You are on page 1of 381

Giorgi Leonidze. Tears of Georgia.

Tbilisi, 2000 (in Georgian)

წიგნიდან:

გიორგი ლეონიძე

საქართველოს ცრემლები

ლექსები

შედგენილი ნესტან ლეონიძის მიერ

გამომცემელი გიორგი ქავთარაძე

თბილისი

2000

ISBNN99928-0-063-1

ელეგია

დაჰკრავს წამი და... გამოიელვებს


პირ-მახვიანი სიკვდილის ცელი.
უსაზღვრო სოფელს მოვსწყდები ისე,
ვით შემოდგომით ვერხვის ფურცელი.
მე წავალ იქით, სითაც მოვსულვარ,
საც იმყოფება ბინა სულისა
და ამ მიწაზე დარჩება მხოლოდ -
ობოლი ცრემლი სიყვარულისა!..

1914 წ.

შემოდგომის ფიქრი
საბრალო არის ჩვენი აქ ყოფნა,
მარად თან დაგვდევს ვაება მწარე.
შვებას, სიყვარულს, მიჯნურის ალერსს,
ყველას გააქრობს ბნელი სამარე...
მოჭედილია მიწა ძვლებითა,
როგორც ვარსკვლავით ლაჟვარდი გრილი,
უთვალავია მსხვერპლი დროისა,
მაგრამ არ კმარობს მაინც სიკვდილი!..
მოვა დრო, ძნელი - ჩემთვის სასტიკი,
მეც ისე წავალ, ვით წინაპარი,
და ის არ ვიცი, ჩემს სამარეზე
ვარდი ამოვა თუ ეკალ-ნარი!..
მხოლოდ ის ვიცი, რაც მარად ხდება,
რომ გადვიქცევი ისევე მიწად -
და ჩემი ხატიც ამოიშლება!..
დე, ასეც იყოს... ამას არა ვწუხ!..
ფიქრით დამწვარი, ფიქრით უჭკნობი...
ოღონდ სამარეს არ მომემატოს,
სევდა ახალი, სევდა უცნობი!..

1914 წ.

ცას

ცავ, თუ ვერ გამხდი უკვდავს მარადა,


ქვეყნად დამსახე მითხარ მა, რადა?

თუ ვერ იფრენდა ლტოლვათა რაში,


სიცოცხლე ფუჭი მინდა ღა რაში?

მაშ, მომეცალე და მომერიდე,


მეფე ვარ თავის! მაშ მომე რიდე!..

1915 წ.

უკვდავება
ეძღვნის ნარ-კანს

ჩემო კარგო! ქვეყანაზე - სამუდამოდ არვინ ჰკვდება,


შემოსილი ახალ ძალით, არც არავინ იბადება...
რა უყოთ თუ: შემოდგომით სევდით ყველა იმოსება.
ოქროს ჰანგად გაზაფხულზე - გაიშლება მიწის ქება...
თუ შენც მოჰკვდი... სახე შენი გაზაფხულზე მოფრინდება,
ვით პეპელა გაიხარებს, ვით პეპელა, კვლავ დასტკბება...
შენც გინახავს ხის ფოთოლი, შემოდგომით როგორ ჭკნება,
მაგრამ გული გაზაფხულზე ისევ ისე აჰყვავდება...
ჩვენი სულიც, თუ ხანდახან ღამის სუნთქვით დაიწვება,
განთიადის სარეცელზე მას აღადგენს დილის შვება...
უკვდავება მარად დაგვდევს... მიწით ცამდის თანა გვყვება
და რა ვქნათ თუ ხანდახნობით, ახალ სახედ შეიცვლება.

1915 წ.

შავთვალა შველი

სევდიანია შენი თვალები, როგორც მგოსანი უმიზნო ბრბოში.


სევდიანია შენი თვალები, როგორც სიმღერა საქართველოში...
სევდიანია... ნეტავი რისთვის? იქნებ გაცრემლებს სამშობლოს
ბედი? -
არა, ცრემლისთვის არ გაჩენილხარ, არ აგატირებს შენ
შემოქმედი...
არ აგატირებს... - რადგან მას დასწვავს გამოუცნობი ტრფობის სურვილი.
ეგ ტბა ბინდისა, - ჩამონისლული, მტრის ისრებისგან
შემობურვილი,
ეგ ატლანტიდის თეთრი მარჯანი, ეგ თეთრი მკერდი, თეთრი
ტილოსი,
ორნი ზამბახნი ღელეთა შორის და სიზმრის კოშკი -
მარმარილოსი...
მაშ რა გატირებს შავთვალა შველო, აყვავებულა სამშობლოს
მთები -
იქ ყვავილები ისე ხარობენ, პეპელამ ისე გაშალა ფრთები -
შენ კი ცრემლებად რად იღვენთები?..

1915 წ.

შემოდგომა

უცხოეთისკენ მიფრინავს წერო...


დგება წუთები საბედისწერო.

თეთრკაბიანმა ვერხვმა ჩასთვლიმა,


ცრემლად იფრქვევა რთვილი და წვიმა...
აღარ ასვენებს გრიგალი მინებს ,
კარს მიასწყდება, ამოიგმინებს... -

ალბათ ჩემი მზეც ასე ქვითინებს!..

1915 წ.

ღამის ჩვენება

შუაღამისას აივანზე ვზივარ დაღლილი


და ფიქრებს მიმკობს შენზე ფიქრი სასიხარულო,
მე მაგონდება შენი სახე ღიმილ მორთული,
შენი თვალები - ცისარტყელა შემოვლებული!
ნეტამც აქ იყო! ღამეც ვარდად გაიშლებოდა,
არ იქნებოდა ეს ქვეყანა ჩემთვის სამარე!
როგორც კუბოში პატარძალი - დაღლილა მთვარე,
ირმის ნახტომით იპენტება ლურჯი ცისკიდე.
მე კი ვჩურჩულებ:
ლელი, ლელი, ნეტამც აქ იყო!
ვერ ვამჩნევ ვარსკვლავს ცეცხლის რკალად გასრიალებულს,
ვერ ვამჩნევ, თორემ ჩემს ბედიღბალს შევადარებდი.
რად მინდა ბედი, როცა გხედავ პირმოცინარეს -
შენი ღიმილი დამიბრუნებს გამქრალ გაზაფხულს!
ვერ მათრობს ვარდი, ვეღარც ლურჯი იასამანი,
შენი ფიქრები დამათრობენ მშვენიერებით!...
ვარდისფერ ნაბადს ისხავს ზეცა გაფითრებული,
ვარდისფერ ფიქრით ტოკავს გული შეყვარებული,
ასე მგონია: გამოსჩნდები, ახლავე გნახავ!...
ვხედავ ოქროს ეტლს, მშვენიერი შორით მოსცურავს
და ჰაერს არღვევს მღელვარება ცეცხლის ფრთებისა,
მესმის შენი ხმა, სიყვარულით ათრთოლებული,
შენმა მერდინმა შორს სივრცეში გაიფრიალა...
მოსჩანს ეგ სახე, მხიარული შუქის მფრქვეველი,
მოსჩანს ჩემი მზე, მოსჩანს ჩემი ბედნიერება!..
მოუახლოვდი ჩემს აივანს და დადგა ეტლი,
როგორ ციმციმით ჩამოდიხარ საფეხურებზე,
მთვარის ნათელი სამოსელად შემოგხვევია...
გულში დაგუბდა სიყვარულის ბედნიერება,
გული ჩამიკვდა, ვით ყვავილში მთვრალი პეპელა...
შენსკენ ვისწრაფვი მოულოდნელ სიმდიდრით სავსე,
ავჟღერდე შენთან, ვით სიმღერა დავიწყებული!..
დამავიწყდება ლაპარაკი, მორცხვად თავს დავხრი,
მხოლოდ თვალები მოგასმენენ უთქმელ სიყვარულს!..
...................................................................................
სიცილს მაყრიდნენ ვარსკვლავები ხელებგაშვერილს,
მთლად ცახცახებდნენ მოვერცხლილი ალვის ხეები...

ახ! ვყოფილიყავ მაშინ წუთი, ხომ გავქრებოდი,


არ აჰყვებოდა ჩემს სიმღერას ცრემლის ნისლები!

1915 წ.

უხილავის სიმღერა

უხილავო! მზე რად მინდა, რად ელვარებს დღე ნათელი,


თუ კი იქით წყვდიადია, თუ ძიებას ჰკვეთავს ბნელი;
ნავზე სწრაფად ჰსრბიან დღენი, დროს თან მიაქვს სულის შვება,
სად იწყება დასაბამი, დასასრული სად თავდება?

გამოუთქმელ ძიებაში სულსა სჰწყურის უკვდავება: -


ნეტამც ვიყო ვერცხლის სხივი, უკვდავ მთვარეს გადავება!..

1916 წ.

ვარსკვლავიდან ვარსკვლავამდე
(ყვავილები)

მსურს ძიებით დავწვა სული, ხან უარგყო, ხანა მწამდე,


ხან გმზერდე, და ხან გეძებდე
ვარსკვლავიდან ვარსკვლავამდე...

ხან, ვით მოგვმა, წარვთქვა გზნებით -


ლოცვა წმინდა - სილამაზე,
ხან გიმღერო სიმღერები დაწერილი მზის გამმაზე.
უხილავო...
მე ვერ ჩაგწვდი, სულსა ჰსწყურის მარად სწამდე,
ის დაგეძებს საღვთო სიტყვით
ვარსკვლავიდან ვარსკვლავამდე!..

1916 წ.

დღეს გადატყდა შენი სალამური


დღეს მოვსხლეტთ ცრემლებს და ჩვენი თვალები უკანასკნელად გააცილებენ შენს
კუბოს...
მერე... მე გავყვები შენს სიმღერებს და შენივე სევდით დავაგვირგვინებ ჩემს
გრძნობებს...
მე ჩავიკეტები შენი სევდის სენაკში და დიდხანს, დიდხანს ვიგლოვებ საქართველოს
ჩაჩქან-გვირგვინებს.
ქარი წაიღებს ჩემს ფიქრებს და ღრუბლებად გაშლის ღამიან კოლხიდაში.
...იტირე, მხოლოდ მაშინ, როდესაც ჰრეკს ზარები შუაღამისა, ცისკრად კი
მოგევლინეთ შენნი რჩეულნი და ამომავალ მზის სხივებით მოგიქსოვთ დიდების
დროშას.
იტირე! დღეს შენი სალამური გადატყდა და მისი ცრემლებიც დაე, შენს შავ
წამწამებზე ჩამოგორდეს.

1916 წ.

დაჭრილი სული
ნიკოლოზ ბარათაშვილს

ხან სუმბული მომტირალი და ჩუმი,


ხან უდაბნოს მონავარდე სამუმი;
ღრუბლიანში ელვა-ჭექის მთხრობელი,
ცივ ზამთარში გაზაფხულის მხმობელი,
ცივ გულებთან მოსაუბრე სხივებით -
წყნარ მთაწმინდის წყნარი საგალობელი...
აჩრდილების მეფე-მონა და შვილი -
საყვარელი ჩემი ბარათაშვილი, -
ვინც უდაბნოს მუდამ გულით ატარებს...
შენ ამბობდი მიქანცულის თვალებით...
ამ წყვდიადში მე სულს დავლევ წვალებით...
აჩრდილებო, დავიღალე თქვენ შორის -
აქ მთაწმიდას რაღა გამოადარებს!“

1916 წ.

ლელის

შველი ხარ თუ ზამბახი, სუფთა და მოკამარე,


შენ მიწისა არა ხარ, შენ არ გიცნობს სამარე,

შენ მთვარის ფეშქაში ხარ და ყვავილთა სამოსი,


შენზე ფიქრიც სურნელობს, ვით ცეცხლზე ბალსამოსი -
ჩემთვის თვალშეუდგამო, ჩემგან შესამკობი ხარ -
ერთი ხარ და ზარიფი, ათას ყვავილს სჯობიხარ.

1917 წ.

თვალთა ბრძოლა
(პირველი იანვრის ღამის არშიებიდან)

ერთის წუთით, საუბრისას მომაშტერდი, როგორც სურათს


და კითხვები უცნაური, გამომკითხე უცნაურად.

უხმო ბრძოლა იმართება... უხმოდ იბრძვის ჰინდის ჯარი,


ყრმა თავადი დამატყვევეს, დაუფინე ძირს აბჯარი...

ნაზ ნაპერწკლად ჩვენს თვალებში, ახმაურდა ბრძოლის ჟინი


და არ ისმის აბჯრის ჩხარი, არც ზურნა და არც ყიჟინი!..

ჩუმ პეპლებად თოვლი ცვივა, შავად მოსჩანს ირმის გზანი,


მიცვალებულს მთვარეს სტირის თმაგაშლილი მოლოზანი!..

1917 წ.

ტყის ტრიოლეტები
ციცაგის ასულს

1
დაჭორფლილი ყვითლად მეფისქალები,
ახალგაზრდა ბატონიშვილს ელიან;
მათი ფიქრი ზაფხულივით მწველია.
მოლოდინში ჭლექი მეფისქალები
გაჰყურებენ გზას მიქანცულ თვალებით -
თმახუჭუჭას ელიან და ელიან:
ქარვას ჰშლიან ჩუმად მეფისქალები
ბაღდადებში ბატონისშვილს ელიან!

2
იღლებიან ფარჩის საბნის სწორებით,
ცხელ სიზმრებში შიშველ უბეს ჰფარავენ;
შარაგზაზე, ჯერ არ მოსჩანს არავინ!
ისევ დაღლა... ისევ საბნის სწორება...
ახ! დურბინდში მარიხს მიესწორება,
მას ტიროსის ქსოვილები ჰფარავენ -
ზურნით მოდის! თავის ამაყ სწორებით
მივეცემით!
და თეთრ სხეულს ჰფარავენ!..

1917 წ.

თეთრი დროშა
(საქართველოში)

ჰშვენის ვარდებზე გაზაფხულის შუქთა ქსოვილი -


დილა ვარაყით და საღამო - მოოქროვილი.
ჰგშვენით გვირგვინი - ბრილიანტით ოქროცურვილი,
ჰშვენის თქვენს გულში გაფურჩვნილი ვარდის სურვილი: -

შოთას გაფიცებთ! მივემსგავსოთ ნესტანის რაინდს,


ძველი სამშობლო ჩვენს სიზმრებში ვეძიოთ მაინც!..
დაგვირგვინებულს ფარ-შიმშერით დაუდგეთ მზირად
და ყვავილები მიუჩინოთ ნაზირ-ვეზირად -
მზეს შევაგებოთ თეთრი დროშა ნიანგოსანი! -
ასე გეძახით ნარ-ყვავილის ტკბილი მგოსანი!..

ვერ დავივიწყე ვეღარასგზით: ლურჯნი იანი,


დილის ქალწული, - ძვირფას თვლებით გვირგვინიანი,
ალუბლის თვალი და ტუჩები - ჩემი სიმდიდრე -
ვიმღერ და ვიმღერ სილამაზით - მზეს ვსუნთქამ ვიდრე, -

მაგრამ ჩემ გულშიც დაიკმევა სხვა მუჯამარი -


ჩემს შაირებსაც გაანათებს ჩემი თამარი!..

1917 წ.

ლურჯი თვალი

ლურჯი თვალი, ლურჯი მზერა, შავშუბა და ისარა,


ვით აპრილი, ვით ყვავილი, შუქურა და ცისკარა,
როგორც ორი ლურჯი ტბა, ცისარტყელით ხეული,
შავ ლერწამთა ჭალაში ნაზად გამომწყვდეული.

შიგ ღალატიც არა სჩანს, იჭვიც არ იმალება,


შიგ იანი ჰკრთებიან და მთვარის ბრწყინვალება.

შიგან ერთად ცეკვავენ: ცეცხლი, ტალღა, მაისი.


შიგ სიკვდილთან სიცოცხლე მეფობს შენართაული.
- აჰჰა, ჩემი საუნჯე და ჩემი სამკაული:

თვალი ლურჯად ქებული, ლურჯად გამომზირალი,


ხან ვერცხლოვან ღიმილით, ხან ნისლივით მტირალი;

და მაგ თვალთა ციალით, მარად გავიმსჭვალები,


ცას ცისკარი ანათებს, ჩემს გულს - შენი თვალები.

წახველი...
და წახველი, დამიტოვე ნაღველი.
ცისკარი-ღა მშთენია, შენი გამომსახველი.

და გიგონებ, ვით მამულს მგზავრი უცხოეთიდან,


შენი შორი ნათელი სევდას ასხვანაირებს...
და შორეულ ქვითინით გიწყობ სულის შაირებს...

1917 წ.

თაისი
სონეტი

ჯვარისწერაში ჯვარსა სჯობდა თეთრი თაისი,


ეჯიბმა ჯერანს შეადარა გულთა მკრეფელი;
გადაგვაყვარეს შაბაში და მისაგებელი.
ასი მაყარი გვიცინოდა, როგორც მაისი.
თამადის ხელში აზარფეშა ათჯერ აივსო,
თარის წკრიალში ვჩურჩულებდი შენი მხლებელი:
„ - დარჩეს ეგ ტუჩი კოცნის ელვით ხელუხლებელი,
ვით მეველე ან ვენახებში ქარვის ყაისი“.

ამაყ წამწამებს შევამჩნიე შმაგი თარეში,


საშიშ თვალებში სჩანს სიკვდილის საპირფარეშო;
უბის ცისკრებში მზე გიჟდება ლალში მცურავი.
აპრიალებულ ხანჯალივით ამენთო ტანი
და შეგიპყარი, როგორც მონა არაბისტანის,
ცეცხლის საწოლზე შემოგძარცვე შესაბურავი!

1917 წ.

თამარ!
რა ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყვანი ჩემნი - ოდეს კრძალვით ვახსენებ შენს
გვირგვინოსანს სახელს, ჰოი, თამარ!
გაზაფხულს ესწორე და ვარდებში განეწესე. ყირმიზის იაგუნდის გაღიმებით
სამშობლო განინათე!
შენი სახე საქართველოს სანთელია, თვალმშვენიერო!
ვაჰ მე! ვაჰ მე! საქართველოსთვის მხიარული დღენი ვერ მიპოვნია. შენც
უდაბნოს ვარსკვლავივით გაიელვე ლურჯ უფსკრულში და ვგოდებთ, რომ კვლავ
ვერ შევესწრებით სხივთა დღესასწაულს...
ჩვენ ვიცით, რომ ორჯერ ვარსკვლავი არ გაგვინათებს! - და კვლავ შეგნატრით,
გაუმეორებელო მზევ, გაზაფხულის ღელის ყვავილო!
აჰა, სამშობლო ჩემი, როგორც ანგელოსი სუსტფრთებიანი, უიმედოდ აწყდება
წყვდიადს, მაგრამ შენი შორიელი სახე თეთრ-ვარდიან ბრწყინვალებით უნათებს
აღთქმულის გზა-ბილიკს!
მოუვალ გზისკენ წასულან სამშობლოს ვარსკვლავები. ბრწყინვა და
შარავანდედი შეახუნდა საქართველოს მზეს... არ გაიშალა ჩვენთვის სხივთა მარაო და
დღეს მტრის შვილდოსნისაგან დაკოდილი ქართლოსიანი სასოებით მხოლოდ შენ
შემოგძახის: თამარ! ჰოი, თამარ!
ჰყვავის და ჭკნება საუკუნე; ჰყვავის მწუხრი და განთიადი, ხოლო სახე შენი
ჰგიებს დაუმჭკნარი, ღიმილის ელვით ოქროცურვილი.
საუკუნეთა ბინდში მხოლოდ შენ გპოვა ერის სალამურმა, მხოლოდ შენ მოგკრა
თვალი საქართველოს დედამ!.. და გიხმობთ შველად: თამარ! ჰოი, თამარ! ივერია
იავარ იქმნა!
მეც ძაძით შევიმოსე გული. მე ღამის სიჩუმეში ვარ - ღამეში ჩამარხული, და
სიჩუმით ვახსენებ შენს სახელს. მე არ მაგიჟებს დროშების ჟღრიალი და შენი სახელის
ხსენება საგმირო სიმღერაში, მე მხოლოდ ჩუმად გლოცულობ შენ!
მთვარის ნაპერწკლებით და ოქროს ძაფებით შენს მზიურ სახეს შავ ნისლებში
ვქარგავ, ჰოი, თამარ!
მე მიხარიან, რომ საქართველო შენის სახელით შეიმოსა. მე მიხარიან, რომ შენ
ედედოფლე მას - უკვდავი მშვენიერება და სიხარული! და კვლავ თაყვანსა გცემ,
თამარ! შენით ჰსუნთქავს საქართველო!
გულს ვეღარ შემიზარავს ჩემს წინაშე აღმართული შავი აჩრდილი
სიკვდილისა. უკვდავია ერი ჩემი, სანამ უკვდავობს თვალშეუდგამი შენი სახე, -
უკვდავია, რადგანაც შენით უჭკნობ მშვენიერებას ეზიარა -
ჰოი, თამარ!..

1917 წ.

მკრთალი იაშმა

აწ ენკენისთვეც არ შეგვიბრალებს,
გაგვიხუნდება სხივთა ჩანჩქერი,
ვეღარ ვიპოვი შენს ლამაზ თვალებს,
ფირუზებად რომ ახლა ჩამცქერის.
ხვალ ტყე გახდება ქარვით ნაფერი,
ცას გადეცლება იაგუნდები:
აღარ დამრჩება აღარაფერი -
უძვირფასესო! არ დაბრუნდები!..

შენი თვალები, - როგორც მტევანი,


შენი ტუჩები, - ვით საწნახელი -
გახდება ფერად ნაკლულევანი -
როგორც ამ სოფლად ჩემი სახელი...

დაჭრილ საღამოს დაჭრილ შვენებით,


ჩემი სიცოცხლის ერთი მკობელი -
ქარვის კუბოში გადესვენები.
ხელდაკრეფილი, ვით ღვთისმშობელი...

ნისლებს გაჰყვები რაღაც განგებით,


მე კი - სიმღერებს ამაოდ გითვლი;
გკოცნიან თეთრი ფარშევანგები
და შემოდგომის ჭლექი სიყვითლე!..

1917 წ.

საქართველოში
სონეტი საქართველოს

ერთხელ გამკობდა მეუფე და ბედის მჭედელი,


რაინდ-მებაღეს გამშვენებდა ოქრო რჩეული,
სისხლით შეჰღებე შენი სტავრა და ფარჩეული,
ცრემლი გდენია სევდის ჯამში დაუწყვედელი...
მზესთან აჰზიდე მარმარილოს ტაძრის კედელი.
მარტო დასდექი სილამაზის წმინდა მკობელი;
წარსთქვი ლოცვები სხვებისათვის მიუთხრობელი
და შემოივლე ცეცხლის ალი დაუშრეტელი...
ჩაჩქან მუზარადს დასჩნევია ჟანგი ჟამისა,
თეთრი გვირგვინი უცხოელმა შეგიღამისა -
საკურთხეველსაც შემოსძარცვა მან მეწამული...
ზღვად ობოლს ხომალდს მივამსგავსე ჩემი მამული;
როგორ მაჟღერებს საქართველოს ნაზი ნაღველი;
ო, ჩანგის ნაცვლად მეპყრას შუბი პირ-გამახული!..

1917 წ.
საქართველოში
სონეტი მეორე

ლურჯ ღრუბელივით დამადარდე შენი მხედარი.


როს შენს კალთაში დავინახე მჭკნარი მანდარი -
შეშლილ ქალივით აგვატირებს ჩვენ საზანდარი -
ორივ ჩვენივე უმზეობის მოწამედ არი...

მე ღრუბლებში ვთვლემ - ელვასავით შესახედარი:


წუთს ველოდები - როს აგვირგვინდეს ჩემი ძახილი,
შურის ძიებამ გაამტვეროს მტრის მურდახილი,
ოქროს ზარნიშით მოგვიქსოვოს დილა ნეტარი...

ამღერდა სისხლი... და დაათრო სული და გული,


თუ მზე მომპარეთ - გამინათებს ბნელში ფრანგული,
წკრიალა ხანჯლებს გვიელვარებს შოთას ოცნება...

არწივის ფრთებით დამიბრუნეთ გვირგვინოსნება!


მინდა ბისონზედ აციგლიგდეს ალმასის ღილი.
და ჩემს გუმბათებს შეეფინოს სხივთა ჟინჟღილი!..

1917 წ.

თავადინა
(წიგნიდან „ყაბახები“)

თითქოს მთვარე ხარ ნასახადარი


და ძველის ძველი თითქოს ლაურა;
თეთრ კვირეებში მეაზნაურა,
როცა ჰრეკავდა თეთრად საყდარი!

გერბიან ეტლის გამოჭენებით


ძველ ბაგრატიონს გაენავარდე,
მე მაწვალებდა შენი ხაბარდა -
ნაზი ქიმერის გამოჩვენება.

მოჯირითეში რომელს აირჩევ,


რკინის რიგებში მკერდი მენთება...
შენი თმა ველურ ორნამენტებად
უთლიათ თითქოს ბნელ ჯავაირჩებს.

გავალ ყაბახზე შენი მსურნები


ვნახო ჯირითზე ჩემი მსაჯული;
მაგრამ, რახტები და სამაჯური
ვეღარ უძლებენ ატლასის სურნელს.

მე წავალ სიონს: დამღვრჩალ ეთერში


დიდიხნით სულმა რომ იგვიანოს,
შენ კი ბანალურ ფორტეპიანოს
ადარდიანებ ცივ სითეთრეში!

უიმედობით გახსნილ ფანჯარას


და მკვდარ თოვლებში დაღლილ ლაიკებს
ჩემი ოცნება აღარ დაივლებს
და ატირდება როგორც ანჩარი!

როს ვორონცოვი, დამდგარი ნაპრალს


შენთან გადივლის მთვარიან სახლებს,
შენი გვარიდან ავშლი სახელებს -
შეშინებული და ნამთვრალევი,
ვეჯირითები კვლავ შენს წინაპრებს -
მე, მირაჟული დატრიალებით.

1918 წ.

სონეტი როდენბახს

შენ მოწამლული მირაჟების ჭვარტლი გედება.


და გახურებულ ბურანებში სხვას ელოდები.
უცნობ ქალების ჩვენებანი, მთვარის ლოთები
გახრჩობენ ხარბად ვით აბრების შავი გედები.

კატაფალკების გასაყოლად ხმა გემეტება


კუბოში ბეჭდებს დაიტირებენ წვიმის ნოტებით,
ავადმყოფ სახლებს აპატიე ძველი ცოდვები
და საფირონი დარდიანი ღერბად გენთება.

მკვდარ ქალაქებში დასდიოდი, როგორც ლაურა


და კვირაობით ეს ქვეყანა გეუცნარა,
როცა თეთრებში დადგებიან მრუში ზარები.

ქვაფენილიდან სითეთრენი გესევა პირველს,


მზე ცოფიანი მოაქანებს აწეულ წირვებს
და ლეტარგიის ბარძიმიდან სვამ ზიარებას!

1918 წ.
სონეტი ქართველ ჰუსარებს
სონეტი, სონეტი ქართველ ჰუსარებს!
პაოლო იაშვილი

ჩხარი. ჩქაფანი. აქარება გულარდაშარი.


ღია მზვარიდან აზავთული თვალი დურაჯის.
თქვენთან ჯირითში გაიხარებს თეიმურაზი.
და სააკაძე გაჟრიალებთ, როგორც ყაჟირი.

ამტვრიანებულ ყაბახების გელით ტაშირი.


ჟანგიან თასებს ავარვარებს ვერცხლის მურაზი.
გიცდით ქალები ხაბარდებში ჟღალი მურასით.
გათრობთ შაბაში: ვინ იქნება მათი ვაზირი.

და სატევრები ქარქაშებში არ ინახება.


ავჟანდის ჟღერით, რახტის ცემით ვით ყიფჩაღები.
ხმლის მარაოთი ჩაუქროლებთ მთვლემარ ხალიფას.

აათამაშებთ სისხლიან სულს ნარინჯის მთებში.


მთვრალი სალომე დაიჟინებს თქვენს თავებს თეფშით.
როცა თვალები გაგეხსნებათ მთვარის ყალიბად!..

1918 წ.

26 მაისი

ვამაყობ, როგორც გულზვიადი მეისრაბარი,


დასისხლულ მარჯნით იჭედება ჩემი სახელი.
ცხელ არმაზიდან ატირდება შავი ძახილი...
აცეცხლებული ტოპაზებით ამაყი სახლი.
მზე პერანგს იცვამს ყირმიზისას - მთებში ნაფარი;
რკინის კვნესაში ხმალსა ჰფერავს მეისრაბარი!..

საწყალ აჩრდილებს, რომ სდიოდათ სუნი მიწისა,


აღარ აცვიათ ტურნირებზე თეთრი რძიანა;
ვეღარ ანახლებთ ხმა სოლომონ ლეონიძისა -
დგებიან როგორც კეისარი ვესპასიანე...

შვინდის დროშებით გავაგიჟებ ყომრალ მოედანს...


- დღევანდელი მზე საქართველოს ისევ მოიტანს.
ნელდება ცეცხლის კოშმარებში ოდრიკალები -
თეთრი ფიქრები მახვევია მადრიგალებად...
და გორგასლანის მელანდება შავი სურათი.
მისრეთი... ჰინდი... ბაბოლონი და ასურეთი.

ჩემსკენ მოჰქრიან იალქნებით: სპარსი, აბაში,


ჩემი სახელი დაიხევა აღტაცებაში.

დღეს სიხარული - ვით ცეკვაში მთვრალი სალომე,


როგორც ეთერის სარეცელზე აბესალომი!..
ქართლოსის ლანდი ბრწყინვალებით გამეთარეშა -
არმაზისაკენ!
ნუღარ წავალთ ლეგა ზამთარში.

1918 წ.

ქართლი

შენზე ვარ ჯვარცმული და შენდამი შეყვარებული გომბეშო ვარ. ჩემში ავხორცობს


შენი ბრაზიანი მზის თქარათქური და შენს ალორთქილ სხეულში ყვითლად
ჩაღვრილი მალარია.
მაცხელებს შხამით ამწვარი შენი სივრცე და შენ ყვითელ თვალებს მივდევ გველივით
აწივლებულ ტრამალებში.
მზეში ნაზელი შენი უდაბნოები მიმზადებენ თეთრ საშიშროებას და ელდით
გეხლიჩება საქანელნი ცისანი. ქამელეონით დაკბენილ შუადღეებიდან შენი ხელი
გოგირდებს მაყრის - უცნობ მხედრობის შეციებულ რაინდს.
ჩემში ორთქლავენ: შენი პირსისხლი ვენახები, ლომისფერი ყანები, ბალღამით
მხრჩოლავი უგზაური შენი მდინარენი; კაპას მაშხლებ ჩაშლილი, ცხელ სიშიშვლეში
თეთრად აჩაღებული კალოები. ჩემში ილეწება მეფური დაშნით მოცელილი შენი
ქალაქები და შენი დიდების ჩარდახი მადგება თავს.
დავიწყებული არაგვის წყლები გიდგამენ ტახტებს კეთროვან ჩრდილთა
სიჩუმეში; შენ გახვალ წარსულ დღეთა ჯირითზე და არ იცი, ვინ წაიღებს შენ
სილამაზეს, მკერდი შენი ვრცელია ცხელ რუშებში და ვინ ააწივლებს შენს ტუჩებს...
ბედი შენი დააკრეს ქარის ფაფარს და სარაცინი უკივის შენ სარეცელს...
იქნება შამქორი და იქნება ნუქარდინი...
ხალიფას დროშით აინთება შენი ქოხები შიშით მზირალნი საფირონივით.
შენი ნაზი ქუსლი ჩასველდება სისხლში და თვალწინ გაგიტარებენ დროშად
ჯვარცმულ მოურავს.
მინდვრებიდან მოვა მთვრალი სუნი და მრუში სუნთქვა შეგიწვავს სახეს. მზის
ურაგნებში დასისხლული მკერდი გადაგეხსნება, როგორც მწუხრის
ღვთიშობლები საცეცხლურის გრილ სვეტებში.
საიდუმლო შენი იქნება სასტიკი და ტკივილი იქნება უღმერთო...
შენი დალურსმული სული მაღრჩობს; შენს ეშაფოტის გზაზე ჩემი თვალები დაიხევა;
ყვითელი აყალო გაწვება სარკოფაგად და უღვთოდ გაიკვრები თეთრ ნამქერებზე. უბე
გექნება ღია და თითები ასანთლებული.
მეურმის სიღარიბით ვატარებ იღბალს და შენს დასრესილ აბრეშუმს; გვიან
დაისების ოსანნა თვალი ჩემი მოკვდება შენზე.

1919 წ.

ოფორტი

არღნის თოვლებში გზა-ჯვარედინი.


მზე - დასიებულ მთავარანგელოზს.
ჯდება გუმბათზე ჯალალ-ედ-დინი.
ბრინჯაოს ჯირითს ამსხვრევს ანჯელო.

ნატისუსალში ამთქნარებს ვატმანს.


ვაგზლის გეიშა ფარნებს ამძიმებს.
და სარაცინი აწივლებს ფატმანს.
ქერა ლოთები ჰსცლიან ბარძიმებს.

ათოვლებული ტორეადორი
ხელსარკიანი დადის გოტიე.
სჭამს სურავანდი და თიადორა
ჩამპალ ბუზებში ტაძარს გოტიურს.

ვერსალზე დარდი მე მილოდინებს.


შუაღამისას მაცმევენ ნიღაბს.
ვიღაც მიმზადებს გილიოტინებს.
ჰკბენენ ძაღლები მომავალ იღბალს.

1919 წ.

უცნობ ქალს კაბარეში

ცამეტ ქვასავით აინთება მწვანე კაბარე,


დაჭრილ სკვითივით როიალი მოგესალმება;
შენი თვალები გაიშლება ღამის პეპლებად.
ნეტამც გამხადა აშფაშაგის მეისრაბარი.

ვნატრობ, ყაბახებს გამარჯვება მერგოს პირველი


და შემაჩერდეს შენი სახე მღვრია ქარვისა,
ამაყ მზერაში ჩაიწვოდა ჩემი მაისი,
შენი თვალების ფერადიდან გამომჭვირვალი!
არ იქნებოდით, ქალბატონო, ჩემი მსაჯული,
ყვითელ სარკეში გამოხედვა ესერაბამი,
მეჩვენებოდა ჯირითის დროს, ვით სერაბიმი -
ყარყუმის ქუდში ვარდისფერი მანასაჯურით.

და საზანდარშიც ითოვლებდა ნისლი მთიური, -


დაჭექდებოდა შავ თვალებში ეგ სიამაყე;
როგორც კაფეში მაიმედებს მე თერიაყი,
შენი შემოსვლა და გიჟური უვერტიურა!

1919 წ.

ატილლა

შენი სულია დაუჭედელი,


ახალ მიჯნაზე ვერავინ გხედავს,
მდუღარე ქარში გაუჭენდები
აპოკალიპსის მესამე მხედარს,
შენ მოთარეშობ ავი ხაზარი,
სისხლის ნატბევარს მიე მდევარი;
მოცეცხლე ველი. წივის ხანძარი,
იწვის ქალაქთა გასადევარი.
დაჰხსენ ევროპის კარს ურდულები,
რაშის თქარუნით ლეწავ გვირგვინებს,
ახლაც შორიდან გვეშურდულები,
ჩვენც, ღვთის მათრახო, შემოგვირბინე!
გადააბრუნე ჩვენი დროება,
მიგვეცი რისხვით ცეცხლის საფქვავებს,
შემოგვესიე მთვრალ ურდოებად,
დალეწე ყველა, რაც ჩვენ გვაბრმავებს!
ჩვენი ხატები ისროლე კარში,
გამოუცხადე ჩვენ ღმერთს დუელი;
ტყვე დემონებით ეტლების ქარში
მობრძანდი, როგორც ემმანუელი!

1920 წ.

ავტოპორტრეტი

ვარ ბარბაროსი, ვარ ხაზარი, ვარ სარაცინი,


რომის კედლებთან ურაგანი და დინამიტი.
ცხელ რუსუდანის მესრისება მე სარეცელი,
დაუბრუნებელ სივრცეების მაღრჩობს ამინდი.
ძველი სისხლები არის ჩემში დარეულები
(კახეთის მსუქან თეძოების ვწოვე მტევნები).
თავზე მადგიან კვირეეები - მთვარეულები
და პურპურივით მზე მეცემა დაუტევნელი.
რასის ჭრილობებს ტანზე ვითვლი, როგორც ყვავილებს.
ქართლის თავადი და პარიზის დიდი ტრიბუნი.
მიყვარს დროშები საქართველოს გამოყვანილი,
მზე - ჩემი გვარის ლაშქრობაში გათეთრებული.
პოეზიაში, როგორც რუმბში ჩაყუდებული,
ყველა წვენებში, ყველა შხამში სული ჩავაწე.
არტÎურ რემბოსთან ბოროტ ტყუპად ჩახუტებული -
მადგამენ გვირგვინს თეიმურაზ და ჭავჭავაძე.
მე ვარ პოეტი, კვირეული ვარ ნიამორი,
შეგვიანებულ ტრამვაების ყრუ „ნევერმორით“!

1921 წ.

***

სულის არეში ამაყი ქარი


შეარყევს მარდათ ფიქრთა სიმშვიდეს,
ახმაურდება ზღვა ბობოქარი
და გადასცდება ნაპირის კიდეს.

ბრძოლის წყურვილი სხეულს დაივლის,


ედება ცეცხლი სულის მწვერვალებს
და განთიადის წყურვილი ხილვის
მწარე კაეშანს გაატიალებს.

ვარ ბრძოლის ცეცხლის ალმურით მთვრალი


და გატაცება მხიბლავს გმირული.
ვარ უშიშარი, როგორც გრიგალი,
თან უდარდელი, თან განწირული.

1922 წ.

***

სისხლიან ქუჩებს მივანდე თავი


და შევიყვარე ბარიკადები.
მე სიჭაბუკე ცეცხლში დავჰყავი
და მხიბლავს მხოლოდ ცეცხლის ვარდები.
ზეცის ეტრატზე როცა იელვებს,
შავი ღრუბლები აიშლებიან,
ო, ჩემი ქუჩაც მაშინ იელვებს,
ბაირაღები გაიშლებიან.

მე მაშინ მიყვარს ქუჩის ხმაური,


ბარიკადებზე ყოფნა მზადება,
შურის ძიება, სისხლის აღება.
ცხოვრება მშვიდი მე აღარ მინდა
ყოფნა ალერსით, ფიქრი ბაღებში,
მე ყველაფერი ბრძოლისთვის მინდა,
მსურს მოვკვდე წითელ ბაირაღებში.
სისხლიან ქუჩებს მივანდე თავი
და შევიყვარე ბარიკადები
და სიჭაბუკე ცეცხლში დავჰყავი
და მხიბლავს მხოლოდ ცეცხლის ვარდები.

1922 წ.

***

გახსოვს, ტაბახმელავ,
ბრძოლები გმირული
და მკერდი მრავალის
შენთვის განგმირული.

ქალებო, შეამკეთ
მათი საფლავები,
საქართველოსათვის
ვინც დადეს თავები.

1922 წ.

საღრჩობელიდან

აზიის კახპავ! თარაქამა გიჯვარედინებს,


გიყნოსა თეძო და მსუქანი კაბის შრიალი.
მეწველ ჯიქანებს ახვრეპინებ ჯალალ-ედ-დინებს
და გამოშიგნულს შაგადგება შავრაშიანი.

დაგეძებს ბუღა და ყუდროში ვერსად დაგაბით


ბუნდრად მომსკდარან ურდოები ვით კანჯარები:
ჩაგენგრა მკერდი დალახტული, ორად ნაკაფი
და ხერხემალზედ შემოგალპა ნახანჯრალები.
დაობებული შენი თესლი ვერ დაიჭექებს,
ვეღარ აყვავდეს შენი ძვლები მტვრათ დაგროვილი.
და მონღოლისგან დახანჯლული ძირს ჩაიჩოქებს
შენი ლაშარი, დაირმული, დაოქროილი.

მოდგა და მოდგა დარუბანდით სისხლის დგანდგარი,


დატუშა რიყით საძოვარი შრატით მცვრეული
და ჩემი რასა - ულაყების ჯიში მაგარი,
საღრჩობელიდან იყურება განაცრებული!

1922 წ.

მზე ტაბასტა

მე ჩემს ვენახში რქა ვაზივით ფესვებ გამდგარი


ავდიდდი, როგორც გავასქელი ჩვენი იორი.
დღეს ჩვენ ქვევრებში საპალნეებს გააქვთ დგანდგარი,
ჩაკაფულ ძროხის სურნელია სანოყიერო.
მზეს განედლებულს ძუძუებზე მოეხსნათ ჩირთი,
სდგას, როგორც სისხლის ტაბასტაში გამსკდარი საშო.
გავბერტყე სიტყვა და გავტყორცნე შორი ჯირითი,
პოეზიაზე ჯიგარ დაყრილს, მსურს გავიფაშო.
ჩემს ლექსს თითეულს ეწურება ცხრა ლიტრი ერბო,
გემრიელ შხამის შემიხვრეტავს ბევრი მტევანი.
ორი პურპური მე მაბრმავებს: ჯერ არტურ რემბო,
და მერე ბეჭზედ არწივებით ბაგრატოვანი.

1922 წ.

ახალი მთვარე კახეთში

მთვარე ხორცით გაივსო.


მოსწყდა უნაზეს მუცელს, აბრეშუმის საბუდარს
მთვარე ხორცით გაივსო.
ხსნიან რუმბებს მარნებში. ყოჩი დაკლეს მყვირალი
მოზვერი საგაისო.

უბნებში გადადიან ცეცხლები ყირამალა


სოფელზე წამოვიდა მთვარიანი მორევი -
გამოსული ლორივით
მთვარე ხორცით გაივსო.
მიწა დედალო, ადუღდი მაჭრათ
დუმით გადაზელილს ვეძებ შენს ძუძუებს
მაწოვე. შევხვრიტო; დვრიტა და შრატი.
რომ გავძღე უცებ.

მოდგეს და მოდგეს გატენილი შენი ნახირი


მე წყურვილი გამინახევროს,
მოხსენი ჯიქანი შენი ნამთვარევი
ვაფეთებ თვალებს მე აფთარივით...
.......................................................
ქონების ჭრაქები ინთება ფერებად
მთვარე ტყირპით იბერება..
.
1922 წ.

ექსპრომტი ვაჟა-ფშაველას

ხარ ბახტრიონის დევი მაგარი,


კარატის კარატ ხელკვერიანი,
ტახივით გველი გაწევს ჯაგარით,
გთესლამენ ხვადნი და ხოკერანი.

გელის კოდები ლუდიანები,


ღალა, ტაგანი და სარძეული;
ხვადაგი წითელ გუდიანები,
კერატი სისხლში გადარწეული.

და შენი სიტყვა ზარადიანი,


ყამირი დუმით გადაპოხილი:
როგორც მესსია, როგორც სარდალი,
შენ საქარათველოს ხარი მოხველი...

1922 წ.

ლიტანია

შენი მუცელი გენიით გატენილი


თითონ გეენა და გიენა პოეტებისთვის.
ხარ ნატახტარი, ტახტებამდე ხარ ატანილი,
არწივის ჯიშო! გატეხილო მომეტებისთვის.

მე მინდა ვიყო იზრაელი, ლექსს დავეჭიდო,


მოვდრიკო მისი ძუძუები მოუდრეკელი.
შენი სიმსუქნე დაწველილი რიტმით დავჭედო,
დამლოცავს პოეტი - მიქელ მოდრეკილი.

შენ, დარწეულო ჩემი გვარის ქაფიან სისხლში...


........................................................................

ჩვენი ძვალები ზედ გაყრია, როგორც მარილი;


ღვთიშობლის კალთებს შენს ფაშვებზე ვხედავ მოტანილს...
სისქე ჯიქანი და ბარკალი გადამორილი.
ნასუქი ლეში გაგლეჯილი გიპოპოტამის...
.........................................................................

ყველა გათავდა! ნაწლავები დაყრილი დანით.


მონგოლის კნუტი კაპასია... ჯალალ-ედ-დინი.
ლიტრიან რახტით ტამერლანმა დაგხვრიტა ტანი,
მოსცურავ ეხლა, როგორც კუბო გადაჭედილი.

შენი თირკმელი ურაგანმა ქვიშას გარია.


ცა დასისხლული სოღანლუხზე გადმომდგარია...

1922 წ.

ეკლოგა

სულ იწვიმებენ შენი ცურები,


დაგვეცა წარღვნად შენი ჯიქანი.
მაგრამ შენ ჯერაც არ იწურები,
არ შაწყვეტილან შენი ჭექანი.

სდგანან ქაფებით სარძეულები,


მაღალ ტაგანებს სტყდებათ ძირები:
ვართ შენ რძეებში დარწეულები,
შენი ბარაქით დაზელილები.

გააქვთ გრიალი კერატებს, ვერძებს,


დაგბრუნავს თავზე ერბოს მორევი,
სასუქს, სიმსუქნეს, მოხეთქილ რძეებს,
სიმსხო ბარძაყებს მოჭრილ მორივით.

ხორცით და ქონით გადაჭედილი


მოაშრიალებ დაძაგრულ ჯაგარს.
მე მინდა ვიყო ჯალალ-ედ-დინი,
შენი ფაშვები დავაგო ჩანგალს!

1922 წ.

საქართველო

შენ ფიროსმანის შვიდღარიან მარნებში გხედავ,


გადაპოხილა შენი მკერდი, როგორც სარწყავი.
სისხლის საპალნით დატვირთულო, ვინ დაგიხვეტა
ბრგე თეძოები ბელტებივით დასაფარცხავი.

ტანი ყამირი, როგორც ხმალი, ელავს ჩამდგარი,


ვინ დაჩექმული ჩემი სული შხამებს დარია.
აქაფებულა შუაღამე, როგორც ჯაგარი:
ვიღამ დაიდგნოს, ვინ შაებას კარად დარიალს.

ტაძარს ალავერდს შემოაფრენს ტალღას მორევი.


დგანან უზანგში: ღვთისმშობელი და მოურავი,
რკინის პალოზე გადავარდნილს ვხედავ ხანძარებს.

მოდის შამქორი. სოღანლუღი. დროშების მტვერი.


ზურნით ფალანგებს მოუძღვება კონდოტიერი
და შენი სისხლი გაჭედილი შიშით ზანზარებს.

1922 წ.

აზნაურ ასულს

შენ ყელგამოჭრილს ჰგევხარ ჯეირანს,


მეუცნაურა შენი სახელი
და მარტო შენი თვალები მჯერა,
როცა დგებიან მოყაბახენი.

როცა მთვარეზე გავალთ ოროლი,


უზანგში ფეხი შედგება ცხელი;
მაშინ ეგ ტანი აზნაურული
წამოვა, როგორც სვეტი ცხოველი.

დატრიალდება გარს მირაჟები


და სამუდამოდ ვიქნებით ორნი,
გვაჯირითებენ ჩქარი რაშები,
სანამ მკერდებში ჩადგება ბროლი.

ჩვენ გაგვიტალღებს მთვარის მორევი


და შეგვაშინებს მთვარის დიდება,
შენს თავს მომტაცებს მე მოურავი...
.......................................................

როცა დაჯდება მზე - დღის ყეენი,


შენ გამოჭრილი გექნება ყელი
და ხორბლისფერი, ძვირფასი ხელი,
გაქცეულ ფაფარს დაეკიდება.

1923 წ.

ტყვეები მიჰყავთ იანიჩარებს

ღრუბლები ჰგვანან ლაფიან ჩვარებს,


მარტის ქარები მიაქანებენ;
ტყვეები მიჰყავთ იანიჩარებს,
ელოდებიან იალქანები...

იალქანებო! რა გეჩქარებათ,
ერთს გადავხედავ სამშობლო მხარეს,
ვაკოცებ მიწას, დედას მწუხარეს!
გინდ ამომართვით მერე ბეჭები
და გინდ მიმეცით გენიის ხანძარს!...

ეს მეხრეები - ქართლის ბიჭები


ხვალე ჰნახავენ ალჟირის ბაზარს!...

1923 წ.

მხარე ვაზებში გამოხვეული

ყანა კახური, ათქვირებული,


და ყამირები ყარაიასა;
ვაზი თორმეტი ფურის ნაწველი,
დასხმული ოქროს ბარძიმივითა,
წინანდლის ღვინო დედისრძიანი;
თაფლი - ხეებზე ჩამოღვენთილი,
ბროწეულის ტყე წყაროებითა;
ცა - არწივების კლანჭით გარტყმული,
მთები - ფერადი დროშებივითა,
ნაციხარები ქვასისხლიანი...

მხარე - ნათხარი საძირკველების,


მხარე - სარკინე ფალავნებისა,
მხარე - ვაზებში გამოხვეული...
იქ ფერფლი ჰყრია ჩემი ყრმობისა,
ფერფლი ლერწამის ნაცარივითა...

1923 წ.

ტფილისის სასაკლაო

დაფეთებული შენსკენ მორბიან


სქელი ჯოგები, როგორც ლატანი.
შენ - დაგეშილი დედალი ორბი,
შენ - დაგრაგნილი ლევიათანი.

გღადრავენ მუცელს მწარე აფთრები:


ნუგზარ, ატილა და ტამერლანი.
იხევა ბოძზე გამოფატრული
აპოკალიპსის მწვანე მერანი.

საკლავით სავსე ეს ხვიმირები.


იფქვის ნახირი გამოხვეტილი.
და ფრონტონებზე ხიმერებივით
სწვეთს საშოები გადმოღვენთილი. -

ბლოკადა სისხლის, დაუძრახავი,


ნასუქარ მინდვრებს ლეშხებს უწველი
და ფარაონის სხვილი ძროხები
მორგის საწოლზე ყრიან მუცლებით.

დანებით დგანან ვით სატრაპები


ყასბები ტოგით შემოსილები.
დახეთქე სისხლით ყველა სარდაფი
და ფურგონები შემოსეული.

ბღავი ჩანგლებით: ჯერ უძიროა


და არ ავსილა შენი ღარები:
გაწველილ მიწას გაუწირია
ჩამდგარი ღალის ნატბევარები.

დაარტყი ალყა, დააგრიალე,


ჩაასვი ღვიძლში პრესსი წყეული;
კიდევ დაბურღე მიწა ძლიერი
შადრევანებათ ამორწყეული.

მაგრამ მძინვარე თუ კი ჩაჰქერი,


გაძლევენ რევანშს ბუდის ბღარტები:
როცა გასკდება როგორც ჩანჩქერი
შენი ძარღვები დასაბღერტელი.

მორწყე და მორწყე მიწის ფერსვები!


მკვდარი ვერჰარნის მუცელი მშრალი;
შენგან ოცნებას ეალერსება
ბარბაროსული სისხლის შრიალი!

1923 წ.

ბარბაროსული ელეგია

ძველი მზეების დამრჩა ვალები,


ვიგონებ იმათ შრიალს ფარჩიანს.
ხარის ცხელ მუცელში ვარ ამოვლებული
ცეზარი ბორჯია.

ჩამორჩენილი მითრიდატეს ლეგიონერი,


ქვეყნის დაპყრობით მოსული,
მტკვარზე ვინც მღერის რომის ელეგიას,
სისხლი შავახეთქე ბარბაროსული.

მედგა მუზარადი (რა უტკბოესია!)


ომებში დამქონდა ხმალი ირიბული,
დღეს სისხლის ჯამებით ვხვრეპავ პოეზიას
და ფარად მიჭირავს მთვარე გატყირპული.

უფალო! დასცალე ჩემი საყვირები,


მაწოვე სიტყვა გამოკვერილი,
სასძეურს ატოკებ
ძროხა გატოქილი...
ასე ვლოცულობ მე ყოველ კვირას
წყნარი ბოკვერი.

1923 წ.
ჩათახი

(პოემიდან)

ვინც პლანეტების არის პატრონი


და ვინც იბრძოდა გამწარებითა,
დღეს, ლიტავრებით ტრიუმფატორი,
მოდის ატტილას ხანძარებიდან.

რომ სიღარიბის კარი დაჰკეტოს,


იწყება ბრძოლა ამირანიდან,
რომ საქართველოს მიწას დაჰკიდოს
ათი ათასი სემირამიდა!

სხვა ციკლოპები ადნობენ მადნებს,


რომ გააცოცხლონ ბარაქა მკვდარი
და სიდონიდან მოსულ ხომალდებს
ჩაუზნექია ტვირთებით მტკვარი.

აღსდგა! აივსო ყვითელ ზოდებით


ამოხაპული მაღაროები,
ისევ ჩათახი ჩამოზოვდება
სხვა საქართველოს მახარობელი!

*
ყანავ, კახურო, ათქვირებულო,
და ყამირებო ყარაიისა,
დახორცებულო იალაღებო,
ვაზო თორმეტი ფურის ნაწველო,
დასხმული ოქროს ბარძიმივითა,
წინანდლის ღვინო, დედისრძიანო!

ვეფხვის ნაწილო, ივრის ჭალებო,


ბეღელში ყრილო პურო ზღვიანო,
მთებო, შირაქის ერბოთ პოხილო,
მზევ, ლეშტერებად შესაგუბარო,
ტყევ, მუხრანისა, მუხრანიანო!

ოქროვ, მცხეთაში გამოწურულო,


და რუსთაველის სიტყვავ ძლიერო,
გამოზამთრულო შავო ნახირო,
ასსარგადონის სამაგიერო!

ჩემო დვრიტაო და ლექსის დედა!


თქვენი ბარაქის ვარ პატიმარი!
დატაროვებულ სიტყვებს რომ ვხვეტავ,
სიტყვა მაქვს თქვენგან ნაპატივარი!

თქვენი დაღუპვა კიდევ შორს არის


და კიდევ ადრე თქვენი სიბერწე.
მომდგარა რასსა ფარეშოსანი
და საქართველოს დასდგამს ღერძებზე.

დღეს შეაბერდით მზეებს მაღრიბულს,


შეჰერაზადას დატრიალებით.
ხვალ დინამიტით დასვინაღრებულს
გაგაჭენებენ მაგისტრალები!..

1924 წ.

ვეფხი

ვეფხი მოკლული დიღომში 1922 წელს ნოემბერში.


ვალერიან გაფრინდაშვილს

სარაცინების თესლით ამტყდარი


და პამირების ბურში მყვირალი,
მოატყდა სივრცეს გასაკვირალი,
პანმონგოლიზმის ბაირახტარი.

ხალიფატების დასტოვე ტახტი


და სისხლი მღვრიე ვერსად დასტიე,
ალბათ შენ ყავდი ბრწყინვალე რახტით -
უკანასკნელი ძველ დინასტიებს.

რომელი უნდა გელეწნა რასა


და მერამდენე გემტვრია რომი,
როცა დაეშვი დაუდგრომელი
და მზე გტეხავდა ბარბაროსული.

ვერ გაჰხეთქავდი რომელს ავშარას,


რომელ გუმბათზე ხმალით დადგები?
ბერდუჯის წყალზედ წივის ჯავშანი
გამოქცეული ათაბაგების.

მაგრამ ავია ბედის ტრიალი.


შენი ვარსკვლავიც ყოფილა მკვდარი.
ვეღარ დალაშქრე შენ დარიალი.
სისხლი შაასხი მსუქან კედარებს.

გადმოვარდნილი წითელი ფაშვი


შენ აზრაილის შუბზე მბრუნავი,
ურემზედ ეგდე ვით ქუჩის ბავშვი
ასპიტ ღამეში დასახურავი.

და საყვირების ხმები გრგვინავი:


მემკვიდრის გული აღარა ტოკავს.
თესლო! ყველაზე ნაგვირგვინარო,
გადაგეფარა სიკვდილის ტოგა!

1924 წ.

ციცარი

„გადამაგდე და დამკარგე,
როგორც ჩერქეზმა ისარი“,
ასე გავარდა სამგორში,
ცას დაეხალა ციცარი.

ვაჲ, ნაგზაურო ციცარო,


გაზრდილო ჩემის ხელითა,
შენს სადღეგრძელოს აღარ ვსვამ
ქაფქაფა საწნახელიდან.

არც დაგიღებავ ფრჩხილებსა,


ზაფრანა-დარიჩინითა,
წადი და იმას აკოცე
ვინც მინდვრად გაგაჯირითა!

ის ბაზიერი გიყვარდეს,
გაჭმევდეს აღჯანაბადსა;
მე ჩემს გზას გამოვუდგები,
ცხენზე დავაკრავ ნაბადსა.

სათათრეთს გადავარდები,
დამკვრელად ვივლი თარისა;
ჩოხა წვიმისა მეცმევა
და ყაბალახი მთვარისა...

1925 წ.

ღამე ივერიისა
ისევ აყვავდა გული ვარდივით,
და ისევ მინდა შენზე დავწერო...
დარიალიდან გადავარდნილი
ხაზარეთისკენ მისცურავს წერო.

დახანძრებული წევს ივერია,


მტკვარზე წნორები უკრავენ თარებს,
მეტივეები სადღაც მღერიან,
სოფლის გუბეში გაჩრილა მთვარე...

სთვლემენ ბეღლებში ლურჯი ყანები,


ელვარებს ხვავი, თითქოს ლამპარი.
ჩალაგდნენ ყველა ჩინგისხანები...
სთქვი, მეწისქვილევ, ერთი ზღაპარი.

სთქვი ნაღვლიანი ძველი ქართლივით,


ან აზნაურის ქალზე ვიმღეროთ...
დარიალიდან გადავარდნილი
ხაზარეთისკენ მისცურავს წერო...

1925 წ.

მთებში

მთები... მთები...

ბუმბერაზთა საშინელი მხედრობა...


თუ ხარ მონა,
აქ არავინ გენდობა!
მონურ ღიმილს
მე ვინ გადამაბრალებს?
მე გაპობილ ნაპრალებს
ყივჩაღურებ
ჩავყურებ...

მახარებს ცისარტყელა -
ლაჟვარდების საყურე,
გულის ნაწვეთს მე ვუერთებ
მთაში ამტყდარ წვიმას
და მძულს... ორტაბახურებრ
ვისაც გულში სძინავს!

1925 წ.
უჯარმის ნანგრევები

ქვაკუთხედი ლოდები...
ნამტვრევი ნანგრევები...
აქ ცხოვრობდნენ ოდესღაც
მორკინალი დევები.

ქვად ხმარობდნენ ზურგის ძვალს,


სისხლს - საძირკვლის წებოდა;
მათი ხმალის ნაკრავით
რაზმი ილეწებოდა.

თუმცა სვამდნენ ჩარებით,


ჰქონდათ რკინის წვივები, -
აწუხებდათ მოწყენა,
ტალახი და წვიმები...

დარჩა ტყე და სიჩუმე,


ხეზე მღერის შროშანი...
ხის ქვეშ დამიწებულან
ლაშქარნი და დროშანი...

1925 წ.

შავი ზღვის პირს შავი მუხა

მარტოდმარტო შრიალებდა
შავი ზღვის პირს შავი მუხა,
და რამდენიც ჰქონდა ბზარი,
ცას იმდენჯერ დაექუხა.

ზღვის ჩიტები ჟივილის ხმით


ესეოდენ ტყეთა ნარჩენს,
ნისკარტებით ზედ აფენდნენ
ცისარტყელის ჩამონაჭრებს.

ნისკარტებით ციდან სხივი


და ცვარ-ნამი ჩამოჰქონდათ,
და რამდენიც ეგალობათ,
ხეს იმდენი ბზარი ჰქონდა.
შავი ზღვის პირს შავი მუხა
მარტოდმარტო შრიალებდა,
ტიტველ მკერდზე ილეწავდა
ტალღებს ნისლით მფშვინვარეთა...

მუხა იდგა, როგორც ვეფხვი,


ვეფხვზე უფრო მრისხანედა,
და რამდენსაც ზღვა დაჰკრავდა,
იმდენ ფესვებს იმატებდა!

1925 წ.

იოსებ დავითაშვილის სურათზე

განწირულო, ცხოვრებას
ოცნებანი არჩიე,
ხეზე სჭრიდი ფრინველებს,
ყვავილებს და არშიებს.

სველი ყანა გიყვარდა,


სოფლის სუფთა ღრუბელი,
ბურბუშელის ჩანჩქერი
და ლექსი დამღუპველი.

ლექსი რაღად გინდოდა,


უბედურო ხარატო?
არ იცოდი, ოცნება
ხშირად გულსაც ღალატობს!

არ იცოდი, დიდებას
ბევრი ცრემლი სჭირდება?
გადაგჩეხეს, დაგღუპეს,
წითელგულა ჩიტებმა!

იალქნების მკერვალი,
ჯეჯილების დარაჯი.
რა ცახცახით დამიწდი
დახეულ სუდარაში!

უძეგლო მომღერლებო,
თქვენს სახელს ვინ გამთიშავს...
მტვერიმც მომენატრება
თქვენი ჩოხის კალთისა!
1925 წ.

ძველი საქართველო

ეს ეკლესია
ერეკლესია!...
ამბობს წარწერა ზედ ამოჭრილი.
არ ჩანს არავინ ეკლესიაში,
არც დაჩოქილი მოჩანს მორჩილი...

გადაპობილა თაღი შუაზე


და ხავსს კედელზე გააქვს ბიბინი...
შუაღამისას ისმის უეცრივ
ტანაბჯრიანი კაცის ქვითინი...

1925 წ.

ლოჭინის მწუხრი

ამოიყარა მტკვარმა ბურუსი,


გზები ნისლებით გადაირაზა,
თითქოს დაძრულა დიდი ულუსი
და მოაბნელებს ყარაიასა.

თითქოს ტომარი გადამახურეს...


სადღაც მიწყნარდა ეტლის ეჟვანი:
მახათის მთაზე, სახრჩობელაზე,
ერთად ვფართხალებთ მე და ბეჟანი.

უცბათ იყივლებს ცისკრის მამალი,


ჩნდება მთაწმინდა თეთრი ფრთებითა;
ბრწყინავს სამგორის დიდი ტრამალი
ყარაყორუმის ყვავილებითა.

1925 წ.

ძველი ქართული წარწერები

წარწერა თასზე
მთის იქით ჩასჭკნა ყვავილი
ნაქროლი ნიავქარისა;
ჩუქურთმა გამოყვანილი
ვიყავი მინანქარისა.

ახალგაზრდობა სად გაჰქრა


და სიჭაბუკე მთვარისა?
თასი ვარ მარიამისა,
მოხუცებულის, მცხრალისა...

ტაძარზე

მთაზე ვაშენე ტაძარი,


ნაშენი არა იყო რა;
შემეწეოდა ერთგულად
საწყალი ხარი ნიკორა -
აღმართებსა და კლდეებზე
ქვისა და ხე-ტყის მთრეველი;
შენ დაუმკვიდრე ნიკორას,
უფალო სასუფეველი!

რაინდის ეპიტაფია

მიყვარდა სმა და ნადიმი,


ამხანაგები რჩეული,
თეთრი მიმინო მიყვარდა,
ჩემს ცერზე შემოჩვეული.

ვიცოდი მიჯნურისათვის,
ცრემლთაღვრა, გაჭრა, ხელობა,
რაზმის გაპობა სეტყვისებრ,
ყაბახზე ცხენფიცხელობა;

მომსხლა სიკვდილის ნამგალმა,


საფლავს მქნა ჩამონაყარი,
დავტოვე ცოლი ლამაზი,
ცხენი და კოშკი მაღალი...

ცხენი უკუღმა აჰკაზმეთ,


ცოლმა დაიჭრას კავები,
ხმალი ხელთ დამაჭერინეთ
დამიწებული მკლავებით,
დაფას დაჰკარით, მიმღერეთ,
სთქვით შოთას ტკბილი ტაეპი.
1925 წ.

ივრის ღამე

მთვარე შრიალებს ფიჭვივით.


დაუსრულებელ ოხვრაში,
ამოდის კოხტა ბიჭივით
ცისკარი ახალ ჩოხაში...

ეს მთვარე ვიღამ შეკერა,


ვინ არის მისი მკერავი?
ეს გული ვიღამ დასხლიტა,
ბურთივით გაუთქერავი?

შენ დამარწიე, იორო,


მაჩქეფე თავზე მირონი;
დალაგდნენ ლექსის ჯიქნებად
ეგ შენი სანაპირონი -

შენი ჩანჩქრები, საწური


აბრეშუმისა ბადითა,
შენს ვენახებში სუფრები
ჩონგურითა და მწვადითა;

შენი ბდღვრიალა კალმახი,


აცვია თითქოს ჩითები;
დილა, რომელსაც ნისკარტით
ეზიდებიან ჩიტები...

და უწმინდესი ტაძარი,
არხზე წისქვილი პატარა:
შენმა ტინებმა სიმაგრე
ლექსებში გამამატანა!

შენი ფშანების ნაჟური


ლექსში სჩქეფს, როგორც მაჭარი,
თუ ამოგხაპეს, გაგყიდეს,
გავხდები შენი ვაჭარი!

მთვარე შრიალებს ფიჭვივით.


დაუსრულებელ ოხვრაში,
ამოდის კოხტა ბიჭივით
ცისკარი ახალ ჩოხაში...
მთვარე გომბორზე წაიქცა -
რძით გავსებული ტიგანი...
იორზე ვმღერი წნორებთან,
ერთი იმ წნორებთაგანი!

1925 წ.

ახალო ქართლო, მიწავ ქართლისა

ახალო ქართლო, მიწავ ქართლისა,


შემოვეფარე შენ სიმართლესა,
შენ საფარველსა ვარ მონდობილი...
ცოტა მაჩუქე ღალა და ზეთი,
ეგებ ავანთო სინათლის წვეთი
ჩემი გულიდან გამოდნობილი...

დე, ჩემმა ლექსის ნერგმა მარადღე


შენი წიაღის წვენით იხაროს,
გამფოთლე შენი ძუძუს წყაროთი,
თავზე მზის ცვარი გადავიყარო!

შენი სიმაგრის კარზე ვიმღერი:


მომეცი შენი ლერწამის ღერი,
რომ ჩემს კაბადონს ზე დაჰნათოდეს
ნათელი შენგან გამოტეული,
შენი ოცნება გულზე მათოვდეს,
შენ, დამტევნელო დაუტევნელის...

მე ჩავისუნთქე შენი მზის სიტკბო,


დე, გულის ოქრო დამიბადაგოს,
დე, მან დაფერფლოს გული, დადაგოს,
თავისუფლების დროშის ქადაგო,
ახალო ქართლო, მიწავ ქართლისა,
ჩემო დიდებავ, სანიადაგო!

1926 წ.

ვისმენ მაისის სიმთა ხმას

ვისმენ მაისის სიმთა ხმას,


მღერიან ყველა ლერწმები,
დილის ფრინველთან მივფრინავ,
პირველ სხივს შეველეწები!

თვითეულ სხივში მზეს ვხედავ


დამარჯნებული ნათელით,
თვითეულ წვეთში ზღვას ვხედავ
სიცოცხლის კორიანტელით:

თვითეულ ზვირთის ნაშხეფში -


სიცოცხლის ნექტარს მრავალსა,
თვითეულ სხივში მე ვხედავ
გზას, სიყვარულის სავალსა.

და ჩემ გულს, შეტრფიალებულს,


მაძებარს მზიურ გზობისა,
სხვა გზა არ უნდა, გარეშე
მაისურ მაისობისა.

და ვარდ-მარგალიტ-ნაფრქვევმა,
ერთი არჩია ყველაში:
ან მზის ჩახჩახში ბრწყინავდეს,
ან გადნეს ცისარტყელაში!

1926 წ.

სიმღერა პირველი თოვლისა

ეს თოვლია, თუ მიმინომ
დააფეთა მტრედები?
ვარსკვლავთა ოთახებში
ჩათვლემილებს ეძინათ,
ეხურათ ხავერდები...

ჩქარა,
მინდა ვუყელო,
მესმის მათი თქერანი...
სავსე თოფი მომეცით
და ცხენი ნაქერალი!

ორმა გუნდმა კიდევაც


მდინარეში გასტოპა!
ჩქარა,
თორემ წასულა
ჩემი ახალგაზრდობა!

წასულა და წასულა,
ნეტავ საით წასულან
ის პატარა სიზმრები?
სიჭაბუკის დღეები
შორიდან მომბღავიან,
როგორც მთიდან ირმები...

ვაჲ, შენ ჩემო თეთრო მტრედო,


გულო ჩემო კრიალა!
საკალმახე წყალივით
ლექსი ვერ ვაწკრიალე,

და როგორც
ციცნათელა
აბედს არ ეკიდება,
სიჭაბუკის გარეშე,
ლექსს ვინ მისცა დიდება?

- ეს ცრემლია, თუ გულმა
დასძრა ლექსის მტრედები? -
ვარსკვლავთა ოთახებში
ჩათვლემილებს ეძინათ,
და ჰქონდათ იმედები...

- ეს ლექსია, თუ მღერის
გავლილ დღეთა კრებული?
გულია თუ მინდორი,
დილას მოფუტკრებული?

- არა!
ეს თოვლი არი
ვარსკვლავების ქაფითა;
არა, ეს მტრედებია,
მიმინომ დააფეთა!

ჩქარა!
მინდა ვუყელო,
თოფი ვტყორცნო ხმიანი,
ჩქარა, ზარით მარხილი,
ოქროს ჩარდახიანი!
ორმა გუნდმა კიდევაც
მდინარეში გასტოპა!
ჩქარა,
თორემ წასულა
ჩემი ახალგაზრდობა!

1926 წ.

ოქროს წვიმა

როცა წვიმა აპრილისა


ტყეებს აზანზარებს,
როცა ცაზედ ცისარტყელამ
შვიდჯერ დაიკოკროს, -
მაგონდება: თავს ვუშვერდით
პირქაფიან ღარებს,
და გვჯეროდა: სქელ ქოჩრებზე
დაგვდიოდა ოქრო...

ირმის ძუძუ შხაპუნებდა,


მინდვრებს ესეოდა,
ცისარტყელა ბრიალებდა,
ვით ხოხობის ყელი,
ჩვენ კი -
ოქროს ხუჭუჭები
სიზმრად გვეზრდებოდა...
ხუჭუჭები, ხუჭუჭები,
ოქროდ დასახვევი...

ახლა აღარ ერეკება


იაგუნდებს წვიმა,
არც ოქროთი იღებება
გაზაფხულზე თმები,
ჩვენი სოფლის ორღობიდან,
სადაც თოვს და ცივა,
დავიფანტეთ, დავიქსაქსეთ,
გასაყარი გზებით!

- სად ხართ, ჩემო ცანგალებო,


ცეროდენა ძმებო,
წვიმამ პირი მოიქაფა,
დუღს ღარები სავსე,
გამოვცვივდით თავშიშველა,
ისევ მივეგებოთ,
ოქროს შხეფში გავსრიალდეთ,
ოცნებათა ნავზე!

1926 წ.

მზე სად ჩაექანება?

სად ჩავა, სად ჩაქრება


მზე, ქედებს ჩაწურვილი?
სად ჩაიქრონ ჩანჩქრებმა
მოუკლავი წყურვილი?
ლექსი სად დაიძახებს,
სად შეჰყივლებს სურვილი?

1926 წ.

მიყვარს ლაჟვარდის ალმასი

მიყვარს ლაჟვარდის ალმასი,


ზედ მთვარისპირი ნამგლური,
ცა მინანქრული, ლამაზი,
ცისკრულად გადანამქრული,

ნაწვიმარ ნაძვთა ნაწური,


მდელოზე დანაცვინარი,
ვენახში ვაზი გაწნული,
მტკვარი კაშკაშით მცინარი...

და გულის ნამეტნაობით
ზღვა სიყვარული ამტყდარი...
ლექსი, ოცნებით ნაომი.
მზე - ჭიმჭიმაზე დამდგარი...

1926 წ.
მეცამეტე საუკუნე

მოჰქრის ურა ცხენი


მონგოლური დაღით,
ზედ შავი თარაქამა
ვერ უსწორებს აღვირს.

და კალია მჭამელი
უკან სვეტად მისდევს,
მუზარადის მტვერით
დაბნელებულ მინდვრებს!

ვერ უძლებენ მთები


მულიდების ყივილს;
საყვირებით ზურნით
დროშების ტყე წივის...

ბრწყინავს თათრის ხმალი,


ბრწყინავს თათრის ჩალმა,
მოდის ჩინგისხანი!
გზა გაცეცხლა ალმა!...

*
ხვალ ნახავთ კალიებს -
მინდვრების დალაქებს,
გაშანთულ მიწის ქერქს,
დათხრილ ქალაქებს...

ხვალ ნახავთ სახლებზე


ღრიანკალს, ბუს,
დამდნარ გალავნებს,
გოგირდის ბურს,
მოედანზე აზელილ თმას და ტვინს,
აჩეხილ ფალავნებს...

ცხენის ქაჩაჩში
ჩარჩენილ თავთავს,
უზანგში - მტევანს,
ვენახში - სამარეს...
ნაფუძრებს - თეთრი ძვლით მოთესილს,
მეწყერებს,
ტრამალებს,
ტრამალებს...
ხვალ ნახავთ, სისხლით აივსება
წყაროზე ტაგანი
და ვერცხლით ნაჭედ
იატაგანით -
კეთრით,
ბუგრით ივლის -
მხარგრძელი ანგელოზი,
მონგოლური ანგელოზი
დაადგება თბილისს.
ქალაქის გულს დაბეჭდავს,
გულში სიკვდილს დათესს
და ქართლი განკვართული -
ნაპრალებში,
მღვიმეებში
ჩააყენეს ნათელს!

