოებად, სახანოებად და საბეგლარბეგოებად.

ვახტანგი კი, მთელი თავისი ტაძრეულით და უმაღლეს არისტოკრატიის


თანხლებით, რომელიც ორი ათასი თავად-აზნაურით შესდგებოდა, მიდის
პეტერბურგს მოკავშირის “საფარველის” ქვეშ.

ამ გადახვეწამ ქართულ რასას საუკეთესო სისხლი დაუკარგა, ხოლო ამავე


განგებამ ქართული რენესანსის ბედი გადასწყვიტა!

ვახტანგმა პირველმა უარყო აღმოსავლეთი და საშინელი წყურვილით ეძებდა


ევროპის ორიენტაციას და ბოლოს დაადგა კიდეც მას (რუსეთით). თუმცა მის
პირველ მსხვერპლად შეიქმნა თითონ თავის ოჯახით. მან უპირველესმა განიცადა
ის ცეცხლები და გრიგალები, რომლებშიც მერე ჩაიწვა ირაკლიII და რომელთაც
საშინელი სიგიჟით შემოგვანათეს 1918 წელს, როცა ნოე ჟორდანია, მათი უტახტო
მემკვიდრე, აცხადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას...

მან გააკეთა რამდენიც შეეძლო. ის იყო წმინდა მოწამე საქართველოსთვის, თუმცა


სწინამძღვრობდა იმ საუკუნეს, რომელსაც არ ეკუთვნოდა.

ბედმა მას აჩუქა უღარიბესი საქართველო... სახელმწიფო ყიდდა საეკლესიო


ჭურჭელს და თავადის ქალები სამშობლოსათვის თმებიდან სამკაულებს
იძრობდნენ. სიღარიბე იქამდის მივიდა, რომ როგორც იგონებს ბესარიონ
კათალიკოზი, მეფის დაგვირგვინებისა და ქორწილის ნადიმებში სამეფო კარი და
თავად-აზნაურობა ნაბდებში ისხდა...
ტყვეების ყიდვას აღარ ჰქონდა დასასრული, ხოლო ულმობელი ყეინები
დაჟინებით ითხოვდნენ კონტრიბუციას...

უბედო მეფე მრავალი წელი იჯდა ტყვეობაში ქირმანს: აქ, და მერე საომარ
კასრავებში სწერდა წიგნებს, რომელნიც გვხიბლავენ დინჯი ოსტატობით და
მჭრელი ჭკუით.

თავის ოჯახში ის იყო უწყნარესი მამა. ბატონიშვილები ბაქარ და ვახუშტი უსათუოდ


ატარებენ მის პროფილს...

სიკვდილმა უსწრო მას შორეულ აშტრახანს. საქართველო არ იყო მისი ღირსი და


უფრო მისი ბოლო ორი წლის კარჩაკეტილი გამოტირებისა. ამ დროს ის დაიწვა
საქართველოთი, როგორც არავინ და საქართველომ მოაშთო იგი. ძველი
ელლინი ისტორიკოსი ალბათ იტყოდა მის სიკვდილზე: “ნუ სტირით მას,
აღმერთეთ იგი. ის ღმერთებმა დაუთმეს ადამიანებს. ეხლა ისევ ღმერთებს
დაუბრუნდა...”

“ნაციონალისტი” № 20, 1920 წ.

მცხეთა

მცხეთა სურნელია სიძველის და საქართველოს დამწვარი ქიმერა. მისი


დამქრალი სუნთქვა დღესაც აცოცხლებს რელიგიურ არსს; საქართველოს ძველ
ტახტებს და მაღალ ბრწყინვალებას...

მცხეთაში მრავალი რელიგია დაიფერფლა და მრავალი ამაყი ღმერთი დაეცა.


მისმა ტაძარმა დიდი სახელები დაჰკარგა, მაგრამ მათმა სიწმინდემ აკურთხა იგი...

მცხეთა იყო წარმართული იერუსალიმი. აქ იყვნენ ღმერთები, რომლებზედაც


ქართული მატიანე რელიგიური თრთოლით ლაპარაკობს...

ძველი მწერლები ლაპარაკობენ კიდევ ძველ მისტერიებზე, რომელნიც დუმილით


იფარება. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ქართული მისტერიები იყო სკოლა სულის
უკვდავების.

აქ იყო ყველა ის მისტიური კარნავალები და პროცესიები, რომელნიც “არალეს”-ს


ძახილით აღვიძებდნენ ყველა გადასულ სულებს, რომელთა ღვთიური წარმოშობა
და რელიგიური არსობა აუკვდავებდა იბერიელს...

და მერე კი... ამ ორი მდინარის კიდეზე დაინაცრა წარმართული საქართველო...

მაგრამ აქვე ნორჩ ვაზზე ნინოს ცხელი თმებიც ასურნელდა...

მერე აქ აღმოცენდა სვეტი ცხოველი და მან დაჰფარა ქართული გენია და ქართუ


ლი რასსაც.
მთელი საქართველო მან შეიწირა: თავისი რაინდების ზღვა ჯარებით, სიმდიდრით
და კეთილდღეობით.

ამიტომ თითოეული ქვა ამ ტაძრის ამოვლებულია საქართველოს სისხლში.

ეს გაუგებარი ტაძარი განაგებდა საქართველოს, როგორც დიდი მონარხი


დირიჟორი და მთელ საქართველოს უმორჩილებდა ერთს ზნეობრივ
ხელმწიფებას. ერთს რწმენას და წესწყობილების განმტკიცებას...

რადგან ქრისტიანული რელიგია იყო საქართველოსთვის არა მარტო ზნეობრივი


სისტემა, არამედ ძალაც ღვთიური, სამუდამო და ვის არ უგრძვნია საუკუნეებში
დამდგარ ტაძარში შესვლისას ის საღვთო შიში, რომელზედაც ბერძნები
ლაპარაკობენ...

თანამედროობის იჭვებით დაქანცული, თქვენ ისვენებთ ამ მეფური ქვების


ჩრდილში, როგორც მსხვილი მუხის ქვეშ. ძველი სიმშვიდე და სურნელი შედის
თქვენში და ჰგრძნობთ საქართველოს სხეულის შეხებას. სულში მყარდება
ზომიერება და სინათლე.

საქართველოს მარადიული სული მაღალი და ფანტასტიური კიდევ არ


დამქრალა!..

გიგანტური ლანდები დაჰქრიან ირგვლივ, ღვთის განცხრომის სახლში და


აჰყეხართ საქართველოს სიმაღლესთან...

