Professional Documents
Culture Documents
გიორგი ქავთარაძე
ინსტრუქცია:
როგორ დავაღწიოთ თავი მტაცებელ ცხოველებს
"დამეხსენი ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო!
თვით ოხერო, მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო?
ბუნებისგან დაჩაგრული
განა შესძლებ მეგობრობას?!
მოშხამული, ცივი გული
სხვას რას შესძლებს,
თუ არ მტრობას?!
წლიდან წლამდე უცნაურად
გეყინება ტვინი თავში!
უნდა ძალაუნებურად
ეხვეოდე დათვის ტყავში!"
"ნაძალადევ საქმროს".
ათიოდე წლის წინათ ხშირად გაისმოდა ხოლმე (და რამდენადაც საოცარი არ უნდა
იყოს ამჟამადაც გაისმის) მოწოდება, რომ ”დათვი (ტრადიციულად იგულისხმება
რუსეთი) რომ მოგერევა (ან შემოგვხვდება), ბაბაია დაუძახეო”, თითქოს დათვს
თოფით (ანუ წინააღმდეგობის გაწევითა თუ შებრძოლებით) კი არა, არამედ ენის
მოჩლექითა და ლაქუცით დავაღწევდეთ თავს. ამიტომაც იყო, ხშირად რომ
ვიხსენებთ ხოლმე, რომ როდესაც სოხუმში დახოცილი ჯარისკაცები
თვითმფრინავიდან კუბოებით გადმოჰყავდათ, მათივე ზოგიერთი თანატოლი
გვერდით მდებარე საჰაერო ბილიკებით დუბაისა და ვარნასკენ მიიჩქაროდა. თუ
შუასაუკუნებრივი და პირველი მსოფლიო ომის მომდევნო ხანის საქართველო,
”სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანითა” და ”ვეფხვისა და მოყმის
ბალადით” სულდგმულობდა, მტრის მიერ დანაწევრებული, ღირსებააყრილი და
”საესენგეოდ” გამზადებული ქვეყნის დევიზი იმდროინდელი საქართველოს
მმართველთა მიერ არაერთხელ განმეორებული დათვის შესახებ ზემომოყვანილი
”ბრძნული აფორიზმი” გახდა. შემთხვევითი არ უნდა იყოს დაახლოებით ათი წლის
წინ ანკარაში შეხვედრისას რუსეთის მიმართ ისრაელის სახელმწიფოს მეთაურის
მიერ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლისადმი თქმული ფრაზა, რომ ”ვეფხვს
ციცუნია, ციცუნია რამდენიც არ უნდა უძახო, კატად ვერ გადააქცევო”. ნამდვილად
არ არის ეს მტაცებელი ცხოველებისაგან თავის დასაღწევად გამართლებული
საშუალება! არადა ზოგიერთ ქართველს ალბათ არასოდეს სმენია ვაჟას ნათქვამი, რომ
”თავისუფლების მომტანი ამ ქვეყნად მხოლოდ თოფია!” ამიტომაც აღმოვჩნდით
გაუსაძლის მდგომარეობაში და ესენგეში შესვლის საფასურად ”რძის მდინარეებისა”
და ”კისელის ნაპირების” მიღების მოლოდინში, რასაც ერთი იმდროინდელი
პარლამენტარი გვპირდებოდა, შიში, შიმშილი, სიცივე და სიბნელე ანუ ნამდვილ
სახელმწიფოებრივ დონეზე აყვანილი ტერორი მივიღეთ, რათა ამის
განმახორციელებელთა ჩანაფიქრით, საბოლოოდ დავთრგუნულიყავით და ერთხელ
და სამუდამოდ გადაგვეფიქრებინა რუსეთისაგან დამოუკიდებელი ქვეყნის აშენება.
ალბათ უმჯობესი იქნებოდა ქვეყნის ხელმძღვანელობას ერთხელ და სამუდამოდ
განეცხადებინა კრემლისათვის, რომ საქართველო არ აპირებს და არასოდეს
დააპირებს, ღვთის წყალობით, რუსეთის პროვინციად გადაქცევას და მის მუდმივ
საჯიჯგნად ქვეყანა არ დაეტოვებინა - ბოლოს და ბოლოს ხომ საშინელი აღსასრული
სჯობს მუდმივ საშინელებას; თანასწორუფლებიანი და კეთილმეზობლური
ურთიერთობის დამყარება კი, როგორც ყველასათვის დიდი ხანია კარგად არის
ცნობილი, რუსეთს არავისთან არ შეუძლია და არც არასოდეს არ ჰქონია ამის
სურვილი; მაშინ რუსეთი ხომ რუსეთი აღარ იქნებოდა! მეცხრამეტე საუკუნის
გამოჩენილი რუსი მწერალი კ. სლუჩევსკი ერთგან ამბობს: "არიან მთელი ხალხები,
თავიანთ თავს და სხვებსაც ცხოვრებას რომ არ ანებებენ...". ეს ყველაზე მეტად,
სამწუხაროდ, თვით რუსებზე ითქმის. რუსეთთანაც, ისიც ალბათ გარკვეულ
ფარგლებში, საქართველომ შეიძლება მხოლოდ კულტურული და ეკონომიკური
ურთიერთობა იქონიოს, თუ კი თვით რუსეთი ამას დაყაბულდება.
Back:
http://www.geocities.com/komblege/publications2.htm
&
http://www.geocities.com/komblege/kavta.html
&
http://www.scribd.com/kavta
&
http://kavtaradze.wetpaint.com/?t=anon