1926 წ.

***

ათასი ზვავი ბრწყინავს ბრწყინვალე...


დართხმული მთვარე ისვრის კურცხალებს,
დასპეტაკებულ, დამცხრალ მყინვარებს
თითქოს საცვალი გამოუცვალეს.

ზვავს უნდა მოსწყდეს, ვერ უძლებს მთვარეს,


ვერც ვარსკვლავების განიერ თვალებს,
ზვავს უნდა - სრისონ ხმალით და ფეხით,
ზვავს უნდა - ნახოს გულის ნატეხი,
წვეტიან კლდეებს ის თავს დააკლავს,
ოღონდ გადურჩეს განიერ ვარსკვლავს...

დაიძრა ზვავი აფეთქებული,


კლდეებს ახალა საფეთქელები,
როგორც ყივჩაყთა ურდო, გარბოდა,
მაგრამ! ვერც მთვარე დაშტერებული
და ვერც ვარსკვლავი დაანაფოტა.

1926 წ.

შავლეგო
შავლეგ, შენი ყაწიმი,
დედის ცრემლის ნაწვიმი,
ისევ მზეზე პრიალებს...
შენი ბასრი მახვილი
და ლომური სახელი
გულს კვლავ გვილამპრიანებს!
შენი სისხლი ვაჟური,
სამშობლოსთვის ნაჟური,
კვლავ ჩვენში ჩქეფს ქართულად.
შენი მკლავი მედგარი,
ომში დაუდეგარი,
მტერზე კვლავ შემართულა! -
რომ არავინ წაგვლეკოს...
შავლეგ, ბიჭო შავლეგო,
შე შავლეგო,
შავლეგო...

1926 წ.

თუკი ვცოცხლობთ სიმღერების იმედით

თუკი ვცოცხლობთ სიმღერების იმედით,


იანვარშიც აღარ გავიყინებით...
საათნავას ანაფორის უბეში
ჩარჩენოდა ჭიანურის სიმები.

გაუმარჯოს, ვისი გულიც გულია!


ვისაც თოვლში ოცნებით გაუვლია!
ვინც გესროლა თოვლი და გაგიღიმა,
სიყვარულით ვინც კი გათანგულია!

ვისაც გულში სიმღერა ჩაგრჩენიათ


და სიმებზე არ დაგღლიათ ხელები,
დაიბუგეთ და იყავთ იავარ!
მიანარცხეთ ჩანგზე საფეთქელები!

მე მაჟრჟოლებს ჩემი დიდი დროება...


დავინახე, ცეცხლი ცეცხლზე მოება.
დავინახე, მეხმა როგორ დააპო
საქართველოს საყდრული მყუდროება!
ლეონიძე! ამ დღეებს უდარაჯე,
შენ თუ გასძლებ, - შენივ სიტყვის იმედით...
საათნავას გაყინულ სუდარაში
ჩარჩენოდა ჭიანურის სიმები...

1926 წ.

მთაწმინდიდან ქარს მოჰქონდა

მთაწმინდიდან ქარს მოჰქონდა


ნუშის ნაფერთალი,
ცას ვარსკვლავი ანათებდა,
ვით კამეჩის თვალი.

მოფრიალე მანდილებით
მოფრინავდა ქარი,
ქალაქს ქარი მოარბევდა -
მთათა სერასკირი!

ქარი სტამბოლს მიდიოდა -


ქაჯავეთის ქაჯი.
ცას ღრუბელი დაეყარა
თეთრი, როგორც ყაჭი.

ღამე იყო გათეული


მეეზოვის ქურქით
და სარკმელთან კამათელი
კალმახური ზურგით -

ბზრიალებდა, ყალყზე იდგა,


ვით ყაბახის ცხენი...
(სად ლპებოდა ბეჭდიანი,
ვაÎ, მანანას ხელი?).

- მართლა იყო ქარიშხალი?


- არა, ყავრის ქარი!
წყნარი იყო მტრედივითა,
თბილი, როგორც კვარი.

აღარავის აღარ ჰქონდა


გული ნამტკივარი;
ყვავილებით, ზიზილებით
მოშხუოდა მტკვარი...

და მახათის ტიტველ მთიდან,


ყვითლად მობაბანე,
საღვინით და შოთის პურით
მზე დაადგა ბანებს.

ჩაქრა ყველა ვარსკვლავები,


ვით ალმასის თვალი,
ქარმა ქალაქს დაუშინა
ნუშის ნაფერთალი.

იღვიძებდნენ პოეტები
გამომშრალი პირით,
იღვიძებდა მემწვანილე
გიშერთვალა ვირით,

იღვიძებდნენ საზანდრები
ქვეყნის სადიდებლად,
შევარდენმა შეისროლა
ცაში ოქროს წკეპლა.

თბილისი კი - ისუნთქავდა
მზის შუქს გამაკურნელს
და ჰყნოსავდა ლექსებისა
და ტარხუნის სურნელს!

1926 წ.

თბილისური გაზაფხული

მერცხლის ფრთების მოიმედეს


გაზაფხული მომივიდა.
ვუცქერ ნუშებს, ატმის ყვავილს
და მზეს - ლომის თავივითა.

ცისარტყელა!
ჩქარა, ბოძი -
ცისარტყელის დასარჭობლად!
მოერიდე, ნუ შეხედავ
მახათის მთას ნასახრჩობლარს.
მაგრამ მე თავს არ დავიხრჩობ,
გინდაც იდგეს სახრჩობელა,
რადგან მთები და ბაღჩები
ჩახჩახებენ მზეში - ყველა.

რადგან ვაშლის ყვავილები


ირმის რძეზე თეთრი არი
და თბილისის ძველ ქუჩებში
დატკბილდება ხეტიალი,

რადგან ჩემი სიჭაბუკე


აქ ყოველწლივ მეორდება
და ლამაზი, მთვარისპირა,
ხეივანში მელოდება...

1926 წ.

როგორც ირემი გამოვარდნილი

როგორც ირემი გამოვარდნილი


მონადირის თვალს ეჩვენოს წამით,
შემდეგ მოსწყდეს და გადაიაროს
ცხრა მთა, ცხრა ველი
ქარიშხლის ძალით,
ისე ვყოფილვარ ჩასაფრებული
სიყვარულისთვის
დღითა და ღამით, -
ვერ მოვეწიე, ვინ მოეწევა?..
ვინც მოეწიოს,
ვაჰ, მისი ბრალი?..

1926 წ.

ქილილა და დამანა

მე მშობლიური ღამე ვიცანი,


ვისმენ ბინდების მკვნესარე ზუზუნს,
ცაა ფირუზის თლილი ფიცარი,
დნება ვარსკვლავი - თამარის ძუძუ...
ცვივა ტყეებზე ოქროს მანანა,
ციცნათელები არხევენ არაგვს...
და ორი ტურა, ქილილ-დამანა,
სოროში ჯერით ამბობენ არაკს.

1926 წ.

მზისპირის ნაბანი მინდა

მზისპირის ნაბანი მინდა,


შვიდი მაისის წვიმისა!
ვეპასუხები გაზაფხულს,
როგორც ძვირფასის ღიმილსა.

მესმის, მზის ოქროს დუდუკზე


რასაც იმღერის ეთერი,
წვიმის ნაბრწყენი წვეთების
ტაკტაკი შეუწყვეტელი.

მესმის, ამ პირველ ყვავილებს


რასაც დასძახის ფუტკარი,
რასაც ჟღერს ოქროსხმიანი
ვაშლის რტო გამომბუტკვარი.

თავზე დამნათის ოცნება,


ვით ამ ხეს - თეთრი ყვავილი,
მზის თვალით ვუმზერ ქვეყანას,
მზის სიხარულით დავივლი.

რადგანაც სული სავსეა


ათასი ნაკოცნარებით
და გული აყვავებულა,
დიდი მინდორის ნაირი...

1926 წ.

ნინოწმინდის ღამე

1926 წ. 26 მაისი. ღამე ნინოწმინდის გალავანში:


სანდრო შანშიაშვილი, პაოლო იაშვილი,
ტიციან ტაბიძე, გიორგი ლეონიძე.

ნინოწმინდა... პალატები მეფეთა...


გალავანში - ჯამი აქაფებული;
შენი სახე რისთვის შემომეფეთა,
ხატი იყავ - ვეფხვი დაქალებული...

საზანდარმა ღამე ააცახცახა,


ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა,
ცა - ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა,
და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა...

ნინოწმინდა... ჩვენ, როგორც ხაზარები...


ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!

როგორც ხმალი, ძმებო ტამერლანისა,


სიყვარული ისე დამჯახებია!
მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს
და სიყვარულს ათაბაგის ქალისას;
ძუძუები ოქროს კალმახებია,
წამწამები აქვს თავთუხის ყანისა...

წინანდალის ვაზი აყვავებული,


ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა,
აფრენილი ბაზიერის დაფითა,
დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული!

ნინოწმინდა... ჩვენ როგორც ხაზარები...


ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, იმ პატარა იარამ!

1926 წ.

„ხელსახოცსა გადმოგიგდებ“

- „ხელსახოცსა გადმოგიგდებ,
ოქრომკედით მოქარგულსა“.
- შიგ დამწვარ გულს ნუ გამიხვევ.
იოლად ნუ გზავნი ნურსად;
მე ისედაც ტვირთი მაწევს,
გზას ვერ ვიგნებ ბაიბურსა,
შენი გული რისთვის მინდა,
ჩემი როცა ჩაილურსმა!

- „ხელსახოცსა გადმოგიგდებ...“
- ნუ, ნუ მახვევ ოქრომკედსა,
ნუ დამახრჩობ ხელსახოცით,
ლექსის ძარღვს ნუ დამიკეცავ.
სიმღერების ბოლი მახრჩობს,
მოგუბდა და ყელს მილეწავს;
შენი ოხვრა რისთვის მინდა.
შენი ტკბილი სინაზეცა!

- „ხელსახოცსა გადმოგიგდებ,
ოქრომკედით მოქარგულსა“!
- ნუ იმეტებ, მშვენიერო,
ნუ გაუშვებ მარტოს ნურსად,
თუ იმეტებ, გაიმეტე,
წყალს მიეცი ჩაილურსა,
შენი გული რაღად მინდა,
როცა ჩემი ჩაილურსმა!
- ხელსახოცსა...
- ხელს გაკოცებ,
თუ გამიხვევ მუჭა ნუშსა!

1926 წ.

დილა ნარგიზნარევი

დილა ნარგიზნარევი,
ვენახი, ნიგვზნარები,
და მზის ცვარის მწოვარი
მხიარული მინდვრები -
ჩემი სამშობლო არი,
ჩემი ნამემკვიდრები,
ჩემი გულის მეგზური
და ოცნების მანძილი...
ჩემი სიტყვა ლექსური
არი მისი ნაწილი...
სიტყვას რომ შუქს ვადენდი, -
მისი შარავანდედის
არი გამონაჭვირი...

1926 წ.

შემოდგომა

რა მწუხარეა და რა ოცნებით
ოქროს ფოთლები მტვერში რეული...
ეს შემოდგომა თვისი ძონძებით,
წვიმა-ტალახში შემოთრეული.

აბურდულია წვიმის ფაფარი


და ყველა სკამი ბაღში სველია,
თითქოს არ იყო არსად საფარი
და აღარც ვინმე მოსასვლელია...

ძველს როიალზე უცნობი ქალი


ეთამაშება მოწყენით გამმებს...
გასცოცხლებია ოცნება მქრქალი,
წყლულებს გაუჩენს, თან დაუამებს!

ჰქუხს როიალი... ნუთუ იპოვა? -


ალბათ, რომ ვინმე მოსასვლელია.
მას ელოდება, მაგრამ ვინ მოვა? -
ეჰ, ყველა სკამი ბაღში სველია!

ეს შემოდგომა შემოთრეული
რა მწუხარე და რა შიშველია...
მზე იბჟუტება რქამომტვრეული,
სარკმლიდან მოსწვიმს...
სულიც სველია...

1926 წ.

ბიბლიური ჩვენება

ზეთის მდინარედ მტკვარი დიოდა,


და გადუღებლივ წვიმდა ნაცარი,
ეკიდათ ღრუბლებს სისხლის ბაწარი,
შემკრეს და ვეღარ გამოვიარე,
სისხლის ტალახში ვერ გავასწარი!

და მეხი მეხზე დაბეჭებული


სჩეხავდა ზეცას, არტყავდა ალი,
ნალეწ ქალაქის ბჭეზე ცვიოდა
სარაცინების ნაჭედი ხმალი,
და გაძირებულ უფსკრულებიდან
თვალგულგავარდნილს მესმოდა ხმანი...

ვისმენდი სიტყვას პირველად უსმენს,


დნებოდა ხორცი, ვით ცეცხლზე ცვილი,
აჰა, დამლურსმეს,
„და კვართსა ზედა იყარეს წილი“!

1927 წ.

უტრუხუნე

პოემის შესავლიდან: საზანდრისათვის

მასპინძელი:

- კარს საზანდარი მოგვადგა


რა გავიტანოთ, რა გვაქო,
- დაუსხით რქაწითელისა,
ხოხობი ჩავატაბაკოთ...

- ყელი თუ ჩამაჭრებია
და ხილი მოაპრიანა,
- ხონჩა ვარსკვლავით გაუვსეთ,
დანაც მიართვით პრიალა!

საზანდარი:

- „მიწურვილ იყო ზაფხული


ქვეყნად ამოსვლა მწვანისა,
ვარდის ფურცლობის ნიშანი
დრო მათის პაემანისა“!..

სიტყვავ დაისხი ზურმუხტი;


პირველი ნამეხარია!
გადაწვენილი ვაზივით
გავშლილვარ, გამიხარია!
საკახეთურო ღრუბლებო,
სამგორს ადუღეთ ვარდები!
მთვარევ, იორში დაწექი;
კალმახებს შეუყვარდები!

შენი ჭირიმე გამზრდელო,


- წნორით დაწნული აკვანო.
- შენ, ბიჭო უტრუხუნეო,
ლექსები გამოვაქანოთ!

1927 წ.

ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავზე


შუამთაში

შუამთას ვნახე, - ალექსანდრე ჭავჭავაძის


საფლავზე კახელებს ხილი გაეფინათ.

ვნახე, პოეტო, შენი საფლავი,


ზედ გაეფინათ ნობათის ხილი -
კახეთის სიტკბო, ტუჩის მთაფლავი,
ჩამოკრეფილი ოქროვან დილით.

შენც სიტკბო იყავ და მით განიშნეს


შენი ლექსების ღირებულება.
გიყურებ შორით, სიტკბოს არ იმშვნევ,
თუმც წინანდალი გებულბულება.

მწარ დროს სცხოვრობდი, ქვა გაკაფინეს,


შავმა ვეშაპმა ჩაგასო კბილი;
მაშინ რომ გაკლდა, მისთვის გაფინეს
დღეს, შენ საფლავზე, სალბუნად, ტკბილი...

1927 წ.

ზამთარი

მარმარილოს ნაწურივით
მოიმცვრევა ბროლის ქულა;
მთას ირემი დაცემული,
მთას ირემი დაცემულა!
სადღაც ტურფა და ლამაზი
ანაზდეულ დაღუპულა...
მთის მწვერვალებს ცის სიწმინდე -
თოვლი დასდით ფეხბუმბულა;
ხეობებში გასძახიან:
მთას ირემი დაცემულა!

1927 წ.

მეტივეები

შალვა აფხაიძეს

სულ ოთხნი იყვნენ... სახედინჯები,


ქაფიან ჩქერში ზვირთის მჩეხელი....
სულ იყვნენ ოთხნი... იაფინჯები,
ნიგვზის ფოთლები, სველი ფეხები...

მოჰყავდათ ტივი ტურფად შეკრული,


ვით კიდობანი ნესტანჯარისა;
ნაციხარები ჩანდა ბედკრული,
ლურჯი ყანები... ტყე ფიჭვნარისა...

წინ ეგდო მტკვარი და კლდე შვეული,


ცხვრის ფარასავით რიყე ეყარა;
მოჰყავდათ ტივი მთას აშვებული,
თითქოს მოჰყავდათ ბრძნულად ქვეყანა.

გამოიარეს ვიწრო ალაგი


და ფაფასავით სქელი მორევი,
შორს დაინახეს დიდი ქალაქი,
აშენებული ნაძვის მორებით.

და გაუღიმეს ერთიმეორეს...
და როცა ტალღამ დაჰკრა ყვირილით, -
მეტივეები ჰგავდნენ მეომრებს,
ტალღას აპობდნენ ორთაყვირებით.

მოსაღამურდა.
ხვადი მგლები დასხდნენ შავადა,
ლუკმას ხლეჩავენ დამკლავებითა;
ღვინიან ჯამში
ნარგიზივით მთვარე ჩავარდა,
ივსება მტკვარი ვარსკვლავებითა...

1927 წ.

მყვირალობა

ჩამაჭრდა კახეთს ჰაერი,


ტყეები გადიყირმიზა,
ენკენისთვეში მთებიდან
ისმის ყვირილი ირმისა.
- რასა ჰყვირიან ირმები
ყორან-მთას, ყარაიასა?
სახუნდარიდან მარეკი
გულში გაარტყავს ტყვიასა...
ხარი ირემი ფურს ეძებს,
მთაში ნასუქი ღიჭითა;
ქაფსა ჰყრის გადაკაწრული
ეკლებითა და ხიჭვითა.
თავი ანება ცალისთვის
იალაღების მწვანესა.
მოამტვრევს რქების ლაწანით
ჩალას ტყეს, ლერწმოვანებსა.
დაშტერებული ჯოგები
მორბიან თავდაყირანი...
ხარი ფურს ეძებს ღრიალით,
მე - სიყვარულსა მყვირალი!
გახელებული ხარი ვარ,
გეშს ვიღებ ნიავქარზედა,
მაჩვენეთ ჩემი ოცნება,
რქა ზედ მივაფშვნა რქაზედა!
სულ მივამტვრიო, მივლეწო,
გულში რაც გადაირაზა,
შევყვირებ,
როგორც ირმები
ჰყვირიან ყარაიასა!

1928 წ.

წეროს თოვლი
მზემ შეალბო შეყინული ბზარები,
დნება წეროს თოვლი:
რეკენ ყინვის იისფერი ზარები
უკანასკნელ თრთოლვით.

უკანასკნელ სიკვდილამდე შენთან ვარ,


უკანასკნელ სულის ამოხდომამდე,
სიჭაბუკევ!
ხელში გამიქანდები,
როგორც ზღვაში გაქროლილი ხომალდი.

მომე ჭიქა, სადღეგრძელო ახალი!


მომე გული, მერე გამაქვიტკირე!
თუ მოგესმათ ხერხემალის ჭახანი,
წეროს თოვლში, წეროებო, მიტირეთ.

თოვლს წაჰყვება ჩემი ახალგაზრდობა,


ის მეორედ აღარ გალამაზდება:
ლექსიც ჩაქრა, ქალის სიყვარულიცა,
წყეულებმა არ იციან დანდობა!

1928 წ.

ყივჩაღური ღამე

ყივჩაღეთისკენ თეთრი ტრამალი


გააქათქათა მოზდოკის მთვარემ,
გულის ნაწვიმი და ნატამალი,
თუ რამე შემრჩა, ვიმღერო ბარემ...
მენავეთათვის და მოგზაურთა! -
შავი ზღვის ნისლებს ამოვეფარე.

მოსჩანს სამშობლო, ივრის ვაზები,


როგორც სასანთლე გაჩაღებული:
შორიდან რაზე მელამაზები,
გული მაქვს გულთან დაჯახებული!

ნუ გამინათებ, ნურც გამიჩაღებ,


ირმის ნახტომებს ვემარტოები;
შავს ყურღანებში სძინავთ ყივჩაღებს,
თავქვეშ უგიათ თოქალთოები.

სიზმრად ჰხედავენ რომის პალატებს,


გარმონს უკრავენ დონის ქალები,
დარიალს ვეღარ შემოანათებს
მათი ჭიხვინა ცხენის ნალები.

როგორ გატორეს ერთხელ ტრამალი,


როგორ ამტვრევდნენ გულის ფიცარსა;
მაგრამ ვერ ნახეს ქვეყნად წამალი
და გამწარებით ხრავენ მიწასა!

1928 წ.

ყივჩაღის პაემანი

...ერთი მეც გადავუქნიე,


წვერიმც ვუწვდინე მიწასა...
მუხრანული

ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა,


ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან


ხოდაბუნები თავთუხებისა,
ჩენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაღი დადუღებისას.

- ხოხბობას გნახე,
მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაღი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,


შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,


დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,


ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდით ნისლები...

მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!...

1928 წ.

წავა ლექსი და წაიღებს

გადაივლიან ღრუბლები,
დაჰყრიან ოქროს ქვიშასა;
წავა ლექსი და წაიღებს
ახალგაზრდობის ნიშანსა!

გაჰყვება ცრემლის საგზალი,


თმებიდან ერთი ჭაღარა;
წავა, ის ტალღაც გაშრება,
გუშინ რომ განიაღვარა!

წავა და არ დაბრუნდება
დაფეთებული ჯერანი;
იმ ღამის თრთოლა თან წაჰყვა,
იმ დილის გულის ძგერანი!

ან რისთვის უნდა დაბრუნდეს,


მე ვეღარ მნახავს მზიანსა;
ახალგაზრდობა თუ უნდა,
უჯობს გადაჰყვეს ნიავსა!

ვაი, რომ ერთხელ დაგრეკავს


და მერე შეგრთავს ქვიშასა!
წავა ლექსი და წაიღებს
ახალაზრდობის ნიშანსა...

1928 წ.

გომბორიდან

ამოითეთრა კავკასიონმა...
ცივგომბორიდან კახეთს დავყურებ,
თითქოს თავს ოქრო გადამაყარეს,
ვარ თეთრ ვაშლის ქვეშ გაღვიძებული.

ალაზნის ველი - ხოხობის ყელი,


კახეთის მთები... მოდი, მომკალი!
შენ მეძახოდი, თუ შრიალებენ
ალვის ხეები წინანდალისა?..
...................................................

შორს ალავერდის გედი მისცურავს...

1928 წ.

მიყვარს მშუქარი ვაზის ყვავილი

მიყვარს, ყანაში როცა მიდიხარ,


მიყვარს ვენახში თუთის დარხევა,
როცა გაისმის ქართლში გვრიტის ხმა
და გაზაფხული გაიჩარხება.

მიყვარს მთებიდან ნათქრიალები


ბარში ნიაღვრის ღვართა გალობა,
როცა სიმღერით ხეებს ქალები
შეესევიან ახალბალობას...

მიყვარს მშუქარი ვაზის ყვავილი,


ხეს რომ ფოთოლი დაეწმინდება,
როცა ოცნებით ყანას გავივლი,
ყანის სიწმინდე როს მომინდება.
მომელანდება სხვა სიხარული,
დაუღალავი მისი მშვენება,
და ლურჯი ზეცა მტრედისმხარული
გულზე ნათელით დამესვენება.

1928 წ.

ვაჟა-ფშაველას საფლავზე დიდუბეში

სადაც ჩანჩქერებია,
ყინვის ლატანებია,
ბევრჯერ ირმის ყვირილში
დილა დასტანებია.

ის მთებს ვინ დააშორა,


ან ირემს რქაფიწალსა?
არწივების ვაჟკაცი
ჰხრავს ქალაქის მიწასა!

მას უნდოდა საფლავი


ნაღვარი, ქვიშიანი,
სიკვდილის დროს ბალახი
და იფნების შრიალი.

სიკვდილის წინ არაგვი


და სიკვდილის უკანაც -
ფშავეთის ცის ვარსკვლავი
კუბოს თავზე მშუქარად.

ის აქ ვინ დაასვენა,
რომელ დამნაშავემა?
მთა უნდა მთასთან იყოს,
ზევით - ვაჟა-ფშაველა!

1928 წ.

სულხან-საბას

დიდო მოხუცო, სამშობლოსათვის


იბრძოდი სულის ამოხდომამდი:
გეჩვენებოდა, რომ საქართველო
იძირებოდა, თითქოს ხომალდი.

და როს ღრუბელი გულს გიბნელებდა,


სამშობლოს ცაზე გამოხლართული,
შენ სამკურნალო ბალახებივით
მოგიკრეფია სიტყვა ქართული, -

რომ იავარქმნილ სამშობლოს ნაშთად


სიტყვები მაინც გადაგერჩინა...
ვარდსაც და თაფლსაც და პურის მადლსაც
მშობლური სიტყვის მადლი გერჩივნა.

მე მიყვარს სიტკბო შენი სიბრძნისა,


შენს ჭაღარაზე გადმომწვეთარი...
მე მიყვარს შენი სიტყვის მარილი, -
შენი ხალხისთვის დღესაც მწეთ არი.

ახალნაშენი სამშობლოს შვილი


შენს მხცოვან აჩრდილს ვეალერსები,
შენის ცრემლის რწყვით, შენის ამაგით
გამოკვებულა ჩემი ფესვები...

1928 წ.

წიგნი „ქართლის ცხოვრება“

გაშალე... ყველა ფურცელი


არი ფოლადის ნაცარი,
დამსხვრეულ ხმალთა ჟღრიალი,
დევკაცთა ნამამაცარი.

გაშალე... ყველა ფურცელი


გულზე ნაწოლი ლოდია...
დოლბანდიანი ჯარები
სიკვდილის პირით მოდიან.

შავი დროშები ნისლივით


სამშობლოს დაეფინება,
ხმალს სისხლის ორთქლი აუვა,
სიკვდილით დაიკბინება...
საფლავად გაემზადება
ციხე-გალავნის თხრილები, -
ქალი და ბავშვი აწყვია
კოშკიდან გადმოყრილები.

ისმის ტყვეების ჟღივილი,


კვამლში ბღავიან ხარები...
ქერქებგახდილი ხეები
დამწვარი ნასახლარები...

და რაც თმას ყალყზე აყენებს,


რაც მწარედ გვემახსოვრება, -
ქართლის მკვლელობის ძველ ამბებს
უწოდეს „ქართლის ცხოვრება“!

1928 წ.

მინაწერი „ქართლის ცხოვრებაზე“

რაც შეიწოვა მიწამა


წარსულის სისხლი მწვიმარი,
რაც კი ცხოვრებამ იწამა,
ცრემლი თვალს ნაციმციმარი, -

რომ დაიკარგოს ცვარიც კი,


არა ყოფილა ადვილი;
ის ხალხის გულს აქვს ნარიცხვი,
დახსომებული, დათვლილი.

მიწამ რაც უნდა დახარჯოს,


ვერ ამოსწუროს სავსებით, -
იმ სისხლზე ჰყვავის ყაყაჩო,
ფერწითელობის მსგავსებით.

იმ ცრემლებს შეუკრეფია
ქართლის ცივტკბილი წყარონი,
იმ ცრემლში გულის ღველფია
და მებრძოლ ხმალთა წკარუნი...

წარსულის სისხლი მწვიმარი,


რაც შეიწოვა მიწამა,
ცრემლი თვალს ნაციმციმარი,
რაც კი ცხოვრებამ იწამა, -

არ დაკარგულა ცვარიც კი,


დაშრეს, არ არი ადვილი;
ის ხალხის გულს აქვს ნარიცხვი.
დახსომებული, დათვლილი...

1928 წ.

სვეტიცხოველი

ალვის შტო იყავ, სარო, ლამაზი,


მოგკვეთეს თურმე, ზეცას წახველი...
სადა ხარ მტკვარზე მოჭრილო ხეო,
ნუთუ არ წაგყვა მიწის ნაღველი?
ჩამო, აჰყვავდი... ბრწყინავს მაისი,
ყველა ხეების გამომჩარხველი...

1928 წ.

თბილისის ოსტატები

აქ ადიდებდნენ დამპალ კინტოს, თათრულ მუხამბაზს,


აბანოს წვირეს, შუა ბაზრის კორიანტელსა,
გაბერილ შარვალს, ყარაჩოხელს... (გასამხელია?)

აქ ივიწყებდნენ ფიროსმანის მზიან მუშამბას,


ბექა ოპიზარს, ოსტატობის წმინდა ანდერძსა,
აქ ივიწყებდნენ ძველ პოეტებს ოქროსყელიანს...

ვხედავ მათ ნათელს, შარავანდედს სცვივა ფანტელი:


ათი ათასი მთაწმინდაზე ბრწყინავს სანთელი,
თავს დაგნათიან, სატახტოო, დიდო, უკვდავო, -
რომ მათმა სხივმა სამუდამოდ გაგასუფთავოს!

1928 წ.
წინაპრებს

„აქა დაბნელდა მზე. ასე, რომე წერაი აღარ


ეგებოდა და კალატოზნი აღარა ხედვიდეს საქმესა.
თუე იყო ივლისი, დღე პარასკევი, ქორონიკონი რმ
(1460). თუ რაი მოხდების, ღმერთმან უწყის...“
XV საუკ. მინაწერი.

მზე დაგემალათ, მზემ გიღალატათ,


მზემაც ინდომა ერთხელ შაბაში!..
არც დილა იყო, აღარც დაისი...
შიშით გეკროდათ ცოლი და ბავშვი,
ბნელმა გაგხადათ უხილავადა!
გაგიწყრათ ღმერთი ადონაისი!

შესწყვიტეთ შრომა, გარჯა და ლხინი.


სადაც ისმოდა ცხენის ჭიხვინი...
მისჩერებოდით ცაზედ ერთ წერტილს.
ვეღარა სწერდით, ან რას დასწერდით,
შიშით და ზარით გული დაიწვით...
და ჰკითხულობდით ზარდაცემული:
„თუ რა მოხდება, ეს ღმერთმა იცის...“

*
ისევ გაბრწყინდა ცანი ცათანი:
მზეს ვერ ჩაყლაპავს ლევიათანი!
და ისევ ისე ჭანდრების ჩრდილში
ხმები გმირული დააგუგუნეთ
და გააგრძელეთ კვლავ საუკუნე!

*
თქვენ აღარა ხართ, მშვიდობა თქვენდა!
გადაგეყარათ გულზე ნაცარი.
დაირღვა, რაც კი თქვენით აშენდა,
მიყუჩდა თქვენი ნაავკაცარი.

ბევრჯერ თქვენს მერეც მზეს


გველეშაპმა
ყელზე მოაგდო შავი ბაწარი,
მაგრამ რაც მოხდა, ერთი არ არი? -
ღრმა საფლავებში ხომ გაასწარით!

*
მზე თქვენი წილი ჩამქრალი არი
და გულზე ცეცხლი მოჭიდებული...
მზე დღეს ჩვენია... გააქვს ბრიალი,
ბრწყინავს სხივსავსე და დიდებული!
არ გვეშინია მზის ჩაქრობისა,
ჩვენ მზე არასდროს დაგვიბნელდება!
არა გვჩვევია ბუნების შიში,
წარკვეთილება, არც დაფეთება!

ვხედავთ სამშობლოს გამზიანებულს,


ფრთას იფართოებს ჩვენი ოცნება;
ითხრება მონის მონური სული
და ფესვიანად გაიტყორცნება!

თქვენ საფლავებზე ვდგავართ ამაყად,


ერთპირ, ერთსიმხნით, ერთძლიერებით,
ჩვენ მზეს ვუყურებთ გაჩახჩახებულს,
მისი ნათელით ბედნიერები!

1928 წ.

წვიმა შავ ზღვაზე

ზღვამ ჩაშალა ნამქერად


თეთრი ქაფის კრაველი,
ტალღებიდან ამღერა
ძველი მესაკრავენი.

წვიმის ჩანგი ჟღეროდა,


გუგუნებდა ნაღარა,
ზღვამ დასძახა „ჰეოდა!“
გაიწეწა ჭაღარა...

ზღვა გავიდა მაღლარზე,


ცას გაეფხვნა შხაპითა;
დააბინდა მაღლა მზე
და მიწაზეც დაბინდდა;

შეჰკრა კუპრის სარტყელით,


სჭექდა შემოკივილით;
ზვირთი ზვირთში დათხრილი
ინჩქრეოდა ტკივილით!

ჰგავდა შურისძიებას,
ზღვა არ იყო ჭკუაზე;
თითქოს იგი მიებათ
დამფრთხალ ცხენის ძუაზე.

ზღვამ ხურვება დაახშო...


ზღვა დალაგდა თელილი,
როგორც სუფრა სავახშმო,
წყნარად გადაფენილი.

ძირს მძივთა ნალეწები


მოფანტულად ეყარა,
მთვარის სირმა ბეწვებით
ქათქათებდა ქვეყანა.

გვიყურებდნენ ვარსკვლავნი,
როგორც ჯიხვის თვალები;
თვლემდა გაუნასკვავი
ტალღა ნაბურთალევი...

1928 წ.

მოგზაურობა სამშობლოში

1. წერილი კახეთიდან

შემომეფეთა ალაზნის ველი


და რომ შევხედე დანამდვილებით,
გულმა ოცნებით წაიბარბაცა...
აჰა, ახმეტა და ბახტრიონი...
დამდგარან მთები, ვით მაყრიონი,
უმღერენ კახეთს - უკვდავ პატარძალს,
და ადგილიდან ვეღარ იძვრიან
მისი სიტურფით დაბნედილები...

უცბათ გადმოსკდა მთებზე მზის წყარო,


ვით საფერავის წითელი ღვარი,
შენ მომენატრე, დაუვიწყარო...
და ამოვიდა ლექსის ლიღარი...

ვით ლხინის სუფრა აუკეცელი,


ოქრონაწური შხეფებით სველი,
ისე ბრწინავდა ალაზნის ველი...
წამით არწივმა დაჰფარა ფრთებით...
მეც ისე ვიდექ, როგორც ის მთები...

2. ანანური

უეცრად წინ გადაგვიდგა


ორ მთას შუა დამალული,
ატყორცნილი ძველ კოშკებით,
ვაჟკაცური ანანური.
რას ფიქრობენ ნანგრევები,
ან რა დარჩათ სასანური? -
სდუმს არაგვი, სდუმან მთები,
ცა - ვარსკვლავით დანალული...

3. იქ, სადაც რკინის პალოთი...


სხივნაყარი ხმით ვგალობდი,
გაქანებული ვქროლავდი,
იქ, სადაც რკინის პალოთი
ვახტანგს დაება ხომალდი...

მე ვნახე: ლოდის ნატეხი,


ძველი ჩუქურთმით ქსოვილი,
ციხე-დარბაზის თაღები,
ცრემლების ნესტით სოველი.

მცხეთის, ბაგრატის კედლები,


გელათის ქვაკუთხედები.
სისხლგადასხმული კოშკები,
მრისხანე, აუხედები...

გამოშიშვლებულ აკლდამის
ძვლები ჭირნავაგლახარი,
გვერდით რომ ხმლები უწყვიათ,
პირდაჟანგული ლახვარი...

ქვისაგან გამოკვეთილი
ძეგლად ნადგომი ქურანი...
მათი ნაკვეთი კლდეები
და მათი ნასადგურალი...

მე მათ დიდებას ვგალობდი,


მე მათი ფრთებით ვქროლავდი,
იქ, სადაც რკინის პალოთი
ვახტანგს დაება ხომალდი...

4. საღამო ძველ თბილისში


...და შავნი შაშვნი დააცხრნენ ბაღებს,
სადაც ცოცხლობენ ძველი ზღაპრები...
შავი ხავერდით, შავ აბრეშუმით,
მოფრიალებენ გიშრის აფრები.

იღებს თბილისი ხელში ჭიანურს,


მიზრაფს ჩამოჰკრა დამჭკნარი ხელი...
გადმოდგა მთვარე ნარიყალაზე
და მოიღერა ბესიკმა ყელი...

5. ქართლის ღამე

შავი კამეჩი შავად დამწვარი.


ურმულიანი ღამე ქართლისა...
მტკვარი, ტირიფი, ძველი ტაძარი,
ჩუმი შრიალი ეზოს ვარდისა...

წყნარად ქათქათებს ზეცა კრიალა,


უხმოდ მოსცურავს ჩქერებში ტივი...
აქ ისტორიამ გადიგრიალა
და მიწა ჩუმად ისინჯავს ტკივილს...

6. თემურის ხანძართ ნატისუსალი...

მთვარე კაშკაშებს მტრედისფერ ბურში,


თამარის სახის დასადარელი.
მთები... სიჩუმე, როგორც ბნელ ჭურში...
ფოთლის არხევას არსად არ ელი...

უცბად მეყნოსა სუნი დამწვრისა,


თემურის ხანძართ ნატისუსალი,
თითქოს მან ქართლი ამ წამს გასრისა
და ერთი ფეხით ვერ მივუსწარი!..

1928-1929 წწ.

მე ვკითხულობდი „ქართლის ცხოვრებას“

მე ვკითხულობდი „ქართლის ცხოვრებას“,


წუხელის დიდხანს, გათენებამდი,
როგორ გლეწავდნენ, ჩემო ქალაქო,
სისხლით მოედნებს როგორ ღებავდი!
გამოვვარდები, ხარ თუ აღარა?
კიდევ გაისმის ქუჩებში ჩეხა?
ვხედავ შენს სახლებს, ვხედავ შენს აბრებს
და მიხარიან, რომ ისევ დგეხარ!

შევხარი დილის ორთქლიან პურებს,


ახალ სართულთა წითელ აგურებს,
ვარდის საპალნეს ტაბახმელიდან
და მას,
- ამ ვარდებს ვისაც არგუნებ!

1929 წ.

დილა კრწანისის ბაღში

ცისკრის შუქი გადეღვარა კრწანისს,


ქარავანი ბორჩალოდან მოდგა;
ვეგებები გუმბათებს და მწვანილს,
მემაწვნეთა უკანასკნელ მოდგმას.

და მძევალი არაგველთა ხიდთან,


მხოლოდ ერთი ლამპარიღა ბჟუტავს;
სხივთან ერთად ჩამოვარდა ხიდან
ჩიტისაგან დაკენკილი თუთა.

მე ამ თუთის გაზრდილი ვარ, განა,


მისი სიტკბო ჩემს ძარღვებში სწვეთავს:
დიდ მომღერალს მე ვინ დამამგვანა,
ჩემი მიწა თუ არ მექნა მწეთა?!

მოდარებულ ცის ნიშანზე ვხვდები,


შუადღისას უღვთოდ უნდა დაცხეს...
ხე შეირხა მიმოხლილი ფრთებით,
მტრედის გუნდი დააფრინდა ცაცხვებს...

1929 წ.

ზამთრის დილა
დროშის ბრდღვიალა ფარჩითა
მზე ბრწყინავს ნარგიზნარევი,
ყინვამ ფანჯრები დაჩითა
ფოთოლნარ-ყვავილნარებით.

მე კი სულ პატარა ვარდი


ლექსში ვერ გამოვიყვანე,
გულს მიღრღნის ეჭვი და დარდი:
მაშ, რისთვის უნდა გიყვარდე?

1929 წ.

გათენებისას მერძევე მოვა

გათენებისას მერძევე მოვა,


მას გაეღება პირველი კარი...
გაიშრიალებს ოთახში ყანა,
ოქროს ეჟვნებით წკრიალებს მტკვარი.

ბიბინებს ქართლი ზურმუხტის ზღვათა,


მოფრიალებენ ტყემლის აფრები,
და ფიროსმანი დუქანში ჰხატავს
ჭიქა არაყზე ფრინველს გაფრენილს.

ვიცი, თბილისი ჰხვდება განთიადს,


ღრუბლებს ჰკიდიათ იის ბუჩქები,
ვიცი, რა ცეცხლიც გულში ანთია
და მდიდარი ვარ დასაჩუქრებით.

მიყვარს დილის ცა, ზღვა და ბალახი,


მიწა, მერცხლის ფრთით შემოხაზული,
და სადღაც ერთი მცირე ქალაქი -
ძველი საძირკვლით მიწას ჩასული...

1929 წ.

ახალი მინდვრების სიმღერები

ზღვის ქაფისაგან
ცხენი შემდგარა,
მიწის წვეთიდან -
ფიჭვი მაღალი,
ზეცას მიარტყამს
ოფლი ხალხისა
ერთ საგუბარში
ჩამონაღარი.

აქაფებული
სიმღერა მინდა
და მოჩეხილი
სიტყვის ლაწანი,
როცა მამითადს
უწვება ყანა -
ნამგლების ცეცხლით
გადასაწვავი!

...მშვიდობით,
სოფლის ორღობეებო,
აღარ შეგრჩებათ
არც ერთი ღობე
და ვეღარაფერს
ვეღარ გაჰყოფენ.
გადიხსნებიან
ვიწრო ეზონი,
ვით მშობიარე
ქალის თეძონი.

როგორც მუწუკი,
ამოვარდება
ჩაფესვებული
შავი ყორღანი,
რამდენი იყო
ამ ერთ ქვისათვის
მკვდარი, ნაცემი,
ნაკატორღალი!

და კვირისტავებ
გადამტვრეული
დაეყრებიან
ოფლგადენილი,
მამაპაპური
კავი, გუთანი,
როგორც მკვნესარე
პაპა, ბებია,
როცა თავს ადგათ
სულთამხუთავი!

დაჩუმდებიან
ზარებთან ერთად,
ვინ ეყოლებათ
მათ შემნახველი,
დე, თან წაიღონ,
გამოიტირონ
ქართლის მინდორთა
წყნარი ნაღველი!

ახალი მდევი
გასთქერავს მინდვრებს,
და ჩაულეწავს
ნეკნებს ტრამალსა,
ამოაბრუნებს საბუდრიანად
კორდებს, ხარვეზებს
და ნატამალსა!

და პარტახები
უძოვრიანი
ჭაობი, შქერი,
ბრწამლის რტოება,
მსხმოიარობით
გადაიხდიან
საუკუნებრივ
გამარტოებას!

გემშვიდობებით,
კალოვ ძნიანო,
გამოფილწულო
ხვავის ნიავო,
ათასი წლობით
კევრზე ვზუზუნებ,
ოროველათი მიტირნიაო!

მშვიდობით, ჩემო
ქოჩორა ჭალავ,
წისქვილის თავზე
წნორო მწუხარევ,
დაჟანგებული
ფურცლები ქარსა
უკანასკნელად
გადაუყარეთ!
ჩაგაფრინდებათ
კაპასი ცული
და ნაფესვარებს
გაჰგლეჯს ნიჩაფი,
ნაოხარ მიწას
რკინამ
ურქინა,
როგორც ზღვის მუცელს
ურქენს ვეშაპი!

შავო კამეჩო,
შავად დამწვარო
ჩემო ბეხია,
ეხ მწვანიანო,
მყუდრო ალაგო!
სოფლის ლაჟვარდი
ჩამოგვეხია,
ახლა კი დროა
ჩავიქალაქოთ!

სულ სხვა ვარსკვლავი


ცაზე შემოჯდა,
მიწას დააცხრა
ჯავშანთ კრებული,
შესაცვლელია
ჩემი სიმღერაც
ყელის ძარღვებში
ჩაკერებული!
ნუღარ ვუშველით
და გადავარჩენთ,
სჯობს გაწყდეს იქა,
სადაც წვრილია,
ნუღარ მიბღავი,
შენი ზმუილი
სხვა სიმღერებით
ხომ შეცვლილია.
...........................
ახალ ცხოვრებას ეშურებიან
ქვებიც - ტაძრებში ნამძინარევი,
ხვალ სხვანაირად იელვარებენ,
ცანი -
ვარსკვლავთა
საცივარები!

1929 წ.
1925 წლის ერთი დილის სახსოვარი

პაოლო იაშვილს, ტიციან ტაბიძეს

მოვიგონოთ, თუ გიყვარდეთ,
იმ წარსულის ყველაფერი,
მოვიგონოთ იმ ოქროში
გადამდნარი დილის ფერი.

მოვიგონოთ, რომ ნაღველის


არც მისხალი გულში ჩანდეს,
ბორჯომიდან გზა ხვეული
მიჰყვებოდა მტკვარზე ჭადრებს.

ვნახავ კიდევ იმ წვრილ ტყეში


ჩვენი კვალის ნაფეხურსა? -
წითელ კალმახს ცეცხლზე ვწვავდით
ვაზის ფურცელ გახვეულსა.

გრიალებდნენ ჩანჩქერები
აზელილი მარჯნის სხივით.
ხმა მყივარი ჯიბრაილი
აყრუებდა ჩანჩქრის შხივილს.

შორს აწყურის ციხე ჩანდა,


წაიბნელა ორბის ფრთამა,
ალუბლისა ფანტელებში
ვიგონებდით: ნინას, თამარს.

უცბათ ფეხით მომავალი,


როგორც ქართლის ჯიოკონდა,
გამობრძანდა ეთერ-ქალი,
საქართველო თან მოჰქონდა.

ავადმყოფი აბესალომ
ჩვენ მოგვყავდა ნამტკივარი;
მხოლოდ მოხუც მებადურსა
იმედად-ღა ჰქონდა მტკვარი.

გამარჯვებას მოელოდა
ახლა მხოლოდ ნაუცბადევს,
ღამე-ბინდზე ცახცახითა
წყალს ესროდა გაშლილ ბადეს.

ყველა სროლა ფუჭი იყო,


შერცხვენილი დაგვემალა
და ფარულად მისტიროდა
ოსტატობის გამქრალ ძალას.

ჩვენ კი... ლექსით ცასა ვხევდით,


ვერ გვიძლებდა ვერაფერი,
დაგვდებოდა - იმ ოქროში
გადამდნარი დილის ფერი.

მართლა გვქონდა ჩვენ ის ძალა,


ცოცხალია ან აქამდის?
რატომ იმ დღის ოქროს დილას
ოქროს ქვებად არ გავქვავდით?!

1929 წ.

თბილისის პოეტები

ჩვენ ბევრი ვართ პოეტები,


თითქოს ღრუბლის ხორო,
ბევრი, როგორც საყვარელთან, -
სამელნესთან ცხოვრობს.

ბევრი მუქთად ატრიალებს


სიტყვის სანაყელსა,
ძველ პოეტებს ვერ აჰყვება,
ვერც ბესიკის ყელსა.

ჩვენ ვერ ვმღერით ისე ტკბილად,


ლექსებს იმათებურს;
ჩვენს ლექსებში ფხას ვერ ვამჩნევ,
ხმაში მიმატებულს.

ის შაქარი მათ დალიეს,


იმათ ყელში ჩარჩა,
ვინც ქამანჩას და ჭიანურს
ზედ აფენდა ფარჩას.

ის თაობა ჩონგურებით
სამოთხეში შავა,
ჩვენი ყელი შაშხი არი,
გაბოლილი შავად.
მშვიდობა, ვინც შენს ბაღებში
ტკბილად იბულბულა,
არა ჰყიდდა სულის ნაშრეტს
სტრიქონობლივ ფულად!

გაიარეს ნემსის ყური


გარესკნელის შიგნით;
ჩასპილენძდნენ
და ინახავს
მათ „მეფეთა წიგნი“.

ჩვენ კი - შენი მღვრიე მტკვარი,


შენით ბედნიერთა,
ლექსებითურთ თან წაგვიღებს
ქალაქის სხვა მტვერთან.

მიგვრიყავს და მიგვათესავს,
ყველას მისცემს ალაგს,
სოღანლუღს და ყარაიას
და ზოგს ბოსტან-ქალაქს,

რადგან მღერა არ ვიცოდით,


სიმღერების წესი,
გულს ნახმევი არა ჰქონდა
და სიტყვას კი ფესვი.

1929 წ.

მშობლური, ტკბილი, მოწყალე

გული მოგელის, მაისო,


გაფანტე ოქროს დიელო,
მე მინდა შენმა ნათელმა
თვალებში კიდევ იელვოს.

რომ დამავიწყდეს ზამთარი


და მისი ქარიშხალები,
ნუშო, კოკორი გახსენი,
ყაყაჩოვ, შავი ხალები...

მიყვარს ხე შუქში ჩამდგარი,


ოცნების დასადარელი,
მიყვარს მე დილა მზიანი,
როცა მოვა და არ ელი.

მიყვარს ღვართქაფი, ყიჟინა,


მეხის ხმა, წვიმიანობა,
ნიავზე ყანა, ქალივით
მოსახვევნად რომ წამოვა...

და იაფერი, მარადის
გულიდან დაუთხოვნელი:
„მშობლური, ტკბილი, მოწყალე,
ცა წყალობისა მთოველი!“

1929 წ.

წარსული

ძველ კედლების ხმა მეყურებოდა


და წინაპართა ხმა გადასული...
წარღვნების შხაპი მეყურებოდა,
ბუკი, ზრიალი, ზარი წარსულის...

მინდვრების, ხანძრით გადაბუგულის,


მე მდუმარება მეყურებოდა...
მე საძირკველზე გატარებული
გუთნის გუგუნი მეყურებოდა...

მისი ტირილიც, ვინც მიანება


თავი სამშობლოს, - მეყურებოდა...
ძვლების და კენჩხოს გახმიანება,
სეტყვა და ღვარი მეყურებოდა...

როგორ მტანჯავდა, როგორ მესმოდა,


რა ყურმახვილად მეყურებოდა...
ჩემი სამშობლო როგორ კვნესოდა, -
ლომის ძახილი მეყურებოდა...

1929 წ.
რა საჭიროა ლექსისთვის ტაში

რა საჭიროა ლექსისთვის ტაში?


ყველა ხევსური, ვიცი დანტეა;
ვიცი, ბეღურას პატარა ფრთაში
დაკვესებული ცეცხლი ანთია.

ვიცი, დამდნარი თოვლის წკრიალი


ბესიკის ხმაზე უფრო ტკბილია;
ქვაც ყველა არი ნაპერწკლიანი, -
გული რომ იყოს, გასაკვირია?

1930 წ.

ივრის პირად

ისევ წისქვილის ისმის რაკუნი,


ძველი სიმღერა გულს ეყურება,
მთვარეა გულის გამაპობელი,
ვარსკვლავი ვარსკვლავს მიეტკბურება.

ისევ ნაცნობი, წყნარი ბუნება,


ციმციმა ზვირთი სევდით მოცული,
ისევ ბავშვობის ძველი ცდუნება -
მწვანე წნორები თმაგამოწნული.

არც დაშორება,
არც დაბრუნება...
ნუთუ აქ დარჩა გული
დარგული?..

ცისფერ ჩქერებში ეხახუნება


ქონიან მკერდით ქვას ორაგული.

აქ გავისინჯე ძალა ყელისა,


პირველი ლექსი,
პირველი დარდი!
და ჩანაჭერი ცისარტყელისა -
მეცვა ხალათი ნუშით და ვარდით.

და ნუთუ ახლა ის აქვე არი,


ეგ სიმღერებიც ნუთუ ჩემია?
ეს ცა, ეს წყალი მინანქრიანი
დანისლულ ხსოვნასღა შერჩენია...

*
შენთან მოველი, რომ გავიხარო,
შენი ზვირთები გულზე მებუროს,
ქალამნის წყალო, წნორების ღვარო,
მდინარევ, ჩემო შეყვარებულო!

ზარში ნაჯდომი შავარდნის ხმითა


შენთან ვუყივი პირველ სიყვარულს,
მე შენს წნორებში გახვევა მინდა,
თავზე ფოთოლი გადავიყარო!

ჩალურჯებული შენი ფშანებით,


შენი ნაწოვით მე ვარ ჯანმრთელი
შენი ცისფერი ბადახშანების
დამშენებია გულზე ნათელი!

*
ქალამნის წყალო, წნორების ღვარო,
შენ მარგალიტის ნაფოტიანო,
ვით უსინათლო, უწინამძღვარო,
კლდიდან კლდეებზე დაბოტიალობ.

ერთიღა დარჩი წყალი მწყემსური,


ტინის კიბეზე ჩამორხეული,
მძინარი, როგორც მთვრალი ხევსური,
ჯიხვის ტყავებით წამოხურული.

ხალხის უღელში არ ხარ გაბმული,


როდემდის უნდა დაიგვიანო?
არა გჭირდება მკლავში ქაფური,
კახურო დევო, შვიდძარღვიანო!

შენ რომ იყავი ამხანაგებში


დაულეწელი ვეფხვი ფრთოსანი?
როდისღა გნახო ცეცხლით ნაგეში,
იხარჯებოდეს შენზე მგოსანი...

*
...არც დაბერილი იალქანები,
ტივზე ტივები, გრძელი ბორანი;
აღორძინებულ სამშობლოსათვის
შენ უსარგებლოთ მიექანები
და ნისლებიდან მოგყეფს ყორანი!

*
აღსდექ, მდინარევ, დაცხედრებულო,
გვაჩვენე შენი ახოვანება;
შენი ტალღების დაქუხებაში
ისმოდეს დროსთან თანხმოვანება!

აღსდექ, გაჰკარი ტალღა შხაპური


დღეიდან ვეღარ დაიგვიანო,
არა გჭირდება მკლავში ქაფური,
დევო კახურო, შვიდძარღვიანო!

და მეც გამიძეხ, სიტყვას შავება,


სამშობლოს შუქით გამოვანათო,
როგორც დამლოცა ვაჟა-ფშაველამ,
დამსკდარი ხელი თავზე დამადო!

1930 წ.

საათნავა

ეს საწყალი საათნავა
სიყვარულმა გაათავა!
უძილოდ ღამეს ათევდა,
„ვით ვარსკვლავი მთვარისათვინ, -
ზარუ -
ზარბაბ -
ზარისათვინ“.
მისხალივით გული სტკივა,
მისი სიტყვა ცაში მივა:
„არ გეწყინოს, ჩემო კარგო,
სიტყვაშიაც იგავი მაქვს,
რომელ ერთხელ გენაცვალო.
განა რამდენი თავი მაქვს?“

*
ხეივანში ჩადგა მთვარე,
აივანზე ოხრავს ქალი,
ტირის თარი დამარხული,
მიზრაფს სცვივა ნაპერწკალი.
- რად აღსდეგი, რად მეძახდი,
რა ოცნებას მიპირებდი?
თარი ტირის... რად უნდოდა,
ჩვენ ისედაც ვიტირებდით...

*
შენ იტირებ, არ მოკვდები,
შენ იმღერებ დღე ათასი.
ქუჩებშია ჩირაღდანი,
აბრეშუმის ფიანდაზი.

შენი თარი - შავარდენი


არის ოქროს ავჟანდითა,
ცხრა კუბოში რომ იძინო,
გასძლებ ლექსის მჟავბადითა!

გასძლებ, ვიდრე შემოგცინის,


ხმა ვისთვის არ დაგეღალა, -
პირლამაზი მეზობელი,
შავგვრემანი, ყელმაღალა...

ვაÎ, სიმღერა არის ორი:


ამღერებენ ერთზე ლერწამს,
მეორე კი სისხლში დადის,
გრიგალივით ყელს მილეწავს.

ორი უნდა საქროლავიც,


როგორც ორი ბოლო - მერცხალს,
ლექსი ვარდებს მოყოლილი,
გულს რომ სისხლით გაგირეცხავს.

სიმღერებიც არ იქნება,
თუ არ ცრემლის შარბათითა;
ცხრა კუბოში რომ იძინო,
გასძლებ ლექსის მჟავბადითა.

შე საწყალო ფეიქარო,
ხმადამთვრალო საათნავა,
ჭიანურო, ცეცხლის მყრელო,
რა ნაღველმა გაგათავა?!

დღეს თბილისის მოედანზე


მე ვარ ლექსის ქანდირბაზი;
სამქებაროდ ჩახჩახებენ -
ჩირაღდანი, ფიანდაზი.
1930 წ.

მაშ, რა ვუყოთ, პოეტებო...

გადეყარა ნარიყალას
ნაცრიანი ბური...
ხაში,
ხილი
და თონიდან ამოყრილი პური.
თაბახი და საზანდარი,
მზე შინა და გარეთ -
ეგებება მზეს თბილისი
თავის ექვსი კარით...

*
მიეგებეთ,
ვინც დამწვარა,
როგორც საათნავა!
განა გიცდის სიყვარული,
ადგება და წავა!
მაგრამ ისევ ილაპლაპებს
მტკვარის ლურჯი გავა,
ქაშუეთის ჩუქურთმები
ფასკუნჯების თავად!

*
განა გასძლებს სიჭაბუკე,
ვაი, შენი ბრალი!
ხელებშუა გაქანდება,
ვით ნიაღვრის წყალი,
ისევ ისევ დამწიფდება
ვერის ბაღში ბალი,
აბანოდან ამაივლის
თვალციმციმა ქალი.

*
განა ლექსი ლექსი არი,
თუ დარჩება მუნჯი?
პოეტებო,
გულსაც უნდა
ბერტყვა, როგორც ხურჯინს!..
ჰკივის თათრულ სიმღერებით
მწველი იეთიმ-გურჯი,
სწვეთს ღვინოში ჩაწობილი
ფიროსმანის ფუნჯი.

*
მიეგებეთ ოქროს მტვერში,
სიტყვა უნდა განდაგანა,
ბესიკსა და საათნავას
სიყვარული სწამდათ განა?
ხმაში უნდა ვეფხვის ძალი, -
სამაია სამთაგანა!

*
მაგრამ ლექსი გადურჩება
იმ ძველ ნააჩრდილარს?
სახედარზე წითელ ბოლოკს
და ჭიანურს მტირალს,
მეტივეს და თივის ურემს,
წყნეთურ მაწვნის ქილას? -

მაშ, რა ვუყოთ, პოეტებო,


ამ თბილისის დილას?

1930 წ.

ოცნებათა ციცნათელები

- ვარდყვავილებით,
ცისარტყელებით,
ძმებო, არასდროს გიოცნებიათ?
მაშ, ოცნებათა ციცნათელები
ნაწვიმარ შტოზე არ გიძებნიათ?

- არა და არა, ძმებო, ბოდიში!


ყველა ყვავილი დაგვვიწყებია,
არ გვღირსებია ყოფნა ქორწილში,
ბაღში ვარდები არ გვიძებნია,
ბრძოლით დაღლილებს,
ბრძოლის ლოდინში,
ხშირად ეკლებზე გაგვღვიძებია!

1930 წ.
სიჭაბუკე და ლექსი ერთია

მხოლოდ შენ გეტყვის შენი ქვეყანა,


ბევრი იცხოვრე დღეის-ხვალობით:
სტვირს გიკრავდი და არა როკავდი,
გიგალობდი და არა გალობდი!

შენი დრო იყო სიჭაბუკისა,


ვერ აიყარა შენი ყვავილი;
სიჭაბუკე და ლექსი ერთია,
ერთ ჩუქურთმაში გამოყვანილი.

ვინ დაგაყარა გულზე ქვიშანი,


არ ამოვიდეს ლექსის ბალახი?
ახალგაზრდობა - შენი ნიშანი,
თავზე გადგია ვით ჩაბალახი.

ულამაზესი მხოლოდ ის არი,


ვინც ავსებულა თავის დროს ძალით -
ადიდებული, დამწიფებული,
ყანა, მდინარე, ვენახი, ქალი.

დღევანდელი დღის პასუხ-მგებელო,


ჩაასვი სიტყვა - ტყვია ტყვიაში!
მიწას არ ახსოვს, იყოს პოეტი
გამომწყვდეული კუბოს წყვდიადში.

და რაც კი სუნთქავს დღეს ქვეყანაზე,


რაც სიცოცხლეთი არი ცხოველი:
მიწა, ფოთოლი, ღრუბლის ნაგლეჯი -
შენი სიტყვების ღიმილს მოელის.

შენ გელოდება დასასტამბავად


ათი ათასი ჩანჩქრის ბღავილი;
სიჭაბუკე და ლექსი ერთია -
ერთ ჩუქურთმაში გამოყვანილი!

1931 წ.
პოეტის შენიშვნები

კარგია,
საღამოთი
გაქვს დახუჭული თვალები.
სიმშვიდის მალამოთი
ცვივა
მწუხრის ნაფერთალები.
ჩაიდე გასაღები!
როგორ მოიგდო ოთახმა
ბინდის ნაღები?
სწევხარ -
კაცი ოტროველა,
გაფხრეწავ ჯავშანს, -
როგორც თხის გუდას,
რკინას რკინაზე...
.........................
გადაიქცევი
შვიდი წლის ბავშვად,
გულში გწოვს რაღაც
იის სინაზე.
შეგეპარება
და ტვინს მობუდავს...
რძე შეფრქვეული
ბავშვობის ქარი
ოქროს არტახში
გარწევდეს, მგონი:
ჩაგშრიალებენ
ლერწმოვანები,
გულზე ავარდა
ოცნების ბოლი.

- კიდევ გაქვს გული შეღონებული,


გულსაც ხომ დათბა?
გაჩნდება მთები შეღვინებული,
შალაშინგაკრული ტბა...

II

დაგვავიწყდება
ქუჩა - საზვავე,
ქუჩა - საღვარე.
გახურია ოთახი,
როგორც ბალდახინი,
ბინდი კი მოდის ზამბახივით,
ირმის რძეებით...
მთვარის შაქარით...
შენ - დანეშტებული,
ნამუთაქარი,
ვით უნამუშავრო
მიწის ნაკვეთი,
გდიხარ...
და ოცნებას ვეღარ ელევი.
ბინდი კი მოქშუის
მწივანი გველივით,
გალესავს ფანჯრებს
და კარებს დაკეტილს,
ბეჭის ფრთებიდან
მოკიდებული
სხეული
ტკბილად ჩაგინახშირა.
...ასეა ხშირად!

III

შემოვარდება ელექტროშუქი,
ნათელი, მხიარული,
როგორც ჭაბუკი...
დაჯდება მაგიდაზე,
ხელთ აგიტაცებს,
დაგლამპრავს, დაგწვამს,
და ყოველ მხარეს
შეგიშხაპუნებს
დღევანდელ ჰაერს,
გაჰფანტავს ზამბახს
და ატავიზმსაც,
უცებ შეგრცხვება
შენი თავისა...

IV

შემოიხუვლა,
გადასწია ლექსის წერტილი.
დაჯდა, ჩაგცქერის:
შემოგაჯახა
ნაჯიხვარ მთებიდან
გამოვარდნილი ტახივით
ჩანჩქერი!
მუცლიან ღრუბლებს
ჩამოწყვეტილი...
შემოგაჩქეფა
დღევანდელი მზე,
მთებში რო ჩაეცა,
დაგცხრილა,
და გული
დაგიპო ცხრაკეცად...
ავარდი!
ფანჯარას ეცემი ქუჩისკენ, -
იქაც -
მჩქეფარე ჩანჩქერებია,
ხალხი სიცოცხლეს დასჩქარებია,
იქაც ცახცახებს
სიცოცხლის სული
და შენი ლექსიც
თვალს აბრიალებს,
სიტყვა ნიშანზედ არი მისული!

მგოსანო,
პირი გაქვს ოქროს მწვეთავი,
ჩანგი -
ვარდის წყალში იადონის გული!
ხალხის მელამპრევ,
რათა გაქვს ნეტავი
სკამი სულ ბუხართან დგმული...
ჯდომით გასუქდები,
ბუხარს რომ უყურო,
„პოეტი არ ვარგა
ცხენზე მსუქანი“.
არ მოგეწყინა
მყუდრო და ფუღურო,
პატარა სიტყვის
პატარა დუქანი?
მღამიობი ხარ,
თვალგაფიცრული
ბუხართან ოცნებას იგონებ?
თქვი, ჭკვაგარკვევით,
დღევანდელ მზეს უმზერ,
თუ
ვარსკვლავებზე
დამდნარ ლითონებს?
იცი, რომ
თოვლში დამწყვდეულ ყანასებრ
შენც დამწყვდეული
გექნება გული,
თუკი, -
მგოსანო, ხალხის მელამპრევ,
ბუხართან სკამი გექნება დგმული?
ბუხარმა იცის:
დარდი რტოებად,
დამბლა,
ფილენჯი,
ნეკრესის ქარი,
იცის ლექსების გატოროლება,
ცრემლის მაწონი
და ნალექარი...

ბუხარი ხოხბის საბუდარია,


შენ -
უნდა ქარიშხალს
გული ახალო.
ლექსგანაკრავი
თუ ჩამოვარდები
სისხლი გაცხობილი
დაახმეს ახალუხს!
ერიდე ბუხარს -
ანთებულ კუბოს,
არ დაახანო!

VI

მოკვდა ოთახი!
გვამი გაჭიმა
კელაპტარიდან - კელაპტარამდე.
გაციებულან
ტკბილი ბუხრები,
სადაც გაძარცულ სულს
აფარებდენ...

არ გვყავს ოთახი,
არც გვეყოლება,
ჩალეწილია
ყველა ნიშნებით,
ვაი, ოთახი, ოთახიანი, -
ბაღლინჯოებით,
ყურთბალიშებით!
ვაი, ოთახი,
ხალიჩის შუქით,
სახლის მერცხალი
და ხეივანი...
გოგირდის ბუქით
შიგ დაჭიხვინებს
ქარი მხვივანი...
.......................

მგოსანო, შესდექ,
საითღა ილტვი?
ოთახს ხანძარი გადაებურა,
ამოჭვარტლულა
ბულბულის ფილტვი,
შროშნის გალობა
გათავებულა!

VII

მგოსანო,
ლექსის მერძეულო,
სიტყვის მეკალმახევ,
რამდენი გუგუნი,
რამდენი სიმღერა
უდროოდ დამარხე?
მრავალი ლექსი
კალამს მოეჭრა
და სიმღერებშიც
ბევრი იოფლე.
საზანდარს
არ ჰქონდა
მაზანდა,
ტიროდა სიობლეს.
საზანდარს
გულშიგნით
ჰქონდა ჭრილობა,
დაშინებული
ლექსის სახსარი.
ლექსთაშენის რაშს
დაგიწუნეს დახედნილობა,
როდესაც სიტყვა
სათქმელად აღძარი...
გითხრეს,
გქონია ვადა გასული,
დაფესვებულა
შენი წარსული,
მოგიწოვია ძველი ჯიქანი.
წარსულში დგეხარ
სიგრძე-სიგანით
და ხელუხლებლად,
დატვირთული ხარ
ძველ სიმღერებით,
როგორც ხე
მუმლით შეიხურხლება.
ჩამოიბღერტე
მუმლი და ყარტლი,
თორემ გახმები,
გელის გაქრობა!
ახალ ცხოვრების
ახალი მადლით
ასწიე ლექსის მოქალაქობა!

VIII

კალამში დარდი შემოპარულა


და ხშირად
კალამს წვეთი არა სდის.
დაგამტრევ, კალამო,
თუ არ დასველდები,
ყვავივით დადიხარ
მეორე პწკარამდის.
ომში დამდგარი ცხენისთვის
მხედარს
შუბი დაუცია
მუცელში ტარამდის.
ასე უთხარით, პოეტო, კალამს,
თუ ფალავნობა შენი
დაზოგოს,
მელანის ბელტი
სიმს მოგირკალავს,
დაემსგავსები
ბებერა სოკოს.
ყელმოტეხილად მღერა
ძნელია,
უწამლავია ლექსების ჭვალი,
თუ გსურს ნიშანზე
მივიდეს სიტყვა,
მზეს გაუსწორე
დღევანდელს თვალი!
და თუ ცხოვრება ღონიერია,
მაჯაშიც მისი გექნება ღონე,
ნუ გამაგონებ
დაცემის ხმაურს,
გაჭენებულის ხმა
გამაგონე!

1931 წ.
ძველი პოეტები

მეჩვენებიან მე პოეტები,
ვინც საქართველოს ხმით შეაბერდა.
ზოგი მღეროდა ბულბულის ბაღში,
სხვა უნაგირის ტახტაზე სწერდა.

მღეროდნენ, როგორც დიდი წვიმები,


ვით ფრინველები ათასხმიანი,
გადაჭიმული ჰქონდათ სიმები
და არ იცოდნენ ლექსის ხრიალი.

ხმალმა, ხანძარმა,
კალიამ, ჭირმა
მათი სიმღერა ვერ შაანელა, -
შოთა,
ბესიკი,
გურამიშვილი,
ჯიხვტყავიანი ვაჟა-ფშაველა!

მორწყეს სამშობლო ლექსის მდინარით.


და ენაზედაც ოფლი სდენიათ,
იყურებიან სახემბრწყინავნი,
შუბლზე ნათელი შეუფენიათ.

მაინც ჟღავიან დედამიწიდან,


არ გათავდება მათი ნუგეში
და სამუდამოდ ჩაბუდრებულან
სიმებისაგან დაწნულ ბუდეში...

1931 წ.

ოლე

შენ ლიახვის კლდეზე დგეხარ,


ძველი მოსასხამით, -
ოლე,
ოლე,
მარტოხეო,
დღისითა და ღამით;
შიგნიდანვე გამომწვარო
მარტოობის შხამით,
შიგნიდანვე გაბზარულო,
დახეთქილო კეცად;
ხე ბრუნდევ და ხე მართალო,
ხეო, ერთო ბეწვა.

დგეხარ, როგორც სახრჩობელა, -


თვით გახრჩობენ მთები;
დაკიდებულ არწივს ჰგევხარ
მომსხვრეული ფრთებით.

რაშო, მიწას მიჭედილო,


ვეღარ აიქროლე;
პარტახო და ნამეხარო
მარტოხეო ოლე!

გელანდება ნაჯახები
და გრიგალი დამჯახები
მწარედ აგათროლებს.
ცას ჯანღების აჯანყებით,
სეტყვას, მბრწყინავ თოვლებს,
დამდნარ ძვლებით ეგებები,
მარტოხეო ოლე!

ზღვიდან ქარი წამოვიდა


და ღრუბელი ბუნდრად,
ცაში ელვა შეიკლაკნა,
შენკენ შემობრუნდა.
ქარის ეშვებს,
მეხის ბრეშას,
შენი მოთხრა უნდათ!

ყინვის კარჩხი თვალს გიკაწრავს,


ლაჟვარდს ვეღარ უმზერ,
წვიმის შუბი გალესილი
გიკაკუნებს გულზე;
მზე შემწველი, ცოფიანი,
ხრჩოლად აგაბოლებს,
ტყავდამსკდარო,
ნაოხარო,
მარტოხეო
ოლე!

მარტო ხარ და მარტო დგეხარ,


ძმა არა გყავს, დედა,
მარტი ჩოხას შეგიკერავს
ზანზალებით ზედა,
წვიმით ქოჩორს დაივარცხნი,
ღამის წვეთს სვამ რძედა...
მხიარული საკრავებით
გაზაფხულის ვარსკვლავები
შენს ტოტებზე სხედან;
ოქროსხმიან სიმღერაში
თვალს ხუჭავ და ხედავ, -
შენზედ მარტო არვინ არი,
შენზე უფრო მეტად,
ბალღამის და ცრემლის სვეტო,
შენ, ქცეულო ხედა!

ვის გასცქერი, ვის მოელი,


გული ვისთვის გტკივა?
ვის მიაღწევს შენი ხმები,
ვის კერამდე მივა?

ვაჲ, თუ გზაში დაიღალა,


ვერ იარა სწრაფად,
ვაჲ, თუ კვირას ვერ მოვიდეს,
ვერც გამოჩნდეს შაბათს!

თუ მოწამლეს საყვარელი
შავი დარიშხანით,
და მის პერანგს აფრიალებს
გზაზედ ქარიშხალი!
წადი, ძებნე მეგობარი,
ვინმე წაიყოლე;
სხვა რომელი დაგიძახებს
მცირე სახელს - ოლე!
ტყე გეძახის მწვანე მხრიდან,
თავქოჩორა ღელე;
ტყეს უნდიხარ დიდი ხნიდან
გიქნევს ათას ხელებს.

ტყე გეძახის ახვეტილი


ფალავნების ჯარით,
როგორც ვაჟი არხვატელი,
შავს რკინაში მჯდარი:
- გეყო, მარტო ერხეოდე,
გამიღია კარი!
გეყო, მხრებზე გეხვეოდეს
ეხოების ქარი!
მოდი ჩემთან დაგაპურო,
არ გინახავს ხემსი,
მე აგიყვან ხელში,
როგორც
ნაპოვნ ბატკანს მწყემსი!
მოდი, მოგცე, გაგახარო,
ცოლი - მესაწოლე;
ოხერო და ნამეხარო,
მარტოხეო ოლე!

მაგრამ ცისკენ იყურება


შენი ოქროს თავი,
კოშკებად და ჯიხურებად
მოჰქრის ღრუბლის შვავი.

მოჰქრის ცაში წასაყვანად


აკიბული კიბე,
დაგაყრიან ტოროლები
ატლასებს და დიბებს.

მზე, მარჯანზე უწითლესი,


მოგეგება წინა,
დაგიკოცნა ყველა ფესვი,
გულზე მიგიწვინა.

დაგესივნენ ვარსკვლავები,
დაირით და დოლით,
გაკვრევინეს სალამური,
გათამაშეს გოლი,
სთქვეს:
ნურც გტკივა, ნურცა გცივა,
ნუღარც აგათროლებს, -
ტოტზე ტოტით გადამხვეო,
მარტოხეო ოლე!

ოლე,
ოლე,
მე ლიახვზე
დაგინახე წამით,
შიგნიდანვე გამომწვარი
მარტოობის შხამით,
შიგნი-შიგან დახლეჩილი
შრეებად და კეცად,
ყორანისგან ჩაყეფილო,
ხეო, ერთო ბეწვა!

*
მაღლა ზეცა პრიალებდა.
ძირს კავკასის მთები.
დაკიდებულ არწივს ჰგავდი
გაწყვეტილი ფრთებით...