“ნაციონალისტი” № 14, 1920 წ.

ჩვენი პარტიისათვის

პირველი კონფერენციის მერე საგრძნობი გახდა ძალა ნაციონალისტთა


პარტიის. იშვიათია ის სიმტკიცე, რომელიც ახასიათებდა კონფერენციის სხდომებს.

კონფერენციას დაესწრნენ წარმომადგენლები სოფლური საქართველოს


ყველა მთელი კუთხეების, რომელთა ხმა იყო ერთი: შემოყრა ჩვენი პარტიის
გარშემო.

ჩვენს პარტიას ჯერ მხოლოდ ორი წლის მატიანე აქვს. ორი წელიწადი
უსათუოდ მცირე დროა პოლიტიკურ პარტიის ზრდისა და ჩამოყალიბებისათვის. ამ
ორ წელიწადს კი მან მრავალი დაბრკოლება განიცადა. მას ჯერ კიდევ
მოუმაგრებელს უსწრო დამფუძნებელ კრების არჩევნებმა, მაგრამ ჩვენი პარტიის
სიმტკიცემ გასწყვიტა რუბიკონი და დამფუძნებელ კრებაში ორი დეპუტატი უკვე
გაიყვანა.

კონფერენციაზე დამსწრე გლეხობა ადასტურებდა, რომ ჩვენთან იქნება


საქართველოს მაგარი ძარღვი – სოფელი განიავებული მმართველი პარტიისაგან.
ჩვენთან იქნებიან კიდევ ისინი, რომელთა გული გახურებულია ერთობლივი
და განუყოფელი საქართველოს იდეის ცეცხლით და რომელთათვის საღვთოა
ანდერძები გადასულ ქართველობის, რომელიც იყო უკიდურესი
მშვიდობისმყოფელი და ჯვაროსანი სამშობლო ტერიტორიის დაცვაში.

დღეს ჩვენში არსებული ძველი პარტიები საკმაოდ მობერდნენ; ყველა ესენი


უიმედო გასათხოვარ ქალებს ჰგვანან, ერთმანეთში რა ბრაზებით ჰყრილობენ
ჯავრს. თითოეულ მათგანს აქვს ოცი და ორმოცი წლის უსიცოცხლო ისტორია,
მაგრამ ქართველ ერს დღემდის ვერ უგრძვნია მათი ძალის სიმაგრე და
სიცოცხლე.

ზოგმა მათგანმა კიდეც მოატყუა ქართველი ერი. ზოგი სრულიად უცხოა


საქართველოსთვის და ზოგიც საქართველოს ანადგურებს.

ასეთ გარემოებაში ჩვენი პარტია მოდის როგორც ახალი ჯვაროსანი


საქართველოსთვის; მან უნდა გამოსჭრას გზები ქაოსში და ანარქიაში და
აღმართოს უწმინდესი ნაციონალური დროშა.

მრისხანე საყვირების ცემით ცეცხლი უნდა ჩაუნთოს სოფელს, რომელსაც


ახრჩობს კაპიტალის სპეკულიაცია. ქართული ხმალის სიმართლით შემოჰრკალოს
საქართველოს სახელმწიფოს სრული და ნაანდერძევი საზღვრები, ხოლო
ქართულ კულტურას ახალი ბრწყინვალება მისცეს.

იგი მოიტანს ახალ გამოჭედილ საქართველოს და ამ ბარაქიანი


იდეალებისათვის ნელ-ნელა ვხსნით მის დროშას...

“ნაციონალისტი” № 28, 1920 წ.

ძველ პოეზიაზე

ინტერნაციონალი კულტურა მძვინვარე ვეშაპივით მოექანება. მას


დამოუკიდებელი კულტურა აბრაზებს.

კულტურა – არსი ინდივიდუალი, ნაცია – ალფა და ომეგა კულტურის


უარყოფილია. ჩვენც დღითი დღე ვიწამლებით კომერციული კულტურის
ფაბრიკაციით.

და ცოფიანი კოსმოპოლიტები ჰქმნიან დიდს კომერციულ კულტურას,


ხელოვნების საერთაშორისო ბირჟით, რომ ერის სული უნაყოფო გახდეს, ხოლო
სამშობლო ენის ბრწყინვალება უსახო ესპერანტომ შეაღამოს.

მაგრამ ერის კულტურა ხომ შემოქმედ პიროვნებებზეა დამოკიდებული?


გენიაში აშიშვლებულია ერის სული. გენია – ერის სულის კვინტესსენციაა.

ჩვენგან გავლილი საუკუნეები დიადი მოგონებებითაა სავსე და საპატიო


ძეგლებით არის დაფარული. ჩვენი წარსული ჩვენივე თვითდამტკიცებაა.
არავითარი საერთო ჩვენ არა გვქონია რომაელებთან, ბერძნებთან, არც
გერმანელებთან. სამაგიეროდ, შეგვრჩა საკუთარი სულიერი ზნეობა, ტრადიციები,
მოგონებები.

ჩვენ გვქონდა მრავალი კულტურული გავლენა, მაგრამ თითოეული


ჩვენთვის დარჩა, როგორც უბრალო დეკორაცია. ჩვენმა სულმა არც ართი მათგანი
არ მიიღო. ჩვენ უბრუნდებით ჩვენს ოჯახს და ვიღებთ მამათა სამკვიდროს.

ჩვენ ვამკვიდრებთ ყოველ პიროვნებას, წარსულის თითეულ ლანდს და


მიუზღავთ ტანამდებს.

მათგან შეგვრჩა სიმტკიცე და ზომიერება, ამიტომ ვერ მივიღებთ “შტემპელ


დასმულ” კულტურას, რადგან დაშრეტილ რასას არ ვეკუთვნით.

გეოგრაფიულმა პირობებმა მეტად ადრე გამოგვიყვანა ისტორიულ


ასპარეზზე. ოდესმე უძლიერესი ტომი ვიყავით, მაგრამ მომავალით
დაორსულებული საქართველო მონგოლიზმმა გააბერწა.

მთელი მაშინდელი საქართველო ერთი დიდი “ყარამანიანია”, სიღარიბის


დასაფარავად “ვარდბულბულიანში” რომ იკლავს თავს. ქართული პარნასი ალყა-
შემოვლებულია “ანბანთქებით”, ხოლო ყარაულებათ ყველგან “მაჯამები” დგანან.
ირგვლივ გრიალებენ გრძელი პოემები, იაფი ფერებით შეღებილი. უსტილო,
უთავბოლო სიტყვებით გატენილი ოდები, რომლებშიც ტრადიციული და
მექანიკური კადანსი რიტმად ითვლება. კლასიკური ენა ბნელდება, როგორც
არასდროს. არ არის იმდენად ქმედითი ენერგია, რომ სინამდვილე ესთეტიურად
გარდიქმნას. არაბებისგან განაზებული პოეზია ჰკარგავს მთვარის ქვის სინაზეს.