რაშო, მიწას მიჭედილო,


გასჭერ, აიქროლე,
მარტოობის არტახები
გადახიე, ოლე! -
რომ სთქვა:
გული თუ მტკიოდა,
ახლა აღარ მტკივა;
რომ ლიახვის რძიან ქაფში
შემოცურდე ტივად,
რომ გაგჩარხო და გაგთალო,
როგორც წმინდა ბროლი,
რომ შენ იყო ჩემს დარბაზში
შუაბოძის ტოლი,
რომ გრძელ ტივებს მოუძღოდე
ხეთა წინამძღოლი!

მოდი ჩემთან,
ვიდრე მეხი
დაგკრავს,
აგაბოლებს,
ტყავდამსკდარო,
ნაოხარო,
მარტოხეო
ოლე!

1931 წ.

ცაში პირველი ნამეხარია

ცაში პირველი ნამეხარია,


გამოიშალა ნუშის ფურცელი,
რა მიხარია,
ასპიტ ზამთარს რომ გავუძელი.

ცაში პირველი ნამეხარია,


ცამ დაიგლიჯა ლურჯი მუცელი,
ამობამბული გახსნა სარკმელი, -
დაიგრიალა და თქვა სათქმელი, -
სიმღერა ერთი, გამოუცვლელი...

მე სად ვიჭექე, სადა ვმღეროდი,


სად ამოვიღე ლექსების ქარი?
ვერც ფალავნობის, ვერც მომღერალის
ვერ დავუტოვე ხალხს იადგარი.

გაუქმებული ახალგაზრდობა
გულზე მეთრია, როგორც სიმძიმე;
ყველა დღეები იყო მჩვრიანი,
ყველა ლექსები გამოვიძინე.

5
ოცდათერთმეტი წელი გასულა,
ვიხსენიები უკვე წარსულად,
და სიჭაბუკეც მიდის ვერაგი,
ძმებო, გამყიდეთ იოსებივით,
მამას უჩვენეთ სისხლში პერანგი.

1931 წ.

პიიტები ბატისფრთიანი

...ვხედავ დასტებად ნაცრიან მწერლებს,


მათი საგზალი ცრემლის ქაფია,
ჰყავთ ცოცხლებშიაც თანამდებარე
დღეს ლირიკული ქარიყლაპია;
ზოგია სხვისი ჩანგის ყაჩაღი
და ზოგი კიდევ უმიზრაფოა...

და პიიტები ბატისფრთიანნი,
მუხამბაზების მთვრალი დარაჯა.
წვანან სიჩუმის ნავსადგურებში
და კალმის შუქი მათი არა ჩანს...

რაც მიაკეცეს სიტყვა სიტყვაზე,


გაუნიავდათ იმავ წამითვე;
ერთი გაძღომა ჰქონდათ ოცნება.
ვერ წაიხემსეს, ისე წავიდნენ...

წარეცხილი აქვთ საძირის კვალი


და ენის ტარი მათი დამპალა;
ჩვენთვის კი არა - სადმე ხატისთვის
იქნებ ივარგონ ზეთის ლამპარად.

ჩემს მაგიდაზე მისთვის მსმენია


ჭახანი მათი ზურგის ძვალისა,
ერეკებოდათ ახალი რიტმი,
როგორც ნაკრავი ამორძალისა!

მე დავინახე, ბევრი მათგანი


ქუჩამ გასრისა, როგორც პეპელა.
განა რომელი გამოგვადგება
ჩვენი დღეების მასწავლებელად?
რომ დასძრას ლექსი ცხენოსანივით.
ავარდეს ბუქი უკან ამტყდარი;
ხელდროშიანი გაგვიძღვეს წინა
გამაპობელი ბაირახტარი!

მაგრამ განა მათ მოეთხოვებათ,


გაუძლონ ჩვენი ლექსის მარწუხებს?..
აბალახებულ იმათ საფლავებს,
სირცხვილი არი, ნუღარ ვაწუხებთ...

1931 წ.

„დედის პური“ და „პაპას ქლიავი“

თვალზე ცრემლები რომ აგორდება,


ცხოვრება როცა დაგვკბენს სიავით, -
ძმებო, მითხარით, რათ გვაგონდება
„დედის პური“
და
„პაპას ქლიავი“?

ვიცით, ქლიავი კბილებს დაგვაჭრის,


რა საჭიროა მეტი განდობა? -
ჩამორიგდება დედას პურები,
როცა იტყვიან ჩვენს შესანდობარს!

და მაინც გვიყვარს, ვით მონაქროლი


ჩვენი ყრმობიდან წმინდა ნიავი,
სიყვარულის მზით გადანამქრული, -
„დედის პური“
და
„პაპას ქლიავი“.

1932 წ.

ანდერძი

ეს გახსოვდეს გარიგება
ძველის მოუსმინარესა, -
აკვნის დაწვა -
არ იქნება,
წყალს მისცემენ მდინარესა,
ან დასჭრიან,
ან ჩაჰფლავენ,
დაძველებათ მჩინარესა...
საფლავის ხვნაც -
არ იქნება,
მითუმეტეს - წინაპრისა...

1932 წ.

ნიტას

ხალხის ჭდევისგან, გულწასვლებისგან,


ქვითინისაგან, რაც მას რგებოდა,
ცხრაჯერ დაიმსხვრა რუსთველის კუბო,
ვიდრე საფლავთან დაიდგმებოდა.

მე ასეთ კუბოს არ მოვსწრებულვარ,


საიდან ვიცი, რაა პოეტი,
ცრემლით, სიმღერით ატაცებული,
თავის დიდების სიმარტოეთი.

მე ვარ პოეტი? ან მამაშენი?


ჩვენ ვართ ქართული მიწის ოცნება?
ამოითხრება ჩვენ სულში ლექსი
და ფესვიანად გაიტყორცნება?

არ დაიჯერო, არ დაიჯერო,
რომ ჩვენ შეგვეძლოს ლექსის ჭენება,
ჩვენ კუბოს მაშინ გამოგვიცვლიან,
თუ მოხდა ჩვენი გადასვენება.

მაგრამ ერთსა გთხოვ, რომ დაიჯერო,


რომ ჩვენ ვიყავით ლექსის მძევალი;
რომ პოეზიას არა ჰყოლია
გაცოფებული ჩვენზე მწევარი!

და თუ ვერ მივწვდით, ვერ დავეწიეთ,


ვერ გავაჩაღეთ ლექსის ბრიალი,
შენ უპასუხე, შენმა თაობამ,
და საქართველომ დაიდოს ბრალი!

ცხრაჯერ დაიმსხვრა რუსთველის კუბო,


ჩვენ კი - ერთისაც არ გვაქვს იმედი,
მე მამაშენის რიტმით ვწერ ამ ლექსს,
ბევრი სიმღერით, ბევრი მძიმეთი...

1933 წ.

თბილისის განთიადი

აქ ყველა ბიჭი საზანდრობს,


ყველა ჰკვეხს წინაპარითა;
გულამოჭრილი საზამთრო
შემოგანათებს პარვითა.

ელავს აივნის ნოხები,


ტაბაკზედ - ალიბუხარი,
და ბურში ორთქლავს ხოხობი
აქ ჩახარშული მდუღარით.

ამტყდარა მღერა ბაღიდან,


აკლდამებიდან - გუგუნი,
მთაწმინდის ცეცხლით გაღიმდა
გარემო გადაბუგული.

კაშკაშებს სხივთა ბარაქით


მტკვარი ნაპრალში გდებული;
დგას ხეტეველთა ქალაქი -
ზურგზედ კლდემოკიდებული...

გამოველ,
მსურდა ყვავილი
ლამაზ ქალისთვის მეყიდნა.
დაჭრილ ხევსურის თავივით
მთვარე მთებს გადმოეყვინთა.

ქაშუეთს ფერი დაჰკრავდა,


ვარსკვლავის სხივზე თბებოდა,
ცილა დაღვრილი ვარსკვლავთა
ქაშუეთს ეწებებოდა.
ბაღით სურნელი მოვარდა,
სადაც რეჰანი ეთესა,
მე გავიგონე, მოჰვარდა
ქვა ნარიყალის კედელსა.

მესმოდა ბავშვთა ჟივილი,


თემური კალოს ლეწავდა,
იტეხებოდა ტკივილით
ძვალი, ქცეული ლერწადა.

შორს ცხენჭენებით დაჰქროდნენ


ყაბახის მობურთალები;
მათ საყურებლად დაგროვდნენ
ცისფერთვალება ქალები.

მე გავიგონე დაირა,
ხმა ხაბარდიან ტაშისა,
იადონს გაეშაირა
მღერალი ყიზილბაშისა.

მე გავიგონე, მთვარეში,
როგორ ყიოდა მეტივე:
- თბილისისაკენ დავეშვი,
ვეღარ კი შემოვეტივე!

ხმები მესმოდა, არავის


რაც აღარ ეყურებოდა,
აჩრდილთა ხროვა მზარავი
ყორეზე დაეყრებოდა.

ვიჭერდი უანკესოდა,
მთვარის ნამქრალი ზოლითა,
და ძველი მიწა კვნესოდა:
სისხლით, ცრემლით და ბოლითა.

ბინდი კი ბინდზე ირთხმოდა,


წყვდიადი ყორნის ჯიშისა,
მამლების ტაში ითხოვდა
მზეს - ქვეყნის სარაჯიშვილსა.

გავხედე, ცის ერთ კუნჭულთან


რძე მოჟონავდა ძუძუდან;
დაჩნდა სინათლე ლალივით,
კალმახის წითელ ხალივით...
*
როცა ცისკარმა მეტეხზე
ღამის ღვარები მილამა,
წყალში გამოჩნდა მეთევზე,
ბრწყინვა დაიწყო დილამა.

ჩანდა ნაკვალი ვარსკვლავთა


და ნაოთხალი მთვარისა,
და თავს ქაშუეთს აკლავდა
ხმა მომტირალი თარისა.

მაგრამ, ეძინა გრიგოლსა


და ვარდსაც წინანდალისა,
და იმ გულს აღარ ესმოდა,
ვინც ეს ხმა წინათ ალესა.

არც მტკვარს ესმოდა, არც ყაბახს,


აივნებს ჩუქურთმიანთა,
შეეფრქვა ტივებს და თაბახს
და ისევ კუბოს მიადგა.

ხმა ქცეულიყო ჩონჩხადა,


საფლავის ნამტვერალადა.
მხოლოდ მეთარეს კრუნჩხავდა
ძველ სიყვარულის ბალადა.

მხოლოდ უსმენდნენ შაშვები,


კარები არსად გაიღო, -
დამტაშებელი ტაშები
საფლავში გამომპალიყო...

*
გადმოვიხედე თბილისზე,
თითქოს აენთოთ ხონჩები,
შემოჰხვეოდა დილის მზე
ყვითელი ოქროს ფოჩებით.

აღარ ახსოვდა ტოლები,


ნინევია და ბაღდადი,
არც მტრის დარტყმული ტორები,
სისხლის ცრემლების ღაღადი;

არც ის, ვინც გული ატკინა, -


მოძალე სამარყანდელი.
დიოდა მტკვარი ხმატკბილად,
გაღმა ჰყვაოდა ყანები.
თბილისს ეღვიძა ქორივით,
გული კლდით ჰქონდა გებული,
მოსჭექდა ხალხის მორევი
შრომისთვის გარიგებული.

ხმა ვაჟკაცური, მედგრული,


გუგუნით ყალხზე დგებოდა:
ხმა ერთი ძალით შეკრული
ეხოებს ეხეთქებოდა.

ჩემი ლამაზი ქვეყანა


ამ დიდ ხმებს გადაეყვანა!
წარსულის ნამსხვრევ-ნალეწი
თბილისის მთებზე ეყარა.

ძირს ლომკაცები სცვეთავდნენ


ლოდებს, რომ აჩნდათ ჭრილობა, -
თბილისს გაჰქონდა მცხეთამდე
თავისი მხარგაშლილობა!

1933 წ.

ტყუპი იაგუნდები

გაზაფხული მახარა
ნიაღვარის ყვირილმა!
გულს ია დამახალა,
დასტა-დასტა გვირილა!

შავ ღრუბლებმა გაჰყარეს


ტყუპად იაგუნდები,
ჩემს ლამაზს და საყვარელს
ისევ მოგაგონდები!

მე შენ მინდა გახარო


ჩვენი ახალგაზრდობა,
ჩემო ქორის ბახალო,
დღეს რაც გალამაზდება!

დავძრათ ბედაურები,
გავჰყვეთ მზის ნაკვალევსა,
ქარებს გავჰყვეთ, ნიაღვრებს.
ცისარტყელის მკლავებსა!

ყველაფერი ჩავთვალოთ
სიყვარულში ნარგებად, -
ვაშლის თეთრი ყვავილით
ქვეყნის მოპერანგება;

ოქროში გადამდნარი
გაზაფხულის დილები
და ფრთებით პეპელისა
გზები ნააჩრდილევი;

მთებზე მთვარის ნამქერი


ზედ ზოლები მკრთალები
და შენი მშვენიერო,
დასათხრელი თვალები!

მე ეს მინდა გახარო,
ჩემო თეთრო ნარჩიტა,
ყველაფერი ჩახჩახებს
სიყვარულის ხარჯითა!
დაე ფერფლმა ნუშისა
ჩვენი მხრები მოთოვლოს;
გაზაფხულო,
აპრილო,
დაწვიმულო ფოთოლო!..

1934 წ.

თუშის ქალი ალავერდობაში

ერთიც დაჰკივლე თუშურად,


ქარს შეუერთდი ქარშივე,
ფრთაგატყორცნილი არწივი
ფრენაში გაიკავშირე.

პირანთებული ჰშვენოდი,
გადაქნეული ხმალივით,
შავთმაჩაშლილი ქალწული
მოჰქროდი ქარიშხალივით.

ქვაბების ნაორთქლარ ნისლში


ღრეოდა თუშთა ყრილობა.
ქუსლამოკრული ქურანი
მიჰქროდა ნიავქარული;
შენი მხედრობა მიყვარდა
და შენი თავდახრილობა,
შენი მოხედვა, ხოხობო,
და სიკისკასე ქალური.

ხვალ ყველა დაგაშაირებს


ალვანს, ბახტრიონს, თიანეთს,
ერთმუხლად გამოშვებული
ცხენი რომ გააფრთიანე.

და თითქოს მოსწყდი მიწიდან,


ჰქროდი ხმელეთის გარესა,
სიგრძე და განი სად იყო,
სულ იქროლებდი ზღვათამდე;

გინდოდა ცხენის ქროლაში


გასწრება ნიავქარისა,
ვარსკვლავიანი ღრუბლები
თითქოს შენს სახეს ჰხატავდნენ.

შორს შავარდენი მოგდევდა,


შენი გმირობის მაყარი,
შენი კბილივით ელავდნენ
მთები რთვილგადანაყარი.

ვისკენ მიჰქროდი, საითკენ,


სივრცეში შეუხედარი,
ვის მისძახოდა შენი ხმა,
ვინ იყო შენი მხედარი? -

შენს სიყრმის დილას მისდევდი,


შენს ტურფა ყმაწვილქალობას,
შენს დაშუქებულ მომავალს,
ხვედრით რომ დაიმსახურე.
და ხმოვანებით ციური,
ვით იდუმალი გალობა,
ჯირითის ქარში, მესმოდა,
ჟღეროდა შენი საყურე.

ჩემს სიჭაბუკეს მიჰგავდი,


ჩემს აღტაცებულ ოცნებას,
ჩემს ღელვას ჰგვანდა გაქროლვა
და შენი დაცხენოსნება!
გავა დრო, განა შემხვდება
კიდევ მე შენი ყურება?
სხვა გაზაფხულის წვიმები
მწვერვალებს დაეწურება.

სხვა იჯირითებს, სხვა იმღერს


სხვა მზეში ნაზიარები...
ისევ დარეკავს მთებიდან
მიმინოს ოქროს ზარები...

1934 წ.

ვაჟა-ფშაველას

წარმოთქმული ვაჟა-ფშაველას საფლავზე მთაწმინდაზე,


დიდუბიდან ნეშტის გადმოტანისას, 1934 წ. 18 ოქტომბერს.

მთა იყავი, მთასთან მოხველ,


შეგრჩენია მუხლში ღონე,
თვალდახრილო მეამბოხევ,
ხუნდებით რომ შეგაღონეს...

კვლავ შეჰხედე სამშობლოს ცას,


მოუხადე კიდევ ქუდი;
შენი კუბო რომ ავხადეთ,
ამოვარდა არწივთ გუნდი!

მოგელოდნენ მთის ლოდები


ნაჟურებით დაჟანგული,
ბალახებით, ხის ტოტებით
გამთელდება ვაჟას გული!

გადაჰხედე, შენი მთები,


თითქოს ვეფხვნი დაყრილანო,
ნავარდს არტყავს ორბის ფრთებით
შენი სიტყვა სამყვირალო.

ზვავის ღვართქაფს დაუბერტყავს,


ნაბუდია ჯიხვის რქაში,
შენი სიტყვა,
როგორც სეტყვა,
დროშის ზარი, წყლის კაშკაში! -

იგი გვზრდიდა, როგორც წვიმა,


და მან მოგვცა მძვლიანობა,
ხის ფოთლებში გაგვაწვინა,
აკვნის თავზე გვიგალობა.

ხმას სჭექავდი მოკივლებით,


სამშობლო რომ გქონდა ციხედ.
შენ დაგმარხეს ბორკილებით,
ჩვენ დროშებით ამოგიღეთ!

1934 წ.

მუხა და მეხი

.............................
უცებ მოსწყდა ნაპირთან, -
დაისარტყლა, გაფითრდა
დიდროვანი ღრუბელი, თითქოს რკინის ნახარში,
ყაყაჩოსფრად მახვილი
მუხას დაუპრიალა,
დაჰკრა ზურგის ბაწარში!

მეხმა მუხა გახარა,


აშიშინა ხორცივით
და გაჟღლილი ქერქები სხვა ხეებს მიაყარა
გასროლილი, ტყორცნილი...

მუხას წყალი ჩამოსდის,


ტყავგახდილს და გალოპრილს;
მუხის შავი კარავი ნატუსალმა გატრუსა,
ჰგავდა მუხა დამფრთხალი
ბუღას დანადარტყმულსა!

ჩადგა დიდი სიჩუმე... მუხამ შეიშრიალა.


თმა, გულღვიძლი, სიცოცხლის
ცეცხლებს დააწეწინა.
იწყებოდა რიჟრაჟი...
მეხს კი წყნარად ეძინა
ამოკაწრულ მიწაში...

1934 წ.
ხეებზე წარწერილი ლექსები

*
მთელ ცხოვრებას შენზე ფიქრით გავივლი,
უშენობას გული ვერ შეეთვისა,
ნუშის წვერში რომ იფეთქებს ყვავილი,
იქ მაქვს გული შენახული შენთვისა.

*
შენ სუმბული ხარ, ნაზი, რტოვანი,
შენ, ვით მაისმა, შემომისწარი,
შენი სიწმინდის შუქის თოვანი
გულში ბრწყინვალებს, როგორც ცისკარი.

*
სად არი ტილო ან მარმარილო,
ბრინჯაო, რვალი, ქვა და ქაღალდი,
რომ დაიტიოს შენზედ ოცნება,
ჩემი მდუღარე სულის ღაღადი?!

*
მოგუბდა ლექსი შენს სიყვარულზე
და ლამის ყელში გადაილეწოს.
ერთხელ დახარე ჩემსკენ წამწამი,
რომ ჩემმა ჩანგმა შენზედ ილოცოს...

*
სატრფოვ, გაფანტე ფიქრები,
ეჭვიანობის არაკი,
სულ მუდამ ერთად ვიქნებით,
როგორც მტკვარი და არაგვი!

1935 წ.

მცხეთის მთებში

აქ ძველ კედლების ხმა მომესმოდა,


მამამთავრების ხმა გადასული...
აქ დედაჩემის კოჭობი სდუღდა...
აქ ხმალს ლესავდა მამა მხარგრძელი,
გუთანს უძღოდა გაღიმებული...
მათ მაგარ გულზე მე ვარ გაზრდილი,
სიტყვატკბილი და მაღალხმიანი.

აქა მღეროდნენ სტვირის მკვრელები


და მომღერლები სიყვარულისა;
მათი ფერფლიდან მე აღმოვცენდი,
ნაწოვი მათი სიმღერებითა,
ნაძვის წვერივით განათებული.

დღეს ხეობებში ჩემი ლექსი ჰქრის,


მიწით შესვრილი, ტახის ღონისა;
ასამაღლებელს ახლა მე ვიტყვი,
სათქმელს მიმინოს მოკივილითა, -
აჰა, სამშობლოვ, სიტყვა ქართული!

*
არ მინდა ჩანგი მე ხელნაჭერი,
ნარტყამი ხმალი სააკაძისა;
არ მინდა სირჩა სხვისი ნასვამი,
ვარსკვლავი სხვისი შარავანდითა,
სხვის იალქანი ათრთოლებული!
მე მიპოვნია ჩემი სიმღერა,
ჩემი სიტყვები გამაპობელი, -
სიტყვა ამტყდარი წვიმასავითა,
ცისარტყელებით ვარაყფრქვეული!

სამშობლოს დროშის შრიალს შევხარი,


ლოდმაგარ ქვითკირს, - აღტაცებული...
მიყვარს სამშობლოს განთიადები,
ქართლის სიმაგრე შეუტეხელი,
მის ლამაზ მიწას ვეალერსები.

დე, ჩემი ლექსი დარჩენილიყვეს,


ვით ხმლის ნატეხი დაძველებული,
ვით წყალდიდობის ქაფი შემხმარი
დიდი მდინარის ნაპირებისა...

ვიცი, ფერფლიდან ტალღა წამოვა,


ძალა ექნება დაჯახებისა;
ვიცი, ტალღიდან წარღვნა წამოვა,
და არ ექნება ბოლოკიდური.
შიგ დღევანდელი ხმა დაიძახებს,
ჩემი გულის ხმა სიცოცხლიანი...
ახალ ცხოვრების ახალი ღონით,
ახალ ქართლის მზით გაჩაღებული...
1935 წ.

სამშობლოს

გულის ფესვიდან მინდა გიმღერო,


და თუ ვერ გითხრა როგორ მიყვარხარ,
შენს თითეულ ხეს, ბალახის ღეროს
ვკოცნი, ვეხვევი, ვეტყვი, მიყვარხარ!

თუ შენი დიდი წყვდიადი გალღვა,


ბნელი წარსული თუ დაგვიმარხავს,
დღეს შენ ახალ მზეს და ახალ ტალღას,
ვკოცნი, ვეხვევი, მოდი, მიყვარხარ!

1935 წ.

დავით-გარეჯა

გადარუჯული დავით-გარეჯა...
ამწვარ ტრამალზე ბზინავს ავშანი...
ამ ველს, ამ სივრცეს ვინც უდარაჯა,
ვინც შეიმსხვრია მკერდზე ჯავშანი, -

ვინ მოიგონოს, სადღა არიან,


ვინ გაიხსენოს მათი სახელი?
არც მოჩვენება, არც სიზმარია,
ჩონჩხებით სავსე ჩანს საწნახელი...

გაჰქრენ ქარივით და სიზმარივით,


მათზე მგლოვარეც დალპა თავშალი...
და მხოლოდ ტბაზე შერჩა მარილი...
ბალღამიანი ბზინავს ავშანი...

1936 წ.

ვუმღერ სამშობლოს
სულ ჩემი გულის მონაწურია,
რაც დაეპწკარა ქაღალდს ლექსები,
ვუმღერ სამშობლოს, კიდევ მწყურია,
და მის სიყვარულს დავემწყემსები.

მშობელ მიწაში მიდგას ფესვები,


როგორც წყალში დგას წნორის ძირები.
სიცოცხლეს ვერვის დავესესხები,
თუ სამშობლოსგან გავიწირები!

მარადი შუქით ბრწყინვალებს იგი,


მისი ნათელი დამთოვებია,
სიცოცხლე - მისი მშვენების იქით -
ერთ ნაბიჯზედაც არ მდომებია!

აჟღერდეს მისთვის პოეტის ენა


და ტკბილი სიტყვის გამართულობა,
ვით ღონიერი ნიაღვრის დენა,
ჩემი თქმულობა, ლექსქართულობა!

დამდგარა ჩემი სიმღერის ჯერი,


ეს ყვავილები მე დავაგროვე;
მე ვარ სამშობლოს ჩუქურთმის მჭრელი,
ვარ ახალ ქართლის თანამედროვე!

გულის ნათელი მე მიპოვია,


ქართლის დიდების მე ვარ მნახველი;
სამშობლო - ჩემი გულის ფეთქვაა
სამშობლო - ჩემი ლექსის სახელი!

1936 წ.

ტოროლასავით შეფრინდი გულში

ტოროლასავით შეფრინდი გულში,


შიგ შეიყოლე ცისკრის ციალი,
მისთვის დილაა მუდამ ჩემს გულში
და ჩემს ლექსებში - ვერცხლის წკრიალი.

განთიადის ფრთით შეიჭერ გულში


და გარეთ დილა რაღად ვეძიო?
ტოროლასავით დაჰქროლავ გულში,
რომ სულს წამითაც არ მიეძინოს...

1936 წ.

არწივები

მომწონს მე ფიცხი მერცხალი,


მისი ქროლვა და ფეთება,
თუ სახლზე ბუდეს მიაკრავს,
სახლს ლხინი დაებედება!

ბრიალებს ტურფა ხოხობი,


სტყორცნის ალს არემარესა;
შეიფრთხიალა ბულბულმა
და გული გამიალერსა...

მაგრამ მე მიყვარს არწივი,


სიმაღლე უყვართ არწივებს!
შუა გაჰკვეთენ განწირვით,
ვინც მზის გზას დაუქარწვიმებს!

ავლენ მზესთან და მღერიან,


მზეში ფრთას გადაარწევენ,
უყვართ სიმაღლის ნათელი,
სიმაღლე უყვართ არწივებს!..

კარგია არწივის ფრთიდან -


სტვირზე გმირული გალობა,
თუ არწივული სიმღერა
ლექსის ხმას დაეწყალობა!
კარგია არწივის ფრთები,
თუ გმირის მხრებში გამოვა!

„მომცეს ფრთანი და ავფრინდე,


მივხვდე მას, ჩემსა ნდომასა;
დღისით და ღამით ვხედვიდე
მზისა ელვათა კრთომასა!“

მიყვარს არწივთა სამშობლო,


არწივიანი, ორბეთი, -
იქ იწოდება არწივად
გმირების წინამორბედი!

1936 წ.

მთები

აქ ჰფლობს ტიტანი.
ცეცხლის მიმტანი,-
ღმერთი პრომეთე.
სოფოკლე

მთა მთაზე მოსჩანს მაღალი,


არწივის ჩრდილით ფარული,
თავზე თოვლგადანაყარი,
წარღვნიდან ამოპარული.

ხან სჩანს მზის ამოსახედი,


ხან შავი ღრუბლის ნახირი,
მეხის, ნიაღვრის ხმას ერთვის
ხმალდარტყმულ ვეფხვის ძახილი...

აქ იზრდებოდა მრავალი
თავისუფლების მფიცარი,
აქ, ჯამში მაჯას იპოხდნენ,
სტკიოდათ გულის ფიცარი.

ხმლით ულალავდნენ ერთმანეთს


ყორნებს, დაჭრილი გმირები,
ყორანი დაჭრილს მისდევდა,
სისხლისთვის შენამზირები...

შინ ლაშქრობიდან უმხედროდ


თუ ბრუნდებოდნენ ცხენები, -
ხმალი ეკიდათ კისერზე,
კაცობა შეურცხვენელი.

*
აქ, ვეფხვის ჯიში, ხმლის ჯიში.
სწამდათ უმეტეს ყოვლისა;
აქ, თაყვანს სცემდნენ მოდგმობით
ხმალს, ბრძოლით ცეცხლგამოვლილსა.
შიშველ ხმალს ხელში აძლევდნენ
სულთაბრძოლის დროს ვაჟკაცსა,
რომ სიკვდილისთვის დაეკრა,
მზე არ დაეთმო კაშკაშა!

და გაისმოდა ანდერძი,
ხმა მხედრის ღაღადებისა:
- „ერთი დღე სიკვდილისა გვაქვს,
მეორე დაბადებისა!“

სამშობლოს საზღვრის დამგდებსა,


ხმალი ცრემლფრქვევით სტიროდა,
ლაჩრის ხორცს ყვავიც არ სჭამდა,
სწუნობდა სანადიროდა...

*
მთებს მკერდს უხრავდათ სურვილი
ათასი წლობით მძინართა,
ხან იღვიძებდნენ, ცეცხლს ჰყრიდნენ -
იალბუზი და მყინვარმთა.

*
აქ დაბინავდა ახალ კერაზე
ხეთის ქვეყნიდან მოსული ხალხი;
გამოქროლილი ფრთიან მერანზე,
გამოტყორცნილი მრისხანე ტალღით.

ხშირად მისი მზა სისხლნადინარი


ძლიერ ქარიშხალს დაუბორკია.
ბრძოლით დასტოვა შუამდინარე,
ღალისის პირი, კაბადოკია.

ბევრჯერ ყოფილა მწარე ყოფაში,


ხმალი სჭერია ცეცხლნაკვესები;
აქ შემოვიდა, ამ ხეობაში
ჩადგა, ვით ძელქვა რკინის ფესვებით.

მოსჩანს ნაბრძოლი მისი ალაგი,


ქვახვრეტილები და ქვისკარები;
გმირთა ნაკვეთი კლდეში ქალაქი,
სადაც ღმუიან ზამთრის ქარები....

*
აქ მტაცებელთა იყო სადოღე
და სარბიელი მათი ხმალისა,
შუბის წვერებით მიწა გათოხნეს,
ამტვრიეს სალტე დარიალისა!

სისხლის ღვარსეტყვით რეგვეს ქვეყანა,


კლდეებს ატყვია მათი ნატორი.
აქ რა უნდოდა, რამ მოიყვანა
შაჰი,
სულთანი,
იმპერატორი?

დაგვწვეს, დაგვდაგეს და ვერ წაიღეს


თავისუფლების ამაყი სული.
იგი გადურჩა ბორკილს და ციხეს,
ის მთებში იყო გადახიზნული!

მთებო, ვერ ჰკლავენ ამ სულს ომები,


და თუ მოსთხრიან, ამოჰბზარავენ, -
თქვენ, დაიბღავლებთ, როგორც ლომები,
როდესაც ძუ ლომს ლეკვს მოჰპარავენ!

1936 წ.

ქართლის ბაღი

ბრწყინავს ქართლი - ვარდის ბაღი,


შეფრქვეული მინანქარით,
იაგუნდის წვიმა დასწვიმს,
სურნელების დაჰქრის ქარი.

ელავს ბაღი. - ხოხბის ყელი -


შვიდ მაისის წვიმით მთვრალი,
მთებს და ველებს დასთამაშებს
გაზაფხულის მწვანე თვალი...

რძე, კოკორში მოწოლილი,


ჰჟონავს ყლორტში ყოველ მხრიდან;
თითქოს ქალი სარკმელიდან...
იყურება ვაშლი ხიდან.

ჰგავს ალვის ხე თეთრ ჩოხაში


საქორწილოდ მორთულ სიძეს,
და ატამი - ტურფა ყმაწვილს,
აკვანში რომ გაიღვიძებს.
მარგალიტის ტყუპის ცალი,
ტოკავს ბალი ნება-ნება,
ცერის ტოლა თეთრი თუთა
დათაფლული შტოზე დნება.

ბრწყინავს ბაღი, ელავს ბაღი,


ფირუზქარით დარხეული:
ყურძნის მსხვილი იაგუნდი,
ვაზი, ვარსკვლავჩახვეული.

ოქროს წყალი, ატმის ლალი,


შინდის ლალი, მარწყვის ლალი,
ბროწეულის ყვავილები, -
თითქოს თონის ნაკვერცხალი, -

ათენებენ ქართლის დილას


ტოროლების ტაშისკვრაში, -
მარწყვისფერად, შინდისფერად
იღებება გარიჟრაჟი...

ვეფხვის ჭრელი პერანგივით


გაიშალა ქართლის ველი, -
გაჟღენთილი წვიმით ყანა,
ფირუზთვალა ცვარით სველი...

ბრწყინავს ქართლი - დიდი ბაღი,


ყვავილების ფერად ზღვითა,
მარჯანი და ზურმუხტ-ქარვა
ნათელს სტყორცნის ყველა ხიდან...

1936 წ.

გორი - ქართლის მეთაური

აი ქალაქი შემოჭანდრული,
ვერხვის ფოთლებში გამოხვეული;
აქ ზენაქარი ჟღერს, ვით ფანდური, -
თავყინულიან მთაში რხეული...

დაჩუქურთმული აივანები,
ზედ ხეივნებად ვაზი გასული;
ზოგან კრამიტი, ზოგან ბანები,
ძველი კედლები ჩამოგაზული...

ქალაქს დასცქერის უზარმაზარი


ციხე, ხერხემალ-გადატეხილი...
ძირს დაფანტულა დუქან-ბაზარი:
გოდრის თევზი და თაბახზე - ხილი...

აქ, ამ დაზგებზე, გორელ ფალავნებს


ძვალმსხვილი მაჯა დაემკვრივებათ;
ინდოეთისკენ მავალ ქარავნებს
აქ ჩაუვლიათ წეროს მწკრივებად.

რომს გაუზიდავს თვალმარგალიტი,


აზიის ფარჩა და ყალამქარი...
აქ, ყველიერში - კრივის ყიჟინით
ფხიზლდება ხოლმე ძალა გამქრალი
და ჭიდაობის ეშხით და ჟინით
შეხვდება ზურნით გორის ამქარი...

ჭაპნის ჭრიალი... ეტლის ხმაური...


მემაწვნე ბიჭის ჩქარი ძახილი...
დღისით დგას ერთი აურზაური,
საღამოობით ბღავის ნახირი...

ირგვლივ მინდორი ღელავს ბარაქით,


მტკვარზე გაისმის წყნარი „ტიური“,
შხუის ლიახვი და სთვლემს ქალაქი
დიდი ვერხვებით გადაჩრდილული...

1936 წ.

მარად ბრწყინავს სამშობლო

ლექსო, რაღა კარგი ხარ,


ლექსო, შენც დამკარგვიხარ,
გაოხრდი, გატიალდი,
თუ სიტყვაში ჩაგიქრა
სამშობლოს განთიადი!

- არა, შენი ჩუქურთმა


ჰქსოვეს ქართლის შუქურთა,
ფრთებს მისთვის მიაქანებ,
მარად ბრწყინავს სამშობლო -
დიდ შვილთა მეაკვანე!

1936 წ.

ლექსო!

ლექსო, სად ივლი, სანამდე?


მე აღარ შეგეკითხები...
არ დაეცემა მიწაზედ
აჟღერებული სიტყვები.

1936 წ.

ვარდი

როგორ სურნელობს ეს თეთრი ვარდი,


მასთან ხომ დარდსაც დაეძინება?
მე ვმხიარულობ მის ნებადართვით,
სევდაზე მხოლოდ გამეცინება...

მზის ელჩი არი ამ ქვეყანაზე,


და სიყვარულის გაჩენილია.
მე არ ვოცნებობ ოქროს ხანაზე,
ის ოქრო ჩემში დარჩენილია!

შენ, გაზაფხულო, ვარდი მაყარე,


ვარდით დაბურე ჩემი ხეობა,
უკვდავი ოხვრა სხვას ჩააბარე,
მომე მზიური მედროშეობა.

1936 წ.

ავადუღოთ მარგალიტი
ციცნათელას შუქზე ვთბები,
მინდა მწვავდეს ცეცხლის ალი,
მარგალიტი ვერ ვადუღე,
გადმოვიდა გუბე წყალი,
მაგრამ გული დავადუღე
ოცნებათა ნაპერწკალით...

ამ ქვეყანად ზოგჯერ მცივა,


მათბობს შენი შუქის ალი,
დამანათე გულის ცაზედ
შენი სულის ფრთა-მერცხალი...
ახლოს მოდი, ტოლი ვიყვეთ,
სწორი ვიყვეთ, ვით მისხალი...
ავადუღოთ მარგალიტი,
გადმოვიდეს გუბე წყალი...

1936 წ.

პოეტის დედა

ვხედავ: პატარა ბაღჩაში


ფუსფუსებს ჩემი მშობელი,
გადაკვალთული კალთებით,
დღე-ღამე მოსაქმობელი,
წინსაფარში რომ უწყვია
ბოსტნეული და კვერცხები...
მამაპაპური კერისა
ყოველდღე მომნაკვერცხლები...
თან რომ ჭიკჭიკით დასდევენ
შოშიები და მერცხლები...

1936 წ.

სად შეიტყორცნა ჩემი ოცნება

თუ შენი გული არ მემოწმება,


თუ ვერ ავაგე წმინდა ტაძარი,
სად შეიტყორცნა ჩემი ოცნება -
ციცნათელების ცეცხლზე დამწვარი?
ვის გავეკიდო ახალ ძახილით,
რომელ ჯადოქარს, რომელ სირინოზს,
სულის ჩაჭრამდი ჩამწვას სახმილით,
გული სიშმაგით გამაწირინოს!

თუ შენი გული არ მემოწმება,


თუ გულში წარღვნა მე ვერ დავძარი,
მაშ, სად შევტყორცნე ჩემი ოცნება -
ციცნათელების ცეცხლზე დამწვარი?

1936 წ.

სიმღერა თარზე

არავის ნახვა არ მინდა,


მე მხოლოდ შენთან მოველი...
მზევ, გულზე მოშუქებულო,
შენს სანახავად მოველი;
გულით, ფიქრით და ოცნებით,
ძვირფასო, შენთან მოველი...

ასე ბრუნდება ზღვებიდან


ქარში ნაწეწი ხომალდი.
ვით მთას არწივი ესწრაფის,
მეც ისე შენკენ ვქროლავდი.

ვით მოგზაური შინისკენ,


მე შენკენ მოვისწრაფოდი;
მე შენს სიყვარულს გამოვყე,
როგორც მთის ჩანჩქერს ნაფოტი...

იქნებ არ არი საჭირო,


რომ დღესაც შენთან მოველი?
იქნება ზღვაში ხის დარგვას
და აყვავებას მოველი?
ვით ბაღში მაისის წვიმა,
ძვირფასო, ჩუმად მოველი!

1937 წ.
„ვეფხისტყაოსანს“

ხელში აგიღებ... გაკოცებ,


კიდევ ჩაგკოცნი...
ჩაგცქერი;
წიგნი კი არა - ჟრჟოლა ხარ,
ჩამოქაფული ჩანჩქერის.

წიგნი კი არა - ბაღი ხარ,


ოქროს ცვარჩამოწვეთილი;
გაშლილი ბაირაღი ხარ,
ლექსის ფრთა გაუცვეთელი!

წიგნი კი არა - დილა ხარ,


ქართველი ხალხის ნათელი.
გულის ფესვებში გინახავ,
გულში ხარ გამონათალი.

ქაღალდზე გწერენ... სიტყვების


ნაცვლად ლალები სხდებიან;
გბეჭდვენ -
ნიშნები სტამბური
ვარდებად აყვავდებიან.

გკითხულობენ და გმღერიან
ლხენით გულ-დამერცხლებული;
შენგან ჰყავს ხალხის სიცოცხლეს
სიკვდილი დამარცხებული!

*
უთენებელი ბნელეთის
შენ ერთი გვყავდი მთეველი;
სიმდიდრე ბევრი წაგვართვეს,
შენ დაგვრჩი წაურთმეველი!

შენ არ გჭიროდა სახიზრად


გამოქვაბულთა წყვდიადი.
არწივის ფრთაში ჩასაფრდი,
ქოხის ნაცარში ბრწყინავდი.

გწვავდნენ და არ იწვებოდი,
ცეცხლში დიდების მხვეჭელი.
ვერც ქარიშხალი გფანტავდა,
ხეების ამომგლეჯელი.
შენ ხმალის ღარზედ ეწერე,
ანდერძი ოქროსხმოვანი:
„სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანი!“

*
წიგნო, წინ მიუძღვებოდი
ხალხს უკვდავების ნაღარით;
შენ გწერდა დიდი რუსთველი,
თავსოქროგადანაყარი.

შენ გწერდა ცისკრის კამკამი,


ხევთა ხმა, ზვავის ზრიალი;
შენს კალამს ორბი ჰზიდავდა,
ტყავს - ვეფხვი თანაზიარი.

შენ გწერდა ქალის წამწამი,


ვაჟკაცის მკერდი გმირული,
შენ ხალხი გწერდა მხედარი,
ბრძოლით გულამოკირული.

შენ ჩვენი სიჭაბუკე ხარ


გული არ დაგიძველდება,
სიმღერა, დილას ნამღერი,
შვიდასი წელი გრძელდება!

აახმაურე სამშობლო,
კარისკარ ჩამოიარე;
ზოგს პურმარილზე შეესწარ
და ზოგს უხვევდი იარებს.

მიჯნურს გულადუღებულსა,
სიცოცხლეს დაუელვარებ;
ლაშქარს უსარდლებ სარდალი,
ხელში ხმალს აძლევ მღელვარეს.

სიყვარულს სიყვარულითა,
ძმობით ძმას ეპასუხები,
დიდ ჭირში დაგვაფოლადებ,
დავდგებით, როგორც მუხები.

*
შენ ხელსატაცი სიტყვა ხარ,
დიდია შენი სახელი;
მთების სიბრტყენი გადასჭერ,
სამშობლოს გარეთ გახველი.

შენი სიბრძნე და ოცნება


გულში აქვთ გამოკვანძილი;
ჩამოურიგდი ქვეყანას,
როგორც დიდი მზის ნაწილი.

კარებს გიღებენ ტკბილ სტუმარს


ქალაქები და სოფელი,
სიმღერა, გულში ნათქვამი,
გახდი მსოფლიოს მფლობელი.

გაქანდი, ოქროსფრთიანო,
გასცდები ქვეყნის ნაპირსა, -
შენ, დედაჩემის მზითევო,
ფარ-ხმალო მამა-პაპისა!

1937 წ.

ვეფხისტყაოსანს

საუკუნეთა წყვდიადი
რუსთველმა გადაანათა,
მის ლექსის გული დამაგრდა,
გულს ვაჟკაცობა ანატრა; -
ოქროა კერას ნადები,
შრომაში ვარდათ გვეფრქვია,
ბრძოლაში გვემუზარადა!

ათასობით და მეტობით
ეს წიგნი იწერებოდა, -
გადამწერლების კალმები
ყვავილად აყვავდებოდა, -
ქალების მზითევს ამკობდა,
გამზრდელად თან მიჰყვებოდა,
ომში გმირ ვაჟკაცს უძღოდა,
ტყვიის წინ ემღერებოდა!

ვერ გადახვია სიკვდილმა


თვისი ჩონჩხარა მკლავები,
შოთამ ახარა სამშობლო
სიცოცხლით და უკვდავებით...
ბევრჯერ ვიყავით დიდ ჭირში,
სიკვდილის ქსელში გავებით,
მაგრამ გულს გვიქვიტკირებდა
რუსთველის ლექსის ტაეპი!

ხალხს ბევრი ჰყავდა მტარვალი,


ომით რომ ვერა ძღებოდა,
ხალხს უბნელებდნენ მზეს, მაგრამ
მზედ შოთა მიუძღვებოდა!
„- ერთ ვითა ლალსა მზისაგან
მას ფერი ეფარდებოდა“,
მისი ბრწყინვალე ნათელით
მტერი შავბნელი კრთებოდა!

და წიგნი „ვეფხისტყაოსნის“ -
სამშობლოს დიდი სახელი -
არის სიმღერა ხალხისა,
ხალხთა საბრძოლო ძახილი!
ხალხის ერთობის, გმირობის,
მხნეობის გამომსახველი -
ამოსაფხვნელად უნდოდათ,
თვით გახდნენ ამოსაფხვნელი!
ცეცხლში სწვავდნენ და გლეჯავდნენ,
სდევნიდნენ ჩინგის ხანები -
ხონთქარ-ყეინი-ნოინი,
მონგოლ-სპარსელი ხანები;
კვლავ ეკლესია ებრძოდა,
კითხვა აკრძალა ბრძანებით,
რომ არ ჰქონოდა ხალხს წიგნი -
ოცნების ამამწვანები!

მაგრამ ვერ მოსპეს სიმღერა


მკლავ-ფიცხელ-გულმაგრობისა,
წიგნი დიდ სიყვარულისა,
ვაჟკაცურ მეგობრობისა;
გადაშენდნენ და დაიწვნენ
მსურველნი მის ჩაქრობისა,
შერჩა დიდ შოთას მზეობა
და სიჭაბუკე ორბისა...

*
სიტყვა დამჭერი ცეცხლისა,
სიმღერა დამადნობელი,
ხალხმა ატარა გულითა,
ის იყო მისი მკობელი...
ვარდი დაჭკნება, ზაფხულიც
თვით რჩება დაუჭკნობელი,
გამოგვებულმა დასძლია
სიკვდილი დაუნდობელი!
ხალხმა თავის თავს ამსგავსა,
სიტყვა სთქვა რა დიდებულად,
„შავ ხეობაში მრისხანედ
ვეფხ-ლომნი წაკიდებულან,
ვეფხვი სცემს, ლომი უფარებს,
ერთურთზე გამწარებულან,
იმათ შუაში ტარიელ
გმირობით გახელებულა!“

რა ძლიერებით ისმოდა
ეს წიგნი ათასხმიანი
შრომის და ნიჭის მიხედვით
ცხოვრობდეს ადამიანი!
გულს ახალ ცეცხლით აფეთქებს,
თუმც ძველი ამბავი არი...
მზისა და სიბრძნის ჩანჩქერი
მოსჩქებს დიდების გრიალით!

*
ტურფაა ჩვენი სამშობლო;
მშვენება მისი მდელოსი,
მისთვის გვებრძოდა სუყველა
ეშმაკი თუ ანგელოზი...

მაგრამ ვართ ხალხთა მებრძოლი,


ბოლოს გამტანი ლელოსი,
არც გული გაცვდა, არც ხმალი,
არც სიტყვა საქართველოსი!

რკინის პერანგში გავზრდილვართ,


გვედო ქვის გული მაგარი,
ჩვენი გმირობის ფოლადი
ჩვენს კოშკებს გადავაკარით!

სხვას არ მივეცით სახელი


წინაპართ ნაჭირმაგარი,
სისხლით ვიყიდეთ სიცოცხლე,
შრომით ვაყვავეთ მთა-ბარი.

1937 წ.
ილიას სურათზე

შენი ქართლი გაზაფხულით -


ისე წახველ - ვერ ამწვანდა;
გული ჰქონდა დაგაზული,
თოფმოხვედრილ არწივს ჰგავდა!

შენ გწყუროდა მისთვის ბრძოლა,


განახლების ქართა ქროლა,
მეხის ფრქვევა მთვლემარ მთებში...
გარს კი ჰმზერდი ხალხის საფლავს
დიდ ნანგრევთა ნაფშხვენებში!..

გაშრა ცრემლი მწუხარების,


აწმყოდ იქცა მომავალი,
დავინახეთ შენი მხრები,
დევკაცური შენი კვალი...

ახმიანებ საუკუნეს,
ძველ ნახმევმა მოგვცა ბანი,
და ვემთხვევით ხალხის პოეტს,
შუბლგახვრეტილს, ცრემლგაბანილს...

შენ გიყვარდა ხმა მტვრევისა


და მომსკდარი კლდიდან თერგი;
შენ ძირს დაგცეს ფოთოლივით
და მთასავით წამოდექი!

1937 წ.

ანგელოზის ფრესკა

დღეს ანგელოზის ფრესკა მაჩვენა,


დიდთვალება და გრძელი ფრთიანი,
ზედ მიაშვირა ხელი მარჯვენა,
ნახატს მიხსნიდა ტკბილი ხმიანი.

მოსწონდა, ხატი რომ ბრწინვალებდა


თამარისეულ დროის დიდებით,
ცოცხალ ფრესკას კი ადგა ნათელი
და პირს ეფრქვია მარგალიტები.
და უცბათ მივხვდი მე, აბნეული,
რომ ორ ანგელოზს შუა ვიდექი!

და ჰგავდა თვითონ იმ სპეტაკ დილას,


როცა პირველად მზემ გაანათა,
სერაბიმი კი, მან რომ დაჩრდილა,
ჩემ წინ ჭკნებოდა თანისთანადა.

ერთის უღირსი, ვიდექ ორშუა,


გულში მათოვდა ვარდის ნათელი,
იქ, სადაც შავი მორევი შხუის
და მტკვარი მოჰქუხს კორიანტელით.

1938 წ.

მე რომ მიყვარხარ...

მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს,


ისე მაღალი და სპეტაკი განა მთებია?
მარტის ნიაღვარს აყვირებულს გზები ჩაუხრავს,
უგრიალნია და ზღვის უბეს შეერთებია.

მე ვის უბეში, მე ვის გულში შევინავარდო,


ვის შევუერთდე, - შენი გული დაკეტილია!
ნუთუ ეს ტრფობა, საყვარელო, თეთრო მთის ვარდო,
პოეტისათვის მხოლოდ ძველი გაკვეთილია?

1938 წ.

თოლია

მიყვარს ზღვა მზეში დაოქროილი,


მისთვის, რომ გული ტალღის ტოლია;
ზღვის ლურჯ ყუთიდან ამოქროლილი
გადასთხრის ღრუბლებს თეთრი თოლია...

იწვება ცეცხლით გულის ფიცარი, -


გული კი არა, ცხელი თონეა,
სატრფო მეცა მყავს დასაფიცარი,
მეც მყვარებია, მეც მითრთოლია...

მე დავრჩენილვარ შენი ამარი,


ვით ზღვის ამარი არი თოლია,
ძვირფასო, შენი შუბლი მარმარი
რამდენ ოცნებას დაუთოვლია.

რამდენი სხივი გულში ითესა,


რამდენჯერ არი ლექსში რქმეული,
სახე შეყინულ მარგალიტისა,
კიდევ ცისკარის ფიფქით ფრქვეული.

შენი სახელი მე დავიფიცე,


დე, ვიყო მარად შეყვარებული;
მე ვემალები ქვეყნის სიბიწეს
შენს ციურ სახეს შეფარებული.

შენი ღიმილი ნათელკაშკაშა,


თითქოს ფრთა გაჰკრა ტალღას თოლიამ...
მე სიყვარულმა დამავაჟკაცა,
მეც მყვარებია, მეც მითრთოლია!

შენ, სიჭაბუკის ჩემის გენიავ,


ოცნებისა და ლექსის დიდებავ
პირზე რომ წმინდა შუქი გფენია,
მე უკვდავ ცეცხლად გულს მეკიდება!

მე გხედავ მზეში ქროლვით შესულსა,


რაგინდ ავდარი შავად ნისლავდეს,
შეეჩუქურთმა სული შენს სულსა,
დე, ნურც გაშორდეს უკუნისამდე!

დამიელვარე ფრთამარგალიტი,
თავს დამნათოდე, თეთრო თოლია,
ჩემი აფრაა თოლიას ფრთები,
ცის თეთრ ვარდებში რომ უქროლია.

დაე, დაიწვას გულის ფიცარი,


დარჩეს ნაცარი - სხვა რა ღონეა?
შენა ხარ ჩემი დასაფიცარი,
ჩემს გულზე მქროლი თეთრი თოლია!
თუ ვარ ზღვასავით აღვარებული,
მიტომ, რომ გული ტალღის ტოლია,
მეცა ვყოფილვარ შეყვარებული,
მეც მყვარებია, მეც მითრთოლია!

1938 წ.

ტოროლების ოროველი

ტოროლების ოროველი
გვისმენია ქართლის ველზე,
იმ ხმას ვეძებთ ორივენი
დიდ მინდვრებში, ვეძებთ, ვეძებთ...

მე ვიპოვე ის შენს ხმაში -


ხმა წმინდა და ხმა დიადი...
და ჩემს გულში აღსდგა მაშინ
ჩემი ყრმობის განთიადი...

1938 წ.

ნისლები

მთიდან შავხევში ნისლები


ნეტავი რისთვის ჩადიან?
იქნებ წყლის ამოსატანად,
იქნებ სხვა რამე დარდი აქვთ?

არა!
მიწას რომ აკოცონ,
კაცის დანახვა სწყურიათ;
ხეებს ემთხვიონ, რიყის ქვას,
სად კაცის ნაფეხურია!

1938 წ.
მაგონდება ჩუქურთმაში ყვავილი

მაგონდება ჩუქურთმაში ყვავილი,


ტაძარზედ რომ არი გამოყვანილი,

მაგონდება მე ქართლის მწვერვალები,


მაგონდება შენი წყნარი თვალები,

შენი სახე მომთვარული და ნაზი,


შენი შუბლი იალბუზზედ ლამაზი.

შენი შუქით ჩემი გული დამზევდა,


შენ დამხურე მაისის ცა თავზედა!

და მსურს დავრჩეთ, რა დროსაც არ გავივლით,


როგორც ჩარჩა ჩუქურთმაში ყვავილი...

ქვაზედ ჰყვავის და არ უდრკის განსაცდელს,


ათასს უძლო, კვლავ გაუძლებს ათას წელს...

1938 წ.

ორი დღე

თქმულა, რომ ქვეყნად ორი დღე არი,


ვით სახსოვარი და იადგარი:
„დღე - მოგონებად უკვე ქცეული
და მეორე დღე - ჯერ არ დამდგარი“.

მე შენით ვზომავ სიცოცხლის სიბრძნეს,


შენზე მენიშნა ძველი თქმულება;
თუ განშორება დღეს შენი ვიგრძენ,
შენთან შეხვედრის დღეც მეგულება.

ვფიცავ შენ თავსა, ვიცი, დადგება


ის დღე ლამაზი, ის დღე ბრწყინვალე!
და ერთი შენი სხივით გადნება,
რასაც დღეს გულზე მაწყობ მყინვარებს.

1938 წ.
ძველი წიგნის მწერალი

მიყვარს ოცნებით დახვეული ძველი გრაგნილი,


მთაწმინდელების ეტრატები დაუჭკნობელი,
თაფლით ნასიტყვი, ვარდის ენით გადათარგმნილი...
სადღაც შენდობას იხვეწება წიგნის მკობელი:

- მე საწყალობელს, მე ხელუღირსს, ცოდვა მერია,


საგალობელი მრავალთავი დავაღიღინო.
უცალო ვიყავ, უფრო ღამით დამიწერია,
შეუნდოს ცოდვა, ვინც წერის დროს მიგზავნა ღვინო,
ვინც მომაშველა ნასუფრალი პურის ნაწილი...
ხელი დალპების, ხოლო მწერლის რჩება ნაწერი!
მე ჟამთა ზღვაში წიგნი ჩავდგი, როგორც ფაცერი,
ზედ მარგალიტით გავიშუქე ხსოვნის მანძილი.

დავწერე წიგნი და ვადიდე ჩემი უფალი,


შესაფრფინავი, მშვენიერი და სატურფალი.
დავწერე წიგნი და ზედ გულმა შუქი ათოვა.
დავწერე წიგნი, წიგნმა თავი გაიმნათობა...

და მსურს, თქვენს გულშიც კვლავ მღეროდეს ჩემი ბულბული,


ჩემი ოცნება - სიყვარულში გადაღუპული.
დღითიდღეური თქვენში ცოცხლივ სუნთქვა მწყურია...
და ჩემი სიტყვაც მხოლოდ ამის მეხვეწურია...
......................................................................

დე, ჩემს ეტრატში ნუ ჩასდებენ დამჭკნარ ნარგისებს,


ვიცი, ოცნებით სადღაც ვინმე შემივარგისებს;
მომიგონებენ მეგანძურად არა მეფენი,
არამედ ჩემებრ მიკარგული მეოცნებენი...

1938 წ.

მეტეხის თავზე

მეტეხის თავზე თამაშობს ქარი,


წარსულის ლოდებს ეალერსება...
სადაც შენა ხარ, გულიც იქ არი,
შენი ნათელით გული მევსება!

მეტეხის თავზე გრიალებს ქარი,


ძირს კლდეში მტკვარი მიიტყორცნება,
აქ ხომ ოდესღაც იჯდა თამარი,
ძველ საქართველოს დიდი ოცნება.

ქარი გუგუნებს... განა ქარია,


თამარს ეძახის რუსთველის გული;
პოეტის გული არ იფერფლება,
მაგრამ საფლავშიც ატყვია წყლული.

*
გავღვიძებულვარ მეც სიყვარულით,
მეც მარხევს მისი ქარი მქუხარი.
ვარდით ივსება ჩემთვის ქვეყანა,
როცა ჩემთან ხარ სახემშუქარი,
მე მხოლოდ შენი შუქი მეყოფა,
განა რად მინდა სხვა საჩუქარი?!

გიყურებ უხმოდ და აღარ ვიცი,


რომელი სიტყვა გამოვიტანო,
გარს წმინდანები შემოგხვევია.
შენ, ჩემი გულის დიდო წმინდანო,
მათ ვეხვეწები, რომ სიყვარულმა
ან გამინათოს, ან გამიტანოს!

1938 წ.

გულს ბუდე არა ჰქონია

გულს ბუდე არა ჰქონია,


მე კი შენთან ვარ ბინათა,
შენ შემირხიე სულის ფრთა,
შენმა ნათელმა მინათა.

შევიტყვე, ვერ სპობს შავი დღე,


ვერც მოშხამული ისარი,
არც გადახმება, თუ ერთხელ
გულია ნამაისარი.

შენთვის მღელვარებს, შენდამი,


შენ გამო იკრეფს ღონესა,
ქარიშხალს ჩასთვლემს ხანდახან,
მე არა, შენსა მგონესა...

1938 წ.

პოეტს

ის ცრემლი, ხალხმა რომ დააგუბა,


ის ჭდევა, ენით არ ითქმებოდა,
ცხრაჯერ დაიმსხვრა რუსთველის კუბო.
ვიდრე საფლავთან დაიდგმებოდა.

ასეთი იყო ზარი, ჭიდილი,


თითქოს მარხავდნენ მზეს და მთოვარეს.
მაინც არ დასთმეს... მგოსნის სიკვდილი
სიცოცხლე იქვე ააფრთოვანეს.

ასწიეს დროშა და წაიმძღვარეს,


როგორც უკვდავი ხალხის მშვენება.
და მით უძლებდნენ ჭირს, მტრის სიმძლავრეს,
სიკვდილს, დაცემას, გადაშენებას!

ეს თქმულებაა დაუსტამბავი,
თუ ვით ადიდა ხალხმა გენია,
ეს გაიხსენე, ძველი ამბავი,
რაც გულს ხალხისას დაუდგენია.

დასძარი შენი ლექსის ხანძარი


და სხვა დიდებას ნურას დაეძებ;
ოღონდაც ერთი ცრემლის მარცვალი
ხალხის გულიდან შენს გულს დაეცეს!

ის წმინდა ცრემლი ფერშეუცვლელი


ამოაცენებს ხეს რტომრავალსა;
ის ხე დაჰბურავს ვარდის ფურცლებით
და უკვდავ სუნთქვით შენს მომავალსა!

1938 წ.
დავით გურამიშვილს
ვაჟა-ფშაველას

მეტკბობი, გურამიშვილო,
გენდობი, ვაჟას ჩონგურო,
გთხოვთ წინაპრებო, მიშველოთ,
სათქმელი გამილომგულოთ!

ხელუკრთომელი როდი ვართ,


სიტყვა მაქვს გამოკვანძილი,
თქვენს ნაგზაურზე მოვდივარ,
დიდი გქონიათ მანძილი...

მასწავლეთ ცეცხლის გაჩენა.


იმ ნაღვერდალით ვიწოდე,
თქვენი ბრწყინვალე მარჯვენა
საშველად გამომიწოდეთ...

მივყვე, რაც გამოგიკალმავთ,


დავჭიმო ლექსის აფრები,
აქროლოს გულის გრიგალმა
ოცნება ნაწინაპრევი!

გიზღოთ, რაც საზრდოდ მევალა


თქვენგან პურტკბილი ხორაგი,
რომ მთლად ვაქციო, მწვერვალად,
ჩემი პატარა გორაკი!

იქ ჟღერდეს ჭეშმარიტებით
ეს ლექსიც ანაზდაითი,
სადაც მღეროდნენ დიდებით
ვაჟა და დიდი დავითი...

1938 წ.

ნიკოლოზ ბარათაშვილს

ვით ოქროს ფარჩი გადმოკიდული,


ბრწყინავდა შენი ქვეყნის ბუნება;
ჰხვდებოდნენ დიდი მთაწმინდელები
მთაწმინდის მთაზე შენს დაბრუნებას.
დაგხვდა ილია - ქართლის კლდეკაცი,
სამშობლოს აზრი შუბლნატყვიარი.
დაგვხდა აკაკი - ბერი ბულბული,
ვისი სიმღერის გული ტყვე არი...

ყელს შემოგეჭდო ვაჟა-ფშაველა,


ადგილის დედა გეგებებოდა...
და შენი ძვირფას ნეშტის წინაშე
შენი სამშობლო ფეხზე დგებოდა...

გარს შემოგერტყით ახალი მოდგმა,


შენი სიმღერის ცრემლნასხურები;
შენს ნაგუბარზე ვინც გამოვზრდილვართ,
ახალ ქართლის ბედს ვემსახურებით.

და ჩვენ გემთხვევით ფერფლს აჟღერებულს


და არა მტვერსა და მოჩვენებას, -
შენს დაბმულ ქროლვას, დაბორკილებულს,
და შენს დალურსმელ გამოჭენებას...

გულში ატეხილ ქარიშხლის ღელვამ


სიკვდილის წყვდიადს არ დაგანება;
გააფთრებული შენი მერანი
მსოფლიოს გზაზე მიექანება.

და ხალხი, შენი დამბადებელი,


ამონათებულ მზეს ეშურება;
არ დაიღლება გული ხალხისა,
თუ რაში ოფლით შეიწურება!

1938 წ.

სად ინავარდებ...

სად ინავარდებ... სადამდე,


ლექსო, სად გადაითხევი?
არ დავარდება მიწაზე
აჟღერებული სიტყვები...

რძეს ამოხეთქილს ძუძუდან


შესვამს ის ვისაც ერგება;
გულის ნაწური ნაკადი
ზვირთებად დაითერგება!..

ლექსო, სად ივლი, სადამდე?


მე აღარ შეგეკითხები...
არ დავარდება მიწაზე
აჟღერებული სიტყვები...

1938 წ.

ბედი ქართლისა

ვინც იცის ჩვენი წარსული,


ბრძოლაა შეუწყვეტელი.
რაც ქართლზე იწვნენ ღამენი,
ვინ იყო მისი მჭვრეტელი?

ჩვენი ხვავის და ბარაქის


ვინ არ ყოფილა მხვეტელი.
ევროპის კართან ვწყდებოდით,
ვიყავით მისი კედელი...

არ ახსოვთ ჩვენი ნაბრძოლი,


არც ჩაუგდიათ იოტად,
არასდროს მოგვშველებიან,
როცა გვშიოდა, გვციოდა.

მტკვრის და რიონის მაგიერ


სისხლის მდინარე დიოდა,
ალი და ცეცხლი წარღვნისა
ჭერისთავს გადაგვდიოდა.

მტერი, რა მტერი, რამდენი,


ზღვას ვინ დაუდოს საზღვარი?
ჩვენსავით არვის რეგვავდა
ქარფიცხელი და წყალღვარი!

ჩვენი სამშობლოს ველები,


მდელო, მინდორი, ბაღნარი -
ნათურქალია, ნარბევი,
ნათქერი, ნაყივჩაღარი!
მტერს ჩვენი მიწა მიქონდა
ჩვენი მკვლელობის ხელფასად,
რამდენჯერ გულის სიმწარით
მოვსთქვამდით ჩვენს აკლებასა:

„ცეცხლისა და წყალს შუა ვართ,


- ორისავე ვართ ნებასა,
ცეცხლი გვიპირებს დაწვასა,
წყალი თან ჩაყოლებასა!“

მაგრამ არ დაგვიკვნესია,
თუმცა ვიყავით თელილი,
ბევრჯერ აღგვილნი მიწიდან,
ცხრამთის იქითაც დევნილნი,

ტყეში, ღრეში და კლდის ეხში


შემთხვევით გადარჩენილი:
„ვეფხვი ვინა სთქვა მტირალი,
თვალზე ცრემლჩამოდენილი!“

მშობელმა ხალხმა არ შექმნა


ლეგენდა ამირანისა? –
დიდებული და უკვდავი,
მოთხრობა დიდ მოწამისა.

მასში სთქვა ტანჯვა თავისი,


წამება მრავალ ჟამისა,
ისიც სთქვა, რომ ამ წამებამ
მისი მზე ვერღა დანისლა.

რწმენით უმზერდა მომავალს,


დახუნდებული, ვნებული,
კავკასის მთაზე მიჯაჭვულ
ვაჟკაცით შთაგონებული.

ის არაერთხელ ყოფილა
მკლავით და აზრით ქებული,
დამშვენებული ძეგლებით,
მარმარით ამოგებული.

აჰხედე მაღალ მწვერვალებს,


არც კი ჩანს ნაბილიკარი,
ჩუქურთმიანი ნაშთები,
ციხე-კოშკები იქ არი!

ქვის არშიები გვაკვირვებს,


ვაზიდან გათლილი კარი,
ვეფხვი მტევნებში, ფასკუნჯი,
ნუკრდახატული ფიქალი.

აჰფურცლე ხელნაწერები -
თავსამკაულად მტრედები,
ასომთავრული - შემკული
ბრწყინვალე კამარედებით,

ნაწრთობი ხმალი, ზარნიში,


ვარაყი, ოქრომკედები...
ნახე წარსულის ძეგლები
და მათი ქვაკუთხედები...

რამდენი გვყავდა ოსტატი,


აზრის ლოდებზე მყნობელი.
მოქანდაკე და მჭედელი,
მხატვარი, ოქრომდნობელი.

ჯადო მარჯვენა ჰქონიათ,


ბედი კი - დაუნდობელი,
ჰქმნიდნენ, გვარსაც კი არ სწერდნენ -
გულში ცეცხლჩაუქრობელნი!

მათი საფლავნიც არ ვიცით -


ნეშტი და ძვალჩასალაგი,
სად არი შოთას სამარე,
გურამიშვილის ალაგი?

ვინ დაიტირა ბესიკი,


საბას, დავითის ამაგი?
გასტყორცნა ბნელმა ცხოვრებამ,
ანატრა მტკვარი, არაგვი!

ვინ დასთვლის ჩვენსა გმირებსა


და მათ გამომზრდელ მშობელსა,
დიდ სააკაძე გიორგის,
მტრის ურდოს დამადნობელსა;

ან შალვა ახალციხელსა,
ზეზვას - მტრის სისხლის მთრობელსა,
სამას არაგველს - კრწანისში,
მკერდზე სისხლშეუშრობელსა!

უმადურობით სავსეა
მათი ნაღვაწის რვეული,
მოწამებრივი ცხოვრება
მათ წილად იყო ჩვეული.

გახსოვს, მრავალჯერ შესმული


შხამი სიმწარით რხეული,
გინდ ხმალი სააკაძისა -
მიწაში გადამსხვრეული!

ჰსურდა მტერს ხალხის სიკვდილი -


მუხანათსა და ორპირსა,
ის არ იცოდა, გულდაჭრილს
მხრებში ფრთა ჰქონდა ორბისა.

მან შექმნა შოთას ოცნება,


წიგნი ვაჟკაცურ ძმობისა,
წიგნი მზის, თავისუფლების,
მარადი მეგობრობისა.

მებრძოლი სული ხალხისა


რჩებოდა უბერებელი,
სწყუროდა მარად ნათელი
მზის ელვარების ელფერით.

მუდამ იბრძოდა მზისათვის,


როგორც მზის ვაჟკაცს შეჰფერის,
თავისუფლების მებრძოლი -
რკინაა აუღებელი!

1938 წ.

საყურე
„ჰოჲ, საყურეო...“
ნ. ბარათაშვილი

ნეტამც რისათვის,
ნეტამც რისათვის
იყო სასტიკი და უმადური! –
საყურისათვის,
საყურისათვის,
ნემსით დაჩხვლიტეს
ყური ვარდული!
როგორ გაბედეს,
ვინ არ დაინდო?
ვინ გაიმეტა
და არ ინანა?
მაგრამ ალმასად
ცვარი აინთო,
საყურის თვალში
ჩაჯდა სხივნარა.

პოეტის ცრემლო,
ეგებ, შენ იყავ,
მდუღარებაში ქცეულო
ცეცხლად:
მაშ, უკვდავება
შენი გამიყავ,
რაც ოქროდ სჭედე,
რაც დაგივერცხლავ!
ეგებ შენ იყავ
გულის ნამწვავო.
მიცვლილ ოცნების
ანაპერწკლებით,
იქნება უნდათ,
რომ გამამწარონ,
არ მომცენ სხივნი,
მომცენ ეკლები?
იქნებ ასეა,
იქნებ, ვიცი მე
სიყვარულიც და
ძველი მტერობაც,
ვიცი, რად ბრწყინავს,
თუ რად ციმციმებს
საყურის
ნაზი უდარდელობა!
შენ გამინათე
სევდის ნისლები,
შენი ნათელი გადამახურე,
ვიდრე სიმღერით
არ დავიცლები,
და სიყვარულით... –
ჰოი საყურე!

1938 წ.

მაია, მანანა, ნინა, ეკატერინა


მითხარ, მაია,
მითხარ, მანანა,
დღეს სადღა არი თქვენი მშვენება?
ან უთქვენობით რა გვეშველება?
მითხარი, ნინა,
ეკატერინა,
შვიდი ნაწნავი რომ გერტყა, მართა, -
ნუთუ აღარ ხართ ამქვეყნად მართლა?
და ან უთქვენოდ რაღა ფასი აქვს
თბილისის დილას,
ქართლის ალიონს?
ვინ ამოსწიოს ხმალი კვლავ თქვენთვის,
ან ყანწი თქვენთვის ვიღამ დალიოს?
სტუმრებიღა ხართ ჩემი სარკმელის,
როცა მოსკდება მთვარის ნამქერი...
მე თვითეული ზოლი მთვარისა
თქვენი დალალის ჩქერი მგონია...
და მეხარბება მე მათი ბედი,
ვისიც იყავით შარავანდედი,
ვისაც თქვენი ხმა გაუგონია...
თქვენი საყურის ჩრდილის ქვეშ ტუჩი
ვინც ერთხელ ჩუმად, თუნდაც ფარულად
ციურ სიტკბოთი ჩაიტკბარუნა.
მე მას მოვკლავდი! მაგრამ რა ვუყო,
უკვე ამ კოცნით ქცეულა მტვრადა...
ახლა ვის გინდათ გული გაუყოთ,
მე რად მიღიმით, მითხარით, რადა?
თქვენს აბრეშუმთა ზვირთში ვიხრჩვები,
ვაჰ, თქვენი ზღვიდან ვერ გამოველი!
არ ვიცი, როგორ გადაგირჩებით,
და დაღუპვასაც თქვენგან მოველი!
მანანა, ნინა, ეკატერინა,
შვიდი ნაწნავი რომ გერტყა, მართა, -
ნუთუ აღარ ხართ ამქვეყნად მართლა?

1938 წ.

ნინა ჭავჭავაძეს

თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი,


ახლაც მინათებს შენი მშვენება...
შენგან შევიტყვე, რომ სილამაზეს
არ უწერია გადაშენება.

შენც ცოცხალი ხარ, შენი მგოსნებიც


და გაჟრჟოლება მათი გულისა,
თავშესაფარი რამდენ ოცნების,
იყავ ბანაკი გაზაფხულისა!

შენს სილამაზის იქით - ბნელდება,


დაიხურება ცისკრის კარედი:
შენ მოგაყარეს მიწა ბელტებად,
მკერდზე რომ ვარდსაც ძლივს იკარებდი.

ასი წლის შემდეგ მე შენ გიგალობ,


ათას წელს გასძლებს შენი მშვენება;
შენ, სილამაზის ნაზო გრიგალო,
შენგან არასდროს მომესვენება.

1939 წ.

წვიმიანი დღე...

1
წვიმიანი დღე...
წვიმიანი დღე...
ძვირფასო,
მხოლოდ ახლა შევიტყე,
რომ ჩემი გული -
არი შენი ტყვე...

2
მე გადავლახე ბევრი ხეობა,
გადამხდა ბევრი გადანახდომი;
გამოვაღწიე, მოვრჩი ტყვეობას,
იცი რით? –
ლექსში ვეფხვის ნახტომით!

1939 წ.

თუ წავიდა გაზაფხული
გაზაფხულის ცის ნაცრემლმა,
წაიარა წვრილმა წვიმამ;
თითქოს ათას ციცნათელამ
იცელქა და იყმაწვილა!

სიყმაწვილის ფერი ედო


ყველაფერს და ყოველივეს;
გაზაფხულის ოქრომკედო,
მაისის მზევ, მოლივლივევ!

სიჭაბუკევ, ისევ მოდი,


ფრინველების გესმით ტაში?
მოიწოდე ნუშის ტოტი,
ხელი სტაცე ჩანჩქერს ფრთაში!

თუ წავიდა გაზაფხული,
მშვენიერი, მზის დამფრქვევი, -
გზა არ დასთმო ზამბახური,
არ მოეშვე, თან წაჰყევი!