კარის პოეტები ძველს სიუჟეტებს აახლებენ, ისევე როგორც საშუალო


საუკუნეებში ფრანგი, გერმანელი, ესპანელი და სლავიანი პოეტები ჰომერის
ჰეკზამეტრებიდან და კურციუსის პროზიდან აღებულ სიუჟეტებს ჰლექსავდნენ.

მაგრამ ამ ეპოქის დასასრულს ლათინთა საერთაშორისო კულტურამ


საქართველოსაც გადაანათა. სპარსული და ბიზანტიური სტილი აქაც იცვლება.
კარმელიტიანელების და წმ. ავგუსტინის ორდენის მისიონერებს შემოაქვთ არა
მარტო ლიტერატურა, თვითონ ტეხნიკური ხერხი და ზოგი თავისებურობანიც
იტალიური არქიტექტურის.

თუმცა ესეც დეკორაციად რჩება.

ცნობილია, რომ სწორედ მაშინ იჩინა თავი ეროვნულმა ტენდენციამ და


გამძაფრებულმა ინდივიდუალიზმმა. უფრო ენერგიული გახდა პროტესტი
“თათრულის” წინააღმდეგ.

ეს არის პირველი თავის ამართვა მონგოლიზმის მერე, როცა ძველ


ნაანდერძევ სახეების, კომბინაციების ახლით შევსება დაიწყო, საქართველო
გახდა პოეტების დიდი სახლი:

თეიმურაზ I, არჩილ II, ან კიდევ მთელი პლეადა: ნანუჩა ციციშვილი, ხოსრო


თურმანიძე, ბარძიმ ვაჩნაძე, ნოდარ ფარსადანიძე, სულხან თონიაშვილი,
გარსევან ჩოლოყაშვილი, იაკობ სამებელი, ფერშანგ ბერტყაძე, ფავლენიშვილი
ქაიხოსრო, ბერიძის ქალი, ონანა კახი მდივანი და მერე რენესსანსის პოეტები:
მამუკა ბარათაშვილი, დავით გურამიშვილი, ბესიკი, საიათნოვა.
მიუხედავად სანტიმენტალი რიტორიკისა, მათ სიტყვა გაამდიდრეს ეპოქის
ახალი მიღწევებით. ცხოვრების ახალი შინაარსი ძველ ფორმებს შეეპარა და
გადასული ზრდა ჩამოაყალიბა.

საქართველო ეამაყა ბებერ ევროპას, სადაც იკივლა ფრანსუა ვიონმა და


სადაც დაქანებული დაისივით მიდიოდნენ: შუასაუკუნეების რომანტიკა და
მრგვალი ტაბლის საიდუმლოებანი, წმ. გრაალის ძიება და მერლინის სიცბიერე.

მეთვრამეტე საუკუნის ქართული ხელოვნება ლირიკით იწურება. მაშინ


შეიქმნა ქართული ლირიკისათვის საკუთარი მიმღეობა და ესთეტიკა, რომელსაც
არაფერი არ ჰქონდა საერთო არც აღმოსავლეთის დაშაქრულ პოეზიასთან, არც
ბიზანტიურ ესთეტიკასთან.

დღემდის ბესიკს სთვლიან ჯადოქრად, თუმცა ბესიკამდე მრავალი


ჯადოსანი იყო და ამ უცნობმა პლეადამ დაწურა ქართული ლირიკა, შემოიტანა რა
პოეტური სიტყვის ინსტრუმენტალიზაცია, ზღვარი და იდეალი ლირიკისა – მუსიკა.

ლიტურგიული ენა პოეზიაში შეჰქმნა თეიმურაზ I-მა, რომელიც დღემდის


გამოუკვლეველია. მას აქვს საკუთარი სტილი, თავისი პოეტური პრინციპი:
განზრახულობა, წინასწარობა და ეფეკტების გათვლა, აწონვა თითოეული რითმის
და ალლიტერაციის. მას უყვარს დაგძელებული მეტაფორები და იმდენი რიტმი,
რამდენიც აზრია.

ქართული ლირიკის გოლგოთაზე ჯვარცმულია ვახტანგ VI-ეც – ქართული


ისტორიის მარკუს ავრელიუსი. ჯერ დაუბეჭდავია მისი ორი დიდი წიგნი ლირიკის,
სადაც მართალია, არის აღმოსავლური გაგება პოეზიის, მაგრამ სადაც უხვობს
ქართული კოლორიტი, რასაკვირველია, არა ეტნოგრაფიული.

უსათუოდ დიდი გვირგვინოსანია, აცრემლებული იამბისტი – დავით


გურამიშვილიც, რომელმაც შეჰქმნა საკუთარი ესთეტიკა და ბლომად დაღვარა
საკუთარივე ცრემლი. მას აქვს ქართული პროფილი და გაგება სიტყვის შინაგანი
სივრცის.

ბესიკისათვის სიტყვა სცოცხლობდა ანარეკლებით. მან ყველაზე უკეთ


იცოდა, რომ სიტყვას შეუძლიან რიტმში სამყარო შეამწყვდიოს. მას უყვარდა
სიტყვა, როგორც მასალა პოეზიისა, მისი ფერი და ფორმა, თუმცა მისი
მეტაფიზიური სიღრმე ვერ არი შეერთებული მხატვრულ ფორმასთან.

დღემდის გაუგებარი რჩება საიათნოვაც. მისი სიტყვები დაძირულია ნორჩი


ალმასებით.

მას აქვს ქართული სინათლე. ახალი პოეტები უსათუოდ მოსძებნიან მის


ჩამოღვენთილ სიტყვას და ის ახალი ბრწყინვალებით აღდგება ქართულ
რონსარად.

ძველს ქართულ ლირიკას ათავებს სამეფო კანცლერი სოლომონ ლეონიძე.


მან დასწერა სამგლოვიარო მარში მეფე ირაკლიზე “აღსდეგ გმირთ გმირო, ნუ
გძინავს”. რომელიც გამართულია და დაჭიმული მძლავრი ხელით. ამ ლექსში
თითეული სახე და სიტყვა მოშვილდულია დიდი სიხარბით. მას აქვს
ვერჰარნისებული რიტმი.
ქართული ლირიკა სრულიად გამოუკვლეველია. რად ჰღირან ჯერ მარტო
ლირიკოსები გოჩა და გიორგი მთაწმინდელი, რომლის “საღამოს ზარმა” ევროპა
დაიარა?

ან ის “გამორჩენილი და დავიწყებულნი”, რომელთა შუასაუკუნებრივი


ლირიკა ხალხურ პოეზიაში გადავარდა უსახოდ?

მალე ადგებიან ძველი ქართველი პოეტები: X-XII საუკ., შუა საუკუნეებიდან


და მაშინ დაგვაბრმავებს ქართული რასსის საშოდან გახმიანებული სიტყვა.

ჭეშმარიტად, მრავალი ფერისცვალება ჰქონდა ქართულ პოეზიას,


რომელიც დღემდე შემდგარი იყო მონგოლიზმით.

მართალია, ჩვენ არ გვესვენა მხრებზე არც რომი, არც ლათინთა კულტურა,


არაფრით გვავალებდა ყველასგან მოძულებული ბებერი ბიზანტიაც, მაგრამ ჩვენი
სული დანახშირდა საკუთარი ცეცხლებით.

ვიწრო და ნაჩქარევი საგაზეთო წერილი ნებას არ გვაძლევს გავშალოთ


სიტყვა საგანზე. ჩვენ ცალკე ვეცდებით გავანათოთ გადასული პოეტები – ეს ძველი
ღვინოები, რომელთაც დაათვრეს ძველი საქართველო.

“ნაციონალისტი” № 4, 1920 წ.

გასწმინდეთ საქართველო

საქართველოს ბჭესთან კვლავ გაისმის ზარბაზნების ჭექა-ქუხილი. იღვრება


ქართველის სისხლი უმიზეზოთ!

მიზეზი ვერაგ მტერს ყოველთვის მოეპოვება და უმთავრესად კი ის, რომ მოსპოს


საქართველო და მის ნაფუძვარზე თავისი მიმქრალი კერა გააჩაღოს.

ეს არის მთავარი საგანი სომხეთ რუსის გაკოტრებული ხალხისა.

საქართველომ იცის ლაგამის ამოდება თავაშვებულ მომხდურისა, მაგრამ ეს


ლაგამი დღეს უფრო სისასტიკით უნდა ამოედოს გათავხედებულ მეზობლებს.

კაცთა შორის კაცად მიჩნეულმა საქართველომ ძირიან ფესვიანად უნდა


აღმოფხვრას მუდმივი საშიშროება თავის კარებთან - ამას სხვა გზა არა აქვს. და
მოსპოს ის მდგომარეობა, რასაც რამდენიმე ათასის წლობით სცდიდა სპარსეთის
მხრით. “რაც უფრო ჰუმანიური და კულტურულია სახელმწიფო, მით უფრო ახლოა
მისი აღსასრულიო” - სთქვა ნიცშემ და ახლად აღორძინებულ საქართველოსაც
სწორედ ეს ორი თვისება მოუახლოვებს აღსასრულს, თუ ეხლავე რკინად არ იქცა
სამშობლო.

ეჭვს გარეშეა, საქართველოს დაესხა შეერთებულ სომხეთ რუსეთი! და ამ დროს ამ


სახელმწიფოთა ათასნაირი მისიები თავიანთის მრავალ ქვეშევრდომებით
საქართველოს დედაქალაქში დასეირნობენ არხეინად და ჩვენს სეირს უყურებენ,
უმრავლესობა კი სხვა და სხვა გზით ფულს იგებს, რათა თავისი ფრონტი
გაამაგროს...

და ამ დროს, როდესაც ყველაფერი ასე ეწყობა ჩვენის ქვეყნის ზურგზე, ამ დროს


რაიმე ჰუმანობაზე ლაპარაკი პოლიტიკური ჟონგლიორობაა, რაც არ შეჰფერის
დამოუკიდებელ სახელმწიფოს.

უმაღლესმა საკანონმდებლო დაწესებულებამ დამფუძნებელმა კრებამ - უნდა ხმა


აღიმაღლოს უფრო სისასტიკით ვიდრე ეს აქამომდე ხდებოდა და დაუმტკიცოს
ქვეყანას, რომ იგია ნამდვილი კანონმდებელი და პატრონი ერის სვებედისა და არ
მიანდოს ორიოდე პირის ნება სურვილს ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საქმე.

ჩვენ მოვითხოვთ: რომ ფრონტი უზრუნველყოფილი იქმნას ზურგის გაწმენდით.

და თავდაპირველად დედაქალაქში უნდა გაიწმინდოს ვერაგ მტრის


მოკავშირეებისაგან.

“საქართველო”, საქართველოს დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის


ორგანო, N 35, ოთხშაბათი, თებერვლის 16, 1921 წ., გვ. 2.

პრესსა

(ნოე რამიშვილის წერილი)

რეველის ერთ-ერთ გაზეთში მოყვანილია ნ. რამიშვილის წერილი


(რამიშვილი შარშან სააგარაკოდ ბორჯომში იყო, წრეულს კი ექიმების რჩევით
რეველშია). მოგვყავს საინტერესო ადგილები:

გადატრიალება საქართველოში სულ მოულოდნელად მოხდა. გართულნი


ვიყავით მეტად ძველებურ სტუმართმოყვარეობაში და სადა გვქონდა დრო
გვეფიქრა: გვარდია სჯობდა თუ არმია? ბოლო ხანებში ჩვენ დავიწყეთ გუნდრუკის
კმევა ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, ვითა “ვესიოლაია ვდოვას” საქანელაში.
ძალიანაც გვძრახავდნენ, მაგრამ იმათ ტრაკუნს ყურადღებას როგორ
მივაქცევდით. და აი, ამათ ჩვენს უმანკო ვაჭრებს ასწავლეს სპეკულიაცია და
ვალიუტის მნიშვნელობა, ჩვენს იორდანის მტრედებს ქრთამის აღება,
მომარაგების სამინისტროს საქონლის ყლაპა, ერობებს ხალხის გაბეგვრა,
გვარდიას ხალხის აწიოკება, მუშებს უმუშევრობა, გლეხებს მიწის სოციალიზაცია,
მოხელეებს ხაზინის ქურდვა, პრესას ყალბი წერილების წერა, ხოლო
დამფუძნებელ კრებას – რასკოლი. აღარც ჩვენ დავიშალეთ და იმდენი ურტყით,
სანამ თქვენ მიეშველებოდით. ასე იყო ბატონებო, საქმე. ჭირი აქა, ოქრო აქა,
ხალხი იქა.