1939 წ.

სოლომონ ლეონიძე

ბრძენო, ენამზე, დიდო ქართველო,


სამშობლოს აზრის გამომკვართველო!
ახლაც თავს მადგა შენი აჩრდილი,
თითქოს ხმალი გაქვს გულში გაჩრილი...
მესმის ნაცრემლი შენი ძახილი -
ქართლის ცხოვრების ძველი საყვირი:
- სამშობლოს ცრემლი ვინ დაიგუბოს,
თუ მზერ გმირს, მოსილს შავის ტილოთი, -
ძველ საქართველოს, ერეკლეს კუბოს,
მცხეთის ტაძარში შენ დასტიროდი:

სად დაჰხედ, მზეო, სად იძირები,


რად შემოისხენ, სამშობლოვ, ხმალი?
ნუთუ გათავდა, გავიწირენით?..
ყელიდან სიმწრის გდიოდა ალი.

სად დაჰხედ, მზეო, მბრწყინაო მუდამ,


ოქროს სარკმელი ვინ დაგიკეტა?
გმირი სახეზე იხვევდა სუდარს,
დასამიწებელ საფლავს იგებდა...

ეს კუბო არის ქართლის დამტევი


და მასთან ქართლიც თუ დაიღუპოს,
ამ ცხედრის კუბოს ფიცრად დამდევით,
დადგით ჩემს გულზე ერეკლეს კუბო!

ამიერიდან მოვკვდე ვისათვის,


და ვიღას დროშას მე ვემსახურო?
ვაჲ, იმედის დამარხვისათვის,
ვაჲ, მომავალო, ვერ დანახულო!

სამშობლოს ცრემლი ვინ დაიგუბოს,


მზეც რო ჩაუქრა და ასპიროზი?
ქართლს დაღამებულს, გმირს ხელდაკრეფილს,
თავზე ნაცარყრით შენ დასტიროდი...

გეპასუხები ბრძენსა და პოეტს


დიდი აწმყოდან შენსკენ მზირალი,
ჩვენ წინაპართა ძეგლი ვიპოვეთ,
აღსდგა სამშობლოს ლომი მყვირალი!

მე, ლეონიძე, ახალ ქართლს ვუმღერ,


მივყივი ზღვათა სანაპირომდი,
მე იქ ბრწყინვალე დიდებას ვუმზერ,
სისხლის ცრემლებით სადაც სტიროდი!

და თუ ლექსში სჩქეფს მარად მშვენებით


სიცოცხლის ძალთა ტკბილი ჟღერანი,
მისთვის, რომ მიჰქრის შეუსვენებლივ
ფაფარგაშლილი ქართლის მერანი.

1939 წ.

„დედა ენა“

ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა,


ჩვენი ენა ქართული,
ვარდნაბამი ფურცელი,
ჩვენს ყრმობაში ჩართული!
დედის ძუძუ მეორე,
სიყვარული პირველი,
ჩვენს აკვანს შემომჯდარი,
მგალობელი ფრინველი.

იავნანის ნიავში
ჩვენს ყურთან რომ გაისმა,
ყრმობა რომ გვისურნელა,
როგორც ბაღი მაისმა.

ტკბილად რომ გაგვიხარა


ჩვენ ბავშვობა ბეჩავი -
შავი კაბით გაზრდილებს,
გახუნებულ ლეჩაქით.

ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა,


ჩვენი ენა ქართული,
ოქროსხმიან სიმებად
გულში ამოხლართული!

1940 წ.

ჩემი იადგარი

რაც გულის ძგერამ გამოსცა,


დარჩება შეუსმინარი?
რაც გულის ქურამ გამოსწვა
ზურმუხტ ოცნების მინარი.

ნუთუ არ დაიელვარებს?..
ერთ გულს ვერ დავწვავ მაინცა?
აჟღერდი ლექსო, მღელვარე,
მიშველე შენსა რაინდსა!

შავკაბიანი მზრდიდა მე
გუთანი ტრედა ხარისა,
რაც მათი ღვაწლით ვიწამე,
კაცად მან დამახარისხა!

მე მახსოვს დედის თავშალი,


ზედ ქვეყნის გული ეხატა,
იმ გულს ვდარაჯობ ჯავშანით,
სიტყვა გავხადე ვეფხვადა!

სამშობლოვ, ვსუნთქავთ ერთ სუნთქვით,


ერთ ცეცხლის ალზე ვიწვებით,
ყოველ კალამზე, მე თუ ვთქვი,
ლექსად შენ ამოიწები!

შენ მოგიწყურე წყურვილით


და შენ, სამშობლოს იაო,
შენი სპეტაკი სურნელი,
გთხოვ, გულზე დამინიაო!

ქართლო, ხმას შენთვის დავრეკავ,


შენი ფუძნარის ძალებით;
მე გულით გულზე დაგეკარ,
მე შენ არ დაგეცალები!

შენი ნაჟური წვეთი ვარ


და შენი ძუძუს ნაცვარი;
შენ დაგიბრუნდეს ერთიან,
შენგან ნაწოვი რაც არი, -
ჩემი ოცნების ღვენთია
ეს მწირი ნამოღვაწარი!

1940 წ.

ჯაფირი

„აქ არს საფლავი ჯაფირისა, რომლის სიგრძე ხუთი ადლია“.


ვახუშტი
ჯაფირი - სახალხო გმირი, ცხოვრობდა XVII საუკუნის
პირველ ნახევარში. გადმოცემით, გიგანტის აგებულება ჰქონია.
ჯაფირის საფლავს დღესაც უჩვენებენ ატენის ზემოთ, რაზმითის ტყეში.

ამ დევკაცს ძუძუ ვინ მოაწოვა,


რომ სამარეც კი აქვს ახოვანი,
აურჩევია ნავსაყუდარად
ტყე უღრანი და ბალახოვანი.

ვით დიდი მუხა წამოქცეული


და ჩახერგილი, როგორც ნალეწი,
შეზელილია მშობელ მიწასთან,
მისი შრეებით გადანალესი.
სძინავს ბუმბერაზს ომში გადამდნარს,
ფიქრში ქართლს ითვლის თავის ხელთქმნილად.
და გრძობს ბერმუხა, -
ათასი მუხა
მის ხერხემალზე ამოხეთქილა...

1940 წ.

ფანასკერტელს

„...მშვიდობით, ძველო ქართულო ენავ და მშვიდობით,


სრულიად საქართველოს მდგომარეობაო!“
ფანასკერტელი

- მაშ გაჰქრა ქართლი, მისი ენაცა,


პირქვე დაემხო წმინდა ტაძარი?
გული დიდ სევდას ამოენაცრა,
მშვიდობით, გახდი მტრის ნატაცარი! -

სხვა რაღა იყოს მწარე ამაზე,


რა შეედრება ასეთ ღაღადისს?
შენს დედა ენას, მის სილამაზეს
გამოეთხოვო, უთხრა: ნახვამდის!

და მერე დადგე გაქვავებული,


უიმედობის დიდი იმედით,
რომ აღარ მოვა ქართლს გაზაფხული,
რომ სამუდამოდ გავიყინებით!

შენ დადიოდი შენს სამშობლოში


როგორც მწირი და ოხერმოხეტე,
ღამით მე შენი გმინვა მსმენია,
ხმა ნამწარევი: „ღმერთო, მოხედე!“.

შენი აჩრდილი მომჩვენებია


ქარში, წვიმაში თმადაბურდული;
შენ გამიმწარე ყრმობის ყველა დღე,
შენ გულს მითხრიდი გესლით ქურდულით.

და ახლა, როცა ჩემს ხალხს, ჩემს ენას,


სიკვდილის ჭანგი ვეღარ ემტეროს, -
როგორც განვლილი ძნელი სიზმარი,
შენ მაგონდები, ფანასკერტელო!
და შენ, მიწაში გამტვერებულო,
ჰა, სიტყვა გულის გასათაფლავი:
არა, ქართლს, არა! –
შენ ფიქრს გასთხრია
სამარადისო, მკვიდრი საფლავი!

1940 წ.

ქართველ ოსტატებს

დიდება მიწას, რომ გეაკვანათ,


თქვენი მადლი რომ დაუფენია,
ნეტავ რა ძალამ ამოაქანა
შუქნასხივარი თქვენი გენია.

ვინ დაგვიტოვა უკვდავნაგები


ციხე-კოშკები სისხლით სოველი;
დიდი ტაძრები ნაქანდაკები,
ღვთიურ ჩუქურთმით გამოქსოვილი!

იქ ვინ აზიდა ქვაკუთხედები,


სადაც არც კი ჩანს ნაბილიკარი.
იქ ვინ დაჰკიდა კამარედები,
ერთი ვაზიდან გათლილი კარი?

ვინ გამოჰკვეთა ნუკრი მწოვარი,


მტევნები, მტრედი გამომფრინალი,
ფასკუნჯის ფრთებქვეშ ვეფხვი მწოლარი,
ჩასაფრებული, როგორც ფირალი!

და თქვენი აზრი ქვაზე დამყნილი,


აყვავებული ვაზის რტოებად...
თქვენი ოცნება, თქვენი ძახილი,
მქროლი არწივთა გასატოლებლად.

თქვენი ვარაყი, ოქროხატული,


ალის შხეფი და ცეცხლის წვერია.
თქვენი წიგნები ასოხლართული,
უმეტეს ღამით რომ გიწერიათ...

იხდიდით ბოდიშს, თუ რამ ჰკლებოდა,


ჰმარგალიტავდით თვითეულ წერტილს.
მთაზე რომ ელვა იკლაკნებოდა,
იქნებ იმ ელვით იმ ლექსებს სწერდით?

რამდენი მოდგმის ხართ საჩუქარი -


გურამიშვილი... შოთა... შავთელი...
ვინც გვითხრა სიტყვა სულით მდუღარით -
სიმღერა გულის ამომშანთველი? -

ვინც მზის მწვერვალთა წყაროს გვაწაფა,


მზესხიურობის იყო მთოველი -
მთაწმინდელები, პეტრიწი, საბა,
ოპიზარი და იყალთოელი.

კიდევ რამდენი სხვა უსახელო,


ვის თითებშუა ჰყვაოდა ვარდი,
ვინც დაიხია მღერით საყელო
და ჩამოზიდა მიწად ლაჟვარდი...

*
ნაცრად აქციეს თქვენი ტაძარი,
დასცეს ბჭეები და საფუძველი,
იყო ბნეული და ნატაცარი
თქვენი ეტრატის ყველა ფურცელი.

მაგრამ ვერავინ გასძარცვოს იგი,


რაც გულის ცეცხლში გადამდნარია,
თქვენი გუნდების რიგი და რიგი
დღეს უკვდავების ალამდარია!

აღსდგა ქართლი და მისი ენაცა,


შავი წარღვნების გადანათელი;
გული თუ სევდას ამოენაცრა,
ჩაჰყენებია ოქროს ნათელი.

თვითონ გათავდა თქვენი დამლევი,


ისევ გამთელდა მარად ქებული,
გადამსხვრეული თქვენი კალმები,
თქვენი ჩანგები დაუქმებული!

ეტრატი, ცრემლით შენაწებარი,


ნაჟღერი თქვენის ტკბილის ენითა,
ჩვენგან ნაპოვნი და ნაძებარი,
ჩვენს ახალ სიტყვას შემოენივთა.

ვიყნოსეთ თქვენი ვარდის სურნელი


და თქვენი თაფლი გულს გვეწურება.
დიდოსტატებო, გვივლის სურვილი -
ჩვენც გავხდეთ ხალხის მეგანძურებად.

რომ ისამსევოს ჩვენმა სიტყვებმაც,


რომ ჩვენც მოგვეჭრას ოქრო ჭედილი,
და მომავალმა გამომკითხავმა
გვაშოროს ბნელი განუჭვრეტელი!
აღსდგა სამშობლო და აღარც არი
მისთვის შავბედის გადამწყვეტელი.
გამოჩნდით ახალ ნამოღვაწარით
დიდი ფაზელი,
დიდი მცხეთელი!

1940 წ.

ვინც სთქვა ქართული ლექსი პირველმა

ნეტამც ვინ იყავ პირველი მთქმელი


შენ, ბედნიერო და უსახელო;
ქართული სიტყვა, სულის ჩამდგმელი,
სტვირს რომ მიანდე სახელდახელოდ.

იქნებ ის იყავ, დანაცრებული,


მე რომ გათხრისას გნახე მცხეთაში,
იქნებ აღსდექი განათებული
ზედაზნის დილის გამოხედვაში!

იქნებ ლერწამი შენი ძვლებია.


არაგვის ჩქერზე ამორხეული;
იქნებ ჩუქურთმას შენაცვლებია
სვეტიცხოველზე შენი სხეული?

იქნება მტკვარზე მდგარი ნისლი ხარ,


გვერდი რომ გაჰკრა ახლა ფრინველმა?
არ ვიცი, მაგრამ ყველგან მიცვნიხარ,
ვინც სთქვა ქართული ლექსი პირველმა.

1940 წ.
აკაკის

ნათქვამი აკაკის საფლავზე, მთაწმინდაზე


საზეიმო მიტინგზე, 1940 წ. 16 ივნისს.

შენ მოგვიზომე სამშობლო


შენი ჩანგურის სიმებით;
შენ გვიანდერძე სამშობლო
და მისი დახსნის იმედი.

გული გაცვითე სიმღერით


და ლექსი ქართლის დიდებით;
ბნელს გვილამპრავდი ჭაღარით
და ცრემლის მარგალიტებით.

მომავლის მზესთან ადიდე


მიწაში მყოფი გმირები -
მათი აკლდამის ნათელი,
მათი საფლავის დირენი.

დღე-ღამის სიგრძე-სიმოკლემ
გზა გასჭრა - სავსე ეკლითა;
დღეს ჩვენს ჩანგებზე, პოეტო,
მზის სხივი გადმოგვეკიდა.

შენც ჩვენთან მღერი, ზეზე ხარ,


გსურს, რომ ახალ მზეს უყურო, -
დიდი მთაწმინდის სიწმინდევ.
გადაღმერთილო, უღრუბლოვ,
დანაცრებულო, დამწვარო,
დაბერებულო ბულბულო!

1940 წ.

ჩიტო, წაიღე ეს წიგნი!

ჩიტო, წაიღე ეს წიგნი


ნაწერი გულის ჟრჟოლითა,
რაც ჩაგანძულა გულს შიგნი,
გარეთ აქროლე ქროლითა!

ჩემი სიტყვა და სათქმელი


შენთან იფრენს და იმგზავრებს.
გაუღე სახლთა სარკმელი,
გადააფინე ნიგვზნარებს.

ქუჩებს დასძახე, შარაგზას,


სამშობლოს დაახმიანე!
მტკვარსა, რიონს და არაგვსა,
მთებს, ტაძრებს მრავალხმიანებს.

ვაზის რქას შემოახვიე,


ტევრებს და ყანის თავთავებს,
შენის ფრთის ღონით აღვიე,
სანამ არ გამოათავებ.

გამოტბორილი გულიდან,
გამონაჟური გარეთა,
ჩანჩქრებს გადაეც, ნიაღვრებს,
დიდ ქვებზე მოჩანჩქარეთა!

ვმღერი მათი ხმის გრიგალით,


ჩქეფი ვარ მათი ძალური,
მაწვიმდეს სავსე ჯიქანის
ღვარნამი ცვარდაცვარული.

მე დედის ძუძუს დავენდე,


და ვიცი, არა ცივდება,
სამშობლოს მბრწყინავ გულიდან
ლექსში რაც გამოსხივდება!

ჩიტო, წაიღე ეს წიგნი,


ფრთებს რომ სცემ დაოქროილთა!
რაც ჩაგანძულა გულს შიგნი,
გარეთ აქროლე ქროლითა!

სამშობლოს ნათქვამად მინდა,


მწყურის სამშობლოს ალერსად.
სიტყვა მომტკბარი შესტყორცნე
სივრცეებს შორიალესა!

და თუ ფრთამ დაგაღალატა,
თუ დაგელეწოს ძვალმძივი,
არ შეკრთე, დღესაც ხვალაცა,
შეგეშველება არწივი!

1940 წ.
ეს წიგნი

ღმერთო, ეს წიგნი ამთაბარულე,


ფრთები მიეცი და გაქანება!
შიგ სული ჩავდე ნიავქარულებ
და გული სულ ზედ დაჰკანკალებდა!
იყოს ვაჟკაცთან ომის ყივილზე,
სიმღერით იყოს ყრმებთან, ქალებთან,
და გულბაათი როგორც დალევდა,
ისეთ ალავერდს ხალხთან მივიდეს, -
სიყვარულისას, გამარჯვებისას,
ძმობის, მოყვრობის, მზეგრძელობისას;
მიეცეს ცეცხლი დამაჭრებისა
და კვეთებაში ძალა ორბისა!

1940 წ.

ქართლო

„....ესე ქვეში (სოფელია ქართლში - გ.ლ.) სრულიად


უსჯულოთაგან ამოწყუედილი და აოხრებული არს...
არა თუ სულიერი კაცი იპოებოდეს, ყოველივე შენებულება არა იპოების“
1443 წ. სიგელი თაყა ზედგინიძისა

„...გებრძანებინათ, კასპსსა შენობას ვაპირობთო...


კასპელი კაცი სადღა არის სულ ამოწყვეტილა“.
1740 წ. წერილი ამილახვრისადმი.

ვინ დაგაღამა, ვინ დაგასისხლა,


და შენს აკლებას, ცემას, გვემათა,
ამოწყვეტილო, გავერნებულო,
ვისი რა ტანჯვა გადაემატა?

მაგრამ არ შესწყდა ერდოში ბოლი,


თუმცა სიკვდილმა მრავალგზის ჰკრძალა;
შენ გაგიმარჯოს დაუძლეველო,
ქართლის ცხოვრების სიცოცხლის ძალავ!..

1940 წ.

ფრაგმენტი
იმ ხმლის ნატეხი
ნახე, მოზარევ,
მარაბდაში რომ გადამსხვრეულა;
მოჭრილ ძუძუთა სისხლს ეზიარე,
რომელშიც ერის ცრემლი რეულა.
არ გიტირნია
შოთას საფლავზე? –
იქიდან ლექსი ამორხეულა!
ისევ გრძელდება „ქართლის ცხოვრება“,
ერთი ფურცელიც არ მოხეულა!

1940 (?) წ.

კახეთი

გინახავს გომბორის მთიდან


დანაბინდარი შვენება?
გინახავს გადაშვინდული
ცისკრული ამოთენება? -

ციაგის ციალს აჰყვება


შუქი შორეულ შუქურთა
და გამოჩნდება სამშობლო,
როგორც მოჭრილი ჩუქურთმა.

ოქრომზიური შხეფები
მწვერვალებს დაეწვეთება
და განთიადი თამარის
ნათელ ღიმილით ენთება.

ალაზნის ველი ბრწყინვალე,


ოქროს მზის ამოსახედი...
ვაზდაბურული სამშობლო,
ჩემი უკვდავი კახეთი!

ბროწეული და ატმები
შუქს უმატებენ დილასა;
სამასწლოვანი კაკლები
ისვრიან ნააჩრდილარსა.
თანცისკროვანობს ვაშლის ხე,
შუქი მტრედული მოება,
სინაზით აფეთქებულა
ნუშების გადმოთოება.

გადამარჯნული ბაღები -
ოქროში ლალით ნაღები...
ანაზებული, მცინარი,
ლაჟვარდის წმინდა მინარი.

იაგუნდების წკარუნით
მოწანწკარენი წყარონი,
ზურმუხტის ტევრის ბიბინი,
ვაზფურცლის ნიავქარობა,
დურაჯის ცეცხლებრ ბრიალი,
წინანდლის გედის გალობა...

ნაცისარტყლევი ჩანჩქერები
ფირუზფრად ნახუჭუჭარი,
დაღისტნის მთები, გაშლილი,
ვით უკვდავების გუჯარი.

ღარზე გასული მაჭარი,


ქვევრებს რომ მოეტარება,
თითოეულ შხეფში რომ ისმის
სიცოცხლის მონექტარება.

მზის წყარო - ძუძუს წყაროში,


ლალში მარჯანის ბრწყინება,
ჩქეფა და ჩამჩქეფარება,
დინება, გარდადინება.

ასწიე, ადი, შეიტკბე


სამშობლოს დიდი შვენება...
სამშობლოვ, მხოლოდ შენი მზე,
გულს ოქროდ დამეშენება!..

შაბაშ!
იდინე,
გაბრწყინდი
გაფრქვევით, ოქროს დიელო!
დე, შენმა გამოსხივებამ
ჩემს სიყვარულში იელვოს!

შენ დამიმწიფე სიტყვები,


ვით ხეს გასული მტევნები,
შენი, შენდამი, შენს შუქთა,
შენს ციმციმთ მისადევნები!

1941 წ.

ჰეი, არწივნო!

ლექსო, ჩუმად რომ იწერებოდი,


დატორტმანდები გულში ფარულად,
გულის ცეცხლით რომ იფერებოდი,
გარეთ იწევდი ნიავქარულად.

ამდენ მეგობარს ნუთუ ჰპოვებდი? -


ყველგან ძმობილი...
ყველგან დობილი...
აშენებული ქვეყნის პოეტი
მილიონ ხალხზე ვარ დანდობილი.

მაჯაში მისი წვენი მდგომია,


გულში - მზე მისი გაზაფხულისა,
მისი ნამღერი და ნათქომია
ჩემი ლექსი და ჩემი გულისხმა!

მიყვარს ქართლის ცა იისფერება,


მისი ბრწყინვალე, წმინდა ტატნობი,
თვითეული ხმა მას ეჟღერება,
ჩემი გულიდან გამონადნობი.

და თუ სამშობლოს ღრუბლის ცვარ-ნამი


ჩემი ლექსების ემბაზი არი,
ლექსს მივაჟკაცებს ხალხთა სალამი,
სიყვარულის ხმა შენაზიარი!

ლექსს მივაჟკაცებს მათი ბრძოლის ხმა.


მათი დროშები ერთად ამდგარი,
შემოტეულ მტრის ერთად მორისხვა,
ერთი დანდგარი:
„დაჰკარ, დაჰკარი!

გავანადგუროთ მტერი ბილწური,


კაცურ კაცობის შემლახველია!“
მეც ამ დროშებზე ვარ შეფიცული,
ჩემი ხმაც მასთან შენახმევია.

ამ ძმურ დროშებმა ასწიეს ქართლი,


შოთა, აკაკი, ვაჟა, ილია;
კვლავ აღადგინეს თავისი მადლით,
რაც შავ წარღვნებით დამეწყრილია.

და ერთი გრგვინავს ძახილი გულში:


- ჰეი, ვეფხვებო!
- ჰეი, არწივნო!
თუ ჩვენ სიყვარულს ვიყოფდით გუშინ,
დღეს ვაჟკაცობა გავინაწილოთ...

1941 წ.

დავით აღმაშენებელს

შენის დიდებით აშუქე მთები,


შენს ნაამაგარს ზღვები გალობდნენ,
ხმლით განამტკიცე შენ საქართველო
დარუბანდიდან რკინის პალომდე.

თვით უმორჩილო ზღვას დასდევ ხელი,


შეაბი რკინის კარი დარიალს,
შენგან დადგმული ქვაკუთხედები
ახლაც ისევე დაუმდნარია.

შენი ნამუხლი სჩანს ხეობებში,


შენი სახელი ვის არ ელოცა,
საკუთარ შუქით გამოუზარდე
დღე ხვალინდელი საქართველოსა!

შენი ხელთქმნილი არის სამშობლო,


ვინ დაგეწონა ძველად, რომელი? -
ბრძენი შენებრი განგებიანი,
შენებრ მხედარი დაუდგრომელი!

ლომო, აღმდგარო სამშობლოსათვის,


დროშა ძლევისა გყავდა მხლებელი,
ვინ გადეხვეწა ცხენით შენს მახვილს,
რომელი ჩვენი მაოხრებელი, -
არაბიელი, თურქმანი, სპარსი
და ვინც მოჭამა ჩვენი ქვეყანა,
შენს მკლავს ხმალაწვდილს, საზღვართა გარე,
როგორც ზღვის ქვიშა გადაეყარა!

აბჯრის ჩხერაში, ხმალთა ელვაში,


მზერდი მომავალს შორს გამხედარი
და იდექ სვეტად საქართველოსი,
ვეფხვი ფრთიანი, ნათლის მხედარი.

1941 წ.

დიდ თამარს

შენ მოათენე პირის ნათელით,


რაც ქართლს წყვდიადი დაებურუსა,
შენ ერთს გიგონებს შენი სამშობლო
დედას მშვენიერს, შუბლ-ასპიროზსა.

თამარის შუქზე კაცი პურს სჭამდა,


გვიამბობს ხალხი - შენი მკობელი,
შენ სამშობლოს გულს გადაეფინე,
როგორც ყვავილი დაუჭკნობელი.

როგორც არ არის ორი მზე ცაში,


ისე ერთი ხარ ქართლში თამარი,
ისე ერთია რუსთველის გული,
შენის ნათელით ნათამამარი.

შენ გაჰკარ ელვა მისი სულისა,


დღეს რომ მსოფლიო გადაანათა,
რაც გულს ენთება, რაც ეღმერთება,
უფრო ბრწყინვალებს თანისთანადა.

ზღვიდან ზღვათამდი ზღვართა დამდებო,


სამშობლოს მახვილს სხივად მოება, -
შენი ღიმილი, შენი ლეჩაქის
წმინდა ნაჩრდილის უმანკოება.

მკერდზე შეიტკბე დღესაც შვილები,


სამშობლოსათვის მწარე ჭრილობით,
რადგან არ გიყვარს, არც გყვარებია
მონის სიცოცხლე შიშმორჩილობით.

არ ცვდება ხმალი საქართველოსი,


ვით შენი შუქი არ გაცივდება,
და შენი ლამაზ ხელით ნარწევი,
ბრწყინავს აკვანი -
ქართლის დიდება!

1941 წ.

არა, არ არი!

არა, არ არი, არ იპოვება


სხვა ნეტარება, სხვა სიტკბოება,
თუ არა ის, რომ ვიცხოვრო შენთვის!

მე სხვა არ ვიცი ბედნიერება,


რომელსაც გული ზედ მიელევა,
თუ არა ის, რომ ვიბრძოდე შენთვის!

შენი გულისთვის სიკვდილს ვარჩევდე,


ვიბრძოდე შენთვის და ვიმარჯვებდე!
აი, ნამდვილი ბედნიერება,
მას ვერაფერი ვერ მოერევა!

1941 წ.

მე ახლა მივხვდი

ის ბაღი... მე რომ მიყვარდა ერთხელ...


წნორის ორღობე... ვერხვიანები...
მე იმ ორღობეს, მთვარეს, იმ ვერხვებს
და იმ სიყვარულს ვეხმიანები!

- სადა ხარ, სადა, თვალმერცხლიანი,


ჩემი ოცნების სახე მბრწყინავი?
ვერხვის შრიალში ხმავერცხლიანი
მეპასუხება მხოლოდ ნიავი...
მე ახლა მივხვდი, რომ სიყვარული
უკვე სიმღერად გადაქცეულა...
და ის ოცნება და სიხარული
ქარის ფრთებითაც ვერ დაწეულა!..

1942 წ.

მაისური

მიყვარს, ყანაში როცა მიდიხარ,


მიყვარს ვენახში თუთის დარხევა;
როცა გაისმის ქართლში გვრიტის ხმა
და გაზაფხული გაიჩარხება.

მიყვარს მთებიდან ნათქრიალები


ბარში ნიაღვრის ღვართა გალობა;
როცა სიმღერით ხეებს ქალები
შეესევიან ახალბალობას...

მიყვარს, მშუქარი ვაზის ყვავილი,


ხეს რო ფოთოლი დაეწმინდება,
როცა ოცნებით ყანას გავივლი,
ყანის სიწმინდე რომ მომინდება.

მომელანდება სხვა სიხარული,


დაუღალავი მისი მშვენება
და ლურჯი ზეცა მტრედისმხარული
გულზე ნათელით დამესვენება.

1942 წ.

სამშობლოს გმირებს

„...არა არს წესი ქართველთა, რათა ვიხილოთ მტერი


ჩვენკერძ მომავალი, შეუბმელად ზურგი შემოვაქციოთ,
დაღათუ იყოს სიკვდილი“.
ქართველი სარდლის ნათქვამი ბრძოლაში, VIII საუკ.
„ქართლის ცხოვრება“.

გამოჩნდებოდა ბუქი და მტვერი,


კორიანტელი ამტყდარი ცამდე,
მტვრევით მოჰქროდა სეტყვასებრ მტერი
და ქართლს ურდონი თვალებით ნთქავდნენ.

წინ ვინ დაუდგეს წარღვნათ ნიაღვარს,


ქარიშხლის შეხლას, ცეცხლის კვეთებას,
თქვენ დაუდექით და თქვენი თქმული
დღესაც ანდერძად გულს დაგვედება!

- არა, არ არი წესი, ქართველმა


მტერს შეუბმელად ზურგი უჩვენოს,
მტერი კი არა, თუგინდ სიკვდილმა
სამშობლოს საზღვრებს შემოუჭენოს!

თქვენი შეხედვა ქარიშხალს ჰგვანდა,


როცა მიჰქროდით სამშობლოს მცველად,
როგორც ხანძარი განძვივნებული
გამხმარი თივის გადასაწველად!

- არცა ვის ვეყმოთ, არცა ვმსახუროთ -


თქვენს ხმალს თქვენივე სისხლით ეწერა,
და გულზე მჯდარი მტერი წყეული
არ დაგრჩენიათ დაულეწელად!

დღეს თქვენს საფლავებს გადაჰფენია


გადაფოთლილი ვაზის ჩრდილები,
ცოცხალი არი თქვენი გენია,
და ჩვენს მოდგმაში თქვენ არ ილევით!

ვხედავთ ერეკლეს კრწანისის ველზე,


მარაბდას - ცხრა ძმას ხერხეულიძეს,
მაგრამ ცხრა ძმაზე მრავალჯერ მეტი
დღეს სამშობლოსთვის განგმირული წევს!

ვეღარც დაჰხედონ მტკვარსა და რიონს


და ვეღარც ვაზებს გადუსვან ხელი,
მაგრამ სამშობლოს უკვდავ დიდებას
შეეხნენ გმირნი გმირულ სახელით!

მრავალ ცხრა ძმაზე მეტი ვაჟკაცი


მიიბრძვის ხელში შიშველი ხმალით,
რომ შეანათონ სამშობლო მხარე
საქმით, გმირობით, სიმაგრის ძალით!

მკერდით გაჰკვეთეს გრიგალთა ბური,


ცეცხლის ელღვარი ამტყარი ცამდე,
და საქართველო, ჩვენი ხელთქმნილი,
სცოცხლობს, იცოცხლებს უკუნისამდე!
1942 წ.

ქართველ ქალს

დედაო, დაო, სატრფოვ ძვირფასო,


შენი წარსული მწარე წყლულია,
ყოველი ტანჯვა საქართველოსი
შენი ცრემლებით გამოწყულია.

მშვენიერება ტურფა შენებრი


სამშობლოს ედემს არა ჰყოლია,
თავისუფლების ვეფხვთა დედაო,
წინ შენი სახე მათ წასძღოლია.

გულმდუღარებით დამღერდი აკვანს


და ხან ცხრა კუბოს დაჰქვითინებდი,
მაგრამ შენს ამაყ, არწივულ სახეს
მოანათებდა დახსნის იმედი.

შენ ახალწლისთვის ბავშვებს უცხობდი


პურის ხმლებს, შუბებს და მშვილდ-ისარსა,
რათა ყოველწლივ დაჰკვებებოდა
გმირობა შენით ნასინდისარსა!

და რომ დაგეწრთო შენის რძის ძალით


მხოლოდ მხედრებად, არა მონებად, -
ომში წამავალთ ხმლის ტარზე ლეჩაქს
უხვევდი ვალის მოსაგონებლად!

და დღესაც ცოცხლობს ანდერძი წმინდა,


დედის ძუძუთი გადმოცემული,
არ უნახიათ შენი შვილები
გამოქცეული ან დაცემული!

მათი სახელი იქა სწერია,


სადაც გამოჩნდა ყველა რჩეული,
სამშობლოს დროშით ალაშქრებული,
გმირად ნათქვამი და მიჩნეული!

თუ ბრძოლის ველზე თავზე გადასდით


სიკვდილის ცეცხლი გადაყივილით,
შეურყეველი გულით დგებიან,
ვისაც უნათებს შენი ღიმილი.

არვის მისცემენ შენს წმინდა მანდილს,


მტვრიანი ფეხით რომ გადასთელოს;
არ გასწირავენ შენს იავნანას,
კერას, სამშობლოს და საქართველოს!

და არც იქნება ვინმე, ოდესმე,


შენ ძუძუს მადლში შემოგედავოს,
რუსთველის დედავ,
გმირების დედავ,
თავისუფლების ვეფხვთა დედაო!

1942 წ.

ქეთევანის წიგნი

საქართველოს მუზეუმში ინახება ხელნაწერი ლოცვანი,


ქეთევან დედოფლის ტყვეობაში ნაქონი. წიგნის ფურცლებს
დღესაც ატყვია ცრემლის ლაქები და ერთგან სისხლის ნაწვეთალი.

ღამეა. სულ წვიმს. განა ცას


ამდენი უნდა ეწვიმა?
გული შემიკრთო უეცრივ
აჩრდილმა გადმოხვეწილმა.

დედოფლის შესამოსელში
ხელთ წიგნი გამოატარა,
ვიცი, წიგნებში სიტკბოა,
რად მწვავს ეს წიგნი პატარა?

ან მისი ხელში აღება


რამ უნდა გამაბედინოს?
ზედ ცრემლის ლაქა აცხია...
ვიღაცას უნდა ეტირნოს!

ვიცი, ვინც არი პატრონი,


ან წიგნი ვისაც ჰხლებია,
მისი მიმკრთალი ფურცლები
სიმწარით იკურცხლებიან.

რაც ვერ დაწერა კალამმა,


ალბათ ცრემლმა სთქვა მალულმა,
სამშობლოს ფიქრზე საკანში,
ირანს, ტყვედ გადაჩქმალულმა.

რა დაიტირა, რას გვეტყვის


დედოფლის ცრემლის ნაღვენთი? -
თუ მოინატრა შორიდან
თავისი ტკბილი კახეთი?

ამ წიგნზე თვალთა გიშრების


ყოველი დაწამწამება
ფიქრით იწვოდა, ვით ზიდოს
მან მომავალი წამება.

შანთით, მარწუხით დახლიჩეს,


გაზით უგლიჯეს ძუძუნი,
ყორნებს მიუგდეს საჭმელად,
ათას ხმლით გადაკუწული.

ათასი ელვის ნათელი


დედოფლის სახე ყოფილა.
ო, რა თვალები... ქართლისთვის
სიკვდილით გადაღობილან.

არ მასვენებენ, სულ მდევენ,


ის განიერი თვალები...
პატარა წიგნი საუბე,
ზედ ცრემლის ნაწვეთალები...

1943 წ.

შინმოუსვლელო, სადა ხარ?

შინმოუსვლელო, სადა ხარ,


შენ ხომ თბილისი გიყვარდა?
სად ლპება შენი ქოჩორი,
თვალი სად ამოგიღამდა?

თბილისში ვარდი აყვავდა,


შენ სად არჩიე დარჩენა?
ნეტავი წამოგახედა,
მთაწმინდა კიდევ გაჩვენა!
შორი გამხდარა სავალი,
რამდენიც გინდა იარო;
აღარც ჩანხარ და ვერც მოხვალ,
მხედარო გულნატყვიარო!

პირს დაგრჩენია ღიმილი


სამშობლოს მოგონებისა,
კიდევ თუ გესმის მტკვარის ხმა,
გუგუნი ქართლის მთებისა?

მინდვრის შამბნარმა დასუდრა


შენი ობოლი საფლავი
თმაგადაშლილი ქალივით
დაგაბრწყინდება ვარსკვლავი!

დედის ცრემლების სანაცვლოდ


გასველებს ღამის ნაწვიმი,
ნაქროლი საქართველოდან -
ფრთას დაგაბერტყავს არწივი!

თვალში გვაკლიხარ, სადა ხარ,


შენ ხომ თბილისი გიყვარდა?
შენი ქართული მარჯვენა
სად ჩაიშალა თიხადა?

მიჰყავდი იერიშებზე
სამშობლოს, ვინც შენ დაგბადა,
დედის ლეჩაქს და ყრმის აკვანს,
საფლავებს მამა-პაპათა.

ცეცხლით ნადუღარ გრიალში


დაეცი გმირი გულჩქარი;
და ახლა ჩუმად შრიალებს
შენს სამარეზე ბუჩქნარი...

მაგრამ უეცრივ მაშხლები


ვარდისფრად აფეთქდებიან
და ქალაქები თავდახრით
შენს წინ სალამში დგებიან;

დაგბაასობენ გუგუნში
ალერსიანი მადლობით,
რომ დაუბრუნე სიცოცხლე -
ნართმევი უსამართლობით.

სისხლით სიცოცხლის მიმცემი,


სიკვდილის უბეს სცილდები,
გმირო, დამხსნელო, ჩვენ შორის
მზესავით განაწილდები, -

რომ უფრო მეტად ნათობდეს


შენი სამშობლოს დიდება,
მზე გმირის ხმალზე მბრწყინავი
არასდროს დაიბინდება!

1943 წ.

ქართველი მხედრის ნაამბობი

მტერს ხმლით მივდევდი ცხენდაცხენ


მტერთა დამცემი ზარისა,
წამომეწია წინწკალი
სამშობლოს ღრუბლის ცვარისა,
ნაოფლარს ცხარე ბრძოლაში
ზედ გულზე გადამეჟურა,
დამშხეფა სამშობლოს მადლი,
ჟღეროდა ოქროს ეჟვნურად:
„მე შენ გშობე და გაგზარდე,
შენ სანახავად მოველი,
სამშობლოს კოცნა მოგართვი,
სამშობლოს სიტკბო ყოველი!“
მაშინ ვთქვი, „ჩემო ქვეყანავ,
შენ, ჩემო, გულის სატკბურო,
შენ, თუ შენი რძე მასხურე,
მე ჩემი სისხლი გაპკურო!
შენ თუ მშობე და გამზარდე,
მე ვზარდო შენი სახელი!“
ცხენს დეზი ვკარი, გავქუსლე
ხელში შიშველი მახვილით.
ნაიერიშალს არ მახსოვს...
ვეგდე ხმალდახმალ დახლილი.
მერე... შეხორცდა ჭრილობა
და როს გამთელდა იარა,
ვიგრძენ, ის წვეთი ნაჭრევში
სისხლის ცვრად შემეზიარა!
ვიგრძენ ისეთი სიმაგრე
და ვიყავ ისე ურყევი, -
არა მგონია კლდე იყოს
ქვამყარი, ქვიტკირურღვევი!

1943 წ.

სამგორი

თბილისის მცველთა საძმო საფლავებს, -


სამგორზე სამ გორს, სამ ყურღანს ვხედავ,
ერთხელ რომ მიწას აზანზარებდნენ,
გმირნი გამხდარან საფლავის ტყვედა!

დასთმეს სიცოცხლე, მაგრამ არ დასთმეს


არც ერთი გოჯი თვისი მამულის,
აბორგდებიან სამარის მტვერში,
როცა შეესმით მტრის ჟრიამული.

ხმლებს დაეძებენ, ფარს იბღუჯავენ,


მტერზედ იწევენ გრძელტარა შუბით...
მესმის უჩინარ ლომთა ყვირილი,
მომეჩვენება ნაჩეხი შუბლი...

ახლაც მიწიდან ამოგუგუნებს


ამოძახილი მათი სამპირად
და უერთდება შვილთა ყიჟინას
იერიშებზე ვისლის ნაპირად!

1943 წ.

საქართველო

დასაბამიდან ანდერძად გქონდა


თავისუფლება გულს დასახული,
ახლა თვითეულ კოკორში სუნთქავ
ულევ სიცოცხლით და გაზაფხულით.
დასაბამიდან ხმალშემორტყმული
დგეხარ და მტერი უამარია,
შენი მარჯვენა და შენი დროშა
ორი ათას წლის ნაომარია!
მზიანო მხარევ, ცოტას ნათობდი,
იცოდი ბევრი შემოღამება,
ვინ ჩამოთვალოს შენი ჭრილობა,
შენი გმირობა, შენი წამება,
ყველა მოჰქროდა შენს შესამუსრად,
მეზობელი თუ გადამთიელი -
არაბი, თურქი, სპარსი, ხაზარი,
ლეკი, მონგოლი, ბიზანტიელი.
შენ ისევ დგეხარ, თუმცა სისხლის ზღვამ
და ცეცხლის წარღვნამ გადაგიარა,
ყველას უნდოდა შენი გალეწა,
თვით დაილეწნენ, იქმნენ იავარ!

1943 წ.

არ დაიდარდო, დედაო

ღიმილის ბიჭი ვიყავი,


ბეჭზედ არწივი მეხატა,
ცხრამეტი წლისა შევსრულდი,
ოცი არ გადამეხადა,
სამშობლოს დროშა მეჭირა,
მტერს ვეცემოდი მეხადა!

ვისაც უნდოდა, ქართველი


რომ გამხდარიყო ხიზანი,
დავკარი, ვიყავ მართალი,
ვით ჩემი ტყვიის მიზანი...

ნუ დაიდარდებ, დედაო,
მწარე სიკვდილის სევდასა,
დღეო, გადიდდი, გადდიდი,
შვილი ეყრება დედასა!

არ დაიდარდო, დედაო,
რაც მე სიკვდილით გაწყინე;
მე შენი ძუძუს ნათელი
საქვეყნოდ გამოვაბრწყინე.

მე გაგიხუნე ლეჩაქი,
მაგრამ დაგხურე შუქური,
სამშობლოსათვის დავთხიე
სისხლ-ცვარი სიჭაბუკური.
მე არ დამკარგავს სამშობლო,
სულ ვეხსომები ლევანი,
სანამდის საქართველოში
იწურებოდეს მტევანი...

ცხრა ძმად მეათედ მიმიღეს,


პირზე მაყარეს ვარდები,
დაჭრილს, დამძრალს და გზადაღლილს
დამხურეს მუზარადები.

თუ გაუჭირდა სამშობლოს,
კვლავ ცეცხლით დავიდაგებით,
ჩვენ გამოვამტვრევთ საფლავებს,
ხმლით ქართლის მთებზე დავდგებით.

არ დაიდარდო, დედაო,
ნუ მიეცემი სევდასა,
დღეო, გადდიდი, გადდიდი,
შვილი ეყრება დედასა!

1944 წ.

შინმოსულისა

გიორგი ნატროშვილს

ათჯერ ვემთხვიე შენს მიწას,


ასჯერ სიცოცხლე მანატრე,
თბილისო,
შენმა ლამპრებმა
როდესაც შემომანათეს!
თითქოს ლამპრები კი არა,
ენთო ვარდები ბდღვრიალა,
მე დავინახე მთაწმინდა
და გულმა შეიფრთხიალა.

მე დავინახე შენი ცა,


სინაზით გადამხუროდა,
მუჭით ავიღე მტკვრის წყალი,
ვეწაფე, როგორ მწყუროდა!

კვლავ მიბრუნდება სიცოცხლით


მე შენი სუნთქვა, თბილისო.
დამწვას, დამდაგოს შენმა მზემ,
ოცნება დამითილისმოს!

მე მოვდიოდი შორიდან,
იერიშიდან მოველი,
შენ დაგიბრუნდი პირნათლად
მე, შენი ძუძუს მწოველი.

ვით საჩუქარი შენდამი,


მომაქვს მე ჩემი ჭრილობა,
მეც შევაჩერე ამ წყლულით
მტრის დიდი შემოჯრილობა.

ბევრგან ვიბრძოდი და ყველგან


შენთვის ვიბრძოდი, თბილისო,
შენი ქედები მახსოვდა
და ფერი ყარამფილისო.

გესმოდა ჩემი ნასროლი,


შენი მზის სასახელოდა?!
მტრედო, შემიძეხ თბილისში,
აქ დედის ძუძუ მელოდა...

1944 წ.

წარწერა წიგნზე

დავხარჯე გულის ზოდები,


ვწვი ოცნებათა ზვინები...
ლექსო, მიდექ და მოდექი,
სამშობლოს შეეძინები!...

ჩემ სიტყვას ზრდიდა ნაჟური


რძეგავსილ კვირტის ძალების,
ყამირის ღონე ვაჟური
და დედის ბოსტნის კვალები...

დამიწრთო სიტყვა მედგარი


ქართლის ნიავის ჩურჩულმა,
და გულის შუქი მფეთქავი -
მშობელ ცამ გადალურჯულმა...
გული გაზაფხულს მიკრულა
და ვგრძნობ არასდროს მოვკვდები...
გულში მინთია ცისკრულად
აპრილის თეთრი ტოტები...

ოცნების ვხარჯე ზოდები,


გულის გადავწვი ზვინები,
ლექსო, მიდექ და მოდექი,
სამშობლოს შეეძინები!

1944 წ.

ბარათაშვილი

განჯის ღამე. 1845 წ. 9 ოქტომბერი

მე მოგაგონებ უღმერთო ღამეს,


როცა დაგიცხრა ყველა ტკივილი,
როცა განჯიდან შუაღამისას
ქართლს შეუძახე გედის ყივილით.

თითქოს ყორანმა უზარმაზარმა


ფრთებით დაჩრდილა მთელი ქვეყანა;
მაშინ სიკვდილი შავნაბდიანი
ჯვარედინ გზაზე შემოგეყარა.

საორბედოა! - მამის ვალებს გთხოვს,


ვაი, გადახდა გამხდარა ძნელი!
ბუდეშურ თვალებს თვით დაგიხუჭავს,
სულს გაგიზომავს ელვარე ცელით.

მისი ნავარდი უფრო სწრაფია,


ვიდრე შენს ლექსში ლომის ნახტომი;
დაუთმე, რაც კი უთმობელია,
შესწირე გულის გადანახდომი!

- დედისერთა ვარ, - იტყვი, - ნუ მომკლავ...


- განა ყაბახის არის საღამო?
არა, მოგერტყა ყოველი მხრიდან
სიკვდილის ღამე დაუსაბამო.

*
რა მოჩვენებამ დაგაარტახა
და რა შესძახე ახლა მთვარესა?
რომელ ანგელოზს მკერდს უშვერ ახლა
ან რომელ მახვილს გამკვეთარესა!

თავზე ღმერთივით დაგადგა ერთი,


ქარიშხლის ფრთაზე შემოპარული -
ქალის აჩრდილი, - გულს რომ გითხრიდა,
როგორც აფთარის ჭანგი ფარული.

იმ თვალებს შეხვდი! იმ თვალთა ელვით


გზა სიკვდილისა დაგელოცება,
ცეცხლის ტბებია უნაპირონი,
შიგ რომ ჩამწვარა შენი ოცნება...

*
ტახტზედ იწექი და გედო თავქვეშ
შენი მერანის თოქალთო სველი;
წინ რა გელოდა, წინ სხვა რა იყო? -
გზა დახვეული ობობას ქსელით.

ქართლის უდაბნო სიცარიელე.


ჭორი. სიცრუე. ფუჭი ალერსი.
ყინულის ხელი. პირუმტკიცობა.
ზღვა საწამლავი გულზე ნალესი.

და ნარიყალის ზღუდის ნამსხვრევი,


ქვეშ მოქცეული ქართლის საფლავით,
კატინას შუბლის მშვენიერება,
ამაოებით დასადაფნავი...

და დოდაშვილი ციმბირის ქარში...


როზენის როზგი ქართლზე დაკრული,
გავერნებული შენი მთაწმინდა,
შავის ოცნებით გადანამქრული...

უსულგულობით სავსე თბილისი


ჭრაღებით თვალში შემოგცქეროდა,
გულგაგლეჯილი იადონივით
შენს ლექსს სათარა ცრემლით მღეროდა.

*
ლოგინთან მთვარის მარგალიტებით
შეფიფქულია ცივად სარკმელი,
ელავს ციმციმით ოქროს საყურე,
შენი ოცნების გადამსარკველი!

ჰა, მოიბრუნე სუნთქვა მის ჩრდილქვეშ


და გაიგრილე სიცხე გულისა.
მთელი ქვეყანა ბრწყინავს იმ ჩრდილში,
წამალი არი გათანგულისა!

შენი მსუდრავი ახლა მთვარეა,


და ქარი შენი დამმარხავია:
განჯის ქუჩებში ალვის რაზმები
ნიზამს მღერიან, ომარ-ხაიამს...

*
- ნუ გძინავს! - აკი შეგძახა გულმა
და დიდებისა ანთე ლამპარი!
- ბედმა დამიხშო ნუგეშის კარი
და დავალ მწირი, მიუსაფარი!

- იპოვე, ყრმაო, შენ მხვედრი შენი,


ან ციურობის იპოვე სწორი?
- ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში,
ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა,
ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის...

ლანდი ფანჯარას დაჯახებული


მოგიახლოვდა ანაზდეული!
- დაე, დაბნელდეს, გული მზე არი
დაუქრობელად განათებული!

- მშვიდობით ქარო, მშვიდობით ქართლო,


წინანდლის ღმერთავ, ბედი მერევა;
მე ვტოვებ მტკვარის მხიარულ კიდეს
და ჩემს დამტანჯველ ბედნიერებას!

მაგრამ კედელზე თვალის შეფრფინვით


გულმა ოცნება ისევ მოძებნა:
ნინა, მანანა, ეკატერინა
დაგღუღუნებენ ანგელოზებად!

შეაშრიალა მთვარემ რუშების


და არშიების ნაზი ჩანჩქერი,
ბრწყინავს ღაწვებზე ნაფურცლი ვარდი,
თვალში კი არა, სულში ჩაგცქერის!

რად გაუწოდე მაჯა უძლური,


მათი სინაზე ვეღარ გიშველის.
თავზე დაგადგენ თეთრ ეტრატებით
შოთა, ბესიკი, გურამიშვილი.
და წასაყვანად ჩაგკიდეს ხელი
საგალობლებით, ლოცვით, შენდობით.
მიჰყევ, მიენდევ, გულით უნდოო,
სხვას კი ნურავის ნუ მიენდობი!

*
უკვე გათავდა... კმარა, სიკვდილო,
შენთან კამათი და საუბარი...
აღარც განჯა და ავი ციება,
არც ანჩისხატის ვიწრო უბანი!

აღარც გამოვლილ უფსკრულთა სიღრმე,


აღარც გადახდა მძიმე ვალისა,
აღარც საყურე... მის ნაცვლად შუბლზე,
ბრწყინავს ბეჭედი მომავალისა.

აღარც სატრფო და არც მეგობარი,


აღარც მშობელი, ცრემლის დამღვრელი,
შენს სულს დაქანცულს, ფრთაშემოლეწილს,
გადეხსნა სივრცე განუსამზღვრელი...

შენს წინ გაბრწყინდა დიდი მწვერვალი,


სადაც უჭკნობი სიტურფენია,
ვინ აღწევნილა, მითხარ, შენამდის,
ან რომელ არწივს იქ უფრენია?

ან შენს მომთვარულ ხმას სერაბიმულს


იტყვის რომელი ლერწამის წბილი?
შენი აჩრდილი თრთის მთაწმინდაზე,
შენი ნაქროლი აჩნია თბილისს...

*
დავიემბაზეთ შენი ნათელი,
შენს დაუჭკნობელ სახელს ვიფიცავთ,
განჯას დამწვარმა გულის ნამწვავმა
ქართლში კოცონად გამოიღვიძა.

მაშინ გათენდა შენი დიდი დღე...


მზეს შეუერთდი შუქმიწეული;
სურდა ცხოვრებას შენი დამხობა,
შენ აღადგინე იგი ძლეული!

*
ნაცისკრალია.
უკანასკნელი
შხამის წვეთები სულმა დალია,
თეთრი შროშანა დაგეცა გულზე
და ლურჯი ფერით თვალი მთვრალია.

შენი ვარსკვლავი უკვე გაშავდა


და შენი ზეცა ესრედ მზარავი,
ახლა სად გინდა, რომელ ტრამალზე,
დასცე მხედრული შენი კარავი?

იქნებ ელისეს მინდვრებს გადაღმა


თანავარსკვლავედს შეხვდე ყარიბი? -
ნაწყლულარებით იქნებ სამშობლოს
უფრო უმეტეს შეეყვარები?..

*
უკვე სარკმელში შემოინათლა,
რა ახლოს იყო წეღან ცისკარი!
შენი ვარსკვლავიც სულ ახლოს იყო,
ოღონდ შეგეღო მისი ბჭისკარი.
მაგრამ ახალი გზა გეძახოდა
განათებული ირმის რძის ღვარით.

მინაზებული ციაგის ბროლი,


ვარდრეულ შუქმა როცა შეღება,
შენ უკვდავების თრთოლა იგრძენი,
სულში გავლებულ შანთის შეხება!

ცხოვრების წყარომ შენ გასვა შხამი,


და სიჩუმეში როცა იწვოდი,
ჩვენ რომ აქედან გვირგვინს გიწნავდით,
ტაშს რომ გიკრავდით, განა იცოდი.

შენი ჩვენი იყავ,


არა იმ დროის,
იმ შემოდგომის დაღლილი შვილი,
შენ ისწრაფოდი ჩვენ შესახვედრად,
ქართულ ოცნების სუმბულის შლილი.

ძველი ყაბახის მოედანიდან


შენ მოაჭენე ჩვენთან პირველმა,
საკუთარ გულის დამნაცრებელმა,
საკუთარ ფერფლის შემომწირველმა!

ჩვენ შეგაგებეთ ახალი ქართლი,


ახალ ოცნებით, ახალი ბედით.
დღეს შენც ანათებ მის შარავანდედს
ქართლის ბრწყინვალე წინამორბედი!

1944 წ.

ანდერძი

მე ოცნება მაქვს დურაჯისფერი,


ვწერ სულის ელვით,
გულის აფრენით...

მე უარვყავი სპარსთა ზურნები,


მათი ყიყინი ვერ ავიტანე;
პატარძეულის პიტნის სურნელი
პოეზიაში შემოვიტანე!

მსუყეა განა?
სისხლზე მოსულა,
როდი სთესავდნენ სირინოზები!
და ავსებული ბარბაროსულად
მიყვარდა სიტყვა მიმინოსებრი.

მე არც ფრანგების ვარ ნაყმევარი,


არც წიგნის მტვრიდან ფეთქვა მსმენია,
გულის გუნდრუკის უხვად მკმევარის
აყრილი ძარღვი ამაზრზენია!

არ ვარგა ლექსი უგულისძგეროდ,


უნდა იმღერო სიღრმით გულისა,
თორემ გახდება საბედისწერო,
ვით ბეჭდის ძებნა დაკარგულისა!

ან რა დაწერა ცაზე არწივმა,


ანუ მეხმა მთებს რისთვის დასწივლა,
რა ბედენაა!
მე ვიცი მხოლოდ,
ხალხს ცხარე ცრემლი რისთვის დასცვივა!

ერის მძლე მუხას ფესვით მივები,


მისთვის ვიცოცხლებ გახანგრძლივებით, -
ძარღვდადუღებულ დღეებით სავსე,
მბრწყინავი ნაბრძოლ ცეცხლის სხივებით.
1944 წ.

***

სულ პირველი ენძელა


მაშ, არ გაგხარებია?
ირმის ნაწოლ ფოთოლში
არსად დაგღამებია?
გადაწმენდილს მთვარეში,
ღიმმორეულ თვალებში
მაშ, არ ჩაგიხედია?
და იმ დიდ სიყვარულში
წილი არა გდებია?
შუქი არ შეგინიშნავს,
ნაწვიმ ღამის ნამღერში,
ვარსკვლავების ნამხელში?!
- აი, ჩემი ბედია!
უამისოდ სიცოცხლე,
მართლაც, ნათავხედია!

1945 წ.

მესხი ვარ!

მესხი ვარ! ვანთე მე სხივი,


მესხმა შესხმა ვსთქვი ახალი,
მტერი დამესხა, დავძლიე,
ვიყავი სახელმაღალი.

მესხმა დავასხი ვენახი,


კლდეებში ვკვეთე ტაძარი,
წიგნი დავწერე ვეფხვისა,
შიგ სიყვარული დავძარი!

ხელში ეტრატი მეჭირა


და გულში მეჯდა ბულბული,
მესხი ვარ, ვანთე მე სხივი,
ვაშუქე გადაღრუბლული.

თავს გადავივლე სამას წლის


ქარიშხალთ ლეწა-მტვრევანი
და ჩემგან დარჩა სახსოვრად
ხეზე გასული მტევანი.

ნანგრევთა შორის ჩუქურთმა,


დამშრალი საწნახელები...
ტანზე ამესხა ჭრილობა,
გულზე დამიწყეს ხელები...

და თუ დატრამლდა სახლ-კარი,
თვალს დამეფარა უკუნი,
დათხრილი საძირკველიდან
ისევ გაისმა გუგუნი!

ისევ აღვსდექი, მესხი ვარ,


მზე ახლად გადმომესხივა, -
ისევ დავბრუნდი მამულში
არტანუჯელი, თმოგველი,
ჩამქრალი თონე ავანთე,
ახალო რთველო, მოგელი!

ღარზე დაიძრას მაჭარი,


დამსხვილდეს პურის თაველი,
დადგით მესხეთში აკვნები,
გამოჩნდეს კვლავ რუსთაველი!

რომ ახალ დიდებისათვის


მესხმა შესხმა ვსთქვა ახალი,
თქვენ დამილოცეთ მე ფუძე,
ძველთაგან სახელმაღალი!

1945 წ.

ნისლაურა

საჩონგურო მწყემსური სიმღერა

ტბიდან ნისლი გამოვიდა,


ბევრი იტირა...
- რა გატირებს, ნისლაურა,
თეთროსანო, რა?
გულის ძველი ნაეკლარი? -
არაფერი თქვა...
ყელზე ლეჩაქს იწეწავდა,
თავს ახლიდა ქვას?
კლარჯეთზე გადაიარა,
ჭანეთს გავიდა.
შავად ჩავიდა შავ ზღვაში,
ახლაც იქა დგა.
- ნისლო, ნისლო, ნისლაურა,
ძმას უთხარი, დას:
- თვალს ნუ ითხრით, საყვარლებო,
გულს ნუ ილეწავთ,
სიხარულის მზე ამოვა
დღეს თუ არა, ხვალ!
ტურფაა შავშეთ-კლარჯეთი,
ანჩა, ოპიზა!
მუდამაც ის გზა ჰქონიათ,
სითაც მტკვარს აქვს გზა!

1945 წ.

მესხეთი

1. ისევ სუნთქავენ ქართულ ოცნებით

ისე დავბერდი,
ვეღარ ვნახე ტბეთი, შატბერდი...
ვერც არტანუჯი, ოშკი, ხახული...
როდის მოუვა მათ გაზაფხული?

ვეღარ ვემთხვიე მესხეთის მიწას,


სადაც გმინავენ ძველი ლოდები,
სადაც აჩრდილნი მამა-პაპათა
შემოგვძახიან: თქვენ გელოდებით!

იქ ხე არა დგას, რომ არ ოხრავდეს:


- გაზაფხულია, რად არ აყვავდი!
იქ თვალი მხოლოდ ნანგრევებს ერთვის,
ჭოროხის კვნესას - ქვათა ღაღადი...

შავშეთის მთებზე ნისლი გადადის,


კარჩხალის მთებზე ვხედავ არწივებს,
და მათ ანგრეულ, აშლილ ბუდეებს,
ქარი უბერავს, ქარი აციებს...
მაგრამ გუგუნებს ქართულად მიწა,
და თუ გამხდარან დასანაცრები! -
ისევ სუნთქავენ ქართულ ოცნებით
მესხეთის მთებზე დიდი ტაძრები.

რუსთველის მამულს, მერჩულის მამულს


ვერ მიგვტაცებენ შავ ზღვის ქურდები;
თუ ნაგუბარში წყალი ჩამდგარა,
მე ჩემს მამულში ჩავსადგურდები!

2. ვინ მეჩვენება... ვინ მიწვდის ხელებს?

ვინ მეჩვენება... ვინ მიწვდის ხელებს? -


დაკარგული ძმის მესმის ყივილი...
საქართველოზე მოჭრილო ძუძუ,
შემაჟრიალებს შენი ტკივილი...

შენ ჩემი გულის დასაკლავი ხარ


ისევ მტრის ხელში გადავარდნილი!
დიდო მესხეთო, ძველო მამულო,
ფეხდაფეხ დამდევს შენი აჩრდილი.

შენი ხანძრები მომბოლებია,


მომყრია ფერფლი მკვდარი ზღვის ფერი...
მინდა დავემხო მე შენს წინაშე,
კოცნით ავწმინდო შენს ლოდებს მტვერი...

შენი ნაშთები ნამსხვრევებია


ჩემის იმედის გაზაფხულისა,
ვკრებ და ვაერთებ, ცრემლით ვაწებებ,
ნამსხვრევებია ჩემი გულისა!

3. დიდო მესხეთო, ძველო მესხეთო

დიდო მესხეთო, ძველო მესხეთო,


მადლო მესხურო, მზეო მესხურო,
ოცნებას უნდა, რომ ძველებურად
უკვდავი სხივით გადამესხურო!

შენი კოშკების სარკმელებისკენ


მოჰქრის ოცნება ჩემი ფრთამალი.
ოქროსფერად რომ იხედებოდა,
ისევ დაგნათის თავზე თამარი...

ისევ ორბებად დაგტრიალებენ


შენს ნანგრევებზე ჩამოხედული, -
ბაგრატ, გიორგი, დიდი დავითი,
და სხვა ათასი გუნდი მხედრული, -

ვინც მტერს ულეწა მოიერიშეს


შენს გალავნებზე მუზარადები...
თვით კახაბერი, ზღვის კარის მცველი,
რკინის პალოთი საზღვრის დამდები...

დიდი დროშების შემარხეველნი,


მტრის გამრეკელნი ხმლით, აჯანყებით...
შავ ურდოების დამჯახებელნი,
შალვა თორელი, სარგის ჯაყელი...

და სხვა დაჭრილნი და წამებულნი,


ზედ დაკაფული შენი შვილები...
აბჯარცმულები, შუბწაწეულნი,
ხმალამართულნი, მხარგაშლილები.

ბუმბერაზები, გოლიათები,
გორგასლანიდან ვიდრე ჩვენამდის,
ყველა ფეხზეა, ერთის გაფრენით,
რომ შენთან გაჩნდეს მტრის გაჩენამდის...

და თვით ჯერ პერანგგაუხეველნი


და გახვეულნიც ბნელ სუდარაში,
ყველა გამხდარა შენი წყლულების,
შენი შეკომლილ აბჯრის დარაჯი...

მამამთავრები, მაკურთხეველნი,
ოქროს ენა და სულის მხილველი...
მგოსნები ალურ-სიმებიანი,
როგორც ათასი ოქროს ფრინველი...

თვით ჯადოქარი ქართული ქნარის,


ვეფხვის ხალების დიდი მღერალი
კელაპტრის შუქში მთაწმინდელები,
გრძელ ეტრატებით გადმომცქერალი...

ოპიზარები... საბანისძენი...
დიდოსტატები... გადამწერლები...
შენთან არიან, ვით შენთან არი,
მათი სიმღერა, ღვაწლი, ცრემლები.

შავი ზღვის უბემ, დე, ჩაიბაროს


შენი ტკივილი, ძველი სევდები...
დაგიბრუნდება კვლავ რუსთაველი,
არწივის მხრებზე გამომზევდები!

1946 წ.

ნუთუ?

„და თუ მართლად საქართველო შეიქმნას“.


ამონაწერი 1615 წლის დარჩენილი ანდერძიდან
შაჰ-აბასის შემოსევის დროს.

ნუთუ ყოფილა მართლა ქართველი,


ასე ეფიქროს, ეს დაეწეროს?
ნუთუ ყოფილა სამშობლოსათვის
ასეთი წამი საბედისწერო.

რომ სიცოცხლეც კი სათუო ჰქონდათ


ეჭვის ქვეშ იყო? - არა მჯეროდა...
შუბლი მიხურდა, გავხსენ სარკმელი -
ჩემი თბილისის დილა მღეროდა!

„რომ საქართველო მართლა შეიქმნას!“


მე ეს სიტყვები დასავიწყარი
მახსენდებოდა დილის ხმაურში,
ვით შფოთიანი ღამის სიზმარი!

1946 წ.

ივანე თარხნიშვილს

წინაპარი შენი დიდი,


საქართველოს რკინის კარი...
მუზარადში გვახსოვს იგი,
ბორგნეული, ბობოქარი...
არ აცალეს... სამკვიდრო და
ხმალი ძალით გამოართვეს,
და აზიის ქვიშაში ვმზერთ
გადაღუპულ გარექართველს.
მისი ძგერა შენ მოგდგამდა
და მქუხარი სულის ღელვა,
შენი აზრიც ისე კრთოდა,
როგორც მისი შუბის ელვა.
მამის სახლი, მამის სახლი,
არ გიყვარდა ვითომ განა?
კერაში ვერ დაეტიე,
რომ იარე განდაგანა?
დედის ცრემლი არ ინატრე
გულის კვამლის გასაბანად? -
არა, არა!
გატრიალა
უღვთოდ, უგზოდ ბედის ქარმა,
და ვით შენმა წინაპარმა
ხმლის ნამტვრევი ვერ აჰკრიბა,
ვერ მიიღო ქართლში დაფნა, -
ისე ჯვარზე გაეკარი,
გაიარე ნაეკლარი,
მაგრამ ვერვინ დაგადაბლა,
ვერ გადრიკა შენი სული...
და სამშობლოს კარიბჭეში
ხარ დიდებით შემოსული...

1946 წ.

ორი ფრინველი

„ორი ფრინველი მოფრინავს,


ორივე ქარის ქროლითა“,
ერთმა ცას ცეცხლი მოჰფინა,
ფრთებს აქნევს დაოქროილთა,
მეორე მოლაჟვარდოა,
ლურჯი - ციაგი ფრთებითა;
ერთი - დარდივით მარტოა,
მეორე - იმედებითა;
ერთი ხომ ჩემი სულია,
ნეტავ მეორე ვინ არი?
რა დიდი ხანი უვლია,
კიდევ ცაზეა მდინარი!

1947 წ.

ზამბახი
თვალს რად დამყრია ეს თოვლის ხვავი,
ამ ჭაღარისა მე რა მემართა?
გუშინდელ დილას,
გუშინდელ ყვავილს,
გუშინდელ ჭაბუკს
რა დამემართა?
მე მაინც ისევ მემკრთოლვარება
გადახუნებულ ზამბახის კვალი!
და იმ ჩემ ზამბახს, ცისფერთვალებას,
კიდევ ვდარაჯობ ოცნების თვალით.

1947 წ.

ჩემო სამშობლოვ, შენი მეკვლე ვარ!

ჩემო სამშობლოვ, შენი მეკვლე ვარ,


- შემოვდგი ფეხი,
ვარ მომლოცველი,
თვითოეულ მოძმის გადამკოცნელი!..
ხალხო ქართველო,
შენ გაიხარე,
ბედნიერების ვარ მომლოცველი!

ყოველი შენი ბუჩქი და ტოტი


მენახოს მზეში დამარჯნებული,
შენი მარჯვენა მინდვრად, დაზგასთან,
იყოს მარადის გამარჯვებული!

ხალხო, გიმრავლოს კერის აკვნები,


ხალხო, აივსე მიწის ბარაქით!
სულ მჩქეფარებდნენ დაუშრობელად
შენი რიონი, მტკვარი, არაგვი!

სამშობლოვ,
შენი კერის მეკვლე ვარ,
შენი ლამაზი მიწის მკოცნელი,
ათას ჩანგსა და ათას სიმებზე
ამოგაჟღერო მინდა ოცნებით,

მაგრამ სიტყვები ვერ მიპოვნია,


ჰანგი, შენდამი ტრფობის მტყორცნელი!
ყოველდღე ჩემთვის ბედნიერების
და სიხარულის ხარ მომლოცველი!

1947 წ.

პოემა „სამგორის“ პროლოგის ვარიანტი

შენ არ იცი, ლექსო, დაღლა,


გინდ იარო კიდისკიდე...
კიდევ ერთხელ ადი მაღლა,
კიდევ ერთხელ, ლექსო, კიდევ...

კიდევ ერთხელ თაყვანი ვცეთ


ჩვენს ქვეყანას და ჩვენს გამზრდელს,
სიტყვა გულში დასაბროლი
ნაკადივით დაკამკამდეს.

კიდევ ერთხელ შევიხსენოთ


საქართველოს ძველი წყლული
და სამგორის დიდი ველი,
გმირთა ძვლებით მოკირწყლული.

კლდის მონაჩეხ საფლავის ქვას


ჩვენ ავუნთოთ ბაზმის ფთილა
და ვემთხვიოთ მოხრილ ჩოქით
ბუმბერაზთა ნააჩრდილარს!

გმირნო, თქვენი მუზარადის


ბრწყინვალება დღესაც ელავს,
მხოლოდ წვიმა გიმღეროდათ,
რასაც ლექსი ამოჰქსელავს!

წყალმა ბევრმა ჩაიარა,


ჟამიც ბევრი გარდიცვალა,
სისხლი დაშრა, წყლულის წვეთიც,
არ დამშრალა ქართლის ძალა!

ჩემო მიწავ და წიაღო,


მე ვარ წიბო შენი თიხის,
შენს ამაყ სულს გაუმარჯოს,
რომ არვის წინ ქედს არ იხრის!
*
დღეს იორის მჩქეფარ ზვირთში
ჩემი ქვეყნის ღიმილს ვხედავ!
დღეს სამგორის ტრიალ ველზე
დილამ ვარდი დამახვედრა!

მთელი ჩემი ლექსის ძალა,


ჩემი გულის ღაღადება, -
ჩემს სამშობლოს!
საქართველოს
ხელმეორედ დაბადებას!

დღევანდელ დღეს,
დღეის დილას
პირმზიანი სიჭაბუკით,
დროშები რომ შრიალებენ
ნაბრწყინვალი ნათლის შუქით...

კიდევ ერთხელ, ლექსო, კიდევ,


ჩემი გულის გახდი შემწე,
გადი ხვავად, ოქროს თვალად,
სიხარულით გაილეწე!

*
მე შემოველ კახეთიდან,
თან შემომყვა მისი შუქი,
მე სავსე ვარ ივრის ჯანით,
ალაზანის სიჭაბუკით!

მაგრამ მე ვარ ღონიერი


ჩემი ქვეყნის მბრწყინავ ბედით,
კიდევ ერთხელ, ლექსო, კიდევ...
ჯერ არ გვითქვამს მეათედი...

ნინოწმინდის ნანგრევებო,
დამილოცეთ სიტყვის მადლი,
შენ, გომბორის ტკბილო ძუძუვ,
გადამისხი გულში თაფლი!

შენ, იორო, მშვენიერო,


ჩამჩურჩულე უფრო ნაზად,
შენი ტინის რძე მასხურე
ჩემი სიტყვის მოსაკაზმად.

მომაფრქვიე გვირილები
შენ, სამგორო, უვიწყარო!
კიდევ ერთხელ,
ლექსო, კიდევ,
სიტყვას ცეცხლი შევაყაროთ...

*
პირველ სიყვარულს ვერ გავექცევი!
თუ ჩემი თვალი სამგორს უტკბება,
ყოველდღიურად ჩემი ლექსები
სამგორის ყანებს შეეფუტკრება!

ცრემლნამიანო თვალო, რას უმზერ,


იქ მქონდა ყრმობა... გულო, რად სტირი?
იქავ ჰფენია, სამგორის ველზე,
დედის ლეჩაქის ნარჩომი ჩრდილი...

დატოვა გულმა? გადაუყვარდა?


ადგილის დედა მაშ გავარისხე?
არა, მიმელის დედა ბუხართან,
იქ მელოდება ჩემი ფშატის ხე!

*
დე, ნიავმა სამგორულმა
დედაჩემის საფლავს დაჰკრას,
ძეძვის ფესვქვეშ, სადაც ჩემი
მშობლიური ძუძუ დაჰქრა!

მზეკაბანი! მზეკაბანი!
გაქროლილი ყანის რაში!
მაისობას რომ ვხტებოდი
ცისარტყელის კამარაში!

ოქროს ფრთები... ოქროს ფრთები...


ოცნებანი შეუთქმელი...
ჰეი, სად ხარ, სიჭაბუკევ,
ისევ აქ ვარ, მოდი, გელი!

*
ვინ გაიმეტებს სამდუღრავ
ცრემლებს, გმირებზე დახარჯოს?
ყურღანზე ია ამოდის,
შავდაღიანი ყაყაჩო.

მათ მენახსოვრე ვინა ჰყავთ? -


მთვარე და მისი კანდელი?
მათზე უდიდე რით იყვნენ
ნებროთი, გინდ ისკანდერი?
მომხსენებელი ვინა ჰყავთ? -
მხოლოდ სამგორის ნიავი!
და ხალხის გული, უკვდავი,
სულ მზიურობით მბრწყინავი!

*
მაშ, სულ ამაოდ შეღება ველი
გმირთ სისხლმა, ქაფად ნახუჭუჭარმა.
მაშ, მოჰკლეს ვახტანგ, დასცეს უჯარმა?
გაჰქრა მიწიდან რუსთავ-ქალაქი?
გახმა სამგორი თვისი ბარაქით?