რედაქტორ-გამომცემელი პეტრადა

“ყუმბარა” № 1, 1921 წ.
ქართული მესსიანიზმი

წმ. ბასილი კესარიელი ამბობს: ეხიდნას საშო არა აქვს. იგი გამოსჭრის დედის
გვერდებს და იბადება.

სად არის ჩვენი საშო.

ჩვენ გამოვფატრეთ ყველა გვერდები და ჩვენი სხეულიც ავკეპეთ, მაგრამ


ვერ ვიპოვეთ დათესლილი საშო? საშო - ეხიდნა...

ჩვენი პირველი დამტკიცებაა, რომ ჩვენ ვართ უძველესი ღმერთზე, რომ


საშოც არ გვახსოვს. აქედან იწყობა მესიანიზმი მოსხლეტილი ბუდის.

(აპოლიკალიპსისური ჩვენება დაკარგული ბუდის: წმ. იოანე მთაწმინდელი).

ქალდეა...

იბერია... ამ ძველ მასკებში ჩვენ დავკარგეთ ხორცი და საშო და ჩვენი სული


დაეკიდა აფრიალებულ პერანგს (აქედან წმ. კვართის მესიანიზმი). ჭანგიანმა
კავკასიამ აღარ გაგვიშვა და მიგვალურსმა ჩახეთქილ ქედებს, მაშინ ჩვენ
დავირქვით ამირანი და რევანშისათვის შევქმენით ტიტანური რელიგია.

კავკასიაში ჩვენ უკვე მოველით საფლავში ჩასაწოლად და სამარეში ნძრევის


მაგიერ, არტახებში დავიწყეთ რწევა, რადგან ჩვენ კიდევ მოვიგონეთ ჩვენი
დემონიური ორბის სიჭაბუკე; აქედან ჩვენი მეტაფიზიკური გენეალოგია...

მაგრამ ამ კუბოში სამუდამოდ დაშინდა რასის ხერხემალი და შეიქმნა


ფსიხოლოგია გადარჩენის. შემდეგში საქართველოს ერთი პოლიტიკა ჰქონდა -
პოლიტიკა გადარჩენის.

ბუდეს, რომელიც შეიქმნა საზარი ფანტომი, ათამაშებს ქალის მოღვედილი


ჩვენება. ამ სუსტი თითებით მოდის რასის ხსნა და გადარჩენა - ღვთიშობელი:
მტრედისფერი კალთებით დამდგარი საქართველოზე, მის ლურჯმა მზერამ რასის
მაგარი სიმტკიცე მოღვედა. ეს ქალური გახედვა ბოლომდე მოსდევს
საქართველოს ისტორიას.

ვიდრე მარიამ დედოფლამდე, რომელმაც თავის ხანჯლით დაასრულა ძველი


საქართველო.

ნინო სუმბულის თმებით. ამ თმებმა დაადნო საქართველოს დუღაბი. მის მოსვლა


სამუდამო ირონიაა ქართულ სიმტკიცის. შემდეგში მისი ვაზის განედლებული
ჯვარი საფუძვლად დაედო ქართულ სკიპტრას.
თამარში კვლავ იღვიძებს ბებერი თესლი: “უფალმან აღმიღო და მცხო ზეთითა
ცხებულისა მისისათა” – “მე თამარ, მიწა შენი და მიერივე ცხებულებასა ღირსმყავ
და თვისობასა” თამარის ფულზე: “თამარ, ასული გიორგისა, შემწე მესიისა”.

თამარში საქართველო ცხადდება, როგორც გაწმენდილი ტიტანი, რომელშიც


ღმერთი ამჟღავნებს თავის სახეს.

გიორგი ლაშას დაბადებაზე, მატიანე სწერს: “ტაბახმელისა, ბეთლემ მყოფელმან,


მუნ შვა ძე სწორი ხვთისა”. ეს უმაღლესი დამტკიცებაა ქართული მესსიანიზმის.

თამარის მეორე სახეა, ის ზორტებდაჭიმული “გორგასლიან-დავითიანი” დროშა,


რომელიც ატარებდა საქართველოს გარუჯულ სახეს, სარაცინებისა და სელჩუკთა
ატეხილ ურდოებში.

მარტო ეს დროშა ტრიალებდა თამამად ყველა ცეცხლებში და იერუსალიმის


მკაცრი ალაყაფიც გადარღვეული იყო ქართული დროშის შრიალით (“არა არს
წესი ჩვენი ქართველთა, რათა ვიხილოთ მტერი ჩვენკენ მომავალი, შეუბმელად
ზურგი შემოვაქციოთ, გინდ იყოს სიკვდილი”). ცნობილია, რომ პირველად იერიშზე
მუდამ ქართველები გადიოდნენ. ამ დროშას არ ატარებდა ანგარება, ეროვნული
ეგოიზმი, - ეს ძველი აღთქმის იუდეანობა. აქ იყო სხვა დანიშნულება, მაშინ, როცა
ჩვენი მეზობლების თვითშეგნება ხშირად პირად გაღმერთებაში გადადიოდა.

ეკლესია...

რა იყო, რომ საქართველომ ქრისტიანობა დააბერა? ქრისტიანობას მან შეუტია


მაგარი ეროვნული ენერგიით. ამ ძალით ქრისტიანობამ ჩვენში თავის სოციალურს
და უნივერსალურ მნიშვნელობას მიაღწია. ამიტომ ქრისტიანობამ მოაშურა
საქართველოს, როგორც კულტურულ, ისტორიულ მემკვიდრეს. შემდეგში
ქრისტიანობა საქართველომ ეროვნული ფაკტებით გააღრმავა.

ჩვენ ყველაზე მეტად გვესმოდა ქრისტიანობა, როგორც ხსნა ახლობელის,


მეზობლის. ამგვარი გაგება არ ჰქონია არც ბიზანტიას და არც იმერიალისტურ
რუსეთს. მესსიანისტურ პოლონეთმაც კი პრინციპად ჯერ თანამემამულეთა ხსნა
მიიღო.

თუ შელლინგის დოქტრინით ახლა დგება ეკლესია იოანესი, - სამყარო


სიყვარულის და ენტუზიაზმის, - (І - სინტეტიურის - პეტრესი, ІІ - პავლესი - ეპოქა
დოქტრინების) ჩვენმა ეკლესიამ არ იცის ერესები, არც ცხარე დოქტრინები. იგი
თავიდანვე იყო ეკლესია “იოანესი”.

რომ ისტორიულმა ერმა თავისი დანიშნულება შეასრულოს, მან უნდა იარსებოს.


ყოფა საქართველოსი კი არა ყოფილა ეპიზოდიური, - უბრალო ეტნოგრაფიულ-
ისტორიული ფაკტი, ცოცხალ ისტორიულ ძალას მოკლებული.

ჩვენ დავბუღრეთ ჩვენი ჯიშიანი ფესვებით და გავანოყიერეთ კავკასიის სხეული,


ამიტომ კავკასიის წვრილ ერებს, ყოველთვის ერჩივნათ თავისუფალი შეზრდა
საქართველოსთან, ვიდრე დაღრჩობა თურანის თუ ძველი რუსეთის უზარმაზარ
ზღვაში. მოიგონეთ ქართველი მეფეების ტიტულატურა: “მეფე მეფეთა, იესიანი,
დავითიანი, სოლომონიანი, ბაგრატიონი, ნებითა ღვთისათა, აფხაზთა,
ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შანშა და შარვანშა და ყოვლისა
აღმოსავლეთისა, ჩრდილოეთისა, ვიდრე დასავლეთამდის მქონებელი
მპყრობელი და თვით ხელმწიფე მფლობელთა”. აქ, მართალია, მოცემულია აზიის
თვითმპყრობელობის გიპერბოლა, მაგრამ მასსი რეკავს მესსიანიზმის სპილენძი.

ცნობილია, რომ საქართველოს მეფეს სუფრაზე ეჯდა თორმეტი მეფე: ორი ოსთა,
კახთა მეფე, წანართა მეფე, სამნი ტაოელნი მეფენი, სომეხთა მეფე, ტრაპიზონელი
და ორი შარვანშა. შემდეგში ქართული ტიტულატურის მესსიანიზმი გადაიღეს
რუსებმა, იმ სიგელებიდან, რომელსაც თბილისი უგზავნიდა მოსკოვს. ევროპიელი
შარდენი მეტად გააკვირვა ვახტანგ V-ის წერილმა, რომელიც პოლშის კოროლს
მისწერა. ამ წერილში მოცემულია საქართველოს რჩეულობა, როგორც
პოლიტიკური, ისე რელიგიური.

მოგზაურ მარკო პოლოს ოქროს ურდოში ყოფნის დროს გადასცეს, რომ ქართველ
ბაგრატიონებს ცალი ბეჭი დაბადებით აქვთ არწივ დარტყმული.

კაპრიზები ჩვენი კარის ეტიკეტების, თავბრუდამსხმელი ცერემონიალები და უფრო


უჩვეულო პერსონაჟები ქართული ისტორიის, დამაბრავებელი პორფირები -
სისხლით, ღალატით და შეთქმულებით.

დედოფალი ამორძალები, თვალდათხრილი მეფეები, სასახლის ქსელი როგორც


ობობის, სისხლით დაწურული გულები, ინტრიგები მტარვალების და ბრძოლის
გაგიჟებული პათოსი - ჰხდის საქართველოს როგორც გაფრენილ კარნავალს.

მოიგონეთ ის ქართველი თავადი, რომელიც ფლორენციის კრებას აკვირებდა არა


მარტო დარბაისლობით და მეფურობით, არამედ კოსტიუმითაც. ეს
განსაკუთრებული ყურადღებით აღნიშნულია კათოლიკური ქრონიკებით.

ეს არ იყო გაგიჟება, როცა თეიმურაზ მეფემ შვიდას ცხენოსანს ოქროს ნალებად


დააკრა მთელი ხაზინა და ისე შავიდა კონსტანტინოპოლში.

ეს ის მეფეა, რომლის ნათესაობას ეძებდა ფილიპ ІІ, როგორც ამბობს პაპი


კლიმენტი VIII. ამ ნათესაობის სადღეგრძელო შესვა შარდენთან შაჰნავაზ მეფემ.

ცნობილია, რომ აზიელები ეძახდნენ ქართველებს “ყველა ნათესავთა უმეტეს


რჩეულს”. ხოლო ქართველ მეფეებს “მესსიის ნათესავებს”. აქ ნაგულისხმევია
ბაგრატიონების თესლი - გენეალოგიით ქრისტეს ნათესავი.

ბაგრატიონები შემოვიდნენ, როგორც მესსიანიზმის კონკვისტადორები, მათ


სისხლში შემოჰყვათ გახურებული სახელი მესსიის და ისინი აცხადებდნენ
საქართველოს მესსიის მემკვიდრედ. ყოველ მანიფესტში გამოაქვთ თავისი
მესსიანისტური საშო - იესეს ძირი.

არაბული ქრონიკები და მონგოლების სარდლები იგონებდნენ მათს უმაღლეს


ნათესაობას და აღმოსავლეთის მპყრობელები ყველაზე უმაღლეს ტიტულატურას
უწერდნენ ქართლის მეფეებს, ხოლო ვატიკანის და საფრანგეთის კოროლი
ქართლის მეფეებს მიმართავდნენ: “Illustrissimo potentissimu Iberiae redi”. აქ მოდის
ზვიადობა გორგასლანის ალესილი ხმალის, დავით აღმაშენებლის ათ ლიტრიანი
რახტის ჭექა და სული ქართველ ბაირახტრებისი.

მაგრამ უკანასკნელი მესსიანისტური ხმალი იყო ირაკლი მეორის, რომლის


მეფური სახელიც იმპერატორმა ფრიდრიხ თავის ფულზე მოაჭრევინა. ეს იყო
უკანასკნელი ლომი, სადავითო სახლიდან მყვირალი, მისი აზატხანის
დამმარცხებელი ბაირაღი, იყო დროშა ქართული მესსიანიზმის...
გრძელი იყო გზა გეთსიმანიის... მესსიას უცდის ჯვარი... თურანიდან დაშვებული
მონღოლების ცხენის თქარუნი. აზიაში დაბურდული ჩინგის ოქროს ურდო.
მონგოლის კნუტი. სისხლში დასოლებული თემურლანგ, რომელიც სთხრის
საქართველოს სულს. ჯალალედდინი გუმბათზე. მარაბდა... თავდაჭრილი მეფეები,
როგორც ნათლისმცემლები. პილიგრიმის დასიცხული გზები: მცირე აზია, ერანი,
სინდეთი, ავღანისტანი, ყანდაარ... კრწანისის მწუხრი...