- განა როდისმე დაიჟანგება


ხმალი ბრძოლაში ამოღებული?
- განა როდისმე დაინაცრება
ცეცხლი გულიდან ამორხეული?

არა, ცოცხალი მუდამ ყოფილა,


ვინც ლომურ ბრძოლის ცეცხლში შობილა!
არ შეიძლება მისი დარღვევა!
სისხლის წვიმებით დარწყული მიწა
მზიური სხივით დაიწარღვნება!
იყავ დღეგრძელი, სამშობლოს გულო,
იცოცხლონ მშობელ მიწის ძარღვებმა!

როცა ვახსენებ გმირთა სახელებს,


ყელი მიტკბება, თაფლდება სიტყვა;
გმირთა სახელი, რომ ჰყვავის მუდამ,
თვით ხალხის გულში ამომიკითხავს...

იქნებ, სამგორო, მისათვის ჰშვენის


სისხლნაწოვარი სიმწვანე შენი?

1947 წ.

„გაიპარა ქლიავი“

„გაიპარა ქლიავი“, - რომელიც ისე დამწიფდება და


ისე მოილევა, რომ პატრონი ვერ შეიტყობს.
სოფ. ყინწვისში ჩაწერილი.

მე მიყვარდა ელვაქალი,
ლამის თავი შევაკალი,
სიყვარული დამიბარა,
მაგრამ ბოლოს გაიპარა.

გახსოვთ, ჩემი სიჭაბუკე,


ახ, როგორი? - მართლაც ქარი!
მაგრამ ხელი დაიბანა,

ვერაგულად გაიპარა...

და ქლიავის ანაბარა
ბოლოს დავრჩი ბარდიბარა,
როცა მიველ შესარხევლად,
მითხრეს: უკვე გაიპარა!

1948 წ.

კომუნიზმის ხარაჩოები

სიცოცხლის ჟღერა
წვიმის წვეთის ხმაში მსმენია,
ფესვის ჩურჩულში,
არა მარტო დროის შრიალში,
მშვენიერების,
უკვდავების ტურფა გენია
დამინახია ცისარტყელის დიდ არშიაში.

მე მყვარებია
ლურჯ ყანებში ყაყაჩოები,
მე ვარდიც მიყვარს,
უფრო მიყვარს ქარიშხლის შეხლა,
მაგრამ უმეტეს ოცნებებზე
მე მიყვარს ეხლა
საქართველოში
კომუნიზმის ხარაჩოები.

აღელვებული ზღვის ღონე მაქვს,


გულში ზღვას ვიტევ,
ჩემი სამშობლოც,
ვით მაისის ღამე თბილია...

გავალ ქუჩებში...
და მღერიან ფილაქანებიც
თითქოს იმ სიტყვას,
რაც მე გულში გადამიწურავს,
ვხედავ, ჩემს სახლზე
ფრიალებენ იალქანები!
ფიქრიც, ვით აფრა,
ხალხის გულში
მიჰფრენს, მისცურავს.

1948 წ.

ნუ გათათრდები

„ნუ გათათრდები, - ეგვიპტის მტრედი, მომცრო ფრინველი, მსგავსი გვრიტისა; მისრსა (ეგვიპტე) და შირაზში
(ირანი) ცხოვრობს. ესენი ოდეს მგზავრს კაცს ნახავენ, იწყებენ ძახილს ქართულის ენით: ნუ გათათრდები! და ამ
მიზეზით თათარნი უწოდებენ გიაურყუში, ვითომც უსჯულო ფრინველი“. საბას ლექსიკონი

„ნუ გათათრდები“ - გერქვა სახელად


შენ უცნაურო, მომცრო ფრინველო, -
მიტაცებულთა, გარდახვეწილთა,
კვლავგაბაწრულთა მოძმევ პირველო!

შენ ფრთაშესხმულო ხალხის სურვილო,


ხალხის ტკივილო, ცად ატყორცნილო,
თვით ხალხის ნებით მტრედად ქცეულო,
ნეტავ ეგ ყელი დამაკოცნინო!

მწარტყვეობაში თავს დაჰკიოდი,


გიმხნევებია შენი ქართულით, -
აზიის გზებზე, უდაბნოებში,
ვინც კი ყოფილა გადაკარგული!

შენ დღესაც ისევ თავზე დაჰკვნესი


ძუძუს მოსხლეტილ გარექართველებს, -
იქ თურქის ბრჭყალში, თათრის ბორკილში,
სადაც მრავალი ცრემლით ათენებს.
თვალით დავხვრიტეთ ჭოროხის მხარე,
არ მოგვირჩება ჩვენ ის ტკივილი,
ვიდრე ლაზისტანს და ფერეიდანს
ისევ მოესმით შენი ყივილი!

იფრინე სულ იქ და იტრიალე,


დაძებნე ჩვენი ძმები და დები,
შენი მკაცრი ხმით ისევ დასძახე:
- ძმანო ქართველნო, ნუ გათათრდებით!
გამაგრდით კერას ნუ დაივიწყებთ,
მონობისათვის ვერ გაგიმეტებთ,
გამაგრდით, ვიდრე მზე მოვა თქვენზე
და გავინაღდებთ ნანგრევთ იმედებს!

შენ ეს ქართული ხმა მიაწვდინე,


მიტაცებულ ძმებს ასე უთხარი,
იქაც სცემს გული საქართველოსი,
შავი ზღვასავით გადამდუღარი!
და როცა დაჰკრავს უკვდავი წამი,
მწარი მონობის დამამხობელი,
ძმათა გამოხსნის, შინდაბრუნების,
შენვე იყავი მახარობელიც!
1948 წ.

გაზაფხული

რომელ მერანზე მოფრინდი,


რომელ მქროლავი რაშითა?
„ლილეოს“ ქუხილთა ხმებში,
ნიაღვარების ტაშითა!

ვინა სთქვა, სინაზით მოხვალ,


ენძელებით და იითა?
სადაც მწვანე ფრთას დაიქნევ,
ვაჟკაცურ ძგერას მიიტან!

სალამი,
ასჯერ სალამი!
შენ, გაზაფხულის დგრიალო!
ყინულს დალეწავ, ხმატკბილად
წყარომ რომ დაიწკრიალოს...

მე გულს დავლეწავ,
ნაკვესარ
ლექსმა რომ დაიძგრიალოს!
შორიდან გეხარხარები:
- მოდი, სულ ერთად ვიაროთ!

1950 წ.
მე გული წმინდა ვერცხლივით

მე გული წმინდა ვერცხლივით


ხალხის წინაშე ვატარე,
უმისოდ შუქი, ვერც სხივი,
სიტყვას ვერ გამოვატანე!

ვერცა ვთქვი ნასურვილარი,


არც ჰქონდა ნაპერწკალობა;
უხალხოდ მთქმელი ვინ არი,
სთქვას დიდი გულის გალობა!

1950 წ.

პატარძეული

პატარძეული... ჩემი სოფელი,


ბავშვობის კერა - პატარძეული,
ჩემი აკვანი წნორის ტოტისა
იქა ყოფილა გადარწეული.

იქ მზრდიდა ხალხი... იქ მზრდიდა დედა


და ხალხის ფიქრი ათასწლეული...
მახსოვს, ეზოში დიდი ფშატის ხე,
სიბერისაგან გადაქცეული...

იმ ხის ფესვებში მელანდებოდა


ხალხის მზის ოქრო და განძეული...
ჩემს მზეს ბორბლები არ დამტვრევია,
ჯერ შუადღე მაქვს არ-დალეული...

მე მინახია ბევრი ქვეყნები


და ქალაქები ათასეული,
მაგრამ სუყველგან მე ხელს მიქნევდა
ჩემი პატარა პატარძეული.

1950 წ.
აფხიარცა

აფხიარცა ეწოდება სახალხო


მუსიკალურ საკრავს აფხაზეთში.

ზღვის და მთების მომღერალო,


რომ სწურავდი ცრემლს, ხან ბალღამს.
დღეს დამშვენდი ხალხის გულზე,
ვარდი შენ ხარ, ოქროს ტალღაც!

სულ მესმოდა შენი თრთოლა,


შენი ჟღერა, შენი ხმაცა,
ფანდურის ძმავ, ხმადამტკბარო
აფხაზურო აფხიარცა!
ერთ არწივის ორი ფრთა ხართ,
ერთი დიდი გულისთქმაცა!

წყალი მიდის წყალისაკენ


და ძმობილი ძმობილს ეძებს,
მეგობარო ძველისძველო,
გული თაფლით შემიწებე!

თურმე მზის და ხალხის შორის


დიდი, დიდი თოვლი იდო,
ცამ რაც ნამი ჩამოყარა,
წინაპართა ცრემლი იყო!

გვეყო, გვეყო, რაც წარსულმა


ყანა დაღმა დაგვიფარცხა,
ჩვენს აკვანში ვარდი ჰყვავის,
მზეში სცურავს ჩვენი ფაცხა.

ერთად ჟღერდეთ, როგორც არსად.


ფანდურო და აფხიარცა!
ერთ არწივის ორი ფრთა ხართ,
ერთი დიდი გულისთქმაცა!

1950 წ.

წარწერა ქართველ მწერალთა სურათებზე


ილია - შუბლი საქართველოსი,
ბარათაშვილი - აზრთა მპყრობელი,
აკაკი - გედი და ორთეოსი,
ვაჟა - ხმაჩანჩქერდაუშრობელი
და დიდი შოთა - მათი მშობელი.

1952 წ.

ნეტავ, რა ძარღვი გიტევდა

ნეტავ, რა ძარღვი გიტევდა,


რომელი საწიგნობელი?
ქართლის გულს გადაეფინე
ყვავილი დაუჭკნობელი.

მზე შენ სიტყვიდან გამოდის,


ხარ უკვდავების იმედი,
უთენებელში, ბნელში რომ
მზიურად გაგვიღიმებდი.

ჩემო სამშობლოვ, ჩემო მთა-ველო,


რა იქნებოდი ურუსთაველო?

1954 წ.

მზე მარჯნისფერად ისევ ბდღვრიალებს!

სად გასხლტი, ჩემო ახალგაზრდობავ, -


დაუდგრომლობავ,
ზავთო,
ყიჟინავ!
შენ თუ გიშველა ქარიშხლის ღელვამ.
ფრთები მქროლავი რამ შეგიშინა?

წყალი იყავი?
სად გაიპარე?
ქარი იყავი?
გადიგრიალე?
სადა ხარ, სადა,
პირს რად იფარებ?
მზე მარჯნისფერი ისევ ბდღვრიალებს!..

შეიმჩქეფარე ერთხელ დრო-ჟამი,


განა გულს ეყო, რაც რომ იხარა?
ვინ დაგიმსხვრია ხელთ ოქროს ჯამი
და ოქროს წყალი ვინ დაგიღვარა?

ტყეში შევარდა ჩემი ირემი.


აღარ გამოდის...
ველი... დაჩუმდა...
ეგებ მისდევენ მონადირენი,
იქნებ რომელმა დაინარჩუნა?

თავს რომ ირთობდი ძველი ზღაპრებით.


თავი მოგქონდა ნაყივჩაღარად,
რით ვერ გაიგე, რა ფეხაკრეფით
დაგეცა თავზე თოვლი -
ჭაღარა:

როგორ გამისხლტი, ახალგაზრდობავ,


და რა ყიჟინით გადიგრიალე;
გულმა მაისი განა დასტოვა? -
მზე მარჯნისფერად ისევ ბდღვრიალებს!

1954 წ.

ნაკადული

ნაკადული მორბოდა,
ვით ირემი ქორბუდა.
ნაკადული მოქროდა,
გადამდნარი ოქროდა.

კოკორგახსნილ ვენახებს,
ყანებს ეჩქროლებოდა,
პირნათელა, მზეთვალა,
ზღვისკენ ეჩქარებოდა.

მთვარის სხივს თუ ჩამოჰყვა,


ბროლტანა და მინარი,
მარგალიტის ნაწვეთი,
ბროლის დანადინარი.

დალიეთ, შეიშხეფეთ
შემრგო, ტკბილი, ანკარა;
თვისი წმინდა გულიდან
ხალხმა ააწანწკარა!..

1954 წ.

რამ ააყვავა შენი მშვენება?

სისხლი... სულ სისხლი...


ჩვენი წარსული
სისხლში დამბალი მარად ყოფილა!
თურქი, არაბი, სპარსი, ასური,
თუ ისტორიამ არ გამყოფინა, -

მშვენიერებით როგორღა ჰშვენი,


ამდენ მოთხრის და გასრესის მერე?
მითხარ, სამშობლოვ, პასუხი შენი,
სილამაზით რომ ამკობდი ხმელეთს!

რამ ააყვავა შენი მშვენება,


ოქროს წვიმამ თუ სისხლის ავდარმა?
რამ გაგაჩინა მოსაჩვენებლად,
ჯოჯოხეთმა თუ სამოთხის დარმა?

ძმურმა სიმღერამ თუ ხმლის წივილმა?


მაშ, ეს ბუნება როგორ ავწონოთ? -
ეს სილამაზე შექმნა ტკივილმა,
ბრძოლამ დაბადა უთანასწორომ!

ბრძოლაში შობილ მშვენიერების


შარავანდედით ხარ შემკობილი,
მისთვის ბრწყინვალებ უთვლელ ფერებით
და მისთვისვე ხარ კეთილშობილი.

1954 წ.

ბრილის წყარო
ბრილი...
ბროლი დატბორილი,
უშრეტელი ვერცხლის წყარო,
წმინდა, როგორც ხალხის გული,
სადღაც ქართლში მოცინცხალობს.

შიგ ცის კალთა თუ ჩაირხა,


მოსჩქეფს,
მოშხეფს უთავებლად...
შესვი
პეშვი,
უკვდავი ხარ,
რაღად გინდა უკვდავება?!
ერთს ვინდომებ:
ვით მინდორს-ველს
ესხურება ბროლის ცვარი,
ყოფილიყოს ჩემი სიტყვაც
ხალხის გულზე გადამწვდარი.
და ვით ხალხი -
ბრილის წყარომ,
ისე ხალხმა შემიწყნაროს!

*
წყაროსავით მეც მყოლოდეს
ბევრი, ბევრი მეგობარი.
რომ მასავით ვატრიალო
ლექს-წისქვილის მე ბორბალი...
და რომ ყველას, ყველას გული
იყოს წმინდა, როგორც არი
ოქროს ცვარი...

*
ნეტამც ნატვრა ამისრულდეს,
სანატრელი, მე რომ მინდა,
ამოდუღდეს წყაროები,
წკრიალა და გემოწმინდა.

ჩუხჩუხუბდნენ, კაშკაშებდნენ
თვით სამშობლოს გარისგარად
ჩქარა,
ჩქარა!

*
ბრილი...
ბროლი თუ ჩაირხა,
მოსჩქებს,
მოშხეფს უთავებლად...
შესვი
პეშვი
უკვდავი ხარ,
რაღად გინდა უკვდავება!

1955 წ.

გაზაფხული კახეთში

გაზაფხულია, თუ საყვარელი
ქალი მოსულა ხელში იებით?
როგორ არ არი გასახარელი,
როცა ყვავილად ბრწყინავს მთიები?

გამოზაფხულდა და სიჭაბუკემ
თავისი ნიჭი ჩამოარიგა,
ვისმენთ ჭექის და ქუხილის ბუკებს
და ნიაღვარი ყვირის: „ჰარიქა!“

მე კაეშანი ვეღარ მერევა,


როს გომბორიდან დავყურებ კახეთს!
მე ზღვისოდენა ბედნიერი ვარ,
თუ არა გჯერათ, მოდით და მნახეთ!

თითქოს სამოთხე ჩემს ხელად არი,


და სხვა მაისი არც კი მეხილვოს...
ერთი მინთიხარ შენ, კელეპტარი,
მე მინდა შენს სულს გადავეხვიო!

1955 წ.

ოქროს ფრინველი

მე ოქროს ქნარის სიმების ჟღერა


ჰაერში მესმის გაურკვეველი,
მაგრამ, ვერ მივწვდი, ვერა და ვერა!
ვერც გავხდი მისი მიმაკვლეველი.

თითქოს ფრინველმა, ოქროს ფრთიანმა,


უეცრივ ყურთან გამიტყლაშუნა,
ვერ დავიჭირე!
დახე ტიალმა
რა უფრო შორი-შორს მიაშურა.

1955 წ.

თბილისო!

შენზე ლამაზი ვინა თქვას,


ნაშობო ქარტეხილისო,
მზე რომ ჩაგივლის ნარგიზად,
ვარდებით ამოგივლისო,
ჰეი, რა საყვარელი ხარ,
ჩვენო ჩახჩახა თბილისო!

1955 წ.

პატარძეულის იები

პატარძეულის იები...
დილა ბროლშენაციები...
დილა ღმერთმოჩვენებული
შანთივით ჩამრჩა ხსოვნაში,
და ფიქრი მოჯერებული
პირველი სიტყვის პოვნაში.
ო, მას აქეთ ვარ მსურველი,
მტანჯოს, დამფერფლოს ძიებამ;
მაფრქვიონ შუქი - სურნელი
პატარძეულის იებმა.

1956 წ.

სიმღერა
ჩაჰქრა სხივი...
ქარი ჰხვივის...
დაცემულა ფურცელი!

ირმის ყვირილს,
გულის ტკივილს,
მოდი და გაუძელი!..

მზის ღადღადს
და მთვარის ქათქათს,
მთების ლაპლაპს ვუცქერი;

საქართველოს სილამაზეს,
მოდი და გაუძელი!

გულის ძგერა,
ჩანგის ჟღერა,
მე სამშობლოს ვუძღვენი!

მარად მისით ვიხარო,


მასთან დავრჩე უცვლელი;
საქართველოს სიყვარულს,
მოდი და გაუძელი!

1956 წ.

პატარა ქვაო პატარძეულში...

გინდაც ვიცოცხლო ათასწლეულში,


ვერ მოვიწურო გულის ნაღველი;
პატარა ქვაო პატარძეულში,
რა დიდი სევდის ხარ შემნახველი!

მცირე გორაკი... მწირი მიდამო...


ძეძვი, ხრიოკი, ქვიშა, ავშანი...
ვის შევებრძოლო, ვისთან ვიდავო? -
აქ დაიკეცა დედის თავშალი...

აქ, მარწყვზე წასულს, დედა მეძებდა...


მე ახლა აქვე დავეძებ დედას...
ვინც მზიან მაისს მიორკეცებდა,
იმ მაისივით ვეღარც მას ვხედავ...

ენა დადუმდა. საქმე ღაღადებს


და ნაკვერცხალი მამათა კერის...
ჭაღარის ვერცხლი მე ვერ დავხატე,
ვისი ტკბილი ხმის უბეშიც ვმღერი.

იყავ კეთილი, მარად მღიმარი,


წმინდა, ვით თოვლი დაუდებელი...
მაქვს სიტყვა, შენგან მონაწვიმარი,
ვარ შენი ზღაპრის ყურთამგდებელი.

დედაქართული, ქართლის ცხოვრება,


ყანის სიწმინდე, ხალხის სიმართლე,
რაც კი ყრმობიდან მემახსოვრება,
შენ შემასწავლე, შენ განმიმარტე.

მაცოცხლებს სიტკბო შენი გულისა,


ჩემდამი ნდობა და მოწონება,
სიმწვანე ათას გაზაფხულისა
შენგან მე გულზე დამეწონება!

საავადმყოფო...
ბედგაცხელებულს
ფიცხი სიკვდილი გადაგეღობა...
გცხელა. წყაროს წყალს ითხოვ ჩვენებურს,
სიცოცხლედ ერთი პეშვი გეყოფა.

მაგრამ სად არი სიცოცხლის წყარო?


დამშრალა. ნუღარც შემეკითხები...
და ყურში მესმის, დაუვიწყარო,
ბოდვარეული შენი სიტყვები:

- თუ განშორების დამდგარა ჟამი,


შვილო, დროს ვნატრობ უნეტარესსა,
მე შენთან მოვალ, ვით ვარდზე ნამი,
ჩამოვალ, როგორც სხივი მთვარისა.

მაღლობზე, რათა დამკრას ნიავმა,


ჩემს მეზობლებთან, გვერდით, სულ ახლოს, -
ძეძვის ქვეშ გასჭერ ჩემი საფლავი,
იმ ძეძვის ძირში მსურს დავიმარხო!...

და შეიკუმშა, როგორც მტევანი,


გადაქანცული შენი სხეული;
დაუტევარი სიკვდილის მკლავში,
ვით ყანა, თოვლში გამომწყვდეული...-

ეჰ, შე ტკბილო! -
სთქვა შენზე სოფელმა
და გულის ჟანგი ცრემლით მოფერა:
- ამაგიანო, განა გაქრები?
შენზე სიკვდილი ვერ იბატონებს!..
პირველად გნახე ხელებდაკრეფით,
გადახმა ბაღჩა...
გაცივდა თონე.

მაგრამ, ეს კერა ვინ გააცია,


გაშალე სუფრა, დაგვხდი კახურად!
ეჰ, კაბის ნაცვლად მოლი გაცვია,
ლეჩაქის ნაცვლად - ნისლი გახურავს.

ეს პატარა ქვა - მთვარის ნალევი,


მე მთვარესავით მუდამ მდარაჯობს;
წინ მიმიძღვება ბნელი თვალებით,
გზას ამაცილებს, სადაც არა სჯობს.

ხომ თვითეული შენი რძის წვეთი


ჩემში ჩქეფს ლექსად, საქმედ, ოცნებად!
მინდა მოვასწრო, ვაკეთო მეტი,
ვით შენ შესძელი საქმის მოსწრება!

მე ხასიათი შენი რომ ვიცი,


სადმე უსაქმოდ დადგები განა?
მწამს, იქეც ორთქლად, დავფიცავ ფიცით,
ნამად დაადნი დაგვალულ ყანას!

აპრილის შავ დღეს, მოსილს გლოვითა,


როცა ასწიეს კუბო მშობელის,
მოულოდნელად თოვლი მოვიდა,
გადაიბარდნა ჩვენი სოფელი.

მთელი ზამთარი გვალვით გათავდა,


და ახლა ხალხმა როგორ იხარა:
- განათლდეს სულით ერთი ათადა!
თოვლი გვაჩუქა!
მან მოგვიყვანა!

ფიფქი, შენს მიმკრთალ ტუჩზე დასხმული,


დადნა, ვით დადნი შრომის ალმურში,
შენ მიდიოდი და გაზაფხული
შემოდიოდა შენს ტკბილ მამულში!

დედაკაცების ზარი ამაღლდა,


მეხანჯლებოდა გული სიმწარით...
სამაგიერო რით მეამაყნა,
ერთი გვირგვინიც ვერ დაგიწანი!

გულშეწყვეტილი და უსავანო,
უკან მოგდევდი, მძიმედ, ბორძიკით,
საით წახველი, მოუსავალო?
ცათა ბროლს იქით?
ცათა ბროლს იქით?

არა!
აქვე ხარ, შენს წყნარ ეზოში,
ფშატის შრიალში ხარ ნიშნეულად,
ამ კვირტში გხედავ, ყვავილის ზროში,
სიცოცხლის ნიშნად, რაც მიჩნეულა!

აქვე ხარ, -
შრომის ღაღადებაში,
წინდის ქსოვაში, ყურძნის კრეფაში,
გაზაფხულების დაბადებაში,
ნაკადულების ოქროჩქეფაში!

და ჩემთან ერთად, ჩემს მაგიდაზე


გაბმულ ღამეებს შენც არ ათენებ?
ჩემს სტრიქონებში შენ არა მღერი?
ეს ლექსი შენ არ გამოამტევნე?

ჩემით სამშობლოს არ ეღიმები


მონატრე მისი გოლიათობის? -
ვით მცირე სხივი დიდი მნათობის,
მეც ხომ შენგან ვარ გამონაკრთობი!

6
ეკალსა ზედან აღსრულებული,
ვიცი, ცისკრისას ვარდზე იღვიძებ,
რადგან სამშობლო სპეტაკ ლეჩაქით,
ცრემლით და ღვაწლით გამოიფიცე!

არა, სიკვდილო, ხელი შეუშვი!


ამ ადგილიდან უკვე წახველი...
პატარა ქვაო პატარძეულში,
რა დიდი სუნთქვის ხარ შემნახველი!..

1956 წ.

მე მიყვარს

მე მიყვარს მომსკდარ კვირტის სიმღერა


და არა ტაში ფოთოლცვენისა;
თუ მომენისლა, მით უფრო მიყვარს
ო, როგორ მიყვარს ჩემი ძნელი გზა.

მე მიყვარს მეხთა მრავალჟამიერ,


მე ჩანჩქრის შხეფი მკერდს მიმტვრიანებს,
ყოველ სიხარულს, გინდაც წამიერს,
გულში ზეიმად დავიტრიალებ...

1956 წ.

ალამდარი

ეს ნუშის ტოტი მე ვერ დავტოვე,


სიყვარულის მზით ჩახჩახებს გული.
განა მარტო მე?
განა მარტო მე?
დღეს მიწაც არი შეყვარებული.

ტყემალს დასცვივდა,
ვაშლსაც დასცვივდა
ფანტელი მძივთა...
თოვლიც მდნარია...
არ დნება ჩემი ჭაღარის ჭირხლი.
ნეტავ, რა ქაჯმა თმაში დარია?
რა უნდა ჩემთან,
რა თავში ვიხლი,
თუ იგი ზამთრის ალამდარია...

1956 წ.

მხედრის ანდერძი

მე ვიზრდებოდი
არწივების გადაყივილში,
სიკვდილი მკერდში
მეცა ქერჩში
ზღვასთან, ყირიმში.
წილი დამიდე,
სამშობლო, შენთან
შენს სიხარულსა და შენს ტირილში,
მარად მაცოცხლე მე შენს ღიმილში...

ალისფერ ვარდად
ჩემი წყლული
ჰყვავის ყირიმში;
მე მოკირწყლული
ვიყავ ტყვიით ცეცხლის ყივილში

და მაინც გავდე სიცოცხლის ხიდი,


დაგცემ, სიკვდილო, თუ ამიხირდი!
არა, სამშობლოვ, მე არ მოვკვდები,
შენი თვალები მეფოფინება;
შენი ხეების მწვანე ტოტები
სიცოცხლის სუფრად გამეფინება.

დამშხეფავს შენი წყაროთა ნამი...


თუ შენი ნისლი დამესუდრება;
ჩემი სიცოცხლე,
მზე,
დასაბამი, -
იქნება შენი თავისუფლება!

1956 წ.
***

აღარ მსურს ნაკადულის


მყუდროული ცხოვრება, -
ვაშლის ფერფლი მათოვდეს,
მეცემოდეს გვირილა;
აღარც ერთი ძველი ხმა
აღარ მემახსოვრება,
როცა გული გაგლიჯა
ნიაღვარის ყვირილმა.

მე მიყვარს ლაჟვარდების
დარაია შრიალა,
ზედ ღრუბელი - ნაფანტი
ჯეირანის ჯოგებად,
მირჩევნია ვიარო
თავშიშველა-მშიერმა,
ვიდრე მე ცხოვრებასთან
მომიხდეს დაჩოქება!

1956 წ.

***

რამდენი წვიმა ჩამოიცალა,


რამდენი წვეთი, რამდენი ცვარი...
მაგრამ გული არ გამოიცვალა
და სიყვარული არი...
არც არი...
ხან შეივსება, ვით ჯამში ღვინო,
ხან იფანტება, როგორც ნაცარი,
ხან აყვავდება, როგორც ღიღილო,
ხან ჩამოდნება, როგორც ანჩხარი.

ხან ჩუმად არი... თითქოს არც არი...


მაგრამ გვსურს იგი კვალად ვიხილოთ.
თუმც გვახსოვს მისი ნაავკაცარი.
ხან კი ჩაგვივლის ველურ კივილით,
როგორც დამლეწი სალმანასარი!
მაშ, ვთქვათ სახსრების ყველა ტკივილით,
ამწვარ ლოყაზე ცრემლის ნაცვარით;
„ერთხელ ვიხილოთ“
დავიღიღინოთ,
ჰეი, არი და...
ვგონებ, არც არი!..

1956 წ.

ეს ვარდი

ეს ვარდი,
მართლა ჩემი ვარდია,
ეს მისამართი
ახლა შევიტყე...
გულს გაზაფხული შემომვარდნია.
მსურს, ლექსში დარჩეს
დღევანდელი დღე...

დღე დღეს გადასცემს,


უამბობს, ეტყვის,
გადააბარებს, როგორც საუნჯეს,
ვინც სიყვარულის წყალვარდნილს ერთვის.
რა დააბერებს,
რა დაამუნჯებს?

მიტომ ძვირფასო,
მინდვრის ხავერდზე,
ელვის კვესაში,
წვიმის ჟღარუნში,
მე ვეძებ ოქროს,
ფოლადს დავეძებ,
რომ გადავჭედო შენს სიყვარულში...

1956 წ.

მხოლოდ შენ...

მხოლოდ შენ -
მინდა,
ჩემს ჩანგურს
უკვდავი სული მობერო,
ჩემო ცავ,
ჩემო ქვეყანავ,
ჩემო გულგაუყოფელო!

1956 წ.

ქართულო სიტყვავ!

პირველ მოწყვეტილ იების დღიდან,


მე ვარ დამწვარი შენი მსახური;
შენი თაფლი და მარილი მზრდიდა,
მზე შენ დამწერე და გაზაფხული.

შენ უკვდავი რძით დამაძუძურე,


შხეფი ნათლისა სულში დასძარი;
ჩემი დროშა ხარ მოიერიშე,
ჩემი ვენახი, ჩემი ტაძარი!

შენზე უჭკნობი და დიდებული


რაღამ შექმნას და ვიღამ დახატოს.
გულზე ხარ ცეცხლით მოჭიდებული,
ქართველი ხალხის სულის ღაღადო!

ფოლადნადებო, ვარდში ხვეულო,


თუ დაგივიწყო, შემახმეს ენა!
სისხლსაც შენ მოგცემ მე წვეთეულად,
სისხლის წინწკალსაც უკანასკნელად.

შენ - უკვდავების ჩამონადენო,


მშვენიერებაც ხომ შენით ითქვა;
დიდება შენდა, ჩემო ნათელო, -
ქართულო სიტყვავ,
ქართულო სიტყვავ!

1956 წ.

***

გაქრა, წარვიდა,
უცბად განივლტო,
ყრმობის დღეები
სამარგალიტო,
ყვავილიანი,
სიმღერიანი, -
სამაგალითო...
სამაგალითო...
ჰეი, ამინდო,
ეჰეი, ამინდო,
ნუთუ ჭაღარამ
მეც არ დამინდო?!

1956 წ.

სამშობლოვ!

მე დაჭრილი ვარ ათას სურვილით


და ოცნებისთვის ზღვაც კი მცირეა, -
მწამს სიყვარული შმაგი წყურვილით
და გულიც მისთვის შემიწირია!

სამშობლოვ,
ისევ შენ ხარ პირველი!
ვტორტმანებ შენით, როგორც მეწყერი...
შენი, შენდამი ვარ შემწირველი,
მღაღადებელი, ლექსით მეტყველი!

1956 წ.

რემინისცენციები

გამეპარე, სიჭაბუკევ,
მომეპარე, ჭაღარავ;
იმ ჩქროლვის, იმ ქარბუქის,
მითხარით, შემრჩა-ღა-რა?

დე, ლექსმა თქვას პასუხი,


გაფანტა თუ დასტოვა -
იმ აპრილის ნაქუხი,
ქაფი, ცეცხლი, ნიავი -
ჩემი ახალგაზრდობა!

ლექსმა გვითხრას მართალი,


ვარ თუ არა სარდალი
ნინოწმინდის ხმალისა,
ყივჩაღური ყიჟინის,
მისი ქარიშხალისა!

ამ გულს როდი მოვეშვი,


იერიშით ზარხოში,
ჩქარა ცხენი მომეცით!
ჩქარა! - ქარს მივძახოდი,

ახლა სად დაიმუხლეს


ან ერთმა ან მეორემ?
ქართულ სიტყვის სიუხვეს
რა დალევს... რად ვეომე?..

წნორის ხმას რომ ვისმენდი


მე იორის ღამისას, -
ჭაღარის ვერცხლის მეტი,
გულს საჩუქრად რა მისცა?

ოლე რად ავატირე,


ხომ ვიცოდი, ვინც არი,
რით ვერ მოვინადირე,
სად შეფრინდა ციცარი?
....................................

იმ ჩქროლვის სიჩაუქის
ნეტავი შემრჩა-ღა-რა?
დამიმოწმე, სიჭაბუკევ,
გამინათე, ჭაღარავ!

თქვენ იცოდეთ, ჩემმა მზემ


რაგინდ დაისამხრეთოს,
ლექსთა ლაშქარს შევავსებ,
როგორც ბანაკს სამხედროს!..

1957 წ.

თელავის ნაკერჩხალი

ბერო და აბეჩხარო,
თელავის ნაკერჩხალო! -
საით მიერეკები
გრძელ ფიქრების ქარავნებს?
ათასწლეულ ტოტებზე
რა სევდას აქანავებ?

თავს უხრიდი არავის,


ყმად არავის ეახელ,
შენ ფატრავდი ქარიშხალს,
შენ ამსხვრევდი ნიაღვრებს.

ხომ არც ერთხელ არ მოტყდი,


მიწაზე არ იცოცე...
რა სევდას აქანავებ
მთელი შენი სიცოცხლე?..

1957 წ.

ელვათა ცეცხლში იჭედებოდა

მე გამოვაბი ჩემს ვენახს ცხენი,


ბევრი დავთვალე გზები ტრიალი,
მე თავს მიხრიდნენ ქართლის ციხენი,
მატიანეში ნახეტიალი.

მესალმებოდნენ მწვანე წნორები,


სამამულე რქას ცრემლი სდიოდა,
მე ხელს მიქნევდნენ ჩემი სწორები,
სუფრა გაშლილი ჰქონდათ იორთან.

მამათა სახლის ნაცარის სითბო,


რაც ვინაჩუქრე, სულში ღვიოდა;
თითქოს იმ ყრმობის სუმბულის სიტკბოს
ნაზი სურნელი მე მომდიოდა.

და რას ეძებდა სული მღვიძარი,


რატომ მტკიოდა გულის ფიცარი?

თითქოს ვაზებმაც ფეხი აიდგეს,


დამდევნებოდნენ უკან მტევნებით...
სად მივდიოდი, ვისკენ, საითკენ,
რა მქონდა გულში დაუტევნელი?

ჩამოვიშორე აკი მიჯნური,


მისი სიტკბო და მისი სიავეც,
ჩემი გულიდან გამონიჩბული
ცრემლების ხვავიც გავანიავე, -
დიდ ნანგრევების ჩამონაფშვენი
ნაცარი აკი თავს დავიყარე;
და სამშობლოში რაიც კი ჰშვენის
მშვენიერებით, ხომ შევიყვარე!

ელვით მოსილი მთის მწვერვალები,


მაშ, რას მეძახდნენ, რას მიმღეროდნენ?
და მეგობართა ხმა მღელვარებით
რად ადიოდა არწივთ ჩერომდე?

იქნებ ძველ სევდას ვეთხოვებოდი,


იქნებ სამშობლოს ჩემი გულნებით?
არ ვიცი არა, რით ვიწვებოდი,
და რა წყურვილის ვიყავ მწყურნები?

მხოლოდ ვხედავდი,
სივრცეში, იქით,
ელვათა ცეცხლში იჭედებოდა
ის გზა სავალი,
იგი ბილიკი...
და ქარიშხალი ყალხზე დგებოდა...

1957 წ.

ჩარგალში

თითქოს ხატის კარს მოვსულვარ


შენს სახლში ლექსის ტაიჭით,
მღელვარი გულის დუღილი
სად ამოხეთქავს, რა იცი...

ეს მთა შენა ხარ, ჩანჩქერიც;


ღვარად ქანჩახზე იბნევი,
აქ ხორხორობენ შენის ხმით
მოხუცებული იფნები.

აქ შენ მიგჭედეს სალ კლდეზე,


აქ გველი შენს წყლულს ნერწყვიდა,
ცრემლის სასყიდელს გიხდიდნენ
არაგვის წყალის ვერცხლითა.

მთის ღვიძლზე ნადებ შენს კერას


ვერსით შევუღე კარები,
ამირანის სახლს ვამსგავსე,
მემკვიდრე-მიუკარები.

ლუდის ქვაბს ქაფი გადასდის,


თასს ატრიალებ პურადი,
ჭრელი ტყავები ვეფხვისა
ძირს ყრია, როგორც კურატის.

ლექსის ლაშქარო, მედროშევ,


მხედარო, სიტყვის მთავარო,
ალბათ მეც შეგეხსენები,
შენს ნამუხლარზე დავალო!

ირემი წოვნად მოვსულვარ,


მკვებე მთის წვენით, პოეტო,
რომ ჩემი ფიქრის ნადუღი
ჩვენ მიწას ნამად მოედოს -

ყვავილთა გამოსაზრდელად,
ფესვების შესაწოვარად...
ვეაჯე შენსა ნათელსა,
როგორც მშიერი მთხოვარა.

მწვერვალნი საარწივონი
არწივთა მოსარეწია;
ჩვენ კი, შენს უბეს გაზრდილნი,
ვწივით, ვით ჩიტი მზეწვია.

ვერ შევაყარეთ ლექსს ცეცხლი,


თითებზე გვრჩება მელანი,
სახელისათვის ვჩალიჩობთ,
დიდებისათვის ყველანი!

ვერც მე გავტყორცნე ეგ თასი


ლექსთ-მოედანზე წკრიალით;
ვერც შენი ჩანგის ნაცეცხლი
გულს ვიცხე ნაპერწკლიანი.

შენი ოცნება მაღალი


აყრილი მთების ძღვენია...
დღეს შემოგხედეთ პირისპირ,
დღეიდან აღარ გვრცხვენია -

იმ ჩვენი ძველი სირცხვილის,


შენი აჩრდილის წინაშე;
იმ შენს წინ დაფენილ ეკლის,
რომლის ლოგინზეც გძინავს შენ...
ჰხედავ - ნიაღვრის ღელვათა?
გესმის? - სიცოცხლის ხმებია!
გაჰხედე - მთებში ელვათა
შეჯვარებული ხმლებია!

ამ გრიალს როგორ შევმართო


ჩემი საწყალი გალობით,
მაგრამ არ მინდა მეჩვენო
წარბშერჭმით, სახემწყრალობით.

მე შენი მადლით ვიმღერებ


წინაპართ სანაკვერცხლიდან;
ქართლის მზემ შუქი დამწერა,
არ გავყიდულვარ ვერცხლითა;
პატარა ნაპერწკალი ვარ
სამშობლოს დიდი ცეცხლისა...

1957 წ.

ილია ჭავჭავაძის აჩრდილს

დიდო აჩრდილო,
რას დაგვიბარებ,
წარბშერჭმით მდგარო,
სევდით მღიმარო,
შუბლსა და მკერდზე ხელებს იფარებ,
ალბათ გსურს წყლული რომ დაგვიმალო:

წყლული, რომელიც უყივის კრწანისს, -


ჩვენი ვაება, ჭირი, ნაღველი!
ვერ გარეცხს სირცხვილს ჩვენი სიმწარის
თვით წარღვნის წყალი გადამწარღვნელი.
ბევრი უნახავს შენს ნაბადს წვიმა,
ქარი და ყინვა, დრტვინვა და ზარი...
ტვირთი მაგ მხრებმა არ დაიმძიმა
და არც მაგ შენ გულს დაეტყო ბზარი.

ქართლის აზრი და სიმღერა იყავ,


დროშა მღელვარი, ტარუკრთომელი,
მისთვის სიცოცხლის ბეწვი გაიყავ,
მისი დიდების იყავ მდომელი!

კლდეკაცი იყავ, კლდეს შეედუღე,


უკვდავებასთან ხარ წილდებული,
შემარყეველი სინედრიონის,
სალიტანიე, სანატრიონი,
თავი ერისა, რა დიდებული!

ქუხილის ენით მოლაპარაკევ,


ნათლისმდებელო, იცი, ვინა ხარ? -
რუსთაველის სიმს,
კრწანისის საფლავს,
თამარის ნათელს, -
შენთან ვინახავთ!

დროშა ხარ სისხლში ამოვლებული,


უღელდებული ხალხის იმედად,
ხმალი ხარ მტრის წინ ამოღებული.
შარავანდედი შენ ხარ ივერთა!

მდინარეებზე ბაბილონისა
ცრემლით სტიროდა შენი თაობა,
სწყუროდა შუქი ალიონისა,
სძულდა ცხოვრება მდგარი ჭაობად.

მდინარეებზე ახალ ქართლისა,


სამშობლოს სულის სიცოცხლეს ვმღერით,
და წინამორბედს დიდ სიმართლისას
მდუღარ ცხოვრებით გადიდებს ერი!

გონების ბნელი და სიღარიბე


წყალს გავატანეთ, წელთამრავლობას,
გახვრეტილ შუბლზე წყლულს რომ გვარიდებ
და გვიფრთხილდები შთამომავლობას, -
ნუ შეგვიცოდებ, ახლოს გვაჩვენე,
დაგვწვას, დაგვდაგოს, ცეცხლი შეგვინთოს
დავემხოთ მის წინ,
- რა შეგვაჩერებს -
შემდეგ აჩრდილმა შენმან შეგვინდოს!..

1957 წ.

კესანე

კესანე,
შენი კვნესა მე,
სევდა შეგატყე კილოში, -
პატარა, მორცხვო ყვავილო,
გაზრდილო საინგილოში.

რომ ერთად არ ვართ, კესანე,


მისათვის შემომკვნესარებ...

პატარა, მომცრო ყვავილო,


ცრემლებით ამოყვანილო,
მოდი და ერთად ვიმღეროთ
ის ჩვენი ტკბილი „ალილო“.

მკერდს მომეყრდენი, კესანე,


შენთვის სიყვარულს ვკვესავ მე...

მაფრქვიე შენი სურნელი,


ვარ მარად შენი მსურველი,
შენი ამბორის მწყურნები...

ნუ გეშინიან სიობლის,
მე არ დაგტოვებ, კესანე...
კიდევაც გნახავ მრავალჯერ,
მეორედაც და მესამედ...
კესანევ,
შენი კვნესამე,
შენთვის სიყვარულს ვკვესავ მე.

1958 წ.

არაგვის პირად

ჩვენ მივდიოდით
არაგვის პირად,
მზე ჩადიოდა
სხივების პენტვით,
შენ შავ წამწამებს
მიშენდი, ტურფავ,
მე -
საქართველო მინდოდა შენთვის...
...ან რა მოგიძღვენ
ნაცვლად ამისა?
მარტოდენ -
მწუხრით სავსე საღამო,
ვით ჩემი სევდის
ნაზი ნაჩრდილი,
დაუსაწყისი,
დაუსაბამო...

1958 წ.

სულამით

გედისებური მღელვარებით
მთვარე მისცურავს,
ეს მღელვარება - ცხოვრებაა,
მე ვცოცხლობ ამით,
დრონი წარვიდნენ
და შუადღეც თუ მიიწურა,
მაინც ვენახში გელოდები,
ჩემო სულამით!

1959 წ.

პოეტს

შენ უკვდავება
თუკი მიგელის,
შენი ღვაწლი თუ
არ არის კვეხნა, -
სპეტაკი ფერფლი
წმინდა სიმღერის -
უნდა დასტოვო,
პოეტო, ქვეყნად!

1959 წ.

ახალო ლექსო, მოგელი კვარით

ტბათა მვერცხლავი
მთვარე ბრწყინავდა,
ურმული
ზურმუხტს
ჰფანტავდა ველად;
ჭაბუკურ დღეებს
გადამყივართა
და წარსულს -
ვმზერდი დაჭრილ თაველად.

თუ გარდასული დღე
დაიჭიშკრა,
თუ შემიბერდა
ხე რტომრავალი,
ვარსკლავთა ცრემლებს
დავწურავ ცისფრად,
რომ გავიშუქო გზა მომავალი.
მე - მომღერალი დიდ ნახმევების,
ძველ ნახმლევების მწველი სიმღერის,
მომავალ დღეებს ვესახელები,
დღეის ჟრუანტლის დენის მიმღები.

ახალო ლექსო, მოგელი კვარით, -


ვით მარტში მთის ღვარს მოელის მტკვარი!

1959 წ.

სვეტიცხოველო, დიდო საყდარო...

სვეტიცხოველო,
დიდო საყდარო,
ლომკაცურ მოდგმის,
ოცნებავ ქვისა...
წარსულ ქარების ქროლვით გამხმარო,
ძველო ხომალდო სისხლიან ზღვისა!

შენ ხარ ფრინველი,


წარღვნამდე მფრენი;
აზიის ტყეში გზაგახირული;
ხარ უკვდავების უკვდავი ფერი,
ერის ხერხემლით ამოკირული.

გუმბათის წვეტით მისჩხვლეტავ ზეცას,


მხარზე დიდების სიმძიმე გხურავ;
ჩამქრალი ცეცხლის ბურჯღლებით მწეწავ,
შენ - ისტორიის ჩამქრალო ქურავ!
თუმცა შენს ირგვლივ
დუღან დღეები,
იხვევა ტალღა, ებრძვის ფრიალოს,
რომ თვისი შექმნილ სიმაღლეებით
ყველა მწვერვალი გადაიაროს!

1959 წ.

ლადო გუდიაშვილს

როგორც აკაკის უკვდავ სიმებით


ჩემი ერია ნაექიმები,
როგორც ბესიკის მუსიკით ვსუნთქავ,
ბარათაშვილის რაშის რიალით, -
ისე ეგ ფუნჯი შეუპოვარი,
ტრფიალი უკვდავ ფერთა ფრიალის,
არი ჩემს გულზე ნათლის მთოვარი
ჩემი მამულის ღვთიურ ბუნების.
აელვებული... ელვარებული
მესალბუნება, ველამუნები.

გახსნა ხარ, ლადო, შვიდივ კარისა,


მწვერვალზე დგომა შენი ხვედრია,
ხარ აქროლება დიდი ქარისა,
ზურმუხტ-მარჯანი შეგიხვეტია.

არმაზის ოქრო უკვდავ შუქითა,


თვით სერაფიტას ზარდახშანები
დრომ შენით წარსულს გამოუქვითა -
და ბაგინეთის ბადახშანები...

დაყურძნებული შენ ხარ ვენახი,


რა სიტკბოებით დამწიფებულა!
მე ნიამორი შენი მეძახის,
შენის პირიმზით განცვიფრებულვარ!

შენ ფიროსმანი დაგმზერს ხელმნათი,


ოქროს ჩიტებით, სველი ხელადით...
გახსოვს პაოლო და ტიციანი,
მათი ლექსის და ღიმის ციალი?..

დაფნა თუ იფნი! - შენზე დაობენ,


სულ იჟღერებენ შენი ფერები,
შეანათებენ ახალ თაობებს
ელვაში მდგარი მშვენიერებით.

ჯერ არ დაღლილა შენი ხელები,


ისევ სავსეა სულის მარანი!
დასწვი ახალი ცისარტყელები,
კიდევ მოსდრიკე სხვა კამარანი!

დამიდგი ბაღი გაზაფხულისა,


რომ უკვდავ ძმობით კვლავ დამავალო,
მასვი ბადაგი არნახულისა,
დიდ ყინწვისელთა შთამომავალო!

1959 წ.

ადგილის დედა

მცხეთის ლოდები შენ გაქვს მოთლილი,


შენ რუსთაველის ჩანგი გჭერია,
გმირთა საქმენი გაქვს ჩამოთვლილი,
წმინდანთა ღვაწლიც ჩაგიწერია.

აღრიცხული გაქვს შრომა მაშვრალთა,


დახსომებული ცრემლი და სისხლი,
რიცხვი მოქნეულ ქართლზე დაშნათა...
და დავიწყების მტვრიდან შენ გვიხსნი...

ჩვენზე რას იტყვი, ჩვენზე რას ჩასწერ


მამულის წიგნში, მამულის სულო?
ნეტამც ვიცოდე, როგორ გადასჭერ,
და რას გვაკუთვნებ - დაფნას თუ სუროს?

- დასწერე! - მითხრა ადგილის დედამ


და მრისხანებით შემავლო თვალი, -
უჩემოდ მღერას რისათვის ბედავ,
როდესაც ჩემი გკიდია ვალი?

დასწერე! ლექსით გულს თუ ამოწმებ,


ვიქნები შენი გამომკითხავი;
იწვი, სინათლეს თუ არ გამოსცემ,
რა სანთელი ხარ, აბა მითხარი?

და თუ გულით ხარ მწირი, უდაბნო,


უდაბნოს შუბლი ვით დაუდაფნო?!
ცოტა მებრძოლი შეაზარხოშე?
საქმით როდისღა გაუსწორდები?
სად არი ლექსი ხმალთა წკრიალით
ხალხის გულიდან ნაპერწკლიანი?

ან სამსახური მამათ სად არი,


როცა სამშობლო არი სარდალი!
მოდი ჩემს ქოხში, ისუნთქე ჩემთან,
ყამირის შავი მიწის ნამტვერით,
ღვიით და შამბით, და არა სტამბით,
მერე აკვესე სიმთა ნათელი!

არწივს უსმინე, კმარა ბულბული,


თორემ მტვერივით დაიფანტები!
დასწერე? - მკითხავს თვალდაღრუბლული,
გზას გაუდგება მატყლის ფარტენით.

1959 წ.

***

- ვეღარ განუძლებს
ქვეყანა ძველი
განახლებისა ქარისა
ქროლვას! -
სთქვა ერთმა, როცა ყური დაადო
მიწას და იგრძო
ახალი თრთოლა.

და მეორემ სთქვა,
როდესაც ხალხმა
ცხელი ვაზნები
თოფში ჩაყარა:
- ნეტავი სისხლით
შემაღებინა ჩემი ჭაღარა!

მესამე სიტყვა ჩვენი ჯერია, -


სთქვას შემართებით
ჩვენმა თაობამ...
რომ ქარიშხალთან
ტყუპად იარო,
გინდა -
ქარიშხლის გამბედაობა!

1959 წ.
მე ხეკორძულას წყალი შემისვამს

„ხეკორძულას წყალი მისვამს, მცხეთა ისე ამიგია;


არც არაგვის, არცა მტკვრისა ცვარი არსად გამიღია“.
ხალხური

ვით მეთავთავე ქალები ჰკრეფენ,


ყანის ნამკალში პურის თავთავებს,
ისე ვკრეფ ხალხში სიტყვის ნაფერფლებს,
და ალბათ, დიდხანს ვერც მოვათავებ.

მის ფქვილისაგან პურს გამოვაცხობ,


რომ ჩემს მშობელ ხალხს შეერგოს ლუკმად.
არა, ოცნებავ, არ შეურაცხმყო,
არ ჩამიტარო ნაშრომი უქმად!

მე ხეკორძულას წყალი შემისვამს


და ლექსი ისე მიშენებია,
არა მოყვასი, არა ჩემი ძმა,
მე მხოლოდ ხალხი მიმშველებია!

და მეც მუშა ვარ ჩემი ხალხისა,


მისი მღერალი, მისი მოღვაწე,
მე სიყვარულმა, როგორც მაღირსა,
ჩემი სიცოცხლე ისე მოვხაზე.

მწყურია განა მართლა დიდება?


სიტყვა, ვით სუნთქვა, ისე მჭირდება!
მწყურია განა მართლა სახელი?
არა, - მომავლის გამოძახილი!

აღვმართე ლექსში ქართული დროშა


და ხალხს მივეცი საგალობელი,
ვიცი, ყოველთვის და ყოველ დრო-ჟამს
მას ეყოლება თანამგრძნობელი.

1959 წ.

ჩემი ბაღი

მოჰქრის ბავშვობა სუმბულის ფრთებით...

...და გაბურული კახეთის მთები,


მათი შემყურე რკინაც გამტყდარა!
აქ ხომ გორგასალს დაუდგამს ტერფი,
დგას ნინოწმინდა ბაირახტარად.

მე აქ ვუყვარვარ ყველას, ყველაფერს,


როგორც ნამდვილი შვილი მამულის,
ხან მტევანს ვკოცნი წითლად შენაფერს,
ხან თავთავებში ვარ დამალული.

გავხარებულვარ, მზით დაპურებულ


სივრცეში, სადაც თვლემენ ვარდები,
მხოლოდ ბავშვობის არდაბრუნებულ
ქაღალდის ნავზე დავიდარდები.

მოხუც ფშატის ხეს ამ გულს ვაბარებ,


სამშობლომ მისცა ორთავეს წვენი,
ადგილის დედავ, გადაგვაფარე,
შენი კალთა და კურთხევა ძველი...

ჩემო გამზრდელო და მერძეულო,


მამათა კერავ, პატარძეულო, -
ამდევნებია შენი სახელი
ბედნიერების მოსაგონებლად;
მზის თაიგულად შეიკონება,
სამწყურვალოა და მოსალხენი.

შენ რომ გვირილის თვალებით მიმზერ,


ყრმობის ლაჟვარდო, ჩემო პირიმზევ,
მოდი, იებში კოცნით ჩაგძირო...
უშენოდ სუნთქვა გამიძნელდება,
შენი ღიმილი და სურნელება
მე გულის ძარღვებს გავუნაწილო...

ამ ნიავით ვთრთი,
ამ სიყვარულით,
შენს მთა-გორებზე რომ დარხეულა.
მან შენი სუნთქვა განასხეულა
ჩემი ლექსების ზამბახეულად.

ამ ნიავით ვთრთი, ამ სიყვარულით,


გული სიამით შეყუჩებულა;
მესმის ბავშვობის ეტლის ჟღარუნი,
ჰფანტავს ალმასებს, ვკრეფ ბღუჯეულად.

*
ხომ საუკუნეს გაეკამათა,
სოფლის ხეებს რომ მორცხვად ეფარვის, -
დაძველებული სახლი მამათა,
გახუნებული, დანაფერფლარი.

რამდენმა ქარმა დაუტლაშუნა,


რა ნაცრემლი და ნამეხარია,
როგორ მიიკრა გულმა ბავშვურმა,
თუმც თელა მტერმა ყიზილბაშურმა,
მაინც ზეზე დგას... და მიხარია!

ნაზვაურები,
ნაგზაურები,
მოეხეთქება ხეობის ქარი,
გაუძლებს ახალ გაზაფხულებით
დედის ლეჩაქის ფუძეზე მდგარი:
და ჩემს კერაზე სხივით ულევი
ისევ ენთება მამათა კვარი!

რამდენი ლხენით, რამდენ ტკივილით


ფიქრი და ლექსი აქ დარხეულა.
აქ სიო მღერის გედის ყივილით,
მტვერი სიწმინდედ გადაქცეულა!

შორეულ დღეებს ვეალერსები,


აბალახებულ ყრმობის ბილიკებს,
აქ დაწერილი ყრმობის ლექსები
დღეს ბოდიშებით შემოვირიგე.

მე ბავშვობის ფერფლს წმინდად ვინახავ,


ზედ მიხურია მთვარის სარქველი.
მგზავრი გამვლელი მკითხავს: ვინა ხარ?
და მე პასუხად რა მაქვს სათქმელი?

*
...რბენა სამგორის ღია მზვარეში,
მზე ოქრომდნარი გრილ ნიგვზნარებში...
ვსდევ ყრმობის ირმებს კვალის-კვალათა...
შენ ხარ პირველი იის კალათა!
ჩემი პირველი ლექსთა რვეული...
(რა მკაცრად მზრდიდნენ ეს ნანგრევები,
ძველი ნაშთები ქვადამსხვრეული).

*
...მე მახსოვს შენი ლეგა მერცხალი,
შენს ვენახებში ოქროს გვრიტები,
შენი იების ლურჯი ფერ-წყალი...
ჩემს ძველ ეზოში შევიჭვრიტები.
აქ ოცნებანი, გულის ვნებანი,
მოშრიალებენ აბრეშუმებად;
ჟღერენ პატარა მოგონებანი
და აღარ უნდათ წამს გაჩუმება.

გაიჭრიალებს გზაზე ურემი,


შემღუღუნებენ სალამურები...
მოფეთებული ციცინათლები
ჰკვნესენ ოცნების დაალმურებით.
და ბჟუტავს დედის ანთებულ სანთლით,
მისი ამაგდარ მანდილის მადლით,
ჩამოცრემლილი, ცივი სარკმელი,
პირველი სუნთქვის გადამსარკველი.

მე აქ ვხარობდი დებით და ძმებით,


იების მოსვლას თვალი ელოდა,
მე ხომ ვცხოვრობდი იმ ჩიტის ხმებით,
ჩემი ფშატიდან რომ მიმღეროდა.

აი, ჭაბუკი იისთვალება,


ხშირად თვის ტოლებს რომ ემალება,
მისდევს ოცნების იდუმალებას
და მიუწვდომელ ცის ბრწყინვალებას.

იამორეულს
ნიამორეულს,
შემოურგვალა რომელ გრიგალმა?
ვინ დაუძახა, რომელ მებრძოლის
და მეოცნების ნაბილიკარმა?

*
„ქართლის ცხოვრება“...
ქართულ მხედრობის
ყარაყორუმში თავის დადება...
წივის, იწვება მონღოლთ ტრამალი
უკვე მესამედ ყივის მამალი
და მთვარე წიგნზე შემომადნება.

ჯდება გუმბათზე ჯალალ-ედ-დინი...


სისხლის მორევი... ჯვარცმა რომელი...
სადღაც, მღვიმეში ბერი ქადაგი, -
მესიანიზმის ვიზიონერი.

გახსოვს, ოცნებას, ცეცხლისფრთებიანს,


რომელ მწვერვალს არ გადააფრენდი.
და რა ქარიშხლით გაერთებიან
შენ სულს: ფაუსტი, ჰამლეტ, მანფრედი!
- რა აზრი არი უფრო ნათელი,
ვოლტერის, კანტის, პასკალის მერე? -
სოფლის ჩრდილებში ფიქრებნადევნი
ვეკითხებოდი პატარა ღელეს.

ისევ წნორები, ივრის ვერხვნარი.


ვაჟა-ფშაველა,
რემბო...
ვერჰარნი...

შევიმოსიე რუსთველის ელვით,


უბრწყინვალესი სულს რა ეხილვა?
შეყვარებული ტარიელივით,
მთვარის კლდეებზე გადავჩეხილვარ.

იმ ერთ კაშკაშა ღამეს ვიგონებ,


ვარდისფერ ღამეს ტკბილსახსოვარსა.
ცა ჰგავდა თამარ დედოფლის კაბას,
ალმასმოფრქვეულს, სხივნაქსოვარსა.

*
შევალ ჭიშკარში... მომესევიან
წიწილებივით ყრმობის დღეები:
ყველა ტოტებით მომეხვევიან,
ყველა ფოთლებით - ეზოს ხეები.

და თავს გაიქნევს ფშატი აუგად,


- რა უყავ, - მეტყვის თითქოს, - რა უყავ?
მკითხავს სიყვარულს თუ სიჭაბუკეს? -
იქნებ ორივე ერთად დავღუპე!

თუ ივრის ზვირთის ანაშხეფარმა


მე შემიკერა ლურჯი ხალათი,
დღეს მთვარის ნესტი შემომაპარა,
და ცისკრის ვერცხლით გავჭაღარავდი!

მეც მსურდა მეთქვა სიტყვა სარდლური,


მინდოდა მაღლა შემერტყა ხმალი!
სახლი ამეგო სართულ-სართული,
მშიერ-მწყურვალთა - პური და წყალი!

ქართულ ვარსკვლავთა სული დამეწვა,


მედიდებინა სამშობლოს ვარდი;
შვილთაშვილთათვის მეც გადამეცა
ჩემი ნათქვამი, ვით მცხეთის კვართი!
*
პატარძეულო, ღვთიურო ვარდო,
შენთან სიზმრებით გადაჭდობილი -
შენს წმინდა აჩრდილთ გულისთქმას ვანდობ,
მათ წინ მორჩილად ვარ დაჩოქილი.

სადღა არიან ძმები თუ ტოლი?


ყველა წავიდა, ვით ბუხრის ბოლი,
და შემრჩენია ვით სატკივარი -
მათი ალერსი და საჩივარი.

მთელი მსოფლიო აქ იყო ჩემი.


აქ მიმოქროდა ოცნების გემი!
აქ მიყვაოდა ტკბილი იმედი,
ახლა რად შემრჩა ასე მცირედი?

მე აქ ვინახავ დარჩენილ სიტკბოს


და ვერ ჩავუგდებ ხელში ვერავის;
მე ვუფრთხილდები იმ სხივის სითბოს,
მწუხრზე რომ არი ჩემი მზვერავი.

*
ვარხევ ფშატის ხეს თოვლით დაზვინულს,
ეგებ მეც ისე დამცვივდეს წლები?
შევივერცხლები? თუ გავტეხ ყინულს?
თუ ახალ ფოთლით ავიფურცლები?

მაგრამ ვაი თუ გადაილეწოს?! -


მითხრეს ფიქრებმა აღმაშფოთლებმა;
მაკურთხონ, ფშატო, შენმა ფოთლებმა,
შენმა შრიალმა გზა დამილოცოს...

*
თუ დღე მრავალი მენადიმება,
ხვალინდელი დღე რაღას მპირდება?
ბევრჯერ მზე ჩავა დაჭრილ ირემად
და ოქროს ხოხბად ამოფრინდება.
ერთხელ ივრის ცაც გადაირევა,
მოვლენ ღრუბელნი დასატირებლად;
ფშატის ხე სარკმელს ტოტებს მიახლის
ყინულს აისხმენ სალამურები,
ეზოს ატყდება ცრემლი, კრიახი,
მიყუჩდებიან ტაშფანდურები...
რა დააბნელებს
ცელქ ციცინათლებს? -
ჩაიწვებიან შავ ალმურებით!
გადაიხსნება შავი მაღაროც...
მაგრამ ის ცეცხლი, მე რომ ამანთო,
არ ჩაიწვება, ცაო მაღალო,
ნუმც მისი ფერფლი გადამაყარო!

*
მაგრამ შენთან ვარ,
მარად გვერდ ხლებით,
ვით მოსრიალე შენი მერცხლები,
ავედევნები შენს გაზაფხულებს,
შენს უმანკო ცას შევევერცხლები...

შენთან სიმღერას არ გავათავებ,


ყრმობავ, წნორებში გამოხვეულო,
მე რომ გეძახი - სულის გაზაფხულს,
ლექსის სათავევ, - პატარძეულო!

1959 წ.

მუხის ფოთოლი

განგმირულ ილია ჭავჭავაძეს, სიონში რომ ესვენა,


ნატყვიარ შუბლზე მუხის ფოთოლი ეფარა.
დედაჩემის ნანახი

იმ საუკუნის მე ვარ მწერალი,


როცა მიწაა ნამეწყერალი!
რა არი, გყავდეს ერთი მერანი,
თუ გსურს მთვარესთან გადამღერანი!
როს იწერება რუკა მთვარისა,
ბრძანებლობს საქმე როს უმთავრესად.
ცაშიც კი ადის... ხელს აფაცურებს...
მე კი პოეტი - ოქროს მდნობელი,
ოცნების ზღვაზე ტივებს ვაცურებ,
და ჩემი საქმის ვარ მადლობელი!
პოეტის ბედი რა დიდებული!
რა წილნაყარი, რა წილდებული,
ობობას ქსელზე დაკიდებული!
მე ლექსის ჯვარზე ვიყავ გაკრული,
რადგან კაცი ვარ გულდაძაგრული,
მთვარის ნატბევი თუ ნატბორალი, -
ძველი მგოსნების ნასატრფოვალი...
მიყვარს მარიხიც და ოტარიდიც,
მათ შუქურს გულში გავიტარებდი.
ბევრჯერ გრიგალში, როგორც ლერწამი
გადაღუნული, მეც ვიმტვრეოდი
და ვერ მივიღე, გინდაც ერთ წამით,
ორბის კალამი მემკვიდრეობით...
მაინც ლექსთა თქმა ჩემი ჯერია,
თუმც მრავალ საქმემ შემიჯერია.

მე ყოველ დილით ბულბულს მოველი,


დილანდელი თუ საღამოველი,
თუ მის ნაპერწკლით ვარ ანთებული,
მუხის ფოთოლის ვარ ვალდებული.
ყველა ყვავილი ერთად მიყვარდა, -
ყველა მე გულზე გადამიხლართავს;
ყველა სტუმარი ძმად შევიცანი,
ძმას გავუყავი გულის ფიცარი!
მწამდა ცხოვრების ნამქერში დგომა,
მით შემიგროვდა დღითა და ღამით
ცრემლიც და ოფლიც, ტანჯვა და შრომა,
ვნება და სევდა, სიტკბო და შხამი.
თვითეული ხის შტო მაქვს ნამღერი,
განა მთვარისა, გულის ნამქერით!
ისიც ვიმღერე, ახალო მთვარევ,
კაკლის ფოთლებში რაც შემოთვალე...

ქალის ოცნება დიდხანს მჯეროდა


და სიყვარულსაც დიდხანს ვუცადე.
ისიც ვახსენე, ვინც იმღეროდა
„ქართლის ცხოვრების“ პირველ ფურცლამდე...
იგიც ვადიდე - შუბლი დაფნური -
მიწას დაფლული, მზედათაფლული.
მე იქ მოვწყვიტე თეთრი შროშანი,
სადაც იბრძოდნენ ცეცხლში დროშანი.
მივადგი კიბე, ვარსკვლავი ვკრიბე,
რომ არ ჰქონოდა ლექსს სიღარიბე!
მაინც თავი მაქვს გადადებული,
მუხის ფოთოლის ვარ ვალდებული.

ვამღერე წყალნი, მთანი მაღალნი -


ნაჯიხვარი და ნაკალმახარი.
ვაელვე სიტყვა, ვით სატევარი:
მტკვარი ვარ - უბედაუტევარი,
მე არაგვი ვარ - მთას ნათევარი,
მე რიონი ვარ - დროშით მქუხარი,
მე იორი ვარ - ზვირთნადუღარი,
მე ჭოროხი ვარ - სევდით მწუხარი,
თერგის შხაპი ვარ, ხმა სამყვირალო,
მე ბერდუჯი ვარ დასაყუჩარი.
მე ტეხური ვარ - შავი ლოდნარით,
ალაზანი ვარ - ფიქრნალოდნარი.
ქცია ვარ, ხრამი ძველზე მტირალი,
ქვებზე რომ მოხტის, ვით ჯეირანი....
მათი ყივილი მეალერსება,
ნატყორცნ ალმასით სული მევსება.
მაცვია ჩოხა მათი ნაკერი,
ვარ ნაშხეფარი მათი ნამქერით.
მე მათი ფრთები მაქვს გამოსხმული,
მათი იმედით რას არ გაჩვენებ, -
ალმასის ნალით დავჭედავ მერანს,
ელვათა შოლტით გამოვაჭენებ.

ვარ ქართლის შავფხა, მსუყე თავთუხი,


მე ვარ ფოლადი - რუსთავს ნადუღი.
სხივი ნათელი მე ვარ მესხური,
მე აჭარის ცა გადამესხურა...
მტკვარს ვიემბაზებ, ვერ შეველიე,
კახურ მზეს ლექსში მოვიშველიებ;
მე ვარ გურიის წითელი ვარდი
და ქვაკუთხედი მე ვარ გელათის;
მე სიმღერა ვარ ძველი „ვარადის“,
ჭყონდიდის მუხა - ხეთა ბელადი!
ვმღერი „ლილეოს“ სვანური ცეცხლით,
ვმღერი ლეჩხუმის წყაროთა ვერცხლით.
„მრავალჟამიერს“ - ახალ სიცოცხლით!
და რაც შესტირეს რაჭველ მესტვირეს,
აკი ავიღე ცრემლის ნესტი მე!
ვარ ხევსურეთში ლუდის დასტური,
ახმეტის ტყე ვარ გადალასტული!
მე ფშავის ხევში თვალებს ვაფეთებ,
იქ დარჩა ვაჟას საკვესაბედე.
მე ბახტრიონში - თუშურ დოღში ვარ.
ვხედავ კოშკებზე სისხლის ოშხივარს.
საინგილოში ვკოცნი კესანეს,
შენი ჭირიმე, შენი კვნესა მე!
არ დავივიწყე ოშკი, ხახული,
და მით გამოვთქვი სევდა ხალხური,
მზით ვაიმედე და გაზაფხულით...
სადღაც, ხორასანს თუ ფერეიდანს,
ინდოეთსა თუ ანატოლიას,
ლექსი ჩემს სალამს რად ვერ ჩაიტანს,
ამაზე ვნაღვლობ - იქ ძმა მყოლია!
მაგრამ ჩემს ძარღვში მე ლექსს დავმალავ,
ვიცი, გადასცემს თეთრი თოლია.

იალბუზს, მყინვარს, ბორბალოს - სამ ძმას,


თეთნულდს და უშბას - მათ ბიძაშვილებს,
თუკი ბრძოლაში გავიკავშირებ,
ჩემს მტრის ლაშქრობას ელის გაქრობა!
რიონის ველი, ალაზნის ველი!
ზურმუხტის მთების ამბიონებით...
და ტირიფონა - მაისს ნაქები, -
ხოლო ზაფხულში პაპანაქებით...
ახალ დროების გადამნუსხველი -
მწკრივი და მწკრივი ლამპიონების -
ელექტროვარდის შეღიმებანი...
შეღამებაში გულს აყვავებენ,
სიცოცხლის ნათელს დაახვავებენ
მე ვარ, ვიქნები მათი მებანე!

აფეთქებულა თბილისის დილა,


სულში ნავარდობს ვარდების ალი...
ცა, როგორც თაფლი, ჩამოღვენთილა,
გული სუფთაა, ვით ბამბის ფთილა -
ოქროს თმებს მახვევს მაცდური დალი!
მე, გალაღებულს მზის სიხარულით,
მჯერა, ჩემს ქალაქს არა ჰყავს ცალი!
მზის სხივი ჰქსოვდა თამარის კაბას,
აქ სხივს ეჭირა ერეკლეს ხმალი!

ნარიყალაზე ახალ არწივებს


დღე დღევანდელი ახლად ამწკრივებს...
მე ვარ ყველასთან და მე ვარ ყველა,
ციცინათელაც და ცისარტყელაც!..
ვთქვი სიტყვა ქართლის შესამკობარი,
ვთქვი ჩემი ძმების შესანდობარი,
მამათა დიდი ნაგალობარი...
- მწამხარ, მიყვარხარ, - დიდი ლოტბარი,
მწამხარ, შენთვის ვარ სიტყვა მომტკბარი!
ჩემო მამულო, თაფლო და ვარდო,
ზღვით შეცვარულო, მზით გასირმულო
მარად ვეფხურო, ლაღად ირმულო!
არა, არ მიყვარს შენი წარსულის -
წამების ჯვარი და სიმძიმილი;
ო, როგორ მხიბლავს შენი ჯვარცმული,
სათნოიანი სახის ღიმილი...

ვით ჩალმიანი იანიჩარი


მოქშუის მთვარე - გული გააპოს,
წარსული ტყვეა მხოლოდ ანჩარის,
ყველა ფურცელზე შხამი ლაპლაპობს.
ღამ-ღამ რად იცის ტირილი ტალღამ,
რომ გული გალღვა, შენ ეს არ იცი?
მეც ხომ მატყვია წინაპრის დამღა, -
გულისფიცარზე გადასარიცხი.

სამშობლოს მთებო, გოლიათებო,


გითენებიათ გოლგოთის ღამე,
ქართლის მინდვრებო, მხარგანივრებო, -
ცრემლს ზღვათაოდენს თქვენსას თუ ზღავენ?
ან სისხლს მართალთა ვინ ჩამორეცხავს?
ვარდს აყვავება, ჭიკჭიკი მერცხალს
რომ აუკრძალეს, რატომ არ შერცხვათ...
რად სურდათ ხმალი სისხლით ეკვებათ,
ვფიქრობ ნამწვავი, ძველათ დამწვარი,
კრწანისულ დუდუკს, სისხლით შეღებილს,
ხშირად ჩემს ლექსში სდის სისხლის ცვარი...

როგორც მარაბდის ფიცი, მომესმის


მე - ოროველა ნამღერი მინდვრად;
შავი წარსული რაღადა კვნესის,
თუ მომავალი გულს დამეწინდრა.
გგონია, ჰქონდათ სისხლი დამშრალი,
საფლავის მტვერში მისთვის წვებოდნენ? -
ლომისის ლომი, ვაჟი ლაშარი -
სიკვდილს ხმლით ხელში ეგებებოდნენ.
ვინ გყავდა მტერი? სად არი მტერი!
ჰკითხე მეგუთნეს, ხნულში უნახავს!
ძვლებს მიაყარა ყამირის მტვერი,
ვგონებ, მეასედ მას დაუმარხავს!
ვისაც ბრძოლაში არ უყვარს დრეკა,
როგორ არ არი უკვდავის ტოლი?
იცი, უნაცროდ იწვება დეკა,
არვის აწუხებს მხრჩოლავი ბოლით.
არა, არა მწამს სიკვდილზე თქმული, -
გულს ერეოდეს, - არაკებია!
მე ვიცი, ვიცი რუსთველის გული
საფლავის ჭიებს არა რგებიათ.
მზემ შეიწოვა, როგორც ნაწილი,
მზემ შეიერთა ნათავისარი;
ვერც იქნებოდა გამონაწირი -
ლექსთა სარდალი და კეისარი!