მერე “ფლეიტა ძვლებისაგან”, ციმბირის თეთრი ჯოჯოხეთები... პოლიარული


ღამეების თენება. ინკვიზიციები. სარჩობელაზე ასული არმიები მუშების, რამაც
საქართველოს მისცა ატაცებული ხალხის ცხოვრება; რაც სამუდამო სანქციას
აძლევს ქართულ ისტორიას.

მაგრამ საქართველო ვერ მოურიგდებოდა აზიის ჩალმას, რადგან ქართული


საკითხი არის ფაზისი დიდი აღმოსავლეთის საკითხის. აზიის მიჯნაზე სარაცინის
წინაშე გამოსულ ქართველში, ევროპა ებრძოდა აღმოსავლეთს და ამიტომ
ვერავითარმა პოლიტიკურმა ურაგანმა ვერ შეარყია მისი მაგარი დგომა. “მის
დამეხებულ თავზე აილესა ხმალი მაკედონელის და სატევარი რომის. პომპეის
დროს მას შეესმა ველური ჟღრიალი რომის ლეგიონერთა იარაღის. საუკუნეებში
იგი აჩლუნგებდა ხოსროების, კობადების, კირუსის და ლუკულლის ბასრ მახვილს.
ყოველი სოფლიო ჭექა თავს ასკდებოდა; მაგრამ ის თავი იღუნებოდა, იხრებოდა
საშინელებათა წინაშე, მაგრამ არ ირღვეოდა” (პლატ. იოსელიანი).

XVIII საუკ. უკვე სწამდათ, რომ საქართველოს თავი მიებჯინა ღვთაების ტახტს და
მალეც ავიდოდა ტახტზე. სოლომონ ლეონიძე, კანცლერი და მესსიანისტი
წინასწარმეტყველებდა: “ბედნიერის ტახტზედ ჯდომა გეღირსოს, ყოველს წინა
საუკუნეზედ უფრო იდიდე, ამაღლდი, უფროს გაბედნიერდი, ცანი ქუხილით
გრგვინავდენ ძალსა შენსა, სფერა ქვეყანის გეძრწოდა ფერხთა ქვეშე”. ამ
სპილენძის ცემაში ირეკება გამძლეობა ქალდეადან ვიდრე საქართველომდე...

მაგრამ, დაე დარეკოს პლატონ იოსელიანის ლათინურ სულმა: “ქართველთა


მრვალ საუკუნებითა, გამოცდილთა და ცეცხლში ვითარცა პური გამომცხვართა,
ვერა ერეოდა ვერცა შინაგანი და ვერცა გარეგანი მწუხარება. გალაღებული
თავისუფლებითა და გალაღებული მთებით; ეცინოდა ბედსაცა და უბედობას.
ქართველთა შეჭამეს იმპერია რომისა, ვითარცა იტყვის პლინიოს, გამოსწოვეს
ტვინი სპარსთა და თვით დარჩენ შეუჭმელად მათთვის, რომელნიც ჰგონებენ
მათსა შეჭმასა”. აქ დგება ის გაუსწორებელი ძაღლის კუდი, რომელმაც შვიდი
დრაკონი დააღრჩო - “განახ&ლდეს ვითარცა ორბისა სიჭაბუკე შენი”.

საუკუნეებში დახარჯულ ცრემლებმა დააყენა ბაზალეთი, როგორც ზღვა მეწამული.


შიგ წევს ქართლის მესსია - პატარა ბავში, ისე როგორც ებრაელების მეფეთა
წიგნშია გამოცხადებული. თამარის საშომ ვერ დაიტია მესსია. მიწის საშო უფრო
მოძარღვულია და დაუტევნელი.

ებრაელების შეგნება დასწვა იერუსალიმის ტაძრის აშენებამ. რუსეთიც მესამე


რომის შენებაში იყო. ჩვენ უარვყავით უსულო ქვები და ჩვენი საკუთარი სისხლი და
ხორცი ხორცთაგანი ვიწამეთ - ბავში მესსია, რომელშიც შედედებულია ორი სული:
სული რუსთაველის და სააკაძის.

ამიტომ უყვარს ქართველ ერს ქართული მადონნა ქართულ ლექსში:

“ხომალდში ჩავჯექ ზღვას გაველ,


ფრანგის ქვეყნები ვნახეო.

ანთებულ სანთელს გამსგავსე

ცისკრის ლოცვაზე გნახეო.

ხელში გეჭირა ყმაწვილი

ფარსაგ ვერ დაგინახეო”.

შემდეგი პრობლემა: რუსთაველი და სააკაძე.

გაზეთი “ბახტრიონი”, №№2, 1922 წ.

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე არის ბარაქა და ჯიში ქართული მწერლობის.

რუსთაველი ჯიშია, მაგრამ შვიდათ გაწოლილი საუკუნე სწოვს ამ უბეს,


თანაც “ვეფხისტყაოსნის” პირდაპირი გავლენა ქართულ მწერლობაზე
ბაგრატიონებთან თავდება. ეს მეცხრამეტე საუკუნის დამდეგს.

მართალია, ვაჟა-ფშაველაც იყო ჯიში, მაგრამ ის იყო მთა, სასწაული,


მოვარდნილი, თანაც ის იყო პრიმიტივი.

ამას გარდა საქართველომ აღარ იცის მწერალი დიდი ჭკუის და


შთაგონების.

აკაკი წერეთელი ბარათაშვილიდან გამოდის.

რაც კიდევ მისაღებია აკაკიდან ქართული მწერლობისათვის, მისი


სამუდამო წყაროა, ნ. ბარათაშვილის “შემოღამება მთაწმინდაზე”. მთვარიან
ღამესთან კი ჯიში არ არის. გრიგოლ ორბელიანმა მწერლობა არ ინდომა და
თავისი ვაჟკაცური ხმა ქაშუეთის პანთეონში ჩაიტანა. ვერც ლავრენტი არდაზიანმა
და ვერც დანიელ ჭონქაძემ, ვერ მოასწრეს გამხდარიყვნენ მწერლები. კიდევ
იყვნენ: სოლომონ დოდაშვილი, ალექსანდრე ორბელიანი, ივანე კერესელიძე,
მაგრამ ესენი ისევ “კარგ მწიგნობრებად” დარჩებიან, დოდაშვილის გამოკლებით,
რომელმაც საქართველოსთვის, ტაიგაში მიიღო ინკვიზიცია ცეცხლზე.

და აი, ბედმა არგუნა ილია ჭავჭავაძეს, თავისი განიერი მხარბეჭით,


კოლოსივით ჩამდგარიყო ქართულ სინამდვილეში და გამხდარიყო მორგვი
ქართული მწერლობის და საქართველოს ცხოვრების. ამ რიგად ილია ჭავჭავაძე
არის ქართველი მწერალი, პროფესიონალი სრული ევროპიული გაგებით.

ილიას, თავის წინაპარ მწერლებთან სულ არ უსწავლია. მის ადრეულ


ლექსებში არის გავლენა ბარათაშვილისა და გრიგოლ ორბელიანის, მაგრამ
თავისებურება თავიდანვე ეტყობა.

მიუხედავად ილიას დიდი ქართული სახელისა, თანამედროვე პოეზია ვერ


მიიღებს ილიას ლექსებს, სადაც პოეტი ყოველ წუთას უხერხულია, ყოველ
სტრიქონზე წამოიჩოქებს და გღლისთ მისი მომაბეზრებელი ნაჯახი, რომელიც
ტლანქად ჩორკნის მძიმე ლექსებს. მაგრამ ილიას პოეზიას, მაინც აქვს კულტურა
ბაირონის, გიოტესი, პუშკინის, როცა აკაკი წერეთელი მოკლებულია
ლიტერატურასაც კი. თითქოს ის ყოფილიყო თანამედროვე ბარდი ან გოგია
მეჩონგურე. ილიას მძიმე ლექსებიდან დარჩება “ის მშვენიერი იდეები” მესამოცე
წლების ახალგაზრდობის არაგვის კულტი და ბიბლიური წვა საქართველოთი. ეს
არის მისი გამთავნებელი.

მაგრამ თუ ჩვენთვის უხერხულია ილიას ბრუნდე ლექსები, სამაგიეროდ


პროზაში ილიას გააქვს XIX საუკუნის საქართველო. ილიამ შექმნა ორიგინალი
სტილი, მას აქვს სიტყვის საოცარი ლაბორატორია და მგრძნობელობა.

ილიას უპირველესად უყვარდა “სიტყვის გამოშიგვნა” (მისი საყვარელი


სიტყვაა) სიტყვის ფიზიკური შეხება, მისი ჩანგალზე დაკიდება და ნაწლავების
გამოჭრა დანით.

გარდა გრიგოლ რობაქიძის, რომლის ხელშია დღეს სადავე ქართული


მწერლობისა, არც ერთი ქართველი მწერალი არ გახურებულა სიტყვის
სქესობრივი მოწყურებით და დღესაც ქართული პროზა ილიას ქორივით ჰყავს
ჩაჭედილი კლანჭებში. სამწუხაროდ ილიაში გენიას და ტრადიციას რო მეთოდი
დაემარცხებინა, მის სახელს გუსტავ ფლობერთან ვახსენებდით. მაგრამ აქ
მეთოდმა დასცა გენია. ეს არის ჭავჭავაძის ტრაგედია.

ილიას მპყრობელობა მარტო ერთ შკოლაზე არ გაგრძელებულა. თითონ


ვაჟ-ფშაველაც თავის ბარის დიალექტით დაწერილ ლექსებსა და სამოქალაქო
პოეზიაში, არის პირდაპირი მოწაფე ილია ჭავჭავაძის, რომელმაც ეს ველური
გენია აღმოაჩინა. შემდეგ ბევრი მწერალი, პატარა ჩიტებივით დაეწაფნენ ამ
უზარმაზარ მდინარეს. არც ერთი ტონი, არც ერთი ხმა, არც ერთი თემა არ არის
ქართულ ლიტერატურაში (მე არ ვლაპარკობ მარცხენა ფრონტზე), რომ არ
მოდიოდეს ილიადან.

თითქოს ყოველი ფესვი გამობმულია მის გოლიათურ ფეხზე და თითოეული


ხმა ამოდის მისი დადუმებული, მაგრამ მრეკავი პირიდან.

დანამდვილებით ვიტყვით, რომ “ოთარაანთ ქვრივმა” შექმნა ქართული


რომანი ფონით, სიუჟეტით და პერსონაჟით. რასაკვირველია, ეს ყველაფერი
ხშირად გადმობრუნებით არის ნახმარი, “კაცია-ადამიანმა” დაიბევა ქართველი
თავადის ტიპი; “კაკო ყაჩაღმა” შექმნა მეორე ხარისხის ბელეტრისტიკა,
“განდეგილმა” მთელი ჩვენი მწერლობის მისტიკა და ქალის საკითხი. ილიამ
შექმნა დემოკრატიული ლირიკა (“პარიზის კომუნა” 1900-17 წ.), ლირიკა
პატრიოტული (“აჩრდილი”, “ტყემ მოისხა ფოთოლი” – 1907 - დღემდე).
ვანო მაჩაბელთან ერთად მან პირველმა მიუყენა ქართულ დრამას
თოთხმეტ მარცვლოვანი თეთრი ლექსი (შექსპირის თარგმანი), მისმა
პუბლიცისტიკამ დაზარდა ქართველი ჟურნალისტები და პუბლიცისტები
გამოუკლებლივ, მისმა დარბაისელმა პოლემიკამ ჩააჩუმა სომხისა და რუსის
შოვინისტები, რომლებიც ქართულ დროშებს ცირკებში გზავნიდნენ (კატკოვის
ისტორია) და ბოლოს ილიას სიკვდილმა ჩვენში ეროვნული შეგნების გაღვიძება
დააჩქარა.

ილია ჭავჭავაძე იყო მუზარადი, რომელიც ნახევარი საუკუნე ეხურა თავზე


საქართველოს, მისი სახელი გვაზანზარებს, როგორც თანაბარი სახელი – სააკაძე.

ერთად ხვდებიან წიწამური და მარაბდა. მან ადიდა ბაზალეთის მესია,


რომელსაც მოაქვს თამარის ოქრო, რუსთაველის სიტყვა და ხმალი მოურავის
არაგვისა და ალაზნის ბასეინებს ამწვანების იმედი მისცა და ქართული სუფრის
აბრაამი იყო.

ილია ჭავჭავაძემ ამოავსო XIX საუკუნის ცარიელი საქართველო და თავისი


გახეთქილი შუბლით აზრი მისცა ქართულ მწერლობას და საქართველოს
სვინდისს...

“ბახტრიონი” № 10, 1922 წ.

Back:

http://www.geocities.com/komblege/publications2.htm

&
http://www.geocities.com/komblege/kavta.html

&
http://www.scribd.com/kavta

&
http://kavtaradze.wetpaint.com/?t=anon

You might also like