მახსოვს ილიას გახვრეტილ შუბლის


ნაჭრილობევზე მუხის ფოთოლი,
თითქოს დამხობა შევიტყვე უფლის,
თითქოს დაეცა ერის გოდოლი!
მე ყრმა ვიყავი მისი გამგონე,
ხალხის დანაკარგს ვინ ამიწყავდა?
გულს მეზრდებოდა ბოღმა და ღონე,
როგორც ის მუხა... ის სისხლი რწყავდა...
მუხით ფარავდნენ სირცხვილს, ჭრილობას
როდესაც ქართლი ეგდო ჭილობად...
არ მასვენებდა მუხა... ჭრილობა...
მუხის მალამო, ძალაც, დაცემაც...
შავი ჯანღების შემოჯრილობა,
მზისგან ნისლების კვლავ გატაცება...
მახსოვს აკაკი - ნახევარღმერთი,
ამღერებული გულმდუღარებით,
ვაჟა-ფშაველა - მთის ცრემლის ღვენთი,
მთის ფარჩეულზე უფრო ღარიბი.
მე მათ მიბოძეს ლექსის დასტური;
ანდერძი მითხრეს, მცნება დამიდგეს,
ვიყავი მათი თანადამხდური!
მე არ მასვენებს ის დაბმული დრო,
დე, მოგონებამ გული დამდუღროს!
რა უნდა გითხრა იმ დღის შესახებ,
გული სევდას არ გავაწეწინო.
- ნუ გამაღვიძებ, ხელს ნუ შემახებ,
ოღონდ გავქვავდე... ოღონდ მეძინოს, -
იტყოდა მაშინ, იტყოდა მაშინ,
ნაომარი და გულდაქანცული;
და მხოლოდ ცრემლი ჟღეროდა ხმაში -
ერის საგზალი და საგანძური...

დღეს კი არ გვყოფნის სიცოცხლის დღენი,


დავტკბეთ სამშობლოს ახალ მშვენებით,
ჰყვავიან ჩვენ წინ თვალსამოთხენი,
ადის სართული შეუსვენებლივ.
- ნუ დამაძინე, ვარ ბედნიერი,
ვივიწყებ სიკვდილს, ნანგრევს ვერ ვხედავ -
მღერის ფაზელი, ცხუმ-ბედიელი,
ახლად გუგუნებს არმაზი - მცხეთა!
ნუ დამაძინებ... ნუ მომაგონებ...
გადიგრიალა უღმერთო ხანამ.
დავალ... დავმღერი ოფლის დამღვრელი
სამშობლოს ხნულში ტანაყრილ ყანას.

ვინ დამირაზმა სამშობლოს დილა,


გზაჯვარედინზე ვინ მეზმანება?
თვითონ ხალხის მზე გადაფოთლილა
დაცვენილ თესლის ასამწვანებლად.
თუ არსად იყო ჩვენი დამხსნელი,
თუ ისტორია იყო ცალხელი,
დღეს ითქვას ქებით ქართლის სახელი!
ისევ აღმდგარა მკვდრეთით ილია
და მუხაც ისევ შეფოთლილია...

თუ მუხის ძალამ განკურნა ქართლი,


მისთვის ვიმღერეთ „მუმლი მუხასა!“
ვინ დაუხავსა ოცნებას ჭვარტლი,
მუხას აყრილ ჩრდილს ვინ მოუხაზავს?
მიცოცხლოს იგი, რასაც ველოცე,
ჩანგით და გულით რასაც ვფერობდი,
ნუმც დამეჩრდილოს საქართველოს მზე
საუკუნებრივ ოქროსფერობით...

თუ დროშა, ცრემლით მონაქსოვარი,


არც ერთ ბრძოლაში არ დახეულა,
და თუკი ხმალი, ღირსსახსოვარი,
არც არასოდეს გადამსხვრეულა,
მომეცი სიტყვა შეუპოვარი,
ძირს მიწაზე რომ არ დაცემულა!
მაშინ იხილე, საუკუნიდან
თუ რა ოცნება გადაცემულა!

1959 წ.

შენი სახელი

თუ გული სევდით დამებინდება,


დადგება ხოლმე წუთი უცები,
მყის ხოხობივით მომაფრინდება
შენი სახელი ნაკეკლუცები -
ბრიალებ ჩემ წინ,
ელვით გიზგიზებ...
მოგძახი: კიდევ დაიკისკისე!

1959 წ.

საიხვე ტბა

მთაში თოვლი აიხვეტა,


ვერხვნარები ვნახე ჩავლით,
მთის მკერდზე კი საიხვე ტბა
ალივლივდა მზისფერ ჭავლით.
მაგრამ იხვი აღარ ცურავს,
ჩემს თვალს აღარ ენახვება, -
ის ბუნებამ დალია და...
ტბა კი ნაპირს ელახება.

1959 წ.

სიზმარი

წუხელ,
სიზმარში,
მე ხე ვიხილე,
მზის შარავანდის
შუქით ჰშვენოდა.
ხე დიდებული,
ჯავარიანი
ქვეყნიერებას
გადაჰფენოდა...
ახოვანი
და ჰაეროვანი
მოირხეოდა
ნიავქარობით.
მის ქვეშ
მრავალი იდგა ხარატი
და ხიდან აკვნებს
სთლიდა გალობით.
ხეს კი ტოტები არ აკლდებოდა,
პირიქით,
უფრო ემატებოდა;
და ბურბუშელა
ხის გარეშემო
ვარდის ფურცლებად
იფანტებოდა...
უცბათ მოვარდა
კუბოს ოსტატი,
კიდეც გათალა
ორი ფიცარი.
ხემ შეიკვნესა...
მე ყელში ვეცი,
ის კუბოს მთლელი
მყისვე ვიცანი!
და შემომესმა
ბავშვთა ჟივილი,
ათი ათასი იდგა სულიკო,
ზეცას შესთხოვდნენ
ხელებგაწვდილნი,
ციდან ცეცხლი
არ წამოსულიყო!..

1959 წ.

ლეონიძეთა შორის ვიყავი*

ლეონიძეთა შორის ვიყავი,


ჩქეფდა ჭოროხი, ტყე შრიალებდა;
სახლიკაცების ნახვით ვიხარე,
რა საქმე მქონდა ძველ იარებთან.

გვქონდა წარსული ძველი და მწველი


და არც გვინდოდა მასზე გვეჩივლა,
ვიგემეთ სიტკბო, უდარდელობა,
ძმობით გვინდოდა თავი გვეჩინა.

სამასი წლებით დაშორებულებს,


დღეს საძმო ჭიქა ერთად გვეჭირა,
ის გვიხაროდა, რომ ქართველობა
თვითეულს გულში გადაგვერჩინა.

ლეონიძეთა შორის ვიჯექი,


საგვარეულო სმურის თამადა,
ბევრი ვიმღერეთ, ბევრი ვიჭექეთ,
სადღეგრძელოში არვინ დამაკლდა.

და საქართველოს რომ შევემატეთ,


ვით გულში ვარდი, გვიტრიალებდა,
მარადიდს თავზე იდგა ლემადე**,
ჰქუხდა ჭოროხი, ზღვა გრიალებდა.
...ჩვენ სიყვარული გვაჟრიალებდა.

1959 წ.
* ლეონიძეთა გვარი მესხეთიდან მოდის. დღესაც ტბეთის განთქმულ ტაძრიდან სამი-ოთხი კილომეტრის
მანძილზე არის სოფელი ლეონიძე. იქიდან ვართ ლეონიძეები წამოსულები მე-17 საუკუნეში, როცა მესხეთი
ოსმალეთმა დაიპყრო. ამჟამად ლეონიძეების ერთი შტო ცხოვრობს აჭარაში - ერგეში (ზემო ჯოჭო).
**ლემადე - შავი ნისლი.
თვალები

თვალები... წმინდა თვალები...


შემვედრებელი თვალები,
შილერის იდეალებით...
უღვთო, უმანკო ცრემლებით
დანაწვიმარი თვალები,
ჩამოლერწმული წამწამით
მე რომ არ შევებრალები!

1959 წ.

ჰყავთ ვარსკვლავები ამხანაგებად

ის ლექსი რომელ მომღერალს უთქვამს,


ბავშვობიდან რომ გაგვეგონება?
ქვას ვინ შთაჰბერა ღვთიური სუნთქვა
ან ამ სიმღერას - მზის შთაგონება!

სადაც მდუმარედ უთქვამთ „დავბერდი“,


იქ ამოსულან თეთრი ვარდები...
ჰყავთ ვარსკვლავები ამხანაგებად
და მათთან უყვართ დაბანაკება...

მე მათზე ვფიქრობ,
მათს ათოვლებულ
ჭაღარა შუბლზე, მაშვრალ ხელებზე,
და სამშობლოში - მათს დატოვებულ,
სისხლგადანთხეულ საკურთხევლებზე...

უცბად ამიყვანს ხელთ, ამიტაცებს,


მე გოლიათი ომგარდახდილი,
და შეტოკდება ჩემს მაგიდაზე
შავად გართხმული ვეფხვური ჩრდილი...

1959 წ.

წარწერა ჩემს წიგნზე

აქ არი ყველა ჩემი გარჯანი:


რაც მიხარჯია ლექსში მარჯანი,

სიტყვის ამბარჩა, სტრიქონის ფარჩა,


ყველა აქ არი, რაც გულში ჩამრჩა,

რაც გულის ძარღვში სისხლს შეეჭედა


და იქცა ჩემი ლექსის ბეჭედად!

1959 წ.

ტოპონიმიკა

რუსთავი - შოთას აკვანი.


ტანძია - სულხან-საბასი;
ვცეთ საგურამოს თაყვანი
დავითის ცრემლთა საფასით.

ყვარელში ფიქრობს ილია,


ქართლს ააცდინოს ურიგო;
საჩხერის ციცნათელებში
მღერის აკაკი „სულიკოს“.

ჩარგალის ყველა ჩანჩქრიდან


ვაჟას ხმა მეჩურჩულება;
ყაზბეგში იწვის ყაზბეგი,
როგორც ჭაღარა თქმულება.

და უცბად შემომანათებს
დიდი სადროშო პირიმზის, -
ბარათაშვილის, ბესიკის,
ორბელიანთა - თბილისი.

1959 წ.

ჩემს იუბილეზე

ყველა ძმობილი,
ყველა დობილი
ამ დღეს მილოცავს...
ტკბილი ძღვენია! -
თითქოს მომავალს ვემშვიდობები,
ნეტავ იცოდეთ,
რა საწყენია!

ვალი დამადეს გადასახდელი,


ქათინაურიც
ბევრი მსმენია;
მე სიმღერისთვის მერგო სახელი, -
თქვენ რომ იცოდეთ,
როგორ მრცხვენია!

ვდგევარ და ვფიქრობ,
- ეს როგორ არი,
მე ჩემთვის ვაზი გადმიწვენია,
გამონაფიქრი და ნაგონარი,
გულის ფსკერიდან -
ვის შესწვდენია?

მე ჩემთვის უნდა მეჭირვარამნა,


იქნებ, ჩუმადაც ცრემლი მდენია.
პეპელის ფრთების ღონეც არა მაქვს,
გარს მომძახიან: - შევარდენია!

ცხენი რომ მიჰქრის


ნაჯირითალი,
ის ქროლვა არი, განა ცხენია?
უბრალო რბენა
ლტოლვა რით არი? -
თქვენ რომ იცოდეთ,
როგორ მრცხვენია!

თუ სიტყვა სიტყვას მწყობრად მივაწყე, -


ხომ ჩემი სულის მონაფშხვენია...
მე ჩემი სიტყვის
მაკრთობს სიმარცხე...
თქვენ რომ იცოდეთ...
რარიგ მრცხვენია!

1959 წ.

მაჭახელა
(ექსპრომტი)

აჭარლებმა ჩემი დაბადებიდან 60 წლისთავის იუბილეზე საჩუქრად გამომიგზავნეს ძველი თოფი - მაჭახელა
წარწერით:
„ამ თოფით ვიცავდით აჭარლები სამშობლოს მტრებისაგან“.
ამა თოფისა მსროლელი
არა ყოფილა ლაჩარად,
თავისუფლების წყურვილის
მეტი მას არა დარჩა რა!
თოფი ესროლა, ხმალი სცა,
მტერს შუბი მკერდში გასჩარა!
ისევ დგას გონიოს ციხე,
და კახაბერიც დამრჩალა!
ამაყად ბრწყინავს ბათუმი, -
მტერს პირში ბურთი ჩასჩარა.

თამარის ღიმი კვლავ ჰყვავის


დღემდისაც აღარ დამჭკნარა!
შვილი ვარ, განა მოსული,
შორიდან გადმონაჭარად?
შენს სიყვარულს და ტრფიალსა
გულში ვიწურავ მაჭარად;
გული ხარ საქართველოსი, -
მესხეთო,
ჩემო აჭარა!..

1960 წ.

აკაკის

მიყვარხარ,
კიდეც მიყვარდი,
ესა მაქვს ტკბილად სამხელი;
ბრწყინავს უჭკნობად, ვით ვარდი,
სხივნართი შენი სახელი!

განა დროებას მიჰფარდი, -


დღესაც ქართლს ეალერსები...
ჩიტებად, - ოქროს ნისკარტით,
დაჰქრიან შენი ლექსები!

1960 წ.

რა მარგალიტს ვეძებდი...
რა მარგალიტს ვეძებდი
წყალვარდნილთა ნანჩქრევში?
რა სევდას, შემოდგომის
ჩამოცრემლილ ფანჯრებში?

რა სიხარულს ვეძებდი
შენს უძირო თვალებში?
ან ალვისხე წერწეტი
რას მიჰქროდა მთვარეში?

მე ვეძებდი სიმღერას,
იმ უცნაურ სიმღერებს, -
ვერ ვიპოვე იმჯერად,
ახლა ვინ შემიფერებს?

თეთრ ვარდებს დავეშურე


ყივჩაღური ლირიკით.
მოდიოდა სახელი
ნაოჭების ბილიკით...

1960 წ.

ეკატერინე ჭავჭავაძეს

შენთვის ბევრმა სიტყვას თაფლი ადინა,


როგორ გითხრა, მეც მიყვარხარ, კატინა,
მეც მეძახის მაგ დალალთა მსტოვარი,
ეგ საყურე ალმასშუქნათოვარი,
ეგ თვალები - სილამაზის ფანჯრები,
მპირდებიან, რომ არასდროს გავქრები!

1960 წ.

მთვარის ჩრდილებში

მაისურ ღამის მთვარის ჩრდილები


ჭადრის ტოტებში გახლართულიყო,
მე კი ვისმენდი დამორჩილებით
იშხნელთა გუნდის მკვნესარ „სულიკოს“,
თითქოს უძახდნენ გამქრალ სიყვარულს,
რომელიც უღვთოდ დაკარგულიყო,
და გაბზარული გული მოსთქვამდა:
- სადა ხარ, სადა, ჩემო სულიკო!
შეგნიშნე, ვაშლის ყვავილის ფერფლი
შენს კულულებში შეხიზნულიყო,
გამობმულიყო, მრავალ სიმებად,
ამოსულიყო, - წამოსულიყო,
მსურდა ჩემს გულზე ყველა მიმება,
ასე ურცხვი და ასე ურიცხვო;
ანდა ამესხა მკერდს ყაწიმებად...
მაგრამ გშვენოდა, ვით გაღიმება
გაზაფხულისა, - ჩემო სულიკო, -
იმ ერთადერთი სიყვარულისა,
რომელიც დარჩეს, მოდი,
სულ იყოს...

1960 წ.

რუსთაველს

რად არ გვაძინებ ღამეებს,


ტკივილო დანაკარგისა?
„ღვთის ქვეყანაში“ რა გინდა,
თავად ღმერთი ხარ ქართლისა!

რად გეძებთ იერუსალიმს,


ქართლიდან რისთვის წახველი?
ხომ საქართველომ ერთადერთს
შენ მოგილოცა სახელი!

რად გაეყარე სამშობლოს


ტკბილ მიწას, დასაფიცარსა?
ალბათ იცოდი: ქართველნი
ვერ დაგაყრიდნენ მიწასა!

თუ დაგხედავდა თამარი
კუბოზედ ელვა-თვალებით,
ალმურში გადადნებოდნენ,
რუსთველო, შენი ძვალები!

დამყურებულო მწვერვალო,
დაჰხედე საქართველოსა,
ილოცოს ერმა ქართველმა,
რაც ძველად ჩოქით ელოცა!
არ დაშრა შენი სიმღერა,
არც სიმი დასწყდა სანთურსა,
ნუ მოშლი საქართველოში
სიტყვას და ლექსსა ქართულსა!

ჩვენს მაჯას მარად აცოცხლებს


შენი თქმა - ნათლის მთოვარი,
შენი ღვთიური სიმღერის
გამოქროლვანი, თრთოლვანი...

წამოდი, ჩვენო არწივო,


მოქანდი გულფიცხელადა,
ჩამობრიალდი თბილისში
მოფრენილ ცისარტყელადა!

დაბრძანდი მთაწმინდაზედა,
გაყაროთ ლალი, ფაზარი,
მოდი, მონახე აკვანი
და შენი ნაემბაზარი!

დაგვხვდებით, მთა-ბარს დავამტვრევთ


სასიხარულო ელდითა!
ვცოცხლობდით, უფრო ვიცოცხლებთ,
რუსთველო, შენით, ერთითა!

ან როგორ გაისაძლისე
შორყოფნა, სევდა ღამური? -
შვიდასი წელი დაქანდა
არ გინახია მამული!

ბროლის ცა - მტკვრის და რიონის,


მთანი დამდგარნი გრეხითა, -
ჩამოდი, ამერ-იმერი
ჩამოიარე ფეხითა!

მით ღონეს გაუძლიერებ


ვეფხვურად შენამტკიცარსა,
სიკვდილს არ ჩაბარებიხარ, -
ჩაჰბარდი ქართულ მიწასა!

1960 წ.

„ჩარი-რამა“
მოვიარე ცისქვეშეთი,
ყველას სჯობდა საქაშეთი!

იქ მიყვარდა, ტოტის გრეხით,


გადახრილი წელში ვერხვი.

მას ახსოვდა მღელვარება


ჩემი გულის სიქარბუქის,
კულულში რომ ჩავაქსოვე
ოქრო ჩემი სიჭაბუკის.

იქ მე ვსვამდი სადღეგრძელოს
შენი ტუჩის ძოწის ჭიქით,
ფანცქალებდა
ნაპერწკალა
ციცნათელა ღობის იქით...

მერე ჩაჰქრა...
სიყვარულმაც
გულში ელვად ჩაიარა;
სხვის სუფრაზე დავინახე,
იმღეროდა „ჩარი-რამას“...

1960 წ.

ვაზის რტო

ძველ ტაძარში სარკმლიდან


ჩაპარულა ვაზის რტო,
ტრაპეზს შემოხვევია
ქარვისფერი აკიდო.

ამოსვლა რომ მოუნდეს,


უკან ვიღამ აზიდოს?
ეი, ჰეი, მთვრალია,
უგუნური ვაზის რტო!

1960 წ.

აკაკი წერეთელს
იყავ ბულბული, გედი იყავ და ორთეოსი,
შენი სიმღერა - ლოცვა იყო საქართველოსი!

შენი სიმღერა ნაღარის ხმას ცეცხლით მიება, -


საფლავებიდან ამოგყავდა შურისძიება!

აღდგენის იმედს წკრიალებდნენ შენი ცრემლები...


მამულისათვის დღესაც ძვლებით დაიმძევლები,

და მისთვის არი დაჩოქილი დღეს შენს წინ ერი,


ხალხის სუნთქვაში უკვდავებით რომ ისევ მღერი!

1960 წ.

დგას საქართველო ვარდის თაღებით

თავმომწონარი,
სხივმომფინარი,
მითხარ, ვინ არი,
ტკბილი სახელი,
მისთვის რომ ვარდი შეიკონება? -
შენა ხარ, ჩემი გულის გამხსნელი
ბედნიერების
მოსაგონებლად...

შეყვარებული -
ღმერთს ვეტყვი უარს,
უშენობით კი -
მტვერი ვარ, მტვერი!
და შენს სახეზე
ღიმილი თუა,
მაშინ დამტკბარი
სილაღით ვმღერი!

შენს წმინდა ნათელს


მარად ვეგზნები,
გულში სახმილად
რომ დარხეულა.
აჰა, მიიღე
ჩემი ლექსები,
შემოგაფანტო,
ზამბახეულად.

მე დაგითვალე გულში კვირტები,


ყველა ფოთოლზე ლექსი გიწერე.
დიდი ბრძოლებით გამიკვირდები,
გცელეს, სიცოცხლე ვერ მოგიცელეს!

და დღესაც შენი მინდორ-ბაღები


მინანქარია,
ყალამქარია.
დგას საქართველო ვარდის თაღებით,
ზღვაში რომ ნაბიჯგადამდგარია!..

1960 წ.

მე მოვდივარ ყანებიდან...

მე მოვდივარ ყანებიდან
ქუდში ყვავილგარჭობილი,
მე ვემთხვიე მზის თავთავებს,
ვაზთან ვიყავ დაჩოქილი!

ხმა შეწყვიტონ ქარტეხილთა,


შეიცვალოს ამინდები!
ამ ნამყენთან, ამ ხეხილთან,
დღე იზრდება ხვალინდელი!

მინდა მალე გავიაროთ


მანძილები შორ-სავალი,
ოქროს ძარღვზე აღმოცენდეს
საქართველოს მოსავალი!

მისთვის შრომა გვევალება,


მორჩეს, რაც ხმლით დაკოდილა,
რომ გაბრწყინდეს მწვერვალებზე
სამთელქვეყნო ოქროს დილა!

რომ გულს სიტკბოდ ადნებოდეს -


მთა-გორების საღვთო ქროლით -
გაზაფხულის ზურმუხტი და
შემოდგომის წმინდა ბროლი!

მე მოვდივარ ყანებიდან,
გულს თავთავი მივიკარი,
და ხმასავსედ მემღერება -
ხე, ბალახი, ცეცხლი, ქარი!..
1960 წ.

ბაზალეთის ლერწმოვანები

ნეტავი მეც დამამღერა,


იმ ხმოვანებით,
ბაზალეთში რო მღერიან
ლერწმოვანები,
იმ სიმღერის წმინდა ხმათა
ვერცხლოვანებით,
ვაი, ვერ ვთქვი სიჭაბუკით,
ვერც მცხოვანებით,
ბაზალეთში რო მღეროდნენ
ლერწმოვანები...
იქნებ იმ ცეცხლს სიმღერით ვერ
ვემცხუნვარები?
საქართველოს ოცნებით ვარ
მეც ხომ დამწვარი? -
საქართველოს იალქნების ქარო,
დამძარი
გაღვიძებულ იმედების
ცეცხლოვანებით!

1960 წ.

დოღზე

ქართველი კაცი ცხენს თუ გადაჯდა,


ღმერთს დაივიწყებს, - ნათქვამი არი!
ქართან ჯირითში თუ ვერ გადარჩა,
რა ბედენაა, - სხვას გაზრდის მტკვარი.

მოგვდევს ანდერძად თავის განწირვა, -


განა სიკვდილით თავგანწირულის?
არა! სიცოცხლე მართლაც გმირული,
სადაც შიშია ამოძირული.

1960 წ.
მაინც არ გავცვლი

ყველა სიმდიდრე, ყველა საუნჯე,


რასაც ამოჰყრის ზღვა თუ მაღარო,
ვერ მომისყიდის, ვერ დამამუნჯებს,
გინდაც სულ თავზე გადამაყარონ!

მაინც არ გავცვლი სამშობლოს ედემს,


და ერთს კი გეტყვი, მეტი რა გითხრა:
- ჩანგო, მამულის ხმას მხოლოდ ენდე,
ხალხის გულს მიჰყევ, გზას ის გაგიყვანს!

და მწამს მე ღონე ქართულ მიწისა,


როგორც არც ერთი ლომის და ვეფხვის;
ეს არის სიტყვა ლეონიძისა,
სამშობლოს მტერს რომ გულდაგულ ებდღვნის.

1960 წ.

შენი თვალები ნუშისებური

ცვარი ბრწყინალებს,
ფოთოლი მღერის,
ქათქათებს ზეცის იდუმალება,
დამეფინება მთვარის ნამქერი,
შენზედ ოცნება დამევალება.

შენი ტუჩების ნაპობი მიყვარს,


ლალის ნაპერწკლით გაბრწყინვალება.
და ვინც მე მიყვარს,
მასთან მიმიყვანს
ეს გაზაფხული მწვანეთვალება!

ბევრი მაისი,
გარდამაისი,
მე მასთან ერთად დამეთვალება,
მე ისე მიყვარს ჩემი თაისი,
ვერც უდაბნოში დამემალება!

შენი თვალები ნუშისებური


და თბილისური - დამენანება,
თუ ვნახე სევდით ამოვსებული,
და სევდა მე არ დამებრალება!
შენი ტუჩების ნაპობი მიყვარს,
ლალის ნაპერწკლით აბრწყინვალება.
და მწამს, ვინც მიყვარს,
მასთან მიმიყვანს
ეს გაზაფხული მწვანეთვალება!

1960 წ.

ხალიჩის მქსოველი დედაბერი

ერთხელ მეც ვიყავ ცისკრის ვარსკვლავი,


შედედებული ღაღანა ქალი,
მე ოქროს ძაფის ვიყავ მნასკვავი,
ხალიჩის მქსოვი ვარდების კვალით...

ვქსოვდი, არ ვიტყვი დატრაბახებით,


კვეხნა რად მინდა, ახსოვთ მახსოვრებს,
ყველა ვარსკვლავი, ყველა ბაღები,
ყველა ვარდები ზედ დავაქსოვე!

ახ, ნაქსოვარო, გულსახსოვარო,


ახალგაზრდობა რომ გინაწილე,
გამინაწილე დღეს შენი ფერი,
ვით შენ მოგეცი მე სიყმაწვილე, -
დასიზმრებული თუ თვალხილული.
მიშველე,
თითებს მიზრობს ყინული...

1960 წ.

მაშინ

მაშინ ავწიოთ გოზაურები,


აზარფეშაზე ვიყოთ მინდობით,
როს მენავენი, მოგზაურები
დაბრუნდებიან უკან მშვიდობით.

შენი ნადიმი მაშინ მაჩვენე


და მაშინ ვიყვნეთ კოცნითაც მტკბარი, -
როდესაც ქვეყნად გაიმარჯვებენ
ძმობა, ოცნება, ლაჟვარდი, ქარი...

1960 წ.

გოგონა

აგერ გოგონა ჩემს წიგნს ყიდულობს,


დახლზე ალაგებს მანეთიანებს...
გამეხარდება, ჩუმად ვდიდგულობ,
- აი, ხალხთან ვინ მაერთიანებს!

შინ მიაქვს წიგნი იისთვალებას,


ამ წიგნში ნეტავ რა ეგულება?
ის მანეთები დამევალება?
თუ ლექსი გულზე დაეპკურება?

და განა ვიცი, რა გავატანე?


მიჰქრის გოგონა, მისდევს ნიავი...
მე ვეხვეწები მხოლოდ პატარებს:
არ მომიგონონ ლექსი სიავით.

1960 წ.

წიწამური

ჰხედავ, არაგვი როგორ ალურჯდა,


როგორ იმსხვრევა ნავერცხლი ტალღა?
იქ - წიწამურის სვეტი დგას მუნჯად,
ცად ატყორცნილი მაღლა, სულ მაღლა.

ჩვენი გარეცხილ სირცხვილის ნიშნად,


დაღად ქართული სინიდისისა,
იქ სისხლნაცხები ოცნება იშვა,
ქართლის ამაგი იქ გაისრისა...

1960 წ.

***

ლექსის ფოლადი
არ დამიჩლუნგდა,
არც ნიშანი აქვს დაუძლურების,
სულ მღერის გული, განა მიჩუმდა?
მესმის მუსიკა დაუსრულებლივ.
ვუმღერი ხალხის ოცნების სუნთქვას,
საქართველოსთვის ვიბრძვი სიმღერით.
მე - მომღერალი ძველ ნახმლევების,
ლექსის ჟრუანტლის
დენის მიმღები.

1960 წ.

ვაჟა-ფშაველა

ლექსით მდიდარი,
ღარიბი ვაჟა,
თავისს ჩოხაზე უფრო ღარიბი,
მოზღვავებულა თვალმარგალიტის
ღვართქაფიანი ნიაღვარებით...
ვიცი,
არწივი კალამს აწვდიდა,
ვეფხვი - სიტყვას
და არაგვი - სიმებს
და მთანი,
მთანი, -
ცად რომ აწვდილან, -
ცეცხლს,
შთაგონებას,
მომავლის იმედს!

*
მან ქართლს უმწუხრა
ხმლით და გალობით;
წევს მთაწმინდაზე
ლომის ცალობით...

*
როგორ იცოდა -
ჩაჩქნის პატრონმა -
ღვია,
ფათალო,
ხევნარის ენა!
იქნებ ვაჟაის დედა ნატრობდა
შვილს დაჰყოლოდა ჩანჩქრების სმენა!
უკანასკნელ წამს, -
ჩვენც გვყავს ნანახი, -
რომ სიცოცხლის მზე გადაერჩინა,
შტოფურცელი და ფშავის ბალახი
გაყინულ ხელში ისევ ეჭირა!
ალბათ მით სიკვდილს იგერიებდა,
სასტიკ მეხს მუხა არ წაექცია...
ყველა ყვავილი, მთაში გაშლილი,
დაუწერელი ვაჟას ლექსია...

ვიდრე ჩვენს ტყეში შველი ბინადრობს,


მთაში - ჯიხვი
და ცაში - არწივი, -
იცოცხლებს ვაჟა!..
სხვა ვინ ვინატროთ
ვაჟასებური თავის განწირვით.
დე, ვაჟას ჩრდილი იდგეს უკლებლივ,
მარად ჩვენს თავზე,
საქართველოზე;
მოგვშველებოდეს
მაგარ მუხლებით,
სამშობლოს დროშის ქვეშ -
დაველოცნეთ!
თუ ხმალი არი კაცით ნაკურთხი,
ისე ვაჟათი - სიტყვა ქართული!
სუნთქავდა ლექსი არაგვის სუნთქვით,
დღეს აქვს მსოფლიო
გულში ჩართული!

1961 წ.

შენ და სვეტიცხოველი

ცაღია დღეა,
შუქი დგა სვეტად,
მომწონს და მიყვარს
მზის ქვეშ ყოველი...
მაგრამ ამ დილას,
ყველაზე მეტად,
მიყვარხართ შენ და სვეტიცხოველი!

სიწმინდე შენი,
სიმაღლე მისი, -
სხვა რა ვიწამო,
განძი რომელი?
ჩაწნულხართ სულში
უკვდავ ჩუქურთმად,
ძვირფასო, -
შენ და სვეტიცხოველი!..

1961 წ.

ბარათაშვილის წმინდა არაგვო

მოხუცი ვერხვის
ტოტის ქანება
ხან ჩემს ოცნებას
მიემგვანება!

- კიდევ იჟღერებთ, გულის ცრემლებო,


ჩემი ლექსების გადამწერლებო?

კიდევ თუ დამრჩა სიტყვა სოველი, -


სამშობლოს ღრუბლებს მისაქსოველი?..

ხომ არ გამისხლტა რითმა მუხთალი,


ახალ ოცნებით ნაზურმუხტალი?..
..................................................
ბარათაშვილის წმინდა არაგვო,
კიდევ მაქვს შენთან სალაპარაკო!

1961 წ.

ელეგია

გაზაფხულის ნიავივით
სიყმაწვილემ ჩაიარა...
წყალს ჩავარდნილ ფოთოლივით
გაცურდა და დაიმალა.
მოსწყდა ოქროს ეჟვანივით,
შორი მთები გადიარა...

1961 წ.
მამულიშვილი, ქართლის მხატვარი
მიხეილ ჯავახიშვილის ხსოვნას

სად დავიტირო ნეშტი ძმებისა,


სად, რომელ ცრემლით დაიჟურები...
წყება დაკაფულ ზღვის ლერწმებისა...
მათს ხსოვნას ჩოქით დავეშურები...

გადავლილ წვიმის სიმღერას ვკითხავ


შენს ბედს, ვინა გყავს მეტი მოწამე?..
დაეცი, როცა გათელეს სიტყვა,
შხამით, სიკვდილით გული მოწამლეს!

სულ გუშინ იყავ და არც კი მჯერა,


მომავალიდან მებაასები.
გიყვარდა ფანქრით სიტყვების ჭერა
და მისთვის შრომა გამეტფასებით.

შენ საქართველოს ტრფობა იცოდი...


გიყვარდა განა? არა, იწვოდი!

როგორ გიყვარდა აღფრთოვანებით


ქართლის ბუნება, ოქროყანები...
მწვანე ბაღდადი კაკლის ჭალების,
მთები - სამშობლოს შენამსჭვალები.

დილა მტკვრის პირად, ვით გაშლა ვარდის,


მინანქრიანი მინანქარები...
წმინდა ქართული სიტყვის ლაჟვარდით
დასჭიმე შენი იალქანები!

მამულიშვილი,
ქართლის მხატვარი! -
სიტყვები ვარდით შესაკონია...
თუმც ხანგრძლივ გზაზე იყავ ნატარი,
წინ მომავალიც დიდი გქონია!

ვრცელი ცხოვრება წინ დაგრჩენია,


დაგბედებია ბედი ამგვარი, -
იქნებ მიტომაც თვალსაჩენია,
კაცი აღარ ხარ, დარჩი მხატვარი!

გადადნი, როგორც ალმურზე თოვლი,


მით ხომ სიცოცხლე გადაწეულა!..
შენი ნაბრძოლი, გულით ნათრთოლი,
ხვავად ქცეულა და განძეულად!

ოცნების, ბრძოლის ნამქერში დგომა,


სამშობლოს ფიქრზე ჩამოთოება...
აჰა, მოვიდა შენი აღდგომაც,
გეყო შავეთში განმარტოება!

ნუღარ იდგები მწუხარ აჩრდილად,


აღსდექ, წამოდი ნაცარბნელიდან.
გამოგიტაცებს ჩვენი არსენა
ფრთიანი რაშით გარესკნელიდან.

მარაბდას მოხვალთ, თუგინდა მცხეთად,


დაგასხდებიან მხრებზე მტრედები,
მოდით იქ, სადაც უყვარხართ მეტად
და სადაც გიყვართ თავგამეტებით!

1961 წ.

ქართული სიტყვა

თანამედროვეთ გული და გემო


მათ ნებისამებრ
თუ ვერ გავთაფლე,
ხომ შემიძლია ვთქვა, დავიჩემო,
ქართული ლექსი არ დავამდაბლე!
არ დავამცირე!
მე მაქვს იმედი,
თუმცა ნაღვაწი მიძღვის მცირედი,
მაგრამ ოცნება არი იმ ერთის
და გულიც მისთვის შემიწირია, -
ქართული სიტყვა, ქართული სიტყვა,
მასთან ყოველი, ო, რა მცირეა!
ხომ კარგად იცი, რაღადა მკითხავ, -
რა დიდი ზღვაა, რა უძიროა!

მოკვდი და მხოლოდ მისათვის აღსდეგ,


ამ სიტყვისათვის, პოეტო, მხოლოდ,
და პანთეონში თუ გამილაღდე,
მისი წყალობით - ბოლოს და ბოლოს!

სიტყვა ძლიერი, ვით ანთეოსი,


მე ვპოვე ერის გამაცოცხლებლად,
მან ზიდა ბედი საქართველოსი,
ცრემლი, დიდება, ვნება, ოცნება!

მეორე მზედ მაქვს გამოსახული


და მზეზე ადრე მე მას ვუგალობ,
თუკი გავმხდარვარ მისი მსახური, -
მაშ, როგორ უნდა გავქრე უკვალოდ?

ცაში რამდენი ვარსკლავიც არი,


მიწად იმდენი ვარდი ყიფილა,
ვარდად ქართული სიტყვა ვიცანი
და გულმა ვარდი არ იმყოფინა!

ყვავილი - მიწის არი ღიმილი,


ქართული ლექსი - ქართველი ერის...
იქნება ლხინი თუ სიმძიმილი,
შეხედე, როგორ უკვდავად მღერის!

თქვენ იცით ბუდე ჩემი გულისა,


სადაც ელვარებს მწვანე მაისი?
თქვენ იცით სიტყვა გაზაფხულისა
უძველეს დროშის სიდარბაისლით?

თუ მარგალიტში მე ვურევ ხელებს,


თუ ვაელვარებ უთვალავ ფერებს,
თუ ქართულ სიტყვას შევასახელებ, -
რა მომადუნებს, რა დამაბერებს?!

თავს სიღარიბით ვერ შეგაცოდებთ,


თვითეულ დილას ვანთებ მარჯანით,
და ვხვდები, თითქოს ხელთ მომაწოდეს
აელვებული მზით ოქროს ჯამი.

ვნანობ, ვინც დასთმო ჭიკჭიკი მერცხლის,


ვინც ადრიანად სიკვდილს მოუწვა,
ვინც ეს აგური გამოსწვა ცეცხლით.
ეს ჩემი გულიც მას გამოუწვავს!

ქართული სიტყვა, ქართული სიტყვა


მე გამაცოცხლებს ყოველგვარ დრო-ჟამს,
ვერავითარი დელგმა და სეტყვა
ქარს ვერ გაატანს ჩემს ქართულ დროშას!

მოგესალმები, მომავალ დღეთა


ქართული ლექსის ლაღო მხედარო,
დაგაგვირგვინებს ახალი მცხეთა,
სიმღერის ძალით თუ მას ედარო!

შენ თუ გაგიტანს - ქართული სიტყვა,


გამღერებინებს ლხინსაც და ჭირსაც...
და თუ რჩეულად ის მოგიკითხავს,
მემკვიდრე ყივჩაღს
გადმოგცემ სირჩას!..

სიტყვა ძლიერი, ვით ანთეოსი,


მე ვპოვე ერის გამაცოცხლებლად.
მან ზიდა ბედი საქართველოსი,
ცრემლი, დიდება, ვნება, ოცნება.

არ დაიდება მისი საზღვარი,


მისი ღადარი არ იშრიტება,
დე, მან აზიდოს კიდევ ახალი
საქმე და აზრის ჭეშმარიტება!

1961 წ.

ზღვა და მედეა

ბევრი გაზიდა საქართველოდან


ყორანთმიანი, წარბქამანდები...
ვისაც სამშობლო დიდხანს ელოდა,
გულიდან სისხლის ცრემლის დადენით.

აჰა, ზღვამ პირი ჩემსკენ იბრუნა,


მოეხეთქება ნაბურთალევი...
მედეას ოქრო თუ დამიბრუნა,
ურჩი-თავნების
ლურჯი თვალები...

ზვირთის ქეჩოზე ვხედავ იაზონს.


შუბს ვტყორცნი... განა დავემალები?
...წყნარად იწვება დღე სანიაზო,
მედეას ფარჩის აბრწყინვალებით.
...ყომრალი ჯანღი შავ ზღვას ედება,
აინჩქრა ტალღა შავი მკლავებით,
თმაგაწეწილი მოჰქრის მედეა
თვისი კოლხური საწამლავებით.

შეხედა ქალმა, როგორც ხანჯალმა,


სევდით აღსავსე მოგრძო თვალებით,
ქეძაფის მზერით შეაჯანჯღარა
და ჩაუარა ამპარტავნებით.

რა სიყვარული დაარიალა,
ამაყი, როგორც კლდე დარიალის...
.....................................................

მისდევს მედეა, მიჰქრის იაზონ...


უნდა გააქროს სულით-ხორციან...
ზვირთი, უმაღლეს მედეას წყრომის,
თვითონ ზღვასაც არ შეუტყორცნია!

რა იაზონი ვეღარ იხილა,


ზღვას დააწყვიტა თვისი ბავშვები...
იოხა გული...
ზღვამაც ილხინა
უდიდეს ტანჯვის აშაბაშებით...
.......................................................

ეტლი შემიბი, ზღვავ, გამაქანე,


სადაც დუღს ცეცხლით ვნება ძლიერი;
სად სიყვარულის შემოქმედია
მედეა ხანჯლურ შურისძიებით...

1961 წ.

აჭარაში

1
დაფნა და ვარდი...
რა საამო დღე...
ო, რა ლაჟვარდი...
ო, რა სამოთხე...

მოღელავს ტალღა,
მოშრიალებს ტყე...
აი, სამშობლო!
აი, სამოთხე!

მაგრამ რად დავალ


ჩუმად, როგორც ტყვე,
იქნებ დარდი და
სევდა შემიტყვეს?
მე კრძალვით ვამბობ
ამ საღვთო სიტყვებს:
- აი, მამული!
- აი, სამოთხე!
რა მზის ალმური...
რა საამო დღე...

რთვლის სიტკბოებით ნაბადაგები, -


მთაწმინდელების, ათაბაგების,
სურნელი მიწა რუსთაველისა...
ფეხის დადგმა რომ ახლოს მეღირსა...

შავი ზღვის უბე ამონჩქრეული,


ქაფშეტყორცნილი, თეთრი ფირფატით,
მეალერსება, თითქოს გრძნეული
ქალი ზურმუხტის რიდე-პირბადით.

2
მაგრამ ბუჩქები რას ჩურჩულებენ,
ნანგრევნი რაღას მეუბნებიან.
შავი ზღვა რისთვის გადალურჯულა,
ჩანჩქერი რისთვის მოჰქუხს ვნებიან!

რა ალმასით სურს გული ათალონ,


ან მე რას მეტყვის ამის პასუხად, -
რისთვის წასულხარ სხვისკენ, ფათალო!
ჭოროხის ზვირთო, სად გადასულხარ?

თოვლით ნაპოხი კარჩხალის მთები


მწარედ მოსთქვამენ თვის სიმარტოვეს,
თითქოს ყივიან გოლიათები, -
სამშობლოს დროშა რისთვის დავტოვეთ!

ციხე-კოშკები, ნატაძრევებში,
დიდი წარსული ჩუმად ქვითინებს,
და ვერვინ იტყვის: ცრემლის ხევებში,
გვეყო, რაც წარღვნა ჩამოვიდინეთ!

მე გულზე გრგვინვა მეტორტმანება,


უგუნურების ამპარტავნებამ
როგორ გამოსჭრა ჩემს ზამბახს ყელი!
ანაზდეულად, უცბად, ერთ წამით;
როგორ ძირს დასცა ჩემი ლერწამი,
როგორ შეახო სიკვდილის ხელი!

შეირხევიან მთები მძინარე,


პირს დაბანს ცრემლი ჩამოღვარული;
თითეული ხე შემომცინარებს
ღიმით, ჩურჩულით და სიყვარულით.

ვერ დავთვლი ღამეს, თქვენთვის გათეულს,


ხომ ქართველებად დავიბადენით...
დაიგუგუნეთ თქვენც, გუმბათებო,
რომ განშორება გვეყო ამდენი!

ჯვარზე გაკრულო და ნაწამებო,


მშვენიერების ტურფა სამეფო,
მესხეთო, ისევ ხარ სანუკვარი.
დაიგრიალეთ, თქვენც, აკლდამებო!
ჩაბნელებული გახსენით კარი!
თქვით, წინაპრებო, დიდების გვარი,
ხელისგულებზე აინთეთ კვარი!

მე თქვენი გულის სიმღერა მესმის,


საკურთხევლებზე წმინდა ღაღადი,
რომ ჩავაწებო სიტყვები კვნესის,
ამითავდება, ალბათ, ქაღალდი!

აენთე ცეცხლით, თუ აენთები, -


ბანავ, შატბერდო, ოშკო, ხახულო,
გაშალეთ გრძელი პერგამენტები,
რომ გული ცეცხლით კვლავ გაახუროთ.

რუსთველიანო დიდო მესხეთო,


ტაო-კლარჯეთო, თქვენი მაქვს ვალი.
მინდა ქარიშხლით შენს ნისლს ვეკვეთო,
ჩემო შავშეთო,
დამიტკბე თვალი!

ჩემს ნათელ სურვილს მიეცი ძალა,


ჩემი ჭრილობის დიდო მკურნალო,
შენი მკერდს მთხვევნა ნუმც ამეკრძალა,
კერავ, მამათა ნასადგურალო...

1961 წ.
ჩამობრიალდი, ჩემო არწივო!

ჩამობრიალდი, ჩემო არწივო!


მინდა შენს ფრთებზე ფიქრი ვარწიო!

ქართლს ვერ ჩავუვლი მე უღიმილოდ,


უსიყვარულად - სამშობლო კერას;
მე მისთვის ვგეშავ ლექსის მიმინოს,
მე მისთვის ვკვერავ ჩემს გულისძგერას!

რუსთველის ცეცხლმა გაგვიხსნა სული,


ვეფხვური სული ჩაგვბუდებია,
ჩვენი დღეის დღე, ჩვენი წარსული,
მისი უკვდავი საბუთებია!

მე რუსთაველის სახლიდანა ვარ,


ჩემი გვარის ხე არი მაგარი,
მე გამთბარი ვარ ძველი ცრემლებით,
მე დედა მყავდა ნაჭირმაგარი!

მიყვარს სიონის კედლის სიყვითლე,


ხმა ნამტირალი ნარიყალისა, -
რაც წინაპართა კვნესით ვიყიდე
ზარით ველური ქარიშხალისა!

ვარ სამას გმირთა აკვნის ნარჩენი,


მათი ანდერძი ვით გავაციო?
უსვეტიცხოვლოდ მე ვერ დავრჩები,
ვერა, ვერ გავძლებ მე უვარძიოდ!

მე მიყვარს, როგორც ყრმობის სიზმარი,


სტრიქონი მეცხრე საუკუნისა,
ფრესკა ფერფლილი, ჟამთა სიმწარეს
ვერა ცრემლით რომ ვერ დაუნისლავს!

მე ძველი სევდის მაჭრით დავთვრები,


გულს ვივარაყებ ძველი ოცნებით,
შთამაგონებენ ძველი მხატვრები,
მგოსნები - ეკლის გვირგვინოსნები.

მაგრამ, პოეტო, ძმაო, ძვირფასო,


სამშობლო არი მხოლოდ წარსული?
გგონია, მხოლოდ უნდა მივბაძოთ?
არა! გავხდებით სხივგაძარცული!

სამშობლო არი დღევანდელი დღეც,


ოფლით და სისხლით მონაგრებული,
ნაქმნარი ჩვენის ხელით სამოთხე,
ჩვენის მარჯვენით გამაგრებული!

მარტო ჩვენი დღე? არა, ხვალეშიც


მეტი გატანა უნდა ლელოსი;
მე შვილიშვილთა მბრწყინავ თვალებში
ვჭვრიტე დიდი მზე საქართველოსი!

ის მომავალი დღესვე ელვარებს,


მის შარავანდედს არ აქვს დატევა;
თუ სამშობლო გვაქვს ხელის დადება,
ჩვენი ამაგი შეემატება...

ჩამობრიალდი, ჩემო არწივო!


მინდა შენს ფრთებზე ფიქრი ვარწიო!

ვმზერდე სამშობლოს ყოველ დროიდან,


მინდა აწმყოთი, ხვალით, წარსულით,
ვიხილო რაც კი დაოქროილა,
დღევანდელი თუ დღე გარდასული!

და რაც გროვდება, დაოქროვდება,


რაც შეიმკობა უკვდავ ზარნიშით,
რაც უძლებს დროთა გაბოროტებას,
რამაც არ იცის შიში ქარიშხლის!

ვიწამო იგი, ვადიდო იგი,


ვზარდოთ, ვამწიფოთ გულის ფესვებით;
ჩვენც შევქმნათ ჩვენი წმინდა თარიღი,
სადიდებელი აზარფეშებით.

ამოითვალე სიტყვა ურთმევი,


უმეხარკეო ლექსი ენაზე,
დამედასტურე წნულ ჩუქურთმებით,
ფერით მომავლის თვალს გაენაზე!

ასწიე ახალ ჰანგით ალილო,


რომ გულის ღველფით დაამარილო,
ცეცხლით დადაგე და აქანდაკე
რვალი, ბრინჯაო თუ მარმარილო!

გზა ბევრი არი კიდევ სათელი,


ნება არა გვაქვს, რომ ვთქვათ: შეჩერდი!
ავანთოთ ჩვენი ლექსის სანთელი,
გამოვაბრწყინოთ ჩვენი ბეჭედი!
ნუღა ხარ მხოლოდ ძველის მთხოვნელი,
თორემ მიღწევა ნახევარზეა;
აგე, ახალი სვეტიცხოველი,
ახალ ოცნების შეჰქმენ ვარძია!
ჩამოიმძივე, აორთქლდი ცვარად,
ჩამოიწვიმე, იჩქეფე მარად!

მე ისევ გეტყვი, ძმაო, ძვირფასო,


წარსულს არ უნდა მხოლოდ მივბაძოთ...
გვიყვარდეს იგი, ვით არი რიგი,
ავდგეთ, ვადიდოთ წმინდა ტარიგი!

მაგრამ შევმატოთ ჩვენი დიდებაც,


შარავანდედი ჩვენი ხელთქმნილი:
ნაშრომი ხიდად იქ გაიდება,
სად ნაპრალია გადახეთქილი.

გწყუროდეს, როგორც სწყურის ნიაღვარს,


მარგალიტისთვის შესძელი ყვინთვა,
მე აღარ გეტყვი, - გაჰყევი ნაღარს,
დღეს არწივულ გზით გაფრენა გვინდა!

ჩამობრიალდი, ჩემო არწივო,


ვაფრქვიოთ ოქრო, შუქი ვამძიოთ,
საქართველოს მზე გავიბარძიმოთ!

იცის არწივმა თავის განწირვა, -


ვთქვათ და ვიმღეროთ სულში ჩართული,
ამოქარგული,
ამოკვართული,
და შეგვეწევა მადლი ქართული!
წინ გავაქანოთ დიდ გაქანებით -
ჩვენ საქართველოს იალქანები!

1961 წ.

...თუ ძმობა არი ჩვენი სარდალი

დასცქერის თბილისს
მზე თერმოპილის,
მაგრამ კრწანისი უფრო მწველია,
თუმცა დღეც, ღამეც დაგვიბალღამეს,
კვლავ ამირანი ჩვენი მცველია!
დავკიდებულვარ თბილისის ფანჯრებს,
ჩვენს ცას ვდარაჯობ, ვიდრე იალებს;
გადაიწურა ყველა ვარსკვლავი,
ჩვენი ვარსკვლავი უფრო ბდღვრიალებს!

- არაქართული შეიძლება იყოს თბილისი?


ვინ მოიგონა არაკად თქმული?
განა დანთქმული შესაძლოა როსმე თბილისი?
არა, კერაა მარად განთქმული!
ჩვენი პურ-ღვინო
შეიძლება განა ულხინოდ?
ან პურს არ ეცხოს ძმობის მარილი!
ან ჩვენი გული - უსიყვარულოდ?
ანუ ცხოვრება ფუჭ სიზმარივით?
ან ჩვენი სიტყვა ცეცხლის გარეშე?
ანდა სიცოცხლე ძილზე მინდობით?
მემატიანეთ გვიანგარიშეს:
სულ არ გვქონია დღენი მშვიდობის!

ბრძოლის დღესა ვართ ქართველები დაბადებული,


ომის დღეში ვართ სისხლით დაცლილი...
მთის იღლიაში არწივივით ჩაბუდრებული,
მთის ნაპრალების თვით ვართ ნაწილი!

და რას დამაკლებს ისტორიის შავი ავდარი,


ორიათას წლის ჩრდილქვეშ თუ ვარ შეფარებული,
თუ ძმობა არი ჩემი სარდალი,
და მომავალზე მარადღე ვარ შეყვარებული!

*
არ დაგვითმია
ჩვენ სიცოცხლე
არც ერთი წამით,
თუ მოგვინდომეს ჩვენ აღსასრული, -
თქვენ საქართველოს ვენახებო,
გაივსეთ შხამით,
დაათვრეთ მტერი თქვენი ნაწურით!

განა მოკვდება ზღვა მღელვარე,


ფაფარაყრილი,
ან გაზაფხული განა გახმება?
მარად იცოცხლებს საქართველო,
დიდი მანძილით,
თვით ბალახიც კი მტერს სიკვდილით დაენაღმება!..
1961 წ.

ცივწყარო

სურით,
ჯამით,
თუ პეშვით,
შენ უნდა შემიწყალო!
ჩამისვი ლურჯ უბეში,
წყაროსთვალო,
ცივწყარო!

რომ გვალვამ არ მომასწროს,


გული გადამიქანოს,
მიწის ლურჯო ვარსკვლავო,
უშრობელო ჯიქანო!

მოწკრიალებ უჩუმრად,
ხეები თავს გიხრიან,
ფერისულა,
ლუსუმა
თავზე გადაგიყრია!

იას თუ დაეწიე,
ია თუ დაგეწია?
იას, ბროლსაც, ფირუზსაც
ერთად შეუძერწიხარ;

კიდევ ცხრა ცისარტყელას


თუ გინდ მკერდში დაიტევ,
ხმით დაგადნა მზეწვია,
რიჟრაჟზე რომ გეწვია
ცისკრის მემარგალიტე!

ქვის აკვნიდან სიმართლით


ხალხში დაიფანტები,
სიმღერით და სინათლით,
იმედებით ნამტევნი.

შენ თვითონ ხარ მტრედის ფრთა,


ერის გულში გოგმანობ;
თუ წინ ცრემლი გეტვირთა,
მინდა მღერით მოგბანო!

ხალხის გულში მიგელავ,


ვარსკვლავების თვალთაებრ,
უწყვეტელო სიმღერავ,
სიცოცხლეს არ ათავებ!

გამისრიე ბურუსი,
მაჟღერე უჩვეულოდ,
ფარფარით და ფუსფუსით
ამოფუჩფუჩებულო.

რა იცოდი, ცინცხალო,
გული მემხურვალება,
რა იცოდი, ცივწყარო,
ჩემი დამწყურვალება?

რა იცოდი, მიყვარდა
მე შენსავით ლურჯთვალა;
გზა ვინ გადამიხლართა,
გული ვინ აბურთალა?

აღარ გეტყვი ამის მეტს,


და-ძმა ვიყვნეთ მე და შენ!
სურა დავდგი, ამივსე,
ჩემო ლექსის ზედაშევ!

განა მთის ნეკნებიდან,


ციაგების განებით? -
ცხოვრების ეკლებიდან
მოხვალ, მოექანები!

დამიშხეფავ საყანეს,
ფირუზებს აწკრიალებ,
ბაღებს ამიღაღანებ,
ფურცელს დაამცვრიანებ!

დღე იღლება, ღამე წევს,


ალბათ, ძილი ჰკლებიათ.
მზე ისვენებს.
მთვარე და...
ვარსკვლავები ჰქრებიან, -

წამითაც არ ისვენებ,
არ იღლები, არ წვები,
სახეს ცრემლით ისველებ,
ნაღარი გაქვს ღაწვები.

შენ არასდროს გდებია


საქმე მოსაყივნები, -
ზღვები იყინებიან,
შენ არ გაიყინები...

იები იძინებენ,
ვერ მოგდევენ გვერდს ხლებით,
მუხა წავა სიზმარში,
მიფრინავენ მერცხლები!

შენ კი კერას არ ტოვებ,


ოჯახს ვერ უღალატებ,
თუმცა გძულს სიმარტოვე,
მატოობით ანათებ...

და თუ მტერმა, ვერაგმა,
არ მოგწამლა ბალღამით,
გასძლებ ჩითის პერანგით,
ძველი წამოსასხამით,

ერთი მჭადის ნატეხით,


ერთი ძველი ქალამნით;
დროთ ქარტეხილს გაუძლებ,
როგორც შოთას კალამი!

გული ჩემი გასწმინდე


მორაკრაკე ალერსით.
შემავედრე მთაწმინდელთ,
უვიცი, უარესი!

მაპატიონ, ვუსუსტე
ერის მწყობრს და გალობას:
ჩემმი სიტყვის ძუძუსმტემ
მომცეს რძის უმშრალობა!

შემავედრე სამშობლოს,
თუ მისი ხმა არ მახსოვს,
მიწის ძარღვის ნაშობო,
თავ-ფეხამდის ალმასო!

ბაღს ნუ გადამიქელავ,
მინდა - გადამიქარგო;
შემინახე სიმღერა,
ლექსი არ დამიკარგო!

ყველა ცრემლი დამიშრე


შენი სხივის რიჟრაჟით,
იყავი მეხვაიშნე
ცის და მიწის წინაშე,
დამანახვე ხვალის დღე
შენი სარკის მინაში...

მომავალში გამიძეხ
ცისფერ ზვირთთა მტრედებით...
სიმღერები დამირწყე,
ვიდრე აგიმტვერდები!

1962 წ.

ორბი

დასტყლეშავს ფრთებს და მიაშხუილებს,


უელავს თვალი ალმას-მთებარე;
ჭიან ტყემლადაც არ მიაჩნია
მთელი ქვეყანა წინამდებარე.

ბრჭყალში უჭირავს ელვის წინწალი,


მიჰყივის მზეს და მიიმღერება...
დაჰხედავს მიწას, თუა მიწანი,
მგონი, არც ახსოვს, არც ეჯერება.

გაენთო ტატნობს,
გასჭრა ფარგალი,
ახალ ოცნების საფარფაშებლად
ცის მარმაშებში ეძებს მარგალიტს,
თან ცისარტყელას ეთამაშება.

ფრთებით მსუნთქავი ქარტეხილისა


იქნებ მიურბის მღელვარ დროებას?
დაუდგრომელი ძე ქუხილისა
თუ ეძებს სადმე დამყუდროებას?

იქნებ მუსიკა ესმის შორეთის,


მზის ნასურნელებს ეამბორება;
ცა, ჯოჯოხეთი უნდა ორივე
და ოცნებითვე შეეტბორება!

ანუ ბრწყინვალე მიზანს თუ მისდევს,


სისხლი სულისა რომ ამჩქეფაროს;
და უნდა, ფიქრი ვარსკვლავებს მისცეს,
არ დარჩეს ლტოლვა უნატერფალოდ,

იქნებ მზე უნდა თავის საჯდომად,


ცათა სიმაღლის აღრჩობს წყურვილი?
ეგების უნდა მზესთან დარჩომა,
ანდა აშმაგებს ცხარე სურვილი, -

აჰხადოს ფარდა მზის იქით, მიღმა,


და საიდუმლო გაიმცნაუროს?
რომ იგონებდეს მიწას, ვით სიზმარს,
ან მიწის სუნთქვით იქ იხმაუროს!

ან იქნებ მისთვის მიეკვეთება,


რომ უნდა ქვეყნის გადაკეთება?

მიამსხვრევს ბორკილს,
მირეკავს წყვდიადს,
ჰა, მეხის ლურჯ ფრთას ფრთებით მიება,
რა ენატრება: მეგობრის ტყვია,
სიყვარული თუ შურისძიება?!

პრომეთეოსის დროის ტოლია,


და ახსოვს მისი არ დამონება;
მისთვის არ არის ხომ ისტორია,
ალბათ დასცინის ამაოებას!

მისთელავს სივრცეს ცეცხლიან ტერფით,


მკერდით შეკრული, გეშით მგზებარი,
მხრებზე აყრია ვარსკვლავთა ღველფი,
მეტეორების ბრწყინვალებანი...

სისხლი და ვნება,
აზრი და ნება,
ლტოლვა, ძიება, -
ორბად ქცეულა!
თვით ბრძოლის დროშა,
თვით შთაგონება
ალმასასხმული ცად აღწეულა!

და როცა ორბი ავარვარდება,


იელვებს ფიქრი გასაკრთომელი,
ნუთუ ზეციდან ჩამოვარდება,
მიწას შეერთვის ცათა მზომელი?

ფრთენი დამიწდეს?
როგორ იწამებ?
გაქარწყლდეს ფიქრი გულის მზარავი!
არ შემხვედრია დედამიწაზე,
არ მინახია ორბის საფლავი!

ფრთენი დამიწდეს? - ვიღამ იბრძოლოს,


ან გამარჯვებით ვიღამ იხაროს?
ვიღამ ითრთოლოს ქარიშხლის ზვირთში,
ან ცეცხლი თავზე ვინ გადიყაროს?

მიჰკვეთს, მიქშუის, მიემართება,


მხოლოდ მზე არის ორბის მესია.
იცის, რომ თითონ მარტოდმარტო,
ყველა მწვერვალზე უმაღლესია!

და თუ დაბერდა, კოცონს აინთებს,


თავს ზედ დაიწვავს, დაინაცრება!
გაჭაბუკდება ფერფლით აღმგარი,
რომ კვლავ მოასწროს ქარის გასწრება!

არ ჩაბარდება მიწას აროდეს,


არც გაიკარებს სიკვდილს წამიერ.
დე, მარად მზისკენ მიიჩქაროდეს,
ცოცხლობდეს
ცეცხლით, -
მრავალჟამიერ!

1962 წ.

ვარ სიყვარულის პრომეთეოსი

ვარ სიყვარულის პრომეთეოსი,


ჩემის მეუფის - საქართველოსი!
მას ვერასოდეს ვერ გამომტაცებს
ვერც სატანა და ვერც ანგელოსი!

ეს უკვდავებით მორწყული მიწა,


ჩვენი მამული - სატრფო და მშვენი,
და ჩემი ხალხი - ვეფხვის ნაშენი,
ქალი - ღმერთქალი,
ვაჟი - ლომდარი...
ჩვენი სიმღერა ყელში მომტკბარი...
ხმალი მტრის სისხლით ნავარაყები...
მწვერვალი გვიყვარს...
ვართ ამაყები...
მეომარი და მქანდაკებელი...
ძველი ევროპის მკერდით კედელი
ვიყავით... არვინ არ დაგვიხსომა
ასკეცი სისხლის
ასკეცი ზომა!

ქართლო,
შენ მართლა ბედი ხარ ჩვენი,
ჩვენ ვიცით, რაა ბედი ქართლისა!
თუმც ისტორიას დავესარჩლენით,
სუნთქვაც მივეცით არაქათისა.

თოკად მეხვევა წარსულის დარდი,


თუმცა დღევანდელ დღეში ვბინადრობ,
გულში კრწანისის ბოლი თუ დადის,
მისი გაფანტვა რად არ ვინატრო?

აგრე ტურფად რომ გაზღაპრებულხარ,


ვით არ ათრთოლდეს პოეტის სიტყვა,
როცა შენს გვერდით ჩასაფრებულან -
დელგმა და ღვარი, ცეცხლი თუ სეტყვა!

ვარ სიყვარულის პრომეთეოსი,


ჩემის მეუფის - საქართველოსი...
მას ვერ წამართმევს ვერავითარი
ვერც სატანა
და ვერც ანგელოსი!..

1962 წ.

გვაქვს უთვალავი ფერით სამშობლო


უმშვენიერეს ქვეყნის პოეტებს
შესაფერისი რა გვიმღერია?
რაღას მივედეთ,
რაღას მოვედეთ,
ან თავი რისთვის აგვიღერია?
ან თუ ბრმანი ვართ,
ანუ თუ სხვანი,
და არ თუ შვილნი სამშობლოისა!
მაშ, სილამაზე საქართველოსი
შენს სიმღერაში რად ვერ მოისწარ?

გვაქვს უთვალავი ფერით სამშობლო,


მისით ვამაყობთ და გვიხარია,
მზემ ყველა ფერი ჩვენში შეჰყარა,
ფერი ვერც ერთი მოგვიხმარია!

შეხედე, კვირტი ამობურცული!


შიგ საქართველოს გულის წვენია!
თვითეული ხის თითო ფურცელი
ასამღერებლად ჩვენ გვაწერია!...

ვისაც არ უყვარს ხე შეფოთლილი,


მან ჩამოიხრჩოს იმ ხეზე თავი!
საყვარელია ტყეთა პორფირი,
მთებზე მომსკდარი ზურმუხტის ზვავი!

დაჰქროდეს ლექსი საქართველოზე;


მისი მშვენებით გულის გამგმირი;
მზით დაწერილი ყოველ ღეროზე;
ნიავის კალმით გადათარგმნილი!

1962 წ.

ბევრჯერ მოვწურავთ მწიფე ბროწეულს

გათქერეს ქართლი, როგორც ტრამალი!


აბჯარცმულს;
ჯვარცმულს,
რა არ უწევდა?
ერთი დავითი,
ერთი თამარი!
ორ სააკაძეს ვერ გაუძლებდა!
მიწა დაიხა,
ერი დაინთქა,
კვლავ სცოცხლობს
ქვეყნის გასაოცებლად...
ბევრჯერ მოვწურავთ მწიფე ბროწეულს,
კვლავაც შევტყორცნით ცაში ოცნებას;
ბევრჯერ ვიმღერებთ, კიდევ, რაც გვახსოვს,
რაც სიცოცხლეში გულმა მოძებნა;
და შევინახავთ მარგალიტნაქსოვ
თამარის კაბას დაუძონძებლად...

1962 წ.

ეს იყო კახეთი

ეს იყო
კოცნა მთების და ცის...
ეს იყო
„დამტერფე“
„დამფერფლე“
„დამწვი“!
მღეროდნენ ღრუბლები:
- ეშხს ნუღარ მიშენ!
ცას ვესაუბრები,
მგონიხარ შენ!

მაკოცე... გავხევდი...
გამლეწე ბზედ... -
ეს იყო კახეთი,
ეს იყო მზე!...

1962 წ.

ზღვა

როგორც ფანდური უზარმაზარი,


გოლიათისგან აჟღერებული, -
მღერის შავი ზღვა, მკერდის ზანზარით,
აჩქეფებული, აღვარებული...

ზღვასაც ჰქონია ჭაღარა თმები,


სწორედ ამ წუთას გამომიჩინა...
ერთიც შეჰღმუვლა ველური ხმებით,
თითქოს სიბერის ხანი იჩივლა!

ზღვაო, არა გაქვს მხცოვანის დრონი,


შემოქმედის გზა არ დაგილახავს,
შენ არ იცნობდი თამარის რონინს,
არისტოტელეს ტვინს არ ინახავ!

1962 წ.

ვერის წყალზე

ამ კიდეზე,
ამ წყლისპირად,
გზას რომ ზვირთი აკეტინებს,
ბავშვობისას მე დავრბოდი
და ვკბილავდი გაკვეთილებს.
მომძახოდა ვერისწყალი...
- აგრე რბენით ვერ ისწავლი!..
............................................
მახსოვს ჩამჭრეს... და რა მწარედ...
დღეს, ჭაღარამ, დავიჯერე,
რომ ცხოვრება ვერ ვისწავლე,
ბევრჯერ, ბევრჯერ ჩავიჭერი!

კვლავ მომძახის ვერისწყალი:


- ვერ ისწავლი!
- ვერ ისწავლი!

1962 წ.

მე მირჩევნია ერთი ხოხობი

სოლომონის განძს,
კრეზის სიმდიდრეს,
ლეგენდად ოქროს,
ლალს მობდღვრიალეს,
მე მირჩევნია ერთი ხოხობი,
ალაზანზე რომ შეიფრთხიალებს.
მის შუქს მივყვები
ხელის ცეცებით,
მისით ჩემ სიტყვას
ოქროს დავადენ;
და თუ ოდესმე ძირს დავეცემი,
შემომაშველებს თვისს შარავანდედს...

1962 წ.

ნაძვის წიწვებს სწიწკნის წვიმა

მებურება ნისლის სისქე,


მთაზე ვდგევარ,
მწვერვალს სცივა...
და შორს, გაღმა ბორჯომისკენ,
ნაძვის წიწვებს
სწიწკნის წვიმა...

ვინ სწვიმს ცრემლად,


გულს ვინ მიხოკს,
როგორც ძერა ამირანის?
დე, ტევნარში სწვიმდეს მიხაკს
მარგალიტით,
არ ვინანი!

გზა შეკრული მაქვს შენამდე,


ნისლის ხუნდით, წვიმის თოკით;
შენთან ვგზავნი თეთრ შევარდენს,
შენსკენ მორბის ირმის ჯოგი.

შენთან წერილს ვატან წვიმას,


ჩემს უსტარს სწერს
ღაპაღუპით, -
პაწაწინა მდივანია,
დიდის ცრემლით,
სავსე უბით,

მე კი ვდგევარ შენს ნათელში,


მიკვირს,
წვიმა რისთვის სტირის,
შენი შუქი თუ მდევს მთებში,
როგორც სევდა მონადირის.

იბინდება და მწამს, რომ ხვალ


ცისარტყელის ფრთით გადმოხვალ...
ზაფხულივით შესცვლი ამ ტყეს.
ზედ რომ ნისლი ბალღამს ანთხევს...
1962 წ.

გაუფრენელი მერცხალი და
გაფრენილი სიცოცხლე

მებრალება და მეწყალვის,
საცოდავია, იცოდეთ,
გაუფრენელი მერცხალი
და გაფრენილი სიცოცხლე!

ჩამორჩენილი მერცხალი
ვერ ჩაფრინდება ინდოეთს...
თუ გადაიმსხვრა ლერწამი,
სიმღერას ვინღა ინდომებს?

სიცოცხლე არი სიცეცხლე


ჩქარა წაგშლიან ცარცივით.
წამსაც კი ვერსად ისესხებ,
თუ გაგიფრინდა არწივი.

დრო არი გადამრეცხავი


მისი, რაც იწვის მარადღე!
გაუფრენელი მერცხალი,
ვერა, ვერ დაკამარავდეს...

მისთვის სიტყვა ვთქვი მე ცხარი:


ვაი, ნაცარში იცოცებს -
გაუფრენელი მერცხალი
და გაფრენილი სიცოცხლე!

1962 წ.

ღამე ფშავში

გაკვირვებული ჩემი წანწალით,


შავად მომცქერის კლდე უბილიკო,
ვით გაქცეული ფშავის წაწალი,
მზე სადღაც, გორზე გაბუტულიყო.

ტყე ირბეოდა ყვითელ დროშითა,


ვიღაც ნაღარით უხმობდა ლაშქარს,
სული ქარისა ერთად გვლოშნიდა
ლაშარ-ღელეში მეცა და ლაშას.

მზე ჩაეწურა ცეცხლის მკვესარე,


დამსარქლებია დახავსული ცა...
ბინდი ზუზუნებს, ბინდი მკვნესარებს,
როგორც ფანდური ფშავ-ხევსურისა.

და არაგვის ხმა ნიაღვრიანი


ისმის, ვით ძველი აბჯრის ჟღრიალი...

მთებზე დამდგარა ლახტით კოპალა,


წინ აღარ მიშვებს, გზა შეკრულია...
საით წავიდე, გზა ვინ მომპარა?
ხმალს ამოვიწვდი - დაჟანგულია!

წინ დამდგომიან მთების ურდონი.


სად არის ჩემი ცხენი შურდანი?

აკი ვიყავი საფარვლიანი,


შიშდამშრალ ძარღვით მტერს ვით შავება?
...უცბად ყიჟინა მესმა გვიანი, -
მოჰხოცდა დევებს ვაჟა-ფშაველა!

1962 წ.

ოლოლები

ჩამოწურული ოქრო თბილისის დაისისა


ქაშუეთის გუმბათზე ნელი-ნელ გაიცრიცა...
რუსთაველზე მინაზდა შავთვალათა ტკბილი ხმა
და ბინდებში შესცურა ხომალდივით თბილისმა...
აბდღვრიალდა ქალაქი, ზღვა შეიმღვრა ყვითელი...
მანქანები დარბიან, ვით დაჭრილი სკვითები...
სადღაც ზვირთი შეჩერდა, თვით წამწამზე უმალეს...
ვხედავ შორით ხეობას - მთვარიანს და მდუმარეს.
იქ, ვიღაცა გასძახის ვიღაცა სხვას, მეორეს:
- ვერ იპოვნე?
- ვერა, ვერა!
ხმა აკვნესებს ხეობებს...
ოლოლები არიან! ეძებენ, ვერ იპოვნეს!..
ოლოლებმა ოლედან სევდა შემომიბოლეს...
მე ვიპოვე? ვეძებდი, დიდი ხანი ვეძებე!
- ვერა, ვერა და ვერა! მოლოდინს შევეწებე!
ეჰ, იქნებ, მანქანის ქვეშ მისთვისაც ჩაისრისა,
ჩამოწურული ოქრო თბილისის დაისისა!

1962 წ.

შემოდი მეკვლევ!

პირში მერცხალი ჩაიბუდე,


შემოდი, მეკვლევ,
შენ მომიმკვლიე სიჭაბუკე, ცხენი ფიცხელი,
ჩანგი, ნაღარა...
გული ვარდით აანარეკლე,
მიეც სამშობლოს მზიანი დღე აურიცხველი!

შემოდგი ფეხი,
შენი კვალი - შემოქმედისა!
ბედნიერება მოგვილოცე,
ნუ დავბერდებით...
არ გაგიკვირდეს, სურვილები თუ მაქვს მეტისა,
თუ სიყვარული არ მაძინებს
ჩემი ბერდედის...

ააჩინჩხალე ჩიჩილაკი:
ამდენი პური...
ამდენი ღვინო...
მარგალიტი...
ლომი და ვაჟი...
დავუძმობილდეთ სიმაღლეებს,
სიტყვა ღველფური
სთქვი და ჩაატკბე სიყვარული, ვით თაფლი სკაში!

არ გამშრალიყოს რძიანობით
სამშობლოს ფესვი,
იყოს უბინდო ცა მშობლიური - იით ნათესი,
ხიან-მიწიან-წყლიან-ტყიან - ქართლი ხარობდეს.
მთანი და ბორცვნი,
კლდეები და ქვებიც გალობდნენ...
ღრუბელთ ზესკნელის კიდევ იქით გავინავარდოთ
და მზის მწვერვალთან იყოს მოდგმა ნებისმყოფელი,
გვქონდეს სახლყოფა უჭირველად,
საიავარდოდ,
მზით გასირმული
ჩახჩახებდეს ქალაქ-სოფელი...
მე მიყვარს მეკვლე -
დღეწავლილი, ხანმოთეული,
რამდენი შრომით და ჭაღარით ნატვირთალია!
ნაპერწკლის ელვა ჩიჩილაკის გამოტეული
გავარვარებულ ოცნებათა ნატვრისთვალია!
ლარნაკი - ვარდულ შუქ-ელვათა მკამკამებელი,
ყურძნის ჩხის ქება,
კოლხურ ოქროს სხივი მკრთოლვარე,
ზამბაკი ზღვისა...
მარმარილო, როგორც მთოვარე...
შემოდგი ფეხი, სთქვი დალოცვა საამებელი.

დალოცე კერა
და აკვნები ტკბილი ბედისა...
შემოდგი ფეხი,
შენი კვალი - შემოქმედისა!

მომეცი, შენი თაფლის ხვეზა გამინაწილე,


მიცოცხლე ერი, - საძირკველი მისი, საძირე...
მამათ ამაგი
და სახელი დიდებიანი...
დედათ ღიმილი,
სათნოება მშვიდობიანი.
დე მიწის ძუძუ ყვავილებმა სიმღერით სწოვონ,
დე ბაღნარებმა ძეძვნარები შეავიწროვონ.

ჩვენი ვენახი სულ მწიფობდეს


სართვლო დარობით,
რტონი დიოდნენ - დაზნექილნი მსხმოიარობით
და საწნახელი სიყვარულით გადმოსულიყოს...

დიდი დღე იყოს,


დღე საჩინო,
ძლევით ურიცხვო...
ატეხილიყოს, ნავარდობდეს ლექსის გრიგალი!
რაში ჭიხვინებს...
და მხედარი მისიც იქ არი!

შემოდგი ფეხი,
ისევ გული გამიბალღურე,
მზეზე ადრე ხარ დასანახი,
მეკვლევ კარისა!
შენ მათქმევინე ის, რაც ვერ ვთქვი,
ვერ ვახალხურე,
გამონაჟონი წყაროსთვალის, თავანკარისა...
ვთქვა გულის სიტყვა,
ცერზე მიზის ლექსის მიმინო,
რომ საქართველოს მაისურ ცით ჩავიღიმილო...

ასწი ჩიჩილაკს,
ბღუჯა ცეცხლი შემომაყარე,
გაჰკარ ნაპერწკალს,
გული ცისკრით აანარეკლე,
დღეს საქართველოს გამარჯვებით
შენ გამახარე,
მოგელი ხონჩით,
კარი გავხსენ,
შემოდი, მეკვლევ!...

1963 წ.

მინდვრის ყვავილი

მეფური ვარდი
აქეს მგოსნებმა,
სხვა შუქი მინდა
გულში გავივლო...
შენი სურნელი
რად მეყნოსება,
მორცხვო, ღარიბო,
მინდვრის ყვავილო!...

ვინ გამოგგზავნა,
რა დაგაბარა,
და რას გადმომცემ
ღიმილის შუქით?
შენგან ეს გული
ბევრჯერ გამთბარა,
მაგრამ განა ვარ
კვალად ჭაბუკი?

როცა ყოველი
შენი ჩურჩული,
ნაზი ხმა,
მე გულს მიტრიალებდა;
წინ დგა სიბერე,
როგორც ურჩხული,
დღეებს ნუმც მომცემს
მომტირალეთა!
ბეწვით ჰკიდიხარ,
ციულავ, ცასა.
ვისთვის წარმოსთქვამ
ციურ ლოცვასა?!

მითხარი, რატომ
არ გეშინიან,
რომ გაგიტანოს
უცბად სახნისმა,
ხომ სეტყვაც
შენზე დაგეშილია,
მრავალს ხომ
მტვერი გაუსახლისა!

თავს დაგკანკალებ...
ფიქრით ვითოვლებ,
რომ არ შეგეხოს
დღენი შავფერი;
ყვავილო,
შენთვის რა დაიტოვე,
როცა მომეცი სუყველაფერი!

1963 წ.

თოვლა*

რა ვთქვი, იმავ წამში


თუ არ იყო შენდა?
გახსოვს, წინანდალში,
ბაღი „შე-რა-შენდა“?
მთვარის მინანქარში
წარბს რომ ჰხრიდი შვილდად?
გახსოვს, წინანდალში,
ტუჩი აგეშვინდა?
არ შენელდა
ელდა,
არც შმაგური ლტოლვა;
სად ხარ,
კოცნის კათხავ,
თოვლა,
თოვლა,
თოვლა!..
1963 წ.
* თოვლა - ქართველი ქალის სახელია.

საგურამოს მიმწუხრში...

ამდევნებია ნათელი
და ის მინათებს არესა,
ვერცხლიდან გადახატული
შესადარისი მთვარესა.
გულის დამჭრელი, დამლეწი
ვის ვპოვებ დასადარესა.
დღედაღამ იმას ვლოცულობ
ამ გულის გამკვეთარესა...

1963 წ.

გომბორიდან

როგორ არა ხარ ღვთიური,


შენ, ჩემი ქვეყნის ბუნებავ,
შენ შეჰქმენ თამარის სახე,
დღესაც რომ გვეალერსება;

რამდენი სილამაზენი,
რამდენი მშვენიერება...
ცხოვრების აღმართ-დაღმართი
შენს მჭვრეტელს ვეღარ მერევა!

მზეს მხარს შემოვყრი... მღერიან


ზურმუხტის საგუბარები...
ცოცხლად დამბადე, სამშობლოვ,
მკვდარი არ ჩაგებარები!

1963 წ.

მზეო, იცინე

მზეო, იცინე, გაზაფხულის აზამბარია!


აყვავებულან იმედები, ფერთა დარია!
ახალგაზრდობა, სიყვარული ერთად არიან!
წვიმავ, ჩარეცხე ჩემი სული, ნაზამთრალია!
წვიმავ მიმღერე,
სიჭაბუკის მოსვლა მახარე,
ნიავო, ვარდი საქართველოს გადააყარე!
მზეო, იცინე, სიყვარულის აზამბარია!
ვინ ააყვავა ეს ხეები
და რამ დახატა
ან ეს ჩიტები,
ეს ჩანჩქერები
ვინ აღაღადა!
ყინულის ქერქი მიწისაგან გადამძვრალია,
მიწას შუქი ჰკრა უკვდავებამ, მისი ბრალია!
მისთვის ყოველი ირგვლივ მოსჩქეფს, მღერის, წკრიალებს;
დუღს და ყვავილობს, მოელვარებს, მღერის, ძგრიალებს,
ზურმუხტ-ფირუზში აფანტული ოქრო ქრიალებს,
სიო მინანქრით მზის ყვავილებს ანამქრიანებს.
ათქვირებული ფოთოლნარი...
მთვრალი ფათალო...
ნუშებს გადაჰკრავს მაჭრისფერი...
როგორ დავთვალო
მე სხვა ფერები, ივერიის მთებს რომ ამკობენ,
მესმის, ხეებიც რომ ქართულად ლაპარაკობენ!

მუხამ ფოთოლი შეიბერტყა, რა დიდებულად!


უმწეო იაც უცნაურად ამდიდრებულა!
ხევი ხარხარებს, ზარხოშია, ალბათ დალია!
სხივნარა დილა!
მზე კი არა, ნაღვერდალია!
აყვავებულან იმედები, ფერთა დარია!
ახალგაზრდობა, სიყვარული ერთად არიან!
რა ზავთი არი,
რა დგრიალი,
რა ბრიალია!
მიწას შუქი ჰკრა უკვდავებამ, მისი ბრალია!
მშობლური მიწის სავსე ძუძუ უფრო გავსილა,
დამალევინე ნექტარული ზურმუხტ თასიდან!
- ასწი, გაამოს!
- დღეს ვარდების არი ღრეობა!
შაბაშ! ჩემია გაზაფხულის მემკვიდრეობა! -
მხარზე მასხედან დურაჯები, ოქროს მტრედები;
მე თუ მოვკვდები - მზის კოცნაში გავცამტვერდები!

წვიმავ, ჩარეცხე ჩემი სული, ნაზამთრალია,


მზეო, იცინე, გაზაფხულის აზამბარია!
აყვავებულან იმედები, ფერთა დარია!
ახალგაზრდობა, სიყვარული ერთად არიან!
მიწას შუქი ჰკრა უკვდავებამ, - მისი ალია!
ხომ უკვდავებაც სიყვარულის ცეცხლის ბრალია!

1963 წ.

სად არიან მერცხლები...

სად არიან მერცხლები,


ჩემი ყრმობის გვერდს მხლები?
ან ის ლურჯი ღრუბლები,
მითხარი, სად არიან?

რომელ ცას დაექსოვნენ,


სად გამქრალან უკლებლივ,
ან ეს გიჟი გრიგალი
ვისი საზანდარია?

ქარი ჰკივის, გაცოფდა,


თუ გაცოცხლდა ნერონი?
გახსოვს ახალგაზრდობა? -
დამძახიან წერონი.

მომყეფს ქარი გრიალით:


- ჰე, ხარ თავნამქრიანი!
- სიჭაბუკის აჩრდილი
ჯერ არ დამიწვენია.
ეს ცრემლი ხომ არ ტირის,
გაზაფხულის წვენია!

ისევ ქარი ქანარით


მიჯახუნებს ფანჯარას...
ჩემი ოქროს ქამარი,
სადღაც, მთაზე დამრჩალა!

სიყვარულის ალმური
შენს ლოყებზეც გამქრალა;
შენი წარბი ნამგალა,
აგანგალა-განგალა!

ვით პური უმარილოდ,


მე უშენოდ ვერ ვძლებდი...
ისე, ვით მარმარილო,
რა უცბად ივერცხლები?
ლექსმა ვერცხლი თავისი
შენს კულულში დასტოვა...
ეჰ, მაგ თმებში გიჟობდა
ჩემი ახალგაზრდობა!..

1963 წ.

დედობილი

- ძუძუ გაწოვა პატარაობას! -


დედაკაცებიც მესმის ღაღადი...
- ამას არ უნდა მეტი დაობა,
უნდა უყიდო კაბა, ბაღდადი!

მე ვიკრავ გულში, -
სწორედ ის არი,
ყბახავსიანი, ღონემიმძრალი:
- რა მიხარიან, რომ მოგისწარი,
დაბერებულხარ, ძლივსღა გიცანი!
მადლობელი ვარ ამაგისათვის,
არ დაიშურე ჩემთვის რძის ცვარი!
დამაპურადე, გამაძლიერე,
ამიყვავილე გულის ფიცარი!
რა დამავიწყებს მაგ შენს სიკეთეს,
მომდევს ამაგი შენი რძიანი.
მაგრამ რა ტვირთი შემომიკვეთე,
გზა მომინიშნე რა კორძიანი!
იცი, იმ ცვარს რა გამოაყოლე,
და რა დამადე გადასახადი? -
ასამღერი მაქვს ხალხის გულისთქმა,
მთელი სამშობლო მაქვს დასახატი!
როგორ არ შევკრთე, არ დავიდარდო,
როგორ არა მაქვს არ დასარიდი?
შენ მომიქსოვე
ქისა
ლექსისა,
შიგ ჩამიყარე თვალმარგალიტი;
რომ სამშობლოზე გადამეფანტა,

მემრავლებინა ერთი ათასად,


რომ სიუქმეში არ დამებანდა,
არ ამხდარიყო ძველი ანდაზა!
გიყიდი კაბას, გიყიდი ბაღდადს,
ქიშმირის შალსაც გიშრის ზოლებით,
მაგრამ სად ვპოვო, დედილავ, სადა,
შენ რომ შეგფერის ოქროქსოვილი!
მოვქსოვ სიმღერით,
გულის ძაფებით,
დღედაუხსნელად მისთვის ვიშრომებ,
ვიდრე დამნათის ცა იაფერი,
ვიდრე სიცოცხლე არ დამიშრება!

1963 წ.

დროშა, აფრა გვეძახოდა...

არ უნახავს
ჩვენს თაობას
უქარიშხლო ოკეანე;
გვძაგრავდა
და
გვაძგერებდა
მოედნები მომკივანე!

ბრუტსაბძელას სიმყუდროვე
წამითაც კი არ იცოდა,
შემოგვასკდა ქვეყნის კლდენი,
გული ადრე დაიწოდა.

არ ჰყვაოდა ჩვენთვის ასტრა,


იყო ჭვარტლით გაწუწული...
და გვიყვარდა, ვით არასდროს,
ჩვენი მიწის
საძუძური!
პური ბალახშერეული,
საზრდოდ გვქონდა მოწითალო;
წამითაც კი არ გვეცალა
სანავარდოდ, სამზისთვალოდ.

და როგორც ზღვის შენადენი,


სულ ვშრომობდით,
დავდგით ალო:
თუ აჩვილდა გული სადღაც,
ლექსს ვეძახდით, მომავალნო!

ნასაყუჩარ გულის ჩქროლვას


იყო სიტყვა მორიდალი;
ჩვენ ცხოვრება გვდარაჯობდა,
ვით გამყოლი ქორის თვალი!

იყო ცეცხლით ნაემბაზი


ჩვენი დროის მუხამბაზი!

ვით ეკალზე ბრწყინავს ვარდი,


ღამის ოქროდ - ციცნათელა,
მისთვის იყო, ჩვენი ლექსი
ცხოვრებამ რომ ვერ წათელა.

არ უნახავს
ჩვენს თაობას
უქარიშხლო ოკეანე.
დროშა, აფრა გვეძახოდა,
მოედნები მომკივანე!

1963 წ.

სამაისო

ამ დილას ვეთაყვანები,
აღარ მიდგება შინ გული!
დაწერილია ყანები
ყაყაჩოების სინგურით!
მიშალ-მოშალმა ნიავმა
მინდვრის უქსოვი ჩითები,
ასე ყოფილა ნიადაგ,
მეც, ამ სხივს მოვეჭიდები!
გული დუღს, სიტყვა ამოდის,
ზედ გულზე დასაჭედავი.
მე რომ სიმღერას ვამბობდი,
ნიავს მიჰქონდა ნეტავი?
თუ ჩარჩა ხალხის ხსოვნაში,
მის გულში სანიადაგოდ?
არა სახელის პოვნაში
მხოლოდ გული რომ დადაგოს!
ათას ყვავილით მეწეროს
მეც თეთრ ქაღალდის მინდორი,
მე მინდა მაისის ცეცხლმა
რომ სიტყვა გამავეფხინოს!
მე მინდა ათასი კოცნით
ხალხის გულს გადავეხვიო!
ახალ სიცოცხლით ვენთები,
აღარ მიდგება შინ გული,
დაწერილია მინდვრები
წითელ ყვავილთა სინგურით!

1964 წ.

პოეტი მუდამ ალამდარია!

მწამს პოეზია ცეცხლით ნაზავი


კონას ეკლისას აბრწყენს გვირგვინად,
თუ პოეზია ზვავი არ არი,
მაშ სამშობლოში რამ დაიგრგვინა?

თუ პოეზია სიხარულია,
ან ტანჯვით ქვეყნის გასუფთავება;
თუ პოეზია სიყვარულია, -
რა ცოტა არი მაშ უკვდავება!

განა ქალწული, განა ჩიორა?


პოეტი არის ნათლის მხედარი!
პოეტს ამოწმებს ყოველდღიურად
მომავლის მკაცრი შემოხედვანი!

თავისუფლების ხე უყვარს პოეტს


და საკუთარი გულის ნაღარა.
ხალხის გულისკენ ბილიკს თუ ჰპოვებს,
თუ ხალხის სულმა ანიაღვარა, -
მეტია ღონე მაშინ ლექსისა,
ვიდრე ნებროთის, აქილევსისა!

განა პოეტი კალამმკვდარია,


თუ გული ქარცეცხლს დაუდაღია?
პოეტი მუდამ ალამდარია
და პოეზია ბაირაღია!

1964 წ.

პოეტები

მე პოეტების მიყვარს ქიშპობა,


კუნთების გლეჯა, სიდიდის ნდომა,
ზოგის ლექსები დღესვე ისპობა,
სხვამ საუკუნე კიდეც გაზომა!

ზოგს გვიყვარს ზავთი შეხეთქებისა,


ზოგს - შუშხუნები სახელქებისა!

ლექსი ხომ წყლულის შესახვევია


და არა მხოლოდ უბრალო ჩვარი!
ზოგი სტვირის ყელს შემოხვევია,
ზოგია ლექსის იანიჩარი!

მათში მე ვიცნობ ზოგსაც პირწყლიანს,


ქაღალდზე წყლად რომ დაიჟურება,
ზოგი - ქვა ქუჩის მოსაკირწყლია,
ზოგი - საძეგლედ მიეშურება...

როგორც ვერ მოსძოვს ვაჟას საფლავზე


ბალახს ჯიხვის ხრო გალაღებული,
იქნებ ოცნება ერის დაფნაზე
ბევრს ვერც გვეღირსოს, განაღდებული.
.............................................................

მომწონს, ძველ-ძუელი რომ ეჯავრებათ,


მეც რომ ლექსის თქმას აღარ მაცლიან;
როცა კამათში მოეჯარებათ,
წილადობილა...
გაწამაწია...

მე ყველა მიყვარს...
მე ყველას ვკოცნი, -
ცრემლის და მელნის დამანთხეველთა!
და მჯერა, ყველას ერთად მიგვიყვანს
სამშობლოს ცეცხლი საკურთხეველთან...

1964 წ.

კარმენ

რომელ ქარიშხალს ჩამოსტყდი ნეტავ, -


ცეცხლის ნატეხად, -
ქალი და ხმალი!
ისევ ჟღრიალებს კასტანიეტა,
ბაბილონზე მეტს სძლებს შენი ხალი!
ამოღებული სატევრის ელდავ,
ვინ არი შენი კოცნის დამთვლელი?
ვთვლიდი, დავიწვი...
ვერ გამომნელდა...
ზარხოში ცეცხლის ღვინით დავთვერი!

წარბქამანდებით ნაცნობი სახე...


გრიგალთა ვნება წარუმართველი...
შენი ხანჯლური სევდაც ხომ ამხელს,
კარმენ, ბასკი ხარ, ვგონებ ქართველი!

და თუ ასეა...
გახსოვს მუხრანი?
დანაყულ ხმალზე სისხლის კურცხალი...
მთვრალი ყივჩაღი გზად მობუღრავე
მტვერში ღრიალით დანამუხლარი.

ვაი, თუ ავი სიზმარი ახდა,


ტორეადორი დაეცეს მხოლოდ;
ვაჰ, თუ თავიდან იწყება, ახლად,
ის, რაც გათავდა მუხრანის ბოლოს...

1964 წ.

თვირთვილა

ვიცი, მაიკო ორბელიანი


მარაოს ნიავზე გაცივდა...
შენ კი, დრო, სწრაფი - ბორბლებიანი,
მოგკიდებია რა სიმკაცრითა!

შენი თვალების მახსოვს ბრიალი,


წამწამი ლერწმად როგორ დამწკრივდა,
როგორ გაცივდა ნაპერწკლიანი,
ერთხელ რომ სულსაც ამომაცლიდა!

რა უყავ თმების შავბნელი ღამე,


ყელზე მარჯანი წითელ მარცვლითა,
რა უწვიმია თითქოს საცრიდან,
შენს თავზე წვიმას თეთრი ნაცრითა?
ვეღარც ღიმილი და ვერც სხეული
მზეს ვეღარ გიგავს... თქმა მეძნელება...
ნუთუ მოჰპარე თოვლს ვერცხლეული,
თავს გადიყარე თეთრ ენძელებად...
მე მახსოვს შენი თვირთვილა კაბა,
და შენს ღაწვებზე ნუშის ნამქერი...
რა დარჩა შენგან? ჭაღარის გაბმა,
ატლასის ფერფლი, ალმასის მტვერი!

შენ გაზაფხულის ტურფა სახელო,


გაძარცულ მოლზე უფრო საწყალო,
ერთხელ ჩემს ლექსში თაფლის ჩამსხმელო,
მე რა გიშველო, რით დაგაწყნარო,
და იმედები ბაღის მიმჭკნარის,
რით აგიმწვანო, გაგინაძვნარო?...
ჩემს გულის ფეთქვას მხოლოდ დაენდე.
ატმის ტოტივით ისევ აენთე!

აგაელვარებს ცხრა წყარო მზისებრ,


აგაცლის თმებში ყინულის ეკლებს...
სიზმრად სანახი გახდები ისევ,
პირიმზის ოქროს აგინარეკლებს!

ბრწყინვით აგინთებ შუბლზედ ალმასებს,


მე - ოქრომჭედი, მზის მოკალმასე...

1964 წ.

მე შენს სიყვარულს ზღვად ავიდევნებ...

თბილისი - ჩემი ღვინის ჭიქაა,


მუხამბაზებით, ატმით, მაჯამით...
ხმელეთის გულის სითბო შიგა აქვს...
თბილისი - მარჯნის ვარსკვლავთა ჯამი!

ხელებს მიწოდებს ძველი ლექსებით,


ყოველი სიტყვა ნაკვერცხალია,
იოლად როგორ გამოვექცევი,
საუკუნეთა ნაკოცნარია!

თუ ჰქონდა ბედი გარიყულისა,


დიდება მისი როგორ დაიყოს?
ხომ უმაღლესი ნარიყალისა,
პატარა კახის გმირობა იყო!

იდუმალ ვუსმენ კომშისფერ სიონს,


და მის ღაღადისს აგებულს ხმალზე...
გინდ ბულბულთ ურდო შემომისიონ,
არ გავცვლი მტკვარის ჭაღარა ხმაზე...

აქ, ამ ქუჩაში უსაბურველოდ


მშვენიერება ღიმით სეირნობს,
აქ, უკვდავება ვარდში სურნელობს
და არა ჰყვავის სათვალსეიროდ.

ძველ ქალწულების ნაზი ღიმილი


აივნებს კიდევ შემორჩენიათ.
თითქოს იქ, ვიღაც სევდით მიმელის,
ავად არის და ვერ მორჩენილა!...

...შენ დაგეძებდი... ამბრის ამბორით,


შენი ხოხბისთვის არ მიდევნია?
ატმის და ნუშის ყვავილთა ბოლი
ჩემი გულიდან ამიდენია!

შენთვის ავახელ დუდუკის ცხრათვალს,


ახლად გაგიხსნი ბესიკის წყლულებს;
ვკოცნი ძველ ბაღებს, რომ ვხედავ ცხადად,
ბესიკის ლექსით ამოკირწყლულებს...

მე შენს სიყვარულს ზღვად ავიდევნებ,


და მაინც ისევ შენ მოგიწყურებ...

1964 წ.

წვიმა მთაში

ბორიაყია...
ნისლის ბავრაყი
მოიზლაზნება შავს ხეობაში...
მთები დამთვრალან ფშაურ არაყით,
ლაშარის ხატის დიდს დღეობაში.
მოდის ღრუბელი, როგორც ხევსური,
ზოზინით მოდის ნაცარხავსური...
...უცბად, ქისტივით შეჰკივლა ქარმა,
დასცა ყიჟინა. გამოჰკრა სარმა!
თითქოს გავიდნენ ორნივ ხმალდახმალ,
ელვები სჩეხენ ერთურთის აბჯარს...
აბა, რომელის სიცოცხლე გახმა,
ხმლის ნაპერწკალში სინჯავენ მაჯას...
ჰაერში სისხლი გადიშხეფება,
ხან თითქოს ლომი დაიყეფება...
ვნახოთ, რომელი დამარცხებულის
მარჯვენა კოშკზე დაეკიდება,
წამოვა წვიმა ალმასცხებული,
ზურმუხტი ფირუზს გაეკიდება...

წამოვა წვიმა, ვით შერიგებულ


საძმო სუფრაზე ტკბილი ფანდური,
მღერის... ღრეობენ და შეირგებენ...
ყრია ფირუზი გადაფანტული...
და მთები, მთები ქედ-ნაზოვარი,
სვამენ ალავერდს აზარფეშებით...
როგორც ბავშვები ძუძუმწოვარი,
სადღაც ჟღივიან ფსკერში ფესვები...

1964 წ.

მცხეთური ელეგია

აქ ბაგრატოვანთ მტვერი მდებარებს,


ფერფლი დასტოვა აქ დინასტიამ...
ვიწრო ტაგრუც ქვეშ, როგორც დასტია,
ტახტი, პორფირი, სკიპტრა მდებარე,
ნება, განგება, ზარი, დიდება,
ცხენის ძუაზე მიბმული მტერი;
და ნიავს მიაქვს დაურიდებლად,
ისტორიული შრეების მტვერი!

წვანან საფლავში ნაღმერთალები,


მეორე მზენი - შავეთში წვანან;
მიწით ავსიათ ორბის თვალები,
სიკვდილს შეუბავს თავისი შანა;
მძიმე შეჰყრიათ ხელმწიფეთ სენი, -
გახეხილ ფულზე ოდნავ-ღა სჩანან...

გადაუხდიათ ბრძოლა იმდენი,


როს ვერ ასწერონ მათმა მდივნებმაც;
ძილს წაუღია მერაინდენი,
მაინც ხმლის სუნი მიედინებათ...
სპანი ლაშქარნი, დარბაისელნი,
სპასალარები, ბრწყინვალე კარი,
დაჩუმებულან...
გადამნისვლელი
დასჯახებიათ სიკვდილის ქარი!
აღარავინ ჰყავთ კარზე მიმსვლელი,
არც დიდებულთა ზვიადი გვარის...
- შეიბ მახვილი წელთა შენთა და...
მტერს დაადინე სისხლისა ღვარი!

მით გული ვიღამ დააბადაგა,


ვინ ჩაიბღუჯა ხმალი გამტყდარი?
შარვან-დარუბანდს, ადარბადაგანს,
შანშა-შარვანშას, ვინ ჰყავს ყადარი?
სულტანს, ხალიფას და ათაბაგთა,
ბრეთ აადინეთ მტვერი ამტყდარი,
თავს დაჰყიოდა სისხლის ქადაგთა
ყიჟინა თქვენი ბაირახტარის...
...........................................
კიდევ ბრძოლები თუ ეგულებათ,
და თუ კვლავაც აქვთ დასააზრები,
ნაგებობათა განგებულება,
მტრის მზაკვარების ფიქრი დამსწრები!

საზღვრები ხმალით შემოხაზული,


სარაცინების ამპარტავნება...
ხვანჯიანობა, გარეთ, სპარსული
შინ - ერისთავთა ზრახვა თავნება...

აჯახეს მთები, ზღვებით იჩხუბეს


და ვერც მკლავები ბრძოლამ დაღალა,
მათ სამარეზე დამდგარ სიჩუმეს,
ვერღა გაჰფანტავს ბრძოლის ნაღარა!

მათი სურვილი იალბუზური,


საფლავზედაც კი, ვერ აბურცულა,
სად არის მორჭმით, მათი უზური,
ვარსკლავები რომ სწერდნენ ლურსმულად?
სადღა არიან ფიცხი სარდლები,
რაზმთა დამლეწნი სეტყვის ჩქაფანით;
და კარისკაცნი, როგორც სანთლები,
რომ იწვებოდნენ მათ წინ პარპალით...
........................................................
დამპალა ყველა ფიანდაზები,
ჩამქრალი არი ყველა შადლუხი;
ახლა რით უნდათ, რა შეფასებით,
ერს, საუკუნეს გასცენ პასუხი?

თუ იქაც სწერენ სისხლის პოემას,


შავმუჭა მიწად გადაქცეულნი,
ან მტერი იქაც თუ იპოება,
რათა ძირს დასცეს ცადაწეული?

ვერ იჩერებენ თუ გულს ანაჩქროლს,


გინდ ყველა ჰყავდეთ მიუმხრომელი
გინდაც ხმელეთის გული დალაშქრონ,
მხოლოდ მღილი ჰყავთ ამბის მთხრობელი.

მაგრამ, არ ლპება გმირთა დროშანი,


მამულისათვის ღვაწლის ნათელი.
სადღაც, ცრემლებით ნაზარხოშალი,
მათ ჰყავთ მოზარე ღამე-ნათევი...
...................................................

აძაგრულია ღამის ბალანი,


სძინავს საძვალეს წყვდიად ბუდეში,
სთვლემენ ერთობლივ მიწის ძალანი,
ვარსკლავ-ციაგთა აბლაბუდებში.

მხოლოდ არ სძინავთ რქაწითლის ფესვებს,


შუბლზე მაღლდება დაფნა ქართული;
ტბის პირად მდგარი ყრმას თუ დაეძებს
მოხუცი მკლავებ-შემოკვალთული.

გამომტვრეული ვარსკლავის ელვა,


მთებს და გუმბათებს გადაანათებს...
მოლურჯიისფროდ სცემს მტკვარი მცხეთას,
და მთვარე დასდგამს ფარჩის პალატებს...

არწივის ფრთა თუ გამობრწყინდება,


თუ ძველი ცრემლი გადაინაცვლებს?
გმირთა წყლულია, თუ მზე წყვილდება?
მაშ, ვინ იძლევა ამდენ სინათლეს?
ან თუ დამწვარი დროშის ფერფლია,
მე რომ ოცნებით გადავეჭდები...
..............................................

აქ, საუკუნეთ მტკიცე ტერფია,


დიდ ქარიშხალთა ანაბეჭდები...

1964 წ.

შთაგონება
ალმურში ვდგევარ და ვიწვი,
ვერ გამაგრილებს ნამქერიც,
და რა დავწერო, არ ვიცი, -
წუხანდელ ღამის ნამღერი?
პირველ სიტყვების რამ თუ ვთქვა,
სარკეზე შემომტვრეულის?
ან გაღვიძებულ ყრმის სუნთქვა?
და იცდის ჩემი რვეული!

უსმენელ სიტყვის მსმენელი,


ვარ უცნობ ჟღერის მნატვრელი...
მოსკდება შეუსვენებლივ
გამარჯვებული ნათელი...
რაღა ითქმება მისგვარი?
რა ხელთუფალი მაკურთხებს...
და საქართველოს ცისკარი
ჩემს რვეულს დაისაკუთრებს...

1964 წ.

სევდა მიწისა

მე თვითმფრინავში მომწყურდა წყარო,


ტყე მომენატრა, ტევნარის ჩრდილი...
ღრუბლების ზემოთ რამ გამახაროს,
შაშვის ჭახჭახი მომინდა დილით...

გული მომინდა... არ ჰქონდა გული!


იყო ჭენება, ქროლვა, კვეთება...
თან მიმყვებოდა სევდა მიწისა,
წყარო მწყუროდა ალმასწვეთება...

1964 წ.

ვარსკვლავთა ფაფარს...

საღამოვდება... წვიმას აპირობს,


მთები ვარდისფერ ნისლებში დგანან...
მეტივეები წყლის მონაპიროდ,
ნარიყი შეშით ხარშავენ ჭანარს.
წავალ, ჩავდგები მეც იმათ შორის,
ვიცი, სივრცეთა ოცნებით მგვანან...
დე, მასველებდეს ჟინჟღლი და თქორი,
შევეფარები სადმე ხეს, განა?

მკერდს გავიღეღავ, გავილუმპები,


არ მოვინატრებ სეტყვაშიც საფარს;
ან მათთან ერთად დავიღუპები,
ან ხელს შევტაცებ ვარსკვლავთა ფაფარს...

1964 წ.

სექტემბერი

დაქარვებული ტყეები...
და ოქროვანი ბაღები...
ლურჯგამჭირვალე დღეები...
სულ მცირე რაღაც ნაღველი...
ნაზი ხმით ვიღაც მეძახის,
თუა გომბორის
ამბორი?
გზაზე ფოთოლი გაწვება, -
მინაბვით, ატმის ღაწვება...

1964 წ.

***

ჩამოსჭკნებიან ეს ყვავილები,
ეს ჯამ-ჯიხვებიც დაიცლებიან,
დაეცემიან მთებში ირმები,
გულს სურვილები გაეცლებიან,
ალაზნის ვაზებს დასცვივათ ოქრო,
დადნება, რაც მთებს დაჰვერცხლებიათ,
ვინ იჯადოქროს?
უკვდავების დღეს
მხოლოდ ლექსები დაესწრებიან!

1964 წ.

თამარდედა*
ხეხილის შტო მსხმოიარობს,
ვაზი ჰშვენის შესახედად...
ცოტანი ვართ ქართველები,
გაგვამრავლე, თამარდედა!

მოღაჟღაჟე რიჟრაჟივით,
იხედები უკვდავებად, -
ვარსკვლავივით მოკამკამევ,
სული შენს სხივს გადაება.

თუ შენა ხარ, მზეც ამოდის,


ხილი ისხამს, ჩიტი მღერის,
შენზე ლექსი თვით მოსკდება,
შენ თვითონ ხარ ნათლის ჩქერი!

თვალსათნეულს,
გულმტკივნეულს,
დარბაისელს,
თაფლით მეტყველს,
გჩვევია, რომ ხან ქვეყანას
დააჩოქებ მუხლზედ ერთ დღეს.

ყვავილები მიწას სწოვენ,


ჩვენ გვზრდის შენი მადლის რძენი...
მსოფლიოში ბევრი ვპოვე,
შენი წმინდა ძუძუს ძენი,
განა ერთი, განა ორი, -
მომღერალი, გმირი, ბრძენი!

შენი კაბის ნათელი მწვავს,


შენი ღიმი მეიმედა -
მკერდს მიყრდნობილ ყრმით რომ
გხედავ,
რა მიყვარხარ, -
თამარდედა!

შეგხედავ და ლხინს ვეხვევი.


გულიც გადამეთასმება.
აწოვებ და ხუთი კიდევ
კაბის კალთას გეტმასნება.
ამბობენ: კვლავ ნაყოფს ელი,
ხარობს კერა, სამყოფელი!

საკვნესარი, ჭირსაცემი,
ძველად ბევრი გვქონდა ალბათ.
ბევრმა მუხამ დაიმუხლა,
აკვანს კუბომ დააჭარბა!

ზოგსა სძინავს მარაბდაში,


კრწანისში წევს ზოგი მიწად, -
არ ყოფილან არადანში,
ყველა ნაღდად გადაიწვა!

ვინ სთქვას მათი დამთვლელები...


გულს მალამო დამადე და...
ცოტანი ვართ ქართველები,
გაგვიმართლე თამარდედა!

ჩვენ ბევრი გვაქვს ასაგები


შენობანი, სართულები,
გასათხრელი რუსხმულები,
დასაკიდი ნათურები...

ჩვენ ბევრი გვაქვს დასაწერი,


ხალხის გულის ასაძგერი;
ჩვენ ბევრი გვაქვს დასარგველი
ვაზი, ვარდი, ზედი-ზედა;
ჩვენ ბევრი გვაქვს გასარბენი
მომავალის დასახედად;
დაიძახე იავნანა,
გაგვამრავლე, თამარდედა!

უმზესო და უნაზესო
თავზე გადგა ნათლის შუქი.
შენ ხომ სავსე ვენახი ხარ,
დასხმულ მტევნის სიჭაბუკით.

შენ ხომ, დაო და დედაო,


გაჭირვებას ჩვენსას ჰხედავ, -
გარდმოსწვიმე ძუძუს შხეფი,
გაგვამრავლე თამარდედა!

1964 წ.
* თამარდედა ქართველი ქალის ძველი სახელია.

მატენდარანში*

მზის შადრევანი, -
ერევანი.
მატენდარანი.
თეთრ პერგამენტზე წამწამები შავათ დახრილი...
- უწყალო იყო ისტორია!
შველა არ არი!
ასსარგადონი...
ქალაქები ფუძედათხრილი...
შენც უწყალო ხარ,
შავს თვალებში არა თენდება!
შენ თვითონვე ხარ - ჯვარზემცმელი,
თავისმკვეთელი!
არეზის ზვირთებს,
ზვარტნოცის მტვერს ნისლი ედება,
ჰსწვეთს წყლულის წვეთი
და ქვითინების ანის კედელი...
დადე ეტრატი...
განკითხვანი შენი მწყურია...
დასტოვე ყველა ნაღმერთალები!
აქ მიწა ხანჯლის, შუბის წვერით
მოკირწყლულია,
მე კი დავმწვარვარ შავ თვალების
ნაღვერდალებით...
- დაიწვი ასჯერ, დაიბუგე,
შველა არ არი!
მეჩურჩულება სიჩუმეში მატენდარანი...
ასსარგადონი...
ქალაქები ფუძედათხრილი...
თეთრ პერგამენტზე წამწამები შავათ დახრილი...

1964 წ.
* მატენდარანი - სომეხთა ძველ მატიანეთა საცავი ერევანში.

ჩემი სოფელი

გუშინ შევხედე შორიდან


და გულით იქვე დავები...
გუშინ შევხედე ჩემ სოფელს,
მომიწყლიანდა თვალები.

სალამს მაძლევდნენ ალერსით


ტანჯავარ ხეთა რხევანი;
ჭალაში თეთრი მურყანი,
ღვია, ფათალო, ხევნარი.

იქ, ერთ პატარა ღელესთან,


ქოხი ლეღვის ხეს აბია;
უკან - რიყეა, ღვინჭრობი,
წინ - ატეხილი შამბია.

იქ იდგა ჩემი აკვანი,


იქ ვიყავ ლექსის მდევნელი;
იქ ტაშს მიკრავდნენ ფშატები,
პწკლიანი ვაზის მტევნები.

იქ, მომძახოდა ღრიალით


იორი ნიაღვრიანი...

იქ, მუქად-ლურჯი ღრუბელი,


იყო ჩემს ფიქრთა მთხრობელი.

მე დღესაც იქიდან მომდის


ნაზი ალერსის სურნელი.
და იმ ამომსკდარ წყაროთა
ისევ ისე ვარ მწყურნები.

რაც იქ მე დავილამაზე,
გამიხდა სიტყვის ტალკვესი;
იებად მოიფანტება
ლექსში ფერ-უსპეტაკესი.

და მე მოვდივარ...
დიდ არწივთ
ვერც მომსწრე და ვერც ხლებული;
მე, ერთი უნარჩევესი,
თქმაში თმა-დავერცხლებული...

1964 წ.

ვინ მემდურება?

მე გულს მიხერხავს სევდა უცვლელი,


მწუხარე ლანდი დამეხათრება.
ნიავს რად მოაქვს ძველი ფურცელი,
ეს მოგონება რად მენატრება?
მესიზმრებიან ბროლში ლალები,
და ბორკილებში ქალწულის ტერფი...
ჰარამხანებში - ქართველ ქალების,
ვარდისფერ ტანთა - დამდნარი ფერფლი...
რამდენი ჰგავდა მეორე მზესა,
კდემანართმევი პირს მარიდებდა,
ყრუდ მომესმოდა ქართული კვნესა,
ბოსფორის პირად, პირამიდებთან.

*
თქვენთვის ქართულ ჩანგს არ უმღერია,
არ უთქვამს ქება თქვენი სინაზის.
მხოლოდ მომღერლებს გაუმხელიათ
სტამბოლ-ქაიროს.
ბაღდად-შირაზის...

თქვენი ლანდები მოხეტიალე


ფარვანებივით შემომსევიან;
ფრთებდაწვართ გუნდი
თავს დამტრიალებს.
ვერ ვიგერიებ...
თვალი სველია!
ეგვიპტეში თუ ვნახე მტრედები,
გაცოცხლებულნი თქვენა მგონიხართ...
მე თქვენზე ვდარდობ გადამეტებით,
თქვენს ხმას მკვნესარეს გადავყოლილვარ...
და რა მოგაგეს მოსანიჭარი,
რომ დასთმე სევდა შენი ბავშვისა,
გაგხადეს დედა იანიჩარისა,
ხარჭა თუ ხასა ყიზილბაშისა!

მთის სუნთქვის შვილი გახდი მხევალი...


გერგო მონობა უსუნთქებლივი...
გაყიდულებო, თქვენი წყევანი,
გულში მხვდებიან ნასროლ ქვებივით.

გარეკილებო მათრახის ცემით,


დამკარგველებო თავისუფლების;
მხოლოდ შადრევნის მარგალიტ ცრემლით,
ღამ-ღამ სამშობლოს ესაუბრებით, -

რად ვერ მოქსოვეთ თეთრი აფრები


საქართველოში გადასაფრენი?
მშვენიერების ამაყ დიდებით,
სხვის ცის კიდურებს რომ ამდიდრებდით,
ვისთვის დაღუპეთ თქვენი მშვენება,
ვით გაზაფხულის გამოჩვენება!

ახლა რა გიყოთ, რით მოგარჩინოთ,


მოურჩენელო ჩემო წყლულებო?
ვით დაგაბრუნოთ ძველო აჩრდილნო,
სხვის ხომალდებზე მიბაწრულებო!

რა გინდათ ჩემგან დასაყუდარად,


სამშობლო გშიათ?
გწყურიათ მტკვარი?
სად დავემალო თვალთა მუდარას,
ვეღარ გიყურებთ,
დახურეთ კარი!

*
გმინავს წარსული ხანჯალ-გაჩრილი,
მისი ნაღველი, მომებურება...
ვინ მომაშოროს ძველი აჩრდილი,
დღეს შორეთიდან ვინ მემდურება?

ამ გულს სიმწარით კლდეს ვინ მიახლის,


ვინ დამცა სევდა განუკურნელი?
დამწვარ დროშების,
დამწვარ იალქნის,
დამჭკნარ ვარდების
მიყვარს სურნელი...

1964 წ.

ალაზნის ველი

ალაზნის ველზე დიდი პოეტი,


არსად, არასდროს არ გაჩენილა!
აჰა, სამხრეთი და ჩრდილოეთი,
თუ მისებრ ეშხი გადარჩენილა!
ალბათ, უღმერთო მზეთუნახავი,
საქართველოში, სულ ძველის ძველად,
რადგან არ იყო - დასამარხავი
უცებ შეირხა...
აღდგა...
გაცოცხლდა...
განხორციელდა ალაზნის ველად!
დამიდასტუროს მასთან მიმსვლელმა,
რომ ეს მშვენება ვერვინ დაბურა,
და ვერც სიკვდილმა აუდაბურა,
ხანძრების ბოლით გადამნისვნელმა...
ალაზნის ველის ჭრელი ხოხობი,
მისთვის ჩემს გულში შემოქროლილა
და ჩემი სიტყვაც, მზიურ ხორხოცით,
ამ დიდ ემბაზში დაოქროილა!
ალაზნის ველზე დიდი პოეტი
ჯერ ქვეყანაზე არ გაჩენილა!
ვამაყობ ჩემი მეჯილდოეთი,
ბედმა მამულად ამარჩევინა!
მოდით, ემთხვიეთ,
ვინც სილამაზე
გულს უკვდავ დაღად დაგვამჩნევინა!
ალაზნის ველო!
შენს სადღეგრძელოს
ვსვამ რომ სიცოცხლე არ გამეძნელოს!

1964 წ.

შეხედე ტაძარს...

შეხედე ტაძარს სვეტიცხოვლისას,


სადაც იწვება უკვდავი ღვენთი,
მაშინ იწამებ გარე ყოვლისა,
რომ აქ ოდესმე ყოფილა ღმერთი!
დღეს შენს თვალებში მე ჩავიხედე,
აღმდგარა ღმერთი საქართველოში!
გულიდან ჟანგი გადავიხვეტე,
როცა სიბერის განგაშს ველოდი!
მორწმუნე შენი გავხდი პირველი,
და ლექსის სანთელს გინთებ თრთოლვითა,
შენი, შენდამი შემომწირველი,
დიდ ოცნებათა სვეტიცხოვლიდან...

1964 წ.

მეკვლის სიმღერა

იაგუნდის მარანში თუ
ლალისფერი ღვინო დგება,
გულში მიდუღს თაფლის სიტყვა, -
მეკვლეს პირში დამიტკბება;
გაზაფხულის თანამეგზურს
გეტყვი: მე მსურს გულის ძგერით,
შენი ცეცხლი და სიცოცხლე
იყოს მარად ურიცხველი!
ნაპარტახალ ძველ მიწიდან
ველოდები სავსე მტევნებს,
მე თვითეულ ნარწევ აკვანს
შენს სიყვარულს დავადევნებ!
გაგიმრავლოს ძუძუს მუშა -
და შენმა რძემ სულ იჩქეფოს,
ჯანსაღური ძარღვის სისხლი
და ბარაქა დაგეკვებოს!
იყავ ნაღდი და გამრჯელი,
მეთაფლური ფუტკარივით,
ლაღი გქონდეს გონება და
გული მარად უტკივარი!
შრომითა და იერიშით
სულ მენახო დიდ-ნაშენი;
გრგვინვასავით შორს ისმოდეს
ზავთიანი სიტყვა შენი!
არასოდეს არ დაბერდე,
სულ დაესწარ ახალ წელით;
და სამოცდახუთი წლისაც
ტკბილად იყავ დამხარჯველი!

1965 წ.

ქებაჲ ქართული ვაზისა

ჩემ სულში სტირის ვაზი ქართული,


იმცვრევა ცრემლად გაზაფხულისა!
რა ტკივილს ამბობს ვაზის სანთური,
გვეტყვის დაფარულ რომელ გულისთქმას?

ჭრილობების და ვაზის მამული


გახარებული მზეს ეწაფება,
და ცრემლი, სადღაც გადამალული,
გადმოაწვიმეს ვაზის ძაფებმა.

ჩვენ ერთ დღეს გავჩნდით: ვაზიც, ქართველიც,


სიცოცხლის წვენით ერთად დავთვერით!
ერთად ვიქნებით აწ და მარადის,
როგორც მებრძოლი და მუზარადი...

ჯვარიც და კათხაც ვთალეთ ვაზიდან, -


მასპინძელია კაცობრიობის;
უმისოდ ჯვარი ვიღამ აზიდა,
ვინ აიტანა ტანჯვა იობის?

წასულა ვაზი საქართველოდან,


ქვეყნიერებას გადაჰფენია;
ასწავლა მღერა, ვინც არ მღეროდა,
ამცნო, რომ სმურიც ათასფერია!

თუ აკვანს ვაზის რტო ეხვეოდა,


გზას მინათებდა ვაზის ყვავილი;
უმისოდ ქარით დაიხეოდა
ქართლის ყამირი...

სამოსად სუდარს რომ უკერავდენ,


დგას ქართლი, ვეფხვის ტყავში მორთული!
ვეფხვურად უძგერს გული მღელვარი,
და სასიკვდილოდ დანამძლევარი,
დღეს სადღეგრძელოს ამბობს მორჭმული!
გამობმული აქვთ ვაზებს ჭიქები,
ზედ ბულბულები ტკბილად მღერიან.
იტყვის თამადა შეჭიკჭიკებით,
რომ ღვინის ლალი ცრემლის მზღველია!
დაემკლავება გინდაც ქარიშხალს,
უღვინოდ კოცნაც არ მოხდებოდა...
ფესვმა რა იცის, რა მტევანს ისხამს,
თორემ მიწიდან ამოხტებოდა!
ვაზო, სამშობლოს შუბლი შებურე,
ალბე მირონში შავი ფესვები,
მიწავ, გაიწი და შენებურად,
გამოგვიზარდე უმჯობესები!

მემარნე სანთლებს აუნთებს ქვევრებს,


ჯამით ახსენებს წმინდა თარიღებს, -
გულს რომ სიცოცხლეს გაუნახევრებს,
იმნაირ სმურებს ჩამოარიგებს...

- ლილე, ვარადა!
„გრძელი კახური“
სულ დარჩეს გრძლადა, არ
გამწყდარიყვეს!..

4
ქართლის მთებისა,
ჩანჩქრებისაგან,
ქართველთა გულთა
გუგუნთა მიერ,
მართლაც მეხური დაძგერებითა,
დაბადებულა მრავალ-ჟამიერ! -
ათას წლისათვის,
სიცოცხლისათვის,
სამშობლოს დღეთა გასაგრძელებლად!
სიყვარულისა და
ცეცხლისათვის,
დიდი სიმღერა არ გვეძნელება!
სანამ ცოცხლობენ,
ვიდრე სუნთქავენ,
იალბუზი და
ალაზნის ველი,
მზეს სადღეგრძელოს გამოუთქვამენ,
და ზოგჯერ თვალიც გვექნება სველი!
საქართველოში ყანწი მეტია,
სანამდის ვაზი! -
ასე იცოდეთ!
გულთ სიყვარული ვერ დამეტია,
ნარგები ყანწი გამომიწოდეთ!
ვთქვა: სადაც წახვალ ღვინო, ქართულო,
ძმობის ალავერდს ყველგან გადადი!
და საქართველოს ეშხის ღაღადი,
ყველას გადაეც სასიქადულოდ!..

დაწვით ეს გული ვაზის ფოთოლზე,


გადააყარეთ ვენახს ნამწვარი!
ვაზად აყვავდეს გულის სათქმელი,
მტევნად დამწიფდეს ცრემლით ნაცვარი,
დამაჭრდეს ტკბილად,
დაღვინდეს მაგრად,
წვენი თვითეულ მისი მარცვალის,
შეათროს ერი ძველი ღვინითა,
მენახოს ბევრი ნაბარბაცალი,
მეც ხომ ვაზი ვარ აბეჩხარისა,
მაჭარი ქართულ ნაკვერჩხალისა,
ხვალ მოღადღადის,
გუშინ დამძრალის...

1965 წ.
ბესიკის ღამე იასში

მე დავყურებ უცხო ქალაქს,


ბევრი მითხრა, ბევრიც ვკითხე...
უკვე სძინავს ყოველდღიურ
საქმეს,
ზრუნვას,
ქალაქის დღეს.

აეჭედა ცას ვარსკვლავი,


ღამე ქუჩას მიეყუდა...
ბინდში მესმის ხმა საკრავის,
საყვედური გარიყულთა...

თითქოს ვინმე მიშვერს ცალ ხელს,


ვიღაც თითქოს გალამაზდა...
ის ალვის ხე რად ცახცახებს,
უცბად ზეცა რად განაზდა?

ამტვერებულს მთვარით ცაში


მისდევს ლანდი მიმქრალ აჩრდილს;
გამოშვერილ ხელებს ვხედავ,
მუდარებით: ჩემთან დარჩი!

ვუსმენ მიჯნურს გაფასებულს,


მოკრთის მთვარის ანათალი...
აელვარდა ანაზდეულ
ვარსკვლავებში ანას თვალი.

სად მოფრინდა სიყვარული,


სად გამოჰყვა ბრწყინვალება,
და თუ ფერფლში იმალება,
ცეცხლით როგორ იალება?

რად შესტირა ჭიანურმა


მინაცრებულ ღაღადისით
და „მშვიდობით!“ რად სთქვა გულმა,
თუკი ითქვა, „ნახვამდისინ“?

ვინ შესჩივის ირმის ნახტომს,


რძის ნაჟურით გადათოვლილს?
ვის უამბობს გადანახდომს,
გადამტვრეულ ლერწმის თრთოლვით?
- ეს მიცვლილი ოცნებაა,
აჰყოლია ვარსკლავთ ციალს:
ეს ბესიკის მუსიკაა!
ხმა სულაც არ გამოსცვლია.

აქ რა უნდა ამ საღამოს,
რას წკრიალებს ჰაერიდან?
აკი მეფის რისხვის გამო,
შავ თვალთ სიღრმეს გაერიდა,

ხომ ეწამნენ გოლგოთაზე,


ხომ დალიეს ერთად შხამი?
რად ლივლივებს ღამის ფრთაზე
ორი ოქროს მოსასხამი?

ვინ დასამზღვრა, ცამ თუ მიწამ,


გული გულს სად ეგებება?
თუ სწყურიათ ორთავ, იმ წამს,
ლურჯ ეთერში შეწებება. -

ერთურთს ჩაჰყვნენ სულის ფსკერში,


გადადნენ და აღდგნენ ერთად,
ადუღებულ მზის ჩანჩქერში,
მშვენების და ლექსის ღმერთად!

მე არ ვიცი, სად ვთქვა „ამინ“!


რა შევკითხო შავ კვიპაროსს?
ითაფლება ღამის ნამი,
ვისთან უნდა გაიპაროს?

სხივში ნაქსოვ სულს რა სწყურის,


სულის ცეცხლი ბნელს თუ იგნებს?
უკვდავებას თუ აქვს წყლული,
სიყვარული ჰქვიან იქნებ?

მოსდევს ბედი გამკაცრებით,


ჩარჩენია წყლულში დანა...
სცვივა შავი ვარსკვლავები
ბესიკის ცას, საიდგანაც...

ცა რადაა ასე ლურჯი,


გული რისთვის ახმაურდა?
ან სევდის ბაღს ამოფურჩვნილს,
ამ ქართულ ბაღს, აქ რა უნდა?

ან ქალაქზე, მე რომ დავმზერ,


ღამე რისთვის ალამაზდა?
თითქოს ვდგევარ მთაწმინდაზე,
თითქოს ლექსს ვწერ ალაზანთან...

1965 წ.

თუშაია

ალვა ალვანს ამოსული,


შავი კლდის მზე თუშაია,
პირი სხივით უკამკამებს,
თმა გიშერზე უშავეა.
განა ვიცნობ მე მის თვალებს:
ცისფერია თუ შავია?
შავ ნისლებში გამინათებს
გზაბაწარას თუშაია!
მის თმებში რად ვიბლანდები,
განა პირით მქუშავია?
განა ეშხის მასპინძელი
უწყალო და პურშავია?
სპეროზაის პატარძალი
განა ჩემი დუშმანია?
ნეტავ რაად გამიმეტა,
რად ამიკლო თუშაიამ?
ჰეი, ჰეი, არ შევარჩენ,
ვისაც ჩემთვის უშარია,
ალავერდში გავიტაცებ
ხოხბისთვალა თუშაიას,
ყველას შავყრი ღრეობაზე
ხევსურია თუ ფშავია!

1965 წ.

ბოლნისის ტაძრის ქვა მეხუთე საუკუნისა

რამდენი ასო მე წამიკითხავს,


ამაო, მტვერზე თვით უმტვერესი...
რამდენი სიტყვა ყოფილა თითხნა
და რამდენს არა ჰქონია ფესვი!
გულამომქრალი კაცის ნაწერი,
რომ უნდა გაჰქრეს, - წესია, წესი!
მაგრამ... ეს მრგვლოვან ასოთა მწკრივი,
წინაპართაგან ღვაწლით ნამცნები,
ამონაკაწრი თითქოს არწივის,
ნასეტყვარი და ხანძარ-ნაწვნევი, -
უკვდავებაა, როგორც კურთხევა...
ერის ძარღვიდან ამოკვეთილი
და ისევ ისე მდგარი ურყევად,
დასაყრდენია ერის კვერთხივით...
შიგ მოსჩქეფს სისხლი, შიგ ცეცხლი ჰყვავის,
შიგ იფურჩქნება დილის ყვავილი...
უხვად სცოდნია რთველი და ხვავი,
ნოყიერება მსუყე ყამირის...
ქართლის გონების ბალავარია,
ძვრას ვით უზამდა ჟამი შავბნელი;
საუკუნეთა ფალავანია,
უაბჯარო და დაუჯაბნელი!
ვემთხვევი ქვას და მის მადლს ვილოცებ,
დამლოცოს, მადლი გამომატანოს!
იდიდე ქვაო,
ასოვ, - ძელქვაო,
საქართველოსთან თანამართალო!

1965 წ.

წინაპართა შემოხედვანი

ხან სევდიანი წარსულისაც თუ ვარ მხედარი,


შორეულ ელვამ თუ კალამი დამისხიურა, -
მე გულს მესობა წინაპართა შემოხედვანი,
უწყალო მზერა მე მამოწმებს ყოველდღიურად!

ორპირ მახვილის უბასრესი გამკვეთელობით


შუა გამიყო სისასტიკით სული და ტვინი, -
მე აღარ ვიცი, სახლი ჩემი ვამკევ ხელობით,
თუ შეურაცხვჰყავ...
ეს ლექსია, თუ ფარატინი?

მწარედ მაწუხებს,
მამარწუხებს სიშიშვლე ძნელი!
სამშობლოს კოშკის გამოვდექი უღონო მცველი!..
დღითა თუ ღამით, მაინც ნობათს არ დავცდენილვარ,
ვდგევარ,
აჩრდილნი, სადაც ხმლებით გადაწვენილან...
1965 წ.

სამშვილდე

სამშვილდე...
სამშვილდე -
წინაპართ სიმაგრე...
რამდენი გამშვიდე,
გულო, დამშვიდდი,
ემაგრე...
ემაგრე...

მაგრა დგას...
მაგრა დგას...
ისევაც... ისევაც...
კვლავ იკრებს არაქათს,
კვლავ ღონით ივსება...

ჩვენ გვახსოვს, მამათა


ტერფიცა, ფერფლიცა...
აჩრდილებს ამაგდარს
შევფიცავთ...
შევფიცავთ...
ვიქნებით,
ვიქნებით,
ჩვენ მეტის ამშენი,
აზრებით, ფიქრებით,
ცად ვარსკვლავთ გამშლელი...

სამშვილდე...
სამშვილდე -
წინაპართ სიმაგრე...
რამდენი გამშვიდე,
გულო, დამშვიდდი,
ემაგრე...
ემაგრე...

1965 წ.

იკორთა

იკორთა! -
ცრემლი რათ დამიგორდა,
კრთის იკორთაში გმირთა ნათელი...
თითქოს მიწიდან ამოდის სხივი,
იისფრად ღვივის,
ვარდისფრად ღვივის...
ვხედავ, აჩრდილებს თითქოს სიზმარში,
ხმალაწეულნი
მოდიან მარშით, -
შალვა, ელიზბარ, ბიძინა... სხვანი...
შავს მუზარადზედ იელვებს ხმალი
გამოსახსნელად აკვნის ბავშვისა...
მიგორავს თავი ყიზილბაშისა...
................................................
იკორთა!
მკერდი ვინ დამიკოდა?

1965 წ.

წარწერა წინანდლის მარანზე

საქართველო ხომ ერთი მტევანია,


სწოვეს, გაწურეს, ვერ ამოსწურეს!
ჩვენი პურმარილი დაუტევარია,
ჰხვდება მოკეთეს, მტერსაც მოძულეს.

ქართლის რძეო და კოლხიდის ღალავ,


ასჩაფიანში მაჭრის დუღილო!
მიწავ, კუნთი რომ არ მოგეღალა
და ქვეყნად გაჰქუხს შენი პურ-ღვინო!

კვლავ დაისავსე, როგორც შეგფერის,


მახარე, დღემდის ვით მიხაროდი...
ავკუწავ სიკვდილს მაჭრის შხეფებით...
გავრიყავ, შენი ძუძუს წყაროთი...

1965 წ.

დავბერდი?

ხე იდგა, როგორც არწივი,


მას შემოდგომის გრიგალმა
ერთი ფრთაც არ შეურჩინა,
ჩამოუყარა მიწაზე...
მე შემოდგომას არ ვჩივი,
თუ სიჭაბუკემ მიგანა.
განა დროს გულმა უჩივლა, -
წლები რად შემომიძარცვე?
დავბერდი?
შვილდი ძირს დავდე?
არა!
მაგარი ძარღვებით,
დავჭიმე გასატყორცნელად,
ისარმა ნახოს მიზანი!
თასიც სავსე მაქვს პირთამდე,
დუღს ლექსში გადამწარღვნელი, -
ჩემი ქართული ოცნება
და ერის ნაგულთმისარი!

მე შემოდგომას არ ვჩივი,
გულო, ნუ ამიშფოთდები!
მიფარფარებენ აფრები,
ჩვენც, ალბათ, უნდა ვჩქარობდეთ!
მეძახის ჩემი არჩივი;
ფრთებია ჩემი ფოთლები!
ხალხმა ფრთა მომცა საფრენი
და არ დამცვივა აროდეს...

დავბერდი? განა მამულის


მწველი ოცნება ბერდება?
განა დაშრება ცივწყაროს
მადლი და შრომა ფრიადი?

მუხის ძარღვებში მალული


ხვალ სიტყვა გამიბევრდება,
გულს ჩავარდნილო წინწალო,
დიდ ცეცხლად გამობრიალდი!

1965 წ.

ჭაღარა

სიყვარულის უსტარებით,
განთქმულია რუსთაველი!
და ბესიკი დანის ნამსხვრევს
წყლულში სტოვებს სატკივარად...
შენს სიყვარულს ვერც კი ვამხელ,
თუმც ზვირთივით მატრიალა!

ჩემს ჭაღარას ნუ ენდობი,


ჭაღარაა მეწისქვილის,
მცხოვანება შეენდობა
შეგანგლული არის ფქვილით!

დე, ცხოვრების წისქვილებმა


იტრიალონ,
გვამტვრიანონ;
გულს ჭაღარას ვერ მოჰფენენ
და ვერც სევდას სატიალოს!

1965 წ.

ფიროსმანის ბორანი

ჭრიალებს ბორნის ჭაპანი,


ტალღა კლდეს ებუღრავება...
შენ უკვე გახდი ზღაპარი,
აქ რომ გიყვარდა ღრეობა.

...ჭრიალებს ბორნის ჭაპანი,


მაგრამ აღარ ჩანს ბორანი!
ვის ვკითხო ტალღათ ჩქაფანში
ძველი დროების დორანი?

...ჭაპნის ნაწყვეტი გდიაღა,


ყრია კედლების გორანი,
საძებარია დიაღაც
ხვალ ყველა ნამოგონარი.

...აღარ ჩანს ზვირთის კიაფიც,


აღარც კლდეს ებუღრავება;
აქ მერმისს გავა გვირაბი,
დაიწყეს დაბურღავება.

...მაგრამ ლაჟვარდებს გადადის


შენი ბრწყინვალე ბორანი...
მტრედებს აუშვებ...
გვიღიმი.
უკვდავთა ნაამბორალი.

1965 წ.
მთვარე - ღამის თამადა

მთვარე დამადგა ღამის თამადა,


სიყვარულის ტბორს მასმევს და მასმევს...
მე ხომ მთვრალი ვარ თავისთავადაც,
შენი ღიმილის ვსვამ ნაიაზმევს...
და სიყვარულის ზღვასაც კი დავცლი.
რომ ყველა მწიკვლი ერთად გაწმინდოს,
ოღონდ, ვერ შევსვამ ცოცხალი თავით,
მე პოეზიის საყველაწმინდოს!
ისე აჟღერდი ოქროს ზვირთებად,
რომ შემოგადნეს კახეთის მთები;
მთა სხვა ახალი ამოიზრდება,
მაგრამ სიყვარულს თუ მოსტყდა ფრთები, -
და თუ ღიმილი მისი მოგტაცონ,
და გულმა ვეღარ ამოიღელვოს, -
რაღამ იცოცხლოს,
რაღამ იმღეროს,
რაღამ ინათოს,
რამ იოსტატოს?
მზე დაბნელდება თავისთავადა,
განქრება ნატვრა აურიცხველი...
დამისხი მთვარევ, - ღამის თამადავ,
გამიცამტვერე ცხელი კითხვები!

1965 წ.

***

როგორ დაეტყო ავი ამინდი


ჩემს თმას უხილავ ხელით მოვერცხლილს...
დღენი მიჰქრიან სიცოცხლე მიდის...
გაზაფხული კი მოდის ყოველწლივ.

ყველა ყვავილი უკან ბრუნდება,


ისევ მოსძებნის თავის სამყოფელს,
ფერი ბრწყინვალე არ უხუნდება
მიწას მშობლიურს - დიდ მენაყოფეს.

მიმჭკნარა ჩემი ყრმობის ვენახი,


მაგრამ საწნახელს მაინც ვაშენებ...
კიდეც დავწურავ ძველი სილაღით,
ახალ რქაწითელს შემოვაშველებ.

დაე, მის ფესვმა კიდევ იბარტყოს,


ფრთა უელავდეს მზით დაბზინული,
მაშინ, ჭაღარა ჩამოვიბერტყო,
ვით მუხის ტოტმა თოვლის ზვინული.

1965 წ.

ექსპრომტი

პოეზიის დღე...
რუსთაველის დღე...
უკვდავების დღე...
რა საამო დღე...
მზით ეგებება ქართლი - სამოთხე...
ნაღდი თქვი, ძმაო, -
ლექსი, შოთას ძღვნად,
რომ მოხუციც კი ფეხზე წამოდგეს!..

დატოვე ლექსში სულის ნაწილი,


გაფანტე ველად გულის ნაწვიმი.

გულს გაუსწორე შენი კალამი,


კალმის სიმართლეს დაეზვარაკე.
გულს აფეთქებდე ასაფეთქებელს,
ქუხილის ენით ილაპარაკე!

გააპოს ელვამ სული და მაღლა


ჩირაღდანივით ასწიე გული!
გადაანათე, არ იგრძნო დაღლა,
და მუდამ დარჩი ასე ერთგული!

სთქვი, მაჯისცემა შენი ხალხისა,


შენი მინდვრების და ვენახების,
სთქვი სიცოცხლისა, სთქვი სიახლისა,
მაშინ პირნათლად დაგვენახვები!

ტანთ თუ ჩაიცვეს მიწა მგოსნებმა,


მაინც ჟღერს მათი გულის ნამტვრევი...
მზით,
რუსთაველით, გასწი ოცნებავ,
ვერ მოგწვდებიან სალამანდრები!
ლექსით შეავსე დანაკლისარი
და ერის ცრემლი დაგესარჩლება,
მაკედონელი და კეისარი
აღარ არიან,
ლექსი დარჩება!

არ გახუნდება ვით ცისარტყელა,


ხალხში სინათლედ დაიხარჯება!

1965 წ.

ყველა ხეები დღეს ამიყვავდნენ

მე რო მიყვარდნენ,
მე რო მიყვარდნენ, -
ყველა ხეები დღეს ამიყვავდნენ!
ვეგურგურები ახალ გაზაფხულს,
ელავს ალმასი,
ცვივა ფანტელი,
ვიცი, მომარჩენს ზამთრის დაზაფრულს
აპრილის ჭექა-კორიანტელი!

დღეს, შემომძახა ნუშმა ქართულად,


მესმის ვაშლის ხმა, რა საამური!
ჭრელ პერანგებში გამოკვართულან
გადაუგდიათ სიასამური,

ჩემს ფანჯარაში დილა იცინის,


ატამი მარჯნით დაბუმბულია;
ამბობს ნიავის ტკბილი წიწინი:
- ეს ყოველივე გაზაფხულია.

ყველა ხეები მე რო მიყვარდნენ,


დღეს ამიყვავდნენ!
დღეს ამიყვავდნენ!
დილა ოქროს ჯამს შემომთავაზებს
სევდის ნამიც კი შიგ არ ერიოს, -
ჩვენს მზეს,
ჩვენს მიწას,
ყანებს
თუ ვაზებს
სითბო არასდროს გამოელიოს.

1965 წ.
გადამივიწყე...

გადამივიწყე...
ახლა წვიმაა...
ვით გვალვა წვიმას, შენ მოგიწყურებ...
მე ვადღეგრძელებ შენს მოგრძო თვალებს
უხილავ სევდით ამოკირწყლულებს,
არაგვის გმინვას,
ჭადრის მჭკნარ ფოთოლს
და მთებში დაჭრილ არწივის წყლულებს...

ჩემი ოცნება მიაქვთ წეროებს,


ნეტავ თუ ისევ დამიბრუნდება.
მე მცივა, როგორც ხის კენწეროებს...
შენ დამივიწყე...
ნისლი ბუნდდება...

1965 წ.

მოწოდება

არა
მგოსანი -
არაკოსანი
გულის გუნდრუკის უხვად მკმევარი, -
ისე მებრძოლი, ვით ნაღმოსანი,
მშობლიურ ზღვაზე მტერთა მდევარი
გვიყვარს პოეტი! -
ბევრმაც ანაღდა
დედობრივ ძუძუს შენაწოვარი,
ასხივებული მისთვის გალაღდა,
ჩვენი მთაწმინდა თავმომწონარი!

მაგრამ ვიწროა ჩვენი ხეობა,


ვერ დაეტევა ქართლის მესია...
ძველი დიდების მეხარკეობა
მე სევდასავით შემომესია.

თუმცა წმინდაა საღვთო მუხნარი


და გზას ატყვია დევთნამუხლარი!
თუმც ჩვენში ბევრი ძვირფასი იშვა,
ამ მცირე ქვაბში ხარშვა გვეყოფა!
თუ საუკუნეთ ხერგი და ქვიშა
დასაგუბარად გადაგვეღობა, -

უნდა გადავჭრათ კავკასის მთები,


შეჯიბრისათვის გავიჭრათ გარედ,
იქ ვიპაექროთ ქართული ფრთებით,
გამარჯვებანი იქ დააჩქარეთ!

ჩვენი საზომი არც პარიზია,


არც რომის კერპი შეუპოვარი,
მხოლოდ მსოფლიო ასპარეზზეა,
სახელი ჩვენთვის მოსაპოვარი!

გავხსნათ მადნები ჯერ გაუხსნელი,


და მარმარილო სადღაც მთვლემარი,
ავანთოთ ალით სიტყვა უხრწნელი,
დავწუროთ მზიურ ზვრის ნართვლევარი.

და ყოველივე, მზით მოგროვილი,


რაც ჭაბუკია და არ ხნიერობს...
ავწიოთ თასი მოოქროვილი,
ავაკაშკაშოთ, ვაქვეყნიეროთ! -

ლექსი, ჩუქურმა, ფრესკო, ზარნიში,


აზრი, სიმღერა, გულის ოცნება,
უნდა ავიღოთ დღეს იერიშით,
მივცეთ ახალი ასხივოსნება!

რომ უფრო ტკბილად ისმას გალობა,


ცეცხლიანობა ღაღადებისა;
რომ გადმოხედვით მაღალ მთებისა,
ჩვენც გადმოვხედოთ შთამომავლობას!

სიტყვის მჩარხველნო, გულის მსიტყველნო,


ბაგეთა ოქროსმადინებელნო,
ცის საიდუმლოს ამომკითხველნო,
სირინოზებო,
ფუნჯის მეფენო!
გეყოთ!
აეშვით ვით ამირანი,
აიმჩქეფარეთ, დაიდანდგარეთ...
დაკურთხებული ძველი მირონით,
შოთას შვილებო,
გავიდეთ გარეთ!
1965 წ.

ეს დღე ჩემია!

ეს დღე ჩემია,
ეს დღე ჩემია,
არცა ბესიკის,
არცა ვაჟასი!
გული მათ გულზე მიმიბჯენია,
გავრთულვარ ლექსის გამოჩარხვაში.

ჩემი სულისგან არი დაწნული


ეს დღე,
ეს წამი
და ეს საათი!
შიგ ჩემი სუნთქვა არის დაცული,
ვმღერი ვარდებში, როგორც საადი.

მეც იქ მაქვს გული, სადაც აქვს შოთას,


სამშობლოსათვის მეც იქ ვილოცავ,
მეც იქა ვღელავ,
სადაც ის შფოთავს, -
გინდაც ჩამთვალეთ სასაცილოდაც...

შადრევნისა და შავარდნის ხმებით


მიმღერია და ვიმღერებ კიდევ!
მე - ხალხის გულთან გულის შეხებით
კვლავ ახალ-ახალ ცეცხლს წავიკიდებ!

და სიყვარულით დამდნარმა შხივად,


სამშობლოვ, შენთვის რაღა ვინატრო?
მინდა, რომ სიმი გადმექცეს სხივად,
სადღაც ორწოხი ამოგინათო!

მინდა ვიყიდო ქვეყნის წამლები,


რათა შევესწრო იმ დღის დანახვას,
რომ მომძახოდნენ შთამომავლები:
- იცოცხლე, გოგლა, შენ ჩვენთანა ხარ!

1965 წ.
კატინა

ხმა საკრავისა
ნელ-ნარნარისა,
შორს, შორს გეძახის,
სად მისწყდა ბედი!
ხმა ვარსკვლავისა
გადამდნარისა
გაევლო ცაზე
ვით ოქრომკედი,
თაფლისფერ სხივთა
შარავანდედში,
იდგა კატინა,
ვით ოქროს გედი...

განა ცრემლები ჰქონდა კატინას,


ან სიყვარული განა იცოდა?
და თუმც უკვდავი ცრემლით ატირა,
განა ოცნება მან შეიცოდა?
რამდენი იმედი თუ დაპირება,
სიყვარულის ხმით ნაპობი სივრცე!
და გული ვის არ აეტირება,
როცა არ იცი, ხელი ვის მისცე?
ასე სჩიოდნენ ძველი ქნარები
და ვარსკვლავები ნაფუჩქნარები...

აღარ მღერიან
საზანდარები
და ბულბულები,
ფარვანასავით
სიყვარულში
დაღუპულები...
მაგრამ ხანდახან
გავიხსენოთ
მათი წყლულები...
იმ სიყვარულით
მაინც ვიყვნეთ
ნასულდგმულევი,
იმ ძველ თქმულებით...
რამდენია,
ეჰეი, ულევი!..

1966 წ.

ესენინი

მე ქალაქგარეთ მახსოვს დუქანი,


შემოდებული ნაცვენ ფოთლებით.
ჭრელშარფოსანი მოდის დუნკანი,
მკითხავს ღიმილით და შეშფოთებით,
- მითხარ, სად არის ახლა ესენინ,
ხომ არ გინახავს?
ისევ მთვრალია?
ხომ ჰყევხართ ძმები მოალერსენი,
რატომ არ უშლით?
ნაავდრალია...
დაბორიალობს ქარი ქარელი...
როგორ მაგონებს ზარხოშ ესენინს...
აი, გააღო ბაღის კარები,
ლექსებს კითხულობს
გულდაკვესებით.
ნაარაყალი მისტირის არყნალს,
თავის ცხედარზე თვითვე
ქვითინებს;
კუბოს არტყია სანთლების ალყა,
სჯერა, ამ ღამეს ვერ გაითენებს...
და შემოდგომის ქარს ვეკითხები,
- ნეტავ, სად არის ახლა ესენინ?
უცბად გაჩნდება ჩემს წინ ღიმილით,
გადიღუნება ძველი მესერი:
- განა ყოფილა პოეტებისთვის,
როსმე ცხოვრება გაუსრესელი?
შესძახებს თოვლში, გადავარდება,
მიჰშოლტავს ცხენებს, მიჰქრის მარხილი:
ეჟვნებში ტირის ახალგაზრდობა
დამწვარი, ადრე გადამარხული.

მე კი მივძახი,
- რა გეჩქარება,
ვინ დაგვირჩინე ოცნების მზღველი?
ოქროს ქოჩორი რად მიე ყორანს,
თოკს რად აჩუქე ბულბულის ყელი!
და სიჭაბუკის დახარჯულ დღეთა,
გაფლანგულ დღეთა სევდა ტიალი
რით გსურდა გეზღო? - რაც
გქონდა ხელთა, -
ფრთამოტეხილი ფრინვლის
ფრტიალით?
სულს გიშანთავდა ცეცხლი
დამწველი
შენს ჭიქის ფსკერზე წყლული
მოჩანდა,
ესროლე ლექსი სისხლით ნაწერი
პოეზიის და ლექსის ოჩანთა!

*
დუდუკიანი თბილისის ღამე
შემოითენე სკვითურ ყიჟინით.
ტრამალურ სევდით გაასისხამე,
ვით სასიკვდილო ღამემისჯილი.
ვარდისფერ რაშზე თუ ალიონში
შეაჭენებდი და გადმოვარდი,
ისევ ადექი ბავშვურ ღიმილით...
ასე იმსხვრევა თურმე ხომალდიც...

*
ახლაც, არყის ხეს, სადაც შევხედავ,
ხელს გადავხვევ და შენა მგონიხარ...
და მჯერა, მარტი თოვლს რომ შეხვეტავს,
ამწვანებულ ხედ ისევ მოგვიხვალ!
გვიჭაბუკნია ერთად მე და შენ,
შენახული მაქვს შენთვის ზედაშე,
სანთელი ჭურზედ ასანთებარი...
ძმაო, შემტკბარო გულერთობაში,
გახსენე ქართულ შესანდობარით, -
ლექსში, ძმობაში, მზიურ თრობაში,
სულ სიყვარულით საამბობარი...

1966 წ.

***

მთაზე ირემი კვდებოდა...


ბრუნავდა, რქაზედ დგებოდა,
ხარბად ჰხედავდა ხეობებს,
სიცოცხლე დაჰმარცხებოდა...
ირმის ყვირილის ნახმევი
ხეობებს ეხეთქებოდა...
მზე ჩადიოდა წითლურად,
ამოსვლა ეეჭვებოდა...
ჩამავალი მზის ნაბრწყენი
თვალებზე ებეჭდებოდა,
უძახდა ვაჟა-ფშაველას,
ბრუნავდა, რქაზედ დგებოდა,
მთაწმინდის ცრემლის ნახმევი
ჩარგლის გორს ეხეთქებოდა.
მთაზე ირემი კვდებოდა...

1966 წ.

ახლოს მოიწი, სამშობლოს გულო!

ვაზდაბურულო,
გაზაფხულურო,
სიკვდილისათვის გზადახურულო,
გთხოვ, ერთი სიტყვა მეც დამანებო...
ადგილის ფუძევ,
ჭყონდიდის მუხავ,
ბაზალეთურო ლერწმოვანებო!
მომძახის ზეცა მარაგიანი,
მტევანელვარე ვაზი ურიცხვი,
მიყვარს სიმღერა არაგვიანი,
არ ვიგვიანებ სიყვარულისთვის.
როგორც ზღვის წყალით ძღება ღრუბელი,
მეც მშობელ მიწის ორთქლით ვიზრდები,
გვალვა რას მიზამს გადამბუგველი,
მბანენ ჭოროხის
და მტკვრის ზვირთები.
ახლოს მოიწი, სამშობლოს გულო,
სითბო მსურს შენი...
მცივა უშენოდ,
ეგების მარგო რამ სავარგულო,
ადგილის დედას რითმე ვუშველო!

ფრესკათ ღიმილნო,
ცეცხლის თვალებო,
მე რომ ვერ ვთბები
ქვენს უალებოდ:
თბილისო
მსხვრეულ ნარიყალათი,
რომ არ იცოდა,
ერის ღალატი!
დედას თონეო,
რუსთავის ბრძმედო
და მოდანდგარე
ნავთსადგურებო,
თმოგვის,
ვარძიის
ჩაბდღვნილო მკერდო,
დიდოსტატების
ნასადგურალნო!
ქვებო, თამარის
სუნთქვით მსუნთქველნო,
მთებო, რომ ვერა ვმღერი უთქვენოთ...
ფიჭვის ძუძუვ და
ცაცხვის სურნელო,
მთაწმინდის იავ,
გმირთა მზრუნველო!
და, გორის ციხევ, გაუტეხელო,
არმაზო, დავლავ სალამანდრების,
სისხლო სულისა, გულის მერხევო,
ბროლნო,
ზურმუხტნო, წვიმა-ავდრების,
ჩონგურის ყელო,
აკვნის ფიცრებო,
ქალიშვილების ნაზნო მზერანო,
რუსხმულთ ჩქერანო,
ქართლის მერანო, -
მომეშველენით!
მას გეხვეწებით,
მინდა ვთქვა ლექსი
თქვენი შეწევნით!

წარსულის ცრემლო,
მომავლის ცეცხლო,
მამათმთავრებო, -
შუქის კაცებო,
წამით მაჩუქეთ
სიცოცხლე თქვენი,
და თუ ვერ ვიტყვი
სიტყვას აწეულს, -
მომეცით ნება,
მომეცით ნება,
თქვენი გულისხმა
ვაქვეყნიერო...
თქვენი მკლავები
ჩემს გულზე დნება,
რომ ჩემი სიტყვა
გააფხვიერონ!
რომ იერიშით
ლექსი ავიღო,
აღტეხილებით,
გულახურებით:
სადაც გინდ ვიყო,
სადაც არ ვიყო,
მარად ჩემს მამულს
ვემსახურები!
დე, ჩემი სიტყვა
კრთოდეს უკუნში,
დე, ელვარებდეს
ქართლის მახვილში;
დე, მთებმა ჩართონ
თავის გუგუნში,
მინდვრებმა -
თავის გამოძახილში!
მეც ვაზის რქა ვარ,
ხომ, ნართვლევარი!
ლექსებზე ღამეგანათევარი!
თუკი ვიტყოდე
სამშობლოს სათქმელს,
მეც ავენთები
მცირე ცვილადო.
მზე ჩემი წილი
ნაფრქვევი სარკმელს -
ისიც სამშობლოს მივუწილადო!

1966 წ.

დაუთარიღებელი ლექსები პოეტის არქივიდან

ოსტატის დაბადება

მე დავინახე უცბათ ციმციმი,


მდინარის ჭავლის მთვარის სხივთან შეტკბარუნება.
გაიხსნა ცა და ოქროს ჯაჭვი გადმოეკიდავარსკვლავასხმული.
მტკვარი აინთო კელაპტარივით,
ათქვირებულ ტევრს აჰკრა ალმურმა,
მკვდარი ჯიქანი, მშრალი მარანი ამოშხრიალდნენ
ერთი სიტკბოთი...
და რქვა ქადაგმა:
- დიდი ოსტატი იბადება დიდი ტკივილით,
რომ ხალხის ტკივილს ემსახუროს.
რაც დღეს მუნჯია, ხვალ ამღერდება,
აკიაფდებდა აზრი და ცეცხლი...
დიდი ოსტატი იბადება... და ბაგინეთზე
მზე ხვალინდელი უკვდავებას ეჩურჩულება,
და როგორც დროშა ქარს ელოდება,
ისე ასპარეზს
დიდი მაცნე, ხუროთმოძღვარი...
დიდი ოსტატი დაიბადა...
განათდა მცხეთა...

პაოლოს, ტიციანს...

უძოზე, ისევ მღერის ბულბული,


ისევ მაისის ჩახჩახებს ღამე...
თქვენ კი, სადა ხართ გადაბუგულნი,
გადაფერფლინლი, ძმებო, ხმა გამეთ!

სისხლის წვიმაში ღმერთმა მიშველა,


ვწერ და თქვენს ნაცვლად თითქოს მეწეროს!
თუ ღვინომ ყანწი ვერ გაასველა,
ცრემლით ავავსებ თქვენ სადღეგრძელოს!

ნეტავ, რა გქონდათ შესანდობარი


და რად ვაწვეთებ მე პურზე ღვინოს
ჰეი, ტიციან! სად ხარ მდუმარი,
ჰეი, პაოლო! რად ხარ ულხინოთ!..
...................................................

იქნებ არა ხართ გულდაშხამული,


დადინჯდა გული, ხანში შახველით?
იქნებ მოგწყინდათ თქვენი მამული,
აღარც პოეტის გხიბლავთ სახელი?

ვიცი გიყვარდათ თბილისის ღამე,


ბროწეულყვავილგადანაყარი,
სალხინო დღენი დაგიბალღამეს,
როცა იყავით ლექსის მაყარი.
თქვენი ლექსები შევარდნებივით
სულ თან დამდევენ ფრთების თარეშით...
არ მჯერა იქაც, არა მღერიან,
წამონამქრული ლექსის ნამქერით!

არ გაცვეთილა, რაც ქვეყნად დარჩა


ცრემლის ალმასი, ოცნების ფარჩა!
უთქმელ სიმართლეს ეძებდით ძმებო,
რა ბევრი დაგრჩათ თქვენ საოცნებო...
თბილისის ცაზე ვერცხლი ნაღვარი...

ვისაც სათქმელი არაფერი აქვს,


ადვილი არი მისთვის ლექსობა,
მე სიტყვა ცრემლში დამიფერია
ძველ წყლულში დანა ფხით გამესობა!..

***

ძმებო, ძმებო, სადა მყევხართ,


მეგობრებო, სად წახველით?
შეკავებულ ქვითინში თრთის
ცრემლი თქვენზე დასაღვრელი!

ჭაბუკებო, ვაჟკაცებო,
ნუთუ თქვენ ხმას აღარ ველი?
ისევ ისე დგას სუფრაზე
ეს ჭიქები დაუცლელი...

მაშ, მე, მერგო თქვენს სახსოვრად


დავაწვეთო პურზე ღვინო?
იმ ცეცხლოვან დღეთა ნიშნად
მხოლოდ ცრემლებს ვაწარღვნინო?!

***

მე ერთი ძველი სახლი მიყურებს


მუნჯ მოხუცივით ჩუმად მღიმარი...
მისი ბუხარი გულს გამიხურებს,
ჟონავს სარკმელი ცრემლით მწვიმარი.
რას მანიშნებს და რას მომაგონებს,
ან რად მაშინებს სიჩუმე მისი?
დამდნარ დღეების სევდით მაღონებს,
ძველი სიზმრების მეხვევა ნისლი.
გაჩუმებულა კაეშნიანი
ვით ჩვენი საყდრის შემწყდარი ზარი,
ალვის ხეს სევდით გააქვს შრიალი
წყლულად აჩნია ძველ კედლებს ბზარი...
მე მინდა ამ წყლულს ხელი შევახო,
მინდოდა ლექსი და ვთქვი უგულოდ,
დაბერებულხარ, ჰეი, ვენახო,
დაბერებულხარ, ვაი, ბულბულო,
შემომზუზუნებს შიშველი ჭალა,
დაკრეფილ ვაზებს ქარი აქანებს,
გულის ძარღვებში ორქარი მჭვალავს,
კედლებს უბზარავს ჩემს მეაკვანეს.
მრავალ ოცნებამ გადიყვავილა,
ამოიოხრა მთვარემ მრავალჯერ,
მწუხრს შემომძახა ირმის ყვირილმა,
მოგონებების ვიბჯენ ყავარჯენს.
არ მინდა ჭიქა შევაჯანჯღარო,
არ მინდა დავძრა მოგონებანი,
შავმა ყორანმა სადღაც დამჩხავლოს
და ამიშალოს ძველი ვნებანი.
შევყურებ ძველ სახლს...
ვაჰ, მის ფანჯარას
არ ეხლებიან ცელქი მერცხლები,
ეზოში ბევრი ვარდი დამჭკნარა
და სინანულით ჩამოვეცლები...

საინგილო
(ექსპრომტი)

დაკარგულ ძმათა საძებრად


საინგილოში მოვედი,
რას ვიფიქრებდი, თუ ამდენ
ქართველს ერთადა ვპოვებდი,
ამდენ გაფანტულ ქართულ ცეცხლს
თუ ერთად მოვაგროვებდი!..
.........................................

ნუმც მინახვიან ობლადა,


ჩაგრულნი სიმარტოვეთი, -
მე მათი მომღერალი ვარ,
მათი ერთგული პოეტი!

***
აქ ჯეჯილებში მყუდროდ ვიქნები,
ვერავინ აგყრის სახლის ანგელოზს,
მე თუ ქალაქში მკილავს მლიქვნელი
ან წერილს ჩემზე სწერს - უსახელოს,

აქ, - ნათლიდედა მოკითხვას მეტყვის,


- როგორ შაქრად და ტკბილად ბრძანდები? -
(მიუხედავად შარშანდელ სეტყვის
და წლევანდელი გვალვის წანთების!)

თამარ

ჩემი მშვენება ერთიდამ არი,


სამშობლოს ცა და მისი ოცნება; -
ქართულ ბუნების ღმერთი - თამარი,
მისი ღვთიური ასხივოსნება...

ერმა უწოდა თამარ ცხებული,


თურმე შავი დღე სიკვდილს დამართა:
არა ყოფილა დამარცხებული
სიკვდილი ისე, როგორც თამართან...

სვეტიცხოველი

იყავი კვერთხი, ერს მიუძღოდი,


მიგდევდა ქართლი, თითქოს ცხვრის ფარა,
და გარდამოხსნა შენი ყეენმა,
ცხენზე თოქალთოდ გადაიფარა!

იყავი კიბე ცად ამავალი,


თავზე გაყარეს ხანძრის ნაცარი,
ქორულ კივილით ჩაგიქროლებდა
კართა დამლეწი სალმანასარი.

სდგეხარ ქვის დროშა


სისხლშეშრობილი,
თითქოს დაეძებ გამქრალ
ქალაქებს,
ლაშქარს, ცხოვრებას, შენს
გარეშემო
მტრის ფალანგებმა რომ აალაგეს.
იგონებ სევდით წარსულ ქარტეხილს,
არაბ-ხაზართა სისხლით ცხებული,
კვლავ სისხლს დათხეულს,
ლუკმას გატეხილს
ითხოვ ტიტანი მოხუცებული.

ერთიღა შეგრჩა თანამდგომელი


ბეითალმანი, - არაგვზე მთვარე...

ძირს კი საძირკველს ზედ ეხეთქება


ახალ ცხოვრების ტალღა მშფოთვარე!

საცრემლე

სამთავროს იყო...
გათხრები ვნახე...
გაშალეს მიწა გადამძვლეული...
და არქეოლოგს ხელში ეჭირა
საცრემლე მინა ათასწლეული...
- შიგ ნესტი არის!
ცრემლს გაუძლია!
ატაცებულმა თითქოს გვახარა...
მთხრელმა მიხომ კი,
თვალი მოჭუტა
და მერე ჭექით გადიხარხარა...
- უკან ჩააგდე,
არ დამანახო,
განა მაქვს ცრემლი შიგ ჩასასხმელი!
ემანდ, მიპოვე ღვინის ხელადა,
ეგების ჩარჩა ძველი სასმელი!
- არა, ნუ გინდა ცრემლი, ნურც ღვინო,
ჩამონაწური ძველი ჯანღების...
- ბარით ჩაჭეჭყე, გააცამტვერე,
ეშმაკი იყოს მაგის წამღები!
მე კი ვფიქრობდი გაკვირვებული,
ძველი ცრემლების რადა გვრცხვენია?
ცრემლი ნამია ისტორიისა,
ჩვენი წარსულის მძიმე ძღვენია!
და რამდენადაც იგი სხვილია,
მატიანისგან აღნუსხვილია...
იგი მამულის ფესვებს გვირწყავდა,
ცრემლმა გაზარდა ყველა ყვავილი...
ქართლის ცხოვრების ამაყ ფურცლებზე
უცრემლო კითხვით განა გავივლით?

***

მაშინ ვარსკვლავი შემოსულიყო


სტუმრად ჩვენს სახლში ოქროს ქოშებით,
გათენებამდის არ წასულიყო,
კიდეც ემღერა შეზარხოშებულს, -

ასე მიამბეს მამიდეებმა


და დეიდებმაც დასცეს დასტური.
ცხენი ჩვენს ფშატის ხეზე დაება,
- თვითონ ყოფილა ბედი ნასტუმრი! -

და უბედობას ვინ იჩივლებდა,


როდესაც ცეცხლი გულს მიხურებდა...
...და ვიზრდებოდი მე ყვინჩილებთან,
სოფლის ხბორებთან, მოლაღურებთან...

***

შენ რომ ცრემლი დაგცვივდა,


იქცა ციცინათელად,
დღევანდლამდის მინათებს,
გეუბნები ნამდვილად.
დღესაც ისევ გინატრე
გაზაფხულის ამ დილას,
სიყვარულის სინათლე,
გულში ღმერთად გაზდილა!
რაც ერთხელ გაგინათებს,
არ ჩაქრება ადვილად!

***

თუ არ ვახსენეთ გმირ-მოწამენი
დაგვაწვებიან ბნელნი ღამენი...
რძეს ვეღარ შესწოვს ფესვი მუხისა,
ცეცხლი ინაცრებს, დვრიტა წახდება,
ცა გადმოუშვებს სეტყვა-ქუხილსა,
მტერი მტარვალი გაგვილაღდება.

ზვავი
მოგეპარება ვეფხვივით ლექსი,
გულზე დაგადებს ალმასის ტორებს,
გაავლებს კლანჭით სისხლიან ნაღარს,
თმაში - ჭაღარის ყინულებს სტოვებს.

ჩალმადადგმული იანიჩარი, -
მოქშუის მთვარე, გული გააპოს.
წარსული ტყვეა - მხოლოდ ანჩარის,
ყველა ფურცელზე შხამი ლაპლაპობს.

ვინ გაექცევა ლექსების ხმალსა,


ლექსის ჯვარიდან ვინ აგხსნის მკლავებს,
რაღაც ატირებს მდინარის ხმასაც
და ჩარიგებულ ცაში ვარსკვლავებს,

რაღაც ატირებს თვით დედამიწას,


რომ მომავალში ნახოს ოცნება,
ამოითხრება ტირილში სული
და ფესვიანად გაიტყორცნება!

***

წიწამურში რომ არაგვის პირად


აღმართა ხელი ერის იუდამ,
ერთი ურემი სალამურებით
მაშინ თბილისში შემოდიოდა.
იმ ურემს მოვყე, იორს შემოვყე,
შემოვეტანე სამგორის ნიავს,
დავეზვარაკე ქართულ შემოქმედს, -
მას აქეთია პოეტი მქვიან.
იმ დროდან ვმღერი ლხინით თუ სევდით,
მიწა ვიყავ და ცაი შევიქენ,
უკანასკნელი ვნახე მემწვანე,
უკანასკნელ რაშს ძლივს შემოვახტი
და სულ ბოლო ტივს ძლივს მოვუსწარი,
მაგრამ არ წავყე - ვარ დარჩენილი:
გავცე პასუხი თანამედროვეს.
რა ვიმღერე და რა გავაკეთე,
რა უნდა გითხრა, რა უნდა ითქვას,
მიწა ვიყავ და ცაი შევიქენ,
ქართული მიწის ზეცა შევიტკბე,
სჯობს უხმო საქმე უსაქმო სიტყვას...
შენ დაიმღერე ცისფერთვალებავ,
მაგ შენ ფანდურზე ჩემი ქართული,
სამშობლოს მიწის გუგუნს ჩართული!

***

კვლავ მეორდება ძველი იგავი:


მწკრივად მიჰქრიან სადღაც წერონი...
და შემოდგომის ცივი გრიგალი,
გაავებულა, როგორც ნერონი...

ისევ და ისევ ძველი ამბავი:


ჯვარედინ გზაზე წვება ფოთოლი...

***

ჩემს დაბადების დღეს, აივანზე


შემოფრენილა სამი მერცხალი,
ბჭობა და რჩევა ჩემზე ჰქონიათ, -
რა ბედი მივცეთ და რა ფერწყალი?
რა დავანათლოთ, წილი უყაროთ,
ჰქონდეს როგორი დასახელება?
ერთმა სთქვა: გული ამოუღაროთ,
ვგზავნოთ ღრუბლების დასაკერებლად;
მეორემ: მივცეთ გუთნისდედობა,
აბრუნოს ბელტი ქართულ მიწისა;
მესამემ ქართულ სიტყვის ვენახის
ყარაულობა მე დამიწესა.
ბოლოს დაასკვნეს:
- გინდაც სამივე მივცეთ უკლებლად!
თვე იწურება, მაინც არავინ
აღარა გვრჩება დასაჩუქრებლად.
სამი ხელდასმა მე მომანიჭეს,
და მეც ვისწრაფი, არ დავახანო
მერცხლების ნაკურთხს რაღა დამიჭერს,
რომ გაზაფხული ხალხს არ ვახარო!..

***

ღვივის ოქროს მადნებად


ყვითელფერი ფორთოხლის...
მზე თაფლივით მადნება,
გზაზე მიწვა ფოთოლიც...
მაიკო ორბელიანის სურათზე

არ ეშინიან
მთვარეში ნიავს,
თარეშით მიაქვს
შენი მანდილი...
..........................

მე შენზედ აღარ დავიდარდები,


შენ სარეცელთან აღარ სტირიან...
უკვდავებისკენ მიხვალ ვარდებით,
ეკლებიდან რომ ამოზრდილია...

***

მას ვიგონებდეთ
ლხინში გართულნი,
ვინ აჩუქურთმა
სიტყვა ქართული,
ვინც არჩეულა
ქართლის ქადაგად,
ვინც ჩვენი ძარღვი
ლექსით დადაგა,
ვინც გულის ოქრო
დააბადაგა,
გულთან გული ჰყო -
გადახლართული!

ნატას

რაც გომბორის მთას უთქმელი დარჩა,


რაც ალაზნის ველს დარჩა სათქმელი,
ის შენში არის! - ოცნების ფარჩა
და სილამაზის ნაზი ნამქერი.

ალილო

აჰა, გულზე გავიძარცვე


ოქროქსოვილი,
და ჩავიცვი თეთრი ტილო,
ცრემლით სოველი.
ამ ცრემლებით სიტყვა ჩემი
დავამარილო.
მე პატარა სიმღერა ვარ,
მქვია ალილო.

***

არა, ბეღურას არწივი არ შეუყვარდება,


არწივთან ყოფნით დაიღლება, დაიდარდება,

პატარა ფრთებით მას ბაღჩაში უყვარს ნავარდი,


დიდ სიყვარულს კი ცაში უნდა ფრენა მარადის...

შენ კი ძვირფასო, ისევ გინდა დარჩე ბეღურად,


როცა არწივის დიდი ჩრდილი გადაგეხურა...

***

დარიალის კლდემ არ იცის ხავსი,


და საქართველოს ვაზმა სიბერწე!
ქართველი ხალხის სინათლის თასი
შოთას გულიდან გამოვიძერწე!
ქართველი ხალხის სიმაღლის ფასი
მე, იალბუზის ვიგრძენ კიბეზე!
როცა დავხედე მღელვარ ცხოვრებას,
მატიანეთა გაშლილ ეტრატებს,
იერიშებზე სისხლის ცხოებას -
ქართლის დიდება ვიგრძენ მეტადრე.
როგორც ორაგულს კასპიის ზღვაში
არაგვის ჩქერი მოეწყურება,
ნაპირს ასკდება დაჭრილი ქვაში,
დე, შეუღებონ მკერდი წყლულებმა, -
ისე ვისწრაფვი შენდა მარადღე;
მამულო, დაჭრილ სულისკვეთებით.
მომეცი ბინა, გინდ შენს შარაზე,
გინდ შენს წინწკალშიც კი დავეტევი!

***

როცა ჯვარიდან მცხეთას დავყურებ -


მთელ საქართველოს გულში ჩავიკრავ.
ვიმოწმებ სინდისს, მაღლა ავდივარ,
ავბრიალდები მე ყივჩაღურებ.
თითქოს ახალი ცა წინ გადირღვა -
მთელ საქართველოს დიდებას ვხედავ.
მე ახლა მესმის - ერთხელ ღირს მოვკვდე,
რათა გავიგო ვცხოვრობდი ვისთვის.
თუ მე არწივის ჩრდილი თან მომდევს,
იგი ალმასის ფრთებს შიგნით მიზრდის.
როცა ჯვარიდან მცხეთას დავყურებ -
წარსულის ხილვა შემაზრიალებს.
აყუდებულ ხმლებს, სისხლის გალავნებს,
გმირთ ნამუხლარებს ვხედავ და ვმღერი,
ვარსკვლავთა ცრემლი გულზე გადამდის
და მამა-პაპის მარილის მტვერი.
გამოფშვნეტილი ქვიშაში ძვლები
გადიქცევიან უცბად კალმებად
და სწერენ ქართლზე ათასწელობით.
როცა ჯვარიდან მცხეთას დავყურებ -
მსურს მოვეხვიო მთლად საქართველოს,
ორივე მკლავით გულში მივიკრა,
მინდა გავეკრა, მიწას ვემთხვიო,
მზეს ვემადლები, რომ ვარ ქართველი!

***

ასაფრენად რა დამღლიდა,
რომ მე შენთვის შემეხედა
წეროების სიმაღლიდან,
განა ქარი მიმახლიდა,
დამენახა კიდევ მცხეთა -
კიდევ შენთვის შემეხედა,
მტკვარზე ნამწკრივ ალვის ხეთა...

***

რა ლექსი გინდა, ჩემო დროებავ,


გამაგებინე - რა ლექსი გინდა,
რომ არ მომეცი მე მყუდროება,
არც წყალი მასვი მე გემო წმინდა.

რად დამიგრიხე ხორხზე საბელი


და ფრთაში წყლული რად გამიჩინე,
რად აკვლევინე კაენს აბელი,
რომ ერთი ძმაც კი არ შემირჩინე...
შაორი

შორია შენი შაორი


ლურჯ-ცისფერ ხარისთვალათი,
დაგიგვიანე შაირი,
ნუ გეგონება ღალატი.
სხივი და ზვირთი შაორის
შენს წამწამებში ჩამდგარა,
დიდია დანაშაული, -
სურვილი შემიდანდგარა.
შორია შენი შაორი,
ახლოს ხარ გულის ბუდეში,
გეძებ და გეძებ შაირით
რაჭის კლდის ღედე-ღუდეში,
ბუდეშურს მინდა მოვესწრო
სექტემბრის აბლაბუდებში...

***

მე - ქაღალდზე ალ აკრული -
განა ვიყავ დაკარგული...
ხომ გესმოდათ ჩემს ლექსებში
ირმის ჯოგის თქარათქური!
ასდიოდა ჩემს სტრიქონებს
ხოხბის ბურტყლი ათასფერი...
დასწეოდა ჩემი ლექსი
არწივს მთიდან გადაფრენილს...
ელვას ცეცხლი გამოვსტაცო,
სულ ვავსებდე მაჭრით ტაგანს,
სიტყვას ვწყვეტდე
მარჯანთაგანს;
რომ ქართველმა ჩემი თქმული
ყაბალახის ყურში გასკვნას,
ან, აბგაში ატარებდეს,
როგორც ახლად მოჭრილ
ვარსკვლავს...
მიგზავნიდეს ყველგან სალამს
მე - ლექსების მ ა თ უ ს ა ლ ა ს...

***

სცვივა ფოთოლი წიწამურაში,


ტყე სევდიანი რამ დააჭლექა? -
...თითქოს ამ წუთას ვიყო ბურანში,
ბერდენის ტყვიის მომესმა ჭექა, -

ყველა ხეობას ელდამ მოსძახა


ნახმევმა მთები გადაირა;
თურმე ესროლნათ საქართველოსთვის,
ქართლის გულისთვის მოერტყათ ტყვია.

***

რასაც მღეროდა ჩანგური,


და რასაც სწერდა ბატისფრთა,
რაც გულში მქონდა ჩარგული,
ჩემში აჟღერდა, ატირდა.
რაც ჩოჩქოლობდა, ღელავდა, -
სჩქეფდა ჩემს გარეშემოსა,
რაც კი სიცოცხლით ელავდა, -
ის გულმა ლექსით შემოსა.

***

წვიმაა... ნისლი... ვერასა ვხედავ,


თითქოს მე ვიყო გადაკარგულზე,
მამულის სევდა, - მწუხარე დედა,
ქანდაკად მდგარი ილიას გულზე.
ილიას ძვალი ტყვიაგასული
მთაწმინდის ფსკერზე მწარედ კვნესოდა,
და თუმცა იგი იყო წარსული -
დღევანდელი დღის წყლულად მესმოდა.
მემუდარება ბნელში დანთქმული,
ნაიდუმალევ წყლულის ტკივილით,
ძირს კი დგრიალებს ცეცხლით სადგური
მატარებლების გაბმულ კივილით.
მაგრამ არ სძინავთ სამარის წყლულებს,
გაფანტულ ძვლების სევდას არ სძინავს,
უმწყურვალესად ის შურს იწყურებს,
გმინავს ქვესკნეთში, ფრინავს არწივად -
იხლაკნება და კლდეებს ეხლება,
ცეცხლადდაშლილი ვერ იკლავს წყურვილს,
თითქოს მზადდება ასაფეთქებლად
ვით ქალაქ გარედ ნაგდები ჭურვი!..

წინაპარ პოეტებს
როცა გულია აყვირებული,
მე დიდ აჩრდილებს
დავეწინდრები,
მასწავლონ, როგორ დავრაზმო
სიტყვა,
როგორ მ ო ვ გ ე თ ო ლექსის მინდვრები...

ფიროსმანი
(ფრაგმენტები დაკარგული პოემისა)

პირველი ვარიანტი

- ნუ ამაყენებ ჯერ სუფრიდან,


შენ გენაცვალე,
მე ჭიქის ძირში ღვინო ჩამრჩა...
ასწი, დაცალე!
ვერა, ვერ დავცლი, საყვარელო,
რენო რა-ნინო...
შიგ ანგელოზებს ფეხი მინდა
ჩავაბანინო!

*
რქაწითლის ჭიქას
კახეთისა ადგა ნათელი,
ყანწი, შამფური...
ტოლუმბაშის სიტყვა ტრიალებს.
ბასტურმა. თევზი.
ხაშის ქვაბი ღამე-ნათევი,
ამ დუქნის ბუღში
ოცნებას ვინ გაიმტვრიანებს?!

დახლზე ტარხუნას სძოვს ბატკანი


დანა-გაჩრილი,
რუმბი წევს,
თითქოს მუცელია ეპიკურელის...

მტლაშა-მტლუშებით ალავერდს სვამს


ნოეს აჩრდილი,
ახალუხზე აქვს საფერავი
შენაპკურები.
- ეს რა ღავღავი, რა სოდომი,
რა ტკარცალია...
- ადე, გეყოფა,
გამომზერა რად გაქვს ყვითელი...
აქ ოცნებისთვის, ჩემო ძმაო,
არა სცალიათ,
ვაი, ჩაგძირავს,
თუკი ერთხელ ჩაიყვინთები...

- ადე, ნიკალა,
დამიხატე: რთველი, ქორწილი,
თამარი, შოთა, მთვარის წარბი,
ხე დაკორძილი;
და მარგარიტა,
სამოთხეში რომ ირგო წილი,
ოქროს ბუშტები,
ჯიქანი და მსუყე თაველი...
კალო ბზიანი,
სახედარი ბავშვის თვალებით...
- დავხატე... მაგრამ...
არაყზეა გაქვითებული...
- დოვლათდამწვარო,
სარდაფი გაქვს აკიდებული,
შენ კი დაგეძებს
ალაზანზე ხოხბის ყივილი,
ირმის ყვირილი,
ჩანჩქერების გადაშხივილი!

- შენ აქ რა გინდა,
ღრიანცელსა და ოშხივარში!
- შენ უნდა იჯდე
მოხასხასე ვერხვის შრიალში!..
თავად ჰკითხულობს
და თვითონვე ეპასუხება,
წასულა ბედი,
მის გზასავალს ვიღა მოძებნის,
პილატეს ცრემლი
დაქანცულ გულს ემარწუხება,
ფრთებდამსხვრეული
გაჰქცევიან ანგელოზები...

*
დამინახია ბნელ სარდაფში
მიმომზირალი,
კუთხეში მჯდარი ფიროსმანი,
სვამს მარტოდ-მარტო...
ირგვლივ,
სუფრებზე ჩაქინდრულან
მზისუმზირანი,
ტირის არღანი მოღრიალე,
ეძახის მარგოს:

- მარგო სად არი,


სად წასულა, ვის გაჰყოლია,
დახურულია ეს ქვეყანა
განა ჩალითა?
შემოფრინდება
ოქროს მტრედი ორთაჭალიდან,
მხარს დააჯდება,
გადმოაბნევს თეთრ მაგნოლიას.

შეშინებული ნიამორი
ჰკოცნის ცივწყაროს,
მოსწყდება, მოჰქრის,
სანამ ტყვიას შეეგებება.
ასწი, დალიე,
რომ ოცნება ააცინცხალო,
ნამარილევი ირემივით
სმა შეგერგება!

- დაბნეული ვარ
და უღმერთოდ გზადაბურდული,
ვით ქარხანაში
ჩარხებ-შუა მფრინავი ჩიტი!
ცხოვრების ქარო,
რათ დამიხშე კარი ურდულით,
რასაც ვხატავდი,
შავი ხელით მაშინვე ჰშლიდი!

გულში ჰყვავიან
ხარბ სურვილთა ყაყაჩოები,
დიდი ტაძრები ოცნებათა
ზღვაზე სცურავენ:
მოსახატავად
მეძახიან ხარაჩოები
და დიდთვალება ანგელოზი
მიქმნის სურათებს.
თავზე მათრახით
დამადგება წმინდა გიორგი:
- ნუ გეშინიან, ნიკალაი,
ის მახატვინებს...
როგორ იქნება, ხალხის ძალამ
რომ არ ივარგოს...

*
- ერთი უყურე ამ ქარიანს,
რამ გადარია!
არყის ჭიქების ცვლაში ჰხატავს,
ჯადოქარია! -
სთქვა მიკიტანმა,
წარბის ქვეშ რომ უზის სატანა.
- მართლაც კარგია,
ღირს ბაზარზე გამოსატანად!

*
შეჭვარტულ ჭერზე
მოღანცალობს ლამპის ნაშუქი,
ბუზების ხროვა
დღეის ქეიფს დაათარიღებს,
თარზე ყბებს იმტვრევს
ნათათრალი, მთვრალი აშუღი:
„წუთისოფელში ზღვამ მომაგდო
ქარი წამიღებს!

- ჰეი, გავთავდი,
სიყვარულის ავადმყოფობით,
გულიც შენ მოგე,
რაღა დამრჩა გაუცემელი?
ქაბაბად შეწვი,
საყვარელო, სულის ხოხობი,
და ზედ მარილად მოაყარე
ჩემი ცრემლები!..“

შენ კი, სხვა გახსოვს,


მესტვირე და მისი ქარახსა,
ზურმუხტის ტევრი,
გომბორის ცა, მზე უქარვესი...
ღონე ძლიერი რად მიჰყიდე
ჭიქა არაყსა,
როგორღა გინდა ამოავსო
ძმაო, ხარვეზი?

ცისარტყელაზე
ჩამოეშვა შენი ბავშვობა,
გულზე ბულბული დაიბუდებს,
სულში - ბადახში...
აქ რას შეგმატებს
კინტოების ტოლუმბაშობა,
ფოთოლს აკოცე,
გაეხვიე სოფლის ბალახში.
მისწყდა არღნის ხმა...
ცისკარს ღამე გაუწელია,
- ნუ ამაყენებ,
არ მასვენებს მიწის ღადარი...
გულს ვარსკვლავივით
მოსვენება არ უწერია...
ისევ მეძახის
ბროწეულთა ნაღაღადარი.

- დავასხი ვაზი,
საქართველო ვაპურმარილე...
ერთი კუფხალი,
ერთი ლუკმაც არა მრგებია,
არ მქონდა ტილო,
არც სახლისთვის მარმარილონი,
სამზეურის წილ -
სარდაფის ცა დამსარქლებია.
სულში ამოდის სუმბული და
მესურნელება,
გულში ირხევა კოცონი და
მწვავს უნელებლად...
მე ღმერთსაც ვხედავ!
ამას ვამბობ ნიკო ფიროსმან!..
............................................
- ადე ნიკალა,
გაათავე უნაპირო სმა!

- ნუ ამაყენებ,
ყელს მეხვევა ვაზის ბაბილო.
ასე მგონია, თითონვე ვარ
მე ვაზის რქაში!
საქართველოში ჩამოვივლი
მე ჩემს ალილოს,
გაშხეფებთ მირონს...
ჯერ ბევრი დგას ქართლის ჯიქანში!

ნუ ამაყენებ...
ღვინო ჩამრჩა მღვრიე ჭიქაში,
შიგ ჩემს ოცნებას
ფრთები მინდა ჩავაბანინო!..

*
მტკვარზე ღრუბლები
დაბურდულან, იალქანებად
დიდუბის თავზე
ლამპიონი ლიფლიფებს კრთოლვით,
ბოლო ტრამვაი
ყორანის ხმით მიექანება,
მოდის ნიკალა თავშიშველი,
მოჰბარდნის თოვლი...
დაეძებს სარდაფს,
თუ თვისს საფლავს უმისამართოს, -
თუ ძიმწარის წვენს,
გაათაოს ბარემ შავი დღე!
ერთ მუშამბაზე საქართველო
როგორ განმარტოს,
მალაკნის ქუჩით -
მთაწმინდაზე როგორ ავიდეს!

გული დაიწვა
და მაყალიც გაციებულა,
მთვარესაც სცივა, მოწანწალეს...
ჭირხლი გაუშვა...
ფანჯრის მინები ნაჭედ ვერცხლით
დამძივებულან,
ფუნჯშეყინული შეეხიზნე კიბეს,
რა უშავს!

თუ გაგიხურდეს შუბლი ცეცხლით,


ნუ გეშინიან,
დაფნის რტოებით
გაგიგრილებს ერი, ფიროსმან,
და თუ დანაცრდი,
შავარდენი დაგეშილია,
ძირს დასცემს სიკვდილს,
რაც არ უნდა დააპიროს მან!

თანამგზავრებად მოგყვებიან
შენი ფერები, -
სხივნარა დილა წიწილებით,
ვარდის ალმასი,
სავსე ქართული საწნახელი,
დაუბერები,
თავთუხის ყანა.
დურაჯი და ჭრელი კალმახი!

- მე არსად წავალ, არც ინდოეთს,


არცა ხატავეთს,
ფუძის მიწიდან ამონაფრქვევს
შევსრუტავ ფერებს,
ჭვარტლში აურევ ჩემს ტანჯვებს და
მით ვიმხატვარებ,
ავფერავ მიწავ, მშობლიურო,
რაც შენ შთამბერე!

*
ჩარექა, ხონჩა.
ხოხბის ბაღჩა. ჯოგი მსუქანი.
გადმოფარჩული გაზაფხული
აღდგომის კვერცხით.
ტივი ჩირაღდნით.
დუდუკი და „თეთრი დუქანი“,
ვაზშემოკრული ეკლესია
ყურძნის ნაკვერცხლით.

- აძაბულ ირემს რა უთხარი,


რა დაავალე,
თუ შენი სევდა მიათვალე
ჟირაფის თვალებს?
თუ მეეზოვეს ჩააბარე
თბილისის ღამე,
მაშ, ღელეები
ნათლით როგორ აასისხამე?
და ორთაჭალის
კოჭიბროლა სირინოზები
მთვარის ლოგინში
ვით აქციე ანგელოზებად?

ფრთასისხლიანი ფრინველივით
გულს ურტყამ სარდაფს,
ფართხალებს გული,
ვით ბადეში ლურჯი ჭანარი.
იქნებ ტკივილი საჭიროა?
ცრემლების ღვართქაფს
რომ შეუერთე ჭაობური
ფერი მსჭვალავი...

შენი სავანე საყუდარი,


გამხდარა კიბე,
სადაც ბავშვები ქვებს ესვრიან
შენ სიღარიბეს...
გულში ჩაიწყე შენ ის ქვები...
ცრემლებით ჰკრიბე...
და აპატიე ყველა გულშავთ,
ჭკუით აფრაკებს...
- იცით, ჩემ სახელს რომ იცნობენ
რუსეთს... საფრანგეთს...
გამკაცრებული გადაავლებ თვალს
ამ ყეინებს,
მაგრამ წუთიერ...
და არავის არ აწყენინებ...
თავდაბალი ხარ
ყანასავით, შენმა ცხონებამ.
გაჰკვირვებიათ,
არ იცოდი შემათხოვრება!

დიდი ოსტატი მწარე ბედმა


დუქანს მიგლურსმა!
ვერ გაგახარა
საქართველოს ცათა ფირუზმა;
ვერ დაიტიოს ვერც ეტრატმა,
ვერც პაპირუსმა,
ეკლები, რითაც
დაგისერეს გული, ფიროსმან!
შენ ხარ იგი ხე,
ათას წელში ერთხელ რომ ჰყვავის...
შენ - ხალხის გულის ყვავილი ხარ,
ცრემლით ნარწყავი...
ფესვივით სვამდი...
თვით ფესვი ხარ,
ხალხში გადგმული.
ხალხის სისხლხორცო,
დღე დაგიდგა გულის დათქმული...

ფუნჯის სანთელი
სარდაფიდან დაიჩახჩახებს,
თუმცა მუშამბას
გაუვიდა ყველა ვადანი,
ვემთხვევით დამზრალს,
შენ დამაშვრალ ხელს, მოცახცახეს,
რომ ჯადოსნურად გადაგვიხსნა
ოქროს მადანი!

ძველმა აბრებმა,
დაცვარულმა ვარდის კონებმა,
გახსენეს ღიმით,
მოხეტევ და ბავშვო ძმობილო!
მე დავაწვეთე ღვინო პურზე
მოსაგონებლად,
გთხოვე, კალამი შენს მირონში
ჩამაწობინო!

შენში ათასი უსახელოს


იწვის ოცნება,
ათი-ათასი გარდასულთა
ფიქრი ნატარი,
საუკუნეთგან
ეგ სახელი გაიკოცნება,
ქართული ფერის, სურნელების,
სიბრძნის მხატვარის.

ბრმებისთვის იყო
უხილავი შენი ნათელი,
აწ ოქროს პერანგს
შთაგონება იცვამს მჩვრიანი,
მიწას დაგვალულს
გაანედლებს შენი ჯანმთელი
რძიანობა და
შენი ძროხის ცურის შხრიალი!

შენ დაიკარგე,
შენ გადადნი ხალხში უჩინრად,
როგორც მწვერვალი დნება ხოლმე
ბინდში ხვეული;
რომ განთიადზე
აღიმართოს ახალ სიმაღლით,
შედედებული ბურუსიდან
ამორხეული...

შენი მარჯვენა
ქართულ მიწის სიმაღლე არი,
ბარაქის დამდე
და ამწევი საზეპუროდაც...
მონაგრებულა
შენი ფუნჯის ლუკმა მდღევარი,
გამოღალულთა,
უღალოთა დასაპურებლად.

არ გაფრენილან
არწივები საქართველოდან,
აქვე რჩებიან,
რათა სული მაღლა ასწიონ!
თუ საოცრებას ჩვენი სული
აღარ ელოდა,
შენ შეგვასწარი,
შენ, ქართული ფუნჯის არწივო!

კახეთის ღონეს საწნახელის


ღარებით სვამდი,
მის ნათელს სვამდი,
ისრუტავდი მის მრავალ ფერებს,
მართალი იყავ გუთანივით,
უკუნისამდი,
ძლიერი იყავ და ჯანმრთელი,
რა დაგაბერებს?

დამტევნებული ვენახებით,
ვარდისუბნებით,
საწნახელებში
ოქროხმოვან ღვართა დუღილით,
ცეცხლით, ქარიშხლით,
სინათლით და თავისუფლებით,
სცოცხლობდეს შენი
ქართლის მიწა გულდაუღლელი!

შარავანდედი მრავალ შვილის


მოიფინოს მან,
ბევრი კოკორი
ხვალეც არი გადასახსნელი...
დაგეამბორე სიმღერის ხმით,
ნიკო ფიროსმან,
და საქართველო
დავიფიცე შენი სახელით...

ფიროსმანი
(ფრაგმენტები დაკარგული პოემისა)

მეორე ვარიანტი

*
გრგვინავს თბილისი, დიდი ბაზარი,
რა ღრიანცელი, რა ტკარცალია,
ბრძოლა გროშისთვის არის საზარი,
აქ ოცნებისთვის არა სცალიათ!

სიმსუქნისაგან დალექებული
და ჩაგოდრილი მუცელ-ფაშვები...
ვაჭრები ჯიბე გასუქებულნი,
ჩარჩები ბაზრის ყიზილბაშები.
ასე ჰგონიათ, საწუთროება,
რომ მათს გაქონილ დახლზე თავდება
და რომ სინდისი და სათნოება
მხოლოდ მათ ფულზე დახურდავდება!
ირგვლივ არტალის ოშხივარია
და შამაიის სუნი ტრიალებს,
აქ ოცნებისთვის არა სცალიათ,
აქ ყველას ფული სულს უმტვრიანებს.

*
ვის გაქვთ კედელი თავისუფალი
ღვინის სარდაფში! მე დაგიხატავთ!
ჰეი, ვის გინდათ, მოდით, დაგხატოთ,
მე ფუნჯის ერთი მოსმა მწყურია!
თუმცა, ქალაქი, თბილის-ქალაქი,
მისი ნახატით მოკირწყლულია.
დღე აღვსებისა ჰქონდა მარადის,
დიდ კოცონივით მუდამ იწვოდა.
დასრულებულ დღის სიცარიელე
არა სტანჯავდა, მან არ იცოდა!
წუთით არ ჰქონდა ცეცხლი დამცხრალი.
მზეს და ცხოვრებას ერთად იწოვდა
ნიკალას ფუნჯი გაუმაძღარი...
- ჩვენ ყველაფერი უნდა დავხატოთ,
რასაც კი ვხედავთ, რაც თვალწინ არი!
მუყაო, ტილო, ავაღაღადოთ,
ქარი მღვიძარი, ხალხი მძინარი!
ჩვენ ყველაფერი უნდა დავხატოთ,
და გულის ცეცხლით უნდა დავდაღოთ -
ზვირთი მდინარის, ცა მომცინარი,
ხალხი, ცხოვრება, რაც თვალწინ არი!
ხალხში და არა სახლში ტრიალი!
ერთად და არა ცალცალკეობით!
ავაგოთ სახლი სინათლიანი,
შიგ ვიმუშაოთ ძმებო, მხნეობით.

*
ნიკალას უკვეთავს მედუქნე რიხით,
რწყილიატყავე, ეშმაკის ბრიყვი:
- ეს დამიხატე, დამისურათე:
აქ უნდა ზღვაში გემი სცურავდეს.
აქ შესძახოდეს მთვარეს ბულბული,
აქ გამორბოდეს დათვი ბუბუნით.
იმ დათვს მე ვკლავდე, თოფი მეჭიროს,
თავი ვაჟკაცად გამომეჩინოს.
ცხელი ხარჩო და ხელადა ღვინო
ულუფად გქონდეს! მეტი რა გინდა?
მხოლოდ იცოდე, არ შემარცხვინო.

მე ვარ ამ დუქნის ღმერთიც, უფალიც...


დახატე ისე, როგორც მე მინდა!
რომ არ დააკლდეს ერთი კურცხალიც,
ზღვა-ოკეანე მთვარით, გემითა...

- დახე ტილოზე რა მოხდა:


მებადემ ბადე გაშალა,
ტყიდან ირემი გამოხტა,
ნუკრი მოსდევდა თვალშავა,
დასხმულ ვარდებმა დაფარა
ბილიკები და გზაშარა...
- ეს ღვთიდან არი, იცოდე,
ეს არ გეგონოს უბრალოდ!
- ვის გინდათ ნიკას სურათი,
ღვინოში გამოუბაროთ,
- ჭიქა არაყი ეყოფა!
ფული რად უნდა ნიკოლას.
- ჯიბე ხომ არ აკერია,
რას არგებს ფულის მიყოლა? -
იტყვის ეშმაკის ჩახმახი,
მიაწვდის არყის ნაწურალს...
შეიღიმილა ნიკოლამ,
არყის ტალღაზე გაცურა...

*
სძულს ყრიალი და აურზაური,
ქალაქის უხმო ამპარტავნება,
ბალახ-ბულახში გახვევა უყვარს,
ჩანჩქერი გულზე ეტორტმანება.
ყრმობის ბაღების ნასურნელები
ქალაქშიც ისევ მოედინება,
სოფლის მდინარე დედის ხელებით
ფიროსმანის გულს ეფოფინება.
ელამაზება მინდვრის ჩითები
ფერადფერადი, რა უფასური.
და გული ნაზად აუჩვილდება
თუ ნახა ვაზი - სვეტზედ ასული.
უყვარს კვირადღით სუფთა საცვალი,
უნაბქვეშ ჯდომა, ხალხის ყურება.
თბილისის ვარდი, დილის ნაცვარი,
გულს სისპეტაკით მოეწყურება.
რად ეძახიან მაშ, სარდაფები
ნესტით, ბუღითა და ოშხივარით,
ქუჩების მწვირე ნაღვართქაფები,
კირით, გოგირდით, ნავთით მქშინავი.

*
- აქ ვინ ჩააგდო, ვინ გაიმეტა
და რომელ ქაჯმა გამოატარა?
- საცოდავია! - ამბობს მოკეთე,
ლოთია! - იტყვის ენაჭარტალა.
- მღებავი არი! - სთქვა დიდმხატვარმა
თან პირზე შხამი გადაედინა.
ფუნჯის აღება ბავშვურ ნატვრამა,
თუ თავხედობამ გააბედინა?

- ნიჭიერია უსათუოდ, - მართალი არი,


გაურანდავი მხატვარია! -
ამბობს ცილინდრში
ჩიტირეკია სათვალიანი.
მაგრამ სტუდენტი ლურჯხალათა
სიტყვას მიახლის:
- ასეთ ნიჭს გვტყორცნის
საქართველოს ალმას-წიაღი!
და არ არსებობს არა ძალა დედამიწაზე
ჩაკეტოს იგი,
რაც ხალხის გულს აამეტყველებს...
თვით ფიროსმანი კასრებშუა ზის გრძელ ფიცარზე,
მინახშირებულ ცეცხლზე ითბობს,
გაყინულ ხელებს...

- მე გინდაც მოვკვდე უსაფლავოდ... ჩემსავ ჯოჯოხეთს


მე შეურიგდი... მე ვიშრომე... ჩემი მივიწყე.
ჩემს ბედის ფრინველს ქვა ესროლეს, ფრთები მოსტეხეს,
ამოვარდნილი ვენახივით გადამივიწყეს...

*
- ლიტერატურულ ფარვანას ჰხედავ,
გათავხედებით როგორ ახევდა?
ღაღადებს: ნიჭის დიდი გვალვაა,
შემოქმედების არი შიმშილი!
თუმც გვერდით ჰყვანან - ვაჟა-ფშაველა,
ფიროსმანი და სულხანიშვილი!
- ჩვენ გვინდა ნიცშე!
ჩვენ გვინდა ნიცშე!
ზეკაცი გვინდა მაღლა ამწევი.
საქართველოში, კარგად იცი, შენ,
მეტად მომრავლდნენ ქონდრის კაცები,
ჩამორჩენაა! რა უნდა მოგვცენ!
დიდი აზრები გამოილია,
ჩვენი მგოსნები ვერ გავლენ დოღზე,
ხომ ყველა გზები გადაჭრილი აქვთ!
გამონაძალი საცოდაობა,
დაობებული სიტყვის მჭევრობა,
უიმედოა ჩვენი თაობა,
ჩვენი ხსნა არის - მხოლოდ
ევროპა!
რა ხალხურობა,
და ეროვნება?
ხალხურ-გლეხური
ერთფეროვნება!

*
ტვინგალაყებულ მოლაყბის ყბები
ასე ამკობენ ქართულ ნიჭს ყეფით:
- ბატონო, ნახეთ!
- ახ ფიროსმანი!
ნეტა ვინ არი,
ქურთი? ოსმალი? -
წამოთქვა მკვახეთ.
- არ ურიგდება დღეის ცხოვრებას,
მას ფეხქვეშ ხოხვით არ დაგებია;
გაუტანია ცეცხლის ცხროებას,
და მხოლოდ ფუნჯზე გადაგებულა.
დახეულებში დადის ამაყად
ჰხედავ, ის ფუნჯით, როგორ ამაღლდა...
მაგრამ გულზე კი ასი ლოდია!
ათასი წყლული მწარედ ატყვია,
გოლგოთას ოფლი
დასდის თქრიალა...
მჭლე გულით მოდიან,
მშრალ სიტყვას ეტყვიან,
იმედებს აძლევენ
და პურს კი არა!

*
გულქვა არი ქვაფენილი
ოფლის ჟანგით დაფერილი...
გულქვა არის ის ფანარიც
შემოდგომით მჟინჟლავ ნისლში
განა სხივებს?
ეკლებს ისვრის...
ობობაა, რომ ანათებს,
იგი მხოლოდ სიკვდილს მოჰქსოვს,
დაგიჭერს და მთლად გამოგწოვს...
ვერაგული მოღალატე.

*
ტიროდა ღამე შემოდგომისა
ნისლში ბჟუტავენ კრთომით ფანრები.
აღარ გაქვს ღონე ფეხზე დგომისა,
მთვარეზე მეტი ვინ გყავს მფარველი!
- ვინ გამოგაგდო?
კითხულობს წვიმის
შიშველი სული...
- ვის ეფარები?
- ახლა, ნიკალა, საით წავიდეთ
ხომ ვართ ორივე თანამგზავრები!..
ჩქეფით შესძახებს საწვიმე ღარი,
სახურავების გამდნარი შხამის,
ქალაქის ჭუჭყის გადამრეცხავი,
ეჩურჩულება, ესაუბრება,
ეჟღურტულება, როგორც მერცხალი:
- რად ხარ ფერმრკთალი?
არ გაქვს ფერწყალი!
აღარც კერა გაქვს,
არც ნაკვერცხალი!
საით წავიდეთ?
დავრჩით მე და შენ!
აღარც საფლავი, აღარც ზედაშე!
თავში ნაშენით მოსთქვამს და სტირის
ნოემბრის ცრემლთა საწვიმე ღარი.
ხან ლაზღანდარობს, როგორც სატირი,
ხან ფიროსმანის შავ ბედს შეჰხარის...
ვიღაც ეძახის: ბედს გაგინასკვავ,
ქუჩას მიგაკრავ, სიკვდიილს ინატრებ!
მე ამოგიჩენ ბედის სხვა ვარსკვლავს,
შავ სარდაფებში დაგაბინადრებ!
- ნუ დამისაზღვრავ ქუჩის ქვაფენილს,
მე საწყალი ვარ,
ნუ დამამწყრალებ,
ერთხელ მიყვარდა,
ერთხელ დავთვერი,
მარად მივტირი მთვარეს ნამცხრალევს...
სარდაფში სევდით სტირის არღანი,
საწუთროსავით დაიმკვნესარებს,
ფქვავს ძველ იმედებს,
ტალღა ტალღაზე,
სძირავს უფსკრულში ცრემლით მკვესარე.
მიჰქრიან დღენი ყორნის ფრთებივით
საწვიმე ღართან სტირის არღანი...
ცვივიან დღენი ნაფერთლებივით,
რა ჯილდო არი...
რა არმაღანი...
იწვიმოს წვიმამ...
იდინოს ღვარმა...
ცეცხლს ვერ ჩაგიქრობს ქვეყნის წარღვნანი...

*
რამდენი ჰხატა მთები და ზღვები,
ვარდი და ვაზი ააღაღადა,
ერთი სწყენია საწყალ ნიკალას, -
თავისუფლების ხე ვერ დახატა,
ხე - მწვანოსნობით სახელგანთქმული, -
ერის აღთქმული!
- მინდოდა მენახა სამშობლოს სიკეთე,
ბედნიერება,
დიდება მისი!
გზები ორთავეს გადაგვიკეტეს,
თავისუფლების ვერ გავხდით ღირსნი!
- და თუ დღეს ცრემლად სწვიმს ჩემი ერი,
და იწვის, როგორც ძველი აბედი,
წარსულით სავსე ჩემს ქვეყანაში,
ვიცი, მომავალს ექნება ბედი!

...თოვლი დნება და გაზაფხულს ველი,


მაისის ძარღვი მწამს ადუღდება!
ჰაეროვანი, უჩინარ ხელით
მამულის მიწა აზურმუხტდება!

***

ძველ ჩოხაში მოდის მტკვარი


ცაცხვის კვარით.
ვაზის ფოთლით შუბლნაბური
ღვინითა და ლუკმაპურით,
კოცნითა და დუდუკის კვრით
ტალღა ტკბილი უვლის თბილისს.

ორთაჭალა...
საზანდარი...
- აზამბარში!
- აზამბარი!
თაფლმოსხმული სიტყვა,
მოლიცლიცე ყანწი...
ჩაწითლებული მარწყვი - ორთაჭალის ტურფა...
აღარა აქვს ქანცი...

ჩაქიშპებული მედუდუკე ლოყებს იხეთქავს,


მოწამლული ხმა ჰკივის ბაიათს,
მთვარე ხან თაფლად და ხან თოვლად გამოიხედავს
- ხომ გიყვარს მტრედის თვალის ბაია?
აბრაზე სწერია: „ნუ წახვალ ტრედონა!“
ვინ წავა აქედან ერთხელ თუ მოვიდა?
წავიდა? დამტოვა? მე ჩემი მეგონა!
არა, ვინ დასტოვებს ლხინის მოედანს?
ვინ წავა? ჯავრით ნუ იფურტკნები
დაკურთხებული მადლი აქვს მიწას,
მადლი, მირონი ამდენი ვინ მისცა?
ზედ მოჰსევიან, როგორც ფუტკრები.

- არავინ არ მიდის...
დააბეს მერანი...
სავსეა სამშობლო სისხლის მოგონებით...
ნებით წასულა არც ტამერლანი,
არც შაჰაბაზი, არც მონგოლები...

თუმც, ოქროს დილა ჩვენთვის დაგიშრეს,


მაინც საწნახელი ხომ ვერ დაგიშრეს,
მირონმომდინარე მარანი...
ნუ გეშინიან, არავინ არ წავა,
წამსვლელი არავინ არ არი!

ნუ გეშინიან... არ წავა მარგო,


მე, შენს ეჭვებზე გამცინებია...
თაბორის მთაზე მთვარეა მარტო
და ბულბულს ფრთაზე ჩასძინებია...

***

ო, მარგო, მარგო,
სიყვარული განა ვინანე,
შენი თვალების ბნელ ხავერდში
დამაბინავე;
მე მცივა მარგო...

სადა ხარ მარგო,


დავიწყებულო მუჭავ მტვერისა...

***

მარწყვს მივამსგავსე შენი ღაწვები.


შენი ტუჩები, შენი ელფერი,
გამონაყოფი გაზაფხულისა,
მართლაც მარწყვია დაუკრეფელი!
მითხრეს ბავშვებმა მარწყვის კრეფის დროს, -
მომატყუებდნენ თანატოლები:
- ხელი არ ახლო, გველს გაუვლია,
მოშხამულია!
მივატოვებდი ანათროლები
მარწყვს ლალისებურს,
რათა მეპოვნა სხვაგან ახალი,
თვით ეცემოდნენ მყისვე ბიჭები
დაწუნებულ მარწყვს სწყვეტდენ ხარხარით.
შენი ტუჩები, შენი ლოყები
მეც აკრძალულ მარწყვს მომაგონებენ,
ხელი არ ახლო! - მეტყვის ასაკი,
დრო გველი არი!.. და მაღონებენ
იქნებ სხვას დარჩეს უბის მარწყვებიც,
რად მეუბნევა, რად მიგრძნობს გული.
მარწყვავ, როგორც იმ ყრმობის მარწყვის დროს,
აღარ მსურს დავრჩე მოტყუებული!..

***

ჩვენ კვიპაროსებს ვეკითხებოდით


შენი სამარის ადგილნიშანზე,
ისინი ხალხზე მიგვითითებდნენ
და არა ყვითელ მიწის ქვიშაზე.

ჩვენ კვიპაროსებს ვეკითხებოდით


საიდუმლოდ რომ ნიავქარობენ,
ისინი მზისკენ იშვერდნენ რტოებს
და სიცოცხლისკენ მიიჩქაროდნენ.

ჩვენ კვიპაროსებს ვეკითხებოდით


მათ კი - დახარეს თავი თბილისზე,
ირგვლივ ჰფეთქავდა დიდი შუადღე
და არა უკვე გარდავლილი დღე.

პანთეონის თაღს დაამჯობინე


კუკიის მიწის მორცხვი ენძელა,
ბავშვებს ქუდებში გაარჭობინე
შენ მათთან ძმობა არ გაგიძნელდა!

***

გამოიძინეს ვარსკვლავებმა.
საუკუნენი მომძახიან სიონის ხმაში,
მიჰქრიან ფარნები წყვდიადში,
მისდევენ წვიმას ციმციმით.
აწვიმს ნიკალას აჩრდილს
დატვირთულს ცხოვრების სიმძიმით.

ხოხბის ბურტყლით აელვარდა დაისი.


ჯერანი. ჩინარი. ტევანი.
ხევნი. მარანი. ჯავარი.

სიონის რეკვაში მომძახიან საუკუნენი,


გარკვევით მესმის ანარეკლი ძველ გალობათა!..

***

მამლის ყივილი,
სიონის ზარი
დიდი ხანია, აღარ მსმენია
თბილის ქალაქში...
და რაოდენად ამაზრზენია
და უფრო მეტად არი საზარი, -
გაქრა მემწვანეც... მტკვარზე ტივები
და ორთაჭალის მულღაზანზარი!

ბიჭო-გოგია

კაკლის ტოტზე სჩანს ოქროს ჭაღადა


ისევ დამძახის „ბიჭო-გოგია“,
თუმცა ბიჭობა გამიჭაღარდა,
რადგან ცეცხლი არ დამიზოგია.
მზე გადავიდა ცეცხლით მკვესარე,
წითლად მოსილი ვით კეისარი,
გრილი სხივები მეთამაშება...
ნუთუ ოცნება გადამწველია
მისთვის, ვინც დადგა ლექსის ხარატად.
სახე დაბანგა? მაჩვენეთ სარკე!
სიჭაბუკის გზა უფრო გრძელია,
გზა მოკლე არი სიბერისაკენ.
მე გრძელ გზას ვირჩევ, ყველა თასმებით, -
მისთვის დღევანდელ დღეს ვეტმასნები,
ნანგრევთ ნაკედლარს ვით ეკვრის სურო,
ჩაგჭიდებივარ დღევ მაისურო!
მე სიჭაბუკის ოქროს ავჟანდის
ჟღრიალი მესმის და მიხარია
გული რომ ცეცხლის ალით დავშანთე,
ჭაბუკობა რომ მომიხმარია.
მისთვის არ მინდა გულის საზღვარი,
მინდა ჰყვაოდეს მულღაზანზარი!

***

ზღვავ, იხმაურე და ლურჯი ბუქის


ნამცვრევი პირზე შემომაყარე!
აღსდგა სამშობლო და სიჭაბუკის
ცეცხლიანობით ჩემს თვალს ახარებს.

აღსდგა ოცნება, აღსდგა იმედი!


გადაღმა მიმქრალ ფირფატს გავყურებ
მას ვატან სალამს...
სევდა იმ ერთის,
მძიმე ნისლივით გადამახურეს...

ზღვაო აღელდი! და თუ გიყვარდე,


მაშხეფე შხეფი ტრაპიზონისა,
ძმა დამიბრუნე, ძმა მომიყვანე,
ნაცვლად მტაცებელ იაზონისა!

***

სულ შენ დაგადნე მდნარი ღრუბელი


აღვარებული ნიაღვარითა...
გადავიწვიმო... ცაში გავზარდო
ვარსკვლავი ჩემი სახელობისა,
ვით იაგუნდი გაცინებული!

ვიდრე ვმღეროდე, შენ გიმღეროდე


ნაშალს და ახლად გაშენებულსა -
ლოდმაგარ ქვითკირს, მტკიცე სახიზარს...

გადავიმღერო... მერე სხვა მოვა,


ლაღი ჭაბუკი მზის ქალაქისა,
ექნება ლექსი გახურებული:
სიტყვა - მკვესარი ნაპერწკალითა,
სიტყვა - ამტყდარი წვიმასავითა,
ცისარტყელებით შედედებული...

***

შენს ბავშურ თვალებს, როდესაც ვუმზერ,


იქ წმინდა ზეცა ნაჩვენებია,
ოცდაათი წლის ვაჟკაცურ გულზე
შენი ნათელი დამშენებია...
შენი ღიმილის დამდნარი ვერცხლი,
მეძახის როგორც სიცოცხლის ზარი;
სცვივა ირმის გზას ცისკარის ცეცხლი, -
იწვის ვარსკვლავთა დიდი ბაზარი!..

***

დალალები... დალალები...
ჩემს ხელში ვინ მომიქუჩებს?
დანანებით, დანანებით,
მე შევყურებ მარწყვის ტუჩებს.
რა ვნახე და რა ვიპოვე
კოცნა მწყურის და ამბორი.
თუ არ გინდა სიახლოვე,
რაღად გინდა ყოფნა შორით.
მომაწოდე ტუჩის ლალი,
გაზაფხულის ნაბრწყინვალი,
უკვდავების ღვინოდ შევსვა
შენი კოცნის ნაპერწკალი!
დალალები... დალალები...
ეგ სიმდიდრე სად ვიშოვე?
გულში სევდა გადაზღვავდა,
ვაჰ, სიშორევ!
ეჰ, სიშორევ!

თვით მზე წერილს მწერს


(ფრაგმენტი)

ჩემი წყურვილი და მისწრაფება


რა ჟრუანტელით სთქვეს მიზრაფებმა,
ცამ წამოცრემლა სადაფის წვიმა,
აჰყვნენ ხეები მექვითინენი.
რაც გადმოშხეფა ვარსკვლავთ ბარძიმმა,
სულში ატოკდა ნაზი დინებით
ბაღის ცისკარი, შადრევნის შხეფი.
ჩემს ფანჯარაში დილა იცინის,
დილა მზისფერი.
ბულბულის ყეფით,
ვარდზე ფიცილით,
მე მზის ნაცრემლით დავწერე ლექსი...
***

სევდა ნისლივით სულში გადადის,


და შორ ოცნებამ გული დაღალა.
სულაც არ გესმის ჩემი ღაღადი,
ბედკრული არი მართლა, ჭაღარა!
დახურე წიგნი უძვირფასესო,
ჩემს სიყვარულზე გეტყვი აღარას!
დახურე წიგნი, ძვირფასო, წყნარად, -
ეჰ, შენმა გულმაც არ შემიწყნარა!
მშვიდობით, ტურფავ (იქნებ „ნახვამდის“!)
მომავლის დღენი შეგერგოს მტკბარად!
ჩემი ოცნების წმინდა ნათელი
აგდევნებიდეს მარად და მარად!

***

ბორჯომის ცაო,
კოცნად გახსნილო,
ცხრაწყაროს მზეო,
რქაცეცხლიანო...
კიდევ გახსოვარ -
ზოვრეთის დილავ?
დილავ, რა დილავ,
შე სატიალო!
მსურს,
ლექსის ქარში შემატრიალო!

***

ლეგა ქორივით აფრინდა ბოლი...


აირუმი დღე...
ნისლი მბუდარი -
თითქოს გულშია ჩამოსტამბული...
თითქოს უბეში გედოს სუდარი.

აივნებს ქარი მიაყრის ფოთლებს -


აფრინდებიან ქარვის ჩიტები,
გულს - შავი სევდა, შავად მდაღველი...
რა ვკითხოთ იობს? - მრავალის მომთმენს,
გაძღა სიმწარით
დათვრა ნაღველით!..
ფაფარიანი ვარსკვლავი არ სჩანს,
თუმც, სიკვდილამდე რაღა დრო დარჩა!
აღარც დიდება მოდის ფრიალით.
სალუკმაპურო შრომა და გარჯა,
გულშიც გრიგალი ფოთლით მფრინავი...

***

მსურს ვიყო წნორი


გინდაც ღიღილო,
ოღონდ ივრის პირ
დავიღიღინო!

***

როცა ჩემს თავზე საშიშარი ნამეხარია,


შენ გეჭიდები, შენ მოგმართავ, როგორც იარაღს...
შენი დანახვა და გამოვლა რა მიხარია,
თითქოს ქუჩაზე გაზაფხულმა გამოიარა!

***

რაც ცეცხლის ხელი მახელი,


განა კიდე ვარ ანდეზე?
დავწერე შენი სახელი
თბილისის ყველა ჭადრებზე.
მტკიცეა, შეულახველი
ყველა დაწერილ ანდერძზე.
ის უკვდავების მჭვრეტია,
ბევრია მისი მნატვრელი,
რადგანაც მონაჭედია
შენი თვალების ნათელით.
მოვიდეს თითონ მედეა,
შენთან ვინ არი ჩამთვლელი,
უშენოდ რაა თბილისი? -
უდაბნო დაუწვიმარი.
გინდ მარტო შენი ღიმილით,
თბილისი მუდამ წინ არი...

ოქროს ჯვარი

თვალს ლულავ და ღაწვს გიბურავს


მელნისფერი წამწამთ ჩერო. -
და შენ ძალგიძს, მაგ ღიმილით
შენს წინ ღმერთიც შეაჩერო,
დაავიწყო ღელვა ზღვასა
და ცეცხლს გული გაუყინო,
ენა მისცე თვით სიჩუმეს,
მაგრამ არ კი მოუსმინო!..
...თვალს ლულავ და ბაგეს აპობ, -
ლალის ჯაჭვით გადანაბამს
და მაგ წუთში ჰქმნი და ამსხვრევ
თვით დასასრულს და დასაბამს!..

გამონაკვეთ ფიქალის მკერდს


თხელ მარმაშის ფარდა ჰფარავს -
და ეგ ფარდა რაღაც ჯადოს
მკეთრი ელვით დაუბზარავს.
და ნათლად ჩანს, ოქროს ჯვარი
როგორ გიმკობს გულის კარებს! -
ბრწყინავს, ბრწყინავს ოქროს ჯვარი
და ორ გუმბათს გიელვარებს!..
...გამონაკვეთ ფიქალის მკერდს
ჯადოსნური ფარდა ჰფარავს,
და მის ღელვა, წარსაწყმედად
ათი ათას გულს იპარავს!..
და მე მიკვირს... ეგ გული ხომ
ტაძარია შეცოდების,
შიგ ცდუნება ბუდობს მავნე
და კანდელი ბრწყინავს ვნების -
შიგ ლამაზი გველიც ცხოვრობს
და სატანა ათასგვარი.
მაშ მაგ არარწმენის ტაძარს
რათ ამშვენებს რწმენის ჯვარი?!
...მიკვირს, ღმერთი სილამაზემ
ისე როგორ შეისყიდა,
რომ მის ჯვარი - ბოროტების
სამრეკლოზე ჩამოჰკიდა?!..

***

განა სიყვარულს აგვიანდება?


გინდაც ნუშის ხე მე მყავს თავდებად,
რომ გადათოვლილ იანვრის თვეში
იცის უეცრად ტოტის ანთება.
ირგვლივ თოვლია, ის კი ჩახჩახებს
და გინდაც ყინვამ დააძროს ხვალე,
ის არა დარდობს, უყვარს და ჰყვავის
და თითქოს ამბობს „ შენ გენაცვალე“.
განა სიყვარულს აგვიანდება?
მოსკდა გულში და ცეცხლი ავარდა,
ვინ დაიბარა, ვინ დაუძახა
შემოაქროლა თავისთავადა!
განა სიყვარულს აგვიანდება?
მას იტყვის, ვისაც დაუჭკნა გული!
დაე, ზამთარმა გამოიტყუოს
თუ გულში ცეცხლმა გაინავარდა.

***

ბაღს - შადრევანი,
რაშს - შატროვანი
და შენ კ